მართლა აპირებს თუ არა ივანიშვილი „ოცნების“ იდეოლოგის დაჭერას?

ის ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ოდიოზური ფიგურაა, ფიგურა, რომელიც ყოველთვის პატრიოტულ ემოციებზე თამაშობს და თავი ისე მოაქვს, რომ ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის, თუმცა მის პერსონას კარგად თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, ანუ გოგა ხაინდრავა, 90-იანი წლების პირველი ნახევრიდან მოყოლებული, სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში ერთგვარი „რუხი კარდინალის“ ფუნქციას ასრულებს. არადა, იყო დრო, მაგალითად, 1989 წლის სისხლიან 9 აპრილს, როცა, პრაქტიკულად, ეროვნულ გმირად შეირაცხა, რადგან რუსი ჯალათების მიერ უდანაშაულო ქართველი გოგო-ბიჭების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა კინოფირზე სწორედ მან ასახა.

რა მოხდა ამის შემდეგ და რატომ განიცადა ტრანსფორმაცია მან? _ ვიდრე ამ რიტორიკულ კითხვას პასუხს გავცემთ, ერთ სკანდალურ ინფორმაციას მოგაწვდით. კერძოდ, არსებობს ალბათობა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, გაპოლიტიკოსებული რეჟისორის დაჭერის გადაწყვეტილება მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ ქართულმა საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“ სწორედ მსგავსი შინაარსის კულუარული ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, „თაიმერი“ იუწყებოდა:
„ქვეყნის არაფორმალური მმართველი მისთვის მოპარულ მილიონებს ითვლის. ამ გამქრალი მილიონების გამო გოგა ხაინდრავა შესაძლოა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. ცნობილი ამბავია, რომ ივანიშვილი მისი ფულის მოპარვას არავის პატიობს. წლების წინათ ვანო მერაბიშვილს ამ მიზეზით საკუთარი ქვისლიც დააჭერინა.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროს თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 20 მილიონი დოლარი მოისაკლისა. ეს ფული კი გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებული კომპანიებიდან „აორთქლდა“.
„ივანიშვილი შოკშია _ გამქრალია 20 მილიონი დოლარი. ეს ფული შპს-დან _ „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ და კომპანია „ლეხაინდრაოდან“ გაქრა. შპს-ში კიდევ ბევრი პატარა კომპანია შედის. ყველა მათგანს პირადად ივანიშვილი აფინანსებდა. მისი დავალებით, კარგა ხანია, მიდის აუდიტი, მაგრამ დღემდე ვერ გაარკვიეს, თუ როგორ გაქრა ამდენი ფული. ეს კომპანიები გოგა ხაინდრავას სახელს უკავშირდება. ივანიშვილმა ისინი უკვე „ქართუს“ დაუქვემდებარა და მათ მმართველად ცოლის დისშვილი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ძალიან გაბრაზებულია, მან ყველა გააფრთხილა, რომ ამ თემაზე არ ისაუბროს, რადგან არ სურს, რომ ხალხმა გაიგოს, თუ როგორ მოჰპარა გოგა ხაინდრავამ მილიონები“, – ამბობს „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო.
წყაროს ინფორმაციითვე, ამ დღეებში ივანიშვილს შუშის სასახლეში შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლები ჰყავდა დაბარებული. არაფორმალურმა მმართველმა მათგან იმის დადგენა მოითხოვა, თუ როგორ გაქრა მისი მილიონები.
ბიძინა ივანიშვილს ეჭვი აქვს, რომ ხაინდრავამ ეს ფული თავის კერძო საქმიანობას მოახმარა. რამდენიმე წლის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაინდრავას გადაეცა მიწა, სადაც მეურნეობა უნდა მოეწყო. მან ვალდებულება ვერ შეასრულა და სერიოზული ვალი დაედო. ეს ვალი სახელმწიფომ ჩამოაწერა. როგორც ირკვევა, ხაინდრავა თავის მეურნეობაში დასაქმებულებს ხელფასებს ივანიშვილის ფულიდან უხდიდა.
