კოტე კემულარია: „ივანიშვილს ახალგაზრდების ეშინია!“

5 მარტს პატიმრობაში მყოფი „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და მეგობარი, კობა კოშაძე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა და კოშაძეს 5-ათასიანი გირაო შეეფარდა. აქვე შეგახსენებთ, რომ კოშაძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს. ამ „ჩადების“ მიზანი კი, ოქრუაშვილის სიტყვებით თუ ვიტყვით, მასზე ზემოქმედების მოხდენა იყო.

ერთი სიტყვით, კოშაძეც „გავრილოვის პოლიტპატიმრად“ ითვლებოდა. მართალია, ამას „ოცნება“ კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ფაქტია: კოშაძე იმ დროს დაიჭირეს, როცა ოქრუაშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და, არსებული ინფრომაციით, მას შეუთვალეს, რომ სამშობლოში აღარ დაბრუნებულიყო, თუმცა ამ „მესიჯს“ „ოქრომ“ ყური არ ათხოვა. ჰოდა, მოხდა ის, რაც მოხდა _ ჯერ მისი დაცვის წევრი დააკავეს, შემდეგ კი, _ თავად ოქრუაშვილიც.
სხვათა შორის, დღევანდელი მონაცემებით, ციხეში „გავრილოვის ღამის“ ორი პოლიტპატიმარიღა რჩება _ ირაკლი ოქრუაშვილი და ბესიკ თამლიანი.

კოშაძის განთავისუფლება იძლევა თუ არა იმის თქმის საფუძველს, რომ „ოცნება“ უკან იხევს და საპატიმროს მალე უგულავა, რურუა და სხვა პოლიტპატიმრებიც დატოვებენ? ასევე ივანიშვილის გუნდი პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზეც დასთანხმდება? _ ყველაფერ ამაზე „ქრონიკა+“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ კოტე კემულარიას ესაუბრა:

_ ბატონო კოტე, ინტერვიუ სასიამოვნო ამბით უნდა დავიწყოთ _ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და დაცვის ყოფილი წევრი სასამართლო დარბაზიდან 5-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ელოდით, რომ კობა კოშაძე საპატიმროს დატოვებდა?
_ სიმართლე გითხრათ, ეს მოლოდინი არ მქონდა.
_ რატომ?
_ რამდენიმე თვის განმავლობაში ვსვამდით საკითხს, რომ მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებობდა _ არც ხელის ანაბეჭდი დაემთხვა და იარაღზე არც მისი დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, ანუ იარაღი აშკარად ჩადებული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, პროკურატურა ჯიუტად ამტკიცებდა, კოშაძე მტკიცებულებებს გაანადგურებს და ქვეყნიდან გაიქცევაო. ვულოცავ კობას განთავისუფლებას ოჯახსა და თანამოაზრეებს. ისე, ეს შესაძლოა, გამოფხიზლებისკენ გადადგმული ნაბიჯიც იყოს, თუმცა ამის დიდი იმედი არ მაქვს. მოკლედ, ცოტა ხანში გამოჩნდება, კობას გირაოთი განთავისუფლება რას ემსახურება.
_ ანუ ხელისუფლებამ ვაჭრობა ხომ არ დაიწყო, აი, კოშაძეს გამოვუშვებ და ოქრუაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი დამთავრდესო?
_ ოპოზიციის გაერთიანებულ ფორმატთან ვაჭრობის მსგავსი იყო და ჟურნალისტებმაც შეიტყვეთ, რომ ოპოზიციის ნაწილთან ინდივიდუალური საუბრები გამართეს. ეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, თუმცა ამის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ გვქონია. ეს პოლიტიკაა და ყველას აქვს უფლება, ვისაც უნდა, იმას ესაუბროს, მაგრამ ამ საუბარს არაფერი მოყვა. სხვათა შორის, ამ ინდივიდუალური საუბრების დროს „ოცნებამ“ ახსენა, რომ მზად იყო, პოლიტიკური პატიმრები გამოეშვა. ამასთან, სიტყვა „მორატორიუმიც“ იყო ნახსენები, ანუ პოლიტიკურ დაპატიმრებებზე მორატორიუმს გამოვაცხადებო. მე, როგორც ოქრუაშვილის თანამებრძოლსა და მეგობარს, ეს ამბავი მომიტანეს.
_ კონკრეტულად, ვინ მოგიტანათ?
