ლუკა ტყებუჩავა: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებენ“

ქართული პოლიტიკა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. თითქმის 30 წელია, საზოგადოება ერთსა და იმავე პოლიტიკოსებს უყურებს და მუდმივად იმედგაცრუებული რჩება. შესაბამისად, საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენაა, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.

რატომ ვერ ხერხდება დაკვეთის შესაბამისად მიწოდება? რა როლი აქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ახალგაზრდებს და რა რესურსებით შეძლებენ ისინი მოჯადოებული წრის გარღვევას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელ ლუკა ტყებუჩავას ესაუბრა:

_ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?
_ წლების განმავლობაში ვუყურებდი, რომ პოლიტიკოსების უმეტესობა საკუთარი თავისთვის იღვწოდა და შრომობდა. ბიზნესიდან პოლიტიკაში სწორედ იმიტომ გადადიოდნენ, რომ ან გაეძარცვათ, ან უკვე ძარცვით შეძენილი ქონება დაეცვათ. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა მეგობრებმა ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო პოლიტიკაში ახალი ძალის გამოჩენა, რომელიც მართლა რამეს გააკეთებდა საკუთარი ქვეყნისთვის.
_ რატომ დაუკავშირეთ თქვენი პოლიტიკური მომავალი პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“?
_ პოლიტიკური აქტივობის დაწყების შემდეგ, დროთა განმავლობაში, გადავიკვეთეთ ტრიბუნასთან, შესაბამისად გვქონდა იდეათა თანხვედრა. გარკვეულ საკითხებზე ერთნაირი პოზიცია გვაქვს, რაღაცებში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, თუმცა მთლიანობაში მაინც ერთი მიზანი გვაქვს ყველას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ უკვე ათეული წელია, პოლიტიკა გამდიდრების საშუალებად არის ქცეული, ამიტომ საჭიროა ახალი სახეები. ამ ნაწილში საზოგადოების უმეტესობაც გეთანხმებათ, თუმცა, როგორც ვხედავთ, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შემოვა ქართულ პოლიტიკაში მასშტაბურად ახალი სახეები. როგორ შეიძლება ამ პროცესის დაჩქარება?
_ ერთი მხრივ, ძალიან რთულია, პოლიტიკოსებს ვუთხრათ, რომ წავიდნენ და ახალგაზრდებს დაუთმონ ადგილი. რა თქმა უნდა, ამას არც არავინ იზამს. მეორე მხრივ, ასე რომც მოვიქცეთ, დასამალი არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ახალგაზრდებს ნაკლები გამოცდილება გვაქვს მოქმედ პოლიტიკოსებთან შედარებით, ამიტომ ერთიანად ჩანაცვლება გამორიცხულია. უბრალოდ, იმის კეთილი ნება უნდა არსებობდეს, რომ ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის საჭიროება დაინახონ. ჩვენმა თაობამ წინას ძალიან ბევრ რამეში უნდა ვაჯობოთ. ვფიქრობ, რომ ეპოქების ომია. ძველი თაობის პოლიტიკოსები სულ სხვა რეალობაში დაიბადნენ, მათი უმეტესობა სხვანაირად უყურებს რეალობას. ჩვენ, ახალგაზრდები კი სულ სხვანაირად აღვიქვამთ არსებულ მდგომარეობას. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, რისკი საკუთარ თავებზე ავიღოთ და წინ წავიდეთ. დაახლოებით 30 წელია, ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. აქედან გამომდინარე, მოქმედმა პოლიტიკოსებმაც უნდა დაინახონ ახალი სახეების გამოჩენის საჭიროება, თუ მართლა ქვეყნის საკეთილდღეოდ სურთ პოლიტიკური აქტივობა და არა _ სათავისოდ.
_ რა რესურსები გაქვთ ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად?
