ხათუნა ლაგაზიძე: „წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში მყოფ „ოცნებას“, ივანიშვილის ზურგის გარეშე, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება? – ნული!“

საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

_ მოგესალმებით, ჩვენი ინტერვიუ საქართველოში მიმდნარე პროცესებით დავიწყოთ. ჯერ სუბიექტური შეფასებებით. თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქე, რამდენად გრძნობდით თავს დაცულად ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად და არის თუ არა რაიმე ისეთი, რამაც შეგიქმნათ დისკომფორტი ან გაგიჩინათ უკმაყოფილების გრძნობა?

_ დაცულობის შეგრძნებას დავყოფდი ორ  ნაწილად: ჯანდაცვისა და ეკონომიკის სეგმენტი. როცა ვსაუბრობთ, რამდენად დაცულად ვგრძნობდი თავს, როგორც რიგითი მოქალაქე, იმ ღონისძიებების შედეგად, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგებთან, ვირუსოლოგებთან და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებთან ერთად გაატარა – გეტყვით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის უჩვეულო დაცულობის შეგრძნება მქონდა, როცა იცი, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პროფესიონალებს ჩაბარდათ ვირუსის მართვის სადავეები, სადღაც გაქრა უსუსური და ღარიბი ქვეყნის სინდრომი და მოვიდა შეგრძნება იმისა, თურმე რა კარგი ყოფილა დაცულობისა და წელში გამართულობის განცდა. იმედია, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგაც იგივე სურათი გვექნება და აღმოჩნდება, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდი ეფექტიანად გამოიყენეს, რათა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდეს, საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებულების რიცხვის ზრდას. რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, ეფექტიანობა შედეგით იზომება – ჯერ ფაქტია, რომ შედეგი სხვებზე ბევრად უკეთესი გვაქვს. ვნახოთ, რა გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის დროს იმისთვის, რომ მომდვენო თვეებში ეს შედეგი არ გაუარესდეს. რაც შეეხება, შეიძლება დაცულად იგრძნო თუ არა თავი რიგითმა მოქალაქემ, ისევე როგორც ბიზნესმა – რა თქმა უნდა, არა. ჯერ ზუსტად ვერავინ გეტყვით, რამდენ ხანს გასტანს ვირუსი და რამდენად დამანგრეველ შედეგებს მოიტანს ის ეკონომიკისთვის.

_ თქვენთან საუბარი იმითაც არის საინტერესო, რომ პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების გარდა შეგვიძლია ვისაუბროთ ეკონომიკაზეც. თუნდაც ტურიზმსა და ღვინოზე, სადაც გიწევთ ოპერირება. ამ მიმართულებით რა ხდება, რამდენად იყო სახელმწიფოს გატარებული ეკონომიკური ღონისძიებები ადეკვატური?

_ ანტიკრიზისული ღონისძიებებიც ორ ნაწილად უნდა დავყოთ: სოციალური და ეკონომიკური. სოციალურ დახმარებებზე თუ ვისაუბრებთ, ვფიქრობ, დღეს ეს იყო მაქსიმუმი, რაც საქართველოს ბიუჯეტს შეეძლო და რა ვალების გადახდასაც ხვალ საქართველოს ეკონომიკა აწევს. მთელი ბიუჯეტის სოციალურ დახმარებებზე გაწერა და ამის ხარჯზე ეკონომიკის, ბიზნესების ჩამოქცევა  სრული კატასტროფა იქნებოდა: თუ ბიზნესი ჩაწვება, რომელმაც ბიუჯეტი უნდა შეავსოს, ელემენტარულად, საერთოდ აღარ იტრიალებს ფული და ლაპარაკიც ზედმეტი იქნება სოციალურ დახმარებაზე. ამიტომ, არსებული სოციალური დახმარებების ფონზე, პირველი, მე ვიტყოდი, სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი, ამოცანაა ბიზნესის გადარჩენა, მით უფრო იმ ქვეყანაში, სადაც შემოსავლების საშუალოდ 20% ტურიზმის სექტორზე მოდის და ასევე უამრავი ადამიანის ყოფაა დამოკიდებული უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებზე, რომელიც უახლოესი თვეებისა და შეიძლება, წლების განმავლობაშიც კი გარდაუვლად შემცირდება.

