ნიკოლოზ მეტრეველი: „ოპოზიცია არჩვენებზე ყელში ამოსული სახეებით მიდის“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ 8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ყველა პარტიამ მოაწერა ხელი.
ასევე სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

ამ პირობებში რა შანსები აქვს მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს? 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გვეყოლება თუ არა კოალიციური მთავრობა და მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები?
ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „ქრონიკა+“ ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა:

_ „ქართული ოცნების“ მხრიდან პროპორციულის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციის პროტესტი იყო. მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი შედგა. რა გამოვლინდა ამ პოლიტიკური პროცესების შედეგად?
_ ჩემი პასუხი რაოდენ პაროდოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გეტყვით, რომ 20 ივნისის მოვლენები და ე. წ. გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციების „ფესტივალი“ ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ მიმაჩნია. და აი, რატომ: სოციალური, ანუ სახელმწიფო მართვის თეორიაც და პრაქტიკაც გვასწავლის, რომ ნებისმიერ მმართველ ძალას, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ფლობს ძალაუფლებას, ახასიათებს მოდუნების ტენდენცია, საკადრო სტაგნაცია (შედეგად სოციალური ლიფტების გაჩერება ან, უკეთეს შემთხვევაში, შეფერხებით მუშაობა), მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ და ასაკობრივ (განსაკუთრებით ახალგაზრდებთან და სოციალურად დაუცველებთან) ჯგუფებთან ცოცხალი კონტაქტის შესუსტება, კორუფციული ტენდეციების ზრდა, ახალი იდეებისა და პროგრამების სიმწირე. მე მხოლოდ დემოკრატიული სისტემის პირობებში ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნის რისკფაქტორების ძირითადი ნიშნები ჩამოგითვალეთ. არის კიდევ სხვა რისკებიც, რომელიც სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით გახლავთ განპირობებული. ეს ორგანული რისკფაქტორებია. მაგრამ არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს განაჩენია და აუცილებელია მმართველი პარტიის ოპოზიციაში გადასვლა ან სულაც პოლიტიკური ველიდან მისი გაქრობა. როდესაც დიაგნოზი სწორად არის დასმული და პრობლემები გააზრებულია, ნიჭიერ ლიდერებს ადვილად შეუძლიათ სიტუაციის შემობრუნება და გაუმჯობესება. ამის თქმის უფლებას მაძლევს ახლო დისტანციიდან „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება. გარწმუნებთ, „ქართულ ოცნებაში“ ხშირად გარე თვალისთვის შეუმჩნეველი, უაღრესად სერიოზული პოზიტიური ორგანიზაციული და საკადრო პროცესები მიმდინარეობს. ოქტომბრის არჩევნებისთვის მმართველი პარტია, პრაქტიკულად, სრულიად განახლებული კადრებით და, რაც მთავარია, ახალი პროგრამებით მივა. „ქართულ ოცნებაში“ დაწყებულ უდავოდ (პარტიისთვისაც და ქვეყნისთვისაც) პოზიტიური გაჯანსაღების პროცესებს ძალიან შეუწყო ხელი ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა და მედიის ხშირად ძალიან მძაფრმა კრიტიკამ. ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა ქართველ ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა ქართული ოპოზიციის მანკიერი მხარეები და, სამწუხაროდ, სრული შეუსაბამობა იმ ამოცანების მიმართ, რომელსაც ის ისახავს. აქსიომაა: დემოკრატიულ სისტემებს ძლიერი, მუდმივად განახლებადი, ქმედითი და კონსტრუქციული ოპოზიცია ესაჭიროება. ისტორიის თანამედროვე ეტაპზე საქართველოში ოპოზიციურ ფლანგზე გვაქვს უმძიმესი დანაშაულებრივი წარსულის მქონე, უიდეო, არაკომპეტენტური, დემაგოგიური „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განაყოფი და მათზე მიკედლებული (ხშირად, მათ მიერვე შექმნილი), ძირითადად, ძველი, ასევე შვილებით და უკვე, ალბათ, შვილიშვილებით ჩაბეტონებული კადრებით დაკომპლექტებული