მთავარი რელიგია დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

885
0
გაზიარება

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-41 (2019წ.); #2-7 (2020წ.)

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

არც ის იყო მართალი, თითქოს ნიკ. მამინაიშვილი იყო სარწმუნოების და ეკლესიურ ტრადიციების დამცველ „მცირე ჯგუფში“. ნიკ. მამინაიშვილი იყო ლეონიდის მომხრეთა ჯგუფში ცნობილ დავითაშვილის ხელმძღვანელობით. თვით ნიკიფორე იყო „სოციალ-ფედერალისტების“ პარტიისა და როგორც ასეთი „სოციალისტი“. ის ჯგუფურ, პირად ინტერესებს ატარებდა პირველ საეკლესიო კრებაზედაც… რაც კურსი დაუსრულებია, მას შემდეგ კაცი ერთხელაც არ ზიარებულა და კათოლიკოზი ამბროსი ამას ეკლესიის ტრადიციების დამცველად სახავს… გავასვენეთ ვერის სასაფლაოზე, სადაც ბავშვებმა და ორმა-სამმაც სიტყვები წარმოსთქვეს… სიტყვები… მხოლოდ სიტყვები ეხერხებათ დღეს… მაგრამ კათოლიკოზს არც ის ეხერხება და ანდერძის სახარება და შენდობის ლოცვა ვერ წაიკითხა, სულ კისერს იტეხდა და სირცხვილის ოფლში გავიწურეთ ყველანი… „ეგ რაღა უბედურებააო“, _ გაიძახოდა ხალხი…
პირველ საეკლესიო კრების წევრთა „მგლებად“ მონათვლაც იწვევს საზოგადოებაში მითქმა-მოთქმას! „ნამდვილი მგლები, თუ გინდათ, _ „ახალ სიტყვის“ კალმოსნები იყვნენ და არიანო, ერთი მათგანი, „რედაქტორი“, დეკ. ციცქიშვილი, კათოლიკოზმა ეპისკოპოსად დაგვისვა, ეს არის მგელი, ეპისკოპოსის ტყავში გახვეულიო“; ციცქიშვილი ხომ ბერად არ აღკვეცილა, მაშ ეს ბერის კუნკულა და მაჯაზე კრიალოსანი რაღას გაუკეთებია, _ ეს ხომ ნამდვილი თვალ-მაქცობააო! ან არა და განა თვით ამბროსის არ მოეხსენება თუ როგორ მეორე საეკლესიო კრებიდან გამოეყო ერთი ჯგუფი მღვდლებისა და ერის კაცთა, რომელთაც რაღაც ახირებული, აბდა-უბდა „კერძო აზრი“ წარადგინეს კრებაზე, რაღაც რეფორმაციასავით მოითხოვდნენ კრებისაგან, რაღაც პროტესტებს უცხადებდენ ვიღაცას, ხოლო ასეთ დოკუმენტზე ხელი ეწერა თვით დეკ. ქრ. ციცქიშვილს და დიდუბის მნათეს, თბილისის დეპუტატს იმ საეკლესიო კრებაზე _ დავით ნახუცრიშვილს. ეს „რეფორმაციული პროტესტი“ დაიბეჭდა სოციალ-ფედერალისტების ორგანო „სახალხო საქმეში“, გარნა ეს დოკუმენტი იმდენად უკუღმართი და ამრევ-დამრევი იყო ეკლესიურ ცხოვრებისა და „ტრადიციებისა“, რომელზედაც ლაპარაკობდა კათოლიკოზი ამბროსი მამინაიშვილის დასაფლავებაზე, რომ ეს ნაწარმოები „სახალხო საქმიდან“ მეორე დღესვე გადაბეჭდა სოციალ-დემოკრატების ორგანო „ერთობამ“ 1920 წლის ივლისის ნომერში! ამის შემდეგ, აღნიშნულმა ერისკაცმა დ. ნახუცრიშვილმა „სახ. საქმის“ გაზეთშივე გამოაცხადა, რომ მან შეცდომით მოაწერა იმ ქაღალდს ხელი, ის არ იზიარებს იმ დოკუმენტში გამოთქმულ აზრს. დეკ. ციცქიშვილს კი ასეთი განცხადება არც გაუკეთებია, არც უკან წაუღა და დღეს ეპისკოპოსობაც კი გაიკრა! ვინ იყო „მგელი“, 1-ლ საეკლესიო კრების წევრნი, თუ დეკ. ქრ. ციცქიშვილი _ ეხლა ამბროსისგან „მანგლელად“ ქცეული“?! ეს რა ცუღლუტობააო“, _ ბუტ-ბუტებდენ ზოგიერთნი საქმეში ჩახედულნი.

ევგენი ჭოღოშვილის ნაამბობი

ეს კაცი ქალთა მესამე გიმნაზიის გამგეა, ამის ხელ-ქვეით ვმსახურებ მე იმავ გიმნაზიაში; ეს კაცი დასწრებია 19 მარტს ციცქიშვილის ეპისკოპოსად კურთხევას სიონში; მეორე დღეს, 20 მარტს, გიმნაზიაში მისვლისას, _ ჭოღოშვილმა მიამბო სხვათა შორის შემდეგი: „ვდგევარ ტაძარში, ვისმენ წირვას და უცქერი თუ როგორ აკურთხებენ ეპისკოპოსს; ამ დროს ტაძარში შემოვიდა ორი რუსი, ერთი მათგანი რუსის მუჟიკის პოდიევკაში; ეს მოდის ჩემთან, თვალში მაცქერდება, მიცინის, ხელს მიწვდის და მეუბნება: „Åâãåíèé Àëåêñàíäðîâè÷ú, âû ìåíÿ íå óçíàåòå“? _ ვერ ვიცანიო! _ ß ïðîòîèåðåé Àëåêñàíäð Ðàçóìîâñêèé, ïðèøåë ïîñìîòðåòü è ïîçäðàâèòü î. Õðèñòîôîðà Öèöêèøâèëè ñú âîçâåäåíèåìú åãî âú ñàíú åïèñêîïà, _ îíú ìîé õîðîøèé äðóã-ïðèÿòåëю“!.. ეს ის რაზუმოვსკია, რომელიც თბილისის დედათა ეპარქიალურ სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა ექსარხოსმა ინოკენტიმ; ამ რაზუმოვსკისთან ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში მსახურებდა მღ. ილია შუბლაძე, შემდეგ „ახალი სიტყვის“ კალმოსანი _ „ახელი“, „ახუთელი“, ჯაჭვაძე და ასეთ ნიღაბ ქვეშ ამოფარებული პასკვილიანტი, _ ეს ნამდვილი „აზეფი“ _ პროვოკატორი, მაშინ დიაკონის ადგილზე გადმოიყვანა რაზუმოვსკისთან ცნობილმა დეკ. ი. ვოსტორგოვმა (1904 წელს), რაზუმოვსკისთან ეპარქ. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოში ეს მღ. შუბლაძეც საქმის მწარმოებლად შემოცოცდა, მკერდის ჯვარი მიაღებია დიაკონის ვაკანსიაზე გამწესებულ შუბლაძეს რაზუმოვსკიმ _ „ერთგულ რუსიფიკატორულ სამსახურისათვის“; ციცქიშვილი და მე ამ დროს (1913 წ.) სამღვდელოების წარმომადგენლებად ვიყავით არჩეული იმავ საბჭოში; ციცქიშვილიც მიიმხრო რაზუმოვსკიმ და შუბლაძემ, ციცქიშვილიც წარადგინეს ჯვარზე _ მკერდის ჯვარზე, ჰპირდებოდენ დაჯილდოება-დაწინაურებას; ამიტომაც იყო, რომ პედაგოგიურ სხდომებზე მხარს უჭერდა რაზუმოვსკის შავრაზმულ _ ჩვენდამი მტრულ მოქმედებას და როდესაც ერთ სხდომაზე მძლავრად შევებრძოლე რაზუმოვსკის, ვამხილე მისი უთანადო, უკანონო მოქმედება სასწავლებელში და მისს სამეურნეო გამგეობაში, ციცქიშვილი მწვდა ყელში და შემდეგი სიტყვებით გამოექომაგა დეკ. რაზუმოვსკის: „Вû î. Íèêèòà, î. ïðåäñåäàòåëþ ïðîïîâåäü ÷èòàåòå“! თავზარი დამეცა ასეთ სიტყვებისა გამო სამღვდელოების წარმომადგენლისგან, იქვე მიუბრუნდი და უპასუხე: „О. Õðèñòîôîðú, ÿ ïðîïîâåäü íå ÷èòàþ, à ïðîèçíîøó è òî âú öåðêâè, à çàìå÷àíèå ÿ íà çàñåäàíèè ïðèíèìàþ òîëüêî î. ïðåäñåäàòåëÿ, òàêîå çàìå÷àíèå ñòðàíî îòú ïðåäñòàâèòåëÿ äðóã. äóõîâåíñòâà“…თქო: ამ თაობაზე ზემოდაც მქონდა მოხსენებული, აქ ისევ მოვიგონე ეს ინციდენტი, რომ ნათელვყო დეკ. ციცქიშვილის ფარული სიმპატიები ვოსტორგოვის აგენტ დეკ. რაზუმოვსკისთან, რომელიც „მანგლელობას“ ულოცავს დღეს თვის _ „დრუგ-პრიატელ“ მამა ციცქიშვილს!

