გიორგი ბოტკოველი: „დავით საგანელიძემ კახელ გლეხებს 500 ჰექტარი მიწა წაართვა“

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ ქართველები საზღვარგარეთ გააძევოს სამუშაოდ. საზღვარგარეთ სამუშაოს მაძიებელთა რიგებს კახელი გლეხებიც შეუერთდებიან. ამ ადამიანებს სხვა გზა, უბრალოდ, არ დაუტოვეს _ წყალი სადღაც გააქრეს, მიწას ჩინოსნები ითვისებენ.

გასულ კვირას საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობამ ორი საპროტესტო აქცია გამართა, სადაც დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის მიერ 500 ჰექტარი მიწის მითვისებას აპროტესტებდნენ. გიორგიწმინდელი გლეხები, ფაქტობრივად, სარჩოს გარეშე დარჩნენ. გიორგიწმინდელების გასაჭირი საგარეჯოს მაჟორიტარ რომან მუჩიაშვილს, წესით, გულთან ახლოს უნდა მიეტანა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ის არც კი დაინტერესებულა ამ საკითხით _ გლეხების აქციაზე არ მივიდა. ეტყობა, კორონავირუსისგან არის შეშინებული და თავშეყრის ადგილებს ერიდება.
გლეხების აქციას ოპოზიცია შეუერთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი, ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემა ცოტა ხნის წინ სოფელ თოხლიაურის მოსახლეობასაც შეექმნა. თუმცა მათ ბოლომდე იბრძოლეს და მიწები დაიბრუნეს. ბრძოლას აპირებენ გიორგიწმინდელებიც.

როგორ აღმოჩნდა საგანელიძის ხელში 500 ჰა მიწა? რამდენი ოჯახი დარჩა გიორგიწმინდაში მშიერი? რატომ გაჩნდა კახეთის წყალმომარაგებაში პრობლემები? როგორ ქრება ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მილიონები? _ ამ თემებზე გიორგი ბოტკოველი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ გასულ კვირას საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი მათი კუთვნილი მიწების წართმევას აპროტესტებდნენ. მათ აქციაზე თქვენც გამოჩნდით და იქნებ, უფრო დეტალურად გვითხრათ, როგორ წაართვეს ამ ხალხს მიწები?
_ საგარეჯოში ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. საუბარია 500 ჰექტარი მიწის მითვისებაზე, რომელსაც ლამის ნახევარი სოფელი ფლობდა. არის ასეთი პროცედურა, როდესაც რაღაც თავისუფალი მიწა ფიქსირდება მუნიციპალიტეტში და სახელმწიფო ამ მიწით დაინტერესებულია. მუნიციპალიტეტიდან დასტურს ითხოვენ, რომ ეს მიწა თავისუფალია. მუნიციპალიტეტის დასტურის შემდეგ უკვე სახელმწიფო ირეგისტრირებს მიწას საკუთარ თავზე. ის მიწები, რომლებზედაც ახლა გიორგიწმინდაში დავა მიდის, 10-15 წელია, რაც ადგილობრივი გლეხების საკუთრებაშია. ზოგს 49-წლიანი იჯარა ჰქონდა გაფორმებული, ზოგის იჯარას ვადა ჰქონდა გასული, მაგრამ მათ მოთხოვნა გააგზავნეს, რომ ეს მიწა ან შეესყიდათ, ან იჯარა გაეგრძელებინათ. ამ ადამიანებს მუნიციპალიტეტში არანაირ პასუხს არ სცემდნენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში გიორგიწმინდის მოსახლეობამ გაიგო, რომ მიწები, რომლითაც ისინი წლებია, სარგებლობენ, დარეგისტრირებულია სახელმწიფოს მიერ და შემდეგ გადაცემულია საპარტნიორო ფონდზე.
_ ეს 500 ჰა მთლიანად საპარტნიორო ფონდს გადაეცა?
