ზურაბ ნადირაძე: „გავრილოვის პატიმრებიდან“ მხოლოდ 4 პირი არ აღიარებს დანაშაულს“

დასავლეთიდან წამოსულმა კრიტიკის ნიაღვარმა ჩვენს ხელისუფლებას არგო. მართალია, ცოცხალი თავით არ აღიარებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, მაგრამ მათ ნელ-ნელა ათავისუფლებენ. პირველი მერცხალი ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე იყო, რომელიც გასულ კვირას 8-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, გავრილოვის რამდენიმე პატიმარიც გამოუშვეს. სახელისუფლებო კულუარებიდან ინფორმაცია გამოდის, რომ მალე ყველა პოლიტპატიმარს გაათავისუფლებენ. ოპოზიციაც ამ პირობით აპირებს მოლაპარაკებების მაგიდასთან ოფიციალურად დაჯდომას. არაოფიციალურად კი „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ ფარულმა მოლაპარაკებებმა და გასულ კვირას გიგი უგულავასა და გიორგი რურუას ციხიდან გამოგზავნილმა წერილებმა საზოგადოება დააბნია. ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს პოლიტპატიმრების განთავისუფლება არჩევნების პროპორციულად ჩატარების წესში გაიცვალა. ბევრს ეშინია, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ დადებს პირობას საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანაზე, მაგრამ კენჭისყრის დროს საკითხი ისევ ჩავარდება. „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრ ზურაბ ნადირაძის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით დასავლეთმა უნდა იშუამდგომლოს. მისი თქმით, ივანიშვილს ქართველი ხალხის განწყობა ჩირადაც არ უღირს და საქართველო თავის საფეოდალო ჰგონია.

დატოვებენ თუ არა პოლიტპატიმრები ციხეებს? რას ნიშნავს კობა კოშაძის განთავისუფლება? რატომ არ ასაჯაროებენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებს? რაზე მიდის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები? რატომ გაუფორმა საპროცესო პროკურატურამ „გავრილოვის პატიმრებს“? გაბედავს თუ არა ხელისუფლება კიდევ ერთხელ ხალხისა და ოპოზიციის გადაგდებას? _ ამ თემებზე ზურაბ ნადირაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ კობა კოშაძის განთავისუფლება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვჯეროდა მისი უდანაშაულობის. თავად პროკურორმა მოითხოვა კოშაძის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლება, რადგანაც ვითომდა ზეწოლის ბერკეტი აღარ ექნებაო. მართლა ამის გამო გაათავისუფლეს ის, თუ მიზეზი დასავლეთიდან გამოგზავნილ კრიტიკულ წერილებში უნდა ვეძებოთ?
_ მოგეხსენებათ, კობა კოშაძე გასული წლის 17 ივლისს, ჯერ კიდევ, ირაკლი ოქრუაშვილის საფრანგეთში ყოფნის დროს დააკავეს, რასაც ხელისუფლება პირველივე დღეებიდან ოქრუაშვილზე ზეწოლის იარაღად იყენებდა. კობას დაკავების წინა დღეებში შეუთვალეს კიდეც ირაკლის, რომ არ ჩამოსულიყო, მაგრამ უარი მიიღეს, რის შემდეგაც დააკავეს კობა შეთითხნილი ბრალდებით _ იარაღი ჩაუდეს. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ოქრუაშვილს როგორმე გადაეფიქრებინა საქართველოში დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესებში აღარ ჩარეულიყო.
მათ სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს, ირაკლი 19 ივლისს, გამთენიისას დაბრუნდა და ხელისუფლება მომდევნო 6 დღის განმავლობაში ძალიან ცუდ დღეში ჰყავდა. „რუსთავი 2-ის“, 20 ივნისისა და კობას საქმეებიდან გამომდინარე ირაკლი ეთერებიდან არ ჩამოდიოდა. ჩვენი პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში განცხადება გაცხადებაზე კეთდებოდა და ბრიფინგი ბრიფინგზე ტარდებოდა. შემდეგ მოიფიქრეს ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, თითიდან გამოწოვილი თემით, 24 ივლისს „დაკითხული“ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, 25 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილიც დააკავეს.
დავუბრუნდები კობა კოშაძეს და გეტყვით, რომ მის საქმეში მოწმეებად, ძირითადად, პოლიციელები და საგამოძიებო უწყების მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებდნენ და თავიდანვე არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ კობა ვინმეზე ზეწოლას მოახდენდა.