_ ეს ხომ მნიშვნელოვანი გამოწვევაა?..

_ დიახ, და ასეთ პირობებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დღემდე არსებული სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი გადავარჩინოთ. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკისთვის გაკეთებული შეთავაზებები, პირდაპირ უნდა ითქვას, ჯერჯერობით, მიზერია. აქვე ვიტყვი, კარგია ტურისტული სექტორისთვის სესხის პროცენტში სახელმწიფოს შეხიდება, ისევე როგორც, არსებულ და სამომავლო ბიზნესსესხებზე გარკვეულ პროცენტში სახელმწიფოს გარანტორად დადგომა, სხვადასხვა სახის გრანტებიც სოფლის მეურნეობის სფეროში. მაიმედებს ისიც, რომ როგორც პრემიერმა განაცხადა, გაკეთებული შეთავაზებები მხოლოდ ეკონომიკური შოკის შემსუბუქების ნაბიჯებია და ბიზნესის პოსტკრიზისული ხელშეწყობის პაკეტი წინ გველოდება. თუმცა თუ ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად არ გაიხსნა, მის ჩამოქცევას, უბრალოდ, ვერ გადავურჩებით: გაკოტრდება ტურისტული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი – ბოლო ორი თვეა, ურეკიდან არ გავსულვარ, ამიტომ ვერ გეტყვით, რა ხდება სხვაგან, მაგრამ აქ უკვე უამრავი წარწერა გაჩნდა: იყიდება სასტუმრო. ვინ არის მყიდველი?! უახლოეს წლებში – არავინ; ასევე გაკოტრების პირას მივა ღვინის ბევრი მცირე თუ საშუალო წარმოება, დიდი ალბათობით, დაიკლებს ყურძნის შესყიდვის ფასიც და ა. შ. არის პროცესები, რომელიც გარდაუვალია, მაგალითად, უძრავი ქონების ბაზრის შემცირებაც, რაც ასევე შემოსავალს მოუსპობს ბევრ ადამიანს, მაგრამ სახელმწიფომ იმას მაინც უნდა უშველოს, რაც მასზეა დამოკიდებული და ამის ერთადერთი გზა არსებობს: რაც შეიძლება სწრაფად გახსნას ეკონომიკა.

სწრაფი გახსნა და ახალი შესაძლებლობების გამოყენება – საინტერესო ტენდენციები იკვეთება: ავსტრალია-ჩინეთი; ბრიტანეთი-ჩინეთი; რუსეთი-ჩრდილოეთ ნაკადი.

_ ანტიკრიზისული გეგმის შინაარსიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, პოსტკრიზისული გეგმა რამდენად ეფექტიანი იქნება?

_ რომელიც უკვე დაანონსდა და რომელმაც პოსტკორონა პერიოდში ბიზნესების აღმავლობას უნდა შეუწყოს ხელი. ხელისუფლებამ პარალელურად უნდა იზრუნოს ორი მიმართულებით: შეიმუშაოს კორონაკრიზისის პერიოდში ეკონომიკის განსაკუთრებით დაზიანებული სექტორების გადარჩენის გეგმა და, ამავდროულად, აქტიურად დაიწყოს მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკის მოდერნიზებაზე ახალი რეალობების გათვალისწინებით. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და შესთავაზოს ბიზნესს ხედვა: ეკონომიკური აქტივობის რომელი სფეროები იქნება უფრო პერსპექტიული და კონკურენტული? რა შემცირდება გარდაუვლად და რაზე გაჩნდება მეტი მოთხოვნა? სად ჩადოს ფული? რომელ ახალ სფეროებში? უნდა დაიდოს უახლოეს რამდენიმე წელიწადზე გაწერილი რეალისტური პროგნოზები განსაკუთრებით დაზიანებული ისეთი სფეროებისთვის, მაგალითად, როგორებიცაა ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები, რომ მათ არ შეექმნათ ფუჭი მოლოდინები, არ აიღონ იმ რაოდენობის კრედიტი, რომელსაც ვერ დაფარავენ და კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩაეფლობიან, რაც მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემებს წლებზე გაწელავს. ასევე გასათვალისწინებელია ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის ის ინიციატივა, რომელიც ახლა ესპანეთში აქტიურად განიხილება. კერძოდ, ესპანეთის მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, მოსახლეობას ერთჯერადად დაურიგოს ვაუჩერი 500-600 ევროს ოდენობით, რომელსაც ისინი წელს დახარჯავენ ესპანეთის კურორტებზე.

