დიდი მაფია და კორუფცია განათლების სისტემაში

იმაზე კამათი, რომ საქართველოს განათლების სისტემაში პრობლემებია, არ ღირს და არც იმაზე უნდა ვიკამათოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების ერთგვარი დეფიციტია, თუმცა თემა, რომელზედაც „ქრონიკა+“ დღეს გაამახვილებს ყურადღებას, განათლების დეფიციტზე ბევრად სკანდალურია, ანუ ჩვენს გამოცემას სააშკარაოზე ის შესაძლო კორუფციული სქემები გამოაქვს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩხენკელის უწყებაშია ფესვგადგმული.

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ პოლიტსაბჭოს წევრი, მეცნიერებთა დოქტორი, ზურა იაშვილი, ამბობს, რომ განათლების სისტემაში კორუფცია ახალი არაა, თუმცა ბოლო წლებში, ყველაფერმა ამან, განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა.
„კორუფცია, სამწუხაროდ, განათლების სამივე საფეხურზეა წარმოდგენილი“, _ აცხადებს ჩვენი რესპონდენტი და კონკრეტულ სქემებსაც შიფრავს, ანუ იაშვილის საუბრიდან ნათელი ხდება, რომ საქართველოში „საგანმანათლებლო მაფია“ მოქმედებს, რომლის ე. წ. წევრები არიან: განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, ასევე ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ამჟამინდელი მინისტრი ჩხენკელი და სამეცნიერო ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც, იაშვილის თქმით, მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემაში, მათთან შეუთანხმებლად, არაფერი უნდა გაკეთდეს.

ზურა იაშვილი _ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ პოლიტსაბჭოს წევრი:
_ განათლების სისტემაში არსებულ კორუფციას განსაკუთრებით თავხედური ფორმა უმაღლეს განათლებაში აქვს.
_ უმაღლეს განათლებაში კორუფცია ეროვნული გამოცდებიდანვე იწყება?
_ კარგი კითხვაა, რადგან, თავის დროზე, ეროვნული გამოცდების შემოღების მიზანი სწორედ ის იყო, რომ უმაღლეს განათლებაში, ანუ უმაღლეს სასწავლებლებში, მოხვედრის ნაწილში, კორუფცია აღმოფხვრილიყო. ეროვნულმა გამოცდებმა, გარკვეულ ეტაპზე, ეს ფუნქცია ნამდვილად შეასრულა, თუმცა დროთა განმავლობაში ეროვნულმა გამოცდებმა პროფანაცია განიცადა.
_ რას გულისხმობთ?
_ ვთქვათ, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს დაუკავშირდა, თუმცა ახლა ამ გამოსაშვებ გამოცდებზეც უარი ვთქვით. ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ პიარის გამო გადადგა, ანუ მიიჩნია, რომ ამით მოსახლეობის გულს მოიგებდა, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, სასკოლო გამოცდების გაუქმებას ხალხი ძალიან ნეგატიურად შეხვდა.
_ სასკოლო გამოცდების გაუქმება პოლიტიკური კორუფციის ელემენტებს ხომ არ შეიცავდა?
_ დიახ, გარკვეულწილად, პოლიტიკური კორუფციაა, როცა ცდილობ, რომ წინასაარჩევნოდ იაფფასიანი პოპულისტური ნაბიჯები გადადგა.
განათლების სფეროში ასეთი ტიპის კეკლუცობა დამღუპველია, რადგან განათლება, წესით, სახელმწიფოს ხერხემალი უნდა იყოს.
სხვათა შორის, თუ გახსოვთ, მამუკა ბახტაძემ, პრემიერობიდან რომ გადადგა, ე. წ. გამოსამშვიდობებელ მაისურზე განათლება დაიწერა, რითაც იმის ხაზგასმას შეეცადა, რომ განათლება მისი მოღვაწეობის მთავარი შტრიხი იყო, თუმცა ყველაფერი ეს, სინამდვილეში, სრული ფიქცია და ბუტაფორია გახლდათ.
