ვალერი კეტუკია: „ანაკლიის პორტი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაში დაგვეხმარებოდა“

ცხინვალმა და სოხუმმა თბილისთან ე. წ. საზღვარი ჩაკეტა. ოკუპირებული რეგიონების ხელმძღვანელების თქმით, ისინი ამ გზით აპირებენ თავის დაცვას. ცხინვალის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევის განცხადებით, საზღვრის ჩაკეტვა აუცილებელია, რადგანაც კორონავირუსით შეწუხებული ქართველები შესაძლოა, უსაფრთხო რეგიონს მიაწყდნენ. ე. წ. საზღვრების ჩაკეტვამდე ახალგორში რამდენიმე ქართველმა მოახერხა დაბრუნება. ისინი ახალგორის საავადმყოფოში გახსნილ საკარანტინო სივრცეში გამოკეტეს. ცხინვალსა და აფხაზეთში არ იციან როგორ მოიქცნენ, თუ მათთან ვირუსი გამოჩნდება. ისინი ლამის უბრალო გრიპთანაც კი ვერ ახერხებენ გამკლავებას და სამკურნალოდ თბილისში გამორბიან.
საქართველოს ხელისუფლება ოსებსა და აფხაზებს უფასოდ მკურნალობს, ამ დროს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილ ქართველებს მკურნალობაში ფულს ახდევინებენ. ამას უსამართლოდ მიიჩნევს საზოგადოებრივი მოძრაობა „დევნილთა ხმის“ დამფუძნებელი ვალერი კეტუკია. როგორც ის „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, ამით ჩვენ აფხაზებისა და ოსების გულს ვერ მოვიგებთ. კეტუკიას აზრით, კარგია, სახელმწიფო ცუდად მყოფებს რომ ეხმარება, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ქართველი დევნილების მიმართაც გამოიჩენენ ყურადღებას.

რატომ არ აქცევს ქართული სახელმწიფო სათანადო ყურადღებას ქართველ დევნილებს? რატომ არ მუშაობენ ქართველების ეთნოწმენდისა და გენოციდის აღიარებაზე? როგორ ვკარგავთ გაეროში მხარდამჭერებს? შეიცვლება თუ არა აფხაზეთში სიტუაცია მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ვალერი კეტუკია ესაუბრება:

_ ახლო მომავალში აფხაზეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. თბილისში იმედი აქვთ, რომ ბჟანიას გამარჯვების შემთხვევაში იქ ვითარება შეიცვლება. თქვენ რას ელოდებით ამ არჩევნებისგან?
_ ამ არჩევნებისგან არაფერს ველოდები. საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლა არის. ყველა კანდიდატი ატარებს რუსულ ინტერესებს, ამდენად თბილისისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი. თან ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ.
_ ამბობთ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებსო. არც ბჟანიას გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება რამე?
_ ბჟანიაც რუსული ინტერესების გამტარებელი ადამიანია და არც ის შეცვლის რამეს ჩვენ სასიკეთოდ. გააკეთებს იმას, რის გაკეთებასაც მოსკოვი მოსთხოვს.
_ ბჟანიას გასულ წელსაც უნდა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. მას შანსი ჰქონდა, კრემლის ფავორიტ ხაჯიმბასთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოწამლეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. არის ვერსია, რომ ის რუსეთისთვის მიუღებელია.
_ რუსეთის ხელისუფლებაში სხვადასხვა კლანი არსებობს. ზოგი ხაჯიმბას უჭერს მხარს და ზოგიც _ ბჟანიას. ვერ გეტყვით, რატომ დასჭირდა ვინმეს ამ უკანასკნელის მოწამვლა. მე ის ვიცი, რომ ბჟანია რუსეთის ინტერესების გამტარებელი კაცია და თუ გაიმარჯვა, ამ ინტერესებს გაატარებს. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იქნება აფხაზეთის სათავეში. სასაცილოდ მიმაჩნია, როცა ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები დასხდებიან და სერიოზული სახეებით განიხილავენ, თუ რა შეიძლება მოხდეს ოკუპირებულ რეგიონში.
_ რატომ არის ეს სასაცილო? აფხაზეთი და ცხინვალი ხომ ძალიან სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის?
