მილიარდერი-სოციოპათის ქვეყანა

კორონავირუსისპანდემიას ერთი დადებითი მხარე ჰქონდა – ქვეყანა ქართული პოლიტიკისგან ცოტა ხნით დაასვენა.

თუმცა მარადიული არაფერია, მათ შორის, არც ვირუსი  – მარადიულია მხოლოდ ერთი რამ – ქართული პოლიტიკა და მასთან ასოცირებული სიბინძურე, ქაოსი, ხმაური და ინტრიგები.

ინფექცია აშკარად უკან იხევს, ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება და მასთან ერთად ჩვენს ყოველდღიურობაში ისევ „ის“  – ქართული პოლიტიკა შემოდის.

არც არის გასაკვირი – 2020 ხომ საპარლამენტო არჩევნების წელია. მორიგი „ისტორიული“ და „გადამწყვეტი“ არჩევნების.

უკვე აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი და საერთაშორისო საზოგადოების კიდევ ერთხელ გადაგდებისთვის ემზადება – ამჯერად მისი სამიზნეა საარჩევნო სისტემის რეფორმა და 120/30-ზე ხმების დათვლის წესი.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან იძულებითი იყო – მათ  არანაირი ცვლილება არ სურთ, რომელიც  არჩევნებში გამარჯვებას ართულებს. 120/30 ქოცებისთვის არაა ისეთი საშიში და ფატალური, როგორც მთლიანად პროპორციული სისტემა, თუმცა პრობლემებს ნამდვილად უქმნის.

რა თქმა უნდა, ასევე თავიდან ცხადი იყო, რომ სანამ კონსტიტუციაში ცვლილებები საბოლოოდ არ შევა, დამშვიდება არ შეიძლება – ბიძინა ივანიშვილის სიტყვა არაფერს ნიშნავს. ის რომ თავისი ბუნებით სიტყვის კაცი იყოს, 90-იან წლებში არა რუსი მილიარდერი, არამედ სადმე მშენებლობაზე შავი მუშა იქნებოდა.

ნებისმიერი ოლიგარქის ცხოვრების წესია მოტყუება და გადაგდება, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მის სიმშვიდესა და კეთილდღეობას რამე ემუქრება.

ივანიშვილი ტიპური ოლიგარქია, რომელსაც აქვს ამ კატეგორიის ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისება – მაგალითად, მას არ შეუძლია ღირსებით წაგება.

ადამიანისთვის, რომელმაც 90-იანი  წლების რუსეთში მილიარდები მოაგროვა, მარცხი, თუნდაც უმნიშვნელო ან ნაწილობრივი – უმძიმესი პიროვნული დარტყმაა.

სწორედ ამიტომაა, რომ ის სალომე ზურაბიშვილს ასე სამკვდრო-საციცოცხლოდ ჩაებღაუჭა მაშინ, როდესაც პრეზიდენტის პოსტი არაფერს რეალურად არ ნიშნავს. დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზურაბიშვილს არ გააჩნია თითქმის არანაირი ფუნქცია – მაშ, რატომ იყო მისი არჩევა ასეთი მნიშვნელოვანი ივანიშვილისთვის?

ეს არაა დაკავშირებული არავითარ პრაგმატულ საკითხებთან, არც იმასთან, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას თითქოს და კრემლი მოითხოვდა. ამ ფენომენის გასარკვევად არა პოლიტოლოგი, არამედ კარგი ფსიქოანალიტიკოსი დაგჭირდებათ.

ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია წაგება – მისთვის ყველაზე მცირე და უმნიშვნელო მარცხიც კი დასასრულის დასაწყისია.

ამიტომაც ის  თავისი ნებით არასდროს არაფერს დათმობს. საქართველოში შეთქმულების თეორიები უყვართ – რას არ მოიფიქრებენ! მაგალითად იმას, რომ ბიძინა გაურიგდა „ევროპულ საქართველოს“ და აპირებს მათთვის ხელისუფლების გადაბარებას ან პარლამენტში მეტი ადგილის დათმობას; რომ ის მალე შექმნის რამდენიმე მცირე პარტიას, რომელსაც პარლამენტში შეიყვანს და ა. შ.