ეტყობა, „ოცნების“ ლიდერს ხაინდრავას მიმართ ეჭვები ბევრად ადრე გაუჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კახა კალაძე მისთვის პრობლემების შექმნას ვერ გაბედავდა, ანუ რამდენიმე თვის წინ, ხაინდრავას თბილისის მერთან ურთიერთობა გაუფუჭდა. კერძოდ, კალაძემ ხაინდრავას არ დაუკანონა დიღომში მდებარე ნაკვეთი. ამის გარდა, არ მისცა უფლება, რომ ვაკეში სასტუმრო აეშენებინა.
ამით გაღიზიანებულმა ხაინდრავამ დედაქალაქის მერის წინააღმდეგ თავისი გუნდი აამუშავა. სწორედ ამ პერიოდში „დაარტყეს“ თბილისის მერს პარლამენტის წევრმა _ ლევან გოგიჩაიშვილმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარაშვილმა, რომლებიც ხაინდარავასთან დაახლოებულებად ითვლებიან“.
აღმოჩნდება თუ არა ხაინდრავა გისოსებს მიღმა? _ ამას, ცხადია, დრო გვიჩვენებს, თუმცა თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, ეს მისთვის პირველი პატიმრობა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ანუ მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში ეროვნული მოძრაობა მოვიდა, ხაინდრავა პოლიტიკურად გააქტიურდა. კერძოდ, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, კინკლაობა კი მისი პატიმრობით დასრულდა. მაშინდელმა ოპოზიციამ ხაინდრავა პოლიტპატიმრად შერაცხა.
სხვათა შორის, ბატონ ხაინდრავას არასოდეს დაუმალავს, რომ ზვიად გამსახურდიას ვერ იტანდა და ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ვრცლადაც ისაუბრა.
„გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო ომის გაღვივებაში მდებს ბრალს, მაგრამ, რატომღაც, ყველას ავიწყდება, რომ 17 სექტემბერს დამაკავეს და ოთხი თვის განმავლობაში ციხეში ვიჯექი. თბილისში კი შეიარაღებული დაპირისპირება 21 დეკემბერს დაიწყო, მანამდე მშვიდობიანი მანიფესტაციები იმართებოდა. ჯარი თავდაცვის მაშინდელ მინისტრ კიტოვანს ჰყავდა. მე, გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ჯაბა იოსელიანი, „მხედრიონიანად“ ციხეში ჩაგვსვეს და დაპირისპირება საკნიდან როგორ უნდა დამეწყო? როცა გამათავისუფლეს, თბილისი დაბომბილი და დანგრეული იყო, მე კი, 16 დღის ნაშიმშილარი, ქუჩებში ძლივს დავდიოდი.
ვინც ამბობს, რომ რუსთაველზე იარაღით ვახსოვარ, ავადმყოფი და კერპთაყვანისმცემელია, მას „ზვიადისტობას“ არც ვაკადრებ, რადგან ზვიად გამსახურდია, მასთან დაპირისპირების მიუხედავად, ინტელექტუალი იყო, ესენი კი ბნელები არიან და იტყუებიან! ვიმეორებ: როცა ციხიდან გამოვედი, თბილისში ომი მძვინვარებდა და რისი შეცვლა შემეძლო?
ისიც რევანშისტია, ვინც ამბობს, რომ ქაშვეთის ეზოდან მთავრობის სასახლის მიმართულებით პირველი ტყვია ვისროლე, შემდეგ კი, 6 იანვარს, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ცეცხლი გავუხსენი… ციხეში უკანონოდ ვიჯექი და მთელმა მსოფლიომ სინდისის პატიმრად მაღიარა.
