„თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული“ – ნატალი გავაშვლიშვილი

ნატალი გავაშვლიშვილის მოგზაურობის ისტორია თურქეთს უკავშირდება. ვირუსის გავრცელების გამო ის იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

როგორ პირობებში უწევს ყოფნა და რატომ ეშინოდა კარანტინში გაჩერების ქალბატონ ნატალის? ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ბათუმიდან „ქრონიკა+“-ის მკითხველს თავად რესპონდენტი მოუყვება: 

_ ნატალი, რომელ ქვეყანას უკავშირდება თქვენი მოგზაურობის ისტორია?

_ თურქეთში ვიყავი, კერძოდ, ქალაქში ბურსაში 8 თვე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ჩემი დაბრუნების მიზეზი სწორედ კორონავირუსს უკავშირდება.

_ რით წამოხვედით და რა სიტუაცია დაგხვდათ საზღვარზე. რამდენად იყო უსაფრთხოების ზომები დაცული?

_ ავტობუსით წამოვედი. რაც შეეხება საზღვარზე არსებულ სიტუაციას, თურქეთის მხრიდან არანაირი უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვედი, სურათი რადიკალურად შეიცვალა.

_ ანუ?

_ ძალიან მობილიზებულები დაგვხვდნენ. პირველადი თერმოსკრინინგით გაგვსინჯეს, შემდეგ პირობები და წესები გაგვაცნეს, ჩაგვსვეს ტრანსპორტში და საპატრულო პოლიციის თანხლებით  სასტუმროში მიგვიყვანეს, სადაც ამჟამად გავდივართ კარანტინს.

_ კარანტინში სად იმყოფებით და როგორი პირობები დაგხვდათ იქ?

_ კარანტინში ბათუმში, სასტუმრო „გრანდ გლორიაში“ ვიმყოფებით. სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი, თუ ასეთ პირობებში მოგვიწევდა ცხოვრება.

_ ბევრმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ცუდ პირობებში უწევთ უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კარანტინში ყოფნა. თქვენ რა მოლოდინი გქონდათ და რა დაგხვდათ?

_ დიახ, თურქეთში ყოფნის პერიოდში ძალიან უარყოფით კომენტარებს ვკითხულობდი. წერდნენ, რომ კარანტინში იმდენად გაუსაძლისი პირობებია, ხალხი გარბისო. შესაბამისად, მეც შემეშინდა, მაგრამ რეალობა  სხვა აღმოჩნდა… ვცხოვრობ სასტუმროს არაჩვეულებრივ  ნომერში, ძალიან ლამაზი ხედით. ოთახი ძალიან სუფთა და მყუდროა. გვაქვს სამჯერადი კვება და გვყავს შესანიშნავი პერსონალი, რომელიც განსაკუთრებული თავაზიანობით გამოირჩევა.

_ ექიმი თუ რეკავს და კითხულობს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას?

_ ექიმებს კონტროლის ქვეშ ვყავართ. ყოველდღე კითხულობენ ჩვენს მდგომარეობას, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ. 

_ რას აპირებთ კარანტინიდან გასვლის შემდეგ? ალბათ, თვითიზოლაციაში იქნებით.

_ რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაში ვიქნები, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, სანამ ამას სიტუაცია მოითხოვს.

_ რამდენად რთულია ერთ სივრცეში ყოფნა?

_ რთულია, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო და ძალიან ვთხოვო, რომ დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.  

_ გმადლობთ და ჯანმრთელობას გისურვებთ.

გიორგი საკარული