ლელა ჯეჯელავა: „კორონა ძველ სამყაროს ამარცხებს, რადგან ადამიანმა დედამიწაზე წონასწორობა დაარღვია!“

კორონავირუსი ზოგიერთს უცხოპლანეტელებისგან ნასროლი მეტეორი ჰგონია, ზოგიერთსაც – მეორედ მოსვლა. არსებობის უფლება, ცხადია, ყველა ვერსიას აქვს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე კორონაპანდემიის შემდეგაც გაგრძელდება, თუმცა პოსტპანდემიური მსოფლიო ახლანდელისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება და მხოლოდ ადამიანთა ქცევა კი არა, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებიც შეიცვლება. მაინც, როგორი იქნება დედამიწა კორონას „გადაშენების“ შემდეგ? – ამ თემებზე „ქრონიკა+“ „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელს, არმენოლოგ ლელა ჯეჯელავას ესაუბრა.

– როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს, ანუ პანდემიის დასრულების შემდეგ ისევ აქტუალური იქნება თუ არა, ვთქვათ, ზესახელმწიფოების შეიარაღება?

– კორონავირუსი არც ბოლო ეპიდემიაა და არც – ბოლო  საფრთხე,  რომელთან გამკლავებაც ჩვენს სამყაროს მოუწევს. კორონა არც აპოკალიპსის   დადგომის ღვთიური ნიშანია. ის ალარმია, რომელმაც   გვაჩვენა, რომ თუ ჩვენი ტრანსფორმაცია არ მოხდება, მაშინ ამ პლანეტაზე კაცობრიობის მომავალი ძალიან ბუნდოვანი გახდება.  ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს ინდივიდიდან, რაც იმას გულისხმობს, რომ მექანიკური არსებობიდან ცნობიერ ცხოვრებაზე უნდა გადავიდეთ. ადამიანის დღეგრძელობა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივ წლებს არ ნიშნავს, ის  ცნობიერად გატარებულ ცხოვრებასაც გულისხმობს, ანუ დღის წესრიგში კვლავ დგას  სიცოცხლის საზრისის თემა.

ყველა ომი, რომელიც კაცობრიობას უნახავს, ადამიანში მიმდინარე  დაპირისპირების შედეგია, ანუ თავად ადამიანია ფრაგმენტირებული და ვერ ახერხებს მოიპოვოს წონასწორობა. მატერიალური სამყაროს ყველა ბრძოლა დაპირისპირებაა სურვილებსა და შესაძლებობებს შორის. წონასწორობადაკარგულმა ადამიანმა დედამიწაზე წონასწორობა დაარღვია და ამ პროცესს  არსებული საერთაშორისო დღის წესრიგი უწყობდა ხელს.

ახლა კი მოვიდა  დრო, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები, ყველაზე ცხადი მინიშნება სამყაროს უმდიდრესმა  ადამიანმა, ბილ გეითსმა  მოგვცა და განაცხადა, რომ ფუფუნებაში ცხოვრება აღარ  იქნება ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი და სხვა პრიორიტეტები გაჩნდება.  პანდემიის შემდგომი პროცესების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მოხმარების  მკვეთრად შემცირება იქნება, ანუ აქამდე ადამიანი  იმაზე მეტს მოიხმარდა, ვიდრე ქმნიდა, რაც სრულიად არღვევდა ენერგეტიკულ ბალანსს. ბუნებრივია, პანდემიის გვერდითი ეფექტები ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებსაც შეეხება და ეკონომიკის ბევრი ამჟამინდელი დარგი აქტუალობას დაკარგავს.

დიდი ცვლილებები მოხდება განათლების სფეროშიც და განსაკუთრებული ყურადღება ტექნოლოგიების განვითარებას დაეთმობა. ცვლილებები შეეხება ურბანული ცხოვრების წესსაც. ბუნებრივია, შეიცვლება სოციალურ პოლიტიკური პარადიგმებიც.