სიმართლე გითხრათ, 5 მარტის პროცესის წინაც, ხელისუფლების ოპონენტებისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, არ გვეგონა, თუ კობას ახლო მომავალშიც კი გაათავისუფლებდნენ. ჩვენდა გასაკვირად, პროკურორის მოთხოვნით, წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს, პროცესები კი მოსამართლის გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.
ერთადერთი ბერკეტი, რაც ხელისუფლებას სამართლიანობისკენ უბიძგებდა, იყო ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან განუზომელი, ინტენსიური ზეწოლა და მოწოდება, ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო ადამიანების მიმართ. როგორც ვხედავთ, ხელისუფლებამ ამას ვერ გაუძლო და ცალსახად იძულებით დათმობაზე წავიდა. იმედი მაქვს, ჭკუა ეყოფათ და დანარჩენი პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც არ დააყოვნებენ. კობაც და დანარჩენი პოლიტპატიმრებიც თვეების განმავლობაში უსამართლოდ იყვნენ ციხეში გამოკეტილნი და ამიტომ ვერანაირად დავუკავშირებ კოშაძის განთავისუფლებას ხელისუფლების კეთილ ნებას.
აქვე უნდა აღვნიშნო კობა კოშაძის ღირსება და გაუტეხელობა: მას 8 თვის განმავლობაში სთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმებას, რაც ბრალის აღიარებით თავისუფლებას ნიშნავდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, ასევე აღსანიშნავია მისი ღირსეული მეუღლის, ეკა ჩიხაშვილისა და მათი ოჯახის წევრების სამაგალითო სამოქალაქო პასუხისმგებლობის უმაღლესი სტანდარტი, _ ისინი კობას მეგობრებსა და თანაპარტიელებს აქეთ გვამშვიდებდნენ, რომ არ გვენერვიულა და ბრძოლა მათთან ერთად ერთი წამითაც არ შეგვეჩერებინა.
_ საკმაოდ მოულოდნელად გაათავისუფლეს გავრილოვის რამდენიმე პატიმარი, მათ შორის, ბუდაღაშვილიც, რომელსაც ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამ ბიჭებმა დანაშაული აღიარეს და მათ საპროცესო გაუფორმდა. ამ ფაქტმა „ქოცებს“ სალაპარაკო გაუჩინა, _ რანაირი პოლიტპატიმრები არიან, დანაშაული აღიარეს, ანუ 20 ივნისს რაღაც ხდებოდაო. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
_ თამლიანის, ბუდაღაშვილის, სოსელიასა და კუპრეიშვილის საქმეებში მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ და რაც ვიცი, შეძლებისდაგვარად მოგახსებნებთ: როგორც აღმოჩნდა, ბაჩო თამლიანის გარდა სამივე პიროვნებამ აღიარა დანაშაული და მათ საპროცესო გაუფორმდათ, რის შედეგადაც განთავისუფლდნენ.
20 ივნისის დაკავებულთაგან მხოლოდ ოთხი: ლორთქიფანიძე, ვატო გელაშვილი, ბაჩო თამლიანი და ირაკლი ოქრუაშვილი _ არ აღიარებენ წარდგენილ ბრალს. აქედან გელაშვილი და ლორთქიფანიძე გირაოთი არიან განთავისუფლებულები, თუმცა მათი პროცესები, ჯერ კიდევ, გრძელდება, ისევე როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფი ოქრუაშვილისა და თამლიანის.
დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ 20 ივნისის ყველა დაკავებულ პირზე ზეწოლა იყო, რათა მათ ბრალის აღიარებასთან ერთად ხელი დაედოთ აქციაზე მყოფი ოპოზიციის ლიდერებისთვის, ნიკა მელიასთვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის და სხვებისთვის. ბევრი დაკავებული უფრო ადრე, გარკვეული ჩვენებების საფუძველზე, გაათავისუფლეს, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, რა ჩვენებისა და რის სანაცვლოდ. ეს ინფორმაცია არ საჯაროვდება და ამიტომ ვერავის დავდებ ბრალს ხელისუფლებასთან გარიგებაში.
