მურმან დუმბაძე: „არჩევნების წინ ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ გადააგდებს“

აჭარის ტელევიზიაში საოცარი ამბები ხდება. ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ ტელეკომპანიაში დასაქმებულ ჟურნალისტებს ბრძოლა გამოუცხადა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აჭარის ტელევიზიას „ქართული ოცნება“ აქციებს უწყობს. პარტია „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე, ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა შორის ყველაზე აქტიურები აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავი ქალები იყვნენ. დუმბაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის უკან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი დგას. ოპოზიციის ლიდერი იხსენებს, რომ მთავარ მეოცნებეს, ჯერ კიდევ, 2012 წლის ბოლოს ჰქონდა გადაწყვეტილი აჭარის ტელევიზიის მოშორება.

რატომ არ მოსწონდა ივანიშვილს აჭარის ტელევიზია? რატომ არ მიიჩნევდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად „რუსთავი 2“-ს? რა ჩაიფიქრა მთავარმა მეოცნებემ საარჩევნოდ? რატომ უწყობენ რიჟვაძის სიდედრის და და ბიცოლა ჟურნალისტებს აქციებს? _ ამის შესახებ მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ იმ დროს, როცა დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების გამო საყვედურობს, „ქართულმა ოცნებამ“ ღია იერიში მიიტანა აჭარის ტელევიზიაზე. თქვენი აზრით, რას აკეთებს ხელისუფლება?
_ მინდა, თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძოლა ახლა არ დაუწყია. მან ამ ტელევიზიას ბრძოლა, ჯერ კიდევ, 2012 წელს გამოუცხადა. ფაქტობრივად მაშინვე, როცა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ დავამარცხეთ და ხელისუფლებაში მოვედით. იმ დროისთვის აჭარის ტელევიზია გახლდათ სახელმწიფო ტელევიზია და ის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, აჭარის ტელევიზია რეგიონულ ტელევიზიად ვერ გადაკეთდა, რადგან საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა _ საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონი რეგიონულ ტელევიზიას არ ცნობს. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება აჭარის ტელევიზიის მიმართ იყო ასეთი _ აჭარის ტელევიზია არის ტვირთი.
_ ამას ღიად ამბობდა?
_ დიახ, ამას ამბობდა მაშინ, როცა ქვეყნის პრემიერის პოსტი ეკავა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული კამათი მოგვივიდა. საბოლოოდ, იმას მივაღწიეთ, რომ აჭარის ტელევიზია დარჩა, როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასე შევინარჩუნეთ ტელევიზია, თორემ ივანიშვილს სრულად სურდა მისი გაქრობა.
ამ ადამიანს ახასიათებს აკვიატებები და რაკი ერთხელ აიკვიატა, რომ ეს ტელევიზია დაეხურა, მის წინააღმდეგ ბრძოლა პრემიერობიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელა. ამ ტელევიზიის მიმართ ის აგრესიას ვერ მალავს. ვერაფრით ინელებს, რომ თავის მიზანს ვერ მიაღწია.
გასულ წელს რაღაც საქმეზე იყო აჭარის რეგიონში ჩამოსული. მასთან მივიდნენ ჟურნალისტები, მათ შორის იყო აჭარის ტელევიზიაც. მათ კითხვას ასე უპასუხა, _ თქვენ წყნარად უნდა იყოთ. თქვენ „რუსთავი 2“-ის აჭარის ფილიალი ხართო. ამას რომ ამბობდა, სახე აუჭარხლდა და თვალები ჩაუწითლდა.
რამდენიმე სიტყვას აჭარის ტელევიზიის დირექტორ კოხრეიძეზეც გეტყვით. ეს პიროვნება გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი. ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში ივანიშვილთან სერიოზული კონფლიქტი მომივიდა და ფაქტობრივად აღარ ვიყავი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაგრამ პარტიიდან ჯერ არ გახლდით გარიცხული. დიდი ხნის განმავლობაში ივანიშვილს ჩემთან კონტაქტი არ ჰქონია. ერთხელაც დამირეკა და მითხრა, თქვენი დახმარება მჭირდებაო. პირდაპირ მითხრა, _ ისეთი კაცის დასაქმება მინდა, რომელიც ეტლში ზისო. ამაზე ვუპასუხე, _ მე რატომ მირეკავთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში დარეკეთ-მეთქი.