_ ანალოგიური ქმედება საშური საქმე იქნება ჩვენი ტურისტული სექტორისთვის.

_ ამ ეტაპზე, რაც გარდაუვლად ჩანს, ტურისტული ნაკადების შემცირების პარალელურად, შემცირდება ფასი და მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, განსაკუთრებით – დიდ ქალაქებში. სულ უფრო გაიზრდება დისტანციურად, სახლებიდან დასაქმებული ადამიანების წილი ეკონომიკის სულ უფრო მეტ დარგში, რაც თავისთავად გამოიწვევს საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებას და მათ გაიაფებას. ამას ლოგიკურად უნდა მოყვეს ფასების კლების ტენდენციაც, რადგან პროდუქციაზე გაწეულ ხარჯებს გამოაკლდება მასზე დასახარჯი და დაუხარჯავი საოფისე ფართის, კომუნალური, კომუნიკაციის ხარჯების ნაწილი. თუმცა ფართზე მოთხოვნის შემცირება დააზიანებს სამშენებლო სექტორს; გაიზრდება დისტანციური ტრენინგ-კონფერენციების წილი, რასაც მოყვება სამსახურებრივი მივლინებების რაოდენობების შემცირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს კი, ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ავიაკომპანიების მოგების შემცირებასაც გამოიწვევს.

_ საკმაოდ მძიმე რეალობაა ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთვის.

_ ზემოხსენებული ტენდენციების გათვალისწინებამდე საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს დღეებში ორი ამოცანა აქვს ერთდროულად გადასაწყვეტი: როგორ აამუშაოს ეკონომიკა ისე, რომ შეინარჩუნოს კორონის გავრცელების ბრტყელი მრუდი და ლეტალობის, რამდენადაც შეიძლება, მინიმალური მაჩვენებელი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ უკვე დადო ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავების გეგმები და სულ უფრო ხშრად გამოითქმის ეჭვები ვირუსის გამო ეკონომიკების სრული ჩაკეტვის მიზანშეწონილობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსზე რეაგირების განსხვავებული ტაქტიკებისა და ვირუსის გავრცელების მონაცემების შედარებითი ანალიზის ძალზე საინტერესო შედეგები გამოაქვეყნა ახლახან ისრაელის გაზეთმა „The times of Israel“-მა, რომელიც ებრაელი პროფესორების ზვი ზიგლერისა და ისააკ ბენ ისრაელის კვლევებსა და მონაცემებს ეფუძნება. მათი კვლევისა და ანალიზის შედეგად, როცა შეადარეს ისრაელისა და 20 ქვეყნის სტატისტიკური მოანცემები რამდენიმე კვირის განმავლობაში, კორონავირუსი განლევას იწყებს, ანუ მისი გავრცელება თითქმის ნულზე დადის გავრცელების დაწყებიდან 70-ე დღეზე, იმის მუხედავად, თუ რა ზომები მიიღო ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობამ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად.  ანუ ის ტენდენია, რომ კორონავირუსის გავრცელება პიკს აღწევს მე-6 კვირას და შემცირებას იწყებს მე-8 კვირიდან, საერთო აღმოჩნდა ყველა გაანალიზებული ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, ამ ქვეყნებმა სრული კარანტინისა და ეკონომიკის გაჩერების გზა აირჩიეს თუ შვედეთივით, სამხრეთ კორეასა თუ ტაივანივით მხოლოდ სოციალური დისტანცირებით, მასობრივი შეკრებების შეზღუდვითა და ჰიგიენის ნორმების გამკაცრებით (სამედიცინო ნიღბის ტარება და ხელის ხშირი ბანა) შემოიფარგლნენ. შედეგად, ანალიზის ავტორები გვირჩევენ, რომ  ეკონომიკის ამუშავების დროა, ოღონდ მასობრივი ტესტირების, სოციალური დისტანცირების, მკაცრი ჰიგიენის ნორმების დაცვისა და მასობრივი შეკრებების აკრძალვის შენარჩუნების ხარჯზე.