_ დიახ. საპარტნიორო ფონდს გადაეცა არა მარტო ცარიელი მიწები, არამედ _ გაშენებული ვენახებიც.
_ ამ ადამიანებმა გააშენეს ეს ვენახები?
_ დიახ. ამ მიწებით ნახევარი სოფელი სარგებლობდა. 500 ჰა მიწა ცოტა არაა. ადამიანები წლებია, სარგებლობენ ამ მიწებით და ახლა მოულოდნელად ეუბნებიან, რომ მიწები მათ აღარ ეკუთვნით და 500 ჰექტარი საპარტნიორო ფონდის საკუთრებაშია.
_ ამაზე საგარეჯოს მერიაში რას ამბობენ?
_ საგარეჯოს მერიამ გიორგიწმინდელ გლეხებს უთხრა, რომ ეს მიწა საპარტნიორო ფონდს ისე გადაეცა, მათ არაფერი იცოდნენ.
_ 500 ჰექტარი მიწა გადასცეს საპარტნიორო ფონდს და ამის შესახებ საგარეჯოს მერია საქმის კურსში არ იყო? ასეთი რამე შესაძლებელია?
_ თავად ასე ამბობენ, არაფერი ვიცოდითო. ასე თუ იყო მართლა, არ მესმის, ამას სირცხვილით როგორ ამბობენ? თითქოს მათთან ეკონომიკის სამინისტროდან ამის შესახებ არანაირი წერილი არ მისულა. აქციის მონაწილეებთან ყველა თავს იმართლებდა. გიორგიწმინდელებს კახეთის გუბერნატორის მოადგილეებიც შეხვდნენ. იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინათ და დაემშვიდებინათ, უთხრეს, ეს მიწები თქვენ გქონდათ მიტაცებული და ახლა საპარტნიორო ფონდს ელაპარაკეთ პირადადო.
_ საპარტნიორო ფონდს რატომ გადაეცა ეს მიწები? რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ეს დავით საგანელიძე?
_ დავით საგანელიძე არის კაცი, რომელსაც ბიუჯეტიდან თვეში, ლამის, 30.000 ლარს ვუხდით ხელფასის სახით. ამის გარდა, ასე ითვისებს მიწებს და შემდეგ უკვე თავის ძმაკაცებს, შინაურებსა და „ოცნების“ ჩინოვნიკებს ურიგებს. ზოგჯერ ვითომ უცხოელ პარტნიორს შემოიყვანენ და იმას მისცემენ ხალხისთვის წართმეულ მიწას ან ისევ ვიღაც ჩინოვნიკი დაითრევს.
_ გიორგიწმინდელმა გლეხებმა გასულ კვირას ორი აქცია გამართეს. ამბობენ, რომ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებენ. თქვენი აზრით, აქვს ბრძოლას აზრი? შეძლებენ ამ მიწების უკან დაბრუნებას?
_ სამართლებრივი ბრძოლით შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. ანალოგიური შემთხვევა იყო სოფელ თოხლიაურში, რომელიც გიორგიწმინდის გვერდით მდებარეობს. მათ შემთხვევაში სოფლის ერთადერთი საძოვარი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მიიტაცა. მაფიოზური სვლა ჩაატარეს, შუამავალი აღმოაჩინეს და ეს საძოვარი ვიღაცას დაუმტკიცეს. ამაზე სოფელთან ერთად ვიბრძოლეთ და ეს ბრძოლა, ჩვენდა გასაკვირად, მოვიგეთ. ბრძოლა ნამდვილად ღირს!
_ პრეცედენტი ყოფილა უკვე და მაშინ შეიძლება, გიორგიწმინდელმა გლეხებმაც მოიგონ ბრძოლა.