რა თქმა უნდა, საქართველოში ყველა უბედურება ჩემგან დაიწყო. ომიც მე დავიწყე, ხან სიგუა ვიყავი, ხან _ კიტოვანი და ხანაც _ გამსახურდია… სისულელეა… დღესაც იგივე აზრზე ვარ და ვფიქრობ, აბსოლუტურად მართალი ვიყავი, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დავუპირისპირდი. ეს იყო სრულიად გამოუცდელი ხელისუფლება, რომელიც, საბოლოოდ, გამსახურდიას ცოლის გარემოცვის ხელში აღმოჩნდა. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გამსახურდია, ქვეყანაც დაღუპეს. მთავრობა შემთხვევითი ადამიანებით კომპლექტდებოდა. მაგალითად, როცა თენგიზ კიტოვანი თავდაცვის მინისტრი გახდა და 15-20 ათასი სამხედრო, იარაღითურთ, ხელში ჩაიგდო, სამოქალაქო ომი ატეხა, შემდეგ აფხაზეთში შევარდა და იქაც კრახი განიცადა. ასეთი ადამიანი ხელისუფლებაში სწორედ გამსახურდიამ მოიყვანა; მეტიც: მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მხარზე კოცნიდა და წმინდა გიორგის ეძახდა, მთელი საქართველო დუდაევის პლაკატებით ხელში დადიოდა და პატრიარქის სურათებს ჯვარი გადაუსვა. რა იყო ეს სიგიჟე? _ ამას დრო გაარკვევს. ასე რომ, სამოქალაქო ომი გოგა ხაინდრავამ კი არა, „მრგვალმა მაგიდამ“ დაიწყო, რომლის წევრებმაც სკამები ვერ გაიყვეს და ქვეყანა დაანგრიეს.
სიმართლე სიმართლეა _ ზვიად გამსახურდიას მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასოდეს დამიმალავს. „მრგვალ მაგიდა-თავისუფალ საქართველოს“ კიტოვანი, სიგუა და ვაჟა ადამია წარმოადგენდნენ, რომელიც თბილისის ქუჩებში საკუთარი „ბეტეერით“ დადიოდა. ლოთი ქობალიას გვარდიამ კი თბილისი დაანგრია. რა გავაკეთო, თუ საზოგადოება დღემდე ჩემზე ლაპარაკობს? დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ ის 350 ათასი ადამიანი ამბობს? ამ ადამიანებისთვის მტერი და უვარგისი ვარ და ვერავის გადავაკეთებ, ჩემთვის ისინი კეთროვნები არიან!“
ინტერვიუ, საიდანაც ამონარიდი შემოგთავაზეთ, არცთუ შორეულ წარსულში, ანუ მაშინაა ჩაწერილი, როცა ხაინდრავა უკვე „ოცნების“ ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გაპოლიტიკოსებული რეჟისორი საქართველოს პირველ პრეზიდენტთან დაპირისპირებას ახლაც არ ნანობს და არც გარკვეულ პასუხისმგებობას გრძნობს იმის გამო, რომ 1991-92 წლების სისხლიან მოვლენებში მისი გვარი ფიგურირებს.
ისე, ხაინდრავა კი უარყოფს, ძმათამკვლელ სამოქალაქო ომში მონაწილეობა არ მიმიღიაო, მაგრამ სხვა რამეს წერს თავის მოგონებებში „მხედრიონის“ ლიდერი, ჯაბა იოსელიანი.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას, ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ და გია სვანიძის ბიჭებმა გაუხსნენ ცეცხლი ზვიად გამსახუდიას და მის მომხრეებს. პირველმა ვინც ისროლა – ხაინდრავას ხალხმა თუ ჩვენებმა _ „მხედრიონელებმა“, ვერ გეტყვით. ეს იყო შეცდომა, რადგან როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები, უსაფრთხოდ დატოვებ ქვეყანასო, უნდა შეუსრულო.
მერე, გოგაც და გიაც მიმტკიცებდნენ, ბატონო ჯაბა, ჯერ იმათ გვესროლეს ავტობუსებიდანო, მაგრამ ამხელა კაცი მაგას ვჭამ? რა ესროლეს? ერთი სული ჰქონდათ ბუნკერიდან თავდაღწეულებს, საქართველო მშვიდობიანად დაეტოვებინათ. არა, მაგარი მიქარვა მოუვიდათ, თან იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები ისხდნენ, პრეზიდენტს თავი რომ დავანებოთ!“ _ ასე იხსენებდა წლების შემდეგ 1991-92 წლების მოვლენებს „მხედრიონის“ აწ განსვენებული ლიდერი, ჯაბა იოსელიანი.