შესაძლოა, ვინმემ ვინმეს ხელიც დაადო, მაგრამ ამის დამადასტურებელი მომდევნო მტკიცებულებების პრაქტიკულად არქონის გამო ხელისუფლება ერიდება, ეს ჩვენებები ლიდერების წინააღმდეგ გამოიყენოს. ჩვენებები საკმაოდ მყიფე იქნება, რადგან არსებობს კადრები და კონკრეტული პირების ლოკაციების დადგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
განსაკუთრებული ზეწოლა მიდიოდა ზურა ბუდაღაშვილზე და გეტყვით, რატომაც: როცა კადრები ვნახე, აქციაზე ბუდაღაშვილი ისეთ ადგილზე იმყოფება, რომ მისი ჩვენება, ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული ლიდერის მოწოდება გაიგო ან რომელიმე ლიდერი პოლიციელს ხელით შეეხო, ადვილად გამოსაყენებელი იქნებოდა, ამიტომ ამყოფეს ის რამდენიმე კვირა გაუსაძლის პირობებში, მაგრამ ვერ გატეხეს ცრუ ჩვენების მისაცემად. ბუდაღაშვილმაც, რაც კადრებში ისედაც ჩანს, საკუთარი დანაშაული აღიარა და იგი გამოუშვეს.
ხოლო ბაჩო თამლიანი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი გახდა და მისთვისაც „გავრილოვის ღამე“ ისევე სახელმწიფოს დანაშაულია, როგორც ნებისმიერი ანტირუსულად განწყობილი საქართველოს მოქალაქისთვის. მოკლედ, 20 ივნისი, ზოგადად, ხელისუფლებისთვის სამარცხვინო და ხალხისთვის ღირსების დღედ მიმაჩნია და იქ მდგომი ადამიანების რამე სახით დეფინიციას ყველა უნდა მოერიდოს, მათ შორის, ხელისუფლება, რომელსაც მაკო გომურისა და გიორგი სულაშვილის დაკარგულ თვალებს კიდევ დიდხანს შევახსენებთ.
_ გაიზიარებს თუ არა მათ ბედს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ასევე გავრილოვის პატიმარია? არის ვერსია, რომ 20 ივნისის საქმეში ის შეიძლება გამართლდეს, მაგრამ ბუტა რობაქიძის საქმის გაყალბების გამო პატიმრობაში დატოვონ. სავარაუდოდ, ამიტომ ალაპარაკებენ სისულელეებს მიშა ქარელს.
_ მთელმა საქართველომ და თვით ხელისუფლებამაც იცის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სრულიად უდანაშაულოა და ის ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ისჯება. მის დაკავებაზე ფიქრი ივანიშვილმა „რუსთავი 2-ის“ საქმის გამო დაიწყო, რომლის ხელში ჩაგდებასაც წლების განმავლობაში ლამობდა.
მიზნის მისაღწევად მან უამრავი ადამიანი ჩამოიშორა, უამრავი კი გამოიყენა და გასვარა. „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მობილიზებულ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ექსპერტებს ვგულისხმობ. ამიტომ ივანიშვილი გადამწყვეტ მომენტში ოქრუაშვილისგან ხელის შეშლას არ მოელოდა, შესაბამისად არ მოითმენდა და რაიმე მანქანებით შეეცდებოდა მის ჩამოცილებას, ამისთვის ნაჩქარევად გამოიყენეს ჯერ კობა კოშაძის დაკავება და შემდეგ 20 ივნისის საქმეზე ირაკლიც დაიჭირეს.
როცა მიხვდნენ, რომ ეს საქმე ჩამოეშლებოდათ, ასპარეზზე გამოიყვანეს სპეკულიანტი სოსო რობაქიძე და მკვდრეთით აღადგინეს დახლიდარი მიშა ქარელი. აქვე დავამატებ და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საქმეზე, ისევე როგორც ბუტა რობაქიძის შემთხვევაში, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ რა შუაში იყო აქ ირაკლი ოქრუაშვილი, როდესაც უამრავი მოწმე, მათ შორის, მსჯავრდადებულნიც, 15 წლის განმავლობაში უარყოფდნენ ოქრუაშვილის ამ საქმის გაყალბებასთან რაიმე კავშირს? მაშინ ყველა ის პირი, ვინც ახლაღა განაცხადა ოქრუაშვილზე და, მათ შორის, ცრუმოწმე მიშა ქარელი, საქართველოს კანონმდებლობით გასასამართლებლები არიან მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის, რასაც, რა თქმა უნდა, არავინ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ არსებობს ამ საქმეშიც უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ირიბი გარემოება, რაზედაც ინფორმაციას ჩვენი თანაპარტიელები პარტიის რესურსებით, ჩვენი მეგობრები უცხოეთში და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ინტენსიურად ვაწვდით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს.