_ ოკუპირებული რეგიონები, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემა და ტკივილია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ, ამ ეტაპზე, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველა რუსეთის ინტერესებს გაატარებს. იქ ყველაფერი რუსული სცენარით მიდის. ცოტა ხნის წინ იქ არეულობა იყო და ესეც კრემლის გათამაშებული სპექტაკლია.
_ რაში სჭირდებოდა კრემლს ეს სპექტაკლი? ამ სპექტაკლის შედეგად ხელისუფლებას ჩამოშორდა მოსკოვის სერიოზული კადრი რაულ ხაჯიმბა?
_ სხვებიც მოსკოვის კადრები არიან. რაც შეეხება იმას, თუ რაში სჭირდება მოსკოვს აფხაზეთში პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა, ამით აფხაზეთის თემა გააცოცხლა. უნდათ წარმოაჩინონ, რომ იქ დემოკრატიაა და არჩევნები დაძაბულად ტარდება. ცდილობენ, რომ ამ რეგიონის მიმართ ყურადღება გაიზარდოს.
_ რეალურად, აფხაზეთში დაძაბულობა არ არის?
_ რუსეთი თუ მონდომებს, დაიძაბება, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე მიდის, როგორც კრემლმა დაწერა.
_ თბილისს თუ აქვს რამე ბერკეტები საიმისოდ, რომ ამ რეგიონზე, რაღაცნაირად, ზემოქმედება მოახდინოს?
_ სუსი უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით და ბერკეტებიც გაჩნდება. უამრავი რამ არის ჩასატარებელი, მაგრამ რამე ძვრები არ შეინიშნება.
_ თქვენ ამბობთ, რომ იქ ყველაფერი ისეა, როგორც მოსკოვს უნდა. რუსებს სურთ, რომ იქაურობა ხელში ჩაიგდონ. აფხაზური მედიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უძრავი ქონების გასხვისებას რუსებზე აფხაზები სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ.
_ მთელ რიგ წრეებში ამის გამო სერიოზული გულისწყრომაა, მოსკოვის ქმედებებზე უკმაყოფილებას უკვე ხმამაღლაც გამოხატავენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზები ჩვენ გვიახლოვდებიან. აფხაზებს სერიოზული უთანხმოება აქვთ სომხებთანაც. მათთანაც ბევრ რამეს ვერ იყოფენ.
_ აფხაზეთში მცხოვრებ სომხებზე საუბრობთ?
_ მათთან აქვთ გაურკვევლობა. რუსების მსგავსად, სომხებსაც უნდათ, ქონებებს რომ დაეპატრონონ. ეს აფხაზებს არ მოსწონთ. არის შიდა დაპირისპირებები, რაც ჩვენ საერთოდ არ გვეხება.
_ სომხებსა და აფხაზებს შორის უკვე ძალიან რთულად არის საქმე და რამე ტიპის კონფლიქტს უნდა ველოდოთ?
_ არაერთხელ ვთქვი, რომ იქ ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს. მოსკოვს აფხაზებსა და სომხებს შორის კონფლიქტი არ აწყობს. შესაბამისად, მათ შორის სისხლი არ დაიღვრება.
_ აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით რა ხდება? ერევანი ამას დღემდე ითხოვს და რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე, როგორც ამბობენ, სერიოზული სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. თქვენი აზრით, რკინიგზა გაიხსნება?
_ ამ თემაზე წლებია, საუბრობენ. ერევანი დღემდე ითხოვს აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებას, მაგრამ სანამ იქ საქართველოს იურისდიქცია არ აღდგება და დევნილები არ დაბრუნდებიან, ეს რკინიგზა არ გაიხსნება. ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს. თუ გაბედავენ, ძალიან მწვავე პასუხს მიიღებენ.
_ ცოტა ხნის წინ სოხუმმა და ცხინვალმა საქართველოსთან ე. წ. საზღვარი ჩაკეტა. ამით ისინი კორონავირუსის გავრცელებისგან თავს იცავენ. არიან თუ არა იქ ამ ვირუსით დაავადებულები? ფლობთ ამის შესახებ რამე ინფორმაციას?
_ დაავადებულთა შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. უბრალოდ, ის ვიცი, რომ იქ არ აქვთ ტესტები, რომ ეს ვირუსი გამოავლინონ. არაა გამორიცხული, იქ ხალხს ჰქონდეს ეს დაავადება. საქართველოს ხელისუფლებამ მათ შესთავაზა ამ საქმეში დახმარება.
_ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზები და ოსები ცე ჰეპატიტის სამკურნალო კურსშიც ჩასვეს და ისინი სამკურნალოდ დადიან. ამაზე რას ფიქრობთ?
_ დღეს ასეთი სურათი მივიღეთ: ოსები და აფხაზები თბილისში ღებულობენ უფასო განათლებას და უფასო სამედიცინო მომსახურებას. უკან ბრუნდებიან და ისევ გვლანძღავენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის ძალისხმევას შედეგი არ მოაქვს.
_ შედეგი ისაა, რომ ეს ადამიანები სამედიცინო დახმარებას ღებულობენ.
_ ჰუმანური თვალსაზრისით, ეს გამართლებულია. ომის დროს მტრებსაც კი მკურნალობენ ხოლმე, როცა ის ცუდად არის. აფხაზებისა და ოსების მკურნალობა საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი არ არის. ამით ამ ხალხს ჩვენკენ ვერ შემოვაბრუნებთ. ცხინვალისა და სოხუმის შემობრუნება თუ გვინდა, სხვა ზომები უნდა გავატაროთ.
_ სანამ ამ ზომებზე გკითხავდეთ, იქნებ, იმაზე გვიპასუხოთ, თუ რატომ არ უკეთებენ ქართველ დევნილებს უფასოდ ოპერაციებს? ისინიც ხომ სოხუმსა და ცხინვალში ცხოვრობდნენ?
_ ეს სერიოზული პრობლემაა და დევნილებშიც იწვევს გულისწყრომას. ეს სამართლიანი გულისწყრომაა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ჯობია, აფხაზებსა და ოსებს უმკურნალონ უფასოდ. ჰგონიათ, რომ ამ ნაბიჯით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოსწყვეტენ რუსეთს და საქართველოს დაუბრუნებენ. ეს მეთოდი, როგორც უკვე ვთქვით, არ მუშაობს. ვიმეორებ: უკან დაბრუნებულები ისევ ჩვენ გვლანძღავენ.
_ მათი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ქართველებმა იმხელა ზიანი მოგვაყენეს, ვალდებულები არიან, უფასოდ გვიმკურნალონო.
_ სხვას არც ველოდი, რადგან იქ ყველაფერს რუსეთი მართავს. რასაც ისინი ამბობენ, ეს არის რუსული ნარატივი. ათეული წელია, მათ ქართველების სიძულვილს უნერგავენ და რა გასაკვირია, ასე რომ ხდება? ისინი ქართველებს როგორც მტრებს, ისე გვიყურებენ. ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ცოტა სხვანაირი მუშაობა სჭირდება.
_ დღეს რუსეთის დუმა აქტიურად განიხილავს ქართველების მიერ ოსების გენოციდს, რაც ბუნებაში არ ყოფილა. რუსეთს რომ ამაში თავისი ინტერესები აქვს ვიცით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რატომ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველების ეთნოწმენდისა და გენოციდის ფაქტები გახდეს საჯარო? ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში უამრავი საქმეა აღძრული.
_ ქართველთა ეთნოწმენდა და გენოციდი, რატომღაც, მეორეხარისხოვანი გახდა. ამ ქვეყანაში არც დევნილთა ხმა ისმის. ჩვენ ვცდილობთ, რომ, რაღაცნაირად გავერთიანდეთ, რათა ჩვენი ხმა ყველას მივაწვდინოთ. მათ შორის იმაზეც, რაც ახლა „დუმაში“ ხდება _ რუსები არარსებულ გენოციდზე საუბრობენ, რომელიც, ცხინვალის მტკიცებით, 100 წლის წინათ მოხდა. ხელისუფლება ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს და სათქმელი ჩვენ უნდა ვთქვათ, ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ რუსეთი ამ თემით ისევ გვევაჭრება და გვეთამაშება.
_ რაც წასაღები იყო, ყველაფერი წაიღეს და კიდევ რაზე უნდა გვევაჭრონ?
_ რუსეთს კიდევ ბევრი რამე უნდა საქართველოსგან. ის მარტო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციით არ დაკმაყოფილდება. ის ცდილობს, ყველაფერი გაანადგუროს, რითაც თბილისს ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება შეეძლება. ამიტომ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულიყო. მე ზემოთ გითხარით, რომ არსებობდა მეთოდები, რითაც აფხაზებისა და ოსების დაბრუნება შეიძლებოდა, ერთ-ერთი მათგანი იყო ანაკლია.
_ ანაკლიის პორტს ყველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაგრამ ცოტა გაურკვეველია, თუ როგორ უნდა დაებრუნებინა ამ პორტს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი?
_ სულაც არ არის გაურკვეველი, ჩვეულებრივი თემაა. ჩვენ გვინდა განათლებული ახალგაზრდობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურად მყარად დააყენებს ფეხზე. ეკონომიკურად ძლიერი საქართველო აფხაზებისა და ოსებისთვის მიმზიდველი გახდება. აქ თუ ეკონომიკური კეთილდღეობა იქნა, აფხაზებსა და ოსებს სტიმული გაუჩნდებათ, რომ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ.
დღეს ვერც აფხაზებს მოვაწონებთ თავს და ვერც ოსებს გავუჩენთ ჩვენს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილს. მათაც კარგად იციან, რომ საქართველოდან თავად ქართველები გარბიან სხვა ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად. მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომელიც სულაც არაა მათთვის მიმზიდველი, მაგრამ სადაც სამუშაოს პოულობენ, იძულებული არიან, იქ წავიდნენ. კეთილდღეობა თუ არ იქნა, არც ემიგრაციაში წასული ქართველები დაბრუნდებიან და არც _ აფხაზები და ოსები.
_ ანაკლიის პორტზე საუბრობდით და ამ პორტს შეეძლო საქართველოსთვის კეთილდღეობის მოტანა?
_ რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი ჩვენს ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებდა და ამ პორტის დახმარებით მსოფლიოსთვის საინტერესო ქვეყანა გავხდებოდით.
_ დღეს აღარ ვართ მსოფლიოსთვის საინტერესო?
_ ისეთი საინტერესო აღარ ვართ, როგორიც უნდა ვიყოთ. ჩვენ ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, რომ ბევრი უნდა იყოს ჩვენით დაინტერესებული, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვიყენებთ.
_ ზემოთ თქვით, ქართველები იმ ქვეყნებშიც არიან სამუშაოდ წასული, რომელიც ნაკლებად მიმზიდველიაო. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა არის რუსეთი. იქ ძალიან ბევრი ქართველი წავიდა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რუსეთში გაიქცნენ ოსები და აფხაზებიც. ქართველები, ოსები და აფხაზები რუსეთში როგორ თანაცხოვრობენ?
_ ისინი ერთმანეთთან ნორმალურ დამოკიდებულებაში არიან. ყველა მუშაობს და ერთმანეთის სამტროდ აღარ სცალიათ. სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა და ახლა ისინი თავის გადარჩენასა და გატანაზე არიან გადასულები. ერთმანეთშიც მშვენივრად თანაცხოვრობენ. მათ შორის კონფლიქტები არ ხდება.
_ არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში არიან საქართველოში მყოფი დევნილები. 27 წელზე მეტია, ისინი ამ სტატუსით ცხოვრობენ და მათი პრობლემები დღემდე ვერ მოგვარდა. ბევრ მათგანს დღესაც არ გააჩნია ბინა.
_ სამწუხაროდ, სახელმწიფოს სხვა პრიორიტეტები აქვს. ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომ 2025 წლისთვის ყველა დევნილი ყოფილიყო ბინით უზრუნველყოფილი. ეს ინიციატივა პარლამენტშიც შევიდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ მის განხილვაზეც კი უარი თქვა.
_ რა მიზეზით თქვეს განხილვაზე უარი?
_ მიზეზად დასახელდა ის, რომ სახელმწიფოს ამის საშუალება არ გააჩნია.
_ ამას მართლა დიდი თანხა დასჭირდება?
_ ვიცით და ამიტომაც დეტალურად გვეწერა კანონპროექტში, თუ როგორ უნდა მობილიზებულიყო თანხა. სამწუხაროა, რომ პარლამენტმა ეს კანონპროექტი არც კი განიხილა. ძალიან მძიმე ყოფაში არიან ჩვენი დევნილები. თითქოს ისინი ყველამ დაივიწყა. არადა, საქართველოს მოქალაქეები არიან.