იოსელიანის ეს მოგონება ერთგვარი აღიარება იყო, რაზედაც, წესით და რიგით, გამოძიება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმ საშინელი ამბებიდან 30 წელი გავიდა, ხაინდრავა ყველგან ან თითქმის ყველა ხელისუფლების დროს ერთგვარ სასათბურე პირობებში იყო. აი, მაგალითად, ედუარდ შევარდნაძემ, აფხაზეთის ომის დროს, ის სახელმწიფო მინისტრად დანიშნა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხაინდრავას ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფურცელი სწორედ აფხაზეთის ომს უკავშირდება. ამ მხრივ ბატონ ხაინდრავას სკანდალური ბრალდება უკრაინაში მყოფმა ქართველმა ოფიცერმა, დავით მარტიაშვილმა წაუყენა, რომელმაც ოთხი წლის წინ ერთ-ერთ ქართულ საინფორმაციო სააგენტოს ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრობის დროს გოგა ხაინდრავა მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში პირადად იყო ჩართული. ამავე ინტერვიუში ქართველმა ოფიცერმა მზადყოფნაც გამოთქვა, რომ ხაინდრავას წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოსთვის მიეცა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სკანდალური განცხადებებით სამართალდამცველები არ დაინტერესდნენ. სამაგიეროდ, ინტერნეტ-არქივში დღემდე იძებნება მარტიაშვილის ზემოხსენებული ინტერვიუ, საიდანაც ჩვენი გამოცემა რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს გთავაზობთ:
„მზად ვარ, ხაინდრავას მისი საქმიანობა შევახსენო 1992 წელს აფხაზეთში. ეს საქმიანობა მიმართული იყო სოხუმის ჩაბარებისკენ. სწორედ მისმა „მოღვაწეობამ“ განაპირობა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი განწყობილი იყო მტრის მხარეს და არა _ ჩვენს მხარეს. მაგალითად, აფხაზეთის სომხებთან მოვილაპარაკეთ, ჩვენს მხარეს ყოფილიყვნენ, მაგრამ ხსენებული „მოღვაწეობის“ შედეგად ისინი დადგნენ აფხაზების მხარეს… ნებისმიერი ნაძარცვის გატანა _ ზღვით, ჰაერით თუ ხმელეთით ხდებოდა ისე, რომ 30% იყო პირადად გოგა ხაინდრავასი. მისი გამოძახებით შემოდიოდა ზღვის პორტში ბარჟა ან აეროპორტში ვერტმფრენი, რომელთაც ნაძარცვი გადაჰქონდათ. რიგითი მეომარი არ ვიყავი აფხაზეთში _ ბატალიონს ვმეთაურობდი. საბუთი რა უნდა მქონდეს _ გოგა ხაინდრავას ხელმოწერილი დოკუმენტი? მოწმეებს რაც შეეხება, ამაზე ხმის ამომღები ახლა მანდ არავინაა. ჩემზეც იტყვიან, ალბათ, „ნაცია“, ესაა, ისაა, მაგრამ არ მაინტერესებს. გოგა ხაინდრავა, იცით, რეებს აკეთებდა? მაგალითად, ერთი ჩემი მეგობარი ბატალიონის მეთაური (ვინც ახლა ხმას არ ამოიღებს) მიყვებოდა, რომ თუ სამხედრო შენაერთს რამე იარაღის მიღება უნდოდა, ხაინდრავასთან ერთად წამალი უნდა „გაეჩხირა“ და მაშინ ტყვიამფრქვევს კი არა, საჰაერო-საზენიტო დანადგარსაც კი მიიღებდა.