დაივიწყეთ ეს ყველაფერი. არავის არაფერს დაუთმობს, არავისთან არ ითანამშრომლებს, არავის თავის ზურგზე პარლამენტში არ შეიყვანს – საკუთარი მომსახურე პერსონალის გარდა.

ის თითოეულ ხმაზე  ნებისმიერი  ხერხით იომებს და რაც უფრო შორს წავა მისი მოცილების საქმე, მით უფრო გააფთრებული და უკანონო იქნება ეს ბრძოლა.

არავითარი უკუსვლა და არავითარი, თუნდაც, მცირე და ტაქტიკური მარცხი – ესაა 90-იანი წლების რუსეთში გამოწვრთნილი მილიარდერის ცხოვრების წესი.

ერთადერთი, ვისთანაც ის ითანამშრომლებს – არის მისი პირდაპირი სატელიტი „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც მას არაერთხელ დაუმტკიცა ერთგულება.

ამის მიზეზი კი არის არა ფარული პრორუსულობა და კრემლის მითითება, არამედ ის, რაც ივანიშვილისთვის უმთავრესია – პოლიტიკაზე, საგარეო კურსზე, რუსეთზე, ამერიკაზე, წარღვნაზე, მიწისძვრასა და დედამიწაზე ასტეროიდის დაცემაზე მნიშვნელოვანი – სააკაშვილის ზიზღი.

ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, თავისი არცთუ ისე ჯანმრთელი ახირებებით. ქვეყანას მართავს საკმაოდ უცნაური და თავისებური მდიდარი და ამიტომაც ძალიან საშიში ადამიანი. საბოლოო ჯამში, მილიარდერი-სოციოპათი…

ის ნებისმიერი გზით შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას და დღეს ის მორიგ „ტრიუკს“ ამზადებს – ამჯერად 120/30-ის შეთანხმებაზე უარის თქმას.

დღეს ამისთვის ყველაზე შესაფერისი დროა – მსოფლიო კორონაკრიზისშია, საქართველოსთვის არავის სცალია, არჩევნების ვადაც კარსაა მომდგარი. სულ ცოტა დროის გაწელვა – და არავითარი რეფორმა არ იქნება, შესაბამისად, „ქოცები“ არჩევნებს კიდევ ერთხელ, უპრობლემოდ მოიგებენ.

ამ ვითარებაში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ბიძინას თამაშს არ აჰყვეს – 3 პოლიტპატიმრის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ეს თემა მთავარი იარაღია „ოცნების“ ხელში – განცხადება: „ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმაში პოლიტპატიმრების განთავისუფლებამდე მონაწილეობას არ მივიღებთ“,  – ეს სწორედ ისაა, რისი მოსმენაც სურს ივანიშვილს.

„პროპორციული გადაგდებისგან“ განსხვავებით, დღეს ის ცდილობს, ოპოზიციას გადააბაროს პასუხისმგებლობა შეთანხმების ჩაშლის გამო.

ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების საკითხი ძალიან პრინციპულია, თუმცა სოციოპათი-ოლიგარქისთვის ცხოვრების გართულება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

გასაგებია, რომ ცოტა მოღალატეობრივად ჟღერს, თუმცა ეს ხომ პოლიტიკაა. 1941 წელს ამერიკა და ინგლისი თავიანთ მოსისხლე მტერს, სტალინს გაურიგდნენ, რადგან ასე იყო საჭირო.

ეს გაცილებით უფრო დიდი კომპრომისი გახლდათ, ვიდრე უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საკითხების დროებით განზე გადადება… თანაც არც ქართული პოლიტიკისთვისაა იშვიათობა მორალური კომპრომისი – ძალიან რბილად რომ ვთქვათ.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია  საარჩევნო სისტემის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ისევ მიიღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას, შემდეგ აუცილებლად გააუქმებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას 2024 წლის არჩევნებში და ქვეყანა წურბლების მშვიდობიანად მოცილების შანსს საბოლოოდ დაკარგავს.

როგორც ამბობენ: „ნუ სადილობთ ეშმაკთან, მისი კოვზი უფრო გრძელია“. არ მისცეთ ბიძინას თამაშის საკუთარ მოედანზე გადატანის შესაძლებლობა…

თენგიზ აბლოთია