გიორგი ქაჯაია: „ოპოზიციამ ყველა სვლა წააგო ხელისუფლებასთან“

ახალგაზრდებმა, „გავრილოვის ღამეს“ და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებში, მნიშვნელოვანი როლი რომ შეასრულეს, ამაზე ყველა თანხმდება. ასევე საზოგადოების დაკვეთაა ახალი სახეების გამოჩენა, თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიები კვლავ ძველ სახეებზე დებენ ფსონს.

რა პოლიტიკური მოცემულობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში? რა კუთხით უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესებში? ვის მხარეს არის უპირატესობა 2020 წლის არჩევნების კუთხით?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია, პლატფორმა „დემოკრატიული საქართველოს“ ხელმღვანელ გიორგი ქაჯაიას:

_ თქვენ პლატფორმა „გაბედეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი იყავით. რატომ დატოვეთ ეს ახალგაზრდული მოძრაობა?
_ დიახ, დაფუძნების დღიდან ნამდვილად ვიყავი მოძრაობა „გაბედეს“ წევრი. მოგეხსენებათ, ამ მოძრაობის იდეა-ფიქსი იყო, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოპოვებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ახალგაზრდებს. როდესაც „გაბედეს“ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩემს ხედვებს, მორალსა და ღირებულებებს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე „გაბედეს“ რიგები. სწორი და მართებული გადაწყვეტილება მივიღე. მსურს, ჩემს ამომრჩეველთან სუფთა და სამართლიანი ვიყო. მივიჩნევ, რომ ახალგაზრდა, პოლიტიკურად მოტივირებულმა ადამიანმა გაურკვეველ თამაშში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ჩემს თანამოაზრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან ერთად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები. განწყობა არის საბრძოლო! ველოდებით პოზიტიურ შედეგს. ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებას ვუსურვებ მოძრაობა „გაბედეში“ მყოფ ჩემს მეგობრებს.
_ საბოლოოდ, რა კუთხით აისახა ახალგაზრდების აქტივობა პოლიტიკურ პროცესებში?
_ ახალგაზრდებმა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა, საჭირო და კრიტიკულ მომენტში კონსოლიდირება მოახერხეს. თან ეს შეძლეს ისეთ გარემოში, სადაც ნიჰილიზმი მძვინვარებს. თუ დღეს ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან ზის, ეს სწორედ სამოქალაქო აქტივიზმის შედეგია. პოზიტიურად ვარ განწყობილი თითოეული აქტივისტის მიმართ. მათი როლი მიმდინარე პროცესებში შეუფასებელია.
_ როგორია პოლიტიკური მოცემულობა დღეს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რა შეგიძლიათ თქვათ?
_ პოლიტიკური მოცემულობა არასახარბიელო და საგანგაშოა. ძალიან ღრმა კრიზისში ვართ, გვყავს პოლიტპატიმრები, ქვეყანაში მიმდინარეობს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა, ხორციელდება თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე. საზოგადოება მოტყუებულად გრძნობს თავს. ქვეყანა ჩიხშია. ამას ემატება ჩვენი დასავლელი მეგობრების მწვავე კრიტიკაც, საერთაშორისო დონეზე ქართული სახელმწიფოს იმიჯი მნიშვნელოვნად შელახულია, მიმდინარეობს ანტიდემოკრატიული პროცესები, შესაბამისად, ეს ყველაფერი აფერხებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ხოლო ეს მავნებლობა, რაც თავს დაგვატყდა, მხოლოდ კოლაბორაციონისტი ხელისუფალის ხელწერაა. დღევანდელმა მთავრობამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ მომავალს დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა.
_ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვერც შეთანხმება შედგა და ოპოზიციამ ვერც საპროტესტო მუხტის აგორება შეძლო, რამდენად ქმედითუნარიანია და ლოგიკურია ოპოზიცია პროპორციულთან დაკავშირებით?
_ ბევრჯერ მითქვამს სხვადასხვა გადაცემაში და თქვენთანაც გავიმეორებ: მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ოპოზიციის მიმართ, მათ დღევანდელი მოცემულობით და იმ გზით, რითაც ისინი მიდიან, გამარჯვების მინიმალური შანსი აქვთ. საზოგადოების დაკვეთა არის არსებული ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არა წარსულით და ძველი კადრებით. თუ ახალგაზრდებს არ მისცმენ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შანსს და თუ მედია სივრცე ოკუპირებული ექნებათ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს, მათ, რეალურად, მომავლის პერსპექტივა არ გააჩნიათ. რაც შეეხება პროპორციულის მოთხოვნის თემას, თავიდან იგი ლოგიკასთან ახლოს იყო, ხოლო შემდეგ ეტაპზე ხელისუფლებასთან ყველა სვლა წააგეს. ფაქტი სახეზეა: მოთხოვნა დაუკმაყოფილებელია და ოპოზიცია უმოქმედოა. დღეს პროპორციულის ძახილი უკვე ბოლის გამოშვებას ჰგავს. მათ სჭირდებათ ლიდერი.
