მთავარი საზოგადოება ვინ ლობირებს აზარტული თამაშების შავ და კრიმინალურ ბიზნესს?

ვინ ლობირებს აზარტული თამაშების შავ და კრიმინალურ ბიზნესს?

274
0
გაზიარება

ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლები კი არა, ის ადამიანებიც გაურბიან, რომლებსაც აზარტულმა თამაშებმა, ანუ ე. წ. ლუდომანიამ, პრობლემები შეუქმნა. სახელმწიფოს მხრიდან დუმილი გასაგებია _ სხვადასხვა ინფორმაციით, აზარტული თამაშები აბსოლუტურად უკონტროლო ბიზნესია, სადაც, უბრალოდ, დიდი კი არა, ძალიან დიდი ფული ტრიალებს და, შესაბამისად, ამ სფეროს გავლენიანი მფარველებიც ჰყავს. მაგრამ საკითხავია, რატომ დუმან ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერ ამის გამო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ? _ ამ დუმილის მიზეზი, როგორც ირკვევა, სირცხვილია, ანუ არავის უნდა, გაიგოს, რომ ის ან, სულაც, მისი ოჯახის წევრი აზარტზეა დამოკიდებული და ამის ნიადაგზე მხოლოდ ფსიქიკური პრობლემები კი არ გაუჩნდა, არამედ „ქურდული რაზბორკების“ მსხვერპლიც გახდა!

ერთი სიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აზარტული თამაშები ჩვენს ქვეყანაში თავიდან ბოლომდე „შავ“ საქმიანობასთან ასოცირდება, რასაც სამოქალაქო მოძრაობა _ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი, თამარ ჯაფარიძეც ადასტურებს. ქალბატონი თამარი „ქრონიკა+“-ს შემაშფოთებელ სტატისტიკასაც აწვდის და გვეუბნება, რომ ბოლო წლებში ამ ბიზნესის ბრუნვამ რამდენიმე ათეულ მილიარდს გადააჭარბა, 2019 წელს კი აზარტზე დამოკიდებულმა 400-ზე მეტმა ადამიანმა სცადა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება. ამ საგანგაშო ციფრების მიუხედავად, კარგა ხანია, პარლამენტში დევს კანონპროექტი, რომლითაც აზარტული თამაშები გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოექცეს, თუმცა „ოცნების“ უმრავლესობა ამ კანონპროექტის განხილვას არ ჩქარობს.
რატომ? _ ვიდრე ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, ვთქვათ, რომ აზარტული თამაშებისთვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი აზიურ და ისეთ ღარიბ ქვეყნებშია, როგორიც საქართველოა, ანუ უმძიმესი სოციალური გაჭირვება პირდაპირ ამ ბიზნესთან ილინკება. ახლა, შესაძლოა, ვინმემ თქვას, აზარტი მდიდარსა და ღარიბს არ არჩევსო და მართალიც იქნება, მაგრამ დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში ონლაინ თუ სხვა ტიპის სათამაშო ობიექტების მომხმარებლები უმეტესად ისინი არიან, რომლებსაც სამსახური არ აქვთ და ფიქრობენ, რომ თუნდაც პურის ფულს თამაშით იშოვიან!
ზოგადად, სათამაშო ბიზნესს დიდი ხნის ისტორია აქვს. სხვადასხვა ისტორიული წყაროს თანახმად, „კაზინომ“ (ამ სიტყვის ეტიმოლოგია იტალიურია და „პატარა სახლს“ ნიშნავს) შენობის მნიშვნელობა მე-19 საუკუნეში შეიძინა, ანუ ამ დროიდან კაზინო იმ სახლს ეწოდა, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი სანახაობა ეწყობოდა.
„ამ ბიზნესის ძირითადი მახასიათებელი ადამიანების ილუზიის ექსპლუატაციაა, რომელიც მათ გამდიდრებას შემთხვევითობის პრინციპით ჰპირდება“, _ მიიჩნევენ ამ თემის მკვლევრები და დასძენენ, რომ სათამაშო ბიზნესიდან ყველაზე გავრცელებულია კაზინო, ქართულად _ სამორინე), სათამაშო აპარატები, ტოტალიზატორი და ლატარია.