_ დავუბრუნდები ქართველების ეთნოწმენდას. რატომ არ ვმუშაობთ ამაზე და რატომ არ ვეუბნებით მსოფლიოს, რა დღეში ჩაყარეს ეთნიკური ქართველები აფხაზეთსა და ცხინვალში?!
_ 27 წელია, რაც სოხუმი დავკარგეთ. ამ პერიოდში საქართველომ სამი ხელისუფლება გამოიცვალა. დაკარგულ ტერიტორიებს ყველა ხელისუფალი მისტიროდა და მისტირის. ვერც იმას ვიტყვით, რომ ისინი არ აღიარებენ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართველების ეთნოწმენდასა და გენოციდს. ამ საკითხზე პროკურატურაში ტომებად უდევთ საქმეები. სამწუხაროდ, ეს არასაკმარისია. მართალია, საქართველოს ხელისუფლება ამ თემაზე საუბრობს, მაგრამ ეს საკითხი ოფიციალური თბილისისთვის პრიორიტეტი არ არის.
აღარც ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრობენ აქტიურად. ამ თემას ჩვენ თავად ვივიწყებთ და რა გასაკვირია, რომ ამ საკითხით აღარც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ინტერესდებიან? ჩვენი ასეთი დამოკიდებულება გაეროს მიღებულ გადაწყვეტილებაშიც აისახა.
_ რა გადაწყვეტილებაზე საუბრობთ?
_ გაერო ყოველ წელს დღის წესრიგში აყენებს საკითხს, რომ ქართველი დევნილები აფხაზეთში დაბრუნდნენ. გასულ წელს ძალიან ბევრმა ქვეყანამ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მათ შორის იყო სომხეთიც.
_ სომხეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამ დოკუმენტს. მათ აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნების რეზოლუციისთვის არასდროს დაუჭერიათ მხარი.
_ ესეც ჩვენი ბრალია. სხვანაირად რომ გვემუშავა, სომხეთი გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერდა.
_ ერევანი თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ ყარაბაღის პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი და ამ რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში მათაც მოუწევთ ყარაბაღში აზერბაიჯანელი ლტოლვილების დაბრუნება.
_ ეს ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება სომხეთის დათანხმება. აბა, რისთვის გვყავს საგარეო საქმეთა სამინისტრო? მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ასეთ საკითხებზე იმუშაონ. აქ ყველაზე მთავარი მაინც რუსული ლობია. რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გაეროს წევრმა ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირონ იმ რეზოლუციას, სადაც ქართველი დევნილების დაბრუნებაზეა საუბარი. ჩვენი საგარეო უწყება ვალდებულია, ყოველ წელს დამატებით რამდენიმე ქვეყანა დაითანხმოს, რომ მათ ქართველი დევნილების დაბრუნებას დაუჭირონ მხარი. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით ხდება. რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლები ქვეყანა უჭერს მხარს ქართველი დევნილების დაბრუნებას.
_ ამის გარდა, ევროპის ქვეყნები საკმაოდ ხშირად მასპინძლობენ ცხინვალისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მათგან აღიარებასაც კი ითხოვენ. წინა წელს იტალიაში მყოფი ბიბილოვი იტალიის პარლამენტის წევრებსაც კი ესაუბრა. სოხუმსა და ცხინვალს წარმომადგენლობებიც კი აქვთ გახსნილი ევროპის ქვეყნებში და ამას თბილისი ვერაფერს უპირისპირებს.
_ ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საგარეო უწყება და ხელისუფლება ეფექტიანად ვერ მუშაობს. ეს იმის ბრალიც არის, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობის ხმა არ ისმის. ჩვენ ეს ხმა საქართველოს ხელისუფლებასაც უნდა გავაგონოთ და _ მსოფლიო თანამეგობრობასაც. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უგულებელყოფას ვერავინ გაბედავს და არც აფხაზეთისა და ცხინვალის თემა იქნება ტაბუდადებული. ახლა ეს პრობლემა აღარ აინტერესებთ. ჩვენ ოკუპირებული რეგიონები კვლავ აქტუალური უნდა გავხადოთ. ამას აუცილებლად მივაღწევთ და მჯერა, რომ მალე მოვა დრო, როცა საკუთარ ტერიტორიაზე დავბრუნდებით. ამისთვის, პირველ რიგში, ეკონომიკურად მყარად უნდა დავდგეთ ფეხზე.

შორენა მარსაგიშვილი