სიონის კანდელაკზე

ნაცვლად ამერიკაში გადასახლებულ (თავის ნებით) დეკ. იასონ კაპანაძისა, კათოლიკოზმა და მისმა სინკლიტმა მოიპატიჟეს ქუთაისის საკათედრო ტაძრის კანდელაკი პლატონ ცქიტიშვილი. ამას დასრულებული აქვს თბილისის სასულიერო სემინარია და ბოლო დროს დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიუხედავად ამისა არავითარ გონებრივ ან ზნეობრივ ძალას არ წარმოადგენს, არის მაღალი ტანისა, ხმა აქვს სასიამოვნო და შეხედულებაც რიგიანი. აი ამ კაცის „წართმევა“ მოისურვა კათოლიკოზ ამბროსიმ ქუთათელ ნაზარისაგან! მაგრამ ცქიტიშვილმა არ გასცვალა ნაზარი ამბროსიში, არც ქუთაისი თბილისზე და სიონზე! შემდეგ ბევრი ეხვეწენ სიონისავე დიაკონის ადგილზე ყოფილ მღვდელს ისაკ ჩეკურაშვილს (სემინარიელია), მაგრამ არც ამან ისურვა სიონის კანდელაკობა, ეს მონასტერი გააუქმა ლეონიდმა, ჩეკურაშვილს კი სურდა სამრევლო ეკლესიად ექცია ის, მაგრამ არც აქედან გამოვიდა რა და შიმშილმა აიძულა გასულიყო სოფლად, მარტყოფში მიიღო მრევლი; ეხლა აღარ ისურვა „სიონის კანდელაკობა“! ცხადია, მეტად მშიერი და უმადური ადგილია ეს „კანდელაკობა“, რომ ასე გაურბიან ყველანი! ეხლა ირკვევა, რომ დეკ. კაპანაძე გააძევა თბილისიდან დეკ. კ. ცინცაძემ. კაპანაძეს საკათ. საბჭოში ეჭირა კანცელიარიის გამგის თანამდებობა; მართალია ის გელათის საეკლესიო კრებაზე ცინცაძემ გააცურა ყინულზე და საკათ. საბჭოს წევრად აღარ ამოარჩევია, მაგრამ კანცელიარიის გამგედ მაინც დარჩა კაპანაძე და მძლავრადაც ერეოდა საქმეების განხილვაში; ლეონიდის დროს დიდი გავლენაც მოიპოვა მასზე და ამ ნიადაგზე დიდი შეტაკება მოსდიოდა დეკ. ცინცაძესთან; ამ შეტაკებებს ისეთი მწვავე ხასიათი ჰქონდა, რომ ლეონიდმა შვიდჯელ დემონსტრატიულად დასტოვა საკათ. საბჭოს სხდომა, ხოლო სამჯელ დეკ. ცინცაძემაც; ამ უკანასკნელმა ჯამაგირიან წევრობასაც კი თავი დაანება, ქაღალდიც შეიტანა, მაგრამ ლეონიდის დაღუპვის შემდეგ დეკ. კაპანაძეს ფრთები მოსტყდა, ხოლო ცინცაძე-თოთიბაძემ თავიანთი ამბროსი გამოიბეს კუდში და რაც სურთ, იმას აკეთებენ ეს ექსარხოსების დროის იონბაზები დღეს. დეკანოზმა ცინცაძემ „იტვირთა ჯამაგირიან წევრობასთან ერთად ჯამაგირიანივე კანცელიარიის გამგეობა საკათ. საბჭოში, ამ ორ თანამდებობასთან ერთად „სამოძღვრო კურსების“ დირექტორობაც მას მიეცა, ჩემ მიერ უარის განცხადების შემდეგ, ამასთანავე ბრძანდება ქვაშვეთის ტაძრის წინამძღვარი, აი, ამ ერთმა კაცმა მოიქცია თავის მუცელში ესე ყოველივე, ხოლო თოთიბაძე-ციცქიშვილმა კი გაერთიანებული ყოფილი სამხედრო ტაძრები ვერის ნიკოლოზით!..
ჰორიზონტზე გამოჩნდა ისევ დეკანოზი მიხეილ ფხალაძე, ყოფილი ზედამხედველი ყოფილ გორის სასულიერო სასწავლებლისა. ამ პიროვნებაზე ზემოდაც მქონდა ცოტა რამ აღნიშნული, თუ როგორ უყურადღებოდ ან საცოდავად იყო ის გარიყული სასულიერო სფეროდან. ამ ორი თვის წინეთ ის გაგზავნეს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ბოდბისხევის ერთ-ერთ სამრევლოში. ამ დიდ სოფელში იყვნენ თავის ნებით ან უკეთ რო ვსთქვათ, ხალხის ნებით მოწვეულნი მღვდლები, ეპისკოპოსის ნება-დაურთველად; ეს მოხდა იმიტომ, რომ ალავერდის ეპარქიის სამღვდელო კრებამ, ეპისკოპოზ პიროსის თავმჯდომარეობით ბოიკოტი გამოუცხადა სამრევლოებს, რომ მღვდელ-მოქმედებას არ აუსრულებენ ხალხს, თუ მრევლი არ მისცემს მღვდელს სამღვდელოების მიერ გამომუშავებულ ნიხრს დრამისას _ პურით, ფულით თუ სხვა სანოვაგით. ამ ნიადაგზე დიდი სამარცხვინო საქმეები დატრიალდა ხსენებულ ეპარქიაში 1918 წლიდან. ხალხმა გადაიბირა თავის მხარეზე რამოდენიმე მღვდელი და მიიწვია ისინი სამრევლოებში, სხვები კი გამორეკა სამრევლოებიდან. ასეთ მღვდლებს ეწოდათ „შეჭრილი მღვდლები“. ამათ წინააღმდეგ ვერ გასჭრა ვერავითარმა ზომებმა; ბოლოს 1921 წლის დეკემბერში ბოდბისხევში გაიგზავნა ამ საქმის მოსაგვარებლად საკათ. საბჭოს წევრი რაფიელ ივანიცკი; ამან მთელი თვე-ნახევარი დაჰყო ამ მხარეში, ხან ერთი მღვდლისას ქეიფობდა, ხან მეორესთან, ბოლოს თითქოს დაიმორჩილა „შეჭრილი“ მღვდლები, მათ პირობა ჩამოართვა, რომ სასულიერო მთავრობას დაემორჩილებიან და სხვა სამრევლოებსაც მიიღებენ, მონასტრის ეპიტიმიაც დააკისრეს, ხუთ-ხუთ და სამ-სამ ფუთი ხორბლითაც დააჯარიმეს ეს მღვდლები, მაგრამ ეს ყოველივე ხუხულასავით ჩაიშალა, დარჩა ივანიცკის მოხსენების ქაღალდზე და საკათ. საბჭოს „ჟურნალში“! ეს მღვდლები ისევ განაგრძობენ იმავ ადგილებზე ყოფნას! როდესაც ზემოაღნიშნული ფხალაძე გაგზავნეს ერთ-ერთ იმ სამრევლოში, შეხვედრია ხალხი და ლანძღვა-თრევით უკან გამოურეკნია ფხალაძეც, მთავარ-ხუცესიც და მათი საპატიო მხლებლებიც! ამ სახით სწარმოებს დღეს კახეთში ანარქია, რომელიც გამოიწვია უტაქტო, ღორ-მუცელა პიროს ეპისკოპოსმა! აი, ეს ფხალაძე დაბრუნდა ისევ თბილისში და ითხოვა სიონის კანდელაკობა! ეს ყველასგნით დაწუნებული, მშიერი ადგილი: კათოლიკოზი თითქოს სიამოვნებით მიეგება ამ თხოვნას, მაგრამ მეორე დღეს დაიბარა ფხალაძე და უთხრა, რომ ვერ მოგცემ მაგ ადგილსო! თურმე ფხალაძის წინააღმდეგ აღმხედრებულა სიონის დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე, რომელსაც ხელში უჭირავს ყველაფერი, ჰფლანგავს და იტაცებს სიონის ოქრო-ვერცხლ-მარგალიტებს იმ იმედით, რომ ევროპაში გაგზავნილ იქმნა სიონიდან მცხეთა-სიონის განძეულობა, ხოლო რა გაიგზავნა, რა დარჩა და რა ვინ მიითვისა ამ ფაცა-ფუცში, ეს მხოლოდ მარკოზმა იცის და მგონი დეკ. დიმ. ლაზრიშვილმაც! ამავ ტყემალაძეს მონარქიულად უჭირავს სიონის სანთლის ოპერაცია და სხვა საშვალებანი, სხვა წევრებს კრებულისას არ ჩაახედებს ხოლმე შიგა! ამიტომ აკადემიელ ფხალაძის შეეშინდა ექსარხოსების მონა-მორჩილ _ მიტროფორნი დეკანოზს ტყემალაძეს _ კბილი არ გამომჩიჩქნოს აქ, არ შემირყიოს მყუდროებაო და მაგრად დაუბეზღებია კათოლიკოზთან: „მე მაგასთან სამსახური არ შემიძლია, ეს მოუსვენარი, შეუთვისებელი კაცია, ეს ძმაა მღ. სიმონ ფხალაძისა, რომელიც დიდხანს დიაკონად მსახურებდა სიონში, ხოლო შემდეგ დიდუბის ეკლესიაში გაამწესეს მესამე მღვდლად, იქ დიდი არევ-დარევა შეიტანა, გააძევეს იქიდან და ეს ერთი წელიწადია რაც გარდაიცვალაო; ამისი ძმა აბა რა კაცი იქნებაო“! ამაზე აიყოლია ტყემალაძემ მესამე მღვდელი გიორგი ასათიანი, ამანაც დაურთო ზედ; ამაზევე დაურთო დ. დავითაშვილმა, საეპარქიო კანცელიარიის გამგემ, რომელთანაც ფხალაძეს სალამიც შეწყვეტილი აქვს; ამაზე დაურთეს ცინცაძე-თოთიბაძე-შუბლაძე-ციცქიშვილმა და კათოლიკოზი შეარყიეს, უარი ათქმევინეს ფხალაძეზე; ეს უკანასკნელი დაიბარა კათოლიკოზმა და უთხრა: „შენს წინააღმდეგ ამხედრებულნი არიან და ვეღარ მოგცემ მაგ ადგილსო“! ამაზე ფხალაძემ მიუგო: „თქვენო უწმინდესობავ, ყველაზე კარგად თქვენ მიცნობთ მე, რას აჰყოლიხართ სხვების ხმებს ჩემს შესახებ, ადგილი მიბოძეთ, ეხლა ვიღაცეების შეგონებით მართმევთ, მაშინ ისინი ყოფილან კათოლიკოზი და არა თქვენო“! ეს, რასაკვირველია, დიდ შეურაცხყოფად მიუღია კათოლიკოზს და თითქმის ხელითაც კი უჯიკავნია ფხალაძისათვის და გამოუგდია გარეთ! მეორე-მესამე დღეს კათოლიკოზმა ისევ დაიბარა ფხალაძე, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს მოლაპარაკება გაემართა ტყემალაძე-ასათიანთან; კათოლიკოზს გაუმწესებია კანდელაკობაზე დეკ. ფხალაძე და თან დაუძენია: „ისეთი რეზოლიუცია დავადევი შენს თხოვნაზე, რომ ვიცი გეწყინება, მაგრამ არა უშავს, მოითმინეო“!.. აგრეთვე უარი უთქვამთ ფხალაძისათვის საკათ. საბჭოს კანცელიარიის გამგის ადგილზე, ესე იგი მიუციათ მხოლოდ კანდელაკობა და სხვა არაფერი! ბინა კაპანაძისა უკვე დაუჭერიათ ვიღაც სტუდენტებს, ფხალაძეს დაუთმეს მხოლოდ ერთი ოთახი, სადაც არავითარი ავეჯი აღარ არის; კაპანაძეს კი ჰქონდა ჩემ მიერ 1919-ში გადაცემული მდიდარი ავეჯეულობა, რომელიც გადმოვზიდე სემინარიის შენობიდან _ ვაკიდან _ საკათ. საბჭოს განკარგულებაში! საიდან ვინ დაიტაცა ეს ავეჯეულობაб არავინ იცის; სიონის ახალ კანდელაკს კრაოტიც კი არ დაუტოვეს, რომ ზედ დაწოლილიყო! არც არა ფული მისცეს მას, რომ გადმობარგებულიყო და შიმშილით არ მომკვდარიყო! საკუთარი ზურგით გადმოზიდა ღამით უბედურმა თავისი ბარგი დიდუბიდან! არც კათოლიკოზმა იკითხა მაგისი გარემოება, არც დეკ. ტყემალაძემ! საკათ. საბჭო ამოდენა ფულს ანიავებს თვეში სანთლის ქარხნისას თუ სხვა საშვალებათაგან, რაფიელ ივანიცკის, რომელიც დღეს საპყრობილეში უზით კომუნისტებს, როგორც ნაციონალ-დემოკრატი, 80.000 მანეთს აძლევენ დღეში ბინა-განათების გარდა! მიხეილ ფხალაძეს კი არაფრით არ მოუმართეს ხელი! საინტერესოა როგორ მოეპყრობოდენ ქუთათელ კანდელაკ ცქიტიშვილს, რომ ის გადმოსულიყო ამ ადგილზე! მე დარწმუნებული ვარ, რომ იმას კარგად მოაწყობდენ და საკათ. საბჭოში გამგის ადგილსაც მისცემდენ! ასეთი ქცევით, ასეთი მიღებით, აბა რა გულით და ხალისით უნდა იმსახუროს ამათში კაცმა?! მშიერ-მწყურვალი ფხალაძე ვნების კვირაში ჩემსა შემოდიოდა ხოლმე ჩაის სასმელად და ლუკმა პურისათვის; შვილები ამ საცოდავს ღარიბთა თავშესაფრებში ჰყავს დაქსაქსული!!. ასე ეპყრობიან ნასწავლ და მომზადებულ პირს და ესენი მოაწყობენ „სამოძღვრო კურსებს“ და ახალ პირებს აღზრდიან?!. ცხადია, ტყემალაძეს და სხვებსაც ის აზრი აქვთ, რომ თვით ფხალაძემ უარი სთქვას მიღებულ ადგილზე და გაშორდეს აქაურობას…