_ თქვენი დახმარება რაში სჭირდებოდა, თავად ვერ დანიშნავდა კოხრეიძეს, სადაც სურდა?
_ ივანიშვილს სურდა, რომ გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში შეეყვანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით და ამაში დასჭირდა ჩემი დახმარება. მე მაშინ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი. ცოტა რთულად, მაგრამ კოხრეიძე აჭარის კვოტით მაინც მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. ამით იმის თქმა მინდა, რომ კოხრეიძე არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ეს უკანასკნელია, ფაქტობრივად, აჭარის ტელევიზიის დირექტორი.
აბა, გაბედოს ბიძინა ივანიშვილმა და თქვას, რომ რაც მე „ქრონიკა+“-სთან მოვყევი, სიმართლე არაა. გავიმეორებ: მისი უშუალო ჩარევით და ძალისხმევით დაინიშნა კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში და იქ რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდა. მერე, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, აჭარის ტელევიზიის დირექტორად დაინიშნა.
აჭარის ტელევიზიის ბორდი, ფაქტობრივად, ერთპარტიულია, სულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. მათ ივანიშვილისგან ასეთი დავალება აქვთ მიღებული _ აჭარის ტელევიზია უნდა გაქრეს. და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
_ მაინც ვერ ვხვდები, რას ერჩის ივანიშვილი ამ ტელევიზიას? რატომ უნდა რომ იგი გაქრეს?
_ მას არ სჭირდება ისეთი ტელევიზია, სადაც თავისუფალი აზრი ტრიალებს. მისთვის მიუღებელია ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც 21-ე საუკუნის შესაბამისად აზროვნებენ. ამ ადამიანების ძალისხმევით აჭარის ტელევიზია პირველი არხისგან სრულიად განსხვავდება. ეს გახლავთ მართლა თავისუფალი და დაბალანსებული ტელევიზია. ის ხალხს ძალიან მოსწონს. ამიტომ ებრძვის მას ივანიშვილი ყველა მეთოდით და ახერხებს იმას, რასაც ვხედავთ.
კოხრეიძე, ანუ იგივე ივანიშვილი, მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ტელევიზია დააზარალოს. აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძოლა მანამ გაგრძელდება, სანამ ეს ხელისუფლება არ დასრულდება. ეს კი რამდენიმე თვეში მოხდება. „ოცნება“ რომ რამდენიმე თვეში დასრულდება, ამის გარანტიას ვაძლევ ივანიშვილს.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ, რომ „ოცნება“ შეიცვლება? რაკი დასავლეთიდან მწვავე სიო უბერავს?
_ პირველ რიგში იმიტომ ვარ ასეთი დარწმუნებული, რომ კარგად ვიცი ხალხის განწყობა. წარმოუდგენელია, რვა წლის შემდეგ იგივე ძალა კიდევ ერთი ვადით დარჩეს ხელისუფლებაში. ეს გამორიცხულია! საქართველოს მოსახლეობა ყოველ რვა წელიწადში ერთხელ ცვლის ხელისუფლებას. ზოგჯერ ეს რევოლუციით ხდება, ზოგჯერ _ არჩევნებით. ჩვენი ხალხი იმ შემთხვევაშიც ცვლის ხელისუფლებას, თუ მას მიღწევები აქვს. სააკაშვილის ხელისუფლებას მიღწევები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მაინც შევცვალეთ.
ასეთ დროს გადამწყვეტი სიტყვა საზოგადოებას ეკუთვნის და არა _ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსი წინ კი მიდის, მაგრამ ყველაფერი მაინც ხალხზეა დამოკიდებული. საქართველოს მოქალაქეებს აღარ უნდათ ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, ამიტომაც იგი შეიცვლება. ერთ-ერთი მიზეზი „ოცნების“ შეცვლისა იქნება მათ მიერ თავისუფალი მედიის დევნა.