ე. წ. პარტიები, რომლებიც ხშირად ორი-სამი ოჯახის წევრისგან შედგება. ამ ფონზე, ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, შედარებით იმედის მომცემად წარმოჩინდებიან „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლელო“, მაგრამ მათაც კიდევ ბევრი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა „ქართულ ოცნებას“ თანაზომიერი კონკურენცია გაუწიონ. ოპოზიციის ნაკლოვანებებსა და სუსტ ადგილებს კარგად ხედავენ „ქართულ ოცნებაში“ და თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამას ჩვენ ოქტომბრის არჩევნებზე უფრო მკაფიოდ დავინახავთ. „ოცნებასთან“ ერთად და შესაძლოა, უფრო ნათლადაც ოპოზიციის ნაკლოვანებებს ხედავს ქართველი ამომრჩეველიც. ის რიგითი ამომრჩეველი უაღრესად კრიტიკულია არსებული ოპოზიციისა და მისი ლიდერების მიმართ. ეს ჩანს საპროტესტო აქციებზეც. დიდი ფულადი და მატერიალური ძალისხმევის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი ფეიკპარტიები 5-7 ათას ადამიანზე მეტს ვერასოდეს აგროვებენ. ვფიქრობ, ვირუსულმა ეპიდემიამ მათ სულზე მოუსწრო, რომ 4 აპრილისთვის დაანონსებული აქციის გადადება გამოეცხადებინათ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს არჩევნების წესისა და სისტემის თაობაზე, ფაქტია: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც დაინტერესებულებს დაანახა, რომ იგი:
ა) მოლაპარაკებადია; ბ) კონსტრუქციულია; გ) დემოკრატიულია და დ) ყველასთვის მთავარი _ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
_ ამ პროცესების პარალელურად, ჩვენ არაერთი კრიტიკული წერილი ვნახეთ კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით. რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ამაზე ხელისუფლება?
_ სრული სიმართლეა, კრიტიკული წერილები ვნახეთ ამერიკიდან და ევროპიდანაც. ასეთ წერილებს ვნახავთ მომავალშიც. მაგრამ ამ წერილებში არის ძირითადი და საერთო სურვილი, ქართული სახელმწიფო იხილონ დასავლეთ სამყაროს სტაბილურ, დემოკრატიულ, ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ. ამის გარანტი კი, დამერწმუნეთ, დღეს საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ამერიკასა და, ზოგადად, დასავლეთ სამყაროს დღევანდელი ურთულესი მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საიმედო და პროგნოზირებადი მოკავშირეები ესაჭიროება. ასეთების რიცხვს კი, დასავლეთის თვალში, „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები და მათი მოკავშირე ფეიკპარტიები ნამდვილად არ წარმოადგენენ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი უცვლელი ლიდერისა და ლიდერების ფასი ამერიკაშიც და ევროპაშიც კარგად არის ცნობილი. რაც შეეხება ამ წერილებზე ხელისუფლების რეაგირებისა და მათი მნიშვნელობის გააზრებას, ამ ინტერვიუში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ მცირე, მაგრამ სერიოზული სიახლე შემიძლია გაგიზიაროთ: „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პრემიერ-მინისტრსა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს უკვე დიდი სამუშაო აქვთ ჩატარებული ყველა მიმართულებით. ეს მუშაობა არათუ ნელდება, მზარდი ინტენსივობით მიმდინარეობს. მიუხედავად აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიისა, შედეგებს სულ მალე ყველა ვნახავთ. იქნება საქართველოს მხარდამჭერი წერილები და განცხადებებიც და რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესი ვიზიტები. სრული პასუხისმგებლობით მინდა, ხაზი გავუსვა ამერიკაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი აბსოლუტურ ნდობასა და დიდ მხარდაჭერას. ჩვენს ოპოზიციას, სხვა სისუსტეებთან ერთად, მათ მიერვე გამოგონილი ჭორებისადმი მიდრეკილება ახასიათებს. ეს კი არც მათთვის არის კარგი და არც _ ქვეყნისთვის.
_ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილს ეშინია აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების. რამდენად რეალურია, რომ საქართველოში პლოხოტნიუკის პრეცედენტი განმეორდეს?
