თამარ მეარაყიშვილი: „ქართულ უხანში _ ახალგორში უიმედობამ დაისადგურა“

ოკუპირებული ახალგორი ისევ სრულ იზოლაციაშია. ცხინვალის მმართველი, ანატოლი ბიბილოვი, პოზიციას არ ცვლის. მან მხოლოდ რამდენიმე დღით გახსნა აგვისტოში ჩაკეტილი ე. წ. საზღვარი. ახალგორელთა ნაწილმა ამით ისარგებლა და სამუდამოდ დატოვა რუსების მიერ ოკუპირებული ქართული მიწა, რომელსაც შეგვიძლია, ქართული უხანი ვუწოდოთ. ახალგორის ქუჩებიც ისეთივე ცარიელია, როგორც _ უხანის. განსხვავება ისაა, რომ უხანში ხალხი კორონავირუსს ემალება, ახალგორში კი მოსახლეობა აღარ არის. ვინც დარჩა, ისინიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგანან.
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, აგვისტოდან მოყოლებული, ე. წ. საზღვრის გახსნას ითხოვს. 24 იანვარს ე. წ. საზღვარი დროებით გაიხსნა და როგორც მეარაყიშვილმა გვითხრა, ამ რამდენიმე დღემ მას და ახალგორელებს უიმედობა გაუჩინა. დღემდე დაუდგენელია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ახალგორი დატოვა. ამ ინფორმაციას არც ქართული და არც ოსური მხარე არ ასაჯაროებს. მეარაყიშვილის თქმით, ახალგორში სულ უფრო იშვიათად ისმის ქართული ლაპარაკი. ქართულ ენაზე აქ სწავლა აიკრძალა, სამსახურებშიც არ შეიძლება ქართულად საუბარი.

როგორია ახალგორელების ყოფა? როდის გაიხსნება კიდევ ჩაკეტილი ე. წ. საზღვარი? ემუქრება თუ არა კორონავირუსი აქაურობას? როგორ იშლება ახალგორში ქართული კვალი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს თამარ მეარაყიშვილი ესაუბრება:

_ იმ დროს, როცა ქართველები დაცარიელებული უხანის გამო მოვთქვამდით, თქვენ ახალგორის ფოტოები გამოაქვეყნეთ და დაწერეთ, რომ იქნებ, ქართული უხანისთვისაც მიგეხედათო. ეს სურათები ძალიან მძიმე სანახავი იყო. ისევ ასეთი მდგომარეობაა ახალგორში?
_ შეიძლება ითქვას, რომ უარესი. ქალაქში ხალხი, ფაქტობრივად, არ დადის. მართლა უხანად არის ქცეული აქაურობა. იქ მოსახლეობა სახლებში მაინც არის შეკეტილი, აქ კი სახლები ცარიელია. ქართული უხანის ფოტოების გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოყვა. ვიღაცებმა მომწერეს, რომ ფოტოები დღე გადამეღო, რადგან საღამოს ყველა ქალაქში კვდება სიცოცხლეო. არადა, ასე არ არის. ახალგორში ვცხოვრობ და კარგად მახსოვს, როგორი იყო აქაურობა საღამოობით. ახლა დაბა დღისითაც ჩამკვდარია, საღამოსაც და ღამითაც.
ახალგორში დიდი ხანია, სიცარიელემ დაისადგურა, მაგრამ ახლა ამას უიმედობაც დაემატა. უკვე წლებია, ჩვენი ბედი სხვის ხელშია, მაგრამ როცა თბილისთან თავისუფალი მიმოსვლა გვქონდა, იმედიანად ვიყავით. რამე რომ ყოფილიყო, მარტივად შევძლებდით არასასურველი სიტუაციიდან თავის დაღწევას. ახლა ამ შესაძლებლობას მოკლებულები ვართ. აგვისტოდან მოყოლებული მძევლად აგვიყვანეს. მე სამი წელია აქედან გასვლის უფლება არ მაქვს, მაგრამ ჩემი შვილი მაინც ჩამოდიოდა ჩემ სანახავად. ახლა ისიც ვეღარ ჩამოდის. 6 თვეა, შვილი არ მინახავს.
