ლაშა ჩხარტიშვილი: „კორონავირუსთან საბრძოლველად ხელისუფლებამ უფრო მკაცრ ზომებს უნდა მიმართოს“

კორონავირუსი საქართველოსაც უტევს. ჩვენმა ექიმებმა უკვე შეძლეს კორონავირუსით დაავადებული პაციენტის განკურნება. იმათი მდგომარეობაც გაუმჯობესდა, ვინც მძიმედ იყო, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შეჩერება შეუძლებელია… თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. ინფექციონისტები გვეუბნებიან, რომ ჯერ პანიკის საფუძველი არ არსებობს და არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა აუცილებელი.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ეკოლოგი და ბიოლოგიის მაგისტრია, წარსულში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობდა. იგი ამბობს, რომ ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა გაამკაცროს ზომები. მისი თქმით, თვითიზოლაცია არ ჭრის და ყველა კარანტინში უნდა გადაიყვანონ. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები როგორც იქცევიან, ამას ყველა ხედავს. ჩხარტიშვილი კორონავირუსზე გადართულ ხელისუფლებას ხანძრებთან ბრძოლის თადარიგის დაჭერისკენაც მოუწოდებს. გაზაფხული ახლა დაიწყო და საქართველოში ხანძრის უამრავი კერა დაფიქსირდა. ზაფხულში ბევრად მძიმე სურათი გვექნება.

რა გეგმით უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ? რა შემთხვევაში გვემუქრება ეპიდემია? როგორ სარგებლობენ ფარმაცევტული მაფიის წარმომადგენლები კორონავირუსით? გვიშველის თუ არა ჰაერის ტემპერატურის მატება? რატომ არ ყიდულობს ხელისუფლება სახანძრო და სამაშველო ვერტმფრენებს? _ ამ თემებზე ლაშა ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ თქვენი აზრით, გვემუქრება თუ არა ეპიდემიის საფრთხე? ექიმები გვეუბნებიან, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ ეპიდემიის საფრთხის წინაშე ჯერ არ ვდგავართ.
_ არაფერი არაა გამორიცხული. შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაშიც იფეთქოს ეპიდემიამ. ძალიან მინდა, ასე არ მოხდეს, მაგრამ ეს ვირუსი საშინელი სისწრაფით ვრცელდება. ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლების მხრიდან გაცილებით მეტი ოპერატიულობა და მეტი საბიუჯეტო სახსრების გაღებაა აუცილებელი. გასულ პერიოდში ვნახეთ, რომ გარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მთლიანობაში მთავრობა, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, გაუმართლებელი მერყეობით გამოირჩეოდა და ერთი ნაბიჯით მაინც ჩამორჩებოდა მოვლენებს, რამაც ვითარების დამძიმება გამოიწვია.
მოვითხოვთ, მთავრობამ, ამ ეტაპზე მაინც, გამოიჩინოს სათანადო პასუხისმგებლობა და ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, დაუყოვნებლივ მიიღოს აუცილებელი ზომები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების კონტროლისთვის აუცილებელია, საწყის ეტაპზე, 2 კვირით მაინც.
_ რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეპიდემია თავიდან ავიცილოთ?
_ 1. აიკრძალოს ტურისტული მიმოსვლა და ტურების გაყიდვა ნებისმიერი მიმართულებით;

  1. აიკრძალოს ფრენები გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის მიმართულებით;
  2. გადაიდოს ყველა საერთაშორისო ვიზიტი;
  3. გამოცხადდეს არდადეგები საბავშვო ბაღებსა და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ეს ჯერ არ განხორციელებულა;
  4. დაიკეტოს ყველა რესტორანი, ბარი, კინოთეატრი, თეატრი, მუზეუმი და მასობრივი თავშეყრის ყველა სხვა ადგილი;
  5. თვითიზოლაციის მექანიზმი სრულად ჩანაცვლდეს კარანტინით;
  6. განხორციელდეს ქალაქების ცენტრალური, ტურისტულად აქტიური ქუჩების რეგულარული დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით. აღნიშნული პროდუქციით ვაჭრობასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდეს ზღვრული ფასები;
  7. რისკჯგუფის წარმომადგენელ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სახელმწიფოს დაფინანსებით გადაეცეს _ იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისეპტიკური და დამცავი საშუალებები;
  8. ქვეყნის მასშტაბით ყველა ექიმი და მედპერსონალი უზრუნველყოფილ იქნას სათანადო დამცავი საშუალებებითა და საინფორმაციო მასალებით;
  9. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა გაჩერება, ასევე ყველა ადმინისტრაციული დაწესებულება აღიჭურვოს სადეზინფექციო დისპენსერით, ხოლო კერძო კომპანიებს დაუწესდეს ვალდებულება, ანალოგიური საშუალებებით აღჭურვონ საკუთარი სამუშაო სივრცეები;
  10. მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილ იქნას ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უსასყიდლოდ დაკავშირება, ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორის მეშვეობით.
    მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ საგანგებო ზომები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ საქმე ეპიდაფეთქებამდე არ მივიდეს.
    _ საგანგებო ზომებში რას გულისხმობთ? რაც ჩამოთვალეთ, ეს საკმარისი არ არის?
    _ მთავრობას აქვს უფლება, რიგ შემთხვევაში მოქალაქეების ნაწილს ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდოს. არის საკითხები, რომელიც სამართლებრივ მოგვარებას საჭიროებს. ვიღაცას ამან შეიძლება, დისკომფორტი შეუქმნას, მაგრამ ჯობია, ეს შეზღუდვები ახლა ავიტანოთ, ვიდრე ეპიდაფეთქებამდე მივიდეს საქმე. მაშინ შეიძლება ნებისმიერი ღონისძიება დაგვიანებულიც კი იყოს
    _ მკითხველმა რომ უფრო გაიგოს, რა ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითხოვთ, _ როგორიც ახლა იტალიაშია და მანამდე უხანში იყო?
    _ შეზღუდვების ხარისხი დამოკიდებული უნდა იყოს სიტუაციაზე. როგორც უკვე გითხარით, არის რიგი საკითხები, რომელიც მხოლოდ სამართლებრივად შეიძლება გადაწყდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რისკზონებიდან ჩამოსული ადამიანების გადაადგილებას. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ კარანტინში. თვითიზოლაციამ არ გაამართლა. ადამიანები არღვევენ თვითიზოლაციას და თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩაში. ამით სხვა ადამიანებსაც საფრთხეს უქმნიან. ხელისუფლებამ საკარანტინო ზონების მოწყობაზე ცოტა მეტი რესურსი უნდა დახარჯოს. ამ ზონებში უნდა იყოს ნორმალური პირობები.
    ექიმების აღჭურვილობაც არაა საკმარისი, არის რისკი, რომ ისინიც დაავადდნენ. ხელისუფლებამ ამაზეც უნდა იზრუნოს. არის შემთხვევები, როდესაც ამ აღჭურვილობის არქონის გამო უარს ამბობენ გამოძახებაზე და არ მიდიან პაციენტთან ბინაზე, სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ჯანდაცვის სფეროში არსებულ კორუფციაზეც. ამ სფეროზე უამრავი რესურსი იხარჯებოდა და იხარჯება, მაგრამ წინსვლა მაინც არ გვაქვს, რადგან ეს ფულები ჯანდაცვის სისტემას არ ხმარდებოდა. ეს სახსრები მიდიოდა ცალკეული მოხელეებისა და თანამდებობის პირების ჯიბეებში.
    _ ფული ახსენეთ და ამბობენ, რომ კორონავირუსი ფულიდანაც შეიძლება გადავიდეს. გაირკვა, რომ ამ რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი ფულს 14-დღიან კარანტინში მოათავსებს. როგორც ბიოლოგი, ამ რისკებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
    _ ფული, ისევე როგორც ნებისმიერი საგნის ზედაპირი, რომელიც არის ხმარებაში, შესაძლებელია გახდეს ვირუსის წყარო. ამიტომ ნაკლები გადაადგილება, ნაკლები კონტაქტი ადამიანებთან და გარესამყაროსთან. ამ მხრივ ხელისუფლებას მართებს ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, ისინი ცოტა აგვიანებენ გადაწყვეტილების მიღებას. ჯობია, ახლა დაწესდეს რაღაც შეზღუდვები, ვიდრე მერე, როცა ეს შეიძლება დაგვიანებულიც კი იყოს. არ არის აუცილებელი მაშინ გამოჩნდეს გზა, როცა ურემი გადატრიალდება.
    ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ფარმაცევტულ ბაზარს. ამ მძიმე ვითარებაშიც კი ვხედავთ, რა საზიზღრად იქცევიან ამ ბაზრის მონოპოლისტები. მათ შორის არსებობს კარტერული შეთანხმება და ისინი მზად არიან, სიკვდილის ხარჯზეც კი მოითბონ ხელი. ისინი ყოველთვის ასე იქცეოდნენ, მაგრამ კორონავირუსმა მათი სახე ბოლომდე წარმოაჩინა.
    დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელიცაა, გახლავთ სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანების სიცოცხლით ივაჭრო. იგი იმდენად უსირცხვილოა, რომ ამ თემაზე ღიად საუბრობს.
    _ რას გულისხმობთ? სად თქვა, სიცოცხლით ვვაჭრობო?
    _ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არაფერი შავდება იმით თუ მის ფარმაცევტულ კომპანიას 300-400%-იანი მოგება აქვს. მისი თქმით, ეს, თურმე, ნორმალური ყოფილა. ამ ადამიანს ყველაფერი გასდის და რატომ არ ილაპარაკებს ასეთ რამეებს?
    კახა ოქრიაშვილს მთელი ცხოვრება სასათბურე პირობები აქვს შექმნილი და ერთგვარ მარადმწვანე მაჟორიტარადაც კი იქცა. სიცოცხლით ვაჭრობა ვახსენე, ეს არაა გადამეტებული შეფასება. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი საჭმელსა და წამალს შორის აკეთებს არჩევანს. წამლები ისეთი ძვირია, რომ ადამიანი მას თუ იყიდის, შეიძლება შიმშილით მოკვდეს. ამიტომ შიმშილით სიკვდილს წამლის შეძენაზე უარს ამჯობინებენ, რაც ასევე ცუდი შედეგებით მთავრდება. ასე რომ, მონოპოლიები, ზოგადად, სიმახინჯეა და მას უნდა მიეხედოს.
    _ მონოპოლიები რომ სიმახინჯეა, ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამ სიმახინჯის ასალაგმავად.
    _ რატომ გააკეთებენ? ამით თავადაც სარგებლობენ. მონოპოლიები სერიოზულად აზიანებს ყველაფერს: ამცირებს დასაქმებულთა რიცხვს, ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. საბანკო სფეროშიც არსებობს მონოპოლიები, რასაც მაღალი კრედიტები სდევს თან. იქ, სადაც მაღალია კრედიტი, ბიზნესი ვერ ვითარდება. ბანკები არ შეიძლება, ეწეოდნენ სხვა საქმიანობას. ეს კანონს ეწინააღმდეგება.
    _ არც ფარმაცევტულ კომპანიას უნდა ჰქონდეს კლინიკები, მაგრამ აქვს.
    _ ეს არის სიმახინჯე. ეს ყველაფერი აფერხებს ბიზნესისა და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას. მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა. ეს ადამიანებს უბიძგებს, რომ ივანიშვილის სანუკვარი ოცნება აასრულონ და სამუშაოს საძებნელად ქვეყნიდან გაიქცნენ. მან ხომ გვითხრა გასულ წელს, აქ სამუშაო ადგილებს არ შეგიქმნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებეთ სამუშაოო. ზოგს თურქეთისკენ მიგვითითა, ზოგსაც _ გერმანიისკენ.
    _ ადამიანები მისი მითითების გარეშეც გარბოდნენ საზღვარგარეთ ლუკმა-პურის საშოვნელად, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. კორონავირუსის გამო ქვეყნებმა, სადაც სამუშაოს ძებნა შეიძლებოდა, საზღვრები ჩაკეტეს.
    _ ახლა ესეც პრობლემაა და ეს ადამიანები ვერსად წავლენ. იმედი მაქვს, როცა გაზაფხული ძალას მოიკრებს, ვირუსთან დაკავშირებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მონოპოლიები მოისპოს. სხვანაირად ამ ქვეყანასა და მის ეკონომიკას განვითარება არ უწერია. მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი საშუალო ბიზნესს. ცნობილი ფაქტია, რომ მცირე კომპანიები უფრო მეტ ადამიანს ასაქმებენ, ვიდრე მსხვილი კომპანიები. ეს ყველაფერი კარგად ესმის მთავრობას, მაგრამ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით, არაფრის გამოსწორებას არ აპირებს. ამსხვილებენ და ამსხვილებენ ბიზნესებს ყველა მიმართულებით.
    _ გაზაფხული რომ მომძლავრდება, ვირუსიც უკან დაიხევსო, გვეუბნებიან. ამის გამო ყველანი მოუთმენლად ველოდებით დათბობას, მაგრამ ზაფხულს მოსდევს ხანძრები, წელს კი ჩვენთან განსაკუთრებით ადრე დაიწყო ხანძრების სეზონი. გასულ კვირას სხვადასხვა ლოკაციაზე 20-მდე ხანძარი დაფიქსირდა. ძირითადად იწვოდა ტყეები. რა ხდება?
