ანნა ქართლელიშვილი: „+1 მოხალისე“ გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ომსაც არ მოვიგებთ“

დღეს მთელი მსოფლიო საერთო უხილავ მტერს ებრძვის და ეს მტერი ახალი კორონავირუსია. საქართველო ამ ბრძოლაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად აქტიურად და დაუღალავად არის ჩართული. ჩვენი ქვეყნის თოთოეული მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, თანხმდება იმაზე, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ.

ახალგაზრდებმა კი განსაკუთრებული მზადყოფნა გამოავლინეს და მაქსიმალურად ჩაერთნენ საქველმოქმედო კუთხით იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა.
მოძრაობა „შეცვალემ“ დაიწყო კამპანია „+1 მოხალისე“.
რას მოიცავს ეს კამპანია და როგორ ცდილობენ ახალგაზრდები ჩვენი მოქალაქეების გვერდით დგომას? ამის შესახებ „ქრონიკა+“ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ, „+1 მოხალისე“ ანნა ქართლელიშვილს ესაუბრა:

_ რას გულისხმობს „+1 მოხალისე“ და როდის გადაწყვიტეთ ამ ჯგუფის შექმნა?
_ როგორც მოგეხსენებათ, COVID-19-მა მსოფლიოს ძალიან ბევრი, ძლიერი ქვეყანა დააზარალა და დაიწყო ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს ისეთი მაღალგანვითარებული და ძლევამოსილი სახელმწიფოებისა, რომლებიც დღესაც ამ ბრძოლაში არიან და რესურსს არ იშურებენ გადასარჩენად (აშშ, იტალია, ესპანეთი თუ სხვ.). გამონაკლისი არც საქართველოა, რომელსაც, დღეის მდგომარეობით, 44 ინფიცირებული ჰყავს. კამპანია „+1 მოხალისე“ მოძრაობა „შეცვალემ“ 15 მარტს წამოიწყო და 24 საათის განმავლობაში აქტიურად აწარმოებს მოხალისეობრივ და საქველმოქმედო კამპანიას ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად. ჩვენ ვალდებულები ვართ, საერთო საფრთხის წინაშე გავერთიანდეთ და სხვა ყველაფერი დროებით გვერდით გადავდოთ, რადგან, პირველ რიგში, ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია საქართველოსა და ქართველი ხალხის სამსახური.
_ რა ფორმით იყენებთ სოციალურ ქსელს ამ პროცესში და საზოგადოების გამოხმაურება როგორია?
_ სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოძრაობა „შეცვალემ“ შექმნა ჯგუფი სახელად „ერთად დავძლიოთ პანდემია COVID-19“, რომელსაც 4000-მდე წევრი ჰყავს. დაინტერესება თავიდანვე ძალიან დიდი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პირველებმა წამოვიწყეთ ზემოხსენებული კამპანია.
_ კონკრეტულად, რას მოიცავს თქვენი კამპანია და ვის ეხმარებით?
_ ჩვენი კამპანია, პირველ რიგში, მოიცავს მოხალისეობრივ საქმიანობას COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, მოსახლეობის დახმარებას, რომელიც კრიზისის დროს მძიმე ეკონომიკურ პირობებში აღმოჩნდა. დღემდე არაერთ პანსიონსა თუ მისუაფარ ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ, გადავეცით სხვადასხვა სახის საკვები და სასმელი პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად ვიძიებთ კერძო კომპანიებისგან. ასევე მადლობის ნიშნად ვესტუმრეთ ლუგარის ლაბორატორიას, რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, გლდანი-ნაძალადევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებსა და სხვ.
_ როგორია კომპანიების დამოკიდებულება და რამდენად მარტივად თანხმდებიან ისინი ამ კამპანიაში ჩართვას?
_ კომპანიების დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ერთგვაროვანი არ გახლავთ. ბევრი გვეხმარება, ბევრიც უარს ამბობს. ერთ-ერთი პირველი იყო კომპანია „კოკა-კოლა“, რომელიც შემოგვიერთდა, ასევე „ფრესკოს“ საქველმოქმედო ფონდი, „სოკარი“, „აიქარი“ და სხვა ძალიან ბევრი კერძო კომპანია. ასევე ქართველი ემიგრანტებისგან ფულადი დახმარება მივიღეთ. იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც ერთ-ერთი ძალიან სოლიდური კომპანიის დამფუძნებელმა, რომელიც განათლების სფეროში მოღვაწეობს, ძალიან ცივი და უხეში უარი განგვიცხადა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებაში. ჩვენ დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ, რაც შეიძლება მეტ კომპანიასთან გავიდეთ კავშირზე და ვითანამშრომლოთ ჩვენი საზოგადოების დასახმარებლად.
_ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, როგორ შეუძლიათ მოგმართონ?
_ როგორც ზემოთ ვახსენე, სოციალური ქსელით ვაწარმოებთ კამპანია „+1 მოხალისეს“, რომლის ფარგლებშიც შექმნილია სოციალური გვერდი „ერთად დავძლიოთ პანდემია COVID-19“, ასევე ვიყენებთ „შეცვალეს“ ფეისბუქ თუ ინსტაგრამ ოფიციალურ გვერდებს, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი მოხალისე უკვე შემოგვიერთდა. ყოველდღიურად გვწერენ დახმარების მთხოვნელები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ბავშვთა სახლები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც ძალიან მძიმე ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან. ერთი შეხედვით, თითქოს, მარტივად ჩანს სოციალური ქსელებითა და ტელევიზიით თვალის დევნება ჩვენს საქმიანობაზე, რომელიც ძალიან დიდი შრომის ფასად გვიჯდება „შეცვალეს“ თითოეულ წევრს. პრაქტიკულად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვიმყოფებით, თითოეული წუთი გათვლილი გვაქვს და საქმე _ გადანაწილებული, რათა უფრო ეფექტიანად და ნაკლები დროის გამოყენებით მივიდეთ სასურველ შედეგამდე, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარება შევძლოთ და ერთობლივი ძალებით დავამარცხოთ პანდემია.
