მალხაზ მაჩალიკაშვილი:„ოცნებას“ მალე სტრასბურგის სასამართლოც გამოუტანს განაჩენს“

ისეთი პირი უჩანს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე საოცნებო ხელისუფლებას არ მოასვენებს. მათ ბევრი “მტკიცებულება“ აფრიალეს, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, ამერიკა მაჩალიკაშვილების ტერორისტობაში ვერ დააჯერეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე მოხვდებოდა და არც _ მამამისის აქციები. მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ აუცილებლად დადგინდება სიმართლე და დამნაშავეები დაისჯებიან. მას სჯერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება. შვილმოკლულ მამას სტრასბურგის სასამართლოს იმედიც აქვს.
ცოტა ხნის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილი თურქეთში იმყოფებოდა, რასაც სერიოზული მითქმა-მოთქმა მოყვა. გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, თუ ვის შეიძლებოდა, იქ შეხვედროდა. „ქრონიკა+“-სთან საუბარში შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ თურქეთში ის ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად ჩავიდა. ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.

რას ფიქრობს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე მალხაზ მაჩალიკაშვილი? რა მოლოდინები აქვს სტრასბურგიდან მას? აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას შვილმოკლული მამა? რაზე ესაუბრა იგი სააკაშვილს? როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? _ ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მალხაზ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თქვენი შვილის საქმე მოხვდა. საუბრის დაწყება ამ თემით მინდოდა, მაგრამ თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდია მოინახულეთ. ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში ყველას აინტერესებს და მოგვიყევით, როგორ არის იგი?
_ ცოტნე გამსახურდიასთან პალატაში 2 საათის განმავლობაში დავრჩი. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მძიმე სურათი დამხვდა. ამ სურათის ნახვა არ მინდოდა, მაგრამ თავი ვალდებულად მივიჩნიე, რომ ცოტნე მომენახულებინა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ის ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილია. იმ პრეზიდენტის შვილია, ვინც ჩემს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. მე ვარ ამ ქვეყნის შვილი და ვალდებულად მივიჩნიე თავი, ცოტნე გამსახურდია მენახა.
კი გამიჭირდა საწოლში მყოფი ცოტნეს ნახვა, მაგრამ პალატიდან იმედიანი განწყობით გამოვედი. ჩემს მეგობარს თვალები გახელილი აქვს, გრძნობაზეა მოსული და ლაპარაკიც ესმის. ცოტნეს რაღაც პერიოდი მოუწია ჩეჩნეთში ცხოვრება. ძალიან ჭკვიანი ბიჭია და ჩეჩნური ენა, მეტ-ნაკლებად, აითვისა. დამშვიდობებისას ჩეჩნურად ვუთხარი ერთი სიტყვა. მე და ცოტნე სულ ამ სიტყვით ვემშვიდობებოდით ხოლმე ერთმანეთს.
_ თქვენ და ცოტნემ ერთმანეთი როდის გაიცანით? როცა თემირლანის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქციები დაიწყეთ?
_ არა, ჩვენ ბევრად დიდი ხნის წინათ გავიცანით ერთმანეთი, როცა ის ჩეჩნეთში იმყოფებოდა. მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიამ, პუტჩის შემდეგ, ოჯახთან ერთად, ჩეჩნეთს შეაფარა თავი. იქიდან დაიწყო ჩემი და ცოტნეს ნაცნობ-მეგობრობა.
_ თქვენ დიდი ხნის ნაცნობები ყოფილხართ.
_ დიდი ხანია, ვმეგობრობთ და როგორ არ უნდა მენახა? ორი საათი დავრჩი მასთან პალატაში და მთელი ეს დრო ვლაპარაკობდით. ლაპარაკით მე ვლაპარაკობდი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ესმოდა, რასაც ვეუბნებოდი. წამოსვლა რომ დავაპირე, ტრადიციულად, ჩეჩნურად დავემშვიდობე. ეს სიტყვები რომ ვუთხარი, ყელში თითქოს ბურთი გაეჩხირა და თითქოს ტირილი დაიწყო. მას თვალებზე ცრემლი მოსდის. ეს ნიშნავს, რომ ის გონზეა მოსული. მე მჯერა, რომ ცოტნე აუცილებლად კარგად გახდება.
