გურამ ჩალაგაშვილი: „დონაძემ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება საპროცესოს გაფორმების სანაცვლოდ მისცა“

გასული წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. საუბარია ბუტა რობაქიძის საქმეზე. დონაძე ამტკიცებს, რომ საქმის გაყალბებაზე მითითება ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო. გურამ დონაძემ ნოემბერში წერილობით მიცემული ჩვენება 8 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზეც გაიმეორა.  „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ამ საქმეზე კიდევ 100-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება, 20 ივნისის საქმეზე კი მოსამართლე  13 აპრილს გამოაცხადებს განაჩენს.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტი მაინც იმედიანად არის განწყობილი და სჯერა, რომ ხელისუფლება მარტში  მიღწეულ შეთანხმებას შეასრულებს და პოლიტიკურ ლიდერებს გაათავისუფლებს. რა აძლევს მას იმედის საფუძველს, ამის შესახებ გურამ ჩალაგაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ იმის გამო, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, სასამართლო სხდომებიც დისტანციურად უნდა ჩატარდეს. ამის მიუხედავად, ოქრუაშვილის საქმეზე დასაკითხად მოწმეები გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე სასამართლო პროცესზე მიიყვანეს. რა აუცილებელი იყო ამის გაკეთება?

_ 8 აპრილს გამართულ სასამართლოზე აუხსნელი რამე მოხდა _ მოწმეები სასამართლო დარბაზში მოიყვანეს. არადა, რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, რომ მოწმეები დისტანციურად დაიკითხებოდნენ. დონაძე და მიქაძე სასამართლო დარბაზში მიიყვანეს იმიტომ, რომ 15 წლის წინანდელ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. ამ ორი მოწმის გარდა კიდევ ასამდე ადამიანია დასაკითხი.

_ ბუტა რობაქიძის საქმეზეა ამდენი მოწმე დასაკითხი, თუ 20 ივნისის საქმეზეც?

_ მარტო რობაქიძის საქმეზეა ამდენი მოწმე დასაკითხი. მოგეხსენებათ, რომ 25 აპრილს ოქრუაშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურება. დარჩენილ პერიოდში ამდენ ადამიანს, ბუნებრივია, ვერ დაკითხავენ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მთავარ მოწმეებთან _ დონაძესთან და მიქაძესთან. მათ 15 წლის მერე გაახსენდათ, რომ თურმე ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილა დამნაშავე. მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მისცეს ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენება.

_ თქვენ ამაზე ადრეც საუბრობდით.

_ დიახ. ნოემბერში ვთქვი ამის შესახებ პირველად. სწორედ ნოემბერში მისცეს წერილობითი ჩვენება ოქრუაშვილის წინააღმდეგ მათ. დღეს, რვა აპრილს კი დონაძემ იგივე გაიმეორა. მე პროცესზე არ შემიშვეს და ადვოკატმა მითხრა, თუ რა ჩვენება მისცა დონაძემ. მან ჩვენება არ შეცვალა, უფრო სწორად თუ ვიტყვით, სიმართლე არ თქვა. ამბობს, რომ ოქრუაშვილმა მას დაავალა, პატრულის იმიჯი არ შელახულიყო. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულად განიხილონ საქმე, რათა მათთვის სასურველი ჩვენებები მიიღონ.

13 აპრილს მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე უნდა გამოაცხადოს განაჩენი. წინა სასამართლოზე მოსამართლემ კატეგორიულად მოითხოვა, რომ 13 აპრილს ადვოკატმა თქვას საბოლოო სიტყვა. ისიც დააყოლა, რომ თუ ადვოკატი შემთხვევით გახდება ავად, განაჩენს მაინც გამოიტანს. ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როცა კორონავირუსის გამო ლამის მთელი მსოფლიო ავადაა. მოსამართლე კი ამბობს, რომ ადვოკატის ცუდად გახდომას არაფრად ჩააგდებს. ჩათვლის, რომ მას საბოლოო სიტყვაში არაფერი აქვს სათქმელი და იმ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რომლის მიღებასაც აპირებს.