_ მათ, ვინც კობახიძესა და თალაკვაძესთან მოლაპარაკებებზე იყვნენ.
_ ანუ „გირჩმა“?
_ არა მხოლოდ.
_ აბა, „ოცნებასთან“ ოპოზიციიდან მოლაპარაკებაზე კიდევ ვინ იყვნენ?
_ სხვებიც იყვნენ და თუ ეს ადამიანები საჭიროდ მიიჩნევენ, თავად თქვან.
_ „გირჩის“ გარდა სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საჯაროდ არ უთქვამთ, რომ „ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე დადიან?
_ საჯაროდ არ უთქვამთ, მაგრამ ამ ინფორმაციას გიზიარებთ, თუმცა მაქვს უფლება, რომ ამ ადამიანების ვინაობა არ დავასახელო…
მოკლედ, კოშაძის განთავისუფლება „ოცნების“ მხრიდან იმაზე მინიშნებაა, რომ მას პოლიტპატიმრების განთავისუფლება შეუძლია, ოღონდ ოპოზიციამ არ უნდა თქვას, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან და ასევე ყველა უაზრო წინადადებაზე, რომელიც ხელისუფლებისგან წამოვა, უსიტყვოდ დავთანხმდეთ.
_ მერე თამაშის ეს წესები ოპოზიციისთვის მისაღებია?
_ არა, ამაზე ოპოზიციამ ერთხმად უარი თქვა, ანუ ვინმეს პატიმრობაში ყოფნა ჩვენ დისკომფორტს არ გვიქმნის, რადგან ისინი პოლიტპატიმრები არიან. სხვათა შორის, ყველა მათგანმა, მათ შორის, ოქრუაშვილმაც, განაცხადა, რომ პატიმრობაში ყოფნის პრობლემა არაა, მთავარია მიზნის მიღწევა, პროპორციული არჩევნების დანიშვნა და ქვეყნის სწორი გზით განვითარება. მოკლედ, იმით ვაჭრობა, რომ „ოცნება“ ვინმეს ციხიდან გამოუშვებს და ამის გამო ოპოზიცია რამეს დათმობს, უაზრო იმედი და ილუზიაა!
_ ბატონო კოტე, შუამავალმა რა გითხრათ, ზემოხსენებულ დახურულ შეხვედრაზე კობახიძე-თალაკვაძემ პოლიტიპატიმრები ზოგადად ახსენეს თუ კონკრეტული გვარები დაასახელეს?
_ ზოგადად, პოლიტპატიმრები იყო ნახსენები, ანუ რომელიმე ციხიდან მიმართვის საფუძველზე კი არ გაათავისუფლებდნენ, არამედ ბიძინა კეთილ ნებას გამოიჩენდა და ყველას, ვინც გავრილოვის საშინელი ღამის შემდეგ ციხეში მოხვდა, გაათავისუფლებდნენ.
_ გამორიცხავთ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებასთან ფარულ კონსულტაციებს მართავს, პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე წავიდეს და სანაცვლოდ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა „დააკონსერვოს“?
_ იმ წერილებში, რომელიც ევროპარლამენტიდან თუ აშშ-ის სენატიდან იგზავნება, კონსენსუსზე საუბრისას მხოლოდ ორი ან სამი პარტია არაა ნახსენები, ანუ ამ წერილებში საუბარია ფართო კონსენსუსზე. დასამალი არავისთვისაა, რომ ოპოზიციაში მსხვილი პარტიებიც არიან და შედარებით _ მცირეც. მოკლედ, ორი-სამი მცირე პარტია ვინმეს რამეში რომ დაეთანხმოს, ეს პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის და შესაბამისად, ეს ის კონსენსუსი არ იქნება, რაზედაც ვსაუბრობთ! ამიტომაც ეს მცდელობა ფუჭია, თუმცა „გირჩმა“ და სხვებმაც, ვისაც ვესაუბრე, დაადასტურეს, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაზე საკითხი ასე დასვეს _ მთავარი პროპორციული და ოპოზიციის ერთანობაა და ცალ-ცალკე არავინ არავისთან ილაპარაკებსო!