_ რა თქმა უნდა. ჩვენც ბრძოლის სამართლებრივად გაგრძელება შევთავაზეთ გიორგიწმინდელებს. მართლა პოლიტიკაზე მეტია, როცა ადამიანებს მიწას ართმევენ. როგორ შეიძლება, გულგრილად უყურო იმას, რომ 100 ოჯახს მიწა წაართვეს?! თან ეს გააკეთა სახელმწიფომ! ქართულმა სახელმწიფომ ეს ადამიანები სარჩო-საბადებლის გარეშე დატოვა. სხვა სამუშაო გლეხებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ. კახეთს წყალი და მიწა ჰქონდა. წყალი აღარ მოდის, მიწას კიდევ სახელმწიფო ართმევს გლეხებს. ფაქტობრივად, ივანიშვილის შეთავაზებას ასრულებენ: არ გექნებათ არც მიწა, არც წყალი და წადით სადმე უცხოეთში სამუშაოდ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი საქართველოდან გაიქცეს. კახელი გლეხი უკვე გაქცევის პირასაა.
_ აქციაზე საგარეჯოს მაჟორიტარი თუ მივიდა ხალხთან?
_ საგარეჯოს მაჟორიტარი იქ რატომ მივიდოდა? ხალხმა არც კი იცის, ვინაა მათი მაჟორიტარი. მუჩიაშვილს არც კი ცნობენ სახეზე. ზოგმა მისი გვარიც არ იცის. მხოლოდ ის იციან, რომ ეს ბიჭი ერთ-ერთი მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორის შვილია, როგორც გურჯაანის მაჟორიტარად ბიძინა სონღულაშვილის შვილი შეარჩიეს. მამიკოების გამო აირჩიეს ეს ხალხი მაჟორიტარებად.
_ ბიძინა სონღულაშვილი კახეთის გუბერნატორი რომ იყო, იმაზე საუბრობთ?
_ დიახ. კახეთის ყოფილი გუბერნატორის შვილია სონღულაშვილი. ახლა ის აღარ არის ჩვეულებრივი მაჟორიტარი, დიდი კაცია უკვე.
_ დიდ კაცში რა იგულისხმება?
_ ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს პარლამენტში. მაგის მოგვარებული ევროინტეგრაცია არ გაიშვა არსად. ევროპასთან ურთიერთობებს აშკარად დაეტყო მისი ხელი.
_ ისევ გიორგიწმინდელებს დავუბრუნდეთ. სასამართლოში აპირებთ სარჩელის შეტანას თუ რა იქნება?
_ იმედია, რომ გიორგიწმინდელები სამართლებრივ დავაზე უარს არ იტყვიან. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით მათ.
_ იმედია, სამართლებრივ ბრძოლაზე არ იტვიან უარსო, ამბობთ და შეიძლება, რომ სასამართლოში სარჩელი არ შეიტანონ?
_ სანამ აქციაზე საგარეჯოს მერიისა და კახეთის გუბერნატორის მოადგილეები მოვიდოდნენ, აქ ვიღაც პროვოკატორები შემოგზავნეს. ისინი ჩვენი მისამართით გაიძახოდნენ: ჩვენ არ გვჭირდება თქვენი დახმარება და თავად მივხედავთ საკუთარ თავსო. ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. ამას პოლიტიკური ქულების დასაწერად ნამდვილად არ ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, _ რაც გიორგიწმინდაში ხდებოდა, მართლა პოლიტიკაზე მეტია. როცა 100 ადამიანს მიწას ართმევ, იქ უბრალოდ ვერ გაჩერდები.
ამ ხელისუფლების პირობებში ქულების დასაწერი თემები ძალიან ბევრია. თითქმის ყველა ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს, ქულების დასაწერად არის გამოსაყენებელი. ამით დავიწერთ ქულებს. როცა ვხედავ, რომ ადამიანებს სარჩოს ართმევენ, იქ ყოველგვარი ქულების დაწერის გარეშე ჩავერთვები ბრძოლაში. 100 ოჯახი სარჩოს გარეშე დატოვეს. იმისთვის, რომ მიწები დაიბრუნონ, გიორგიწმინდელებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამ ბრძოლაში შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებიც დაგვეხმარება. რამდენიმე თვეში ეს მავნებლები აუცილებლად დაასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას. იმდენად უგუნურები არიან, იმასაც ვერ ხვდებიან, საარჩევნო წელს ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.