_ ხელისუფლებამ არც დასავლეთის კრიტიკა და არც საერთაშორისო საზოგადოების გზავნილი გაითვალისწინა, როგორც თავად სურდა, ისე იმოქმედა. რატომ ბედავს ამდენს კრიტიკის ფონზე მმართველი გუნდი?
_ როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის რეალური მმართველი და ის ინფუზორიები, რომლებიც სავარძელში არიან მოკალათებულნი, ვისი ინტერესების გამტარებელნი არიან? _ რა თქმა უნდა, რუსეთის! ოლიგარქ ივანიშვილს ერთი მიმართულება აქვს არჩეული _ ყველაფერი პუტინის სასარგებლოდ გააკეთოს. ის მხოლოდ ვალოდიასთან ანგარიშვალდებულად მიიჩნევს თავს და არა _ ქართველ ხალხთან. თუნდაც ანაკლიის პორტის საკითხის ჩაშლა არის საკმარისი იმის მისახვედრად, თუ ვის და რას ემსახურება ეს ადამიანი. ერთადერთი, ვის ინტერესშიც არ შედიოდა პორტის თემა, ეს იყო ჩვენი ბოროტი მეზობელი და რუსეთთან ერთობლივად გააკეთეს ყველაფერი, რათა მშენებლობა არ დაწყებულიყო. მინდა, დარწმუნებით გითხრათ: ძალიან მალე დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ივანიშვილს იმ ზიანისთვის, რაც მან სახელმწიფოს მიაყენა.
_ რა პოლიტიკური არჩევანის წინაშე იქნება ქართველი ამომრჩეველი 2020 წელს?
_ ქართველ ხალხს პოლიტიკური არჩევანის უფლება წაართვეს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანი დაუსვეს პრეზიდენტად, რომელმაც ქართულად სულ სამი სიტყვა იცის. საზოგადოებამ და ჩვენი ქვეყნის ღირსეულმა მოქალაქეებმა არჩევანის უფლება ხელახლა უნდა მოვიპოვოთ. ეს ღირსების საკითხია, სხვა არაფერი.
_ არჩევანის უფლების მოპოვების პარალელურად, „ქართულ ოცნებას“ ტრადიციული მესიჯბოქსი ექნება: „არა ნაცებს“. ეს რამდენად იმოქმედებს 2020-ში?
_ რა თქმა უნდა, იმოქმედებს და „ქართული ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრჯერ გამოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი ეკრანზე სხვადასხვა მოწოდებით. ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ სააკაშვილი არის უდავოდ ნიჭიერი პოლიტიკური ლიდერი, კარგი რეფორმატორი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თავის დროზე, ქვეყნის განვითარების პროცესში, მიუხედავად ბევრი მინუსისა, მაგრამ დღეს სულ სხვა მოცემულობაა. ის სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს და არ ფლობს სრულ ინფორმაციას. შესაბამისად, ბევრ რაღაცას სხვაგვარად აღიქვამს. ვფიქრობ, იგი უნდა დისტანცირდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან და ეს საგრძნობლად გაუზრდის გაერთიანებულ ოპოზიციას წარმატების მოპოვების შანსს, ვინაიდან დღეს ექსპრეზიდენტი არის ივანიშვილის გამარჯვების ერთადერთი გარანტი თავისი მოქმედებებიდან გამომდინარე. მაგრამ ისეთი „პოლიტიკური ცხოველისგან“, როგორიც მიშაა, ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება, თან ისეთ დროს, როდესაც ქვეყნის დემოკრატიზაციის ბედი სასწორზე დევს.
_ 2020 წლის საპრლამენტო არჩევნების ჭრილში სად ხედავ ახალგაზრდებს და როგორი უნდა იყოს ახალი თაობის სამოქმედო გეგმა?
_ 2020 წელს, ჩემდა სამწუხაროდ, ახალგაზრდებს პარლამენტში ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ პარლამენტთან და თუ მე ვერ ვხედავ მათ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში, ეს ისევ ვადაგასული პოლიტიკოსების კისერზეა. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის დემოტივირება მოახდინონ და უნდა ვაღიარო, _ ეს წარმატებით გამოსდით. როგორ შეიძლება, იყო ახალგაზრდა, გტკიოდეს შენი ქვეყანა, გაწუხებდეს ის უძალობის განცდა, სტაგნაცია, რაც დღეს შენს სამშობლოში ხდება და ამ დროს გარკვეული დივიდენდის სანაცვლოდ წახვიდე დათმობაზე და გაატარო არა შენი საზოგადოების ინტერესი, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსის?! თავისუფლების სულის მოკვლა სურთ ახალგაზრდებში. როდესაც პოლიტიკური ცხოვრების გზა ავირჩიე, ყოველთვის ვიმეორებდი და დღესაც ჩემს სამუშაო მაგიდაზე მიდევს ამობეჭდილი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: „ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივ მოვალე და განუყრელი შვილი“. ხაზს ვუსვამ: ჯავახიშვილი ამბობდა, სამშობლოს მოვალე იყავი და არა გაქსუებული პოლიტიკანებისო. რომ არ დამავიწყდეს, ხშირად ვუცქერ ხოლმე ამ ციტატას. იგივეს ვურჩევ ჩემი თაობის იმ წარმომადგენლებს, ვინც პოლიტიკაში მოღვაწეობს. გაიხსენეთ, საიდან მოვდივართ. ერთადერთი გზა მაინც არის პროგრესულად მოაზროვნე დასავლური ღირებულებების მატარებელი ახალგაზრდების კონსოლიდირება, ერთი დიდი და საერთო იდეის გარშემო, _ იდეის, რომელიც მოემსახურება ქართული საზოგადოების ინტერესებს.

ნენე ინჯგია