_ გასაგებია, რომ კობა კოშაძემ საპატიმრო დატოვა, მაგრამ მას გირაო შეეფარდა, ანუ ბრალდება არ მოუხსნეს. აქედან გამომდინარე, ხომ შეიძლება, „ოცნებამ“ თქვას, სხვა პოლიტპატიმრებს არ გავათავისუფლებ და სანაცვლოდ, მთლიან პროპორციულ არჩევნებს გთავაზობთო. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის პოზიცია როგორი იქნება?
_ ამის თაობაზე ირაკლი ოქრუაშვილმა არაერთხელ განაცხადა და თავის დროზე საფრანგეთიდან ამიტომაც დაბრუნდა, ანუ იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ და ამის შესახებ შეუთვალეს. პირადად ჩემთან მოვიდნენ, რის შემდეგაც მას დავურეკე და ვუთხარი, შენს დაჭერას აპირებენ-მეთქი. ირაკლიმ მსგავსი შეტყობინება სხვა ხაზებითაც მიიღო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, ბრალდება შეუთითხნეს და სამ დღეში დააპატიმრეს.
ერთი სიტყვით, ოქრუაშვილმა იცოდა, რომ აუცილებლად დააპატიმრებდნენ, მაგრამ ამის მიუხედვად, ხელისუფლების თამაშს არ ითამაშებდა.
_ ანუ?
_ არავის ათქმევინებდა, რომ მართლმსაჯულებას გაექცა! დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია! ოთხი შვილის მამა ციხეში იმის გამო ზის, რომ მის შვილებსა და მათ თანატოლებს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ! ოქრუაშვილის ციხიდან გამოსვლის საკითხი ხუთი თვით ადრე დადგება თუ ხუთი წლის შემდეგ, ამით ხელისუფლება ვერ ივაჭრებს! „ოცნებამ“ ირაკლი ვერ გატეხა და ვერც გატეხავს! ასევე არიან გიგი უგულავაც, გიორგი რურუაც და ბესიკ თამლიანიც. ვინც ჯერ გარეთ არიან, მაგრამ დაჭერას უპირებენ, ისინიც ასე ფიქრობენ!
დიახ, „ოცნებას“ ვეუბნები: შეგიძლია, ყველანი დაგვიჭირო, მაგრამ ამით ვერ გაგვტეხ და ჩვენი დაჭერა არაფერს შეცვლის!
_ ასეთი პრინციპულობა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ, ბატონო კოტე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ოპოზიციამ ოქრუაშვილი გაწირა, ანუ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ოქრუაშვილის განთავისუფლება რომ ყოფილიყო, დღეს სხვა რეალობა არ იქნებოდა?
_ რეაქცია, ცხადია, ადეკვატური არ იყო და მეტი განცხადება უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ აქვე გაგახსენებთ, ივანიშვილმა როგორი ვერაგული ნაბიჯი გადადგა _ „გავრილოვის ღამიდან“ ოთხ დღეში განაცხადა, რომ საქართველოში პროპორციული არჩევნები ჩატარდებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც ბევრი რამ, მათ შორის, ოქრუაშვილისა და სხვების დაპატიმრებაც გადაფარა, „სირცხვილიამ“ აქციებიც კი შეწყვიტა, ანუ ივანიშვილის ამ ვერაგული ნაბიჯის მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ კი არა, საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაიჯერა, რომ ივანიშვილი მომხდარით გულწრფელად შეწუხდა და ხალხს პროპორციული არჩევნების დაპირება მისცა, რაზედაც „ოცნება“ უარს ამბობდა.
_ მომიტევეთ, მაგრამ ოპოზიციონერთა უმრავლესობა ივანიშვილს კარგად იცნობს და რატომ დაიჯერეთ, რომ ამ დაპირებას შეასრულებდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანუ 2012 წლიდან მოყოლებული, მმართველ პარტიასა და მის ლიდერს ერთი დაპირებაც არ შეუსრულებია?
_ ამ საყვედურს აბსოლუტურად ვიზიარებ, მაგრამ ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ვერავინ მიხვდებოდა, ივანიშვილი რას ფიქრობდა და ძნელი სავარაუდო იყო, რომ საჯაროდ ნათქვამს უკან წაიღებდა, თან პროპორციულზე განცხადება პრეზიდენტს გაეროს ტრიბუნიდანაც გააკეთებინა. ასეთი რაღაცები, მერწმუნეთ, არ ხდება. ასე შეიძლება, მხოლოდ ძალიან ვერაგი, მატყუარა და გაფუჭებული ადამიანი მოიქცეს! პროპორციულის დაპირება ბიძინამ გასცა და არა _ მათიკაშვილმა, ოხანაშვილმა ან სხვა რომელიმე „ცარიელმა ადგილმა“.