მისი გამოჯანმრთელების პროცესი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიდის. მარცხენა ფეხის თითები უკვე აამოძრავა. მარცხენა ხელსაც ამოძრავებს. რომ დავემშვიდობე, ხელზე ხელი მომიჭირა. ხელის აწევაც შეუძლია, ოღონდ ძალიან ცოტათი. უკეთესობა აშკარაა. თბილისში ძალიან მძიმედ იყო. აქ როცა იწვა, ყოველდღე მივდიოდი მის სანახავად. მაშინდელ მდგომარეობასთან შედარებაც კი არ შეიძლება. მე არ ვაპირებდი იმაზე საუბარს, რომ ცოტნე თურქეთში მოვინახულე. მეგობარმა რომ მეგობარი საავადმყოფოში მოინახულოს, ამაში გასაკვირი არაფერია. ამიტომ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. მაგრამ იძულებული გამხადეს, ამაზე საჯაროდ დამეწერა სოციალურ ქსელში.
_ იძულებული რატომ გახდით? ვინ გაიძულათ ამის გაკეთება?
_ თურქეთში რომ წავედი, ეს ხელისუფლებას არ გამორჩენია. მათმა ტროლებმა და ბოტებმა ჩემზე ათასი სისულელისა და სიბინძურის დაწერა დაიწყეს. ამტკიცებდნენ, რომ იქ ვითომ რაღაც მიზნებისთვის ვიყავი ჩასული და ვიღაცები მოვინახულე. სინამდვილეში, იქ ცოტნეს ჩავაკითხე. ეს ბოტები რომ აღარ გაჩერდნენ, მეც იძულებული გავხდი, თურქეთში ჩასვლის მიზეზებზე დამეწერა. ვფიქრობ, დავაკმაყოფილე მათი ცნობისმოყვარეობა. ამ ტროლებისა და ბოტების ჯინაზე კიდევ წავალ თურქეთში, რომ ჩემი მეგობარი ცოტნე ვნახო, თუ მანამდე რომელიმე ევროპულ კლინიკაში არ გადაიყვანეს.
_ ცოტნე ევროპაში უნდა გადაიყვანონ?
_ ამაზე მიდის საუბარი და როგორც მე ვიცი, უკვე მოგვარებულია ეს საკითხი. ჯერ არ ვიცი, ევროპის რომელ ქვეყანაში გადაიყვანენ. ევროპაში თუ გამიშვებენ, იქაც ჩავალ და იქაც მოვინახულებ ჩემს ძმასა და მეგობარს.
_ ევროპაში შეიძლება, არ გაგიშვან. რამდენიმე წლის წინათაც აპირებდით წასვლას, მაგრამ მაშინ სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.
_ ახლა სხვა ვითარებაა და არა მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთვის ხელის შეშლა მოახერხოს. ახლა ნამდვილად შევძლებ ევროპაში წასვლას.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ იმიტომ, რომ მას შემდეგ საქართველოშიც და ჩემი შვილის საქმეშიც ბევრი რამე შეიცვალა. მალე სტრასბურგის სასამართლო დაიწყებს თემირლანის საქმის განხილვას. ამის გარდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა, რომ ჩემთვის შენგენის ზონა გახსნილი ყოფილიყო. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპაში გამიშვებენ. თუ არ გამიშვებენ და არც ეგ იქნება პრობლემა _ სხვა დროს წავალ. ამათ ჯინაზე აუცილებლად ვეწვევი ევროპას.