აქამდე ახალგორის მოსახლეობას აქედან გასვლა სინაგურის გავლით შეეძლო, მაგრამ ახლა ეს საგუშაგოც ჩაკეტეს. ბიბილოვი დაგვპირდა, რომ ახმაჯის საგუშაგო მარტში გაიხსნებოდა რამდენიმე დღით, მაგრამ ახლა კარანტინი გამოაცხადეს და არ ვიცით, რამდენად შესრულდება პირობა.
_ 24 იანვარს ახმაჯი რამდენიმე დღით იყო გახსნილი და ბევრმა ადამიანმა დატოვა ახალგორი? ყველა უკან დაბრუნდა თუ არა?
_ აქ მცხოვრები პენსიონერები პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, ზოგი _ წეროვანში, ზოგიც _ თბილისში. მათთვის რამდენიმე დღით გაიხსნა გზა. ეს პენსიონერები ახალგორიდან წამოვიდნენ, მაგრამ დღემდე არ ვიცით, რამდენი გავიდა ახალგორიდან და მერე რამდენი დაბრუნდა უკან. სტატისტიკას არც ქართული მხარე აქვეყნებს და არც _ ოსური. ამაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ვესაუბრე, მაგრამ მათგანაც ვერაფერი გავიგე. მათ ზუსტად ის ინფორმაციაც არ ჰქონდათ, თუ რამდენი ადამიანი იღებს პენსიას და ვინ მოხვდა სპეცსიაში. ახალგორის დატოვების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს მისცეს, ვინც ამ სიაში იყო.
ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ მიახლოებით შემიძლია გითხრათ: 72 პენსიონერი იყო დაბაში და დანარჩენი _ სოფლებში. სადღაც 150 კაცზეა საუბარი. ამ ადამიანებიდან 41-მა სპეციალური საშვი მიიღო ბოლო დღეს და მათ ფიზიკურად ვეღარ დატოვეს ახალგორი. ბიბილოვის ხელისუფლებამ საზღვარი რამდენიმე დღით გახსნა. აქედან გასულებს, ვისაც უკან დაბრუნება უნდოდა, 10 დღის ვადაში უნდა დაბრუნებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ახალგორში აღარ შეუშვებდნენ. ბოლო დღეს მიღებული საშვებით კი ადამიანები ახალგორიდან გასვლას და უკან დაბრუნებას ვეღარ მოახერხებდნენ. ამიტომ მათ არ შეეხოთ ახმაჯის საგუშაგოს გახსნა. რამდენიმე ადამიანმა თავი შეიკავა ახალგორის დატოვებისგან.
_ რატომ?
_ მიზეზი არ ვიცი. ზოგიერთმა პენსიონერმა ფიზიკურად ვერ შეძლო ახალგორიდან გასვლა. მათ დამხმარების გარეშე გადაადგილება არ უჭირთ, დამხმარეები კი არც სიაში იყვნენ და არც საშვი დაუშვეს მათზე. როგორც ვიცი, ვიღაცები ახალგორში უკან აღარ დაბრუნდნენ. რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. გაცილებით ბევრი ადამიანი სარგებლობს სინაგურის საგუშაგოთი. ბევრს რომ ვამბობ, არ იფიქროთ, რომ 200 ან 300 ადამიანს ვგულისხმობ. სულ რაღაც, 20 ადამიანზე ვსაუბრობ.
_ 20 კაცი ბევრია?
_ ახალგორის პირობებში 20 კაცი ბევრია.
_ სინაგურის გავლით რომ დატოვოთ ახალგორი, ამას სპეციალური საშვი სჭირდება?
_ არა. ჩვეულებრივი საშვია საჭირო, ასეთი საშვებით სარგებლობენ ახალგორელები 2008 წლიდან.
_ ჩვეულებრივი საშვით თუ შეიძლება გამოსვლა, რატომ არ სარგებლობენ ახალგორელები სინაგურით?