პროპორციული არჩევნები ქვეყნის შანსი იყო და არის. ამიტომ გულწრფელად გეტყვით: მე რომ გამოვსულიყავი და მეთქვა, ივანიშვილის ამ განცხადებას მანამ ვერ დავიჯერებ, სანამ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს-მეთქი, საზოგადოება არ ამყვებოდა და ყველაფერ ამას ვაჭრობად ჩამითვლიდა. ოპოზიციამ ეს ნაბიჯი სწორედ ამიტომაც არ გადადგა და მიმაჩნია, რომ სწორადაც მოიქცა. დიახ, ჩვენ მხოლოდ მაშინ კი არა, ახლაც მართლები ვართ _ თითოეული ჩვენგანი მზადაა, ციხეში ჩაჯდეს, ოღონდ ავტორიტარიზმი დამთავრდეს და კოალიციური მმართველობა შეიქმნას, რათა ამ ქვეყანას ერთი კაცი აღარ მართავდეს! ისე, სისტემის ბრალია, რომ ყველა, ვინც ხელისუფლებაში საუკეთესო დაპირებებით მოვიდა, ავტორიტარი გახდა!
_ სისტემა რომ შესაცვლელია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ პროპორციულის ჩაგდების შემდეგ ლეიბორისტებში შეკრებილი ე. წ. ოპოზიციური მაგიდის მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნები იყო, ახლა კი საუბარი ერთიან მაჟორიტარებზე მიდის. მაშასადამე, ხომ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ოპოზიცია „ოცნების“ ანკესზე წამოეგო და მისი თამაშის წესებით თამაშობს?
_ ძალაუფლება ოპოზიციის ხელში არაა, შესაბამისად, ჩვენ ვერც კანონებს ვცვლით და ვერც ვერდიქტები გამოგვაქვს. ჩვენ იმით ვმოქმედებთ, რაც კანონში წერია ან რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს.
სხვათა შორის, ოპოზიციის მხრიდან ერთიან მაჟორიტარებზე საუბრის დაწყება უპრეცედენტოა.
_ უპრეცედენტო რატომაა?
_ ამით ხელისუფლება ძალიან შეშინდა, რადგან იცის, რომ ბევრ რეგიონში მისი მინი-ოლიგარქებისა და ფეოდალების პარპაში დასრულდება. მოკლედ, მაჟორიტარების თემაზე გაერთიანებული 30, ანუ ყველა მოქმედი პარტია ძალიან დიდი ძალაა და ამას შედეგიც ექნება!
დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნებას“ პროპორციულთან მიახლოებული არჩევნების ნებისმიერი სქემის ეშინია, თუმცა თუ არსებული სისტემა დარჩა, ოპოზიცია იბრძოლებს და „ოცნებას“ ამ სისტემითაც დაამარცხებს!
_ ბატონო კოტე, დარწმუნებული ხართ, რომ ოპოზიცია ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმდება?
_ ჩვენ უკვე შევთანხმდით!
_ ე. ი., „ძალა ერთობაშიაც“ თანახმაა, რომ ოპოზიციამ რომელიმე ოლქში ერთიან მაჟორიტარად პრორუსული განწყობის პოლიტიკოსი დაასახელოს?
_ სხვადასხვა მიდგომაა, თუმცა ფორმულა ასეთია _ მთავარია, კანდიდატი გამსვლელი იყოს. სხვათა შორის, თბილისის მაჟორიტარებზე თითქმის უკვე შევთანხმდით.
_ უკაცრავად, მაგრამ მე სხვა ინფორმაცია მაქვს. კერძოდ, 27 თებერვალს „ძალა ერთობაშიას“ შეკრება გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ თუ ოპოზიცია რომელიმე რაიონში ან ოლქში მაჟორიტარად პრორუს კანდიდატს დაასახელებს, მაშინ „ძალა ერთობაშია“ იგივე ადგილას საკუთარ კანდიდატს წამოაყენებს.
_ „ძალა ერთობაშიას“ წევრი არ ვარ და ამიტომ ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, თუმცა ასეთი რამ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში არ თქმულა.
