სალომე სამადაშვილი: „ეს კონსენსუსი საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის შედეგია“

4-თვიანი პოლიტიკური კრიზისისა და მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან ოპოზიციურ სპექტრს შორის შედგა. ურთიერთგაგებისა და მართლმსაჯულების მემორანდუმებს მხარეებმა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, პროპორციებით 120/30-ზე ჩატარდება, 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული წესით მოხვდება, 30 კი _ მაჟორიტარულით.

ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, რა პროცესები მიმდინარეობდა ამ შეთანხმებამდე:

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით, ისევ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაშალა. ოპოზიცია ე. წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზედაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ იგი არაკონსტიტუციურია.
რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დიპლომატების მედიატორობით, მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდა და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა. თუმცა ოპოზიცია ამ თანაფარდობას არ თანხმდებოდა და უფრო პროპორციულ სისტემას ითხოვდა.
მოლაპარაკებები „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზედაც უგულავა რამდენიმე წლის წინათ მსჯავრდადებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. აღნიშნული ფაქტი ოპოზიციამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.
გიგი უგულავას განაჩენის შემდეგ კი ოპოზიციურმა სპექტრმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციებს იწყებს. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დასთანხმდებოდა, რომელიც
40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. მმართველი გუნდის დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა „ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს“ და უარი თქვეს, ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.
მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას, 130/20-ზეა, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანაფარდობას სთავაზობდა. 8 მარტს კი გაირკვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.

უფრო დეტალურად, რას მოიცავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემდგარი კონსენსუსი? რა ბერკეტები აქვს ამ მოცემულობაში ოპოზიციას და როგორია მათი სამოქმედო გეგმა?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ სალომე სამადაშვილს ესაუბრა:

_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაზე შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია?
_ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ანუ თუ ერთი პარტია არჩევნებში მოაგროვებს 40%-ზე ნაკლებს, ვერ დააკომპლეტებს ხელისუფლებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ შევთანხმდით პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების განთავისუფლებაზე. ისინი დღეს საპატიმროში იმყოფებიან და ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შეთანხმების ეს ნაწილი მოიცავს იმასაც, რომ აღარ იქნება პოლიტიკური ნიშნით დაკავებები არჩევნებამდე პერიოდში, ანუ სამართლებრივი დევნა ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით შეწყდება.
_ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რომ დავაზუსტოთ, ეს ეხება 20 ივნისის შემდეგ დაკავებულებს, თუ 2012 წლიდან დღემდე პოლიტიკური ნიშნით დევნილებს?
_ ეს შეეხება სწორედ 20 ივნისის შემდეგ დაკავებულებებს, რადგან მთელი პოლიტიკური კონტექსტი იყო 20 ივნისის შემდეგ, ამიტომაც ამ კონკრეტულ შეთანხმებაში საუბარი გახლდათ 20 ივნისთან დაკავშირებული მოვლენების დროს სამართლებრივ დევნაში მიცემულ ადამიანებზე.
_ ამ შეთანხმების თანახმად, რაც გულისხმობს 120 პროპორციულსა და 30 მაჟორიტარულს, 30 მაჟორიტარი ხმების, დაახლოებით, 22%-ია, რასაც ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის მობილიზების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მარტივად აიღებს, დანარჩენ 18%-ს კი პროპორციულიდან შეივსებს, რაც სჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად, ანუ 40%, შესაბამისად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება, მაინც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს.
_ რა თქმა უნდა, სრულიად პროპორციული სისტემა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კომპრომისი იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს იმაზე, რაზედაც შეთანხმება შესაძლებელია. თეორიულად, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაშიც კი, მსგავსი რესურსების გამოყენებით, მმართველი გუნდი შეძლებს მოგებას. ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა საკითხის მიმართ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში დავამარცხებდით ხელისუფლებას და მით უმეტეს, ამ პირობებში. რა თქმა უნდა, სრულად პროპორციული სისტემა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ 120/30-ზე არა ოპოზიციას, არამედ, პირველ რიგში, ქართველ ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რომ პარლამენტი მათი პოლიტიკური სურვილებისა და არჩევანის შესაბამისად დაკომპლექტდეს.
_ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 4-თვიანი მოლაპარაკების განმავლობაში, ოპოზიციას ხშირად აკრიტიკებდა საზოგადოების დიდი ნაწილი. ახლა უკვე კონსენსუსი შემდგარია. ამ გადმოსახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციის უფრო ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანად მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა?
_ პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ამიტომ მოვლენებს ნუ გავასწრებთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც ერთხელ უკვე გასცა დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და მერე არ შეასრულა ეს დანაპირები, ამიტომ პროცესები დამთავრებული ნამდვილად არ არის.
_ რა ბერკეტი გაქვთ ოპოზიციას იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა ამჯერად შეასრულოს დანაპირები?
_ დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს არსებული ვალდებულებები ხელისუფლების მხრიდან. ამ ვალდებულებებს შეასრულებს თუ არა ხელისუფლება, ჯერ კიდევ არ არის ცხადი, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს დამთავრებულად ნამდვილად არ მივიჩნევ. ის შედეგი, რაც 8 მარტს მივიღეთ კონსენსუსი სახით, არის იმის პირდაპირი გამოხატულება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან სერიოზული ზეწოლა დაიწყო ბიძინა ივანიშვილზე, მათ შორის, ვგულისხმობ კრიტიკული წერილების კასკადს აშშ-დან, გამოხმაურებას ევროპარლამენტიდან. ვფიქრობ, ეს კონსენსუსი არის, პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის შედეგი. ხელისუფლებას ეს ვალდებულებები აქვს აღებული საერთაშოირისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით და მათი უშუალო ჩართულობით, ამიტომ ამ ვალდებულებებზე უარის თქმა ბიძინა ივანიშვილს გაუჭირდება. ეს არის სწორედ ის, რისი იმედიც გვაქვს ამ შემთხვევაში, რომ ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდება ამ დაპირების გაფორმებით.
_ ახლა უკვე, როცა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, როგორი იქნება ოპოზიციური სპექტრის სამოქმედო გეგმა? გაგრძელდება თუ არა საკონსულტაციო ფორმატი?
_ ვფიქრობ, ამ კუთხით არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ მაჟორიტარების რაოდენობის ცვლილება გარკვეულ კორექტივს შეიტანს იმ პროცესში, რომელიც საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე კოორდინაციით მიიღება. ალბათ, ეს პროცესი გაგრძელდება, როგორც აქამდე მიმდინარეობდა.
_ თქვენ ახსენეთ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე მოლაპარაკებები. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას. თქვენ, როგორც ამ პროცესების მონაწილეს, რა პროგნოზი გაქვთ, არის თუ არა მზად ოპოზიცია იმისთვის, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდეთ?
_ ვფიქრობ, დღეს ყველას ესმის, რომ ცალ-ცალკე ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილის რესურსებთან შებმა, პირველ რიგში, ფინანსურთან და შემდეგ უკვე ადმინისტრაციულთან. შესაძლოა, ოპოზიციას ბევრი თვალსაზრისით არ მოგვწონდეს ერთმანეთი, გარკვეულწილად დაპირისპირებაშიც კი ვყოფილიყავით ან ვიყოთ რაღაც საკითხებზე, მაგრამ დღეს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება რომ აუცილებელია, ვფიქრობ, ეს ესმის, მეტ-ნაკლებად, პოლიტიკურ ბაზარზე ყველა მნიშვნელოვან მოთამაშეს.
_ ოპოზიციამ რამდენიმე კვირის წინ აქცია ჩანიშნა 4 აპრილს, რამაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, რადგან ოპოზიციის მიერ დაანონსებული თარიღი დაგვიანებულად აღიქვეს. რა მიზანი აქვს ამ აქციას და რეგიონებში თუ მართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან?