ცვლილებები, ცხადია, შეიარაღების თემასაც შეეხება. ჩაკეტილი საზღვრების პირობებში დღის წესრიგში დგება გეოგრაფიული საზღვრებისა და, საერთოდ, სივრცითი აზროვნების მოდელის ტრანსფორმაციის აუცილებლობაც. ომები  იქნება, ოღონდ – კიბერომები, რაც  შეიძლება, გაცილებით უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე – კონფლიქტები შეიარაღებული ძალების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, ვის სჯერა, რომ ეს ბილოგიური ომია, ვის ღვთის რისხვად მიაჩნია და  ვის – უცხოპლანეტელების თავდასხმად, გვაქვს მოცემულობა, რომელიც დიდი ცვლილებებისკენ გვიბიძგებს. მთავარია, შევძლოთ და ამ ცვლილებების არსი სწორად გავიაზროთ. თავი უნდა ვაიძულოთ, რომ სწორხაზოვანი აზროვნების სქემას თავი დავაღწიოთ, რადგან ახლი სამყარო ინტეგრალური აზროვნების  უნარის გარეშე  ადამიანისთვის  შეიძლება, ძალიან დამთრგუნველი აღმოჩნდეს.

– წლევანდელმა პანდემიამ, ფაქტია, უკანა პლანზე გადასწია სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის მიზნები. ასე, მაგალითად, „აისისიმაც“ კი დროებით უარი თქვა საკუთარ მისიაზე, ანუ, ქალბატონო ლელა, კორონამ ტერორიზმი დაამარცხა?

– კორონა ამარცხებს ძველ სამყაროს, ძველი აზროვნების წესს, ძველ საერთაშორისო დღის წესრიგს, რომლის პირმშოც  „აისისი“ იყო!

– ისე, იზიარებთ მოსაზრებას, რომ დიქტატორული და ავტორიტარული ქვეყნები საკუთარ მოსახლეობაზე უფრო კარგად ზრუნავენ, ვიდრე – დემოკრატიული? კერძოდ, იმას ვგულისხმობ, კორონასტატისტიკა საგანგაშო უფრო დემოკრატიულ ქვეყნებშია…

– ის, რომ ავტორიტარული ქვეყნები საკუთარ მოსახლეობაზე უკეთ ზრუნავენ, ვიდრე – დემოკრატიული, კომუნიზმის ეპოქის ექოა, რომელსაც თანამედროვე მემარცხენე მარქსისტები დიდი სიამოვნებით იმეორებენ. ის, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს  გაუჭირდათ პადემიასთან ბრძოლა, დემოკრატიის კი არა, იმ  პარაზიტული აზროვნების ბრალია, რომლის ბაცილაც დემოკრატიულ ქვეყნებში გაჩნდა.  დემოკრატიულ ქვეყნებში, ტოტალიტარულისგან განსხვავებით, ადამიანის სურვილებს ხელოვნურად  არ ზღუდავენ. როცა სისტემის ცვლილებაზე ვსაუბრობ, ეს დემოკრატიულ ქვეყნებსაც შეეხება და – ტოტალიტარულსაც.  ძველებურად არსად აღარაფერი იქნება!

– ქალბატონო ლელა, ხომ არ ელოდებით, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს ე. წ. დროებითი მთავრობა შეიქმნას?

– მსოფლიო მთავრობის შექმის იდეა ახალი არაა, ის, ძირითადად, კონსპიროლოგიის ნაწილია და  ანტიქრისტეს  გამეფების   აზრს უკავშირდება. ახლა როგორ მუშაობს საერთაშორისო დღის წესრიგი, ყველა სახელმწიფო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას? – დიდი შვიდეული, დიდი ოცეული, დავოსის ეკონომიკური ფორუმი და ბევრი სხვა ფორმატი რა არის? ცხადია, არსებობენ ჯგუფებიც, რომლებიც  პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე არ დგანან, მაგრამ დიდ გავლენას ახდენენ  პოლიტიკასა  და საერთაშორისო დღის წესრიგზე, მაგრამ ამ სამყაროში ბევრი რამ  ხდება, რაც ძალიან გავლენიანი ადამიანების, კორპორაციებისა და ჯგუფების კონტროლს მიღმა რჩება. როგორც უძველესი ცივილიზაციების მკვლევრები  ვარაუდობენ, ატლანტიდის ცივილიზაციის დასასრული მაშინ დადგა, როდესაც მან სამყაროს გონიდან ინფორმაციის მიღება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება დაიწყო. ცხადია,  ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და ასეთ ტექნოლოგიურ პროგრესამდე  კაცობრიობას კიდევ დიდი დრო აქვს გასავლელი, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ინტენსიური მუშაობა  მიმდინარეობს.

– ქალბატონო ლელა, ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ კორონამ ევროკავშირის სისუსტე წარმოაჩინა.