დღეს სასწორის პინაზე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება დევს და თუ ადამიანი რომელიმე ოლქში იმარჯვებს, მის პოლიტიკურ ორიენტაციას რა მნიშვნელობა აქვს? ის ადამიანები, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში მაგიდასთან სხედან, ზოგი დასავლური მიმართულებისაა, ზოგი _ აღმოსავლური და მაშინ ერთად რატომ ვსხედვართ? მოკლედ, ამ მაგიდასთან ასეთი ფორმულაა _ მაჟორიტარად მხარი მას დავუჭიროთ, ვინც გამსვლელია!
_ კეთილი, მაგრამ ამასობაში მიხეილ სააკაშვილის შტაბმა მუშაობა დაიწყო. მეტიც: მესამე პრეზიდენტმა საკუთარ მომხრეებს მოუწოდა, რომ ყველა უბანსა და რეგიონში შტაბები შექმნან. ბატონო კოტე, დიდი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ, სააკაშვილსაც ძალიან კარგად იცნობთ და, თქვენი შეფასებით, ყველაფერი ეს რას უნდა ნიშნავდეს?
_ დიახ, ძალიან კარგად ვიცნობ და სააკაშვილი, როგორც ყველა სხვა პარტია, მუშაობას იწყებს.
ამ ხელისუფლებამ ისედაც მოგვაცდინა.
_ რაზე მოგაცდინათ?
_ ეკონომიკური თუ სხვა პროგრამების განხილვა გადაგვადებინა და პროპორციულთან მიახლოებულ თემებზე საუბარში შეგვიყოლია, თუმცა ეს იწილო-ბიწილო ძალიან მალე დამთავრდება და „ოცნებას“ ყველგან დიდი ფრონტით შევუტევთ! ასევე მოსახლეობასთან შეხვედრებსაც დავიწყებთ.
_ ისე, ხალხს აქამდეც უნდა შეხვედროდით. ყოველ შემთხვევაში, აქცია 4 აპრილისთვის იმიტომ გადადეთ, რომ რეგიონებში გასულიყავით, მაგრამ ლიკანის გარდა ოპოზიცია არსად წასულა, თანაც ლიკანში ხალხს კი არ შეხვდით, არამედ ითათბირეთ, რაც, ჩემი აზრით, უცნაურია!
ბატონო კოტე, 4 აპრილამდე ხელისუფლებამ ყველა პოლიტპატიმარი რომ გაათავისუფლოს და ამასთან, პროპორციულზე წამოვიდეთ, აქცია მაინც გაიმართება?
_ 4 აპრილის აქციას კორონავირუსის გავრცელებაც უშლის ხელს, ანუ განწყობა სხვადასხვანაირია.
რაც შეეხება ხალხში გასვლას, სამწუხაროდ, ისეთ რეჟიმში ვიყავით, რომ ეს აქამდე ვერ მოვახერხეთ, მაგრამ არა უშავს _ 4 აპრილამდე საკმაო დროა.
თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გამოუშვებს და პროპორციულზეც დასთანხმდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე წავალთ, რადგან ჩვენს ქვეყანასა და ხალხს სჭირდება, რომ ეს ავტორიტარიზმი ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ და მართვის ის მოდელი შევქმნათ, რომელიც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მუშაობს!
_ ე. ი., 4 აპრილის აქციის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის?
_ დიახ, არ არის და საზოგადოებას მალე შევატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ისე, შემიძლია, პოლონეთის მაგალითი გითხრათ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებია გახურებული და სადაც შეკრებების გამო ძალიან დიდი პრობლემებია, ანუ სახელმწიფომ აკრძალა.
_ საქართველოში სახელმწიფოს შეკრებები არ აუკრძალავს, უბრალოდ, კორონავირუსის გავრცელების გამო რეკომენდაცია გასცა, რომ ხალხმრავალ თავყრილობებს მოვერიდოთ.
_ პოლონეთზე ვლაპარაკობ, სადაც არჩევნები ცხელ ფაზაშია შესული.
მოკლედ, ჯერ არ ვიცით, კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები როგორი იქნება. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა გზით მიდის. აი, მაგალითად, პოლონეთმა სამედიცინო ნიღბებსა და მედიკამენტებზე სახელმწიფო ფასები დაადგინა, ანუ გაუმაძღარ აფთიაქებს იმის საშუალება არ მისცა, რომ პირბადეები და ის საშუალებები, რომლებიც ადამიანებს კორონავირუსთან ბრძოლას გაუადვილებს, გააძვირონ!