აჭარის ტელევიზიაზე ვსაუბრობდით და მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც პოლიტიკოსებიც მივედით და ჟურნალისტებს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. მიგვაჩნია, რომ აჭარის ტელევიზიამ საქმე უნდა გააკეთოს. ეს ტელევიზია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ ჟურნალისტები. მათი მუშაობა და თავისუფლება მე რომ მომწონს, ეს არაფერს ნიშნავს. აქ მთავარი ისაა, რომ იგი საზოგადოებას მოსწონს. ხალხს განსხვავებული აზრის მოსმენა სურს. ამიტომაც აჭარის ტელევიზია ამ სახით უნდა შენარჩუნდეს.
როცა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი იწერებოდა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სხვანაირად მოვქცეულიყავით. ისეთი კანონი უნდა მიგვეღო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამოსობაში მოვიდოიდა და აჭარის ტელვიზია რეგიონული ტელევიზია იქნებოდა. კანონში ცვლილებას თუ შევიტანთ, ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეიძლება. ვნახოთ, რა მოხდება. ამ ხალხმა რამდენიმე თვეც უნდა გაძლოს და ჩვენთან ერთად დაელოდოს პოლიტიკურ ცვლილებებს.
_ თქვენ თქვით, ივანიშვილი 2012 წლიდან ითხოვდა აჭარის ტელევიზიის გაქრობასო. მეოცნებეები ადრე ამ ტელევიზიის მიმართ აგრესიულები არ იყვნენ, ახლა გათამამდნენ _ ვოლსკი მათ დაემუქრა, რომ პარლამენტში აკრედიტაციას შეუჩერებდა. იქით რიჟვაძემ გალანძღა ჟურნალისტები.
_ ესენი ხომ ბიძინა ივანიშვილის გამხმოვანებლები არიან და მის დავალებას ასრულებენ. ეს არის და ეს. მათთვის აჭარის ტელევიზია მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა კარგი, თუ ის მთლიანად „ქართულ ოცნებას“ დაემორჩილებოდა და გაახმოვანებდნენ იმას, რისი მოსმენაც მათ სურდათ. ივანიშვილს უნდა, რომ ყველამ აქოს. ასეთი კაცია და რა ვქნათ. რამდენიმე თვე კიდევ მოგვიწევს მისი ატანა. მერე ყველაფერი დალაგდება.
_ თქვენი საუბრიდან ვხვდებით, რომ ივანიშვილს პირფერობა ჰყვარებია. არადა, ამბობდნენ, არ უყვარს ასეთი რაღაცებიო.
_ ძალიან უყვარს, როცა აქებენ. რასაც მასზე ვიტყვი, დამეჯერება. მეეჭვება, საქართველოში მას ჩემზე კარგად ვინმე იცნობდეს. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ის, ძირითადად, შეკვეთილის რეზიდენციაში იყო და ყველაზე ხშირი კონტაქტი და კომუნიკაცია მასთან მე მქონდა. კარგად გავიცანი ამ დროის მანძილზე. ჩვენ ერთად ვგეგმავდით, თუ როგორ უნდა მოგვეგო სააკაშვილისთვის.
ეს კაცი განსხვავებულად აზროვნებს. არ უყვარს, როცა არას ეუბნებიან. როცა მას არ ეთანხმები, მნიშვნელობა არ აქვს რაში, მაშინვე ეცვლება სახეზე ფერი და ჭარხლდება. ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. როგორც ჩანს, ბიზნესში ყველა მას ემორჩილებოდა. ვერტიკალური ადამიანია. იმიტომაც მოიშორა ყველა, ვისთან ერთადაც მოიგო არჩევნები. მის გვერდით აღარ არის ირაკლი ალასანია, მასთან აღარ არიან რესპუბლიკელები, მასთან აღარ ვართ ჩვენც. მის გარშემო ახლა სულ სხვა ხალხი ტრიალებს.
