მთავარი საზოგადოება უპრეცედენტო სისხლის სამართლის საქმის ახალი დეტალები

უპრეცედენტო სისხლის სამართლის საქმის ახალი დეტალები

450
0
გაზიარება

„ქრონიკა+“-მა რამდენიმე კვირის წინ მოგიყვათ სისხლის სამართლის საქმე #001121018022-ზე, რომელიც ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოა და როგორც აღმოჩნდა, ვერც კანონმდებლობა და ვერც საგამოძიებო უწყებები ვერ აღმოჩნდა მზად, პასუხი გაეცათ არსებული კითხვებისთვის. კონკრეტულად კი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოქალაქე თ.ა.-მ, სავარაუდოდ, თაღლითური გზით, მოქალაქე მ.მ. ბიოლოგიურად და ფინანსურად გამოიყენა და დონორისა და სუროგატის მეშვეობით არაბიოლოგიური შვილის „დედა“ გახდა. ამის შემდეგ თ.ა.-მ გაყიდა ქმართან ერთად შეძენილი ბინა, ქმრის ოჯახის წევრებს აუკრძალა ბავშვთან კონტაქტი და 3 წლისა და შვიდი თვის ბავშვზე, სავარაუდოდ, დღემდე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გრძელდება, როგორც ბავშვის მამის მხარე აცხადებს, პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება.

რა ნაწილში გამოიკვეთა უწყებების გულგრილობა და რა ბერკეტებით ცდილობს ბავშვის მამა შვილის უფლებების დაცვას?
ამ თემებზე „ქრონიკა+“ ბავშვის ბიოლოგიური მამის ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრა:

_ ჩვენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ჯერ კიდევ, 2019 წლის 27 დეკემბერს მივმართეთ და გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორთან შეხვედრა მოვითხოვეთ. თითქმის წელიწად-ნახევარია, ეს საქმე ძიებაშია და გვაინტერესებდა, რა ეტაპზე იყო, ბავშვის დაცვის პრევენციის მიზნით რა ღონისძიებები უნდა ჩაეტარებინათ და ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და ექსპერტების დასკვნებით, რომელზედაც წინა ინტერვიუში დეტალურად ვისაუბრეთ, საბოლოოდ, რა შედეგს მივაღწევდით. განცხადების შეტანიდან თვე-ნახევარი გავიდა, თუმცა არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. რის შემდეგაც განმეორებით შევიტანეთ 14 თებერვალს იგივე მოთხოვნით განცხადება, რაზედაც პასუხი მივიღეთ, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორ დავით ჩხარტიშვილს მიმართეს და მას გონივრულ ვადებში ჩვენთვის პასუხი უნდა გაეცა. მიუხედავად ამისა, პროკურორი მაინც არ შეგვეხმიანა. შემდეგ გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის კანცელარიას დავუკავშირდი, მათ კი, თავის მხრივ, დამაკავშირეს პროკურორის თანაშემწეს და ჩემი მოთხოვნის საფუძველზე შეხვედრა ჩაინიშნა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორ დავით ჩხარტიშვილთან. უკვე წელიწად-ნახევარია, ეს საქმე ამ რაიონულ პროკურატურაშია გამომძიებელ თამილა ფოცხვერაშვილისა და პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის დაქვემდებარებაში. შეხვედრაზე იმის მაგივრად, რომ პროკურორ ჩხარტიშვილს ჩემთვის ანგარიში ჩაებარებინა იმის შესახებ, თუ რა გამოიძეს ამ წელიწად-ნახევარში, მე დამიწყო გამოკითხვა, მეტიც: პროვოკაციულ კითხვებს მისვამდა. ძალიან გამიკვირდა, რა მიზნით აკეთებდა ამას _ გულგრილი იყო საქმის მიმართ თუ საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა?
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ პროვოკაციულ შეკითხვებში?
_ მაგალითად, მკითხა, _ საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა თუ არა ოჯახური დავა ბავშვის მიკუთვნების შესახებ? რაზედაც ვუპასუხე, რომ ეს სიმართლეა. მაგრამ ეს რა შუაში იყო ამ გამოძიებასთან? ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ვსაუბრობდით. შემდეგ მკითხა, _ მამას ბავშვის ნახვისთვის რამდენი საათი გამოუყო მოსამართლემ? რაზედაც ვუთხარი, რომ მოსამართლე გიორგი მაისურაძემ კვირაში 8 საათი გამოუყო. ამ პასუხის შემდეგ პროკურორმა მკითხა, _ რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვის დედამ ქრთამი მისცა მოსამართლესო? ე. ი. პროკურორი უშვებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვყავს მოსამართლეები, რომლებიც შესაძლოა, ქრთამს იღებდნენ, ეს ხომ ნონსენსია! ამ თემასთან დაკავშირებით პროკურორს ვუთხარი, რომ მიზეზი, რის გამოც მამას ასე მცირე საათები გამოუყო სასამართლომ, ჩვენი აზრით, არის საქმის მიმართ გულგრილობა და არაკომპეტენტურობა, საკითხისადმი უპრინციპო და საქმის მალე მოშორების მცდელობა, რაც არის არა სისტემის, არამედ სისტემაში შემავალი არაპროფესიონალი ადამიანების ბრალი, რომლებიც თავად ქმნიან ისეთ სისტემას, რაც გვაქვს დღესდღეობით. ამის გარდა, პროკურორმა კიდევ დამისვა პროვოკაციული შეკითხვა, _ ჩვენგან რა მოლოდინები გაქვთ, გინდათ, ბავშვის დედა დავიჭიროთო? ამ შეხვედრაზე გამოძიების შედეგებს ვითხოვდი, რაზედაც პასუხი ვერ მივიღე. რაიონის პროკურორმა მითხრა, რომ კანონით მას შეუძლია, უბნის ინსპექტორი დასაკვირვებლად მიავლინოს იმ მიდამოებში, სადაც დედა-შვილი ცხოვრობს, ასევე დაკითხავს ბაგის გამგეს და აღმზრდელს, მეზობელს. მე პროკურორს ავუხსენი, რომ ამ ქალბატონს ბაღის გამგესთან 20-წლიანი დაქალობის სტაჟი აქვს. სწორედ, ბაღის გამგემ უთხრა ბავშვის მამას, რომ ბავშვის დედის გამო სისცოცხლის გაღება შეუძლია. ასეთი ადამიანის დაკითხვას რა აზრი აქვს?! ბავშვის დედამ სპეციალურად მიიყვანა ბავშვი იმ ბაღში. მეტიც: იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ, რომ ბაღის გამგე და აღმზრდელი ამ ქალბატონთან სახლშიც კი რჩებიან ღამე.