ამას გარდა, პოლონეთში ახალი სოციალური დახმარებებიც დააწესეს. ყველაფერი ეს ევროპული გამოცდილებაა. ჩვენი მთავრობა კი ზის და მთელი დღეები რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს! იქნებ, ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგას და ხალხს ყველაფერი არ გაუძვიროს! მოკლედ, ჩვენს ხელისუფლებას ვურჩევ, რომ პოლონეთის მაგალითს სერიოზულად გადახედოს!
_ სხვათა შორის, სოციალურ ქსელში წერენ, კორონავირუსმა ოპოზიციას ბედზე მოუსწრო, ანუ ხალხის შეკრებას ვერ ახერხებდა და ახლა საბაბად მოიტანს, „კორონას“ გამო მიტინგს აღარ ვატარებო. ამაზე რას იტყვით, ბატონო კოტე?
_ ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც ამას ამბობს!
_ სინდისი რა შუაშია?
_ ხალხის შეკრების პრობლემა არასოდეს გვქონია და არც გვაქვს, მაგრამ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო საფრთხე რეალური იქნება, თუნდაც ამ საზიზღარი ჭორის გასაქარწყლებლად, ხალხს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ!
ერთი სიტყვით, სანამ უკეთესი ვითარება არ იქნება, შესაძლოა, მიტინგის გადადების გადაწყვეტილება მივიღოთ და არავის ჭორების არ შეგვეშინდება!
_ ბატონო კოტე, ბოლოს, იმ კითხვას დაგისვამთ, რომელსაც ყველა ოპოზიციონერს ვუსვამ ხოლმე: ამას წინათ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, ივანიშვილის დამარცხება ადვილი არ იქნებაო. თქვენც ასე გგონიათ?
_ იქიდან დავიწყოთ, რომ ივანიშვილი საკუთარ თავს თვითონ ამარცხებს!
_ ეს როგორ?
_ ივანიშვილის დამარცხება, ანუ დასასრულის დასაწყისი 20 ივნისს დაიწყო, როცა თბილისში გავრილოვი ჩამოიყვანა და მოსინჯა, ქართველები წინააღმდეგობას გაუწევდნენ თუ არა, მაგრამ ახალგაზრდებმა პირდაპირ შუბლში ახეთქეს მუშტი! ამის გამო მათ თვალები დასთხარა და სისხლის გუბეები დააყენა!
სხვათა შორის, ახლა ივანიშვილი შეშინებულია და ლავროვი ვეღარ ჩამოიყვანა _ საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ევროსაბჭოს 47 ქვეყნის მინისტერიალი აქ ჩატარებულიყო, მაგრამ ივანიშვილი სტრასბურგს ეხვეწა, რომ ეს სხდომა მაისში საქართველოში კი არა, სტრასბურგში ჩატარებულიყო, რადგან, როგორც გითხარით, ახალგაზრდების ეშინია და ლავროვის ჩამოყვანა ვეღარ გაბედა!
პროპორციული არჩევნების თემაც სწორედ ახალგაზრდებმა და პოლიტპატიმრებმა მოიტანეს!
სხვათა შორის, იმ წერილებით თუ ვიმსჯელებთ, რომელსაც „ოცნება“ იღებს, არჩევნებზე საქართველოში დასავლეთიდან არნახული რაოდენობის დამკვირვებელი ჩამოვა. მანამდე კი კისინგერის სიტყვებით რომ ვთქვათ, სიურპრიზების ტრანსფორმაცია ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე იქნება და ცუდად დაამთავრებს!
_ ვნახოთ, როგორც იტყვიან, წიწილები შემოდგომაზე დავითვალოთ!
_ საქართველომ ჯალალედინს გაუძლო და უსახო და უნიათო ივანიშვილის რეჟიმსაც გაუძლებს! ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები ბოლომდე ვერ დაანგრია და რეფორმების გატარების რესურსები ისევ გვაქვს. ხალხი სწორედ ამას ელოდება. ხელისუფლებაში ახალი სახეები და ახალგაზრდები მოვლენ, ინვესტიციებიც დაბრუნდება და ჩვენ უკეთესად ვიცხოვრებთ!
_ თქვენს პირს შაქარი, ბატონო კოტე! წარმატებებს გისურვებთ!

გიორგი აბაშიძე