_ ოპოზიციის ეს ნარატივი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ დიდია მათში საბჭოური მენტალობა. როგორც ჩანს, მათმა დიდმა ნაწილმა ჯერ ვერ გაიგო, რომ თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი და კრემლი ერთი და იგივე არ არის. ყველამ იცის: 2007 წლიდან მოყოლებული ამერიკას, ზოგადად, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ეს დისტანცირება 2012 წელს საქართველოსთვის უკვე საგანგაშო მასშტაბებს აღწევდა. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა და მის მიერ შექმნილმა „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ჩვენთვის ამ საშიში პროცესების ჯერ შეჩერება, შემდგომ კი სამოკავშირეო ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანა. გარწმუნებთ, ბიძინა ივანიშვილის ფასი და მნიშვნელობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამერიკაში მარტო ბიზნესწრეებში არ იციან. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაც და ორივე პარტიის ლიდერიც კარგად ხედავენ ამ ადამიანის როლს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში. გავიმეორებ და სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ: ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ ამერიკაში ძალიან სერიოზულ სასიკეთო პროცესებს აღრმავებენ. დაველოდოთ მნიშვნელოვანი ვიზიტების შედეგებს. რაც შეეხება მოლდოვასა და ბ-ნ პლოხოტნიუკს, ანალოგია ჩვენთან სასაცილოა. მოლდოვა ჩვენი მედიისა და ექსპერტების თვალსაწიერში იშვიათად ხვდება, არადა, ეს ქვეყანა ჩვენთვის თუნდაც იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ერთდროულად გააფორმეს. ჩემი მოლდოველი კოლეგების მიწვევით რამდენჯერმე მომიწია იქ ყოფნა. გარდა მოლდოვის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისა, შეხვედრები მქონია ამ ქვეყნის, თითქმის, ყველა წამყვან პოლიტიკოსთან. ყველა ეს პიროვნება აღიარებს, რომ მოლდოვას, საქართველოსგან განსხვავებით, უაღრესად არასრულყოფილი პოლიტიკური სისტემა აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვას, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კომუნისტური პარტია და კომუნისტი პრეზიდენტი ვორონინი მართავდნენ. ამჟამად მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც 101-კაციანი პარლამენტი ირჩევს. მოლდოვის პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას ახდენდა და ახდენს არაფორმალური ლიდერი _ ოლიგარქი პლოხოტნიუკი. ამ ადამიანს ბუნდოვანი და მრავალ სკანდალთან დაკავშირებული ბიოგრაფია აქვს. მისი კარიერის დასაწყისი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პრეზიდენტ ვორონინთან და მის კლანთან. პოლიტიკური ოპონენტები პლოხოტნიუკს ბრალს სდებენ სუტენიორობასა და ადამიანებით ვაჭრობის ევროპაში ფესვებგადგმული ქსელის ჩამოყალიბებაში, ირანის ატომური პროგრამების ხელშეწყობაში, მოლდოვაში კრემლის პოლიტიკის პირდაპირ გატარებაში. ასე რომ, პლოხოტნიუკის შედარება ბ-ნ სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან ბევრად უფრო რელევანტურია.
_ საბოლოოდ, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების თანახმად ოცდაათივე მაჟორიტარი უნდა მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“ და პარტიამ, მინიმუმ, 38% აიღოს, რომ მთავრობა შექმნას. ეს შეთანხმება რაზე მეტყველებს? მმართველმა გუნდმა უკან დაიხია?
_ მივესალმები, თუ პრინციპულ საკითხებზე მეტ-ნაკლებად შევთანხმდებით. არ მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების რაიმე სახის უკან დახევაა. ზოგადად, საარჩევნო სისტემა ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი არჩევნების ბედს, ამას წყვეტს ამომრჩეველი და ვისაც მოგების თავი აქვს, ის იგებს ნებისმიერ ფორმატში. „ქართული ოცნება“ ყველანაირ საარჩევნო სისტემაში დამაჯერებლად დაამარცხებს რადიკალურ ოპოზიციას.
_ ოპოზიციაში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემით შეძლებენ ივანიშვილის დამარცხებას. რა რესურსი აქვთ მათ და რა არის ოპოზიციის მთავარი სისუსტე?
