ოხრად დარჩენამდე გაუფრთხილდით ძალაუფლებას, ბატონებო!

ძალაუფლების მფლობელ ადამიანებს – პოლიტიკოსებსაც და ბიზნესმენებსაც – ერთი მეტად ცუდი სენი აქვთ – ისინი ადვილად ექცევიან პირველი ინფორმაციის აღქმის ტყვეობაში. შემდეგ ან არ ისმენენ სხვა ინფორმაციებს, ან არად დაგიდევენ ფაქტებსაც კი და რაც მთავარია – ასეთ დროს ძნელად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, ან/და, მეტწილად, არასწორ დასკვნებს აკეთებენ. ამის შემდეგ კი მათთვის ცალკეული შეცდომის აღიარება შეუძლებელი ხდება.  მეტიც, შეცდომა კი არა, ირგვლივ წარღვნის წინაპერიოდი რომ იყოს, რადგან მას „ასე უნდა“ და „ასე სურს“, მოკვდება და არ აღიარებს, რომ შეცდა. განა, ვერ მიხვდება რაღაც ეტაპზე – თუმცა ზოგიერთი ვერასოდეს ხვდება – შეცდომის გამოსწორებას ახალი შეცდომებით იწყებს. ყველაზე ძნელად და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადვილად, ამ ადამიანებს საკადრო საკითხების გადაწყვეტილების მიღება უჭირთ ან ემარტივებათ. ეს მარტივია მაშინ, როდესაც ვიღაცას დაასმენენ, მაგრამ ძნელია, როდესაც მლიქვნელი ადამიანის გაწირვას მოითხოვენ მისგან. მლიქვნელის გვერდით ყოლა ხომ ძალიან კომფორტულია – მუდამ იმას გეუბნება, რაც გსურს და მუდამ შეუძლია გაგახსენოს, როგორი ერთგული იყო, როგორ დაგიცვა გარემოცვის მტარვალი წევრებისგან, რომლებიც „გამოგონილი სიმართლით“ ნერვებს გიშლიდნენ.

ძალიან ცოტაა ძალაუფლების მფლობელი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც შეუძლიათ, დოგმად ქცეულ საკუთარ შეხედულებებებსა და ქცევებს რევიზია ჩაუტარონ. როცა საკუთარი თავი პიკზე ჰგონიათ, ყველაფერთან ერთად, პიროვნული კრიზისიც ეწყებათ, რასაც ყველაზე უკეთ მათი მლიქვნელი გარემოცვა გრძნობს. მერე იწყება დაცემა და ამ დროს ყველაზე მეტ ხეირს, ისევ და ისევ, ისინი იღებენ, რომლებმაც „პატრონს თუ ბატონს“ ობიექტური აზრი და სამართლიანობის განცდა დააკარგვინეს. მერე ყველაფერი ოხრად რჩება და იწყება გადაფასება. გადაფასება, როდესაც ძალაუფლება, გავლენა, ფინანსები დ ა კ ა რ გ უ ლ ი ა. თუმცა, აქვე შევნიშნავ, რომ ბევრი მათგანი არც ამ ვითარებაში იტეხს იხტიბარს. გარეგნულად, საჯაროდ, ისინი სხვაგვარად გამოიყურებიან, შინაგანად კი ისევ იმ ზომბებად რჩებიან, როგორებადაც ჩამოყალბდნენ სისტემის პირობებში, რომელიც გადმოიბარეს და არ დაანგრიეს, ან თავად შექმნეს.

ადამიანი ხომ საოცარი არსებაა, მისთვის შეუძლებელი და მიუღწეველი არ არსებობს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია – როგორ? შეუძლებლის შესაძლებლად ქცევას, როდესაც სხვის, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს ინტერესებს არ აზიანებ, უდიდესი პასუხისმგებლობა და გონიერება სჭირდება.

თუ ბიზნესმენს შეუძლია საკუთარ თავს ურჩიოს – დაველოდოთ, მოვითმინოთ, ხვალ-ზეგ გადავწყვიტოთ, პოლიტიკაში გადაწყვეტილება, თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში გათვლილი, მიიღება „აქ და ახლა“. 

ბიზნესმენის გააზრება კონკრეტულია – აშენებული სახლი, ქარხანა, დაგებული გზა, გამოშვებული პროდუქცია – დაგროვებული დოვლათი. პოლიტიკოსის გააზრება საერთოდ სხვაა, – როგორ უნდა აშენდეს, რამდენ ხანში, რა ეფექტს მოიტანს, რამდენად მდგრადი იქნება ისტორიულ პერსპექტივაში, ამ „საქმით“ სად და როგორ შეიძლება პოზიციონირება და ყველაზე მთავარი – „ამ“ სახლის საძირკველი ჩაყრილიც არ არის, რომ პოლიტიკოსს უკვე დათქმული აქვს ზეგ რომ ხელი მოეწერება, იმ პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალის თარიღი. თუ ბიზნესმენი სრულიად მართებულად ფიქრობს მის მიერ თუნდაც ათ ადგილას ასაშენებელ სახლზე – პოლიტიკოსი ფიქრობს კვარტალებზე, ხიდებზეც, საკადრო საკითხებზეც, მეზობლებთან ურთიერთობაზეც, სახელმწიფოში რელიგიურ კონფესიებთან თანაცხოვრების წესებზეც და ა. შ., თან ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაწყვეტილებას კარგი პოლიტიკოსი იღებს „აქ და ახლა“.

ამიტომაც, როდესაც „კარგი ბიზნესმენისა“ და „საზიზღარი, დაუნდობელი პოლიტიკოსის“ სახიერება ორ პინაზე იდება, ბიზნსმენს უნდა ახსოვდეს – მისი წონა შემსუბუქებას ექვემდებარება, თუ ის მუდამ არ კვებავს მატერიალურად ან არ არიგებს ინდულგენციას, გავლენას, სხვა სიკეთეებს. ყველაზე მთავარი – მისი წონის შემსუბუქება პირდაპირპროპორციულად ზრდის საზიზღარი პოლიტიკოსის წონას, რადგან გამოკვებილების, ინდულგირებულების, გავლენა მოპოვებულებისა და სიკეთე მიღებულების რაოდენობა ვერასოდეს გაუტოლდება რიგში მდგომთა რაოდენობას, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე იწყებენ რიგიდან გაძრომას და პოლიტიკოსის ბანაკში გადაბარგებას. რატომ? პირველ რიგში მიუღებელი სიკეთეების გამო. ბიზნესმენთან რიგში დგომა (თუნდაც პოლიტიკოსთან), ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხომ, პირველ რიგში, პირადი სიკეთეების მოხვეჭით, პირადი კომფორტის შექმნის მოთხოვნილებით არის განპირობებული.

მამაძაღლი რამეა ძალაუფლება! – მას შეუძლია, გონიერ ადამიანს საკუთარი თავისთვის ძეგლი დაადგმევინოს, ხოლო ხარბი იმ ზომამდე გარყვნას, მისი სახელის ხსენება ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვისაც კი სირცხვილი აღმოჩნდეს, თან არა ლოკალურ პერიოდში, არამედ – თაობებისთვის.

გაუფრხილდით ძალაუფლებას, ბატონებო!

გოჩა მირცხულავა