_ ახლა პოლიტიკა – საქართველოში პანდემიის პირველ ეტაპზე, გარკვეულწილად, საზოგადოებრივი კონსენსუსი და სოლიდარობა იგრძნობოდა. შემდეგომ კი, რაც ყველამ „დაამხეცა“ ახალი პროფესია და ერთბაშად გახდა ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტ-რეანიმატოლოგი _ ვითარება აიჭრა. თუ აკვირდებით, ძირითადი სამიზნე სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გახდნენ და მათი მეშვეობით დარტყმა მიდიოდა ხელისუფლებაზე. იყო და არის უკუღმა პროცესიც, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ექიმებს ლანძღავენ. აქვე ფაქტად ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებით ეკლესიის საკითხში ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტებმა საკმაოდ დააზიანეს სახელმწიფო. და მაინც, რა პროცესი მიდის? რატომ არ გახდა „უხილავი მტერი“ საერთო გამოწვევა ყველასთვის? ეს მხოლოდ შემოსავლების დაკარგვის საკითხი ხომ არ არის, მით უფრო, რომ „მიცვალებულს“ არანირი შემოსავალი არ სჭირდება და ამ მხრივ ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

_ თუკი დღემდე ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის აფეთქებას გადავურჩით, ქართველი ექიმების უდიდესი დამსახურებაა და იმის, რომ ხელისუფლება ამ სფეროს პროფესიონალების რეკომენდაციებს მიჰყვება. მეც ძალიან მეიმედებოდა პანდემიის პირველ ეტაპზე გამოჩენილი საზოგადოებრივი ერთიანობა და სოლიდარობა. რაღაც წამს ისიც კი ვიფიქრე, რომ ვირუსი იყო ერთგვარი კათარზისის საშუალება, რომელიც საზოგადოების დახლეჩილ და ერთმანეთთან დაპირისპირებულ ნაწილებს ერთიან, შედუღაბებულ ერად აქცევდა. მაგრამ, მალევე, ჩვენთვის ჩვეულმა დაპირისპირებამ ახალი მასშტატებით და „კლასტერებით“ იფეთქა. მაგალითად, გაჩნდა ღრმად მორწმუნეთა და არამორწმუნეთა „კლასტერებიც“ ან ვიღაცამ ძალიან მოინდომა, რათა საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ლეგიტიმური წუხილი, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე ვირუსი ფართოდ შეიძლებოდა გავრცელებულიყო, ღრმად მორწმუნე მრევლსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის მწვავე დაპირისპირების ახალ საბაბად ქცეულიყო. ვიხილეთ ადამიანების გაორებაც, როცა ერთმანეთს შეერკინა პროფესიონალი ექიმის პასუხისმგებლობები და მორწმუნის ვალდებულებები. თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ექიმები გარკვეულ პიეტეტს საეკლესიო რიტუალების მიმართ მხოლოდ საკუთარი სურვილით აჟღერებდნენ: ვფიქრობ, ისინი ხელისუფლებასთან ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ და კატეგორიულად არა იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკურ დავალებას ასრულებდნენ, უბრალოდ – ექიმები და ხელისუფლება ერთად ახორციელებენ ერთიან ანტიკრიზისულ, ვირუსთან ბრძოლის პოლიტიკას და იმ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის აუხსნელი მიზეზებით, როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ეს პოზიცია უნდა დაფიქსირებულიყო. მალევე მიდგომები შეიცვალა და  განსხვავებული პოზიცია ვიხილეთ.

რაც შეეხება ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობებს:  ვფიქრობ, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, ყველა პარტიის მოქმედება, მეტ-ნაკლებად, ანალოგიური იქნებოდა: ანუ ყველას მოუწევდა საპატრიარქოსთვის ანგარიშის გაწევა.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი წლები: სააკაშვილი ცდილობდა, რომ ეკლესიას თავისი როლი ჰქონოდა და სახელმწიფოს _ თავისი, როგორც ეს არათეოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება. მაგრამ როცა მას წინააღმდეგობა შეხვდა, მან საპატრიარქოსთან მიმართებით თაფლაკვერის პოლიტიკა არჩია. ყველა ხელისუფლებას ეგონა, რომ საპატრიარქოს მოთაფვლით მას არჩევნებში გვერდით დაიყენებდა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ დღეს მთელ პოლიტიკურ სპექტრს _ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და მომავალ ხელისუფლებასაც _ საპატრიარქო კარნახობს და უკარნახებს პირობებს.