_ ხშირად ვამბობ: დემოკრატიის პირობებში პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გამარჯვების რეალური პოტენციალი აქვს, ნებისმიერი სისტემით იმარჯვებს _ პროპორციულით, მაჟორიტარულით, შერეულით. ამის შესანიშნავი მაგალითი 2012 წლის და საქართველოში ჩატარებული ყველა შემდგომი არჩევნებია. ქართული ოპოზიციის პოტენციალი კი მათი რესურსების კატასტროფულ სიმწირეშია. ჩვენს ოპოზიციას, სამწუხაროდ, ზოგადად, მრავალი სუსტი წერტილი აქვს: უმძიმესი პოლიტიკური წარსული მემკვიდრეობა, პროგრამებისა და ახალი იდეების არქონა (ან ვერ ქმნიან ან არ მიიჩნევენ საჭიროდ), კადრების აბსოლუტური დეფიციტი (ახალ სახეებად შვილები და შვილიშვილები გვევლინებიან) და, შესაბამისად, სოციალური და პოლიტიკური ლიფტების სტაგნაცია, რეგრესი, არაკომპეტენტურობა, დაბალი პროფესიონალიზმი (უმეტესობას საკუთარი პროფესიით, ალბათ, საათებიც კი არ უმუშვია), ოპოზიციურ პარტიებს შორის ღრმა, უფრო ხშირად, პიროვნული, ვიდრე იდეოლოგიური დაპირისპირება, პერმანენტული დემაგოგიური დესტრუქციულობა, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა, უკანონო გზებით ზღვარგადასული სიმდიდრის ფლობა. ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ ნაკლოვანებებისა, რომელიც ჩვენს ოპოზიციას ახასიათებს. მეც, თქვენც, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც და ჩვენი ქვეყნის მოკავშირეებიც ბედნიერები ვიქნებით, თუ ქართულ პოლიტიკურ სისტემაში ახალი ტიპის პოლიტიკოსები და პარტიები გამოჩნდებიან. მაგრამ ამჟამად გვაქვს ეს მოცემულობა. იმედის თვალით ვუყურებ „ლელოს“, „პატრიოტთა ალიანსს“ და კიდევ რამდენიმე პარტიას. წარმატებას ვუსურვებ მათ.
_ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საარჩევნო შტაბი გახსნა. რით ხსნით მის ამგვარ ქმედებას?
_ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თამაშგარეშია ჩვენთანაც და _ ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. ცხადია, მას გარკვეული პირად მხარდამჭერთა რაოდენობა ჰყავს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი და სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას, ამავე დროს, სერიოზულ ზიანს აყენებს. გასაგებად რომ ვთქვა, შტაბებს ხსნის ადამიანი, რომელიც ტვირთია თუ ჯართი საკუთარი თანაპარტილების შეფასებითაც კი. ამ ე. წ. შტაბებზე მისი თანაპარტიელებიც ვერაფერს ამბობენ საგნობრივს. სააკაშვილის შტაბიც და ნებისმიერი სხვა აქციაც მხოლოდ დეზორიენტაციას გააძლიერებს რადიკალური ოპოზიციის რიგებში. ვფიქრობ, მის კოლეგებს სააკაშვილის მხოლოდ ფინანსები აინტერესებთ.
_ ამ ყველაფრის პარალელურად ტარდება კვლევები, მათ შორის, „მთავარი არხის“ დაკვეთით IPSOS-ის ჩატარებულ კვლევაში „ქართულმა ოცნებამ“ 39% აიღო. რა შემთხვევაში აქვს „ოცნებას“ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსი?