– რაც შეეხება  საერთაშორისო ორგანზაციებს, მათ  ფუნქციობასა და პერსპექტივებს, რასაკვირველია, ამ მიმართულებითაც იქნება  ცვლილებები. ევროკავშირი პანდემიის  გამოცხადებამდეც იდგა დიდი გამოწვევების წინაშე. მან ბიუჯეტის დამტკიცებაც კი ვერ შეძლო  წევრ ქვეყნებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობის გამო.  არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ის დაუბრუნდეს თავის პირვანდელ ფუნქციას და უფრო ეკონომიკური გაერთიანების სახე  ჰქონდეს, ვიდრე – პოლიტიკურის, თუმცა გადაჭრით რამის თქმა ახლა მართებული ნამდვილად არ იქნება.

– რაც შეეხება რელიგიას, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ ცვლის საკუთარ პოზიციას, რასთან გვაქვს საქმე? 

– 15-დან  12-მა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ   პანდემიის პრობებში საღვთო ლიტურგია მრევლის გარეშე შეასრულოს. ასეთი  გადაწყვეტლება არ უკავშირდება რაიმე სახის  დოგმატურ ცვლილებას, არ ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას  და არც – დიდი სჯულის კანონს, რომელიც ძირითადი სახელმძღვანელოა მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის. თეოლოგი არ გახლავართ და არ  ვაპირებ  თეოლოგიური თვალსაზრისით შევაფასო, რამდენად სწორია 12 მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება ან საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიების გადაწყვეტილებები. სერბეთის ეკლესიის გადაწყვეტილების შეფასება კი თავად თეოლოგებსაც უჭირთ. მხოლოდ შემიძლია ერთი რამ ვთქვა: საქართველოს სახელმწიფო იმართება საქართველოს კონსტიტუციით. არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოსა და  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  ურთიერთობებს, რომლის მიხედვიდაც, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან მკაფიოდ არის გამიჯნული და ისინი ერთმანეთის საქმეში არ ერევიან. სახელმწიფოს საქმე არაა ზიარების წესში ცვლილებების შეტანა,  არც – საღვთო  ლიტურგიის ჩატარების  წესი და დრო. ეს ეკლესიის გადასაწყვეტია, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე  კონსტიტუციით დადგენილი წესების განხორციელება დათქმის გარეშე.  თუკი სახელმწიფომ   გდაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობისა და  კომენდანტის საათის შემოღების შესახებ მიიღო საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ეპიდემიოლოგთა და ინფექციონისტთა, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე, ის ვალდებულია, უზრუნველყოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების  შესრულება.

ეკლესიის ვალდებულება საკუთარი სამწყსოს სულის გადარჩენაზე ზრუნვაა. სახელმწიფოს ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენაა მათი  აღმსარებლობის, ეთნიკური, სოციალური თუ პოლიტიკური კუთვნილების  მიუხედავად. სახელმწიფო როგორ  შეასრულებს თავის ფუნქციას, ვნახავთ აქ და ახლავე. გადარჩენილი სულების შესახებ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ცოდნა აქ და ახლა  ძალიან შეზღუდულია. შექმნილი ვითარება  მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს: ეკლესიისა და სახელმწიფოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები თავად ამ ორ ინსტიტუციას  ვერ აქვს კარგად გააზრებული – ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობები. სხვისი ავტორიტეტით საკუთარი ავტორიტეტის მოპოვების სურვილი ქმნის ასეთ  კრიზისულ ვითარებას და ეს ორივე მხარეს თანაბრად მიემართება.

– ასეა თუ ისე, ქალბატონო ლელა, ფაქტია, რომ ეკონომიკურ კრიზისს ვერ გადავურჩებით, ამ ფონზე პარტიებმა საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი ხომ არ უნდა თქვან?

– ჩვენ  ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით და წინ ისეთი პროცესები გველის, რომ   საბიუჯეტო დაფინანსებით თუ დაფინანსების გარეშე შესაძლოა, ბევრმა პარტიამ საერთოდ ვეღარ იპოვოს თავისი ადგილი ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურაში და, საერთოდ, ძალიან არ მომწონს ეს  გამოცხადებული ქველმოქმედების ქრონიკა.  ნამდვილი ქველმოქმედება კაცთაგან დაფარულად  კეთდება და ის მარტო ღვთისგან აიწონება. სიკეთის კეთებასაც ცოდნა უნდა ისე,  რომ ვისაც უკეთებ,  მას კიდევ ერთხელ არ დაუმტკიცო საკუთარი  უპირატესობა.

გიორგი აბაშიძე