სხვათა შორის, ევროპაში, კერძოდ, ვენეციაში, პირველი კაზინო 1638 წელს გაიხსნა. ლამის ერთი საუკუნის შემდეგ კი, ანუ 1720 წელს _ ბად-ემსში. 1748 წლიდან კაზინო უკვე მეფეებისა და იმპერატორების კურორტ ბადენ-ბადენშიც იკიდებს ფეხს.
მოკლედ, ამ დროიდან მოყოლებული, კაზინო ევროპის ყველა ქვეყანაში იხსნება.
„წინა საუკუნეებში სამორინე მდიდრების თავშეყრის ადგილი გახდა და დროთა განმავლობაში საზოგადოებაზე თავისი მავნე ზეგავლენა გამოააშკარავა. სწორედ ამის გამო ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებმა აზარტულ თამაშებზე შეზღუდვები დააწესეს, ანუ 1873 წელს, თითქმის, ყველა კაზინო დაიხურა. ერთადერთი, რომელმაც აზარტულ თამაშებზე შეზღუდვების დაწესება საჭიროდ არ მიიჩნია, მონაკო იყო. ამიტომ მონტე-კარლო აზარტული თამაშების მექად იქცა“, _ ამბობენ ამ თემის მკვლევრები.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ში პირველი კაზინო მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა აზარტული თამაშები ათი წლით აკრძალა, თუმცა გასული, ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ნევადაში, ლას-ვეგასსა და რიოში კაზინოების მშენებლობა ისევ იწყება.
რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო მოდამ რუსეთშიც მოიკიდა ფეხი და, ამ მხრივ, გამონაკლისი არც ცარიზმის გავლენების ქვეშ მყოფი ჩვენი ქვეყანა გახლდათ. როგორც ირკვევა, 1920 წელს თბილისში ორი კაზინო და ლოტოს კლუბი ფუნქციონირებდა, თუმცა უცნობია, ეს ობიექტები ლეგალურად მუშაობდნენ თუ არა. ისე, ისიც აღსანიშნავია, რომ, თავის დროზე, საქართველოში სპეცქარხანაც არსებობდა, რომელიც ბანქოს უშვებდა.
კომუნისტები აზარტულ თამაშებს, ცხადია, კრძალავდნენ, თუმცა ეს ბიზნესი იატაკქვეშ მაინც არსებობდა. დიდ საბჭოეთში პირველი კაზინო, ოფიციალურად, 1989 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში, სასტუმრო „სავოიში“ გაიხსნა, ერთი წლის შემდეგ კი ამ ბიზნესმა ფეხის მოკიდება საქართველოშიც დაიწყო, ანუ თბილისში, კერძოდ, ფილარმონიაში სამორინე „ორი ჯუჯა“ იხსნება, რომელშიც შვედური ინვესტიცია დაბანდდა.
სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოში სათამაშო ბიზნესის აყვავება, თუმცა აზარტზე დამოკიდებულ ადამიანებში სუიციდის მასობრივი შემთხვევები, როგორც თამარ ჯაფარიძე ამბობს, 2012 წლიდან იწყება. რატომ? _ ამ კითხვაზე მეტ-ნაკლებად ამომწურავ პასუხს წინამდებარე ინტერვიუდან მიიღებთ, რომელიც ჩვენმა გამოცემამ სამოქალაქო მოძრაობა _ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ თავმჯდომარე თამარ ჯაფარიძესთან ჩაწერა:

_ ქალბატონო თამარ, არის თუ არა აზარტული თამაშები სიღარიბესთან კავშირში?
_ აზარტული თამაშები ქვეყნისთვის პრობლემაა და, დიახ, ეს სიღარიბესთან ასოცირდება. ეს ის პრობლემაა, რომელზედაც სახელმწიფო დუმს.
_ სახელმწიფო ამ პრობლემაზე იმიტომ დუმს, რომ აზარტული თამაშების ბიზნესს გავლენიანი ლობისტები ჰყავს?
_ ცოტა სიღრმეში შევიდეთ და ვთქვათ, თუ როდიდან მოდის ჩვენს ქვეყანაში აზარტული თამაშები.
_ კი ბატონო, გისმენთ.
_ საერთოდ, რაც სამყარო არსებობს, აზარტული თამაშები კაცობრიობის თანმდევია, თუმცა ეს ის თემაა, რომელზედაც ანტიკური თუ შუა საუკუნეების სახელმწიფოები არ რეაგირებდნენ.