_ საინტერესოა, ეს ხალხი რა პრინციპით შეარჩია?
_ ახლა მის გვერდით ისეთი ხალხი დგას, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან კომფორტულად გრძნობს თავს. ისინი ასეთი ცხოვრების წესით არიან გაზრდილი, რომ ხელისუფალს ყველაფერში უნდა დაეთანხმონ. ამიტომ ვოლსკისა და რიჟვაძის მუქარა აჭარის ტელევიზიის მიმართ არის ბიძინა ივანიშვილის მესიჯები და მეტი არაფერი. მისგან რომ არ ჰქონოდათ მითითება, ჟურნალისტებს ასე ღიად ვერც ერთი დაუპირისპირდებოდა და ვერც _ მეორე.
როდესაც მაია მერკვილაძე სამსახურიდან მოხსნეს, მის მხარდასაჭერად რაღაც ღონისძიება გაიმართა და მაშინვე კონტრაქცია მოუწყვეს. ბათუმში ყველა ერთმანეთის ნაცნობია და ის ადამიანები ვიცანით, ვინც აქციაზე იდგნენ. ოფიციალურად ასე ითქვა, რომ თითქოს აქციაზე რიჟვაძის მხარდამჭერი მოქალაქეები იყვნენ. მინდა იცოდეთ, რომ რიჟვაძეს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს და არც ის აქცია იყო მისი მხარდამჭერების მოწყობილი. ჟურნალისტებს აქცია მისმა ნათესავმა ქალებმა მოუწყვეს.
_ ხუმრობთ?
_ არა. ბათუმი არაა დიდი ქალაქი და როგორც გითხარით, აქ ყველა ყველას იცნობს. დედაქალაქიდან ამას ვერ დაინახავთ, ჩვენ კი ვიცით. აქციის ერთ-ერთი მონაწილე თორნიკე რიჟვაძის მამიდაშვილი იყო; მეორე კი სიდედრის და; კიდევ იყო მისი ბიცოლა. ეს ქალები ძალიან აქტიურობდნენ. სულ ეს გახლდათ კონტრაქცია, მეტს ვერ ქაჩავენ. რიჟვაძე აჭარის ტელევიზიას თავისი ნათესავებით აბულინგებს. ასეთი რამე დიდხანს არ გრძელდება. ეს კინო ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ. ასე იყო ასლან აბაშიძის დროსაც. მაშინ მხოლოდ გოგიტიძეები და აბაშიძეები იყვნენ ყველგან. მერე რით დამთავრდა ეს ამბავი? _ ასლანი გაიქცა, აბაშიძეებისა და გოგიტიძეების ნაწილი მას უკან გაჰყვა. ქვეყანამ წააგო და ასლანმაც წააგო. ასე წააგებს ეს ახალგაზრდა ბავშვი რიჟვაძეც.
მას წარმოდგენა არ აქვს, რა არის პოლიტიკა. აჭარის ტელევიზია თუ არ მოსწონდა, მაშინ უნდა ამოეღო ხმა, სანამ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდებოდა. ესეც მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ამის უკან ივანიშვილი დგას. ეს მან მისცა რიჟვაძეს დავალება, რაც შეიძლება მეტად შეავიწროოს თავისუფალი ტელევიზია. მას, როგორც უკვე გითხარით, განსხვავებული აზრი აღიზიანებს.
სად გაგონილა ასეთი რამე, რომ საინფორმაციოს წამყვანი პირდაპირ ეთერში მოეხსნათ?! არადა, ეს მოხდა გასულ კვირას აჭარის ტელევიზიაში _ თეონა ბაკურიძე შესანიშნავი წამყვანია და ის პირდაპირ ეთერში მოხსნეს სამსახურიდან. 21-ე საუკუნეში ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ ივანიშვილმა ეს წარმოუდგენელი სტანდარტი დაამკვიდრა.