_ ეს გზა ძალიან ძვირია. ახალგორიდან სინაგურამდე რომ მიაღწიო, 9 საათი უნდა იარო. წასვლა-წამოსვლა 300 ლარი ჯდება. იაფად წასვლა თუ გინდა, ავტოსტოპებით უნდა იარო, მაგრამ ამ გზაზე მანქანები ხშირად არ დადის. ვინც ამ გზით იმგზავრა ამბობს, რომ საშინელი გზაა. გზა ჰქვია, თორემ არანაირი გზა არაა. თუ ძალიან არ გიჭირს, ამ გზაზე გავლა არ უნდა გარისკო. ტყეზე ტრაქტორითაა გაჭრილი და ამას ეძახიან გზას.
_ ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ახმაჯის საგუშაგო გაიხსნა, ვითარება თუ გამოსწორდა? რამე შვება იგრძენით?
_ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. იგივე სურათი გვაქვს. ახალგორიდან გასულებმა რაღაც-რაღაცები შემოიტანეს. გზა რომ გახსნეს, ოსურმა მედიამ აჩვენა, თუ როგორ გადიოდა აქედან დატვირთული მანქანები. ამით იმის დემონსტრირება უნდოდათ, რომ თითქოს ახალგორში ქართველები ისე კარგად ცხოვრობენ, რომ აქედან მიაქვთ თბილისში რაღაც-რაღაცები. თბილისიდან არანაკლებ დატვირთული მანქანები შემოვიდა, მაგრამ ეს აღარ უჩვენებიათ. ახალგორელებმა აქედან, ძირითადად, კაკალი გაიტანეს. კაკლის კარგი მოსავალი იყო და უნდოდათ, რომ გაეყიდათ და ერთი-ორი კაპიკი ეშოვათ.
_ თქვენ თქვით, ოსებმა კადრები აჩვენეს, რომ ქართველებს ახალგორში არ უჭირთო და პირიქით, აქედან მიაქვთ პროდუქტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ოსებისგან ეს არ მიკვირს, მაგრამ ქართველების რეაქცია იყო მიუღებელი. თქვენ ერთხელ გედოთ შემწვარი კარტოფილის ფოტო და მთელი ლაშქარი შემოგივარდათ ფეისბუქზე, _ აკი ახალგორში შიმშილობენო.
_ ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ხაჭაპურის ფოტოც რომ დავდო, ამაზეც ილანძღებიან. რატომ გაუკვირდათ შემწვარი კარტოფილი, არ მესმის? აქ კარტოფილიც ჩვენი ხელით მოგვყავს, გოგრაც და კაკალიც. გვყავს საქონელი და გვაქვს რძეც და ყველიც. მე არ მიჭირს და საჭმელი მაქვს, მაგრამ მარტო ჩემით ხომ არ განისაზღვრება. უამრავ ადამიანს უჭირს. თან საქმე მარტო ჭამა ხომ არ არის. ჰუმანიტარული კატასტროფა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, დაკმაყოფილებულია თუ არა შენი შიმშილის გრძნობა. სამედიცინო დახმარებას რომ ვერ იღებ, ეს კატასტროფა არ არის?! ბიძაჩემს, მაგალითად, სიმსივნე აქვს, მაგრამ ქიმიის კურსის გასავლელად თბილისში არ გაუშვეს.
ჩვენს მეზობლად ახალგაზრდა გოგო ცხოვრობს, რომელიც დიდი ხანია, საშვს ელოდება, რომ იქნებ, სინაგურიდან მაინც გავიდეო. რამდენიმე თვის წინ, თბილისში ყოფნისას, ანალიზები ჩააბარა და უკვე ახალგორში იყო ჩარჩენილი, როცა ექიმმა დაურეკა და უთხრა, სიმსივნე გაქვსო. ეს გოგო ვერ ახერხებს ახალგორის დატოვებას, რომ იმკურნალოს. ჩვენს მეზობლად ასევე ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც 6 წლის შვილი ჰყავს. ბავშვი სუსტია _ ჭამს, მაგრამ ვერ იმატებს. დედ-მამას უნდა, რომ ბავშვი თბილისში წაიყვანოს ექიმთან, მაგრამ მათაც არ უშვებენ.
აქვე, დაბასთან ახლოს, სოფელში, ახალგაზრდა გოგომ სახლში გააჩინა ბავშვი, რადგან გინეკოლოგი არ გვყავს. მოგვიანებით, ეს მელოგინე ქალი ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად წაიყვანეს ცხინვალში, ამხელა გზა გაატარეს. ეს არ არის ჰუმანიტარული კატასტროფა, აბა, რა არის? ახლობლებს რომ ვერ ვნახულობთ თვეებია, ეს როგორია?! ამ დროს კარტოფილზე რომ გედავებიან, ძალიან სამწუხაროა.