_ რა ფორმით შეუძლიათ ჩვენს მოქალაქეებს „+1 მოხალისე“ კამპანიაში ჩართვა?
_ იმდენად ბევრ სფეროსა და საქმეს მოიცავს ჩვენი კამპანია „+1 მოხალისე“, რომ ძალიან დიდი გასაქანი აქვთ ფიზიკურ პირებსა თუ კერძო კომპანიებს ჩვენს კამპანიაში ჩასართავად. ეს იქნება მოხალისეობრივი საქმიანობა თუ საქველმოქმედო ფორმით წვლილის შეტანა საერთო საქმეში.
_ კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ამ პერიოდის განმავლობაში, იზრდება თუ არა საზოგადოების ჩართულობა?
_ პასუხი ერთია: ქართული საზოგადოება ძალიან სოლიდარულია. გამონაკლისები, ბუნებრივია, არსებობს, რაც ადამიანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების ხარისხით განისაზღვრება, თუმცა ფაქტია, რომ მოძრაობა „შეცვალე“ ამ დრომდე ახერხებს საზოგადოების დახმარებას, რაც მეტყველებს ხალხის ნდობასა და დამოკიდებულებაზე ჩვენ მიმართ. მოხალისეობის მსურველი ძალიან ბევრია, ისინი შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენს დიდ ოჯახს შემოუერთდნენ.
_ რა გამოიკვთა, საზოგადოების რომელ ნაწილს სჭირდება ყველაზე მეტად თქვენი დახმარება?
_ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ღარიბია, შესაბამისად, ვირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი აქედანვე შეეხო მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოციალუარად დაუცველებსა და შშმ პირებს. სოციალურ დაუცველებს, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო საკმაოდ მიზერული რესურსით ეხმარება მათ, რაც ბუნებრივია, არასაკმარისია და არ შეესაბამება იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ღირსეული ცხოვრებისთვის არის საჭირო; შშმ პირებისთვის კი ისედაც რთულია ყოველდარიურობა და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისი მათ მინიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას ართმევს.
_ ამ კამპანიაში თუ ჩაერთნენ სახელმწიფო უწყებები და როგორ შეაფასებთ ჩვენი ხელისუფლების მუშაობას კორონავირუსის წინააღმდეგ?
_ ჩვენ პირველი დღიდანვე მზაობა გამოვთქვით, მოხალისეობრივად ჩავრთულიყავით მიმდინარე პროცესებში. აქტიურად ვთანამშრომლობთ „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან“. როდესაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებები და მიზანი მეორე და მესამე ხარისხოვანია. ზუსტად ეს განსხვავებაა ჩვენსა და იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ამ მძიმე ვითარებაშიც კი ჩვენი კრიტიკისთვის იცლიან და ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ. რაც შეეხება ხელისუფლების მუშაობას coVID-19-თან ბრძოლაში, ვფიქრობ, რომ ღირსეულად უმკლავდებიან, თუმცა ასევე დავამატებ იმასაც, რომ ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელი, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, მეტს თუ არა, ნაკლებს არ გააკეთებდა.
_ თუ შეიძლება, კონკრეტულად გვითხარით, რომელი ჯგუფები ცდილობენ ხელის შეშლას და რაში გამოიხატება ეს?
_ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ განსხვავებული პოლიტკური შეხედულებებისა, გლობალური პანდემიის წინაშე ქართული საზოგადოება, მეტ-ნაკლებად, ერთიანია. მოძრაობა „შეცვალეს“ სხვადასხვა ფლანგზე უწევს ბრძოლა. ერთი მხრივ, ჩვენ ვებრძვით გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო გაერთიანდა, ხოლო, მეორე მხრივ, სამწუხაროდ, გვიწევს ბრძოლა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებმაც მსოფლიო კრიზისის დროსაც კი მოიცალეს პოლიტკურად ანგაჟირებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
_ ახალგაზრდებს რა გაძლევთ ძალასა და მოტივაციას, როგორია გუნდში განწყობა?
_ 20 ივნისის შემდეგ ძალიან ბევრი რთული და მძიმე პროცესი გავიარეთ. ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ერთად უკეთესს საქართველოს შევქმნით, არაერთხელ გვითქვამს ჩვენი მოძრაობის სახელით, რომ ძალა ახალგაზრდებშია, იმ ადამიანებში, რომლებიც სუფთა ხელებითა და სამშობლოს სიყვარულით ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია, როგორც სამოქალაქო მოძრაობას და დღემდე ღირსეულად, დაუღალავად და სიამოვნებით ვასრულებთ ჩვენს საქმეს. ჩვენ გუნდი ვართ, რომელიც განსხვავებული აზრისა თუ შეხედულებების მიუხედავად, ყოველთვის მივდივართ კონსენსუსამდე, ვდებთ შედეგს და ეს არაერთხელ დაინახა საზოგადოებამ. ძალა მოძრაობაშია, რომლის მთავარი წყაროც ჩვენ ვართ _ ახალგაზრდები.
_ რას გეგმავთ სამომავლოდ, აპირებთ თუ არა რეგიონების მასშტაბით მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნას?
_ რაც შეეხება რეგიონულ აქტივობებს, „+1 მოხალისე“ უკვე არის ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, ასევე მაღალი მომართვიანობის გამო იწყება კამპანია კახეთსა და სხვა რეგიონებში. „+1 მოხალისე“ გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ომსაც ყველა ერთად არ მოვიგებთ.

ნენე ინჯგია