_ პირველ რიგში, ახალგაზრდებს აბსოლუტურად ყველა საკითხის მიმართ განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ამასთანავე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩვენ უფროსი თაობის პოლიტიკოსებისგან განსხვავებით თავისუფალ სახელმწიფოში დავიბადეთ. ჩვენთვის ბევრად რთულია ამ თავისუფლების წართმევა, ვიდრე _ მათთვის. შეიძლება, არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ იქ რიგი ადამიანები მიჩვეულები არიან სხვანაირი ტონის ქვეშ ყოფნას. მე მგონია, რომ ჩემი თაობის უმრავლესობას სიკვდილი ურჩევნია რუსის ან ვინმეს ბატონობის ქვეშ ყოფნას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ბაბუებისა და მამების მიერ მოპოვებული თავისუფლების დაცვა, ვიდრე იმათთვის, ვინც თავისუფლების მოპოვებამდეც კომფორტულად გრძნობდა თავს. გარდა ამისა, ახალგაზრდებს, ასაკიდან გამომდინარე, შეგვიძლია უფრო მეტად გავრისკოთ. რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი უფრო სიმშვიდესა და სტაბილურობას ეძებს. დღეს კი ჩვენ ჩაკეტილი წრის გარღვევა და რისკების საკუთარ თავზე აღება გვჭირდება, რისი რესურსიც ახალგაზრდებს გვაქვს.
_ ახალგაზრდების მონაპოვრად ითვლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიჭიმა, მაგრამ რაღაც შეთანხმებამდე მაინც მივიდნენ. ამ პროცესებში გამოვლინდა თუ არა ოპოზიციის სისუსტე?
_ არ მახსენდება ისტორიიდან, მსგავსი რამ ვინმეს ეკადრებინოს, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, მართლა სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება არ შეასრულეს, ადამიანები „გადააგდეს“, რაც წარმოუდგენელი უტიფრობა იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა ჩვენგანს ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ როცა რამეს იტყვი, ის უნდა შეასრულო, _ ეს იყო ყველაფრის განმსაზღვრელი, მათ შორის, სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება ოპოზიციას, ის ვერ და არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, რადგან საზოგადოება სხვა სახეებსა და მეთოდებს ითხოვს, ოპოზიცია კი აბსოლუტურად განსხვავებულს სთავაზობს.
_ კონკრეტულად?
_ მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მიმართაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან დიდი ნეგატივია. არ ვსაუბრობ მის საერთოდ გაქრობასა და პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებაზე. უბრალოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხს იმდენად დიდი შიში დაუტოვა, რომ მათ მიერ პროცესების ხელში აღება მაშინვე წაგებას ნიშნავს. დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგს ასაზრდოებს „ნაციონალური მოძრაობა. რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ დღეს დამთავრებული იქნებოდა.
_ თუმცა იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი რეიტინგით მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევა, ეს არ არის გასათვალისწინებელი?
_ არ ვამბობ, რომ ეს არ არის გასათვალისწინებელი. წარმოიდგინეთ, როგორი პარადოქსია, ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებს ითხოვს, მაგრამ ეს პროპორციულობა მოთხოვნის ნაწილშიც არ არის დაცული, მაინც ერთი კონკრეტული ჯგუფი მართავს ამ პროცესებს. უკვე უნდობლობის განცდა ჩნდება საზოგადოებაში. მით უმეტეს, როცა იცი მისი განწყობა და ემსახურები ქვეყნის ინტერესებს, პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადო და საერთო საქმე გააკეთო. მათ კარგად იციან, რა და როგორ არის. უბრალოდ, უჭირთ პირადი ინტერესების გვერდზე გადადება. ამიტომ შედეგიც სახეზეა _ ოპოზიცია ძალიან სუსტი და აბსოლუტურად უმოქმედოა.
_ 2012 წლიდან დღემდე ჩატარებულ არჩევნებში საკითხი ასე იდგა: ბიძინა თუ მიშა? შესაბამისად, პოლიტიკური გარემო პოლარიზებული იყო, გველოდება თუ არა იგივე 2020 წელს?
