ექსკლუზიური ინტერვიუ პროფესორ ზაზა ავალიანთან _ კორონავირუსზე მითებისა და პანიკის გარეშე!

კორონავირუსის სწრაფ გავრცელებასა და არეალის გაფართოებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მსოფლიოს მოსახლეობას პანდემიისთვის მზადებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, „ქრონიკა+“-სთან „ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის“ ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ავალიანმა განაცხადა, რომ პანდემიის ნიშნები უკვე სახეზეა.

ზაზა ავალიანი _ „ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის“ ცენტრის დირექტორი:
_ მე ეპიდემიოლოგი არ გახლავართ, მაგრამ, როგორც სპეციალისტმა, შემიძლია დავადასტურო, რომ საქმე გვაქვს პანდემიასთან. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განგაშის დონეს ზრდის და გარკვეული ტიპის აკრძალვები შემოაქვს.
ვირუსთან ბრძოლის არსი შემდეგია: პირველი არის პრევენცია ანუ დასნებოვნების ალბათობის თავიდან არიდება. ამაში იგულისხმება მოგზაურობისგან თავის შეკავება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილების შეზღუდვა, ჰიგიენის პირობების დაცვა, ხელებისა და სახის ხშირი დაბანა, რისკსაშიში ნივთების დეზინფექცია და დახურული სივრცის ხშირი აერაცია. არსებობს სხვა მეთოდოლოგიაც, რომელიც ითვალისწინებს იზოლაციას, ანუ გარემოს შეზღუდულ სივრცეში არსებობას, სადაც ვირუსის შემოჭრის საშიშროება ნაკლები იქნება.
_ დღეს რამდენი პირია მოთავსებული თქვენს ცენტრში?
_ 15 პირი მოთავსებულია თბილისში „ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის“ ეროვნულ ცენტრში და 26 კიდევ აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, რომელიც ჩვენ მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია გახლავთ.
_ ქართველები არიან თუ უცხოეთის მოქალაქეები?
_ აბასთუმანში მოთავსებული ყველა პირი საქართველოს მოქალაქეა, თბილისში მყოფი 15 პირიდან 14 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ერთი _ იტალიის. ყველა მათგანი მოდის რამდენიმე ლოკაციიდან _ ძირითადად, არიან იტალიიდან და ირანიდან ჩამოსული პირები.
_ ჩინეთიდან არავინ არის?
_ ერთი არის ჩინეთიდან დაბრუნებული ქართველი სტუდენტი გოგონა, რომელმაც თავად მოგვმართა. მან საჭიროდ მიიჩნია, რომ კარგი იქნებოდა, რომ გარკვეული პერიოდი კარანტინში მოთავსდეს, რათა დაიცვას როგორც გარშემომყოფები, ისე _ საკუთარი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონა ჩინეთის ეპიდსაშიშ პროვინციაში არ იყო ნამყოფი.
_ ყველას რომ ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობის ასეთი განცდა, მაშინ ეპიდემიების საშიშროებაც ნაკლები იქნებოდა.
_ ზუსტად. ძალიან მნიშვნელოვანი და მისაბაძია, როგორც ეს სტუდენტი მოიქცა.
_ თბილისსა და აბასთუმანში განთავსებული პირებიდან რომელიმეს დაუფიქსირდა კორონავირუსი?
_ არც ერთს. ზოგადად, როდესაც კლინიკური კვლევის შედეგად კორონავირუსი დასტურდება, შემდგომ პაციენტი ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იგზავნება.
_ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები სად ტარდება?
_ „ლუგარის ლაბორატორიაში“.
_ საუბარი იმის შესახებ, რომ კლინიკებს არასაკმარისი რესპირატორები აქვთ და ა. შ. რამდენად შეეფერება სიმართლეს?
_ ბუნებრივია, ის დეფიციტი, რაც არსებობს სამყაროში, ჩვენც შეგვეხო. დამცავი საშუალებების პრობლემა დღეს მთელ მსოფლიოშია. მაგალითად, სეულში კილომეტრიანი რიგები დგას, იტალიაში პირბადის ფასმა, თითქმის, 100 ევროს მიაღწია… გადაჭარბებული შეფასებებიც გვხვდება. ერთი რამე მინდა გითხრათ: არც ერთი სახელმწიფო ასე სრულად მზად არ არის იმისთვის, რომ შესატყვისი ბოქსირებული პალატების რაოდენობა, საკარანტინო ზონები ჰქონდეს მოწყობილი და ა. შ. არსებული სიმძლავრეები ნაკლებად აკმაყოფილებს საჭიროებას, მაგრამ გაგახსენებთ ერთ ფაქტს: პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს საგანმანათლებლო დაწესებულებებიც კი გადაკეთდა სამედიცინო დაწესებულებებად. მაგალითად, დიდი ვაჟა-ფშაველა უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ ლაზარეთში გარდაიცვალა. ასე რომ, კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის სრული რესურსი მობილიზდება, რადგან ასეთი ტიპის ვირუსები სწრაფი გავრცელებისა და გადადების უნარით გამოირჩევა და ძალიან საფრთხილოა, თან მრავალფაქტორიანია: კანზეც შეიძლება აღმოჩნდეს, ნივთებზეც… განსხვავებით იგივე ტუბერკულოზისგან, რომელიც გაცილებით მძიმე შედეგებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ასე სწრაფი გადადებისა და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
საინტერესო სტატისტიკას მოგიყვანთ: 2 თვეში კორონავირუსით 3000-მდე ლეტალური შემთხვევა დაფიქისირდა, ხოლო ტუბერკულოზთან მიმართებით სიკვდილიანობა 100 000-ზე მეტია.