აპრილის 16 ახ. სტ. აღდგომა ქრისტესი (3 აპრილი ძვ. სტ.)

აღდგომა დღეს კათოლიკოზი მწირველი ბრძანდებოდა სიონში _ „მანგლელი“ ყოფილ სამხედრო ტაძარში. მგალობელთა გუნდი ეს ნახევარი წელიწადია მზადდება ვინმე პაპიაშვილისაგან, რომელიც რაფიელ ივანიცკიმ წამოაყენა, როგორც მცოდნე პირი. ფულს აძლევენ საბჭოდან _ სანთლის ქარხნის ფულს, უნდა ეგალობათ შობას, მაგრამ მზად არ იყვნენ; ემზადებოდენ საბზობოდ და სააღდგომოდ; ბზობას ჩაშლოდათ გალობა, აღდგომის გალობა სულ მზადა მაქვსო, _ უთქვამს; ნახევარი გუნდი სიონში იგალობებს, ნახევარიც სამხედრო ტაძარშიო; კათოლიკოზიც დაიმედებულა ამით და „მანგლელიც“; ამიტომ ერთმაც და მეორემაც უარი უყვეს ლოტბარ კოტე ფოცხვერაშვილს, რომელსაც მთავრობის გუნდი ჰყავს შედგენილი, ოთხ ხმაზე აგალობებს, ქართულ ჰანგებზე; ეს მუქთად, უსასყიდლოდ იგალობებდა; პაპიაშვილი კი სლავიანურ გალობას აქართულებს, ქართულ სიტყვებს უწერს ნოტებს და დიდ ფულს თხოულობს _ საკათ. საბჭოდან 5 მილიონს, სიონიდან 2 მილიონს და სამხედრო ტაძრიდანაც 2 მილიონს თვეში! ჯერ კი არა იცის რა, არც გუნდი ჰყავს მზად და უკვე აუღია საბჭოდან 5 მილიონი! აღდგომას ისე არევ-დარევია სიონში გალობა და წირვა კათოლიკოზს, რომ ხალხი უკმაყოფილოდ უკან გამორბოდენ, ანჩისხატში შემომიერთდენ, _ ფოცხვერაშვილის გუნდი ჩემთან გალობდა უსასყიდლოდ! დიდ-ძალი ხალხი დამესწრო, ცისკრის გათავებისას წარმოვსთქვი „აღდგომაზე“ სიტყვა _ ჯერ რელიგიური, შემდეგ გადავედი ზნეობრივ მხარეზე, შემდეგ პოლიტიკურ-პუბლიცისტიური მიმართულება მივეცი, აღვნიშნე კაცობრიობის აღრევა, დიდ ომიანობის (1914 წ.) შედეგები, თუ როგორი ცრუ მიმართულება მიიღო თანამედროვე კულტურამ, რომელმაც პირი იბრუნა ქრისტიანულ სარწმუნოებისა და ზნეობისაგან; როგორ მოპირქვავდა დიდი რუსეთი, როგორ დაიმსხვრა კარლ-მარქს-ენგელსის სამშობლო გერმანია, რა რყევაშია საფრანგეთი, ინგლისი და მთელი მსოფლიო. ეხლა მოშლილი მექანიზმი თანამედროვე კაცობრიობის სოციალურ-პოლიტიკური ურთი-ერთობისა ლამობს აღდგენას გენუის კონფერენციაზე მოლაპარაკებით; მაგრამ სადაც გულწრფელობა არ არის, სადაც არ არის ერთმანეთის ნდობა, სადაც არ ირკვევა ქრისტეს ახალი მცნება _ სიყვარულისა, სადაც არ სუფევს ღვთის შიში და ადამიანის მორიდება, იქ ისეთივე მარცხით დასრულდება ყოველივე, როგორც დამარცხდენ _ ქრისტეს დროს მღვდელ-მთავრები, ფარისეველნი, მწიგნობარნი, მოხუცებულნი, პილატე, თვისი დიდებულ რომის სამართლით, გოლგოთის მთაზე აღმართულ ჯვარზე, რომელზედაც მათ მიალურსმეს უმანკოება, გულწრფელობა, სიყვარული, სიბრალული და სხვა ყოველგვარი სათნოებანი, რომელიც ათბობს ადამიანის სულსა და გულს, აკეთილშობილებს მის ბუნებას და გამოჰყავს ისევ ნამდვილ _ ჭეშმარიტ მოქალაქობრივ სარბიელზე…
…აღვნიშნე ცბიერება ჭეშმარიტების და სიმართლის მტერთა, თუ როგორ ქრისტეს მოძულეებმა, მის მკვდრეთით აღდგომის პირველ მოწამენი _ საფლავის მცველნი, ამათი ვეცხლით მოსყიდვა განიზრახეს, მოისყიდეს კიდეც, ცრუ ხმები გაავრცელეს, რომ მათ სიცრუეს ან ცუღლუტობას ხალხში კიდევ ჰქონდა მოსავალი! მაგრამ არა არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადდეს თქო…
ქადაგება ექსპრომტად ვსთქვი, დიდის აღფრთოვანებით ვამბობდი, გაიტაცა მსმენელნი ამ აღფრთოვანებამ, თანამედროვე ცხოვრების სიდუხჭირის მხილებამ და ტაში დამიკვრეს ტაძარში…
მეტად არეული და ულაზათო წირვა ჰქონებოდა „მანგლელსაც“ სამხედრო ტაძარში, აქაც პაპიაშვილის გუნდი ხან ქართულად, უფრო მეტად რუსულად გალობდა, თვით „მანგლელი“ თვისი თოთიბაძით რუსულად სწირავდა; ხალხი კი სულ ქართველობა იყო, დიდი პროტესტი გამოუცხადებიათ „მანგლელისათვის“! ერთ ვინმე ბარათაშვილს უშვერი სიტყვით მოუხსენებია პირშივე ჩვენი „მანგლელი“! „რუსული წირვა რუსებს უფრო ეხერხებათ, ესენი აქ რასა ჩმახავენო“, _ გაიძახოდა ხალხი.

