გიორგი სუხიტაშვილი: „ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ“

პანდემიამ მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა. გამონაკლისი არც გიორგი სუხიტაშვილი გახლავთ, რომელიც ყოველთვის აქტიურ  და ჯანსაღ ცხოვრებეწეოდა

როგორც მომღერალმა ქრონიკა+სთან განაცხადა, თვითიზოლაციაშიც ახერხებს, რომ საქმით  დაკავდეს და ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებული ჰქონდეს.

გიორგი, როგორ გრძნობ თავს თვითიზოლაციაში?

–  მხნედ ვგრძნობ, რადგან თავიდანვე გავიაზრე რეალობა. შესაბამისად, მშვიდად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში პირველად აღმოვჩნდი, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს დღეებს, როდესაც გვიჭირდა რაღაცების კეთება, ყველამ უნდა გაიაზროს, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ.

როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება covid-19-მა?

– ძირითადად სახლში ვარ და უფრო მეტი დრო მაქვს, გავეცნო ბევრ ინფორმაციას, ვუყურო კონკრეტულ ფილმებსა თუ სერიალებს. ახლა არის პერიოდი ფიქრისთვის და რაღაცების გააზრებისთვის. 

როგორ იცავთ თავს?

– მაქსიმალურად ვიცავ თავს. ოჯახის წევრებთან არ მაქვს კონტაქტი, რაღაც პერიოდს  ფიზიკურ აქტივობაში ვატარებ, გარეთ არავისთან  ვსეირნობ, საღამოს კი ეზოში ჩამყავს ძაღლი. პირბადეს ვიყენებ და ანტისეპტიკური ხსნარი სულ ჯიბით დამაქვს. 

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? როგორ გაგყავთ  დრო?

– გამომდინარე იქიდან, რომ ყველა თვითიზოლაციასა და კარანტინში ვიმყოფებით, ყოველი დღე სხვადასხვანაირი მაქვს. დღის მანძილზე ბევრ ინტერვიუს ვწერ დისტანციურად, ვმეცადინეობ ბასგიტარაზე, ვუყურებ ფილმებს, კონცერტებს და ვვარჯიშობ.

სახლის პირობებში ვარჯიშობთ თუ დილით დარბიხართ?

– სახლის პირობებში, რადგან  ყველაფერი მაქვს, რითაც ვივარჯიშებ.

დაბოლოს, პაპაზე მინდა გკითხოთ, რომელთანაც გზების გადაკეტვის გამო ვეღარ ახერხებთ ჩასვლას.

– სოფელში ჩასვლას და პაპასთან ყოფნას აქამდე, შეძლებისდაგვარად, ვახერხებდი, მაგრამ ახლა ავტომობილებით  გადაადგილება აიკრძალა და, სამწუხაროდ, ვეღარ მივდივარ. 21-ის მერე, როცა გზები გაიხსნება, მაშინ მოვახერხებ ჩასვლას. მართალია, სოფელში ჩემი მეგობრები არიან და ყველას მოვუწოდებ, რომ წესები დაიცვან, მაგრამ მირჩევნია,  პაპასთან პირადად მივიდე, რადგან სხვებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. პაპა 86 წლისაა და ძალიან დამოკიდებულია ჩემზე.  შემთხვევით ვისარგებლებ და ყველას მადლობას გეტყვით, თქვენ – ჟურნალისტებს, რომელთაც ასეთ რთულ პერიოდში გიწევთ მუშაობა. მეც საქართველოს რადიოში ვმუშაობ, თუმცა ახლა ერთი კვირით დასვენება მიწევს. სხვა შემთხვევაში ყველანი დაკავებულები ვართ,  რომ ჩვენს მსმენელს, მკითხველსა თუ მაყურებელს  გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ. 

გიორგი საკარული