საქართველოს საპატრიარქოს  განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. რას ეფუძნება ეს ძალაუფლება?! ხელისუფლებასა და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზე უფრო მყარი მხარდამჭერების ბაზაზე ანუ მრევლზე, რომელიც რწმენის, იდეის გამო დგას ეკლესიასთან და არა თანამდებობის ან ხელფასის მოძიების მოტივით. ამიტომაც ასეთი ერთობა ყველაზე მყარია. „ქართულ ოცნებას“ არასდროს უზრუნია იმაზე, რომ იდეების გარშემო შემოეკრიბა თავისი ამომრჩეველი, ამიტომ მისი ელექტორატი ეკლექტიკურია და არამყარი, იგივე „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელსაც უფრო მყარი ამომრჩეველი ჰყავს, რადგან, თავის დროზე, იდეის გარშემო გააერთიანა ისინი და ამიტომაც შეინარჩუნა ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში მყოფ „ოცნებას“, ივანიშვილის ზურგის გარეშე, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება? – ნული! ამიტომაც დროზე უნდა ეზრუნა „ოცნებას“ მყარი ელექტორალური ბაზის შესაქმნელად.

_ პროცესის მართვა ყოველთვის შეიძლება უკეთ, მით უფრო მაშინ, როდესაც რეალურად არ მართავ და აფასებ. ყველაფრის მიუხედავად,  მაინც საკმაოდ კარგი და პოზიტიური შედეგი გვაქვს და ამას ვერაფერს ვუზამთ, მოგვწონს ხელისუფლება თუ არა. მაგალითად, ისმის ფრაზები: „ექიმების პროფესიონალიზმს ხელისუფლება ითვისებს“; „საარჩევნოდ ექიმებს ამოეფარებიან“… მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვიღაცას სურს, პროცესი  ცუდად მიდიოდეს… თქვენ როგორ აღიქვამთ ამ პროცესს?

_ ზემოთაც ვთქვი და აქაც ვიმეორებ: დღეს ექიმები ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგს კი არ ემორჩილებიან, არამედ ანგარიშს უწევენ იმ დღის წესრიგს, რასაც ჰქვია ეპიდემიის მართვა და მასში ექიმები და ხელისუფლება ერთი რგოლია. თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ იმასაც, ხელისუფლება, დღეს თუ არა ხვალ,  ექიმების დიდი დოზით გამოყენებას შეეცდება წინასაარჩევნოდ. ამას გრძნობს ოპოზიციაც და ცდილობს,  სწორედ ამ ფლანგზე გაუწიოს ოპონირება ხელისუფლებას, მაგალითად, მკურნალობის არასწორ მეთოდებზე აპელირებით თუ მასობრივი ტესტირების არაერთგზისი მოთხოვნით.

ოპოზიციამ ამ პროცესში მარგინალიზაციის საფრთხის ბეწვის ხიდზე გაიარა. მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციამ ვირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ახალ რეალობაში საკუთარი ადგილი ვერ მონახა. და არა იმიტომ, რომ ოპოზიცია სუსტია. ბევრი მეცნიერის მოსაზრება არსებობს ამ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მასლოუს შკალაა, რომელიც ადამიანის უსაფრთხოების მოთხოვნილებებს განიხილავს: პირველ რიგში, ის ასახელებს სიცოცხლის მოთხოვნილებას და თუ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ადამიანი სხვაზე არაფერზე  ფიქრობს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი სიცოცხლე დაცულია, ადამიანს ეწყება სხვა მოთხოვნილებები – ვთქვათ, ჩაცმა-დახურვის, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების, განათლების, სოციალური კონტაქტების, აღიარებისა და ლიდერობის  და ა. შ. მაგრამ თუ შენკენ ტყვიაა მოშვერილი, ვერ იფიქრებ არჩევნებში კენჭისყრაზე. ამით აიხსნება დღეს ოპოზიციის მიმართ ნაკლები ინტერესი და საზოგადოების კონსოლიდირება ხელისუფლების გარშემო.

გეგა სილაგავა