„ვცდილობდი, პანიკას არ ავყოლოდი“ – რას უყვება გერმანიიდან დაბრუნებული მოცეკვავე „ქრონიკა+“-ს?

მოცეკვავე გიგი გიგიტაშვილი ორი თვე გერმანიში, კერძოდ, ქალაქ ნიურნბერგში ცხოვრობდა, სადაც ის მასტერკლასებს ატარებდა, თუმცა გავრცელებული ეპიდემიის გამო მას ერთი კვირით ადრე მოუწია სამშობლოში დაბრუნება.

რა ხდება საკარანტინო ზონებში? როგორია საცხოვრებელი პირობები? როგორ მოხდა უცხოეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირება და საკარანტინო სივრცეში მათი განთავსება?

ბათუმის კარანტინიდან „ქრონიკა+“-ის მკითხველს გიგი გიგიტაშვილი ესაუბრება:

_ გიგი, რომელ ქვეყანას უკავშირდება თქვენი მოგზაურობის ისტორია?

_ გერმანიიდან, კერძოდ კი ბერლინიდან მქონდა ფრენა.

_ დასასვენებლად იყავით თუ სამუშაოდ?

_ ქალაქ ნიურნბერგში ქართული ცეკვის მასტერკლასების ჩასატარებლად ვიმყოფებოდი. კულტურის ცენტრმა  „ინკომ“ მიმიწვია და მასთან არსებულ ქართული ცეკვის ჯგუფ „იბერიაში” ვატარებდი მასტერკლასებს.

_ საქართველოში დაბრუნება კორონავირუსის გამო გადაწყვიტეთ?

_ არა, უბრალოდ, ჩემი იქ ყოფნის ვადა  2 თვეს მოიცავდა. ამას თან დაერთო ვირუსის გავრცელება, შესაბამისად, ჩიკეტა საჰაერო სივრცე და გადავწყვიტე, ერთი კვირით ადრე დავბრუნებულიყავი სამშობლოში.

_ გიგი, როგორი სიტუაცია იყო გერმანიაში? თუ იგრძნობოდა ქალაქში პანიკა ან მსგავსი რამ?

_ ვირუსზე განცხადებებიც გაკეთდა წინასწარ, თუმცა გერმანიამ ძალიან გვიან დაიწყო მკაცრი ზომების მიღება. მაშინ, როდესაც იტალიაში ყოველდღიურად იხოცებოდა უამრავი ადამიანი, გერმანიაში, სამწუხაროდ, გამაფრთხილებელი ზომები არ იყო მიღებული და  ხალხი უდარდელად დასეირნობდა, არანაირი დისტანცია მათ შორის არ არსებობდა და კლუბებიც საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ დაიხურა. თუმცა, გამოფრენამდე ერთი კვირით ადრე, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა  და ხალხი, გარკვეულწილად, შიშმა მოიცვა.

_ რას ნიშნავს, შიშმა მოიცვა? რაში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი?

_ პრაქტიკულად, ყველა მაღაზია დაცარიელდა და ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად აღარ დადიოდნენ.

_ თქვენ რამდენად იცავდით უსაფრთხოების ნორმებს?

_ ყველანაირად ვცდილობდი, თავი გამეკონტროლებინა და პანიკას არ ავყოლოდი. თუ გარეთ გავდიოდი, პირბადეს ვიკეთებდი და ერთჯერად ხელთათმანს ვხმარობდი.

_ რა ხდებოდა ბერლინის აეროპორტში? რამდენად იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული და როგორ დაგხვდათ ქართული მხარე?

_ ბერლინიდან, შონეფელდის აეროპორტიდან მქონდა ფრენა. იქ არანაირ ზომებს არ იცავდნენ. მგზავრებს ყველას გვეკეთა პირბადე და ხელთათმანები. საკმაოდ არეული სიტუაცია იყო. იქ გავიგეთ, რომ თბილისის მაგივრად ბათუმში დაეშვებოდა თვითმფრინავი და მცირე შოკიც მივიღეთ. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ყველა ძალიან მობილიზებული დაგვხვდა.

_ რით გამოიხატება ეს მობილიზება, იქნებ, დაწვრილებით მოგვიყვეთ. მაგალითად, პირველადი თერმოსკრინინგი თუ გაიარეთ?

_  რა თქმა უნდა! საბედნიეროდ, ტემპერატურა არავის დაუფიქსირდა. მობილიზებას რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან ოპერატიულად და ორგანიზებულად მოხდა_ავტობუსში გადანაწილება და სასტუმროში განთავსება.

_ როგორი პირობები გაქვთ კარანტინში?

_ საკმაოდ კარგი პირობებია. არის რაღაც ხარვეზები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგადაა. გვაქვს სამჯერადი კვება და დიდ ყურადღებას ავლენს ჩვენ მიმართ სასტუმროს პერსონალი. ყოველდღიურად ვიზომავთ სიცხეს და ჩვენს მდგომარეობას ექიმი კითხულობს. დიდი მადლობა ყელას გაწეული შრომისთვის.

_ ალბათ, რთულია ერთ სივრცეში ყოფნა. როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

_ რთულია, მაგრამ ვცდილობ, ის  ხალისიანი და პოზიტიური იყოს.  იმაზე არ ვფიქრობ, რომ ერთ ოთახში ვარ ჩკეტილი. განსხვავებულ აქტივობებს ვაკეთებ. ძირითადად,  ნომერში ვცეკვავ, ასევე დავიწყე ლექსების წაკითხვა და ვიდეოების ჩაწერა. მოკლედ, ხელოვნება და იუმორი ძალიან მშველის. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ დარჩნენ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

გიორგი საკარული