_ საინტერესოა, ევროპელები მიგიჩნევენ თუ არა ტერორისტად? ამერიკელებს რომ ჩაეთვალეთ ტერორისტად, თქვენი გვარი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არ მოხვდებოდა.
_ მე ევროპა და ამერიკა არასდროს მთვლიდა ტერორისტად. რაღაც კითხვები თუ იყო, ესეც ამათი ჭორების ბრალია. ისე, მართალი ხართ, ტერორისტი რომ ვყოფილიყავი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თემირლანის საქმეს თავის ანგარიშში ორჯერ არ მოახვედრებდა.
_ ბოლო ანგარიშში თქვენი შვილის საქმეც მოხვდა და თქვენს აქციებზეც არის საუბარი. ეს შეცვლის თუ არა თქვენთან დაკავშირებულ ვითარებას?
_ არ გამკვირვებია, რომ მე და თემირლანი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოვხვდით. ჩვენ გარდა ამერიკელების ანგარიშში ჩემი ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილიც მოხვდა.
_ ის, ალბათ, 20 ივნისის საქმეზე მოხვდა ანგარიშში?
_ ამ საქმეზეა სწორედ საუბარი. 20 ივნისის საქმეზე დაჭერილები ვინც ჰყავდათ, ოქრუაშვილისა და თამლიანის გარდა, ყველას რაღაც-რაღაცები აღიარებინეს. განთავისუფლების სანაცვლოდ მათ აღიარებითი ჩვენება უნდა მიეცათ. ის არავის უთქვამს, რომ გადატრიალებას აწყობდნენ და პარლამენტში შეჭრა სცადეს. მორის მაჩალიკაშვილსა და მის ოჯახს პირდაპირ აშანტაჟებდნენ. მას ეუბნებოდნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მორისს ციხეში გაანადგურებდნენ. ათას ჭორსა და მართალს ავრცელებდნენ. ამან შედეგი გამოიღო და ყველა მე შემებრძოლა.
_ ვინ ყველა შეგებრძოლათ?
_ მათ შორის შინაურებიც და ახლობლებიც. ახლა ამ ადამიანების ვინაობის დასახელება არ მინდა, ამის დრო არ არის, მაგრამ მათი ვინაობის გამხელის დროც მოვა და მაშინ გავაკეთებ ამას.
_ რატომ დაგიპირისპირდათ ეს ხალხი?
_ ხელისუფლებამ მოაწყო ისე, რომ ახლობლები ჩემ წინააღმდეგ წასულიყვნენ. ფაქტობრივად, ამიმხედრეს ისინი. ზოგიერთი დააშინეს. რაც შეეხება მორისის ამბავს, მასზე პირდაპირ წერია, რომ ის ჩემ გამო დააკავეს. მთელი აქციების დროს მორისი ჩემ გვერდით იდგა. ხელისუფლებას ის რაღაცნაირად უნდა მოეშორებინა ჩემთვის და 20-მა ივნისმა ამის საშუალება მისცა მათ. მორისი დააკავეს და რამდენიმე თვე ციხეში ტყუილად ამყოფეს.
_ ბოლო პერიოდში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე უკანა პლანზე გადავიდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრის შემდეგ თუ წამოიწევს ეს საქმე წინ?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩემი და თემირლანის თემამ უკანა პლანზე გადაიწია. ეს ისეთი საქმეა, აქტუალურობას არასდროს დაკარგავს, მათ შორის, არც მაშინ, როცა ამ საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ. ეს დღე კი აუცილებლად დადგება. ვფიქრობ, ეს დღე შორს აღარაა. ის გამოძიება, რაც საქართველოს პროკურატურამ ჩაატარა, სიმართლისგან ძალიან შორს დგას. ხალხი მომიგზავნეს და გარკვეული პირობები წამიყენეს.
_ ვინ მოგიგზავნათ ხალხი?
_ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მიგზავნიდნენ ხალხს, ამ შემთხვევაში უშუალოდ მთავარმა პროკურატურამ გამომიგზავნა შუამავლები.