ოსების გარდა ახალგორიდან გასულ დატვირთულ მანქანებზე ქართველებიც ბევრს საუბრობდნენ. ასე როგორ შეიძლება?! ერთ მანქანას მეც გადავუღე სურათი, სავსე იყო, მაგრამ ლოგინი და საოჯახო ნივთები მიჰქონდათ. აქაურობის დატოვება გადაწყვიტეს, სახლში რაც ღირებული ჰქონდათ, ყველაფერი თან წაიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგორში ხალხი დალხენილია? სირცხვილია ამაზე ყურადღების გამახვილება.
რაკი ასეთი რეზონანსული იყო ახალგორიდან გამოსული მანქანები, იმასაც განვმარტავ, თუ რატომ მოაქვს ხალხს მანდ კაკალი გასაყიდად: ახალგორში კვირაში ერთი დღეა ბაზარი. მყიდველი ფაქტობრივად, არ არის. ცხინვალიდან გადამყიდველები გადმოდიან და კაკალში კაპიკებს იხდიან. მაგ ფასად გაყიდვას ჯობია, გადაყარო ან ვინმეს აჩუქო.
იმათ ვისაც არ სჯერა, რომ ახალგორში ადამიანები შიმშილობენ, ერთი კაცის ისტორიას მოვუყვები: წყალობა დურგლიშვილი ახალგორის განაპირას ცხოვრობდა, საკაცით ჩამოიყვანეს, ისე იყო შიმშილისგან დაუძლურებული. ბევრს უნახავს, როგორ ურიგებდა ადგილობრივი გამგებელი მოხუცებს 200-200 რუბლს. არავის ეგონოს, რომ ეს დიდი თანხაა, სადღაც, რვა ლარია. გაჭირვებულები თუ არ არიან, რატომ ეხმარებოდა გამგებელი ფულით მოხუცებს?
_ რას იყიდიდნენ ამით?
_ ბევრს ვერაფერს, მაგრამ იმდენად უჭირთ, რომ ფულს აძლევენ ამ ადამიანებს. ოსურმა ტელევიზიამ საავადმყოფოზეც აჩვენა პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც თავიდან ბოლომდე დადგმული იყო. წამლები წინა დღეს სპეციალურად შემოიტანეს სიუჟეტისთვის. რეალობა კი სულ სხვანაირია. ოსური ტელევიზიები ახალგორის მაღაზიებშიც შევიდნენ და ნახეს, რომ იქ ყველაფერია. ესეც სათავისოდ გამოიყენეს, მაგრამ გამყიდველებმა უთხრეს, ბევრი პროდუქტი კი არაა, მყიდველი არ გვყავს და ეს ყველაფერი შეიძლება, გადასაყრელი გაგვიხდესო. როცა გზა ღია იყო, 5 ამდენი მიჰქონდათ დღეში და მაშინვე იყიდებოდა. მაშინ აქ ხალხი იყო, ახლა ხალხი აღარ არის.
რამდენიმე დღით გახსნილი საზღვარი 6 თებერვალს ჩაიკეტა, ახლა ჩვენ ისევ ბლოკადაში ვართ. ვისაც თავის შველა უნდოდა, აქედან წავიდა. ისედაც დაცლილი ახალგორი კიდევ უფრო დაიცალა. აქაურობას ქართველების გარდა ოსებიც ტოვებენ, სინიც ჩვენს დღეში არიან. ვერ ვიტყვი, რომ ახალგორში მცხოვრებ ქართველებთან შედარებით პრივილეგიებით სარგებლობენ.
_ ზემოთ საავადმყოფო და წამლები ახსენეთ. მაქაურობა კორონავირუსისთვის მაინც თუ არის მზად?
_ რომელ მზადყოფნაზეა საუბარი?! მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ცხინვალმა საგანგებო გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მილიციას ექნება მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი საუბრები.
_ რაზე?
_ კორონავირუსზე.