_ რაკი ასეთი დაჟინებულია მოსამართლე, გადაწყვეტილებაც მიღებული ექნება უკვე.

_ ჩემი აზრით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა მიღებული, როცა 20 ივნისის საქმე დაეწერა. ეს დავალება ჯერ არ შეცვლილა. არც ხელისუფლება აპირებს რამის შეცვლას. მათ არც ის შეთანხმება უღირთ რამედ, რომელიც დასავლეთის ჩართულობით შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ამ შეთანხმების თანახმად, პოლიტიკურ ლიდერებს გაათავისუფლებდნენ, რომელთა საქმეებზეც არსებობს კითხვის ნიშნები. ყველამ ვიცით, ვინც არიან ასეთი ლიდერები. ესენი არიან: ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და გიგი უგულავა. დასავლელ პარტნიორებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ამ ადამიანებს წინასაარჩევნო პროცესებში თავისუფლად ჩართვის შესაძლებლობა მიეცემოდათ.

ვნახოთ, 13 აპრილამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, სულ რამდენიმე დღე მოგვიწევს ლოდინი. თუ მოსამართლეს იგივე ბრძანება აქვს მიცემული, რაც აქამდე ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა – ერთხელ მაშინ, როცა უგულავა დაიჭირეს. ის მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდა და, ფაქტობრივად, მაგიდიდან გადაიყვანეს საპყრობილეში. ირაკლის პატიმრობაში დატოვება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთხელ გადაგდება. არა მგონია, ამან ჩვენს ხელისუფლებაზე დადებითად იმოქმედოს.

აქვე ვიტოვებ იმედს, ხელისუფლებაში ერთ ადამიანს მაინც აღმოაჩნდება საღი აზრი და იტყვის, რომ პირობის შესრულება აუცილებელია. პირობის შესრულება მართლა აუცილებელია, რადგან კორონავირუსი მალე გადაივლის და ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დადგება. ეკონომიკური კრიზისი არ აგვცდება და ასეთ დროს არა მგონია, დასავლეთის მოტყუება მათ წისქვილზე ასხამდეს წყალს. გულის სიღრმეში რაღაც იმედს მაინც ვიტოვებ. დაველოდოთ 13 აპრილს.

_ ამ შეთანხმების შეუსრულებლობა სარისკოა, მაგრამ ფაქტია, რომ რისკავენ და ვიღაცას ძალიან არ უნდა პოლიტპატიმრების გარეთ გამოსვლა.

_ ივანიშვილს რომ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება ახასიათებს, ამას წლებია, ყველანი ვხედავთ. მას პოლიტიკური ველის მოსუფთავება სურს. ფაქტობრივად, იგივე სცენარით მოქმედებს, როგორითაც –  რუსეთში პუტინი. ღმერთის წყალობით, მთლად ისე არ ხდება, როგორც იქაა და ხალხს შუბლგახვრეტილს არ პოულობენ.

_ ამისთვის მადლობა „ქართულ ოცნებას“…

_ ამისთვის მადლობა. სადარბაზოებში ჯერ არავის პოულობენ, მაგრამ ივანიშვილი, ასე თუ ისე, ცდილობს ჩამოიშოროს კონკურენტები. ამას აკეთებს იმისთვის, რომ არაფრის მაქნის „ოცნებას“ კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივოს ქვეყნის სათავეში ყოფნის ვადა, რაც შეუძლებელია. წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამე მოხდეს.  საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება. ხალხი შიმშილობს, ისინი კი ბიუჯეტს ხრავენ და მდიდრდებიან. ქართველ ერს არასდროს ღალატობდა კეთილგონიერება. დარწმუნებული ვარ, ხალხი ოქტომბრის არჩევნებზეც გამოიჩენს შორსმჭვრეტელობას და ამ ხელისუფლებას სახლში გაუშვებს.

შორენა მარსაგიშვილი