_ ხალხისთვის მიწების ჩამორთმევის კუთხით თქვენს დროსაც იყო გადაცდომები.
_ იყო, როგორ არ იყო. არასდროს გავურბივარ წარსულის შეცდომებსა და გადაცდომებზე საუბარს. შეცდომები რომ გვქონდა დაშვებული, მაგიტომაც წავაგეთ 2012 წელს არჩევნები. ხელისუფლებამ ძალიან უნდა მოინდომოს, რომ საარჩევნო წელს გააკეთოს ასეთი რამე. საარჩევნო წელს სოფლისთვის 500 ჰექტარი მიწის წართმევის გადაწყვეტილება რომ მიიღეს, ნეტავ რას ფიქრობდნენ?! სულ რომ ქვეყანა ინგრეოდეს და ეგ 500 ჰექტარი იყოს გადამწყვეტი, მაშინაც კი თავი უნდა შეიკავო ხალხისთვის მიწის წართმევისგან.
_ არჩევნების წინ „ნაციონალები“ ძალიან ტკბილები ხდებოდით ხოლმე.
_ ესენი კიდევ პირიქით არიან. საარჩევნო წელს გადაირივნენ. ცელგამოსმული ხელისუფლება კიდევ უფრო რომ გამოისვამს ცელს ფეხებში, იქ რაზე უნდა ვილაპარაკო? მიწებთან დაკავშირებით ჩვენს დროსაც ბევრი გაურკვევლობა იყო, მაგრამ მმართველობის ბოლო წლებში აქტიურად დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება _ 5 ჰექტრამდე მიწას ვარეგისტრირებდით. ძალიან ბევრი მიწა დავარეგისტრირეთ კახეთში. არა მარტო კახეთში, მთელ საქართველოში.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გიორგიწმინდის მოსახლეობა თავიანთ მიწებს აუცილებლად დაიბრუნებს. ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ბრძოლა მხოლოდ მაშინ მოიტანს შედეგს, თუ მთელი სოფელი ერთად დადგება.
_ ყველა არ აპირებს ბრძოლას?
_ იმედია, რომ ყველა იბრძოლებს და იგივე არ განმეორდება, რაც მეორე საპროტესტო აქციის დროს მოხდა. გასულ კვირას გიორგიწმინდის მოსახლეობამ ორი აქცია გამართა. პირველ აქციაზე მთელი სოფელი გავიდა. იმავე აქციაზე დაანონსდა, რომ შემდეგი აქცია რამდენიმე დღეში გაიმართებოდა. ამ შუალედში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახები დაიარეს და ვინც საჯარო სექტორში იყო დასაქმებული, ყველა გააფრთხილეს, რომ მეორე აქციაზე არ გასულიყვნენ. ისინიც არ გამოვიდნენ.
_ ახლა კახეთის წყლით მომარაგებაზე, უფრო სწორად, უწყლობაზე გადავიდეთ. თელავი, ფაქტობრივად, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამ ქალაქში ყოველთვის იყო წყლის პრობლემა, მაგრამ ასეთი კატასტროფა აქამდე არასდროს ყოფილა.
_ ასეთი ვითარება, როგორიც ახლა არის, მართლა არასდროს ყოფილა. ეს საქმე ძალიან კარგად ვიცი და დამეჯერება. თელავის წყლის მომარაგების ფუნდამენტური პროცესი 2008 წელს ჩვენ დავიწყეთ. იმისთვის, რომ დიდი პროექტი დაგვეწყო. ჯერ რაღაც ფული უნდა გაჩენილიყო. როგორც კი ფული გაჩნდა, პროექტი დავიწყეთ, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან. თავიდან წყლის სათავე ნაგებობა უნდა მოწესრიგებულიყო, შემდეგ _ შემკრები ავზები და გამწმენდი ნაგებობები; მერე _ დაქსელვა და ბოლოს, _ გამრიცხველიანება.