_ აქციის ჩატარება ხომ არ არის თვითმიზანი ოპოზიციისთვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის? აქცია უნდა ემსახურებოდეს გარკვეული შედეგის მიღებას. ბევრი აქცია გვინახავას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, აქციები, რომელიც არ დამთავრებულა არანაირი ხელშესახები შედეგით, უბრალოდ, ხალხი იკრიბებოდა, გულს მოიფხანდა და იშლებოდა. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი გზა არის აქციები. მათ შორის, ის პროცესი, რომელიც მოლაპარაკებების სახით მიმდინარეობს. ამასაც შეიძლებოდა, შანსი მისცემოდა და მიეცა კიდეც. ვნახოთ, რით დასრულდება ეს პროცესი. აქციის ჩატარება არ არის თვითმიზანი. ეს აქცია 4 აპრილს დაანონსდა იმიტომ, რომ ოპოზიციას, გარკვეულწილად, დრო სჭირდებოდა, რომ კოორდინაცია გაეკეთებინა. თუნდაც მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო აქცია ხელშესახები მუხტით, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ უკეთესი იქნებოდა, აქცია რამდენიმე კვირის შემდეგ გამართულიყო და ამიტომაც შეირჩა 4 აპრილი.
_ დღევანდელი მოცემულობით, გაიმართება თუ არა აქცია?
_ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რა მოცემულობაა კორონა ვირუსთან დაკავშირებით, სწავლა შეჩერებულია უნივერსიტეტებსა და სკოლებში, შესაბამისად, ეს ფაქტორი თავისთავად გასათვალისწინებელია. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, გაიმართება თუ არა აქცია.
_ თქვენ ბევრი ისაუბრეთ ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობაზე, გასულ კვირას კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პირადი შტაბი გახსნა. ამ პირობებში, როცა ოპოზიციის ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ხომ არ აზიანებს ეს ფაქტი ერთობას და რა მიზანს ემსახურება შტაბის გახსნა?
_ ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება, არ ჰქონდეს უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის ინტერესი, მაგრამ უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ბრძოლაში სხვადასხვა გზით თუ მეთოდით და მათთვის რაღაც პლატფორმის შექმნა, ვფიქრობ, არ არის ურიგო იდეა. ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ ზეგავლენა მოახდინონ მოვლენებზე, მაგრამ არ იყვნენ უშუალოდ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, სწორედ მათთვის შეიქმნა მსგავსი პლატფორმა. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო იდეა დაიბადება აღნიშნული პლატფორმის პირობებში. ნებისმიერი ქმედითი, ახალი იდეა, ივანიშვილის წინააღმდეგ ფართო ფრონტის გაშლის თვალსაზრისით, არის მომგებიანი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
_ გავიხსენოთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ოპოზიცია მაშინ იმაზე საუბრობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კენჭისყრის დღემდე გააყალბა, მათ შორის, როგორც ამბობდით, დაშინებით, მოსყიდვითა და კრიმინალების ჩარევით. თუ ხელისუფლება მსგავს მეთოდებს ახლაც გამოიყენებს, რას დაუპირისპირებთ ოპოზიცია? რამდენად მომზადებული ხართ ამ მოცემულობისთვის?
_ ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უფრო ნათელია ყველა ის მეთოდი, რასაც ივანიშვილი იყენებს. ეს მეთოდები ნათელია, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის. მათი ჩართულობითა და თანამონაწილეობით, უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლის მობილიზაციით, ასევე ოპოზიციის მხრიდან საკუთარი დამკვირვებლების პირობებში, შესაძლებლობა გვექნება, რომ იმ მეთოდებს დავუპირისპირდეთ, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს არჩევნებისთვის შინაარსის გამოცლას, როგორც ჩვენ ეს უკვე გვინახავს.
_ ოპოზიციის ლიდერების გარკვეული ნაწილი საუბრობს რევოლუციურ სცენარზეც, თუკი ივანიშვილი არჩევნების გზით არ დათმობს ხელისუფლებას. რამდენად მოსალოდნელია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მსგავსი სცენარით განვითარდეს მოვლენები?
_ დღეს რევოლუციურ ცვლილებებზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია და იცის, დემოკრატიული არჩევნებით ვერ მოიგებს. ამიტომ სურს ქვეყანაში არეულობის შექმნა, რომ ამით შეაშინოს ადამიანები. დღეს ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
_ დაბოლოს, მინდა, ერთ საკითხსაც შევეხოთ: რამდენიმე კვირის წინ თქვენ ფეისბუქზე დაწერეთ პოსტი: „ბრიუსელში ერთ-ერთ შეხვედრაზე გაგვიზიარეს სურვილი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის წევრები ციხეში არ იხლონ“. უფრო დეტალურად, რომ გვითხრათ ამის შესახებ, ვინ გაგიზიარათ ეს სურვილი?
_ ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ისევე როგორც ბევრი ჩვენი მეგობარი, ფიქრობენ, რომ როგორც ხდება ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ხელისუფლების შეცვლას თან არ უნდა ახლდეს ხელისუფლების წარმომადგენლების ციხეში დამწყვდევა ან ქვეყნიდან მათი გაქცევა, ისევე როგორც ეს მოხდა ივანიშვილის ხელისუფლების შემთხვევაში. ივანიშვილმა, რეალურად, დაკარგა ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ქვეყანას განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაეწყო და ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლას მოჰყოლოდა ქვეყანაში პროგრესის გაღრმავება, ამის ნაცვლად კი ვნახეთ, რაც მოხდა. ბრიუსელში სწორედ ამაზე იყო საუბარი და ეს გახლდათ მათი გზავნილი, _ მათ იმედი აქვთ, მსგავსი რამ არ განმეორდება მას შემდეგ, რაც მომავალ არჩევნებზე ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება.
_ ამავე სტატუსის მეორე ნაწილში თქვენ წერთ: „სტრასბურგში იგივე ხალხს ვეტყვით, რომ ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი ხდება“, _ რამ განაპირობა ამ კუთხით აზრის შეცვლა და გქონდათ თუ არა ამ თემაზე სტრასბურგში შეხვედრები?
_ ბრიუსელიდან სტრასბურგში ჩვენ ჩასვლამდე რამდენიმე დღეში გიგი უგულავა ციხეში დააბრუნეს და ჩემი სტატუსი, სწორედ, ამ ფაქტზე გამოხმაურება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანაში ერთხელ მაინც შევძლოთ ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლა ისე, რომ ამას არ მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის აუცილებლობა ამა თუ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, მაგრამ თუ ივანიშვილი ირჩევს გზას, რომელიც გადის რეპრესიებსა და ძალადობაზე, ეს შესაბამის სივრცეს ამოქოლავს. სწორედ ამაზე იყო ჩემს სტატუსში საუბარი.

ნენე ინჯგია