ირაკლის ციხიდან გამოშვებას რაც შეეხება, ხელისუფლების კეთილი ნების ილუზია ნამდვილად არავის გვაქვს. სიმართლეს ბოლომდე დავამტკიცებთ და ისევ საერთაშორისო ზეწოლის იმედად ვრჩებით. რადგანაც მოლაპარაკებები, გარკვეულწილად, ჩიხშია შესული და უზურპატორ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია უკანდახევის გარდა, სამართლის აღსრულებაზეა აქ საუბარი და არა თითქოს ვინმე რამეს უსამართლოდ ითხოვდეს.
_ ოქრუაშვილზე ვსაუბრობთ და ოპოზიცია, რატომღაც, მაინც არ აქტიურობს მასზე. როდესაც პოლიტპატიმრებზე ლაპარაკობენ, მის გვარს, თითქოს, ნაძალადევად ახსენებენ. ამ მხრივ შალვა ნათელაშვილს ვერ ვუსაყვედურებთ. დანარჩენის ასეთ საქციელს რით ხსნით?
_ უნდა მომიტევოთ, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციიდან სახელით და გვარებით ვერავის გამოვყოფ, რადგან ეს ოპოზიციური გაერთიანება უპრეცედენტოდ მიმაჩნია და ვისაც ჩემი პოსტები და მიწერ-მოწერა ახსოვს, ბევრად ადრე ვხედავდი ამის საჭიროებას. მაგალითისთვის მაინც კბილის გაკვრა მიწევს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიც საკმარისია. მაშინ დღევანდელ ოპოზიციაში შემავალი პარტიების კანდიდატებს რომ თავისი კანდიდატურა მოეხსნათ ყველაზე რეიტინგულის სასარგებლოდ, დღეს საერთაშორისო მასშტაბით სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილის ატანა აღარ მოგვიწევდა.
ცოტა შორს წავედი და რეგულარულად თითოეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან მესმის ირაკლი ოქრუაშვილისა და პოლიტპატიმრების სახელი, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მთლიანობაში ყველა გრძნობს მათ მიმართ პასუხისმგებლობას და ამიტომ ვინმეს გამოყოფა ამ ეტაპზე უხერხული იქნებოდა. ეს მეტ-ნაკლებობაც პოლიტიკის ნაწილია. მთავარია, ერთობაში იმ თითოეულ ძაფს გავუფრთხილდეთ, რაც რუსეთუმე ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად აგრერიგად საჭიროა პროდასავლური ძალების კონსოლიდაციისთვის.
_ გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის ციხიდან გამოგზავნილმა წერილებმა ოპოზიციის მხარდამჭერებში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. სოციალურ ქსელში ამას თქვენც გამოეხმაურეთ და თითქოს უკმაყოფილო ჩანდით.
_ რაც შეეხება გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ბაჩო თამლიანის წერილების მიმართ ჩემს პოსტს, ახსნას ცოტა შორიდან დავიწყებ: ზემოთაც აღვნიშნე და აქაც გავიმეორებ, რომ ოპოზიციური ერთობა ერთადერთი გასაღებია ხალხისთვის ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად. სწორედაც განსხვავებული პარტიები, განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მსოფლმხედველობით და განსხვავებული აზრებით გაერთიანდნენ ამ ერთობაში და ზემოთ აღნიშნული პირებიც, რა თქმა უნდა, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ პოზიციას არ ვიზიარებ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობას მათ ვერ დავწამებ. სათქმელი უნდა ითქვას, პოზიციების შეჯერება საჭიროა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასე უნდა მივიღოთ.
მე პირადად ოპოზიციის შეხვედრებს არ ვესწრები, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებები მიაქვთ შეხვედრებზე გურამ ჩალაგაშვილსა და კოტე კემულარიას, ისევე როგორც სხვა ლიდერებს. თავისი პარტიული ერთობისა და ჯერ განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე იქ პრეტენზია არავის გამოუთქვამს, რაც უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.
რაც შეეხება წერილებს, ვფიქრობ, ეს მაინც პარტიული კონიუნქტურიდან გამომდინარეა, რაზედაც ეს თითოეული ადამიანი ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილის პოზიციიდან ვერანაირად გამოვიდოდა, რადგანაც ადამიანური რესურსი მათ პარტიებს გაცილებით მეტი აქვთ და „გამარჯვებული საქართველოსთვის“, მისი ამომრჩევლისთვის და მხარდამჭერებისთვის, როგორც ახლად შექმნილი პარტიისთვის, თავმჯდომარის გარეთ ყოფნა არჩევნების დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ესეც რომ არ იყოს, 20 ივნისის მონაპოვარი ხალხისა და უცხოელი პარტნიორების დაკვეთა არის, _ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა პროპორციულ არჩევნებთან ერთად, რაც დღემდე ერთ პაკეტში განიხილება. მოთხოვნაც ერთ პაკეტშია წარმოდგენილი და ამის დაშლა ოპოზიციის მხრიდან არასამართლიანი მგონია. საერთო გადაწყეტილებით წერილები ავტორების კეთილ ნებად დარჩა და სავსებით მესმის მათი, მოთხოვნები კი იგივე ფორმით გრძელდება, რამაც რამდენიმე დღეში შედეგი უნდა გამოიღოს. დარწმუნებული ვარ, საკითხი ოპოზიციისთვის სასიკეთოდ გადაწყდება.
