ჯონდი ბაღათურია: „ხალხი თუ მშიერი დარჩა, ხელისუფლება წესრიგის დაცვას ვეღარ შეძლებს“

ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ვითარებას. ისედაც გაჩერებული ეკონომიკა მთლად ჩამოიშლება და უამრავი ადამიანი დარჩება ულუკმაპუროდ. მშიერი ხალხი ისედაც არ აკლია ჩვენს ქვეყანას.

„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება კარგად ართმევს თავს არსებულ გამოწვევებს. ამასთან, მას მიაჩნია, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კატასტროფის თავიდან ასაცილებლად? _ ამის შესახებ ჯონდი ბაღათურია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ჯონდი, თქვენ იყავით პირველი, ვინც, ჯერ კიდევ, იანვარში მოუწოდებდით ხელისუფლებას საზღვრების ჩაკეტვისკენ. ახლა საზღვრებიც ჩაკეტილია და საგანგებო მდგომარეობაც შემოღებულია. თქვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდით სოციალურ პრობლემებს. როგორ გგონიათ, საგანგებო მდგომარეობა თუ გაგრძელდა, თავზე არ დაგვემხობა ქვეყანა? ადამიანების ნაწილი ისედაც ულუკმაპუროდ დარჩა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში სურათი კიდევ უფრო დამძიმდება…

_ ხელისუფლების კრიტიკაზე იოლი არაფერია, უამრავი რამის გამო შემიძლია ვაკრიტიკო ხელისუფლება, თუნდაც იმის გამო, რომ დროულად არ ჩაკეტა საზღვრები. საზღვრები რამდენიმე დღით ადრე რომ ჩაკეტილიყო, ახლა ბევრად უკეთესი სურათი გვექნებოდა. ამის მიუხედავად, არ გავაკრიტიკებ ახლა „ქართულ ოცნებას“. დღეს ყველა კორონავირუსთან ომში ვართ ჩართულები. ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მინდა ხელისუფლების დამარცხება, მთავარი სამიზნე ეს ვირუსია და ის უნდა დავამარცხოთ.  ხელისუფლება ამის შემდეგ გავაკრიტიკოთ.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ასეთი შეზღუდვები რომ დააწესა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ხალხი თუ მშიერი დარჩა, ხელისუფლება წესრიგის დაცვას ვეღარ შეძლებს. ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

საქართველოში დღეისთვის ასეულობით ადამიანი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა. ისინი იმ სოციალური დახმარებით ცხოვრობენ, რასაც მათ სახელმწიფო აძლევს. ათეულობით ათას ადამიანს სოციალური დახმარება შეუჩერდა.  ჩათვალე, სასიკვდილოდ გაწირეს ხალხი.

ათასობით ადამიანს აქვს გასაჩივრებული სოციალური დახმარების მოხსნა. ბევრმა მოიგო, მაგრამ დახმარების მიღება მათ მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლეს. ეს წესია ასეთი. ამ წესის გამო წინა ხელისუფლებასთანაც გვქონდა პრეტენზიები და – მოქმედთანაც. ყველა ამბობდა, რომ ამ წესს შეცვლიდნენ, მაგრამ არ შეცვალეს. სიტუაცია მხოლოდ ახლა შეიცვალა.  არსებულ ვითარებაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვისაც ახლო წარსულში შეუწყდა დახმარება,  მიიღებენ. ეს კარგი ნაბიჯია, ამით უამრავ ადამიანს ვიხსნით შიმშილისგან. ხელისუფლებამ, ეტყობა, კარგად გააცნობიერა, რა მოჰყვებოდა სოციალური დახმარების გარეშე ადამიანების დატოვებას.

_ ეს საკმარისია? არ არის სოციალური დახმარება დიდი. ამის გარდა, უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი და მათ რა უნდა ქნან?

_ ხელისუფლებამ რაღაც უნდა მოიფიქროს, ახლა არ გვაწყობს, რომ ადამიანები მშივრები დარჩნენ. ამ საფრთხეებს ხელისუფლებაც აცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მათაც სურთ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე – შესაძლებლობა.

_ ჩვენს ეკონომიკას ბევრი არ შეუძლია.

