CoVID 19 – როგორ ვიცხოვროთ ხვალ?

CoVID 19-მა მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს, ცხოვრების ახალი რიტმი შესთავაზა. გამოწვევები, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდა, სულ რაღაც, სამიოდე თვის წინათ აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო. შესაბამისად, კაცობრიობა ფორსმაჟორში სწავლობს არა მხოლოდ ბრძოლის მეთოდებს, არამედ ცვლის ცხოვრების წესსაც. ადამიანი, თავისი ბუნებით, ბოლომდე ვერ აღიქვამს მტერს, რომელსაც ვერ ხედავს. ამას დღემდე დედამიწის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ახერხებდა. ახლა უხილავი მტრის აღქმაც გაძლიერდა და კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ დონეზე აუცილებელიც გახდა მის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ბრძოლის უმთავრესი კომპონენტი ან უხილავი მტრის დასამარცხებლად მთავარი იარაღი გახდა – პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და „დარჩი სახლში“. ძალიან ძნელია გასააზრებლადაც კი ის ეკონომიკური შედეგები, რომლის წინაშეც აღმოჩნდება მსოფლიო მტრის დამარცხების შემდეგ. ამ ბრძოლაში კაცობრიობის გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ რის ფასად, ამას მერე ვიხილავთ. დიახ, ახლა ომია უხილავ მტერთან, მაგრამ არის ფიქრის დროც იმაზე, თუ „როგორ ვიცხოვროთ ხვალ“?

CoVID-19 მსოფლიოს განვითარების ახალ ფაზაში გადაიყვანს. დღეს ხშირად ისმის განცხადებები, რომ გლობალიზაციის პროცესი დასრულდა, რომ ხვალ დადგება ნაციონალური სახელმწიფოების ერა და მავანი  კარგ მაგალითად ლამის ჩრდილოეთ კორეასაც კი ასახელებს. ამ მოსაზრების ავტორებს არგუმენტად მოჰყავთ ჩაკეტილი საზღვრები და სახელმწიფოთა ხელისუფლებების პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. ჩემი გააზრებით, სამომავლოდ გლობალიზაცია დიახაც  გააზრებული იქნება, როგორც იდენტობა განსაზღვრული ნაციონალური სახელმწიფოების ერთობა, სადაც თითოეულ ნაციონალურ სახელმწიფოს მოუწევს საკუთარი კონტრიბუციის გაღება სიკეთის სახით. ანუ მე გავცემ სიკეთეს სიკეთის მისაღებად. ეს ერთგვარად ნატურალური მეურნეობის მოდელია, სადაც მთავარი პროდუქტი იქნება სიკეთე, რომელიც შეუძლია სახელმწიფომ დანარჩენ მოფლიოს შესთავაზოს.

და მაინც, არსებული გლობალიზაციის სამომავლო პრიზმის კონტურებში რა გვაჩვენა კორონას საფრთხემ? ან რა არის უმთავრესი კონტრიბუცია, რომელიც ახლა გაიცემა? დღეს #დარჩისახლში არის ნებისმიერი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქის მიერ გაღებული სასიკეთო კონტრიბუცია. აქ არ ვცდები იმ ფარგლებს, რაც სახელმწიფოთა ურთიერთთანადგომაში გამოიხატება ფინანსური თუ სხვა სახის დახმარების სახით. მე ვსაუბრობ ერთიან სიკეთეზე, რომელიც ამ ძნელბედობის ჟამს მსოფლიოსთვის ერთი ღირებულების აღმოჩნდა და ამ ღირებულების მატერიალიზება საბოლოოდ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეა. ანუ მსოფლიო დღეს ერთად იბრძვის ჩემი, თქვენი და მისი სიცოცხლისთვის _ ერთად და ერთი ძალისხმევით, ლამის, ერთი და იგივე წესით.

ახლა შესაბამისი რესურსის მქონე ქვეყანა ცდილობს, ვაქცინა და  წამალი გამოიგონოს, ვიღაც ეფექტიანად მკურნალობს საკუთარ მოქალაქეს და გამოცდილებას უზიარებს სხვებს, ვიღაც უფრო მკაცრად იცავს კარანტინს, ვიღაც არღვევს და თავნებობს… მაგრამ ყველამ გაიაზრა საფრთხე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასრულდება, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობა იძულებული გახდება გაიაზროს, რომ გამოწვევა და საფრთხე არ არის ბოლო – უკანასკნელი და მას ერთად, დიახაც რომ ერთად, მოუწევს ახალი გამოწვევების წინაშე ყოფნა. ამიტომაც, მინიმუმ, იძულებული ხდებიან, უფრო მეტად ითანამშრომლონ ერთმანეთთან. მოუწევს იმაზე ფიქრი, რომ საფრთხის მოსარიდებლად საჭიროა უამრავი პროცესის ახლებური გააზრება, რომ შეუძლებელია, გლობალურ საფრთხეს ნაციონალურ ჩარჩოში დაუპირისპირდე, თუნდაც ჩრდილოეთ კორეის მეთოდით. საფრთხეებთან და გამოწვევებთან გამკლავების პროცესში ყველას მოუწევს შესაბამისი წვლილის შეტანა.