_ მილიაციამ რა იცის? მსოფლიოს წამყვანი მედიკოსები ბოლომდე ვერ არკვევენ, რასთან გვაქვს საქმე და ოსი მილიციონერები როგორ გაერკვნენ ასე უცბად სიტუაციაში?
_ აქ ასე გადაწყდა, რომ მილიაციამ უნდა ჩაატაროს ახსნა-განმარტებითი საუბრები. ძალიან გვაინტერესებს, სად მიიღეს სამედიცინო განათლება და სად გაიარეს კურსები კორონავირუსთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ჩაგვიტარონ ტერენინგები?! თან აქაურ მილიოციონერებს კარგად ვიცნობ და ისიც შესანიშნავად მომეხსენება, მათი საერთო განათლება როგორია. მათ შორის ბევრი ღირსეულია, მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებმაც ისიც კი არ იციან, პატაკის შევსებისას ხელი სად უნდა მოაწერონ. ასეთმა ადამიანებმა რა უნდა გვასწავლონ კორონავირუსზე?!
_ ახალგორში ჩაატარებენ მხოლოდ ახსნა-განმარტებით საუბრებს, თუ მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე?
_ მთლიანად უნდა ჩატარდეს ეს საუბრები. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ დღეებში დაიწყებენ ხალხთან შეხვედრას.
_ სულ ესაა სამზადისი?
_ ჯერ მეტი არაფერი ისმის. მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგები თუ გვყავს, ეგეც არ ვიცი. სანეპიდსაგური კი არის, მაგრამ იქ ვინც მუშაობს, იმან შეიძლება, პარაცეტამოლი ნოშპისგან ვერ გაარჩიოს. ოღონდ მართლა ვამბობ, არ ვხუმრობ.
გვეუბნებიან, ვირუსისგან თავის ასარიდებლად სამედიცინო ნიღბებია საჭიროო და ეს ნიღბები არც საავადმყოფოში ჰქონდათ. გვპირდებიან, რომ მოიტანენ.
_ აფთიაქი არ გაქვთ, იქ რომ იყიდოთ?
_ ძალიან პატარა აფთიაქია, სულ რაღაც, 3 კვ.მ. იქ ელემენტარული წამლები იყიდება.
_ ახალგორში კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა ხომ არ არის?
_ ასეთ დროს იმედიანად არავინ არის. იზოლაცია თითქოს კარგია, მაგრამ ვიღაცები მაინც ხომ ჩამოდიან ახალგორში. ვლადიკავკაზიდან შემოდიან. მთელ მსოფლიოს მოედო ვირუსი და რა ვიცი. არც კი მინდა წარმოდგენა რა მოხდება, თუ ეს ვირუსი აქ გამოჩნდება. სულ 30.000 კაცი ცხოვრობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და აქ ორი-სამი კაცის დაინფიცირებაც კატასტროფაა.
_ თემა შევცვალოთ, ხალხის ზედმეტად დაპანიკება არ გამოგვივიდეს. ახალგორში ქართული ენა იდევნებაო და ეს ამბავი მართალია?
_ ეს უკვე აშკარა და თვალში საცემია. არასდროს მითქვამს, ცხინვალის ხელისუფლება იმიტომ მებრძვის, რომ ქართველი ვარ. ჩემთან მათ სხვა რამის გამო აქვთ პრეტენზიები. სამოქალაქო აქტივისტი ვარ და ჩემი აქტიურობა არ მოსწონთ. ეთნიკური ნიშნით ქართველებს მართლა არ ავიწროებენ, მაგრამ ქართული სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ენა იდევნება. უკვე წლებია, ქართულად აღარ ასწავლიან. ქართულ წარწერებსაც ვეღარსად ნახავთ.