_ ბევრი არა, მაგრამ რაღაცის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება და ამისთვის განკუთვნილი სახსრების სოციალური მიმართულებით გადასროლა.

ამის გარდა, ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ მარაგები. ღმერთმა დალოცვილი მიწა გვარგუნა. ამ მიწაზე უამრავი რამის მოყვანა შეიძლება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ბოლო 30 წლის მანძილზე რაც არ მოხნულა მიწები, ყველა უნდა მოიხნას და დაითესოს.  ამ მიწაზე ყოველთვის კარგი მოსავალი მოდიოდა. დროა, დავუბრუნდეთ მიწათმოქმედებას.

არსებულ ვითარებაში ხელისუფლებისთვის რჩევების მიცემის დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ რაღაცას მაინც ვიტყვი. ჩვენს მეზობლებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ახლა ისეთი დროა, არავის გადაკიდება არ შეიძლება. რიგმა სახელმწიფოებმა სრულად აკრძალეს ქვეყნებიდან პროდუქციის გატანა. საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციაზე. ერთ-ერთი ასეთია ხორბალი. საქართველოში დღეს, სადღაც, 2 თვის საკმარისი ხორბლის მარაგია.  ხორბალი, ძირითადად, რუსეთიდან შემოგვაქვს. რუსეთს ეს აკრძალვები ჯერ არ დაუწესებია, მაგრამ ჩვენ შეიძლება, ხორბლის შემოტანა გაგვიჭირდეს.

_ რატომ?

_ ცოტა ხნის წინ რუსეთმა გაეროს მიმართა, რომ მათთვის სანქციები მოეხსნათ. საქართველომ და უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მისცეს ხმა. არ გამოვრიცხავ, ეს ცუდად დაგვიბრუნდეს. მოგეხსენებათ, რუსეთს  საგარეო უწყების ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც ამას ასე არ გაატარებს და ის მოითხოვს, რომ საქართველო და უკრაინა დაისაჯონ. რუსეთში კიდევ ბევრია ასეთი განწყობის პოლიტიკოსი. არსებულ ვითარებაში ყველა ქვეყნის გაღიზიანებას უნდა მოვერიდოთ. ამ კორონავირუსმა ისე აურია ყველაფერი, კაცმა არ იცის, ხვალ ვისგან რა დახმარება დაგვჭირდება. მე არავის ვეუბნები, რომ აფხაზეთი და ცხინვალი დავივიწყოთ, მაგრამ ამ მომენტში ანტირუსული რიტორიკა და გამოხტომები საჭირო არაა. ასევე თავი უნდა შევიკავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნების ლანძღვისგან. ხვალ შეიძლება, დახმარება დაგვჭირდეს. არაა გამორიცხული, სხვასაც დასჭირდეს ჩვენი თავი და არც ჩვენ უნდა ვთქვათ დახმარების ხელის გაწვდენაზე უარი. კორონავირუსის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო ერთად იბრძვის და ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ ჩაბმულები.

ხელისუფლებამ ასევე უნდა იფიქროს, რომ საქართველოდან არ გავიდეს მთელი რიგი პროდუქცია, რადგან არ ვიცით, ხვალ რა მოხდება. იმედი მაქვს, ეს კრიზისი დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

_ რა პროდუქცია გადის საქართველოდან?

_ თუნდაც, ცხვარი.

_ სად გადის?

_ ირანელები და თურქები ყიდულობენ ქართულ ცხვარს. არ ვამბობ, რომ სულ უნდა აიკრძალოს მათთვის ცხვრის მიყიდვა, მაგრამ ამის ნებართვა იქიდან რაღაც პროდუქციის შემოტანის სანაცვლოდ უნდა გავცეთ. აუცილებელია, მედიკამენტებისა და პროდუქტების მარაგები შევქმნათ. განვითარებული ქვეყნებივით 5 წლის სამყოფ მარაგს ვერ შევინახავთ, მაგრამ მოკლე ვადებზე მაინც უნდა გვქონდეს მარაგი. ხალხი არაფრით არ უნდა დავამშიოთ. ულუკმაპუროდ დარჩენილი კაცისთვის რა მნიშვნელობა აქვს, კორონა მოკლავს თუ – შიმშილი?

შორენა მარსაგიშვილი