რა უთხრა ექსკლუზიურად თვითიზოლაციაში მყოფმა ლაშა ღლონტმა „ქრონიკა+“-ს?

პროფესიით ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი, ისევე როგორც სხვა ბევრი ხელოვანი ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება. მომღერლის თქმით, ეს სიტუაცია ბევრ რამეს გვასწავლის ადამიანებს, მათ შორის, ერთმანეთზე ზრუნვასა და შრომის პატივისცემას.

რა რეკომენდაციებს გასცემს, როგორია მისი ყოველდღიური რეჟიმი და რას აპირებს ვირუსის დამარცხების შემდეგ მომღერალი? ამას ლაშა ღლონტი ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-ის მკითხველს უყვება:

_ ბატონო ლაშა, პირველ რიგში, თავს როგორ გრძნობთ? რას იტყვით, ზოგადად, იმ ეპიდემიის შესახებ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა?

_ მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია არ არის მარტივი, თავს იმედიანად ვგრძნობ, რადგან ცხოვრება ბრძოლაა და ყოველთვის დალხინებული ვერ იქნება ადამიანი. ძნელია მსოფლიოში ინფექციის გავრცელების მიზეზებისა და დამნაშავის დადგენა, დღეს ეს დროის ამბავია, თუმცა ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით – პირველ რიგში, ერთმანეთზე ზრუნვასა და სხვისი შრომის პატივისცემას, ჰიგიენური ნორმების დაცვას, პურისა და პროდუქტების ეკონომიას და ა. შ.

_ თვითიზოლაციაში იმყოფებით, რამდენად რთთულია ეს მდგომრეობა ისეთი აქტიური ადამიანისთვის, როგორიც თქვენ ხართ?

_ მადლობა ცუკენბერგს, ასევე სხვა სოციალურ ქსელებს, რადგან  საშუალება გვაქვს ვეკონტაქტოთ საყვარელ ადამიანებს, მივიღოთ რჩევა-დარიგებები. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე იშვიათად მეძლევა სახლში ყოფნის საშუალება. აქვე მიდევს გიტარაც. დიდი ხანია, არ დამიკრავს და ახლა სულ ვუკრავ. ექსკლუზიურად თქვენთან პირველად ვავრცელებ ინფორმაციას, რომ როცა ვირუსს დავამარცხებთ, ძალიან სახალისო სიმღერას ვპირდები ჩემს მსმენელს, რაც ჩემი შემოქმედებისთვის დიდი სიახლე იქნება. მთელი საქართველო იცეკვებს ამ სიმღერაზე ვირუსის დამარცხების შემდეგ, ამის გარანტიას  ახლავე გაძლევთ.

_ კონცერტებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: ბევრი დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო?

_ საქართველოს რაიონებში  ჩემი 9 სოლო კონცერტი გადაიდო, ასევე გადაიდო 24-26 მარტს ჩემი გასტროლი ისრაელში, 11-14 აპრილს – გერმანიაში, 3-8 მაისს – ირლანდიაში და მაისის ბოლოს – აშშ-ში. ყველა ბილეთი გაყიდული იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვიკითხო ჩვენი არაჩვეულებრივი ემიგრანტები. ყველაფერი მაგრად იქნება და ყველა კონცერტი აუცილებლად ჩატარდება.

_ როგორია თქვენი ყოველდღიური რეჟიმი? რას აკეთებთ დღის მანძილზე, თუ გეგმავთ ონლაინ კონცერტს თქვენი გულშემატკივრებისთვის?

_ ძალიან ბევრი ონლაინ კონცერტი და ჩართვა გავაკეთე ამ დღეებში, როგორც მომღერალმა და – როგორც ექიმმა. ვესწრებოდი გენიალური ქართველი ინფექციონისტისა და მსოფლიო ინფექციური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სეფსისის ცენტრის დამაარსებლის, ბატონ ვახტანგ ბოჭორიშვილის საოცარ ლექციებს. ამ ადამიანს უნდა ვუმადლოდეთ ასეთი ძლიერი ინფექციური სკოლის არსებობას საქართველოში. რაც შეეხება ბატონ თენგიზ ცერცვაძეს, მისთვის მსოფლიოს რომ დაეჯერებინა, დღეს ასეთი სურათი არ იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ლეგენდა ჩვენ გვეკუთვნის.

_ რა რეკომენდაციებს და რჩევებს მისცემთ ადამინებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ასევე მათ, ვინც წესებს არღვევს?

_ მინდა, მარტივად აგიხსნათ: წარმოიდგინეთ დომინოს ერთმანეთზე მიწყობილი ქვები. ხელი რომ მივკრათ, ჯაჭვური რეაქციით დაიწყება მათი ჩამოშლა. საკმარისია, რამდენიმე ქვა ამოვაცალოთ, ჯაჭვი გაწყდება. სწორედ ასე ვრცელდება კოვ-19 ინფექცია. დომინოს ქვები ადამიანები არიან. ვინაიდან ვირუსს ადამიანის სხეულის გარეშე არსებობა დიდი ხანი არ შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია იზოლაცია, რაც ვირუსს გავრცელების საშუალებას არ მისცემს. ეს მარტივი პრინციპია დღეს უმნიშვნელოვანესი.  პირადად მე სახლში რომ შემოვდივარ, ფეხსაცმელს გარეთ ვიხდი, აივანზე გამაქვს და ტანსაცმელსაც აივანზე ვფენ. ასევე ვიბან თბილი საპნიანი წყლით ხელებს, სახეს და ვრეცხავ სათვალეს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ახალი წესით ცხოვრებას და ამასობაში ვაქცინაც მოგვისწრებს. მთავარია, ყველას დავეხმაროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი.

გიორგი საკარული