_ არჩევანის გაკეთება ისე მოგვიწევს, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო: ცუდსა და უარესს შორის. მგონია, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალურ მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებენ. ისინი ერთმანეთს ასულდგმულებენ. მიუხედავად გარეგანი, ერთმანეთის მიმართ არსებული ზიზღისა, ისინი შეხმატკბილებულად მოქმედებენ.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ ქრონოლოგიურად რომ დავაკვირდეთ პოლიტიკურ პროცესებს, ძალიან ბევრ შემთხვევაში იკვეთება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა თანხვედრა. მაგალითად, როგორც კი „ქართულ ოცნებას“ მძიმე კრიზისი ექმნება და ჩიხში ექცევა, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“ ან პროპორციულის ჩაგდების შემდგომი პერიოდი, ყოველთვის ბუასავით პირდაპირი ჩართვით ჩნდება მიხეილ სააკაშვილი და აანონსებს ჩამოსვლას, მაშინვე იფარება „ქართული ოცნების“ დანაშაული და მთელი აქცენტი გადადის მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი კარგად ხვდება, რაც მოჰყვება თავის ქმედებებს, მაგრამ მაინც განაგძობს იგივეს. აქედან გამომდინარე მიჩნდება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წინასწარ თანხმდება ბევრ რამეზე.
_ გასაგებია ეს ორი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ამ დროს რას აკეთებენ სხვა პოლიტიკური პარტიები, როგორია „ტრიბუნის“ სამოქმედო გეგმა?
_ ერთი არის ყოფილი ხელისუფლება, ხოლო მეორე _ მოქმედი, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთ მხარეს აქვს სახელმწიფო რესურსები და ფინანსები, მეორე მხარესაც ასევე დიდი თანხა აქვს მობილიზებული. შესაბამისად, ეს გარემოება ხელს უშლის სხვა პატარა მასშტაბის მქონე პოლიტიკური პარტიების წინა პლანზე წამოწევას. პროპორციულის საარჩევნო სისტემაზე რომ გადავსულიყავით, ეს მოცემულობა შეიცვლებოდა. ამ ეტაპზე ყველა, მათ შორის, მეც, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხედვა, იდეოლოგია ამომრჩევლებამდე მივიტანოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის გარდა კიდევ არსებობს ალტერნატივა. უბრალოდ, დანაშაული მგონია, რომ წლების განმავლობაში ამ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, მაშინ, როცა არსებობს ალტერნატივა რიგი პარტიების სახით. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, ძალიან სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს, „ქართული ოცნება“ უკადრებელს იკადრებს, როგორც ამას გასულ არჩევნებზე აკეთებდა. ჩვენ მოგვიწევს, მას გამოვტაცოთ ძალაუფლება ხელიდან.
_ რა უნდა დაუპირისპიროს ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ უკადრებელ მეთოდებს და გაყალბების შემთხვევაში რამდენად რეალურია რევოლუციური სცენარი?
_ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში დასარჩენად და რთული იქნება მასთან დაპირისპირება. ჩვენ უკვე ვნახეთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორ კარგად იყენებდნენ „ქურდულ სამყაროს“, სახელმწიფო რესურსებსა და ა. შ., ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი ე. წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძლივს გაიყვანეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო გაუჭირდებათ გამარჯვება. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება იმ დონეზე გაიზარდა, რევოლუციურ სცენარს აღარ მივიღებთ, თუმცა არაფერია გამორიცხული.
_ რა როლი გექნებათ ახალგაზრდულ მოძრაობებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
_ ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ყოველთვის მესმის, რომ საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლაა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდები ვცდილობდით, მცირე ინიციატივა მაინც აგვეღო, თუმცა ამას ბევრი პოლიტიკოსი ეწინააღმდეგება, გარკვეული მიზეზების გამო, რაზედაც უკვე ვისაუბრე. ვფიქრობ, 2020 წელს კონკრეტულად ახალგაზრდებს ძალიან გაგვიჭირდება სერიოზული შედეგების მიღწევა, თუმცა 2024 წლამდე პოლიტიკურ გამოცდილებას დავაგროვებთ და ეტაპობრივად ჩავანაცვლებთ არსებულ პოლიტიკურ სახეებს, რომლებსაც 30 წელია, ვუყურებთ. რაც შეეხება 2020 წლის ჭრილს, ჩემი ამოცანაა, უფრო გავაჯანსაღოთ პოლიტიკური გარემო და „ქართული ოცნება“ იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობა“, არავის მივცეთ ხელისუფლების უზურპაციის საშუალება. ერთი რამ გარდაუვალია, _ როგორც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა, ისევე უნდა წავიდეს 2020 წელს ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“.

ნენე ინჯგია