_ პირობები წამომიყენესო და რა პირობებზეა საუბარი?
_ მათ პირდაპირ მითხრეს, თუ შენ გაერთიანებულ ოპოზიციას არ ჩამოშორდები და სახლში არ წახვალ, ჩვენ გამოძიებას შევწყვეტთო. მე სახლში არ წავედი, არც გაერთიანებულ ოპოზიციას ჩამოვშორებივარ. პროკურატურამ საქმის გამოძიება, ფაქტობრივად, შეწყვიტა. მაინტერესებს, როდემდე იმოქმედებენ ასე? ეს საქმე მაინც დასრულდება და ამას „ქართული ოცნება“ უნდა შეეგუოს.
დარწმუნებული ვარ, რომ თემირლანის საქმის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება. ასევე ველოდები 31 მარტის მოსვლას. ეს არის ბოლო ვადა, როცა პროკურატურამ სტრასბურგს უნდა უპასუხოს. ასე რომ, თემირლანის საქმეს უკან არ გადაუწევია. ამაზე ისევ იქნება საუბარი.
ამ თემაზე ახლა რამდენიმე მიზეზის გამო აღარ საუბრობენ. ოპოზიცია საარჩევნო თემაზე გადაერთო. ითხოვდნენ პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც. ჩვენი კარვებიც გადაყარეს რუსთაველიდან. ახლა კი კორონავირუსი თუ რაღაც ჭირი დაგვატყდა თავს და ყველა შეშინებულია. ახლა ადამიანები საკუთარი თავის გადარჩენასა და თავის დაცვაზე ფიქრობენ. გახმაურებული საქმეები დროებით მიეცა მივიწყებას.
_ როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს, თქვენ მეტროებთან აგროვებდით ხელმოწერებს თემირლანის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით. ისევ აგროვებთ ხელმოწერებს?
_ კარვები რომ დამიშალეს და მის ადგილზე პარლამენტთან ბოსტანი გააკეთეს, ხელმოწერების შეგროვება შენელდა. თან ძალიან ციოდა, ველოდებოდი გაზაფხულის მოსვლას. ვფიქრობდი, ცოტა დათბება და ხელმოწერებს მერე შევაგროვებ-მეთქი. გაზაფხულიც მოვიდა, კარგადაც დათბა, მაგრამ ვირუსიც გამოჩნდა. ხალხი ძალიან შეშინებულია და მეც ვერიდები ხელმოწერების შეგროვებას. კი არ მეშინია, მაგრამ სიფრთხილეს ვიჩენ. არ ვაქტიურობ იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი მართმევს ხოლმე ხელს. ხომ შეიძლება, ვიღაც ინფიცირებულს ჩამოვართვა ხელი? ჩემი თავი და ჯანმრთელობა ჯანდაბას, მაგრამ სხვას შეიძლება გადავდო. ამას ვერ გავაკეთებ. ჩემ გამო არ მინდა, ვინმეს საფრთხე შევუქმნა. ამიტომ გამოვერიდე დროებით პროცესებს. ეს არის და ეს. გარწმუნებთ, თემირლანის საქმე ჩაწყნარებული არ არის. ამის იმედი ტყუილად ნუ აქვს ხელისუფლებას. დაიმახსოვრეთ, გავა ცოტა ხანი და ეს საქმე ძალიან აქტუალური გახდება. ეს საქმე დაანგრევს „ქართულ ოცნებას“. მე ამაზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობ. ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ სიმართლე დავადგინო. აუცილებლად უნდა დაისაჯონ ისინი, ვისი ბრძანებითაც ლოგინში მომიკლეს მძინარე შვილი.
_ ზემოთ მითხარით, რომ ტროლებმა და ბოტებმა ათასი ჭორი გაავრცელეს თურქეთში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებითო. არანაკლები ჭორები ვრცელდებოდა, როცა თქვენ მიხეილ სააკაშვილს შეხვდით კიევში. რატომ ჩააკითხეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში?