17 აპრილი

დღეს მიცვალებულთა მოხსენების დღეა; ხალხი და სამღვდელოება გადიან სასაფლაოებზე, ჩვენი „მანგლელი“ ეპისკოპოსი ქრისტეფორე, მიტრით და ომფორით მართული, ხელში საცეცხლურით, ფრიალ-ფრიალით დარბოდა ვერის სასაფლაოზე _ საფლავებს უკურთხებდა ხალხს, შემდეგ საფლავებიდან კვერცხებს აგროვებდა საკუთარი ხელით! „მეტად სამარცხვინოდ უჭირავს თავი ამ დალოცვილს, ეს რა ხარბი _ გაუმაძღარი ვინმე ყოფილა, თქვენი ჭირიმეთ, _ გაიძახოდენ დედაკაცები, ჩვენვე მივართმევდით, თვითონ რას იტაცებს, _ ეს რა ეპისკოპოსიაო“… იმ დღესვე ნათლა და ნათლა ბავშები ტაძარში და სალფეთქებში ფულები აღარ ეტეოდა, ხან ერთ ჯიბეში ჩაიტენიდა, ხან მეორეში. მართლაც შეიქმნა მეტად სამარცხვინო მდგომარეობა: ეპისკოპოსი მღვდლის შემოსავლის წილზე, დეკანოზ თოთიბაძის წინამძღვრობით! თან ასეთი სიხარბე-გაუმაძღრობა! ეს არის ჩვენი ამბროსის უთაობა…

19 აპრილი

ოთხშაბათია; დაბარებულნი ვართ კათოლიკოზის მისალოცათ სამღვდელოება; მობრძანებულა „მანგლელიც“; მთავარ-ხუცესი დიმ. ხახუტაშვილი შეიმოსა, კათოლიკოზს სამღვდელოების სახელით მიულოცა, შემდეგ მცირე პარაკლისი იხადა, კვერექსში და მრავალჟამიერში „მანგლელი“ არ მოიხსენია; კათოლიკოზმაც სიტყვით მოგვმართა, შაბლონურად, უნიჭოდ და უგულოდ; შემდეგ თვითოული მივედით, ხელზე ვემთხვიეთ კათოლიკოზს, ხოლო „მანგლელს“ ბევრმა არ ემთხვია ხელზე, დემონსტრატიულად უკან გამოვბრუნდებოდით ხოლმე… კათოლიკოზი ამით ნაწყენია…

20 აპრილი

ხუთშაბათია; დეკ. კ. ცინცაძემ „სამოძღვრო სკოლის“ „პროფესორები“ დაგვიბარა; შევიკრიბენით: დეკანოზები: მ. ტყემალაძე, მ. ფხალაძე, ი. შუბლაძე, გ. გამრეკელი, ნ. თალაქვაძე, დეკ. კ. ცინცაძე; ელოდებიან „მანგლელს“, ეს „პროფესორია“; შემოვიდა, წამოვიშალენით ყველანი, ყველანი ხელზე ემთხვიენ, მე მხოლოდ თავი დაუკარი და განზე დავდექი, ისევ დემონსტრატიულად არ ვემთხვიე ხელზე. ჩემში ჯერ-ჯერობით „მანგლელი“ ვერ იწვევს ვერავითარ სასოებას, ამიტომ სინდისი ნებას არ მაძლევს ხელზე ვემთხვიო! ამისი ცოდვა-ბრალი ედოს იმათ, ვინც ასეთ მომენტში ასეთი კაცი ეპისკოპოსად დაგვისვა. კათოლიკოზს დეკ. ფხალაძისათვის მიუცია რეზოლიუცია სიონის კანდელაკობაზე მეტად უაზრო და უმართლო: „ჩემამდე ხმები მოვიდა, რომ შენ მეტად შეუთვისებელი კაცი ყოფილხარო, ამიტომ სასტიკად გაფრთხილებ, რომ თუ ეს ხმები გამართლდა სასტიკად დაგსჯიო“ და სხვა…
საკვირველია! ასეთ „ხმებზე“ და ჭორებზე მიწასთან ასწორებს დეკ. ფხალაძეს, ხოლო „ახალი სიტყვის“ ყოფილი რედაქტორი, თბილისის სამღვდელოების მიერ არაერთხელ, ხოლო უკანასკნელად 16 თებერვალს ხმა- მაღლა განკიცხული დეკ. ქრ. ციცქიშვილი ეპისკოპოსად წამოგვაჯინა თავზე!!! აქ სად არის უბრალო მართებულება და სამართლიანობა…
ცინცაძემ მოგვახსენა: „დღეისწორ ხუთშაბათს გაიხსნება კურსები, ხუთი კაციც რო გამოცხადდეს, კურსები მაინც გაიხსნებაო; თქვენი პროგრამები მივიღეო, მაგრამ როგორ მოეწყობა სწავლების საქმე ან ვისთან გვექნება საქმე ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთო“. შემდეგ მიუბრუნდა „მანგლელს“: „თქვენი მეუფება ახლო ხანში კათოლიკოზის მიერ გაგზავნილი იქნება სარევიზიოდ გორის მაზრაში და შეიძლება სამუდამოდაც იქ ჩარჩეთო“; „მაშ, შემოვიტან ოტსტავკას მასწავლებლობიდანაო“, _ ბრძანა „მანგლელმა“; „რა გეჩქარებათ ოტსტავკის შემოტანაო“, _ უპასუხა ცინცაძემ და დავიშალენით… ცხადია, ამბროსის სურს თავიდან მოიშოროს „მეკვერცხე“ „მანგლელი“…