    _ ამ შემთხვევაში ორ მიზეზზე შეგვიძლია ყურადღების გამახვილება: ერთი არის კლიმატური ცვლილებები, რომელიც ხანძრებს იწვევს და მეორე არის მოსახლეობის დაუდევრობა, თუმცა მხოლოდ მოსახლეობას ვერ დავაბრალებთ.
    _ მოსახლეობის დაუდევრობა თუ არის, მათ რატომ ვერ დავაბრალებთ? აბა, ვის უნდა დავაბრალოთ?
    _ ამაში ხელისუფლებაც არის დამნაშავე. არსებობს გარემოს დაცვის ინსპექცია და სხვადასხვა სტრუქტურა, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა, მოსახლეობის მხრიდან ამგვარი ქმედებები აღკვეთოს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებებით არაფერი კეთდება და სახეზე გვაქვს ხანძრები.
    _ ასეთი ხშირი ხანძრების დროს მავანი დივერსიაზეც ლაპარაკობს ხოლმე. თქვენ რას ფიქრობთ?
    _ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, შესაბამისად, არც დივერსიაა გამორიცხული, მაგრამ ამას მტკიცებულებები სჭირდება. მე უფრო მოსახლეობის დაუდევრობას ვგულისხმობ და ამაში მათ სახელმწიფო ხელს არ უშლის.
    _ მეორედ ახსენეთ დაუდევრობა, რას გულისხმობთ? ჩვენ, ზოგადად, დაუდევარი ხალხი ვართ.
    _ გაზაფხულზე სახნავ-სათეს მიწებს ცეცხლს უკიდებენ ხოლმე და მერე აქედან ვრცელდება ხანძრები. ქარიანი ამინდი ხანძრის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა.
    _ რატომ უკიდებენ? მართლა კარგი მოსავალი მოდის ამის შემდეგ?
    _ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო, პრაქტიკულად, არ გვაქვს და ხელისუფლება გარემოს დაცვას ყურადღებას არ აქცევს, რაც ძალიან დიდი უბედურების მიზეზი შეიძლება გახდეს. ვინც საგაზაფხულო სამუშაოების დროს ხანძრებს აჩენს, უნდა დაისაჯოს. დასჯაში მე დახვრეტას არ ვგულისხმობ, მაგრამ ცოტა ეფექტიანი სასჯელი უნდა იყოს, რომ ხალხს ამ მავნე ჩვევაზე ხელი ავაღებინოთ.
    ახლა რაც შეეხება იმას, სასარგებლოა თუ არა ნიადაგისთვის ცეცხლის წაკიდება: ხშირ შემთხვევაში ადამიანები ბალახს იმიტომ უკიდებენ ცეცხლს, რომ ამით შრომას იმარტივებენ, _ იმის მაგივრად, რომ დაასუფთავონ, ცეცხლს უკიდებენ ხმელ ბალახს და ცეცხლი კიდევ ყველაფერს ანადგურებს. ეს რაღაცისთვის შეიძლება ოდნავ სასარგებლო იყოს, მაგრამ სარგებელი ახლოსაც კი ვერ მივა იმ ზარალთან, რასაც ხანძრები იწვევს. ხანძრები კი მოსახლეობის დაუდევრობის გამო ჩნდება. ტყეების დაწვა იწვევს მეწყერს, მეწყერს რაც მოსდევს, კარგად მოგეხსენებათ. საბოლოო ჯამში, ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივდივართ. ეკოციდი ჩვენს ქვეყანას ისედაც არ აკლია და დამატებითი კერების შექმნა საჭირო აღარ არის.
    სამწუხაროა, რომ ამ პრაქტიკას ჩვენი მოსახლეობა დიდი ხანია, მისდევს. მათზე არ ჭრის არანაირი შეგონება. ამიტომ კანონის ძალით უნდა აღმოიფხვრას ეს ყველაფერი. მკაცრი სანქციების გატარებაა საჭირო, რათა ბუნება განადგურებისგან ვიხსნათ. არსებულ სიტუაციაში, როგორც ვხედავ, სხვა გამოსავალი არ არის. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ თავიანთი დაუდევრობით და შრომის გამარტივებით ბუნებას. ეს ზიანი კი მათვე შემოუბრუნდება ძალიან ცუდად.
    ერთია მოსახლეობის უპასუხისმგებლობა და მეორეა ხელისუფლების მოუმზადებლობა. ელემენტარულად ხანძრებისთვის ხომ უნდა ვიყოთ მზად. თუნდაც კლიმატის ცვლილებების გამო ეს ხანძრები მოსალოდნელია და ამის შესახებ ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის.