ყველამ ყველაფერი იცოდა. თავის დროზე, გია ყარყარაშვილმა რაღაცები შეახსენა გოგა ხაინდრავას. თუ არ ვცდები, „ვარდების რევოლუციის“ დროს, მაგრამ ახლა ისიც არ ამოიღებს ხმას, ცნობილი მიზეზით. დარწმუნებული ვარ, ეს ის მიზეზია, რომ არავის სჭირდება იარლიყის მიწებება. ხაინდრავას ყველა ნაბიჯი ქვეყნის საზიანოდაა… მაგან დაღუპა აფხაზეთი და მისი საკეთებელი რატომ უნდა იყოს პოლიტიკა საქართველოში? მანდ გუშინ რა ჭამეს, ის არ ახსოვს ხალხს და გოგას ჰგონია, 25 წლის წინანდელი აღარავის ახსოვს, მაგრამ მე მახსოვს და ყველას გავახსენებ. მალე, ალბათ, თვითონაც მოყვებიან და თუ ვერ ამოიღებენ ხმას, იყვნენ, როგორც გოგამ ერთხელ უწოდა, ჩაჯმულები“.
მართალია, სამართალდამცველები მარტიაშვილის ამ განცხადებებით არ დაინტერესდნენ, მაგრამ ზემოხსენებული სკანდალური ბრალდება უპასუხოდ თავად ხაინდრავამ არ დატოვა და განაცხადა:
„აფხაზეთში რისი გაკეთებაც შემეძლო, გავაკეთე _ საომარი მოქმედებები ცხრაჯერ შევაჩერე, არძინბას შევხვდი, ალყაშემორტყმულ ზუგდიდში თერთმეტჯერ ვიყავი და ოჩამჩირეში ლოთი ქობალია ჩავიყვანე. მაშინ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანების ნაწილი გავაერთიანე, რადგან ვხვდებოდით, რომ აფხაზეთი ხელიდან გვეცლებოდა. დიახ, დავმარცხდით, მაგრამ ეს არ იყო იმის ბრალი, რომ ომი გაყიდული გახლდათ. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებმაც იქ ჩამოსვლა ვერ გაბედეს, მითების შექმნით თავს იმართლებენ, რადგან მშიშრები არიან და ქვეყნის დასაცავად არაფერი გააკეთეს. როცა აფხაზეთის ომიდან ჩამოვედი, იქ ზოგიერთი ბიზნესმენი დაგვხვდა“.
ამ არცთუ სახარბიელო ბეგრაუნდის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა გოგა ხაინდრავა მაინც გვერდით დაიყენა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ხაინდრავა იყო, ვინც 2003 წლის ნოემბრის მოვლენების დროს ბარიკადებზე იდგა და შევარდნაძის ხელისუფლების დასრულებას ითხოვდა. იმაზე, რომ იმდროინდელი ხელისუფლება შესაცვლელი იყო, ახლაც კი არავინ კამათობს, მაგრამ საკითხავია, სააკაშვილს ხაინდრავა რისთვის სჭირდებოდა? ისე, სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, „ვარდების მთავრობაში“ ხაინდრავამ კონფლიქტების სახელმწიფო მინისტრის პოსტი ცხონებული ზურაბ ჟვანიას ლობირებით მიიღო, თორემ, როგორც ამბობენ, გაპოლიტიკოსებული რეჟისორი მიშას გულზე არასოდეს ეხატებოდა. ეს ცნობა მთლად უსაფუძვლო რომ არაა, იმითაც დასტურდება, რომ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დატოვა და „ნაციონალების“ შეურიგებელ ოპოზიციაში გადავიდა.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ ჟვანიას სიცოცხლეშივე ითქვა, რომ ხაინდრავამ ეუთოს მიერ გამოყოფილი გრანტები მიითვისა და ამიტომ, როცა მფარველი აღარ ჰყავდა, იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა ამ ბრალდებასაც ხაინდრავა კატეგორიულად უარყოფს.