მოკლედ, საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი 1990-იან წლებში, კლუბ „ორი ჯუჯით“ არალეგალურად დაიწყო.
_ ანუ ეს კლუბი იატაკვეშ ფუნქციონირებდა?
_ არა, იატაკქვეშ არ იყო, მაგრამ მაშინ აზარტული თამაშების საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა, ანუ კანონით არ რეგულირდებოდა. სხვათა შორის, იმ დღიდან მოყოლებული ეს ბიზნესი ე. წ. შავ ბიზნესთან ასოცირდება.
2004 წელს „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ „აზარტული და მომგებიანი ლატარიების შესახებ“ კანონი, ასე ვთქვათ, გამოსცა, თუმცა ამ კანონში ადამიანის უფლებები არაა ნახსენები და არც იმის შესახებაა რამე ნათქვამი, აზარტული თამაშები რა საფრთხის შემცველია, ანუ ყველაფერი, როგორც იტყვიან, საკუთარ ბეჭებზე მოირგეს ფინანსურად.
_ ანუ ეს კანონპროექტი ფინანსურად, თავის დროზე, „ნაციონალებმა“ მოირგეს?
_ რა თქმა უნდა.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია, მაშინ ან ახლა ამ ბიზნესს ვინ ლობირებდა და ლობირებს?
_ ჩვენი ქვეყანა მუდმივად ისეთ პოლიტიკურ ბატალიებშია ჩაფლული, რომ ძნელად წარმოსადგენია, ასეთი მსხვილი კაპიტალის მქონე ბიზნესიდან შემოსული ფული ხელისუფლებასთან არ წავიდეს, მით უმეტეს, რომ ცნობილია, ისინი ყველა ბიზნესს ლობირებენ.
_ იმის შესახებ, რომ „ვარდების ხელისუფლებას“ ბიზნეს-ინტერესები ჰქონდა, ბევრი თქმულა, მაგრამ შეგიძლიათ, მაშინდელი ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლის გვარი დაასახელოთ, ვინც სათამაშო ბიზნესს „კრიშავდა“?
_ ამის დოკუმენტური მონაცემები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ვიცით, რომ მაშინდელ ხელისუფლებაში ყველაფერს სააკაშვილი და ხუთი-ექვსი ადამიანი აკონტროლებდა. ამიტომ იმის წარმოდგენა და მიხვედრა, ეს ფული სად შეიძლებოდა წასულიყო, ძნელი არაა.
სხვათა შორის, 2006-დან 2016 წლამდე, ანუ ათ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 136-ჯერ გაიზარდა და თუ მაშინ მილიონები იყო, ახლა უკვე მილიარდებია. ყოველ შემთხვევაში, 2018 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 18 მილიარდ ლარზე მეტია.
_ ამ ბიზნესის აღმავლობის პიკი როდის იყო?
_ 2012 წელს.
_ 2012 წლამდე პირადად მე იშვიათად გამიგია, რომ სათამაშო ბიზნესის გამო ვინმეს თავი მოეკლას. ბოლო დროს კი მსგავსი ფატალური შემთხვევა ძალიან ბევრია.
_ დიახ, ასეა.
2004 წელს მიღებული კანონი, როგორც გითხარით, მხოლოდ ფინანსური კუთხით იყო გათვლილი. ხელისუფლებაში მოსვლამდე „ოცნებამ“ დადო პირობა, რომ პირველი, რასაც გააკეთებდა, სათამაშო ბიზნესი გამჭვირვალე იქნებოდა, თუმცა 2020 წელია და სათამაშო ბიზნესს ისევ მწვანე შუქი აქვს ანთებული. მეტიც: მისი ბრუნვა კატასტროფულად გაიზარდა. დღეს ეს ბიზნესი აბსოლუტური რეგულირების გარეშეა, ანუ უკონტროლოა და ფატალური შედეგებიც ამიტომ გაიზარდა!
_ 2004 წელს მიღებული კანონი, როგორც ვიცი, არ გაუქმებულა. შესაბამისად, გაუგებარია, 2012 წლიდან ეს ბიზნესი აბსოლუტურად უკონტროლო რატომ გახდა?
_ იმიტომ, რომ ამ ბიზნესის მფლობელები ხელისუფლებაში მოვიდნენ.
_ კონკრეტულად?
_ აი, მაგალითად, ისკო დასენი, რომელიც პარლამენტის წევრია.