დაბაში ერთადერთი ქართულენოვანი ბანერი ეკიდა, რომელზედაც ქართულად და რუსულად ეწერა: „დაიცავი სისუფთავე“. ეს, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის დროს დაკიდეს. ძალიან სახალისო ბანერი იყო. ახალგორში ვინც ჩამოდიოდა, თითქმის ყველა ამ ბანერთან იღებდა სურათებს. უცხოელი ტურისტებსაც არაერთხელ გადაუღიათ იქ ფოტოები. რამდენიმე თვეა, ეს ბანერიც გაქრა. ქართულ ენაზე არავინ სწავლობს. აშკარად იდევნება ჩვენი ენა. არადა, აქაურ კონსტიტუციაში წერია, რომ იქ, სადაც ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ, ქართული სახელმწიფო ენასთან გათანაბრებულიაო. რეალობა სულ სხვაგვარია. ყველანაირი ქართული კვალის წაშლა უნდათ. წინა ხელისუფლებები ასე არ იქცეოდნენ. ამ მხრივ ბიბილოვმა გამოიდო თავი, ნაციონალისტად უნდა, რომ წარმოჩინდეს და ქართულ ენას ებრძვის.
_ რამ შეაძულა ამ კაცს ასე ქართველები? თბილისში სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში.
_ შეიძლება, არც სძულს ქართველები, მაგრამ ახლა ასე სჭირდება. საზღვრის ჩაკეტვაც მისი ახირებაა. ხომ ყველაფერ ქართულს ებრძვის, მაგრამ თავისი დეიდა თბილისში გააგზავნა სამკურნალოდ. თბილისში ჩაიტარეს მკურნალობის კურსი სხვა მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებმაც. და ეს მაშინ, როცა ახალგორელებს თბილიში სამკურნალოდ არ უშვებენ. სიმსივნით დაავადებული ადამიანებიც კი მძევლად ჰყავთ. მარტო ქართველებზე არაა საუბარი, ახალგორში მცხოვრებ ოსებსაც იგივე პრობლემები აქვთ.
აქ არის ერთი ძალიან კარგი ქართველი ქირურგი, რომელიც უნდათ, რომ სამსახურიდან გაუშვან, მაგრამ არა იმის გამო, რომ ქართველია. ნეპოტიზმია გამეფებული და მის ადგილზე თავიანთი ახლობლის დანიშვნა სურთ. მიზეზად ის მოუდეს, რომ მორიგეობის დროს სახლში მიდის და იქ იძინებსო. ვეუბნები, პაციენტი თუ არ ჰყავს, წავიდეს და დაიძინოს. ვინმეს თუ მიიყვანენ, უცბად მივა. თავს კიდევ იმიტომ იკავებენ, რომ კარგი ექიმია.
_ თქვენ მითხარით, რომ მარტში კიდევ იგეგმება გზის გახსნა. ისევ პენსიონერებს გაუხსნიან და ისევ რამდენიმე დღით, თუ სულ გახსნილი იქნება?
_ მხოლოდ რამდენიმე დღით გეგმავენ და ისევ პენსიონერებს მისცემენ ახალგორის დატოვების უფლებას. ასევე ავადმყოფებსაც, მაგრამ იცით, როგორ ავადმყოფებს? _ ვისაც დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. მათ იმიტომ გაუშვებენ, რომ მერე არ თქვან, ახალგორში ადამიანი იმიტომ მოკვდა, რომ სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინესო. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ჰუმანიტარული კატასტროფა. კიდევ გავიმეორებ, რომ ეს ჭამაზე არაა დამოკიდებული. პროვოკატორებს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ბევრს საჭმელიც აკლია. აქ რაღაცები ჩვენს ბოსტანში მოგვყავს, მაგრამ ყველაფერს შენ ვერ მოიყვან, ცოტა რამ მაღაზიაშიც უნდა იყიდო.
_ როგორც ამბობენ, ამ მხრივ რაღაც პრობლემები ცხინვალშიც იყო. პროდუქტების დეფიციტზე წერდა ოსური მედია.
_ ვითარება ბოლომდე არ გამოსწორებულა, ამ მიმართულებით ისევ სირთულეებია. ცხინვალში მედიკამენტებზეც არის პრობლემა.
_ ქართული წამლები სულ ამოიღეს აფთიაქებიდან?
_ კი და ამას ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
_ ვისგან მოჰყვა უკმაყოფილება?
_ თავად ოსებისგან. ისინი ამბობენ, რომ თურმანიძე და კოლხური შეუცვლელია. ესეც ბიბილოვის ახირებაა, თორემ ამ წამლების ამოღება სულ არ იყო საჭირო.

შორენა მარსაგიშვილი