„2005 წელს ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყება სააკაშვილს მე გადავაფიქრებინე, რაშიც ზურაბ ჟვანიამაც მხარი დამიჭირა. ცხინვალიდან უამრავი დაპატიმრებული და დაკავებული ქართველი გამოვიყვანე. ბოლოს და ბოლოს, რუსების „კამანდირი“, რომელმაც შემდეგ ცხინვალი მილეწ-მოლეწა, მაშინ ჩემს ბრძანებებს ასრულებდა. ახალგორსაც ვაკონტროლებდი, რომელიც მერაბიშვილმა და სააკაშვილმა რუსებს აჩუქეს. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრი ვიყავი, რადგან ასეთად მხოლოდ იმას მივიჩნევ, ვინც რეალურ შედეგს აღწევს, თუმცა ყველაფერი ისე რომ გაკეთებულიყო, როგორც სააკაშვილი ირწმუნებოდა, ცხინვალის პრობლემის მოგვარება რთული არ იყო. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა, იქ კონფლიქტი თითქმის ამოწურული იყო. როკის გვირაბში ჩვენი თანამოქალაქეები თავისუფლად დადიოდნენ, ცხინვალელები გორში ვაჭრობდნენ და ავტობუსიც კი დადიოდა მარშრუტით _ „თბილისი-ცხინვალი“. რაც შემდეგ წლებში მოხდა, მხოლოდ ლომაიას, ბოკერიას, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნამოქმედარია“, _ აცხადებდა რამდენიმე წლის წინათ ხაინდრავა.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ხაინდრავას მიმართ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არასოდეს ჰქონიათ, ანუ მას ყველა ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და სხვადასხვა ბრალდებასაც უყენებდა. ასე, მაგალითად, თავის დროზე, მწერალმა და პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ ხაინდრავას პირდაპირ „პოლიტიკური პროსტიტუტი“ და ქვეყნის გამყიდველი უწოდა. კაკაბაძის მაშინდელი გაღიზიანება „მაესტროს“ მოვლენებს მოჰყვა, როცა ხაინდრავამ ამ ტელევიზიის იმდროინდელი მფლობელი, კოტე გოგელია, არცთუ დადებით კონტექსტში მოიხსენია.
„აქამდე თავს ვიკავებდი – არ მინდოდა ამ ცნობილი პოლიტიკური პროსტიტუტისა და ფულის მონის გამონათქვამების კომენტირება. რა უფლება აქვს გოგა ხაინდრავას, კოტე გოგელიაზე ან კიდევ სხვებზე ილაპარაკოს, როცა მთელი თავისი ცხოვრება ქვეყანასა და მრწამსს ყიდის, „ასუხარებს“?! გოგა ხაინდრავა არ არის ის, ვინც ზვიად გამსახურდია ერთ წუთში გაყიდა 1991 წელს ზუსტად იმ რუსეთზე, რომლის ფულსაც ძალიან დიდხანს ძალიან დიდი სიამოვნებით ჭამდა?! გოგა ხაინდრავა არ იყო ის წარუმატებელი ორგზის მინისტრი და წარმატებული მრავალგზის ბიზნესმენი, რომელმაც „დაასუხარა“ საქართველოს ინტერესები? გოგა ხაინდრავა არ იყო ის არაკაცი, რომელმაც იარაღის ვაჭარ ბერეზოვსკისთან (რომლის ფულიც აგრეთვე რუსული იარაღის გაყიდვით მოიპოვებოდა) გაყიდა გაერთიანებული ოპოზიცია 2008-2009 წლებში?.. გოგა ხაინდრავა იმდენს ეკონწიალა ბერეზოვსკის, კახა თარგამაძესა და სხვებს, რომ ბოლოს მათ თვითონ მოიშორეს მისი მეგობრები და გივი თარგამაძეს შეეკრნენ.