_ ის, რომ ისკო დასენი სათამაშო ბიზნესის მფლობელია, თქვენი ეჭვია თუ საამისოდ მტკიცებულებებიც გაქვთ?
_ ამაზე საჯარო რეესტრის მონაცემები არსებობს, რომლის თანახმადაც, ბატონმა ისკო დასენმა თავისი ბიზნესი ვაჟს გადაუფორმა. ისე, ვერ ვიტყვით, რომ სათამაშო ბიზნესის ლობისტი მხოლოდ დასენია.
სხვათა შორის, შარშან, ანუ 2019 წელს, აზარტული თამაშების გამო სუიციდის მცელობა 413 ადამიანს ჰქონდა. აქედან 329 განხორციელდა და ფატალურად 27 შემთხვევა დასრულდა!
საზოგადოება ამაზე დუმს, რადგან ეს ყველას მხოლოდ საკუთარი ოჯახის, ანუ ინდივიდის პრობლემა ჰგონია. სინამდვილეში კი ასე არაა და ეს ქვეყნის პრობლემაა!
_ ანუ ადამიანებს ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი სირცხვილად მიაჩნიათ?
_ დიახ.
_ ქალბატონო თამარ, თქვენი მონაცემებით, სათამაშო ბიზნესში ჩართულები საშუალო ფენას განეკუთვნებიან?
_ მართალია, ეს ღარიბი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ბიზნესია, მაგრამ აზარტზე დამოკიდებული ადამიანების ასეთი კლასიფიკაცია არ შეიძლება.
_ რატომ?
_ ესაა ვირუსი, რომელიც სოციალურ ფენას არ არჩევს, ანუ არ ვიცით, ამ საკითხთან მიმართებით რომელი ფენის წარმომადგენელი უფრო მოწყვლადი იქნება. თუმცა ამ ბიზნესში, უმეტესად, ისინი არიან ჩართულები, რომელთაც ელემენტარული თანხის მოძიება უჭირთ და სამუშაოც არ გააჩნიათ. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა კი მოზარდებთანაა, ანუ მშობელი ბავშვს გზის ფულს, ვთქვათ, 50 თეთრს აძლევს და სახელმწიფოს ბიზნესი ისე აქვს დარეგულირებული, რომ თამაში ამ თანხითაც შეუძლია.
სხვათა შორის, ახლახან ერთ-ერთი რაიონის გამგებელმა „პორშე“ მოიგო.
_ ქალბატონო თამარ, ამას ხაზს რატომ უსვამთ?
_ ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს.
_ ანუ?
_ ძალიან ბევრი რაიონისა თუ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები ონლაინ თამაშებში აქტიურად არიან ჩართულები!
_ ისე, როცა თანამდებობის პირი „პორშეს“ ან დიდ თანხას იგებს, ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ სათამაშო ბიზნესის მფლობელებსა და ამ მაღალჩინოსნებს შორის გარიგებაა, ანუ თუ საჯარო პირი „პორშეს“ მოიგებს, ეს რიგითი მოკვდავისთვის ერთგვარი სტიმული და წახალისება იქნება, რომ ითამაშოს?
_ არაჩვეულებრივი კითხვაა! დიახ, ეს ის ბიზნესია, რომელსაც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და ჯანმრთელი ბიზნესი აქვს შესრუტული. მეტიც: ამ ბიზნესმა მხოლოდ ადამიანები და სახელმწიფო უწყებები კი არა, ქვეყნის სიმდიდრე _ ლიტერატურაც წაგვართვა და მიიტაცა!
_ კონკრეტულად?
_ ერთ-ერთი სათამაშო ობიექტის, ასე ვთქვათ, თავზე რუსთაველის სიტყვებია განთავსებული: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“
მოკლედ, „პორშე“ უბრალო კი არა, საკმაოდ ძვირადღირებული მანქანაა და ამიტომ ის, რაც წეღან თქვით, სავსებით რეალურია!
სხვათა შორის, ჩვენი მონაცემებით, ამ ბიზნესის გამო კრიმინალიც გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ბიზნესი რეგულაციებში არ მოექცევა და ამაზე სახელმწიფო სერიოზულ მსჯელობას არ დაიწყებს, ფატალური შედეგები კიდევ უფრო გაიზრდება!