_ ზურა, კორუფცია ადამიანებისთვის ფულის აღებ-მიცემობასთან ასოცირდება. შესაბამისად, როცა განათლების სფეროში არსებულ კორუფციაზე საუბრობთ, თქვენც ფულის აღება-მიცემობას გულისხმობთ?
_ დიახ, ბუკვალურად, ფულის აღებ-მიცემობაზე ვსაუბრობ.
_ კონკრეტული მაგალითების დასახელება შეგიძლიათ?
_ რა თქმა უნდა!
საერთოდ, დღევანდელი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან შედგება. სტუდენტთა, დაახლოებით, 65% საჯარო, ანუ სახელმწიფო სასაწავლებლებში სწავლობს, 35% კი _ კერძოში. ორივეგან განათლების სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტია, რომელიც ე. წ. ბოლონიის პროცესთანაა თანხვედრაში. ყოველ შემთხვევაში, ეს თანხვედრა, ანუ სტანდარტიზაცია, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის პრეროგატივაა.
_ ამ ცენტრს, კონკრეტულად, რა ევალება?
_ ყველა უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციასა და აკრედიტაციას გადის.
_ ავტორიზაცია და აკრედიტაცია ერთმანეთისგან რით განსხვავდება?
_ ავტორიზაციით უნივერსიტეტის, როგორც სასწავლო-კვლევითი დაწესებულების, უნარები განისაზღვრება, ანუ, ვთქვათ, როგორი საბიბლიოთეკო თუ პერსონალური რესურსი აქვს; აკრედიტაცია კი კონკრეტულ პროგრამებს ეხება, ანუ აკრედიტაციით დგინდება, ესა თუ ის პროგრამა მოთხოვნებს რამდენად აკმაყოფილებს. აი, სწორედ ესაა ის სეგმენტი, სადაც კორუფციის უდიდესი ნაწილია.
_ ანუ?
_ კორუფციის ელემენტები სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მიმართებითაცაა, თუმცა, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით კერძო უმაღლეს სასწავლებლებს ვგულისხმობ.
_ მაინც, რაში გამოიხატება ეს კორუფცია?
_ ყველა უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაციის გავლა გარკვეული, კერძოდ, ხუთწლიანი პერიოდულობით უწევს.
_ ზურა, მაპატიეთ, უნდა ჩაგეკითხოთ: როგორც ვიცი, 2012 წლის შემდეგ კერძო უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი ერთიორად გაიზარდა. იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ეს ზრდა კორუფციას უკავშირდება?
_ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ბოლო დროს კერძო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა ძალიან დიდ ციფრზეა გასული, თუმცა სრულიად გაუგებარია, ეს ზრდა რას უკავშირდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყნიდან მოსახლეობა გაედინება? დემოგრაფიული სურათიც უკან-უკან მიდის და სწავლის ხარისხიც კატასტროფულად დაბალია, რასაც სხვადასხვა კვლევაც ცხადყოფს.
სხვათა შორის, სწავლის დაბალი ხარისხის მიუხედავად, სწავლის გადასახადი ძალიან მაღალია, რაც, თავისთავად, კორუფციის ნაწილია.
_ ე. ი., თუ სასწავლო ბიზნესის დაწყება გადავწყვიტე, თქვენ მიერ ზემოხსენებულ სიპში მივალ, ფულს გადავიხდი და უმაღლეს სასწავლებელს უპრობლემოდ გავხსნი. ასეა?
_ ავტორიზაციას გარკვეული მოთხოვნები აქვს, რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს და ეს მოთხოვნები ქაღალდზე რომ დაკმაყოფილდეს, საამისოდ საჭიროა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ხარისხის მართვის კუთხით შინაურები, ანუ ის ადამიანები დაასაქმოს, რომლებიც ზემოხსენებული ცენტრის სიახლოვეს ტრიალებენ.
_ ანუ, პირველ ეტაპზე, კორუფციას ფულის აღებ-მიცემობის კი არა, უფრო ნეპოტიზმის სახე აქვს?
_ დიახ, მაგრამ შინაურების ხელფასები, ქართული საზომებით, ძალიან მაღალია და ფული სწორედ ამ კუთხით შემოდის.
ერთი სიტყვით, ამ სქემის შესახებ ყველასთვის ცნობილია და ისიც იციან, რომ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა უნივერსიტეტს ლობირებს. შესაბამისად, ზემოხსენებულ ცენტრში ავტორიზაციის გაცემისას ერთმანეთის უნივერისტეტების მიმართ ლმობიერები არიან.
_ ზურა, ყველაფერ ამაში, რაზედაც საუბრობთ, ვიღაცამ კორუფციის ნიშნები, შესაძლოა, ვერც დაინახოს, ანუ შინაურების დასაქმება მათი პროფესიონალიზმით ახსნას და თქვას, რადგან ადამიანი ვინმეს შინაურია, ამის გამო უმუშევარი ხომ ვერ იქნებაო?
_ დიახ, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლის ავტორიზაციის სტანდარტი მკაცრად გაწერილია და ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, თუმცა ადამიანებს, რომლებიც ამ სტანდარტებს აფასებენ, სუბიექტური შეფასებისთვის ძალიან დიდი სივრცე აქვთ!
_ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვინ არის?
_ აქამდე ამ ცენტრს განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ხელმძღვანლობდა და სწორედ მის დროს მიიღეს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება. კერძოდ, მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს უნივერსიტეტი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა და ექსპერტებმაც მაღალი შეფასება მიანიჭეს, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ საქმეში ე. წ. საგანმანათლებლო მაფია ჩაერთო, რადგან „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ იმ თამაშსა და აღებ-მიცემობაში, რაზედაც წეღან გესაუბრეთ, ჩართული არ იყო.
სხვათა შორის, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებში განათლების ახლანდელი მინისტრიც მონაწილეობდა, რომელიც იმხანად განათლების მინისტრის მოადგილე იყო. ამ ამბებიდან მალევე კი განათლების საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნა. „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ავტორიზაციის გავლა სტუდენტების გაზრდის მიზნით უნდოდა, თუმცა მისთვის ავტორიზაციის გაუქმება ერთგვარი სადამსჯელო ოპერაცია იყო.
_ ზურა, „განათლების მაფიის“ წევრები ვინ არიან?
_ ეს ჯგუფი ამ სფეროში ძალიან დიდი ხანია, არის, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა მაშინ ცოტა სხვა არქიტექტურა ჰქონდა.
_ ანუ?
_ „ნაციონალების“ დროს საგანმანათლებლო სისტემაში პარტიული პოლიტიკა უფრო მეტად იყო ჩართული, ახლა კი ყველაფერ ამას კორუფციული და ბიზნეს-ეკონომიკური შემადგენელი ახლავს.
ერთი სიტყვით, ამ ჯგუფის წევრები ერთმანეთის მეგობრები და ოჯახის წევრები არიან.
_ ჩვეულებრივი მაფიის მსგავსად, ე. წ. ბოსი „საგანმანათლებლო მაფიასაც“ ჰყავს?
_ ამ საეჭვო საგანმანათლებლო წრის ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო წარმომადგენელი თამარ სანიკიძე და მისი გარემოცვა გახლავთ. ამავე ჯგუფთან კეკლუცობაში შემჩნეული იყო განათლების დღევანდელი მინისტრი ჩხენკელიც. ამ ჯგუფთან, სხვადასხვა დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლანდელი რექტორის სახელიც იყო დაკავშირებული.
მოკლედ, ადამიანების ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში მათ გარეშე გადაწყვეტილებები არ და ვერ უნდა მიიღონ. ამ მოჯადოებულ წრეში, ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც სწავლა-განათლება უმეტესად უცხოეთში აქვთ მიღებული, საკუთარ თავს ვერ პოულობენ.
_ ისე, იმ დროს, როცა ეროვნული გამოცდების ცენტრს მაია მიმინოშვილი ედგა სათავეში, გამოცდების დასრულების შემდეგ, ცენტრის საიტზე ჰაკერული თავდასხმა არაერთხელ განხორციელდა. არსებობს ვერსია, რომ ესეც ერთგვარი კორუფციული სქემის ნაწილი იყო, ანუ ზემოხსენებული ჯგუფი აბიტურიენტებს კონკრეტულ სასაწვლებლებში ახვედრებდა, რათა ამ დაწესებულებებს შემოსავალი ჰქონოდა. ზურა, ამის შესახებ გსმენიათ?
_ დიახ, მართალს ბრძანებთ და კარგად ხართ ინფორმირებული.
_ ისიც ნიშანდობლივია, რომ მიმინოშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს „ოცნების“ ლიდერშიფს ატრენინგებს.
_ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ ე. წ. სკალირების პროცესი მიმდინარეობს, ანუ სხვადასხვა საგამოცდო ვარიანტს, სირთულის მიხედვით, გარკვეული კოეფიციენტი ენიჭება. მიმინოშვილის დროს ხშირად ისმოდა, რომ ეს სკალირება კონკრეტულად იმ აბიტურიენტებისთვის ხდებოდა, რომელთაც გავლენიანი მფარველები ჰყავდათ.
სხვათა შორის, შარშანწინ, ეროვნული გამოცდების დროს, ძალიან სკანდალური ფაქტი მოხდა.
_ კერძოდ?
_ სამეგრელოში უნარების გამოცდაში აბიტურიენტებმა საეჭვოდ მაღალი შედეგები მიიღეს, მათ შორის, მათემატიკურ ნაწილშიც და ეს მაშინ, როცა ამ აბიტურიენტების ნაწილმა მათემატიკის გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა. მოკლედ, ყველაფერი ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო, ანუ გაჩნდა ეჭვი, რომ აბიტურიენტებმა უნარების ტესტების პასუხები შესაძლოა, წინასწარ იცოდნენ.
ეს კი არადა, გასულ წელს, საიტზე სამაგისტრო გამოცდების პასუხებიანი ვარიანტიც ატვირთეს. არ ვიცი, ეს ტექნიკური შეცდომა იყო თუ განზრახ გააკეთეს, მაგრამ მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია!
ჩემი აზრით, თავის დროზე, მიმინოშვილის დაქვეითება იმას უკავშირდებოდა, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, აბიტურიენტების მოსამზადებელი კერძო კურსები შეიქმნა და ყველამ იცოდა, რომ თუ ამ კერძო კურსებს გაივლიდი, გაცილებით მეტი შანსი გქონდა, შენთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხულიყავი.
ეს, მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტი იყო, რადგან ინსტიტუცია, რომელიც ეროვნული გამოცდების ადმინისტრირებასა და ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, აბიტურიენტებს ისე ამზადებდა, როგორც ბიზნესსუბიექტი.
_ საერთოდ, ქალბატონი მიმინოშვილი სკანდალების ეპიცენტრში არაერთხელ მოქცეულა და ისიც თვალში საცემი იყო, რომ სანამ თანამდებობა ეკავა, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხშირად სტუმრობდა. ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ „საგანმანათლებლო მაფიას“ ძალიან გავლენიანი მფარველი ჰყავს?
_ ეს, ალბათ, სწორი ვერსიაა, რადგან აღნიშნული წრე საკუთარ თავს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ელიტად ასაღებს, ანუ ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი სწორედ ეს ადამიანები იყვნენ და არიან. მართალია, გარკვეული „პერეტრუბაციები“ ხდება ხოლმე, მაგრამ განათლების სისტემაში ცენტრალურ ადგილებზე მაინც ეს ადამიანები რჩებიან. არადა, გაუგებარია, მიმინოშვილს განათლების სისტემაში ასეთი რა დამსახურება აქვს?