სხვათა შორის, იგივე მოხდა „რუსთავი 2“-ის შემთხვევაშიც. კი ბატონო, საბოლოო გადაწყვეტილება სტრასბურგმა მიიღო, მაგრამ ძალიან ჩახლართულია ეს საქმე. პირადად ბიძინა ივანიშვილს აქვს ნათქვამი, რომ ეს ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის არ არისო. ამ დროს ყველაფერი გააკეთა, რომ ტელევიზია მის ხელში აღმოჩენილიყო.
_ რატომ მოიქცა ასე?
_ ქიბარ ხალვაშს შეუძლია, ადამიანს თავი მოაწონოს. ასლანის დროს ასლანისტი იყო; მერე გახდა მიშისტი; როცა მიშასგან სარგებელი ვეღარ მიიღო, ანტიმიშისტი გახდა; ახლა არის ბიძინისტი; მერე როცა სარგებელი აღარ ექნება, ანტიბიძინისტი გახდება და ა. შ.
სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაში გამონაკლისი არ არის. ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან, ხოლო ხელისუფლების გვერდით რომ დგანან, ეს ყველა ჩვენგანის ბრალია.
_ ჩვენი ბრალი რატომ არის?
_ იმიტომ, რომ ჩვენ ვუწყობთ ხელს ასეთი ფენომენის არსებობას. საზოგადოებას ასეთი ხალხი რომ გაერიყა, სხვანაირად იქნებოდა საქმე. მედროვე ადამიანებს ხელს ვართმევთ, სტუმრად მივდივართ, მათთან ერთად გამოჩენის არ გვრცხვენია. ოთარ ჭილაძეს კარგად აქვს ნათქვამი, _ ავაზაკს ხელი არ უნდა ჩამოართვა. მართლა ასე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვერ ვაკეთებთ. ვერ ვაკეთებთ იმიტომ, რომ პატარა ერი ვართ.
_ ეს რა შუაშია?
_ აქ ყველა ერთმანეთის ნათესავი თუ არა, ნაცნობია და ასეთ დროს პატიება უფრო ადვილად შეგვიძლია, იოლად ვივიწყებთ წარსულსაც. კიდევ ერთი საინტერესო რამე ხდება: როგორც კი ხელისუფლებაში მოვდივართ, მაშინვე ყველაფერს ვივიწყებთ.
_ ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. და რატომ ხდება ასე?
_ როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მოსული კაცი ბედნიერი ხდება და ეს ბედნიერება გვავიწყებს მათ მიერ ჩადენილ ცოდვებს. უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ადამიანები არ უნდა დავხვრიტოთ და დავხოცოთ, მაგრამ ისინი მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ხელისუფლებასთან კონტაქტს.
მომავალი ხელისუფლების ამოცანა იქნება, რომ ხელისუფლების სათავეში ბიზნესმენები აღარ მოხვდებიან. არ შეიძლება, რომ ადამიანი ყველა ხელისუფლებას მოერგოს და ყველა ხელისუფლებაში თბილი ადგილი ნახოს. ქვეყნის სამართავად 200 კაცი საკმარისია. 200 პროფესიონალი საქართველოში ადვილად მოიძებნება.
სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ რაღაცები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება _ მათ მხარდაჭერას დავკარგავთ, ახლა თუ 21 ევროპარლამენტარი აწერს ხელს წერილს, ხელისუფლება არ გივარგათო, ხვალ უკვე 51 კაცი მოაწერს. ოღონდ ისინი უკვე ხელისუფლებას კი არა, ჩვენ გაგვლანძღავენ და გვეტყვიან, ქვეყანა არ ყოფილხართო.
დააკვირდით, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. მე არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ დღემდე რეგიონში ლიდერი ქვეყანა ვიყავით. რუსეთთან, სომხეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით წინ რომ წავედით, ამ უპირატესობასაც ვკარგავთ და არ მიდა, რომ ეს მოხდეს. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რათა ეს ხელისუფლება შეიცვალოს. თან ისე შეიცვალოს, რომ მომდევნო ხელისუფლებამ ამ გზით სიარული აღარ გაბედოს.