27 აპრილი, ხუთშაბათი

გუშინ, 26 აპრილს, იყო მორიგი კრება თბილისის სამღვდელოებისა, მე კრების დასასრულს მივედი; ღირსშესანიშნავი არა ყოფილა კრებაზე განხილული; კრების დასასრულს მთავარ-ხუცესმა გამოაცხადა, რომ ხვალ, ხუთშაბათს, სამოძღვრო კურსების გახსნა მოხდება და ვსთხოვ სამღვდელოებას დაგვესწროსო.
შუადღის პირველ საათზე შეგროვდა თბილისის სამღვდელოება, თუმცა ძლიერ ნაკლებად; მობრძანდა კათოლიკოზიც, დაესრო „მანგლელიც“! შევიმოსეთ. კათოლიკოზთან საკათ. საბჭოს დარბაზში დეკანოზები _ მ. ტყემალაძე, კ. ცინცაძე, მ. ფხალაძე და მე; კურსების გამგე დეკ. კ. ცინცაძემ უფერული სიტყვით მიმართა კათოლიკოზს ამ „კურსების“ გახსნისა გამო: „ეს მეხუთე წელიწადი სრულდება, რაც საქართველოს ეკლესია თავისუფალია, ხოლო დღეს იწყება მისი ნამდვილი არსებობა, ლეონიდე კათოლიკოზის სახელობაზე სამოძღვრო კურსების გახსნითაო; ძველად საქართველოს ჰქონდა გრემ-იყალთო, თელავ-თბილისის, გელათ-ქუთაისის სემინარია-აკადემია-სასწავლებლები, მაგრამ ისინი ისეთი სასწავლებელნი იყვნენ, რომ საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად საზოგადო განათლებასაც დიდი ადგილი ეჭირა და ამასთანავე ეს სასწავლებლები თუ სავსებით არა, უმეტესწილად სახელმწიფოს ხარჯით ან დახმარებით ინახებოდენო, ეს ჩვენი „კურსები“ კი წმინდა პროფესიონალური სასწავლებელია და ის სულ საკუთარ ჩვენს ხარჯზე უნდა შევინახოთო; ეს კურსები უზრუნველყოფილია მხოლოდ ფრიად მომზადებული მასწავლებლებით (გვიგულისხმეთ ჩვენ!!!), ის არ არის უზრუნველყოფილი არც ნივთიერად და არც მოწაფეების მხრივ; სულ დღემდე კურსებზე ჩაწერილან 12 სული, მათგან დღეს გამოცხადდენ მხოლოდ ოთხი კაციო [ამ ოთხში ერთი დიმიტრი ლაზრიშვილის ვაჟია, ქვაშვეთის მთავარი ანტოშკა ლაზრიშვილი _ პსიხოპატი _ ჭკუა-მხიარული, მეორე ვიღაც ქართლიდან ჩამოსულა, მესამე ფოსტის მოხელე ბარნაბიშვილია, მეოთხეს კი მე არ ვხედავდი იქ.], მაგრამ იმედია, რომ თანდათან მოგვემატება და გავაჩაღებთ მეცადინეობასაო. „ქრისტე აღსდგა თქვენო უწმინდესობაო“! _ დაასრულა დეკ. ცინცაძემ. ამაზე კათოლიკოზმა უპასუხა _ „ჭეშმარიტად აღსდგა“ და წარმოსთქვა გრძელი და მეტად ულაზათო-უფერული სიტყვა: ის აზრი გაატარა, რომ სხვის მასწავლებელს და დამრიგებელ მოძღვარს, თვითონაც უნდა ესმოდეს და გაეგებოდეს რაიმეო. აღნიშნა ჩვენი სამღვდელოების დიდ-უმეტესობის უვიცობა-უდისციპლინობა-უზნეობა. მოიხსენია, რომ დავით აღმაშენებლის ტახტზე აღსვლის დროს „ყოველივე უსჯულოება და უწესობა“ სამღვდელოებისაგან წარმოსდგებოდაო, მაგრამ იმავ მეფობაშივე სასტიკი ზომებით გამობრუნებულ იქმნა საქმე და გაჩაღდა ეკლესიური ცხოვრებაო. ეხლაც შესაძლებელია ესევე მოხდეს თუ საერთო ძალ-ღონით და თანხმობით საქმეს შეუდგებითო. მე დარწმუნებული ვარ, ყოველგვარ დაბრკოლებებს გადავლახავთ და ეს კურსები საღვთისმეტყველო სემინარიად გადაკეთდებაო~… შემდეგ დავიშალენით. ამ დროს დეკ. თოთიბაძემ მოახსენა კათოლიკოზს, რომ „ვერის სამრევლო სკოლაში რო სკოლის პარტები იყო და ამ კურსებზე უნდა გადმოგვეტანა, ეს პარტები მთავრობამ უნდა ჩამოგვართვასო, მოვიდა ვიღაც მთავრობის მოხელე და ერთი ალიაქოთი დამაყენაო, უსათუოდ ვიღაცამ დაგვაბეზღაო“… ამაზე ზოგიერთებმა ჩაილაპარაკეს _ „ალბად თვითონ მიჰყიდა ბოლშევიკებს ეს პარტები და ეხლა სხვას სდებს ბრალსაო“… ასე მოწამლულია ჩვენში ატმოსფერო…
გუშინვე გავრცელდა და ტელეგრამებიც მოვიდა, რომ პიროს ალავერდელს თელავში წვეთი დასცემია (დამბლა, ფეხის ალაგში წაქცეულა კვირას _ გათენების ხანს), უკანასკნელ წუთებს განიცდისო, _ დღეს იწერებიან თელავიდან წერილებს. ალბად მალე გარდაიცვლება და შეიქნება ამაზედაც ერთი მიხლა-მოხლა. ეს ჩვენი „მანგლელი“ შეიძლება თელავისაკენ გაექანოს თუ გორის მაზრაში არ მიიღეს. დიდი უბადრუკი ვინმე ყოფილა ეს „მანგლელი“; სამშაბათს _ 25 აპრილს, ვერაზე ვიყავი მიპატიჟებული სტუდენტ ზაალიშვილის დასაფლავებაზე, გავასვენეთ მე და თოთიბაძემ, შუა წირვაზე შემოვიდა „მანგლელი“, წირვის გათავებისას შეიმოსა მანტია-ომფორი და ქადაგება წარმოსთქვა ისეთი უხალისო, ისეთი უაზრო და სამარცხვინო, რომ დავიტანჯეთ მსმენელნიც და თვითონაც! ეს რა უნიჭობაა! ეს რა თავხედობაა ასეთი სიტყვით ასეთ საზოგადოების წინაშე გამოსვლა!.. არც არავის უთხოვნია, ისე ანდერძი აუგო ორ მიცვალებულს ზედი-ზედ! ხალხი განცვიფრებული შესქცეროდა: „ეს რა უხეში ვინმეაო“!.. საფლავის პირზე სტუდენტობამ ცხარე სიტყვები წარმოსთქვეს დაკარგულ ამხანაგზე, მათ შემდეგ მეც წარმოვსთქვი ორიოდე სიტყვა, დასკვნა გაუკეთე ყველა წარმოთქმულ სიტყვებს და აღვნიშნე საიდუმლოება მსოფლიოსი, მისი სიდიადე და მასში ადამიანის მოქმედება-მოქალაქობა _ მიზანი ცხოვრებისა!.. განვმარტე თუ როგორ უნდა ვეგებებოდეთ ასე უდროო სიკვდილს ადამიანისას!.. ამ დროს დეკ. თოთიბაძე, თვით „მანგლელი“ და მათი მესამე მღვდელიც საფლავებს უვლიდენ ზოგი მანტია-ომფორით, ზოგი ოლარ-საცეცხლურით, პანაშვიდებს იხდიდნენ, ფულებს და წითელ კვერცხებს აგროვებდენ (ეს დღეს მიცვალებულის „მოხსენების“ დღე იყო)… ხალხი მწარე ღიმილით უცქეროდა „მანგლელის“ საფლავიდან-საფლავზე გადასვლას და ფულების აკრეფას… მიცვალებული კი მე მიმიტოვეს, მე მივაბარე ის მიწას…

28 აპრილი. პარასკევი.

ეპისკოპოს პიროს ალავერდელის გარდაცვალება.