_ რა მოხდა იმით, თუ მე მიხეილ სააკაშვილს შევხვდი? მას ბევრი ვინმე ხვდება, მაგრამ ასეთი ამბავი არ აუტეხავთ. ჩემ მიმართ ძალიან აგრესიულები არიან და ცდილობენ, შანსი არ გაუშვან ხელიდან და ყველა ჩემს ნაბიჯს იმისთვის იყენებენ, რომ როგორმე გამაშავონ. დიდი ხანია ცდილობენ, ხალხს ჩემზე შთაბეჭდილება წაუხდეს. ისინი ძალიან გაღიზიანებულები არიან, ქართველ ხალხს ასე რომ ვუყვარვარ და ასე რომ თანამიგრძნობს. ყველაზე მეტად ის აშინებთ, რომ თემირლანის საქმე მათ პოლიტიკურად დაასრულებს. მათ ჰგონიათ, რომ თუ ჩემზე ჭორებს გაავრცელებენ, ამით მორალურად გამტეხენ და დამასუსტებენ, თავად კი თემირლნის საქმიდან გამოძვრებიან. ამის იმედი ტყუილად აქვთ, თემირლანის საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული და დამნაშავეებიც სათანადოდ დაისჯებიან.
_ ცოტა თემას გადავუხვიეთ და თქვენი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზეც ვისაუბროთ.
_ მე არ მესმის, რატომ გაამახვილეს იმაზე ყურადღება, რომ მე მიხეილ სააკაშვილს შევხვდი? უამრავ პოლიტიკოსს შევხვედრივარ, მაგრამ არც ერთ შეხვედრას არ მოჰყოლია ასეთი აჟიოტაჟი. ბევრ ლიდერთან 2 და 3 საათიც კი მისაუბრია, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. „ქართულ ოცნებას“ ასე ძალიან თუ აღელვებს ჩემი შეხვედრები, თავადაც შემხვდნენ და მათაც მოვუყვები ჩემი გეგმებისა და ფიქრების შესახებ.
_ თქვენ მართლა გინდათ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდეთ?
_ რატომაც არა. მე ყველას ვხვდები, ვისაც ჩემთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი აქვს.
_ მათ თქვენთან შეხვედრა აშკარად არ უნდათ. 2018 წლის ზაფხულში, როცა რუსთაველზე მწვავე აქციები იმართებოდა, თქვენ მოითხოვეთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ მათ უარი თქვეს თქვენთან საუბარზე.
_ მე დიდი სურვილი მქონდა, მათთვის მეთქვა ჩემი სათქმელი, მაგრამ მათ არ მოისურვეს ჩემი მოსმენა. ვისაც ჩემთან შეხვედრა უნდა, მათ ვხვდები. ძალიან ბევრ ოპოზიციონერ ლიდერთან მაქვს შეხვედრა, მაგრამ ამაზე ამდენი არ ულაპარაკიათ. სააკაშვილზე კი აღარ გაჩერდნენ.
_ სააკაშვილის რანგის არც ერთი მათგანი არ ყოფილა, ვისაც თქვენ შეხვდით. სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო და მის მიმართ გაცილებით მეტი ინტერესი არსებობს.
_ სააკაშვილს, ადრე თუ გვიან, მე მაინც შევხვდებოდი და იცით, რატომ? ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში. ის არის ადამიანი, რომელმაც ქართული სახელმწიფო ფეხზე დააყენა. რა შეცდომები დაუშვა და რა _ არა, ეგ მე არ მაინტერესებს. მე ვიცი, რომ ამ ადამიანმა საქართველო, როგორც, სახელმწიფო, თავიდან შექმნა. ის მთელ მსოფლიოში ცნობილი რეფორმატორია. მის გაპრეზიდენტებამდე საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფო არ იყო.