პირველი ორი ეტაპი მოვასწარით. სათავე ნაგებობა მოვაწესრიგეთ და ახალი გამწმენდი ნაგებობა ავაშენეთ. „ნაციონალების“ დროს თელავს შეიძლება, გრაფიკით მისდიოდა წყალი, მაგრამ ყოველდღე მიეწოდებოდა. ზოგ უბანს დილით ჰქონდა წყალი, ზოგს _ საღამოს. მთავარი ის იყო, რომ პროცესი დაიწყო. ახალმა გამწმენდმა ნაგებობამ 50%-ით გაზარდა თელავის წყალმომარაგება. მთლიანად ეს პროექტი უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. 2015 წლიდან კი თელავს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა. მოსახლეობასთან რომ მაქვს ხოლმე შეხვედრები, ვეუბნები, _ ჩვენ რომ დავრჩენილიყავით, თელავს წყალი 24 საათი ექნებოდა-მეთქი და ხალხს ამის სჯერა. ეს მავნებლები რომ არა, ახლა თელავს წყალი უნდა ჰქონოდა.
2012 წელს არჩევნები წავაგეთ და წავედით. 2013 წლიდან თელავის წყალმომარაგების მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. არადა, ეს მსოფლიო ბანკის პროექტი იყო და პროცესი, ჩვენი წასვლის მიუხედავად, ავტომატურად უნდა გაგრძელებულიყო.
_ რატომ არ გაგრძელდა?
_ მსოფლიო ბანკი თავად ხომ არ გააგრძელებდა? ამათგან უნდა ყოფილიყო ინიციატივა. ამათ კიდევ არაფერი გააკეთეს თელავის წყლის მიმართულებით. 2014 წელს დაიწყეს რაღაცის გაკეთება. შემდეგი ეტაპი ერთმა კომპანიამ მოიგო. ამ კომპანიამ გადათხარა იქაურობა, რაღაც პერიოდის შემდეგ მიატოვეს სამუშაოები, ხან გაიქცნენ, ხან მოვიდნენ. ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში თელავის წყალმომარაგებაზე დამატებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ წყალი გაქრა.
_ რას ნიშნავს, გაქრა?
_ იმას, რომ სადაც მოდიოდა, იქაც აღარ მოდის. ახლა თელავი წყლის გარეშეა. ხალხი ძალიან გაბრაზდა. მათი გულის მოსაგებად გასულ კვირას კერძო დასახლებას წყალი გადაუკეტეს და სადაც კორპუსებია, კავკასიონისა და ალაზნის ქუჩებზე, იქ გაუშვეს. წყალი გაიქცა და მაღლა სართულებმა საერთოდ ვერ მიიღო. სრული ქაოსია.
თელავის წყალმომარაგების უფროსს რომ დაურეკოთ და ჰკითხოთ, დღეს რომელ უბანს აქვს წყალიო, ვერ გეტყვით, ისეთი არეულია იქ სიტუაცია. კითხვის დასმის შემთხვევაშიც პირდაპირ ჩხუბზე გადადიან.
_ ამ გრაფიკის არევის გამო, როგორც ამბობენ, თელაველები სოფლებში დარბიან საბანაოდ და სარეცხის გასარეცხად.
_ აქამდე დადიოდნენ, ვისაც სოფლები ჰქონდა, მაგრამ ახლა ამანაც აზრი დაკარგა.
_ რატომ?