_ ბატონო ზაზა, არც ერთ ქვეყანაში პაციენტები ტუბერკულოზის ცენტრში არ მოუთავსებიათ, საქართველოში კი ჯანდაცვის სამინისტრომ თქვენი ცენტრი აირჩია იმ ნიშნით, რომ ის სხვებზე მეტად მომზადებული აღმოჩნდა მსგავსი სიტუაციისთვის _ აღჭურვილი და დაკომპლექტებული ყველა იმ რესურსით, რაც პაციენტებს სჭირდებათ. ეს, უბრალოდ, საწყენია იმ ფონზე, როდესაც ჰოსპიტალურ სექტორში ამდენი ფული ჩაიყარა.
_ ჩვენს ცენტრს სათანადო სტრუქტურა აქვს, რომ იმ პირების იზოლირება შევძლოთ, ვისაც ეს ესაჭიროება. აქ არის უარყოფითი წნევის თემა, გამწოვი სისტემების არსებობა, შენობის ისე დაკომპლექტება (ამ შემთხვევაში სამედიცინო ინჟინერიას ვგულისხმობ), რომ ის ზონები არ გადაიკვეთოს, სადაც დაკვირვების ქვეშ მყოფი პირები განთავსდებიან. სწორედ ეს პირობებია „ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის“ იზოლირებულად მდგარ ფლიგელში, რომელიც 22 საწოლზე არის გათვლილი. იქ ძალიან კარგი პირობებია მართვის თვალსაზრისით _ არის შემდგომი კვლევის რესურსი, ციფრული რენტგენი იქნება თუ ულტრასონოგრაფიის აპარატი. ჩვენთან განთავსებულ პირებს კი არ ვმკურნალობთ, არამედ ვაკვირდებით სათანადო იზოლაციის პირობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან რომელიმე მათგანს ეს ვირუსი თუ გამოუვლინდება, მას სასწრაფოდ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობისთვის გადავათავსებთ. პაციენტებთან ერთად დაცული უნდა იყოს სამედიცინო პერსონალიც. აღნიშნულმა პარამეტრმა და პლუს იმან, რომ აქ ფილტვის დაავადებათა სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც კარანტინში მყოფ პირებზე სამედიცინო კუთხით იზრუნებენ და ისინი დიაგნოსტიკაშიც ჩაერთვებიან, ამიტომაც მიაღებინა ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი გადაწყვეტილება.
_ ვირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე საშიში პერიოდი რომელია?
_ ვირუსი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს წელიწადის ამ დროს, ასევე მეტეოროლოგიურ ზონასა თუ სივრცეში. ანტარქტიდის გარდა ის უკვე ყველგან გავრცელდა _ ფაქტობრივად, ყველა კონტინენტი მოიცვა. გეცოდინებათ, რომ ვირუსი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს აზიანებს, მაგრამ ასაკობრივად ყველაზე მოწყვლადი მაინც ხანდაზმულთა ჯგუფი ჰყავს არჩეული.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ამ ასაკობრივ ჭრილში ყველაზე ნაკლები იმუნური სტატუსია. დამტკიცებული ფაქტია, რომ ნებისმიერი ტიპის ანთებითი პროცესი ასაკობრივ ორგანიზმში უფრო სწრაფად ვითადება, უფრო დიდ გართულებებს იწვევს და უფრო ცუდი გამოსავლითაც მთავრდება, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის ორგანიზმებში. აქედან გამომდინარე, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ეს საფრთხეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვების მიმართ ნაკლები სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მათთან მიმართებითაც უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით _ მოვარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც ერთეული შემთხვევებია თუნდაც სხვა რესპირატორული დაავადებებისა. ასე და ამრიგად, დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის დღის წესრიგში დგას შეზღუდვები და ისინი, გვინდა თუ არ გვინდა, გასათვალისწინებელია.