„ქართული ოცნების“ წევრები და კიდევ ვიღაც-ვიღაცები სააკაშვილს გიჟს ეძახიან, მათი მოსაზრებები არ მაინტერესებს. მე ჩემი შეფასებები მაქვს მასთან დაკავშირებით. მას ყოველთვის ჭკვიანად მივიჩნევდი. სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი კიდევ უფრო გამიმყარდა აზრი. მთელი „ქართული ოცნება“, რიგითი მოხელით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული რომ გადავადნოთ, ერთი მიხეილ სააკაშვილი არ გამოვა მათგან. აი, რატომ შევხვდი მე მიხეილ სააკაშვილს.
_ ამ შეხვედრის შემდეგ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ თქვენ შეიძლება, პოლიტიკაში მოხვიდეთ. აპირებთ რამეს?
_ თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამას მეკითხება და ამ კითხვების დასმა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყეს, სანამ მიხეილ სააკაშვილს შევხვდებოდი. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ მე პოლიტიკაში მოვიდე. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ მე მათ უფლებებსაც დავიცავ, ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის და ამიტომ მთხოვენ პოლიტიკაში წასვლას.
_ წახვალთ?
_ არ წავალ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. მე პოლიტიკოსობაზე არასდროს მიფიქრია. არც პოლიტიკოსებთან მქონია როდესმე საქმე. ეს ამ ხელისუფლებამ მაიძულა, პოლიტიკოსების გვერდით დავმდგარიყავი. თემირლანის საქმე რომ გამოძიებულიყო, მე არც აქციების მოწყობა დამჭირდებოდა და არც ვიღაცებთან ერთად ქუჩაში დადგომა. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მაიძულა. ისინი აუცილებლად აგებენ ამაზე პასუხს. პასუხს აგებს მათი სოსო გოგაშვილიც.
_ გოგაშვილთან დაკავშირებით არის ინფორმაცია, რომ ის შეიძლება, შს მინისტრის მოადგილე გახდეს. თქვენი აზრით, ეს რეალურია?
_ „ქართული ოცნების“ შიგნით რა ხდება, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია და თუ სიმართლე გინდათ, არც მაინტერესებს, რა ხდება მათთან. აი, გოგაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნას რაც შეეხება, არაფერი გამიკვირდება, მათ შორის, არც ის, თუკი ამ ადამიანს ან შს მინისტრად გახდიან, ან ივანიშვილის ადგილზე დასვამენ.
ამათგან გასაკვირი არაფერი აღარ არის. ეგეც რომ არ იყოს, მათ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გააჩნიათ. „ქართულ ოცნებას“ ხომ კადრები საერთოდ აღარ ჰყავს, აღარაფერს ვამბობ კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე. ერთსა და იმავე ხალხს დაატარებენ იქით-აქეთ. ერთმანეთში ამღვრეულები არიან და არ იციან, რას აკეთებენ.
როგორც გითხარით, მე არ ვიცი, რა ხდება „ოცნების“ შიგნით და ვინ სად დაინიშნება, მაგრამ ერთ რამეს 100%-იანი სიზუსტით გეუბნებით: ვინც თემირლანის საქმეში რაღაც ფორმით მონაწილეობდა, ყველას დედა ეტირება _ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად.
ყველა მიიღებს თავის მისაღებს. ასე რომ, ვის სად გადაიყვანენ, არ მაინტერესებს. მე ვარ მართალი და ამ სიმართლეს დავამტკიცებ. ჩემს სიმართლეს ამტკიცებს სახელმწიფო დეპარტამენტიც. სახდეპის ანგარიში ცხადყოფს, რომ მე და თემირლანს ტერორიზმთან არაფერი გვაკავშირებს. ძალიან მალე „ოცნებას“ სტრასბურგის სასამართლოც გამოუტანს განაჩენს.

შორენა მარსაგიშვილი