_ ამას ვერ გეტყვით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მიმინოშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც „ნაციონალებს“ განუდგა და ივანიშვილი, ალბათ, სწორედ ამას უფასებს!
_ კი ბატონო, ყველას გვახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ივანიშვილთან დაჯდა და ეს მაშინ, გარკვეულწილად, სარისკო იყო, მაგრამ განათლების სისტემამ მის მიმართ ეს „ვალი“ როდემდე უნდა იხადოს? ამ დროს, რა დააშავა აპოლიტიკურმა პროფესურამ, რომელიც მაშინაც და ახლაც თავის საქმეს პროფესიულად და მიზერული ანაზღაურებით ასრულებდა და ასრულებს?
მოკლედ, განათლების სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური სიმპათიებით, კორუფციული თუ ვირეშმაკული სქემებით მმართველობით რგოლში მუდმივად რჩებიან! ყველაფერი ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ განათლების სისტემა ძალიან ჩაკეტილია და მის შესახებ მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის!
ბევრ საეჭვო უნივერსიტეტს, რომელიც ახლად შექმნილია, ძალიან ამბიციური პროგრამები, ანუ მიმართულებები აქვს. არადა, ეს მაშინ, როცა მკვიდრი პროფესურა არ ჰყავს და საგანმანათლებლო პროცესს მოწვეული პროფესორების მიგრაციით უზრუნველყოფენ. ასეთ უნივერსიტეტებს კონკრეტული პოლიტიკოსების ან პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა აქვთ და ამ სფეროში ყველამ იცის, ვინ ვის ლობირებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ეს უნივერსიტეტები ავტორიზაციას გადიან. მათი ლობისტები კი, სავარაუდოდ, კონკრეტული ფინანსური დაინტერესების გარდა, სხვა სიკეთესაც ღებულობენ, მაგალითად, მათი ოჯახის წევრები ამ სასწავლებლებში ფიქტიურად საქმდებიან.
_ ზურა, ამ სქემის კონკრეტული მაგალითებით გამაგრება შეგიძლიათ?
_ აი, მაგალითად, საუბარია „ოცნების“ ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესა და მის ოჯახზე.
_ სახელდობრ, ვისზე?
_ უტყუარი დოკუმენტები არ გამაჩნია, ამიტომ ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ერთს გეტყვით: ამ ადამიანის სფერო განათლებას საერთოდ არ უკავშირდება, მაგრამ მისი ოჯახის წევრი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ხარისხის მართვის სპეციალისტადაა გაფორმებული, თუმცა არფერში მონაწილეობს და, სავარაუდოდ, სამსახურშიც არ დადის, თუმცა რამდენიმეათასიან ხელფასს, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო იღებს, რომ მისმა ახლობელმა, როცა ეს უნივერსიტეტი ავტორიზაციას გადიოდა, გარკვეული ძალისმევა გასწია!
_ ე. ი., უმაღლესი სასწავლებლების მფლობელები და მათი ლობისტები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან, ახალგაზრდები კი განათლებას ვერ იღებენ, არა?
_ დიახ, სამწუხაროდ, ასეა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უნივერსიტეტები ჩვეულებრივ ბიზნესსუბიექტებად არიან ქცეულნი. არადა, განათლებაში ბიზნესის პირდაპირი კალკირება არ შეიძლება. მაგალითად, აშშ-ში მომგებიანი ერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც არაა, ანუ უნივერისტეტების მფლობელები ამ უნივერსიტეტიდან დივიდენდებს ვერ იღებენ.
ჩვენთან კი ყველაფერი სხვანაირადაა, ანუ განათლებას ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს „დალაგებადი თემაა“.
_ „დალაგებადი თემა“ რას ნიშნავს?