კიდევ ერთი საოცრება გვჭირს ქართველებს, _ როგორც კი ხელისუფლებაში მოვდივართ, დაპირებებს ვივიწყებთ და იმ გზით დავდივართ, რითაც წინამორბედი დადიოდა. დროა, ამ გზას უარი ვუთხრათ და ახალი გზა გავკაფოთ. დროა, ჩვენმა სახელმწიფომ ახალი ფურცელი გადაშალოს.
ჩვენ ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება; სადაც განსხვავებული აზრს პატივს სცემენ და თავისუფალ მედიას არავინ დაუწყებს დევნას. ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც დასავლეთი იქცევა. ჩვენ დასავლეთი კი გვინდა, მაგრამ ქართული წესებით და ასე არ გამოვა. წინასვლა და განვითარება თუ გვსურს, ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ცივილიზებული სამყარო ცხოვრობს. ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და ჩვენი ვალია, რომ კარგი სახელმწიფო გვქონდეს.
_ თქვენ მითხარით, რომ ივანიშვილს კარგად იცნობთ და თქვენი აზრით, ის გაჯიუტდება თუ დაუჯერებს დასავლელ პარტნიორებს და აქ არჩევნებს მართლა დემოკრატიულად ჩაატარებს?
_ ახლა ივანიშვილთან დაკავშირებით ერთი აზრი მაქვს აკვიატებული და თქვენთანაც ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხი გადააგდო და თან _ არაერთხელ. მარტო პროპორციულ არჩევნებს არ ეხება გადაგდება. მან გადააგდო ის პოლიტიკიოსები, რომლებთან ერთადაც დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა; გადააგდო დასავლეთი, ვისაც დაჰპირდა, რომ საქართველოში 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები.
ამის გამო დასავლეთი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ჩვენ დასავლეთიდან უზარმაზარი მხარდაჭერა გვქონდა და ამის მერე რომ ასეთი კრიტიკული წერილები მოდის, ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკელი რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთნაირად ფიქრობენ საქართველოზე. არადა, მათ შორის ძალიან დიდი კონკურენციაა. ისინი ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან. სამაგიეროდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოში საქმე კარგად არ არის. ჩვენ კი გვიხარია, რომ „ოცნებას“ აკრიტიკებენ, მაგრამ ეს არც ქვეყნისთვის არის კარგი.
გადაგდებებზე ვსაუბრობდით და ერთადერთი, ვინც ივანიშვილს არ გადაუგდია, ეს არის „ქართული ოცნება“. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის „ქართულ ოცნებასაც“ გადააგდებს.
_ ამას რანაირად გააკეთებს, ეს პარტია ხომ მისი შექმნილია?
_ ეს პარტია მისია, მაგრამ მისთვის ახლა მთავარია საკუთარი უსაფრთხოება და ქონების გადარჩენა. მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში ყოფნა. ეს რომ სდომოდა, დღემდე პრემიერი იქნებოდა. მას იმიტომ უნდა მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა, რომ ის ჩრდილიდან მართოს და აკეთოს ის, რას მოესურვება. აქამდე ის ამას ახერხებდა, მაგრამ ახლა ვეღარ შეძლებს, რადგან მთელი დასავლეთი არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგია. თუ გაჯიუტდება, ძალიან ბევრს დაკარგავს. დარწმუნებული ვარ, ახლა რაღაც გარანტიებს ეძებს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ გამიკვირდება, თუ იტყვის, რომ პოლიტიკიდან მიდის და მართლა წავა. ამის თქმა და… „ოცნება“ მთლიანად ჩამოიშლება. ივანიშვილის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ. არჩევნებს ისედაც მოვიგებდით, მაგრამ მოგება ახლა უფრო გაიოლდება. ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ერთპარტიულ მმართველობას და ქვეყანას სწორ გზაზე დავაყენებთ. ამ რვა წლის მანძილზე ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ.

შორენა მარსაგიშვილი