დღეს, საღამოს ხუთ საათზე, სამოძღვრო კურსების გაკვეთილებს უნდა შევსდგომოდით, დაბარებულნი ვიყავით „პროფესორებიც“ (ასე გვეძახიან ყველანი დაცინვის კილოთი) და „კურსანტებიც“. გამოვცხადდით ყველა „პროფესორები“, დაგვიხვდნენ სამი „კურსანტი“. მაგრამ სწავლას ვერ შეუდექით დღეს, კურსების დარბაზის წინა ოთახში დაგვიხვდა თვით კათოლიკოზი, რომელიც ებაასებოდა თვის კანდელაკს ფხალაძეს და დეკ. გ. გამრეკელს და მ. ტყემალაძეს; შენდობა რო ავიღე, მაცნობეს, რომ ეპისკოპოსი პიროსი დღეს დილის ათ საათზე გარდაცვლილა თელავში, ტელეგრამა მოვიდა, ასაფლავებენ ზეგ, კვირასაო. პირჯვარი გადავიწერე, დავინანე საბრალო ადამიანი, რომელიც თვისი გაუმაძღრობის მსხვერპლი შეიქმნა. იყო წონით 9 ფუთი, დაბალი და მსხვილი, წარმოუდგენლად დიდი მჭამელი და მსმელი, ვერ უთავდებოდენ საჭმელ-სასმელით, შვიდ ბოთლ ღვინოს რო დალევდა ცოტა, მაშინ შეეტყობოდა შექეიფიანება, თორემ ზოგჯერ ვედროზე მეტსაც დალევდაო, _ ბრძანა თვით კათოლიკოზმა, _ ორი ბოთლი ისეთი ღვინო ჩამომიტანა ამ ბოლო დროს თელავიდან, რომ წამლად სახმარი იყოო, თუ ასეთი ღვინოთი იკლავდა წყურვილს ყოველდღე, მიკვირს, ამდენ ხანს როგორ იცოცხლაო, _ დააბოლავა კათოლიკოზმა და დაუმატა, რომ კახეთში მსახურ ეპისკოპოსს მგონი ყველას ასეთი ბოლო მოელის, _ იქ ბევრი ღვინო და არაყიაო. ამაზე მე უპასუხე: „თქვე დალოცვილო, ყველა ეპისკოპოსმა როდი უნდა დალიოს თქო“! _ გაიცინეს. შემდეგ დეკ. ცინცაძე მოვიდა, იმასაც მოახსენეს გარდაცვალების ამბავი, არც გაიკვირვა და არც პირჯვარი გადაიწერა! ეს ცინცაძე კი დიდი მესაიდუმლე და მეგობარი იყო პიროსისა! ღვინოსა და სანოვაგესაც უგზავნიდა კახეთიდან… შემდეგ კაცი გაგზავნეს „მანგლელის“ დასაძახებლად, „მანგლელიც“ მობრძანდა, ის „მანგლელი“, რომლის ხიროტონიაში მონაწილეობა მიიღო უბედურმა ეპ. პიროსმა 19 მარტს _ ამ ერთი თვის წინეთ! „მანგლელმაც“ პირჯვარი არ გამოისახა. ვდგევართ ყველანი ფეხზე, კათოლიკოზმა ბრძანა _ „მანგლელი“ უნდა წავიდეს თელავში ეპ. პიროსის დასაკრძალავად, კახეთის მატარებელი გადის ხვალ _ შაბათს ადრე დილითო. „მანგლელმა“ თავი ძირს დაჰხარა და იკითხა, _ ეპისკოპოსი ღვდლის ანდერძით უნდა დასაფლავდეს თუ სხვა რამ წესი აქვს კიდეო?.. ამაზე მიუგეს, რომ მღვდლის ანდერძითო. შესამოსელი და ყველაფერი იქ იქნება, აქედან არაფრის წაღება არ დაგჭირდებათო. ამ სახით „მანგლელს“ გზავნიან თელავში მარტოდ-მარტოდ! მხლებელსაც კი არავის აძლევენ! ერთხანს ყური უგდე _ აბა, რას იზამენ, კიდევ რას მოისაზრებენ თქო და რო აღარაფერი სთქვეს, მაშინ მე შევნიშნე: „თქვენო უწმინდესობავ, მარტოდ-მარტო, უმხლებელოდ, ეპისკოპოსის აქედან თელავში გაგზავნა უხერხული იქნება, როგორც ჩვენთვის, ისე თვით „მანგლელისათვის“ თქო“, _ ვინმე ვაახლოთ მას თქო; ამაზე დეკ. ტყემალაძემ განაცხადა: „ორი კაცის აქედან მგზავრობა ბევრი დაგვიჯდებაო“; _ ამაზე მიუგე: „ბევრ რაიმე უმნიშვნელო საგნებზე ხდება აქ დიდი ხარჯი და ასეთ საქმეზე მით უფრო არ არის დასანანი, აბა რას ემგვანება, რას იტყვის იქაური სამღვდელოება თუ საზოგადოება, რომ აქედან ერთად-ერთი ეპისკოპოსი მიუვათ, _ სხვა არა იყოს რა ეს თვით ეპისკოპოსის პრესტიჟის დაცემა იქნება. ან იფიქრეთ იმაზე, რომ პიროსის შესამოსელი „მანგლელს“ კოჭებამდეც კი არ მოუვა, ერთი მიტრაა იქ და ის მიცვალებულს უნდა დაჰხუროთ, ამან რაღა უნდა დაიხუროს თქო“!.. ამის შემდეგ კათოლიკოზმა თითქოს ნეკზე იკბინა და განაცხადა: „საკათ. საბჭოს წევრები შევიდეთ ცალკე და იქ ვითათბიროთო“! შევიდნენ _ დეკანოზები ტყემალაძე-ცინცაძე, კათოლიკოზი და მანგლელი, ჩვენ კი _ „პროფესორები“ ღირსიც კი არ გაგვხადეს, რომ ამ „თათბირს“ დავსწრებოდით. დავრჩით ხახა-მშრალნი, ერთმანეთს შევხედეთ და სიცილი აგვიტყდა, ამ დროს დეკ. ი. შუბლაძეც ჩვენთან იყო. მიუბრუნდი და უთხარი: როგორ მოგწონს, მამაო ილია, ასეთი საქციელი, ჩვენ რო თათბირზე მივეწვიეთ, განა ამით საკათ. საბჭოს კედლები ჩამოცვდებოდენ თქო?! _ თვითონაც ნაწყენი იყო, _ „ეს რა დაკეტილ ყუთად გადააქციეს საკათ. საბჭოო“, _ სთქვა მან. დეკ. ფხალაძემ დაიწყო კათოლიკოზის მართლება, _ „ჩვენ ფორმალურად ნება არა გვაქს დავესწროთ საკათ. საბჭოს სხდომასაო“, ამაზე უპასუხე: „აბა სად სწერია, რომ საკათ. საბჭოს სხდომები ან თათბირი დახურულია ან არა და ჩვენ რა ისეთი გარეშენი ვართ, რომ თათბირზედაც ვერ მიგვიწვიეს, მაგრამ ეს იმისი ნიშანია, რომ ეს ხალხი _ ექსარხოსების აგენტებია, მათი მსოფლმხედველობა მეტად ვიწროდ არის შემოხაზული, ესენი დღევანდელ დროს სრულებით არ შეესაბამებიან, _ მოკვდა ეპ. პიროსი კი არა, კვდება ამათ ხელში ჩვენი ეკლესია თქო“… რო დავასრულე ეს ლაპარაკი, გამოვიდა დეკ. ცინცაძე და მითხრა: _ „კათოლიკოზი გიბრძანებსო“! შეველ დარბაზში, სადაც კათოლიკოზთან ისხდნენ „მანგლელი“ და დეკ. ტყემალაძე. კათოლიკოზმა წინადადება მომცა: „მამაო ნიკიტა, თქვენ უნდა წაჰყვეთ თელავში „მანგლელსაო“! სახტად დავრჩი ამ წინადადებაზე: მე ვეახლო „მანგლელს“, რომლისგან ჯერ შენდობა არ მიმიღია! თავში უცბად გამიელვა: „ეს რა ხალხია, ვისთან მაქვს საქმე“? მაგრამ იქვე მიუგე: სამსახურის გარემოება ნებას არ მაძლევს, ამჟამად ქალაქიდან გავიდე თქო, აი მამა ცინცაძე _ მეგობარი განსვენებულისა, თუ არა და მამა მიხეილ ფხალაძე, კანდელაკი მისი უწმინდესობისა და თვით იმ კუთხის ადამიანი, ეს უფრო გამოსადეგი იქნება თქო და გამოვედი. მართლაც „მანგლელს“ აახლეს ეს ფხალაძე, შესამოსელიც უნდა წაიღონ და მიტრაც! სჩანს დაუჯდათ ჭკუაში ჩემი რჩევა. დეკ. ტყემალაძემ გადმომილაპარაკა: „აი მარჯვე დრო, რომ დეკ. მ. ფხალაძემ ეპისკოპოსობა მიიღოსო“! ტყემალაძეს ამ ფხალაძის თავიდან მოშორება სურს, სიონი თურმე მარტო სურს სახრავად ჰქონდეს, ხელს უწყობს სიონის სამრევლოდ გადაქცევას, კათედრას კი ყოფილ სამხედრო ტაძრისაკენ ერეკება _ თოთიბაძისაკენ, თვით მხოლოდ ნივთიერი უზრუნველყოფა აინტერესებს, სიონში ორი მღვდელი და ერთი დიაკვანიც კმარაო, _ ამბობს თურმე. ყოველ შემთხვევაში საქმე ისე ეწყობა, რომ ალავერდელობაზე სერიოზულ კანდიდატად იქნება წამოყენებული ეს დეკ. ფხალაძე, მასაც სურს, საღამოზედ შემოვიდა ჩემსა და მეთათბირა. მე გაუპირდი, გავამხნევე, ურჩიე განიცადენზე ქადაგება წარმოსთქვი, თემა მივეცი, განუმარტე თემის შინაარსი: რა არის ეპისკოპოსობა, მწყემსი და სამწყსო? რით იყო ძველად მტკიცე და შეუდრეკელი კახეთი?! ქრისტიანული სიმტკიცე და ზნეობრივი სიფაქიზე ძველ მღვდელ-მთავრებისა და თვით ხალხისა, ქეთევან კახთა დედოფლის შარავანდედი და ასეთი მოტივებით შეზავება ქადაგებისა, რომ მსმენელნი აღფრთოვანდენ… მივეცი სხვა დარიგებანიც, რამოდენიმე წერილიც გავატანე ზოგიერთ მღვდლებთან თელავში, სადაც წინადადებას ვაძლევ _ ეს კაცი ამოირჩიონ ალავერდელად, უღირსი პირი არ შეეპაროთ ეპარქიაში თქო…
ალბად ამ ეპარქიაზე ბევრი გამოაჭუტებს თვალებს. ვნახოთ რა იქნება, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო კანდიდატი ეს ფხალაძე იქნება, თუმცა რაღაც უნდილი, დაუმუშავებელი პიროვნებაა, არა აქვს არავითარი მოქალაქობა…