დღეს „კორონა“ და შიში მართავს მსოფლიოს. ამ გონიერმა ვირუსმა უკვე მიაღწია საწადელს – ფიქრი გვაიძულა, მაქსიმალურად შეზღუდა ჩვენი თავნებობა. სხვა თუ არაფერი, დააკვირდით, ამ პერიოდში დედამიწაზე სამხედრო დაპირისპირებები, ტერაქტები შეწყდა. რა ხდება? მხოლოდ შიშია ყველაფრის განმაპირობებელი? _ არა! რეალურად, ადამიანები, მათი უმტესობა, ცხოვრებისა და არსებობის წესს იაზრებს – წესრიგი, კანონი! დააკვირდით, როგორ უცებ დაედო ფასი ცოდნას, _ ამ ეტაპზე, არა მხოლოდ სამედიცინო სექტორის, არამედ პოლიციის, ჯარის, მებაჟეების, ბიზნესმენების. ადამიანების, რომლებიც ამ წუთებში სახლიდან მუშაობენ ან თავგანწირვით დადიან სამსახურებში. დააკვირდით ახლა, რა დღეში არიან საჯარო სექტორის ხელმძღვანელები, რომლებმაც სამსახურებში პროტექციით მიიღეს უმეცარი თანამშრომლები და როგორ განიცდიან პროფესიონალების დეფიციტს, რომლებსაც უარი უთხრეს იმის გამო, რომ მათ პატრონი არ ჰყავდათ. ჰო, ახლა უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ მოუწევთ. დააკვირდით ბიზნესმენებს, რომლებიც სწორედ ახლა გრძნობენ, რომ მხოლოდ ლამაზი და ნარნარა ოფისმენეჯერი თუ ულამაზესი მარკეტოლოგი რეალურად ბალასტია.  ახლა ფული, ოქრო, სხვა სიმდიდრე ამაოება გახდა – კორონა არ თანხმდება მოლაპარაკებებზე, რომ მდიდრებს არ მიეკაროს, ისევე როგორც ძლიერებს, ტიტულებით დახუნძლულებს, იერარქებს, ლიდერებს, გნებავთ, ტერორისტებს, რომლებიც გუშინ შიშის ზარს სცემდნენ მსოფლიოს. ფანატიკოსებიც კი გაისუსნენ. ზეფანატიკოსებზე საუბარი არც ღირს, მათ სხვა გამოწვევები ელით ამ პირობებში. მათი ღირებულებებს წესრიგისა და კანონის სივრცეში დაბრუნებული ადამიანები გადახედავენ. მეტიც: მათი კერპები იმსხვრევიან და რჩება მხოლოდ ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტის რწმენა.

CoVID 19-მა მსოფლიოს განვითარების პროცესები დააჩქარა. ის, რაც უნდა მომხდარიყო 25-30 წლის შემდეგ ევოლუციური პროცესით, სტარტს აიღებს ხვალ, ზეგ. ახლა პრიორიტეტული ხდება აზროვნება და გონიერება, აზროვნებასა და გონიერებაზე დამყარებული საქმე.

ხშირად გვესმის, რომ ხვალ მსოფლიო არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. მსოფლიო უკვე არ არის ისეთი, როგორიც იყო.

ხვალ უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ორი რამ: ტექნოლოგიები და სოფლის მეურნეობა. ამ ორივე მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ძლიერი სიტყვა ვთქვათ. დავიწყებ სოფლის მურნეობით _ დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ იმდენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომ გამოვკვებოთ საკუთარი თავი და ტვირთად არ დავაწვეთ დანარჩენ მსოფლიოს. პირიქით, მოვახდინოთ ჭარბი პროდუქციის ექსპორტი. აქ სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა იქნება, ერთხელ და სამუდამოდ მიხედოს დემპინგს და მეორე  _ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ფერმერებს სოფლებში ტექნოლოგიური ციკლის დანერგვაში.