_ თელავის სოფლებშიც აღარ არის წყალი. მე იყალთოელი ვარ და ამ ინტერვიუს რომ ვწერთ, იყალთოდან მოვდივარ. წყალი დილით მოდის ნახევარი საათით. არ ვამეტებ, მართლა ნახევარი საათით მოდის! უნდა მოასწრო და 5 ვედრო აავსო. ავზის ავსებას აზრი არ აქვს. ფაქტობრივად, კახეთში წყალი აღარ არის…
როგორც ყველგან, საქართველოშიც ოთხი სეზონი გვაქვს: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. ხელისუფლების წარმომადგენლებს ოთხივე სეზონზე აქვთ უწყლობაზე პასუხი: გაზაფხულზე წვიმა არ მოდის, თურმე; ზაფხულში გვალვაა; ზამთარში ყინავს და მილები იყინება; შემოდგომაზე დებეტი არ არის. ეს გახლავთ მათი პასუხი. მეხუთე სეზონი რომ არსებობდეს, იმისთვისაც მოიფიქრებდნენ მიზეზს.
_ ახლა თუ ასეთი სიტუაციაა, ზაფხულში რა უნდა ქნას კახეთმა? იმ სიცხეში უწყლოდ როგორ უნდა იყოს ხალხი?
_ 2013 წლიდან 2019 წლამდე კახეთში წყალმომარაგებაზე 100 მილიონზე მეტია დახარჯული. 100 მილიონზე მეტ ლარს 100 ტონა წყალიც კი არ მოუტანია. იგივე პრობლემაა ლაგოდეხშიც. ამასთან დაკავშირებით არაერთი სიუჟეტი მოამზადეს ტელევიზებმა, მაგრამ არაფერი იცვლება. არც სიტუაცია უმჯობესდება. გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ ეს მავნებლები ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ.
ლაგოდეხში წყალმომარაგებაზე პირველ ეტაპზე 7 მილიონი დაიხარჯა. მერე კიდევ დაამატეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. თუ წყალი წამოვა, ბინძურია, სხვა შემთხვევაში _ საერთოდ უწყლოდ არიან.
ძალიან მძიმე მდგომარეობაა წნორში. წნორი სიღნაღის მოცულობის დასახლებაა. იქაც მილიონები დაიხარჯა და წყალი არაა. ახმეტაშიც არაა კარგი მდგომარეობა, იქაც მილიონები დახარჯეს, იქაურობა გადათხარეს და წყალი არ არის. საგარეჯოში 9 მილიონი დახარჯეს და წყალი არც იქ არის.
ჩვენ რომ წავედით ხელისუფლებიდან, დედოფლისწყაროში 24-საათიანი წყალმომარაგება დავტოვეთ. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. იქ ძალიან სერიოზული პროექტი განვახორციელეთ. აბა, დღეს იკითხეთ, რა ხდება?! დღეს დედოფლისწყაროს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ოღონდ ეს გრაფიკი ხალხმა არ იცის.
_ რანაირად?
_ არ იციან, როდის მიუვათ წყალი. გრაფიკი იცის მარტო გამღებ-დამკეტმა.
_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კახეთს გველეშაპი დაეპატრონა?
_ მგონი, გველეშაპზე უარესი ჰყავს დაპატრონებული. ძალიან მძიმე დღეშია ჩვენი ხალხი. კახელი კაცი ბევრს არაფერს ითხოვს, მას მიწა და წყალი უნდა. შემდეგ ეს ადამიანი ყველაფერს თავად იშოვის და თავად გააკეთებს. არავის დახმარება არ სჭირდება. პურსაც თავად მოიყვანს, ღვინოსაც თავად დაწურავს და სკოლაშიც თავად წაიყვანს ბავშვს. დღეს კახელ კაცს მიწაც წაართვეს და აღარც წყალი აქვს. მაშინ მიდი და პირდაპირ უთხარი, _ წადი და აქედან გადაშენდიო. ბატონი ივანიშვილი ხომ დაგვპირდა, საზღვარგარეთ დაგასაქმებთო და აქეთკენ მიდის ყველაფერი.
_ არჩევნების წელი ახსენეთ და ასეთი რამე რომ ხდება, ალბათ, ხალხისგან სათანადო პასუხი იქნება.
_ რა თქმა უნდა, პასუხი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პასუხი ძალიან მკაცრი იქნება. ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს იმ მავნებლობაზე, რაც ამ წლების მანძილზე ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“.

შორენა მარსაგიშვილი