29 აპრილი

დღეს შემთხვევით ქუჩაში შემხვდა ვერის წმ. ნიკოლოზის მღვდელი _ ვასილ მატათაშვილი. ამან მიამბო, რომ 27 აპრილს, ხუთშაბათს, კათოლიკოზი ესტუმრა დეკ. თოთიბაძეს, ეპ. პიროსის ავათმყოფობის გამო თათბირი გამართეს დეკ. კ. ცინცაძის თანადასწრებით; ალავერდის ეპისკოპოზად „ვირგლა“ _ ციცქიშვილი სურთო, ასეც გადასწყვიტეს თათბირზეო! ეს ამბავი რო გავიგე, დეკ. თოთიბაძეს შევსჩივლე: „მამაო ანტონ, რაღა გვეშველება, რომ ქრისტეფორეს გვართმევენო“! ამაზე თოთიბაძემ მიპასუხა: „ჯანაბაშიც წასულა, ჩვენ რა, უმაგისოდ რა დაგვიშავდებაო“? აი, ასეთია ამ ხალხის მეგობრობა: „კბილი თეთრი და გული შავიო“! ამათ ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა როდი აქვთ, _ ერთმანეთს ელაქუცებიან, ნამდვილად კი სძაგთ ერთმანეთიო. კათოლიკოზი ხშირად გამოისეირნებს თოთიბაძისაკენ, აქ დროს ატარებენ სმა-ჭამა-ლაზღანდარობაში… იმ დღეს, ციცქიშვილი რომ ეპისკოპოსად აკურთხეს, სადილი ჩემს ბინაზე იყო გამართული, რასაკვირველია, ვერის ეკლესიის ხარჯით, კათოლიკოზიც ბრძანდებოდა, ეპ. პიროსი, კ. კეკელიძე, თოთიბაძე, თვით „მანგლელი“, ბევრი სვეს ღვინო; ეპ. პიროსმა ჰკითხა „მანგლელს“, სადაური ბრძანდებიო, _ ქართლელი თუ იმერელიო, ამაზე მანგლელმა უპასუხა: „ჩემი ძველნი ოსები ყოფილანო“; „მიტომაც არის რომ „ხან ასე ხარ და ხან ისეო“, _ უხუმრა „მანგლელს“ ალავერდელმა; ჩემი ბინა ვერის ეკლესიის ეზოს კუთხეში მიფარებული, დაღმართში, მეტად საიდუმლო ადგილია ასეთ გვამთა საქეიფოდ და ხშირადაც იკრიბებიან აქ, რა ენაღვლებათ ეკლესიის ფულები! აი, ეხლაც _ საკათ. საბჭოს დაუდგენია: „მანგლელ ქრისტეფორეს ვერის სამრევლო საბჭომ ფართო შემწეობა აღმოუჩინოსო“. რო ვიკითხეთ, რას ნიშნავს ეს „ფართო შემწეობა“, გამოირკვა, რომ ხუთი მილიონი უნდა უბოძოთ მანგლელს ეკლესიის ფულიდან, მივეცით კიდეც! ამაზე მე შევეკითხე ვ. მატათაშვილს: „თქვენი სამრევლო საბჭო რამდენი კაცისაგან შესდგება თქო“, მან მიპასუხა: „კრებულიდან შვიდი წევრი ვართ, მრევლიდან კი ორი დურგალი გვყავს, ესენი გაოცებული შემოგვცქერიან, ხმას არ იღებენ, ერთმა მათგანმა იმ დღეს განაცხადა: „მე თავს ვიკავებ, არ შევდივარ მაგ „შემწეობის“ განხილვაშიო“!.. ცხადია, თუ რა ბოროტ-მოქმედება გამეფდა ვერის სასაფლაოზე! საშინელი ვაკხანალია სუფევს იქ, თოთიბაძე თითქოს რაღაცას ეშურება, სურს საჩქაროდ გამოხრას, გამოფიტოს იქაურობა; აივსო სასაფლაო მიცვალებულებით, ზოგჯერ დღეში შვიდ მკვდარს ასაფლავებენ, ორ-ორი მიცვალებული ხომ ყოველ დღე ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურმა მთავრობამ სასაფლავოები მუქთად გამოაცხადეს, დეკ. თოთიბაძე ახერხებს თითო საფლავი მილიონ მანეთად გაჰყიდოს ხოლმე; ეს ფული არსად არ იწერება, არც კვიტანციას აძლევენ ვინმეს, იფლანგება და იღუპება ეს ამოდენა შემოსავალი! ეს იცის კათოლიკოზმა, ხელს უწყობს ყოველივე ამას და თვით მონაწილეა ამ უსაქციელობისა _ 40% ეძლევა საფლავების ფასისა, რასაკვირველია, როგორც ინებებს ამას თვით დეკ. თოთიბაძე, „ლომის წილს“ თვითონ მიირთმევს, ხოლო ცოტა რამეს კათოლიკოზსაც მოალოკებს…
თბილისის საზოგადოებაში, ბანკირებში და ვაჭრებში დღეს აგროვებენ შემოწირულებას „კათოლიკოზის გამოსაკვებად“, „შიმშილით გვიკვდება კათოლიკოზი, სირცხვილია, შევეწიოთო“, _ ჰქადაგებს თურმე საკათ. საბჭოს წევრი ნიკო თავდგირიძე! რვა მილიონამდე უკვე ჯამაგირს აძლევენ კათოლიკოზს თვეში, ოთხ ფუთ თეთრ ფქვილსა, აკაკი ხოშტარიასაც (მდიდარი კაცია, ევროპაში გაერიდა ბოლშევიკებს) ამ დღეებში გამოუგზავნია მისთვის თეთრი ფქვილი ტომრებით და შაქარი; ძროხა უყიდეს _ ერთი სიტყვით ყოველი მხრით უზრუნველყოფილია კათოლიკოზი და მაინც წუწუნებენ! ცხადია, რომ თვით საკათ. საბჭოს წევრნიც ხელს მოითბობენ ამ „შეწირულებათაგან“ _ ჯამაგირებს იღებენ, პიიოკებსაც იღებენ, რაფიელ ივანიცკი ისევ განაგრძობს მეტეხის ციხეში ჯდომას და დღეში საკათ. საბჭოდან 80.000 მანეთის მიღებას. ამას გარდა საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობაშიც დიდი განხეთქილება არის ჩამოვარდნილი, სანთლის ოპერაცია გაკოტრების გზაზეა დამდგარი, დღეს სანთელს ყველა ჰყიდის ქუჩაში, თათარი და ურიაც კი, ჰყიდიან სამჯერ უფრო იაფად, ვინემ ჩვენ, ხალხი ეკლესიაში თავისი სანთლით მოდის; სამეურნეო გამგეობის დირექტორ დიმ. ლაზრიშვილის ფინანსური პოლიტიკა კრახზეა მიმდგარი, ამ სამეურნეო გამგეობის წევრი „ცნობილი“ დეკ. ი. შუბლაძე უკვე ჩასდგომია კრიტიკაში ლაზრიშვილს, მას წარუდგენია საკათ. საბჭოში პროექტი, რომლითაც სანთლის ქარხანას დაუბრუნდეს დამოუკიდებელი მართვა-გამგეობა, ამ ქარხნის შემოსავლით ინახებოდეს „სამოძღვრო კურსები“ და ქვრივ-ობოლთა დახმარება სწარმოებდეს, ხოლო ეკლესიის მართვა-გამგეობისათვის დაიბეგროს საკათოლიკოზოს სამრევლო ტაძრები, ესე იგი შუბლაძეს დაუსწრია ჩვენთვის და წარუდგენია ის, რაც გამოვიმუშავეთ კომისიამ თბილისის სამღვდლეოების დავალებით: ამ კომისიაში შევდივართ _ დეკ. ტყემალაძე, ი. ჩიჯავაძე და მე, გვქონდა ამ თაობაზე თათბირი, გამოვიტანეთ კიდევაც დებულებანი, რომელნიც ამ დღეებში უნდა წარედგინოს სამღვდელოებას… ეს ალბად გაუგია შუბლაძეს და დაგვასწრო თვისი „პროექტით“. ამ „პროექტს“ კი გაუწიწმატებია დეკ. დ. ლაზრიშვილი, რომელსაც ჯერ „ოტსტავკა“ შეუტანია საკათ. საბჭოში, ხოლო როდესაც „ოტსტავკა“ არ იქნა მიღებული, მაშინ თვე-ნახევრის შვებულება მოუთხოვია, ვითომდა ანგარიშის შესადგენად სამეურნეო გამგეობის დარგში. ეს შვებულება მისცეს ლაზრიშვილს, ხოლო დირექტორობის მოვალეობის შესრულება დააკისრეს დეკ. ი. შუბლაძეს და როდესაც ამან უარი განაცხადა ამაზე, მაშინ დეკ. მ. ტყემალაძეს დააკისრეს. ეს თვით დეკ. შუბლაძემ ილაპარაკა და მომხდარ გარემოებას უწოდა: „Нà÷àëî êîíöà“ _ ესე იგი დასაწყისი აღსასრულისა, ანუ სანთლის ქარხნის გაკოტრებისა! ამ სვავებს რა ფული გაუძლებს! დებულებაში (#19) აღნიშნული აქვთ „კონტროლი“, მაგრამ ასეთი „ორგანო“ არ შეუქმნიათ ჯერეც კი, ხოლო 1921 წელს სამღვდელოების მიერ სანთლის ქარხნის „კონტროლად“ ამორჩეული დეკ. ნ. თალაქვაძე „გააუქმეს“, _ ნაცვლად „კონტროლისა“, სამეურნეო გამგეობის ფორმალურ რევიზიას უკეთებენ დეკ. მ. ტყემალაძე და ნიკო თავდგირიძე! ესენი იტოგებს, ტრანსპორტებს და ციფრებს უკეთებენ რევიზიას! რაიმე არსებითი განხილვა წარმოებულ ხარჯებისა ან შექმნილ სისტემისა აბა ვის მოუვა თავში?! ესენი ერთმანეთის ძვალს როდი გასტეხენ. ასე უფსკრულისაკენ მიაქანებენ ჩვენს ეკლესიას ნივთიერადაც, ხოლო რა ზნე გვჭირს გონებრივად და ზნეობრივად, _ ეს ხო თავისთავად ცხადია…
იმავე დეკ. ვ. მატათაშვილმა მიამბო შემდეგი ამბავი: საწყალ-კურთხევოდ, სანამ დეკ. ქრ. ციცქიშვილი ეპისკოპოსად ეკურთხებოდა, ვითათბირეთ თუ როგორ უნდა ჩამოგვევლო მრევლი: დეკ. ა. თოთიბაძე ივლიდა „თავის ნაცნობებში“; მე დაქსაქსულ სამრევლოში, ხოლო დეკ. ციცქიშვილს მიუჩინეს ქუჩები, სადაც ჩვენი მრევლი სცხოვრობს, მასა და დიაკონს უნდა ევლოთ ამ ქუჩებში; ციცქიშვილმა განაცხადა: „მე მარტო დიაკვნის ამარა ვერ ვივლი, მრევლს არ ვიცნობ, მე შენთან ერთად უნდა ვიაროო! დავდიოდით ოჯახებში ორი მღვდელი და მესამე დიაკონი! მრევლი მეკითხებოდა, ეს მღვდელი ვინღა არისო?! მე უპასუხებდი: _ ეს სამხედრო ტაძრიდან მოგვიმატეს თქო! _ განა ერთი მღვდელი არ კმარა, რო ორ-ორმა მღვდელმა არ იაროთ ოჯახებშიო?!. სიმწრის ოფლში ვიწურებოდი, ეს ციცქიშვილი იდგა ატუზული, ხმასაც არ იღებდა, ფულს კი სამთავეს გვაძლევდენო!.. ამის გარდა ნათლობაში თუ მიცვალებულზე სულ ყველანი ერთად მივდივართ და ხალხი დრტვინავსო!.. ამ საქციელს განმარტება აღარ სჭირდება. ეს დეკანოზი ციცქიშვილი დღეს „მანგლელად“ მოგვევლინა, გარნა ეხლა ამისი ალავერდის ეპარქიაში დანიშვნა სურთ! მე ვერ წარმომიდგენია ამაზე მეტი ხარბი და გაუმაძღარი პიროვნება?! რას იზამს ეს ეპარქიაში, ადვილი მისახვედრია. გავიგე ისიც, რომ უბედურ პიროს ეპისკოპოსს მეტად გაჭირებული ჰქონებია საქმე ეპარქიაში: ჯერ მღვდლები არ ემორჩილებოდენ, იჭრებოდენ სამრევლოებში, თავისი მიხედვით დამნაშავე მღვდელი ვერ გადაეყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე _ ამას წინეთ გურჯაანის მღვდელი კირილე ღვთისავარიშვილი გამოუყვანია მრევლიდან სხვა და სხვა უსაქციელობისა გამო, ხოლო ეს მღვდელი შევარდნია პიროსს ბინაზე და კინაღამ დანით გამოუფაშვნია! პიროსზე ზედი-ზედ მოდიოდა საკათ. საბჭოში საჩივრები, განსაკუთრებით ეს საჩივრები გაუჩაღებია ბოდბის მონასტრის იღუმენია ნინოს (ვაჩნაძე), რომელსაც არ სურდა პიროსისადმი დამორჩილება, პირდაპირ საკათ. საბჭოს უნდა ვექვემდებარებოდეო. ამ მისწრაფებაში მას მხარს უჭერდა ცნობილი საეპარქიო კანცელიარის მდივანი დ. დავითაშვილი. ამას გარდა თვით საკათ. საბჭოს კანცელიარიის გამგე დეკ. ცინცაძე მძლავრად ერეოდა ალავერდის ეპარქიის საქმის წარმოებაში და ყოფილა ჩუმი, მაგრამ ძლიერი ბრძოლა ამ ნიადაგზე; ბევრი რამ საიდუმლოება იმალება კიდევ ამ ნიადაგზე; „მანგლელ“ ციცქიშვილს დავალებული აქვს თელავიდან ბოდბის მონასტერშიც ავიდეს და გამოიძიოს დეკ. მიხ. ჯავაშვილის საჩივარი იღუმენია ნინოზე და იმ უწესობაზე, რომელზედაც მომჩივანი უჩვენებს…
ასე ანარქიულად მიმდინარეობს ეკლესიური ცხოვრება აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო რა ამბავია აფხაზეთში, ან გურია-სამეგრელოში თუ იმერეთში, ამაზე არავითარი ცნობა არ მოგვდის, ვიცით მხოლოდ საზოგადო სახე _ ეს არის მეტად აწეწილ-დაწეწილი ურთიერთობა _ მრევლსა და მღვდელთა შორის, მღვდელთა და ეპისკოპოსთა შორის. არა სჩანს გამოსასვლელი გზა…