მხოლოდ ამის მერე დაიწყო ხაინდრავამ „ამერიკელების ფულზე“ ლაპარაკი, მაგრამ არ მგონია, ამერიკელებს მისნაირი გაქნილი „კაგებეშნიკებისთვის“ ფული ჰქონდეთ. ერთადერთი, ვინც მას სრულ სისულელეებში ფულს აძლევს, ეს არის GDS -ი. მე მგონი, ეს დიდი შეცდომაა, ამხელა თანხის ხაინდრავასნაირი აფერისტებისთვის მიცემა და ამდენი ნიჭიერი რეჟისორისა და მსახიობის ასე უმუშევრად დატოვება. საქართველო, ხაინდრავასა და მისნაირი აფერისტების ხელში, დაიღუპება ისევე, როგორც უკვე არაერთხელ მოხდა სულ ახლო წარსულში. ეს ვაჟბატონი ხომ ჯერ შევარდნაძისა და მერე სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმების მინისტრი იყო და ორივეს დროს ძალიან გამდიდრდა. არც ახლა ჩერდება. სანამ ამნაირ არარაობებს ადგილზე არ დავაყენებთ, ჩვენ მომავალი არ გვაქვს!“ – წერდა, თავის დროზე, ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში (ეს სტატუსი კაკაბაძის „ფეისბუქგვერდიდან“ შესაძლოა, წაშლილია, სამაგიეროდ, Google -ის საძიებო სისტემაში ზემოთ მოყვანილი სიტყვების პოვნა ადვილად შეგიძლიათ).
ზოგადად, გოგა ხაინდრავაზე იმდენი რამის თქმა შეიძლება, რომ საამისოდ ჩვენი გამოცემის ერთი კი არა, რამდენიმე ნომერი არ გვეყოფა, თუმცა „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის პორტრეტის შესაქმნელად ზემოთ მოყვანილი ფაქტებიც საკმარისია.
დასკვნის სახით კი, დიდი ლიახვის ხეობაში ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელ ლევან ხაჭაპურიძის სიტყვებს შემოგთავაზებთ:
„რატომ არ გამიხმა ის ხელი, რომლითაც ხაინდრავას ავაცილე. ხაინდრავა კაცი კი არა, არაკაცია! რამდენიმე დღე მე მატყუა, ცოცხლები არიან ბიჭებიო, მერე ოთხ ოჯახს და ამხელა სანათესავო-ჭირისუფალს ერთიანად ატყუებდა. რამდენიმე კარგად მოხვდა მინისტრ ხაინდრავას ყბაში ჩემგანაც და სხვა ბიჭებისგანაც, კურდღელივით გაიქცა. ეგ ხეობაში ვეღარ შემოდგამს ფეხს, მე იქით ვიყო, ხალხია ძალიან აჯაგრული – ხაინდრავა აქ ამოსული რომ ვნახოთ, ცოცხალს არ გავუშვებთო.
ამ ხალხმა 15 წელი გაიტანა ერთმანეთი, ალყაში არიან, ტყვიების წვიმაში არიან, მაგრამ მშობლიური მიწა არ მიუტოვებიათ. ერთგულებისა და სიტყვის ფასი იციან და ვერ იტანენ გაიძვერა და სიტყვის გამტეხ ხალხს, ხაინდრავასნაირებს!“

P. S. და კიდევ ერთი: ხაინდრავას პოლიტიკური ალღო, მაინცდამაინც, არ უმართლებს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა თუ არა, სალომე ზურაბიშვილის შტაბში დიდი თაიგულით მივიდა, რათა „მადამ პიურესთვის“ გამარჯვება მიელოცა, მაგრამ თაიგული ხელებში „ჩააჭკნა“, რადგან ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილი პირველსავე ტურში ვერ გაპრეზიდენტდა. მას შემდეგ ხაინდრავა, მაინცდამაინც, აღარ აქტიურობს. ამ არაქტიურობის მიზეზი კი შესაძლოა, ის იყო, რომ ივანიშვილს მასთან კითხვები მართლაც აქვს და არ უნდა, რომ „შუშის სასახლის“ მფლობელს თვალში ზედმეტად მოხვდეს!
სხვათა შორის, წლების წინათ ხაინდრავამ აფხაზეთის ომზე ფილმი გადაიღო, რომელსაც „ოცნებების სასაფლაო“ უწოდა. ჰოდა, შესაძლოა, ეს წინასწარმეტყველება აუხდეს და ოცნებები დაუსამარდეს!

გიორგი აბაშიძე