_ რაც საჭირო იქნება, გადაიხდიან და ეს მცირე დანახარჯია, ანუ იმის ნაცვლად, რომ აკადემიური დონე აამაღლონ, უმაღლესი სასწავლებლების მფლობელები ფულს რეკლამაში ხარჯავენ. ამით აბიტურიენტებს იზიდავენ და, სამწუხაროდ, ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.
_ რატომ?
_ სამწუხაროდ, საქართველოში კარგ უმაღლესად კარგად რეკლამირებული სასწავლებელი ითვლება. საერთოდ, კარგია, როცა უმაღლეს სასწავლებელს კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს, მაგრამ საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის მეასეხარისხოვანია, სავარძელს ტყავის ზედაპირი ექნება თუ _ ხის.
_ ზურა, ამ პატარა ქვეყანაში ამდენი უმაღლესი სასწავლებელი აუცილებელია თუ 90-იან წლებში დავბრუნდით, როცა ყველა სადარბაზოში უმაღლესი იყო გახსნილი? სხვათა შორის, სწორედ იმ ავბედითი წლების შედეგია, რომ მთავარ პროკურორსა თუ სხვა თანამდებობის პირებს საეჭვო დიპლომები აქვთ.
_ ძალიან სამწუხაროა, რომ ის რეალობა ბრუნდება, რომელზედაც ყველას გვეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ. სხვათა შორის, კერძო უმაღეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადი წელიწადში რამდენიმე ათასი ლარია. ზოგჯერ ეს თანხა ათი ათასსაც კი უახლოვდება, მაგრამ ეს სრულიად გაუგონარი თანხაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა, მაგალითად, კონტინენტურ ევროპაში სწავლა მთლიანად უფასოა და იქაური და აქაური სწავლის დონის შედარებაც არ შეიძლება!
_ სწავლის გადასახადს უმაღლესი სასწავლებელი თავად ადგენს? და, საერთოდ, ამ ბიზნესიდან სახელმწიფო რა მოგებას ნახულობს?
_ სახელმწიფო მოგებას ვერ ნახულობს, რადგან სფერო მთლიანად დოტაციურია.
რაც შეეხება სწავლის გადასახადს, ამას უნივერსიტეტები ერთმანეთან კონკურენციით თავად უნდა ადგენდნენ, მაგრამ ეს კონკურენციაც მარკეტინგულ და სარეკლამო შეჯიბრადაა გადაქცეული. სწორედ აქედან გამომდინარე, მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ რეკლამას ყურადღება არ მიაქციოს! აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლები სახელმწიფო ინსტიტუტებს, სწავლის დონით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ აღემატებიან, ანუ კერძო სასწავლებლებში დამატებით თანხას ნურავინ გადაიხდის, მით უმეტეს, რომ ეს თანხა კონკრეტული პირების ჯიბეში ილექება!
სახელმწიფო ვალდებულია, რომ განათლების ხარისხი გააკონტროლოს, ანუ სად რა ტიპის განათლებაა და სისტემა კორუფციისგან მთლიანად უნდა გაათავისუფლოს!
_ ზურა, ხომ არ აპირებთ, რომ ყველაფერ იმაზე, რაზედაც საუბრობთ, საგამოძიებო უწყებებს მიმართოთ?
_ საქმე ის არის, რომ ეს სისტემა, როგორც გითხარით, ძალიან ჩაკეტილია, ანუ კერძო უნივერსიტეტს სრული უფლება აქვს, ისეთი დოკუმენტაცია, სადაც შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, არ მოგვაწოდოს. ამის გაკეთება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს!
ამიტომაც პრეტენზია, პირველ რიგში, სახელმწიფოსთან გვაქვს, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში განათლების ხარისხიც გააკონტროლოს და _ უმაღლესი სასწავლებლების სწავლის გადასახადიც. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ კუთხით საგამოძიებო უწყებებმა გარკვეული მოკვლევა ჩაატარეს, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ამ საქმეს მსვლელობა არ მისცემია!

გიორგი აბაშიძე