1 მაისი, 1922 წელი

დღეს „საერთაშორისო პროლეტარიატის“ სადემონსტრაციო დღეა. დიდ მზადებაშია საზეიმოდ თბილისის კომუნისტური მთავრობა, მაგრამ წვიმიანი დღეა, ცა იცრემლება… სატირელი მდგომარეობაც არის. დიდ უბედურებას განიცდის რუსეთი შიმშილისაგან. ხალხი იხოცება ბუზივით _ 60 მილიონის მოსახლეობა ისეა მიწასთან გასწორებული, რომ მათი გადარჩენის იმედი აღარ არის. არც ახალი ნათესებია რუსეთში, ბევრი მიწა უთესლობისა გამო დაუთესავი დარჩენილა, ხოლო რაც დაუთესიათ, ისიც კალიას შეუჭამია… კალია ჩრდილო კავკასიასაც მისდგომია. საქართველოში შიგა-და შიგ არის მჭადის და პურის ნაკლებობა, ვინაიდგან უამრავი ხალხით აივსო ეს პატარა ქვეყანა; რუსეთის დამშეულებსაც ჩვენსკენ უქნიათ პირი, ისინიც კალიასავით აქეთ აპირებენ გადმოფრენას, მაგრამ მატარებლები ძლიერ ცოტანი დადიან, ხოლო ფეხით წამოსვლის ილაჯი აღარ აქვთ და როსტოვის სადგურის პლატფორმაზე ათასობით იჟუჟღება ხალხიო, _ როგორც ამბობენ იქიდან ჩამოსულნი. მაგრამ რუსეთში მიუხედავად ასეთი შიმშილობისა, ყველაფერი არსებობს წითელ არმიისათვის! არმია ჩაცმულიც არის, დახურულიც, მაძღარიც და უზრუნველყოფილიც! ეს იმიტომ, რომ ამ არმიაზეა დამყარებული კომუნისტურ მთავრობის არსებობა.
გენუის კონფერენციაზე დიდი ამბები ხდება, მაგრამ ნამდვილი არა ვიცით რა, ჩვენ მოწყვეტილი ვართ ქვეყნიერებას, ცნობებს აქვეყნებენ სასტიკ ცენზურის და გადამახინჯების ქვეშე. ვნახოთ რა იქნება… პირველ მაისს ჯარი და მოსამსახურე პირნი (დაწესებულებებში) დიდუბის მინდორზე წაიყვანეს საზეიმოდ, „ვინც არ გამოცხადდება, სამი დღის პურის ულუფა არ მიეცემაო“, _ იყო განკარგულება; ჯარს და დამსწრე მოხელეობას „ფიცი“ მიაღებინეს კომუნიზმის ერთგულებაში; საღამოზედ ჩვეულებრივად ქალაქი გაჩირაღდნებული იყო (ჩეკაც) და შუშხუნებს უშვებდენ; პასუხისმგებელი „ამხანაგები“ დროს ატარებდენ სმა-ჭამაში, ამათთვის ყველაფერი ბლომად არის და დაუზოგველადაც ეძლევათ ყველაფერი; მასწავლებლებს კი სააღდგომოდ (16 აპრილისთვის) მარტის პირველი ნახევრის ჯამაგირი მისცეს, ეს უბედურები დიდ ნაკლულევანებას განიცდიან…

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

დატოვეთ კომენტარი