    წლებია, საქართველოში ტყეები იწვის, მაგრამ ხელისუფლება ტექნიკური ბაზის განსაახლებლად არაფერს აკეთებს. მონიტორინგიც არ ხორციელდება სათანადოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში არ გვყავს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სახანძრო ვერტმფრენი. მათ შორის, არ გვყავს არც სამაშველო ვერტმფრენი.
    _ ასეთ ოპერაციებს სასაზღვრო ვერტმფრენი ასრულებს ხოლმე. რაც, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, ეს გაუმართლებელია.
    _ რა თქმა უნდა, არაა გამართლებული. სახელმწიფოს სახანძრო და სამაშველო ვერტმფრენები უნდა ჰყავდეს საკუთრებაში.
    _ რატომ არ ჰყავთ? ვერტმფრენი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენს ბიუჯეტს ისე არ უჭირს, ვერ შეიძინოს.
    _ მონდომების შემთხვევაში ხელისუფლებას არა ერთი, არამედ რამდენიმე ვერტმფრენის შეძენაც შეუძლია. ასეთი ვერტმფრენები რომ არ გვყავს, ეს დანაშაულია. ჩვენ ადამიანებს ხანძრებისა და სხვა სტიქიური უბედურებების დროს სიკვდილისთვის ვწირავთ.
    ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთი ტიპის ვერტმფრენები ძვირია ან მათი შესყიდვა არაა მარტივი და მთელ რიგ პრობლემებს უკავშირდება, წმინდა წყლის დემაგოგიაა. სახანძრო და სამაშველო ვერტმფრენები არ წარმოადგენს სამხედრო შეიარაღებას, რომ მათი შეძენა გართულდეს. მთავარი პრობლემა აქ სულ სხვა რამეა: ხელისუფლება ვერ იმეტებს იმისთვის ფულს, რომ საკუთარი ქვეყანა და მოსახლეობა დაიცვას. ეს მაშინ, როცა თავიანთთვის ძვირადღირებულ ავტომობილებს ყიდულობენ. ავტოპარკს ლამის ყოველ წელს აახლებენ. ამ ფუფუნებაზე უარის თქმის შემთხვევაში რამდენიმე ვერტმფრენის შეძენა შეგვეძლო. ეს არის აღვირახსნილი კორუფცია. დღეს ყველა კორონავირუსზეა გადართული და ეს ნორმალურია, მაგრამ სხვა რაღაცებიც არ უნდა დავივიწყოთ. ხელისუფლებას მაინც მოვუწოდებ, რომ ახლავე დაიჭიროს თადარიგი სახანძრო და სამაშველო ვერტმფრენებთან დაკავშირებით. წინ ძალიან მძიმე ზაფხული გველოდება.
    _ რატომ გგონიათ, რომ წინ მძიმე ზაფხული გველოდება?
    _ ვიცით, რა მასშტაბის კლიმატური ცვლილებებია. ხანძრები ძალიან მომატებულია. დაიწვა ავსტრალიის ტყეები, ციმბირი, ამაზონის ჯუნგლები. ამ ხანძრებზე ივანიშვილების ოჯახი ძალიან დარდობდა. მილიონიც კი გადარიცხეს. პირადად მე მათი ცრემლების არ მჯერა. იმიტომ ამ მჯერა, რომ ეს ადამიანები საკუთარ სახელმწიფოში არაფერს აკეთებენ. იმას ხომ არ ვამბობ, ივანიშვილმა საკუთარი ფული დახარჯოს და ასე ვიყიდოთ სახანძრო ვერტმფრენი-მეთქი. ჩვენი მოთხოვნაა, კორუფციას მოაკლონ და ბიუჯეტის სახსრებით შეიძინონ სათანადო ტექნიკა.
    ტექნიკის შეძენის გარდა საჭიროა მეხანძრე-მაშველების ღჭურვილობის განახლება. გადასახედია მათი ხელფასებიც. მეხანძრეების რაოდენობა საკმარისი არაა ხოლმე და ტყის ხანძრებისთვის მოხალისეებიც უნდა გადამზადდნენ. ბევრი ადამიანი ამჟღავნებს სურვილს, რომ ხანძრები ჩააქრონ. ზოგი თვითნებურადაც კი მოქმედებს, რაც დაუშვებელია. პირადად მეც არაერთხელ მივიღე მონაწილეობა და რამდენჯერმე კინაღამ შევეწირე, რადგან თვითნებურად ვიმოქმედე. ვიმეორებ: წინ ძალიან მძიმე ზაფხული გველოდება და ყველაფრისთვის ახლავე უნდა მოვემზადოთ.

შორენა მარსაგიშვილი