კიდევ ერთ გარემოებაზე მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება: პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე ჩვენს სასუნთქ სისტემას უნდა მოვარიდოთ ყველა მავნე ფაქტორი. მაგალითად, ვინც მწეველია, სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს მოწევა. სამწუხაროდ, გული მწყდება, რომ ჩვენი თანამემამულეების ცნობიერება არ არის იმ დონეზე და სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი მოქალაქეები ძალიან აპროტესტებენ ამას, ჯიუტად ირწმუნებიან, რომ სიგარეტის გარეშე ვერ გაძლებენ, აუცილებლად უნდა მოწიონ და ა. შ.
_ ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს გულისხმობთ?
_ დიახ, დიდი ომის გადატანა მიწევს, რომ არ მოწიონ. კატეგორიულად ვუკრძალავ და ამას მერე მოჰყვება მთელი რიგი დავიდარება.
_ როდის უნდა ველოდოთ ვირუსის კლებას?
_ აპრილიდან ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი კლება იქნება. შეიძლება, მანამდეც.
_ ბატონო ზაზა, როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ კონკრეტულად კორონავირუსით არის დაავადებული?
_ სახლის პირობებში _ ვერანაირად! ეს ერთადერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით დგინდება. კორონავირუსს არ გააჩნია რაღაც გამორჩეული სიმპტომები, რომელიც მხოლოდ ამ ვირუსისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს იმ ფაქტით, რამდენად იყვნენ შემხებლობაში პირები კორონავირუსის გავრცელების არეალთან ან დაავადებულ პირთან.
_ რომელი ქვეყნებია, რომელთა მონახულებისგანაც თავი უნდა შევიკავოთ?
_ დღესდღეობით ეპიდსაშიში ზონებია: ჩინეთი, ირანი, ერაყი, სამხრეთ კორეა, იტალია… თუმცა ვირუსმა სხვა ქვეყნებშიც დაიწყო მოგზაურობა. ყოველ შემთხვევაში, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც კი გამოგვივლინდება შემდეგი ნიშნები: ზოგადი სისუსტე, სახსრებში მტვრევის შეგრძნება, სინუსიტი ანუ გამონადენი ცხვირის ღრუდან, თავის ტკივილი, ტემპერატურა _ მივმართოთ ექიმს.
_ ბოლო პერიოდში წამოვიდა ვერსიები, რომ კორონავირუსით ადამიანი შეიძლება, მეორედ დაინფიცირდეს, ანუ განკურნებული პირები შეიძლება, მეორედაც დასნებოვნდნენ და ამ დროს ისინი გადამდებსაშიშნი აღარ არიან?
_ ამის დადასტურებას ხანგრძლივი კვლევები სჭირდება, თუმცა არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ადამიანს კორონავირუსი მეორედ კი არ ეყრება, არამედ ეს ადრე შეყრილი და განუკურნებელი ვირუსია. აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ვირუსული გენეზისი, _ ინფექციას აქვს თავისი მიმდინარეობა, რომელიც დაკავშირებულია ვირუსის გამრავლების ციკლთან, მისი განვითარების ეტაპებთან და ა. შ.
_ რა პრეპარატების მიღება შეიძლება ამ დროს?
_ ის პრეპარატები, რასაც ჩვენ ვიღებდით, მაგალითად, ანთების დროს, ვგულისხმობ ანტიბიოტიკოთერაპიას _ უშედეგოა. ამ ეტაპზე ვაქცინის შესაქმნელად მუშაობენ. ეს შეიძლება იყოს უკვე გამზადებული ანტისხეულები, რომელთაც შეუძლიათ ატარონ ვირუსი და მოერიონ მას, გააძლიერონ ჩვენი იმუნური მდგრადობა ან შეიძლება იყოს თავად ვირუსის ტოქსინი… უამრავი ვერსია არსებობს ვაქცინის მომზადების თეორიებზე, ასევე არსებობს უამრავი საშუალება, რომლითაც შეგვიძლია დავბლოკოთ ვირუსის გამრავლება. გზები არსებობს და სამეცნიერო საზოგადოება იძიებს ამ გზებს. სოლიდური ფინანსებია მობილიზებული საერთაშორისო წრეებში, მთავრობებისა თუ კერძო პირების დონაციის დონეზე. სავარაუდოდ, ამ საქმეში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ამერიკა იქნება. იგივე ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი და ა. შ. ასე რომ, მსოფლიოს ქველმოქმედები და მეცენატები აქტიურად არიან ჩართული პანდემიის მართვისა და თავიდან აცილების პროცესში, ისევე როგორც მთავრობები, ქვეყნები და ჯანდაცვის სისტემები. რაც შეეხება ვაქცინის შექმნას, ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. სავარაუდოდ, ის ამ სეზონს ვერ მოუსწრებს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული საშუალება იქნება იმისთვის, რომ შემდგომი წლისთვის მედიცინას არსენალში ჰქონდეს კიდევ ერთი ეფექტიანი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ.

თამარ როსტიაშვილი