რაც შეეხება ტექნოლოგიის განვითარებას, აქ პირველ ეტაპზე გაგვიჭირდება, რადგან დიდი ინვესტიციების ჩადება მოგვიწევს ამ მიმართულებით. საუბარია ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვაზე ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროში – დაწყებული მედიცინიდან, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავებით დასრულებული, რომელიც ასევე ენერგიის წყაროდ უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენ უნდა გადავხედოთ სოციალური გარანტიების პროგრამებს; ჩვენ უნდა გადავხედოთ საფინანსო ინსტიტუტების ფუნქციონირების პრიორიტეტებს; ჩვენ უნდა გადავხედოთ მთლიანად ეკონომიკის პრიორიტეტებს.  კრიზისმა თავალნათლივ დაგვანახა, რომ სახელმწიფოს შემოსავლების მთავარი წყარო არ შეიძლება იყოს მომსახურების სფერო და ვაჭრობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ წარმოება და დავიწყოთ ნებისმიერი გიჟური, არანორმალური იდეის რეალიზებაში სახელმწიფოს ფულის დაბანდება. ნებისმიერ ბიზნესში სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს საკუთარი წილი, არა საკონტროლო პაკეტის მფლობელის (ზოგჯერ ესეც დასაშვებია), არამედ მეპაიეს, წილის მფლობელის სახით. ხვალ და ზეგ უნდა წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში იქნება ერთი გადასახადი – მოგების – და მორჩა! სხვა ყველაფერი უნდა დარჩეს ეკონომიკაში, რომელიც მიხედავს დასაქმების პრობლემასაც და რეალურად აღმოფხვრის სოციალურ პრობლემებს.

აბსოლუტურად სხვაგვარად არის გასააზრებელი ჯარის – შეიარაღებული ძალების საკითხი. ხვალ და ზეგ ომი კარგავს აზრს. ხვალ და ზეგ ნებისმიერი იარაღი, რომელიც ძალადობისთვის გამოიყენება, მოხმარდება ეკონომიკასა და საფრთხეების აცილებას,  საფრთხე კი ომი არ და ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს გვარდიის (ახლებური გააზრებით) მოდელზე გადასვლა.

განათლება გახდება უმთავრესი პრიორიტეტი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და აქ არ უნდა დავაგვიანოთ. აქ ხვალვე უნდა დავიწყოთ რევოლუციური ნაბიჯები, თუნდაც არსებული გამოცდილებით. შეხედეთ, სასწავლო დაწესებულებები კარგავენ თავის ფუნქციას იმ სახით, რა სახითაც არსებობენ. ერთადერთი, პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელი გახდება ძალიან ბევრი ლაბორატორიის შექმნა და ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ.

და რა ხდება ამ ვითარებაში _ ანუ ხვალ პოლიტიკურ ფლანგზე?

ჩვენი უმთავრესი პრობლემა სახელმწიფოს რაობის გაუაზრებლობაა. ამას ვერ იაზრებს ჩვენი პოლიტიკური კლასი. დააკვირდით მათ ლექსიკას. მათთვის საქართველო, მეტწილად, ქვეყანაა, რადგან ეს აწყობს უმეტესობას. ქვეყანაში ადვილია იყო კორუმპირებული, არ აგო პასუხი არაფერზე, მართო ფორმულით – „კანონი მე ვარ“. სახელმწიფო ვერ გუობს ამ ყველაფერს. სახელმწიფო არის წესრიგი და კანონი; სწორედ ის, რა უნარებსაც დღეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ავლენს. სახელმწიფოს ცნება მოიაზრებს კანონისა და უფლებების უმაღლეს სტანდარტს, რასაც უზრუნველყოფს დემოკრატია. და თუ დღეს ბევრს აქვს აპათია პოლიტიკური პროცესის მიმართ, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ “ბევრს” არ სჯერა პოლიტპარტიებისა და პოლიტიკოსების მხრიდან სახელმწოფოს მშენებლობის დემოკრატიული პრინციპებითა და პროგრესით, სახელმწიფოებრივი ხედვით უზრუნველყოფის. ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობა ფეხს ვერ უწყობდა გუშინდელ დღეს და ცხადია, ისინი ხვალ უფრო ღრმა წარსულში იქნებიან. ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობა სეკულარულ სახელმწიფოში ცდილობდა და ცდილობს ჩვენს მართვას რელიგიურ გრძნობებზე თამაშით. ეს იყო და არის უზნეობა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ უზნეობას ვიტანდით და ვიტანთ. ვიმეორებ, ჩვენი პოლიტიკოსების უმტესობა არ არის ხვალინდელი დღე, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი დღეს უკვე არიან „გუშინ“. მათ  არ გააჩნიათ ადეკვატური უნარები და ხედვა, ვერ განსაზღვრავენ გამოწვევებს, მათ მინიმუმ არ შეუძლიათ სოლიდარობა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ, მათი უმეტესობა ქედმაღალი ავანტიურისტია, რომელთაც ჩვენი პერიოდული სიბრიყვით ვაძლევთ ძალაუფლებას. ჩვენ ხვალ კი არა, უკვე დღეს გვჭირდება პოლიტიკოსები რომლებიც იტყვიან: ვაკეთებ ამას, ამ საშუალებებით, ასე და ამ დროში. ნათელი მომავალი, ოცნება, იმედი, კეთილდღეობა უკვე გაცვეთილი ფრაზებია. ჩვენ არ გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც გვეტყვიან, – გავზრდით პენსიებს, გავზრდით შრომის ანაზღაურებას, აღმოვფხვრით უმუშევრობას. რეალურად, ამ სიტყვებით ისინი ჩვენ მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს ისევ და ისევ საკუთარი შეხედულებებით ინაწილებენ. ჩვენ გვჭირდება სხვა რამ. და აქ არ დავკონკრეტდები, არა იმიტომ, რომ არ ვიცი, რა არის ეს „სხვა რამ“, არამედ იმიტომ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პოლიტიკოსთა უმეტესობას პოლიტიკაში ყოფნის ვადა არ გავუხანგრძლივო. მორჩა, დასრულდა მეფეებისა და უპირობო ლიდერების დრო _ იმ ადამიანების დრო, ვისაც ჩვენ ნაცვლად ფიქრისა და მოქმედების უფლებას ვაძლევდით. დასრულდა იმათი დრო, ვისაც მხოლოდ ძალაუფლების სურვილი კლავს და იმ ადამიანების დრო, რომლებიც მინიმალურ სიკეთეებს ჩვენ მიერ ბოძებული ძალაუფლებებიდან ნამცეც-ნამცეც გადმოგვიგდებდნენ ხოლმე. ჩვენც ხბოს აღტყინებით ვბღაოდით და ვბღავით, – აქსიოს.