_ რას ითხოვთ პროკურორისგან, კონკრეტულად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან, რომ გამოძიებას წაადგეს?
_ როდესაც მამამ გამომძიებელს დაურეკა, რომ ბავშვს ლოყა აქვს გასიებული და ამბობს, დედამ დამარტყაო, გამომძიებელმა უთხრა, დედას ჰკითხე, რატომ აქვს ბავშვს ლოყა შესიებულიო? ამ ფაქტზე მოვუყევი და მითხრა, _ გამომძიებელს საყვედურს გამოვუცხადებთო. საქმეშია ევროპაში სერტიფიცირებული, „გეშტალტ კლინიკის“ პედიატრ-ფსიქოლოგ ლიკა თუშიშვილის დასკვნა, რომელთანაც ბავშვი გვყავდა მიყვანილი. 3 საათის განმავლობაში გამომძიებელმა და საქმის პროკურორმა დაკითხა თუშიშვილი, ფსიქოლოგის დასკვნით ბავშვი ადეკვატურია, მეტიც: მამა-შვილის ურთიერთდამოკიდებულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მამასთან ინტენსიური ურთიერთობა, რაც დადებითად აისახება ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მის შემდგომ ზრდა-განვითარებაზე. ამ დასკვნას არ ითვალისწინებენ გამოძიების პროცესში, სამხარაულის დასკვნას ეყრდნობიან, რომელიც სტანდარტული დასკვნაა, რომ ამ ასაკის ბავშვს არ დაეჯერება ის, რასაც ამბობს დედაზე, რომ სცემს დედამისი. ბავშვი ახლაც ამბობს, რომ იგი მცემდა, ახლა მაშინებსო. ამ ყველაფერზე პროკურორი მეუბნება, რომ ბავშვები 8-10 წლამდე სულ იტყუებიან, სამწუხაროდ, იგი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ძალადობად არ მიიჩნევს, არადა, მსოფლიოში ფიზიკურ ძალადობაზე მძიმე დანაშაულად ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა მიიჩნევა! თურმე, პროკურორს შვილები სტუმრად რომ მიყავს სადმე, სახლში წამოსვლა აღარ უნდათ, ჩვენი ბავშვი კი ამბობს, არათუ სახლში არ უნდა წასვლა, არამედ დედასთან წასვლა არ უნდა, რადგან მისი ეშინია. პროკურორს ვკითხე, _ მისი შვილები ეუბნებიან, რომ დედასი ეშინიათ და ამიტომ არ უნდათ სახლში დაბრუნება? რაზედაც პასუხი არ ჰქონდა, გაჩერდა, რადგან აბსურდული არგუმენტი მოჰყავდა და თვითონაც მიხვდა. ამის გარდა, საქმის მასალებშია და დღემდე მისდის ჩემს ოჯახის წევრს, _ ბავშვის მამას, _ წერილები ბანკიდან, რომ ამ ქალმა ამერიკაში ყოფნისას, კერძოდ საქართველოში წამოსვლის წინ, ანუ გააზრებულად, კრედიტი აიღო და შემდეგ აღარ გადაიხადა. ასეთი უპასუხისმგებლოა ეს ქალბატონი. მშობლობა კი, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს. პროკურორს ვკითხე, _ არის თუ არა ეს ქალი ქურდი-მეთქი? _ რადგან ბანკი გადააგდო, ქურდია, შვილის გაზრდის უფლება არ აქვსო. მე თქვენი გაზეთის მეშვეობით, მინდა ვუპასუხო პროკურორს: თავისი შვილები აღაზრდევინოს ქურდებს, მძარცველებსა და კანონის დამრღვევებს, რადგან ასეთ სიმპათიებს ამჟღავნებს მსგავსი ადამიანების მიმართ.
_ როგორც თქვენ ამბობთ, საქმის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო მოითხოვეთ თუ არა საქმის პროკურორების შეცვლა?
_ დიახ, რაიონულ პროკურორ ჩხარტიშვილს ვუთხარი, რომ უნდობლობას ვუცხადებ საქმის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძეს და მისი შეცვლა მინდოდა, რაზედაც აგდებულად მიპასუხა, რომ ამას საკმარისი არგუმენტები და დასაბუთება სჭირდებოდა. ჩვენ გვაქვს საკმარისი არგუმენტები, რომ პროკურორი არის მხარე, მათ არაფერი გაუკეთებიათ ბავშვის უფლებების დასაცავად, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ამაზე. ამის ნაცვლად მაქსიმალურად ცდილობდა, ინფორმაცია გაეგო, თუ რას ვაპირებდით და გვქონდა თუ არა კიდევ სარჩელი სხვა თემაზე შეტანილი საქალაქო სასამართლოში ამ ქალბატონთან მიმართებით. მე პროკურორს პირდაპირ ვუთხარი, _ ბავშვის დედა იქადნებოდა, რომ მას პოლიციის სამმართველოში ხალხი ჰყავს და ჩარია. ჩემი ნათქვამი პროკურორმა ყურად არ იღო.
_ გეგმავთ თუ არა, გენერალურ ინსპექციას მიმართოთ?