_ თუ სერიოზულად განვიხილავთ „ნაცონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის დაკვეთით IPSOSმიერ ჩატარებულ „კვლევას“, ის ბუნებრივ კითხვებს დაბადებს ჩემში, როგორც პროფესიით სოციოლოგში. საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც უცნობია, რა მეთოდოლოგიით, ვის მიერ ტარდება საველე სამუშაოები და რა პირობებში ჩატარდა (თუ საერთოდ ჩატარდა) ეს „კვლევა“. შესაბამისად, ვერც სერიოზულად შევაფასებ. სამაგიეროდ, ჩემთვის ხელმისაწვდომია სხვა დახურული კვლევები, რომელთა მეთოდოლოგია გაცილებით სანდოა. ამ კვლევების შედეგები „ქართული ოცნებისთვის IPSOS-სა და „მთავარი არხის“ შედეგებზე ბევრად უკეთესია. თქვენი საინტერესო კითხვის პასუხად, შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ მაჩვენებლების გაუმჯობესება? ერთჯეროვნად შემიძლია გიპასუხოთ, _ დიახ შეუძლია და ეს ასეც იქნება! ეს გაუმჯობესება სისტემურ საფუძველს ემყარება და პოზიტიური და ნეგატიური ფაქტორებითაც კია განპირობებული. „ქართული ოცნება“ არჩევნებზე განახლებული პროგრამით და რაც ყველაზე მთავარია, გაკეთებული საქმეებით მივა. ეს იქნება საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები, იმაზე უფრო დიდი, ვიდრე წყალტუბოს, ქუთაისის ელექტრომობილების ამუშავებული ქარხნით, ანაკლიის პორტის ამერიკელ ინვესტორებთან ერთად განახლებული მშენებლობით, 3-მილიარდ ბიუჯეტიანი ახალი უნივერსიტეტით, გაზრდილი პენსიებით, სამხედროებისთვის და პედაგოგებისთვის გაზრდილი ხელფასებით, დედაქალაქში მიმდინარე რეკონსტრუქციით, გაცოცხლებული ვაკისა და სხვა პარკების, ახალი გზებით, 12,5%-ით გაზრდილი საექსპორტო მაჩვენებლებით, ამერიკისა და ნატოს დახმარებით ქართული არმიის პოტენციალის გაზრდით, ჩვენი დევნილებისთვის პირობების გაუმჯობესებით, პრაქტიკულად სრულიად გადახალისებული საარჩევნო სიით. ეს ის ფაქტორებია, რომელსაც, სამწუხაროდ, არსებული პრობლემების ფონზე, პოლიტიკური რიტორიკის პირობებში, ნაკლები ყურადღება ეთმობა, არადა, ქვეყანას ოპტიმიზმი და, რაც მთავარია, პოზიტივის დანახვაც სჭირდება. გასათვალისწინებელია და ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნების“ საარჩვევნო შტაბი დაკომპლექტებულია ისეთი ქართველი და უცხოელი პოლიტტექნოლოგებით, რომელთაც ბევრი ევროპული თუ ისრაელის ტრადიციული პარტიაც კი ვერ დაიკვეხნის.
ოპოზიციის დიდი ნაწილი კი არჩევნებზე უკვე ყელში ამოსული სახეებით და „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკით მოდის. ამომრჩევლების რეაქციაც შესაბამისი იქნება. ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება.
_ როგორი იქნება 2020 წლის არჩევნების შედეგები, _ კოალიციურ მთავრობას ვიხილავთ, თუ ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში დარჩება?
_ თუ საგარეო გლობალურ საფრთხეებსა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გამოვრიცხავთ, 2020 წლის არჩევნები ისეთივე შედეგით დამთავრდება, როგორც 2012 წლის შემდგომ ყველა დასრულებული არჩევნები. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. სამთავრობო ორი ან მეტი პარტიული კოალიციის შექმნა მხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რაც უდავოდ საინტერესოც იქნება და სასარგებლოც ქვეყნისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ველზე არ არსებობენ იდეური მოკავშირეები, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, ვისთანაც შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია შეკრას.
_ როგორ ფიქრობთ, განხორციელდება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და რამდენად მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პრემიერის პოსტზე?
_ ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის გადადგომას გამოვრიცხავ. ზემოთ უკვე აღვნიშნე გიორგი გახარიას უმნიშვნელოვანეს როლზე, მათ შორის, საგარეო მიმართულებითაც. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იგი უფრო მეტ პოლიტიკურ აქტიურობას გამოიჩენს _ ეს სრულიად მოსალოდნელია და ჩემი ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო სიის დააკომპლექტებაშიც იქნება ჩართული, განსხვავებით 2016 წლისგან, როდესაც მას საპარლამენტო სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის ზელიდერია და ცხადია, ის კვლავ იქნება 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მთავარი ფაქტორი
_ ბოლოს, რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე? თქვენ მმართველი პარტიის ერთ-ერთ ახალ სახედ მოიაზრებით. გიხილავთ 2020 წლის პარლამენტში?
_ 2011 წლიდან ვიყავი და ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი. არ დავმალავ, მაქვს პოლიტიკური მიზნები, მაგრამ ჩემს პირად პოლიტიკურ კარიერაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, საქართველოში არსებული პოლიტიკური ჭაობის დაშრობა. დიდი ხანია, დროა, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები, ახალი იდეები და ენერგია გამოჩნდეს. ჩემს პოლიტიკურ მომავალს, ამ ეტაპზე, „ქართულ ოცნებასა“ და ახალ სახეებს ვუკავშირებ.

ნენე ინჯგია