ფიქრის დრო მოვიდა. ახლა ჩვენი მოქმედების დრო მოვიდა. ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის დრო მოვიდა. ახლა ვალდებულების დროა, რომელიც გვაიძულებს გავიაზროთ – სიცოცხლე ტყუილად კი არ გვებოძა, რომ მისით ან კმაყოფილები ვიყოთ, ან  _ უკმაყოფილონი, არამედ გავისარჯოთ კიდეც. გონიერი ადამიანები უფრო ადრე, სხვები უფრო გვიან მიხვდებიან, რომ დასრულდა შურის დრო.

ახლა სხვა ეპოქა დგება. დააკვირდით, პირველი მესიჯი სოციალური დისტანცირებაა, ასევე პირველი მესიჯი პასუხისმგებლობაა. ვის მიმართ? – თანამოქალაქის. ანუ ყველაფერი ნათელია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, მაგრამ უნდა გვქონდეს აუცილებელი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი. ინდივიდუალიზმს კი უპირობოდ სჭირდება პიროვნული იდენტობის განსაზღვრა – ვინ ვართ? რატომ ვარ? რა მისიით ვარ?

საბოლოოდ, დამთავრდა მედიის, როგორც იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული იარაღის დრო; მედიის, როგორც ჩვენი გრძნობებითა და ემოციებით მანიპულირების ინსტრუმენტის დრო. ახლა მედიაში დგება გონიერების, ინფორმაციის ტრანსლირების, ანალიზის დრო. მედიის პოლიტიკური კუთვნილება წარსულს ბარდება.  რაღაც ეტაპზე ამას ღიად შეეჭიდებიან ჩვენი მედიამამები თუ დედები, მაგრამ ისინი სამარცხვინოდ დაეცემიან. დაეცემიან იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი, მათი მოტივატორი ხომ მეტწილად მერკანტილური მიზნები და მფლობელთა სიხარბეა. 

ჩვენ მივიღებთ ან ვნახავთ, ერთი შეხედვით, უამრავ ალოგიკურ და ირაციონალურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იქნება ერთი შეხედვით. თუმცა არც არაფერია გასაკვირი. ახალ წელს, 2020 წლის პირველ იანვარს, ვინ დაიჯერებდა, რომ, სულ რაღაც, სამ თვეში საქართველო გაჩერდებოდა, გაჩერდებოდა მსოფლიო.

ადამიანი ის არსებაა, თუ თავად არ ნახა, ძნელად იჯერებს. მეც ასე ვარ, ალბათ, ვხედავ და ამიტომაც მჯერა იმისი, რაც ზემოთ მოგახსენეთ. რა თქმა უნდა, ვეცადე, შეძლებისდაგვარად მოკლედ მეთქვა სათქმელი. სამსჯელო  მართლაც ბევრია და უმჯობესია, ამაზე ვიფიქროთ ახლა, ვიდრე ხვალ და კვალავ არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს. ახლა ყველას ერთი და იგივე სასტარტო პოზიცია აქვს. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ, სწორად დავიწყოთ რბოლა – ახალი მომავლისკენ.

წინ ძალიან ბევრი კარგი გამოწვევაა.

გოჩა მირცხულავა