_ როდესაც გაზეთი გამოვა, შესაძლოა, ხელისუფლება და ოპოზიცია რაღაცაზე შეთანხმდნენ. მანამდე კი ძალიან უცნაური პროცესები მიდიოდა, _ ოპოზიცია ამბობდა, მოლაპარაკებები შეწყვეტილი გვაქვსო, ამ დროს კი სადილებზე „ოცნების“ წარმომადგენლებს ებაასებოდნენ. ამან ხალხში ეჭვები დაბადა. თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვები?
_ იცით, ეს პოლიტიკისთვის თანმდევი პროცესებია. რა თქმა უნდა, მე პირადად ეს ხელისუფლება დამნაშავედ, ქვეყნისთვის ყოველივე ზიანის მომტანად მიმაჩნია და მასთან ერთი ერთზე რაიმე სახის მოლაპარაკებებსაც შეცდომად მივიჩნევ, მაგრამ უცხოელი პარტნიორებისა და შუამავლების თანდასწრებით ეს სავსებით მისაღებია. რადგან ხელისუფლებასთან რაუნდების ფორმატში დეტალურ განხილვასა და დისკუსიაზე დროის სიმცირის გამო ვერ ხერხდება მსჯელობა, რაც ხელისუფლებას კომფორტულ სიტუაციაში აყენებს და შეხვედრებიდან გამოსული თალაკვაძე, მდინარაძე და კობახიძე გამოუსადეგარი დემაგოგიით იქცევენ ხოლმე თავს, ამიტომ მიმართეს ამ კულუარულ გზას, სადაც ხელისუფლება მაინცდამაინც სიხარულით არ დადის.
ეს შეხვედრები იმართება, რათა მათ გააგებინონ მოვლენების სიმძაფრე და მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაში დაარწმუნონ ისინი. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სულ მალე შედეგს გამოიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთიდან წამოსული საპროტესტო წერილებისა და რეალური სანქციების წვიმა წალეკავს ხელისუფლებას, რაც, პირველ რიგში, თავადვე არ აწყობთ და ქვეყნის იმიჯისთვისაც დამაზიანებელი იქნება.
_ მართალია, ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ 150 „ნაცი“ ითხოვს რაღაცას, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ძველებური რიხით ვეღარ ლაპარაკობს. პოზიციები დასავლეთმა შეაცვლევინა, თუ რაღაც აქვთ კიდევ ჩაფიქრებული? ვინ არის იმის გარანტი, რომ კონკრეტულ პირობას დადებენ და მერე კენჭისყრაზე ისევ არ ჩააგდებენ ამ საკითხს?
_ სავსებით გეთანხმებით, დანაპირების შეუსრულებლობა და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების „ძლიერი მხარეა“ და ამით საქვეყნოდაც „გაითქვეს“ სახელი, მაგრამ აშკარაა, რომ დასავლეთის რეაქციებმა ნაწილობრივ „მოტეხა რქები“ და ისეთი რიხითაც ვეღარ საუბრობენ.
გარანტიებს რაც შეეხება, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ალბათ დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები იშუამდგომლებენ, თორემ ბიძინა ივანიშვილს რომ ხელისუფლება რუსული „ძერჟავა“ ჰგონია, საქართველო თავის საფეოდალოდ წარმოუდგენია და ხალხის აზრი ჩირადაც არ უღირს, ამაში დიდი ხანია, დავრწმუნდით.
მას არ ესმის, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, რაც დეკლარირებულად ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვნად დასავლური რეფორმებისა და სამართლიანი ღირებულებებისკენ სწრაფვას ავალდებულებს, მაგრამ ივანიშვილს ამას ვერავინ უხსნის და ახსნას აზრიც არ აქვს, რადგან მისთვის ყველაფერი ფულით და ძალაუფლებით იზომება.

შორენა მარსაგიშვილი