საერთოდ, ყველაფერში დამნაშავე სახელმწიფოა, ანუ სახელმწიფოს იმის მზაობა უნდა ჰქონდეს, რომ ნებისმიერი ბიზნესი რეგულაციებში იყოს მოქცეული, მაგრამ სახელმწიფომ ბიზნესი ვერ გააპატიოსნა და შვება ვერც ადამიანებს მოუტანა! დღეს ყველა იმაზე საუბრობს, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა არის სისტემა _ წყლის თუ ელექტროგაყვანილობა?
_ არც _ ერთი და არც _ მეორე!
_ სისტემა სახელმწიფოს ხერხემალია, რომელიც მალებითაა აწყობილი! ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტებმა, ადამიანებს უნდა ვუთხრათ, _ დიახ, სიღარიბე ძნელია და ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთებაც რთულია, ამიტომ კონსტიტუციის მაქსიმალური ამუშავება უნდა მოვითხოვოთ, ანუ ხალხმა თავისი კონსტიტუციური უფლება უნდა დაიბრუნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას საზოგადოებამ უნდა მისცეს დაკვეთა!
_ დიახ, ხალხის, ასე ვთქვათ, დიქტატურა აუცილებელია, მაგრამ, ქალბატონო თამარ, თქვენი საუბრიდან შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სათამაშო ბიზნესი ჩვეულებრივი მაფიაა, რომელთან ბრძოლაც და რომლის დამარცხებაც რიგით ადამიანებს გაუჭირდებათ. ვცდები?
_ სწორედ ამ მაფიას ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები მოჰყავს ხოლმე, რომლებიც მას არ შეეწინააღმდეგებიან!
_ ე. ი., თუნდაც აქედან ჩანს, რომ „ოცნებამ“ ძველი სისტემა გადმოიბარა?
_ რა თქმა უნდა. ეს სისტემა სააკაშვილიდან კი არა, იმ დროიდან მოდის, როდესაც დამოუკიდებლობა დავკარგეთ და ზვიად გამსახურდია საქართველოდან გავაქციეთ, ანუ ამ ქვეყნის უკუსვლა შევარდნაძიდან დაიწყო!
_ ქალბატონო თამარ, თემა, რომელსაც ახლა შეეხეთ, ძალიან დიდი და ყოვლისმომცველია, რაზედაც, უმჯობესი იქნება, სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი მითხარით, თუ არსებობს სტატისტიკა, საქართველოში ლუდომანიით დაავადებული სულ რამდენი ადამიანია?
_ ეს რიცხვი მილიონამდეა!
_ ამ ხალხის გაუბედურება ხელისუფლებას ეკისრება, არა?
_ რა თქმა უნდა, მით უმეტეს, რომ ეს სტატისტიკა მზარდია, ანუ რვა წლის წინათ ლუდომანიის სენით 300 ათასი ადამიანი იყო შეპყრობილი, ახლა კი, როგორც გითხარით, მილიონამდეა! სხვათა შორის, უახლესი მონაცემებით, 500 გამოკითხული მოსწავლიდან 48% თამაშობს; 300 ათასი ადამიანიდან კი, რომელიც ბანკებმა საკუთარი სახლიდან გამოასახლა, მესამედი სათამაშო ბიზნესში იყო ჩართული, ანუ მათ სახლ-კარი სწორედ ამ ბიზნესის გამო დაკარგეს!
_ ეს როგორ?
_ ადამიანები, რომლებიც თამაშობდნენ და ვალი ედებოდათ, ბანკებიდან სესხს იღებდნენ, მაგრამ ვეღარ იხდიდნენ და, შესაბამისად, ე. წ. ჭარბვალიანთა სიაში ხვდებოდნენ. მართალია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ვალები განულდა, მაგრამ ეს ჩვენი ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო!
_ რატომ?
_ დღეს ბანკებს ასი ათასი ახალი მევალე ჰყავს! მოკლედ, ვალების გადახდა კი არაა აუცილებელი, არამედ პრობლემაზე ხმამაღლა ლაპარაკია საჭირო!
ისე, ბანკები მოთამაშეებს თანხას აღარ აძლევს, ამიტომ მათ მიკროსაფინანსოებში გადაინცავლეს. ამ მიკროსაფინანსოებიდან კი უმეტესობა ბანკების შვილობილია!
_ ქალბატონო თამარ, თქვენი კვლევების თანახმად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები დეპრესიის გამო თავს იკლავენ, თუ ფინანსურ პრობლემებს ვეღარ აგვარებენ და სუიციდის მიზეზიც ეს ხდება?
_ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ვალია.
_ იმ შემთხვევაში, თუ აზარტზე დამოკიდებული ადამიანი სათამაშო ბიზნესს წაგებულს ვერ უხდის, მოვლენები როგორ ვითარდება _ საქმეში სამართალდამცველები ერთვებიან?
_ არა.
_ აბა?
_ საქმეს „კრიმინალური სამყარო“ არჩევს.
_ ანუ „ქურდული რაზბორკები“ იწყება?
_ რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ჩემი თვალით ვნახე, რომ სათამაშო ობიექტებს მხოლოდ ე. წ. ხელზე გამმაზველები კი არ ჰყავთ, არამედ _ სპეციალური თანამშრომლებიც, რომლებიც ადამიანს, ვინც სათამაშო ობიექტში შედის და თანხა არ აქვს, ფულს აძლევენ, ანუ ფულს ასესხებენ. ეს სათამაშო ბიზნესის მხრიდან, თავისთავად, კრიმინალური ქმედებაა.
მოკლედ, სათამაშო ბიზნესი ფულის გათეთრებასთან, კრიმინალურ გარჩევებთან, სახლ-კარდაკარგულებსა და ფატალურ შედეგებთან ასოცირდება! ამასთან, ამ ბიზნესს დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანების სულიერი სიმშვიდის დაკარგვაში!
საერთოდ, ლუდომანია ერთი და ორი თამაშით კი არა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყალიბდება.
_ ქალბატონო თამარ, თუ სათამაშო სახლები თავიანთ კლიენტებს კრიმინალების დახმარებით ურჩევენ საქმეს, სად არის ამ დროს პოლიცია?
_ ვერ წარმოიდგენთ, ღამის 12 საათის შემდეგ როგორი მდგომარეობაა.
_ რას გულისხმობთ?
_ აი, მაგალითად, ამას წინათ სამგორიდან დამირეკეს და დახმარება მთხოვეს, ანუ დაცვის თანამშრომლები ადამიანებს, რომლებსაც დიდი ფული ჰქონდათ წაგებული და ამის ნიადაგზე ფსიქიკურ აშლილობამდე არიან მისულები, სცემდნენ! ასეთ დროს შეიძლება, პოლიცია გამოიძახონ, მაგრამ დაცვა საპატრულოს ეუბნება, ამ საქმეში ჩარევის უფლება არ გაქვსო. ერთი სიტყვით, სათამაშო ბიზნესი, იქ დასაქმებული ადამიანები და მისი ლობისტები ყველანაირი რეგულაციისა და კანონის მიღმა არიან!
_ გამოსავალს სად ხედავთ?
_ სახელმწიფომ რეგულაციები უნდა გაამკაცროს.
_ ფაქტია, რომ სახელმწიფო არ გისმენთ!
_ პარლამენტში ამ თემაზე კანონპროექტი ერთი წლის წინ შევიტანეთ, მაგრამ თაროზე დევს.

P. S. სხვათა შორის, ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა აზარტული თამაშების კომპანიებმა, როგორც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანიამ ე. წ. გარე რეკლამაზე უარი თქვა. ამ დროის მონაცემებით, ბანერების ჩამოხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია. პირველი კი, რომელმაც გარე რეკლამა ჩამოხსნა, „ევროპაბეთი“ იყო. ლუდომანიის მკვლევართა თქმით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავსი რეკლამებით აზარტული თამაშების პოპულარიზაცია ხდებოდა. იქნებ, ისეც მოხდეს, რომ პარლამენტმა იმ კანონპროექტისთვისაც მოიცალოს, რომლის შესახებაც ინტერვიუში თამარ ჯაფარიძე საუბრობდა და რომლითაც აზარტული თამაშების ბიზნესი რეგულაციებში მოექცევა. ცხადია, რეგულაცია იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები აზარტზე საერთოდ უარს იტყვიან, მაგრამ ეს ერთგვარი პრევენცია იქნება, რათა ისედაც გაღატაკებული მოსახლეობა უარესად არ გაუბედურდეს.
მოკლედ, პრობლემა და საფრთხე რეალურია! ასე რომ, ფრთხილად, ქალბატონებო და ბატონებო, არ ითამაშოთ, იცხოვრეთ!

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი