ნესტან კირთაძე: „ჯანმო ხელის დაბანას გვთხოვდა და არა – პოლიტიკის გაუქმებას… ეს ბოროტი სცენარი დასრულდა!“

კორონაპანიკა ნელ-ნელა მინავლდა. შესაბამისად, პოლიტიკური ცხოვრებაც გააქტიურდა და ამასთან, ზოგმა საჯარო ფიგურამ იმის თაობაზეც დაიწყო საუბარი, რომ მსოფლიოს ორთვიანი დაპანიკება ე. წ. გლობალისტების პროექტი იყო, რომელიც, საბოლოო ჯამში, კრახით დამთავრდა. ამ ვერსიას პოლიტიკოსი და ისტორიკოსი ნესტან კირთაძეც იზიარებს, რომელიც „ქრონიკა+“-სთან იმასაც უსვამს ხაზს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას 8 მარტის მემორანდუმის შეთანხმება, ანუ პოლიტპატიმართა განთავისუფლება, აუცილებლად მოუწევს.

– კორონაპანიკას თავი როგორ გაართვით?

– კარგია, რომ  ცხოვრება ჩევეულ კალაპოტში დგება და, პარალელურად, იმ მოვლენის გააზრებაც იწყება, რომელმაც, პირდაპირ ვთქვათ, მასობრივი შიში და პანიკა გამოიწვია – დედამიწა გაჩერდა.

– პანიკა თქვენც გქონდათ?

– არა, არავითარი პანიკა არ მქონია. ამ მოვლენას პირველსავე კომენტარში ფლეშმობი ვუწოდე. დარწმუნებული ვიყავი, რომ გლობალისტების ეს ბოროტი სცენარი მალე დასრულდებოდა და ცხოვრება განახლების რეჟიმით გაგრძელდებოდა.

სხვათა შორის, კორონობის დაწყებისთანავე ჩვენი სახლის წინ ბაღის მოწყობა დავიწყე და ულამაზესიც გამოვიდა, ანუ როგორც უბანში ამბობენ, სანიმუშო. მოკლედ, ყველას მოსწონს  და გახარებული ვარ. ვამხნევებდი მეგობრებს, მეზობლებს და როგორც შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით,  ვატარებდი ონლაინ ლექციებს, ვმონაწილეობდი საერთაშორისო ონლაინ კონფერენციებში, დავდიოდი ეკლესიაში  და ეს შეშლილი დრო ასე გადიოდა.

– ქალბატონო ნესტან, გლობალისტების შეთქმულებაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი ნელ-ნელა გახსნილ ქვეყანას და გაცოცხლებულ პოლიტიკურ თემებს დავუბრუნდეთ, თუმცა მანამდე მითხარით, ხომ არ ფიქრობთ, რომ კორონობამ საქართველოში, მთელი მსოფლიოს მსგავსად, პოლიტიკა მოკლა?

– გთხოვთ, სულ ერთი წამით ისევ გავიხსენოთ, რომ კორონაპანდემიის დროს საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, მთავარი მმართველები და  მთავარი ადამიანები  არიან: დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმოს წარმომადგენლობა და ექიმები, ანუ არა მთავრობა, არამედ, ჯანმო, ექიმები, პროტოკოლები, ალგორითმები, იმპერატიული მოწოდებები… ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, პოლიტიკის ველი შეავიწროვა, მაგრამ საქართველოში, როგორც თქვენ ამბობთ, პირდაპირ ,,მოკლა“ რეალური პოლიტიკა.

ჯანმოს პროტოკოლებში  ვისმენდით, რომ ხელი უნდა დაგვებანა, მაგრამ არსად მოგვისმინია, რომ  პოლიტიკა უნდა ,,გაგვეუქმებინა“, საქართველოში კი სწორედ ეს  მოხდა.

– რატომ?

– ეს იყო მომენტის ვერგააზრება და ოპოზიციის ნებაყოფლობითობა. ომის დროს პოლიტიკასაც აქვს თავისი პროტოკოლები თუ ალგორითმები და ეს უნდა გააქტიურებულიყო. ოპოზიციამ სოლიდარობა გამოუცხადა მთავრობას და გვიან მიხვდა, რომ სოლიდარობა უნდა გამოეცხადებინა ხალხისთვის და თუ ეს ომი იყო,  თავად უნდა ეგმირა. მთავრობამ კი შესანიშნავად გამოიყენა მომენტი და კრიზისი თავის ახალ სუნთქვად და ახალ შესაძლებლობებად აქცია, თუმცა დროებით.

ეს ხელისუფლება დროით კი სარგებლობს, მაგრამ ეს დრო სულ მალე მასვე მოუბრუნდება და ახალ კრიზისში შეაგდებს. აგერ – თქვენ და აგერ – მე.

ალბათ, გესმით, რომ ახალი გადაწყობები მიდის, გლობალიზმმა კორონაპანდემიის მართვაში სასიკვდილო  მარცხი განიცადა, ლიბერალიზმი აქტიური პოლიტიკური ავანსცენიდან გადის, მოდის კონსერვატიზმისა და მსოფლიო ახალი წესრიგის დრო, მოდის საზღვრების, ეროვნული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დრო, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების დრო და იმის ნაცვლად, რომ მსოფლიო ახალ წესრიგში საქართველოს ადგილზე ვმსჯელობდეთ და ვგეგმავდეთ, ამას ჩვენ მაგივრად მოსკოვი და თბილისში მისი ნაცვლები გეგმავენ! სოცქსელების გვერდებზე გახარებულები დაარბენინებენ გახარიას ფოტოებს, აქებენ ან ლანძღავენ ექიმებს, სტრატეგიული ქვეყნიდან გამოიწვიეს ელჩი,  პარლამენტის თავმჯდომარემ ისე დაკარგა ქვეყნისა და საკუთარი სახე, რომ დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ქვეყნების ელჩებს მოუწოდა, გათქვან დახურული მოლაპარაკებების შინაარსი და კომენტარი გააკეთონ ქვეყანაში კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის  მიღწეულ შეთანხმებებზე.

სად ხართ, ხალხო?!  რა ბოგანობაა ეს?! რა გინდათ თქვენ  პოლიტიკაში, მით უმეტეს, – ხელისუფლებაში?! დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას! წადით სახლში!

ამ დროში თქვენი ადგილი არ არის! ამ დროში პოლიტიკაში მიკირტუმების დრო არ არის!

განვითარებისა და სამართლიანობის დრო მოდის და აქ არის წესიერების, პროფესიონალებისა და ერისკაცების ადგილი!

– დღევანდელი გადასახედიდან და ყველაფერ იქიდან გამომდინარე, რასაც ამბობთ, უფრო ნათლად ხომ არ ჩანს, რომ ოპოზიციამ ოქრუაშვილი გაწირა?

– ირაკლი  ძალიან მალე და აუცილებლად დატოვებს საპყრობილეს. პოლიტპატიმრები აუცილებლად დატოვებენ საპყრობილეს და ამას ინტუიციით კი არ გეუბნებით ან სადმე კი არ ამომიკითხავს და სიზმარში კი არ მინახავს, არამედ დაზუსტებით  ვიცი, რადგან  ირაკლის ყველა გეგმასა და მიზანს ვიცნობ, რომელიც საქართველოს მომავალს უკავშირდება! აქ, მთაწმინდაზე, ჩემს სამზარეულოში, ღამეებს ვათენებდით წარსულის შეცდომების გაანალიზებაში, საქართველოს მომავლის განსაღვრასა და დაგეგმვაში  ირაკლისთან, გუბაზ სანიკიძესთან, კოტე კემულარიასთან, ჩემს ქალიშვილ ანა რეხვიაშვილთან  და მეგობრებთან ერთად და ეს უნდა განხორციელდეს. გამარჯვებული საქართველო იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას.

დაზუსტებით ვიცი, რადგან ჩემ თვალწინ მოხდა ის, რომ პოლიტიკაში ახლად შესულმა  ჩემმა შვილმა, ანამ, ირაკლის დაპატიმრების შემდგომ გამოწვეული დაბნეულობის დროს, როგორ  გამოიჩინა სიმამაცე, გამოიყენა მისი დიპლომატიური გამოცდილება და  საერთაშორისო კონტაქტები, რამდენჯერმე როგორ დალაშქრა ბრიუსელი და ევროპის ქვეყნები კოტე კემულარიასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერ ქალებთან ერთად; ზედმიწევნით ვიცი ბრიუსელის განწყობები და კუბილიუსისა და ევროპის სხვა გავლენიანი ლიდერების მკაფიო დამოკიდებულება, რომ ევროპა არ დაუშვებს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ციხეში ყოფნას და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას; ვიცი ამერიკელ დიპლომატებთან შეხვედრების შესახებ, ვიცი ინტენსიური შეხვედრების შესახებ ცნობილ ქართველ და საერთაშორისო უფლებადამცველებსა და ორგანიზაციებთან, ვნახე დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ქვეყნების საჯარო განხადებები ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის ხუმრობა საქმე.

ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ თავისი პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, ამ გადამწყვეტი არჩევნების დროს, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს წაართვას უფლება, თავის გუნდთან ერთად უთხრას სათქმელი ხალხს და ემსახუროს საქართველოს.

ეს მათაც იციან. ახლა წვალობენ, მაგრამ მაინც მოუწევთ ირაკლისა და ყველა პოლიტპატიმრის მალე განთავისუფლება.

ვიცი, რომ ეს დრო მოდის – ძველი, მხოლოდ პოზიტიური  და წარმატებული გამოცდილების განახლებისა და ახალ გამოწვევებზე ღირსეული პასუხის დრო, ჩვენი მუდამ დაბეჩავებული ხალხის წელში გამართვის, სოფლის გაძლიერების, საქართველოს ახალ მაგისტრალებზე გაყვანის დრო.

გიორგი აბაშიძე