_ დიახ, ჩვენ ვაპირებთ, გენერალური ინსპექციის უფროს ბატონ ბაკურ აბულაძეს დეტალურად ჩამოვუწეროთ არგუმენტები რაიონულ პროკურორ დავით ჩხარტიშვილსა და პროკურორ ლევან ჟორჟოლაძესთნ დაკავშირებით, რომ ისინი საქმის მიმართ გულგრილები არიან. რაიონის პროკურორი ჩხარტიშვილი თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, რომ თუ რამით უკმაყოფილო ვიყავით, ეს გამომძიებლის ბრალი იყო, რაც სიცრუე აღმოჩნდა. გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე გადავამოწმე, სადაც მითხრეს, რომ გამომძიებელი საქმის პროკურორთან შეუთანხმებლად ვერაფერს აკეთებს. ჩხარტიშვილი რატომ იცავს ჟორჟოლაძეს და ხელს აწმენდს გამომძიებელს, ჩემთვის გაუგებარია. ამ ყველაფრის პარალელურად, საქმის ძიება ადევნების მუხლით დაიწყო, თითქოს ჩვენი ოჯახის წევრები ამ ქალბატონს დავსდევთ. აბსოლუტურად უსუსური არგუმენტებია საქმეში. იმის მაგივრად, რომ ბავშვზე ძალადობის ფაქტი გამოიძიონ, აქეთ გვადანაშაულებენ.
_ პირველ ინტერვიუში თქვენ საუბრობდით სოციალური მუშაკის მხრიდან გამოვლენილ უპასუხისმგებლობაზე. ამ ეტაპზე შეიცვალა თუ არა რამე?
_ სოციალურ სამსახურთან დაკავშირებით ბავშვის მამამ სახალხო დამცველს მიმართა, რომლის მადლობლები ვართ, მაქსიმალურად გვიდგანან გვერდით. სამწუხაროდ, კანონით მათ არ აქვთ ისეთი ბერკეტები, რომ არსებითი გავლენა მოახდინონ პროცესზე და სამართლიან ჩარჩოებში ჩასვან იგი. თუმცა ჩვენ შევხვდით სახალხო დამცველის პირველ მოადგილე ეკა სხილაძეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბოჭორიშვილი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი თქვენი გაზეთის მეშვეობით. მათ დაგვაკვალიანეს და გვითხრეს, რომ საქმესთან დაკავშირებული განაცხადი შეგვეტანა ახალი სააგენტოს სახელზე, რომელსაც ჰქვია „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. მისი ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძეა. ჩვენ ამ სააგენტოში ორი განცხადება შევიტანეთ 11 და 17 თებერვალს. 11 თებერვლის განცხადების პასუხად შაბლონური პასუხი მოგვივიდა. სააგენტომ საქმე მიაბარა იურისტ გიორგი კუპრეიშვილს. წესით, ამ ორი განცხადების საფუძველზე უნდა დაგვიბარონ და გაგვესაუბრონ. საქმის ნომრები ჩაწერილი აქვს სახალხო დამცველის აპარატს და იმედია, გააკონტროლებენ. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს ბავშვის მშობელზე მიკუთვნების თაობაზე, უკვე სააპელაციოში 9 თვეა, პროცესი მიდის, სადაც საქმის არსებითი მოსმენა ჯერ არ ყოფილა. უკვე 5-ჯერ გადაიდო. ბოლო პროცესი 4 თებერვალს იყო ჩანიშნული. ბავშვის მამა ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა, 3 თებერვალს კი დაურეკეს, რომ პროცესი გადაიდო, რადგან მოსამართლე შვებულებაში გავიდა. სასამართლოს ამ დამოკიდებულებას მათ გულგრილობასა და არაობიექტურ მიდგომას ვაბრალებ მცირეწლოვანი ბავშვის ქეისის მიმართ. ოჯახის წევრებს გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ისინი საერთოდ არ იცნობენ ამ საქმეს, რომ იცნობდნენ, ასე არ გაწელავდნენ. ყოველი დღე ბავშვის ჯანმრთელობის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ნუთუ ამას ვერ აცნობიერებენ?!
_ სამართლებრივი ნაწილი გასაგებია, როგორია ბავშვის მდგომარეობა ახლა?
_ ბოლო პერიოდში ბავშვი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით, აქვს შიშები, ხშირად იმალება სკამის ქვეშ, კუთხეში თავისით დგება. ერთსა და იმავე ფრაზებს ამბობს, მაგალითად: „მე შენი ნერვები არ მაქვს, შენ იცი, რას გიზამ?“ „უპირობოდ(!) უნდა დავუჯერო, დედა რასაც მეტყვის“. სამწუხაროდ, ბავშვი ყოველ ორ თვეში ერთხელ ავად ხდება, დედა მას ყოველ ავადობაზე ანტიბიოტიკებით მკურნალობს, რასაც მამა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ბავშვს დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, არ იკვებება სრულფასოვნად და არ იზრდება სათანადო პირობებში.

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, ახალ დეტალებს შემოგთავაზებთ.

ნენე ინჯგია

დატოვეთ კომენტარი