დრო, რომელსაც ქვეყანა კარგავს

ბევრ რამეზე შეიძლება კამათი, თუმცა უდავოა ერთი გარემოება _ დრო მიდის, თანაც ძალიან სწრაფად _ გუშინ მთელი ქვეყანა ეძებდა პლაჟებზე ხსნას გაუსაძლისი სიცხისგან, დღეს კი _ მომდევნო წელიწადში გადავედით. დრო იმაზე სწრაფად მირბის, ვიდრე ყველას ჩვენ წარმოგვიდგენია.

როდესაც ნოემბერში ივანიშვილმა საქართველო და მთელი მსოფლიო გაადაგდო, იყო შთაბეჭდილება, რომ მისი ამ მავნებლობის გამოსასწორებლად საკმარისი დროა.
როდესაც ნოემბერში ოპოზიციამ აქციები დაიწყო საარჩევნო რეფორმის მოთხოვნით, ასევე ყველაფერი ისე ჩანდა, რომ არჩევნები ძალიან შორსაა, ამიტომაც ყველაფერი მოესწრება.
თუმცა თვეები გავიდა, როგორ 1 დღე _ ამჟამად ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დგას. ხელისუფლებამ კეთილი ნება რომც გამოიჩინოს და ოპოზიციის შემოთავაზებაზე დასთანხმდეს, მის მისაღებად და კანონად დასამტკიცებლად შესაძლოა, საკმარისი დრო არ იყოს.
„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, დედლაინი ამოიწურა თებერვლის ბოლო დღეებში. შესაძლოა, ოპოზიციამ თარიღი გააპროტესტოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, აშკარაა, რომ იქნება ეს თებერვალი თუ აპრილი, მაგრამ დასასრული მაინც მოვა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში ჩატადება, დრო თითქმის არ დარჩა.
„ქართული ოცნება“, როგორც არასდროს, ისე ახლოსაა თავის გენერალურ ჩანაფიქრთან _ ესაა 2020 წელს არჩევნებში დიდი უმრავლესობის განაღდება მაჟორიტარების ხარჯზე. დიდი ალბათობით, 2024 წელს „ქოცებს“ მაინც მოუწევთ ნაქურდალის ჩაბარგება და გაქცევა, რადგანაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ეყოფათ მტკიცე საკონსტიტუციო უმრავლესობა პროპორციული არჩევნების საბოლოოდ ჩასაგდებად.
თუმცა ეს იქნება 2024 წელს, 4 წლის შემდეგ. „მეოცნებეთა“ ანალიტიკა ასეთ სიშორეზე არ მუშაობს _ მათი არსებობის საფუძველია ძველი ოლიგარქიული პრინციპი _ „ვიფიქროთ პრობლემებზე მათი გამოჩენისამებრ“.
2024 წლის არჩევნებზე იფიქრებენ 2023-ში, დღეს კი ივანიშვილის მთელი ძალ-ღონე, ფული, ინტრიგების ხლართვის წარმოუდგენელი უნარი _ ყველაფერი ეს კონცენტრირებულია ერთ მიზანზე _ 2020 წელს მაქსიმალური შედეგების მიღწევაზე.
საზოგადოებრივი განწყობები უწყობს ხელს „ქოცების“ გეგმების შესრულებას _ „ქართული ოცნება“ არ არის ურყევი რკინის კედელი, ის არის ჭაობი, რომელიც ყველაფერს ძირავს, რასაც მიეკარება.
ხელისუფლებისადმი სრული უნდობლობის მიუხედავად, ქვეყანა დეზორიენტირებული და სრულიად დაუძლურებულია, რაც „ქართული ოცნებისთვის“ იდეალურ სიტუაციას ქმნის. ხელისუფლება არ ისახავს მიზნად თავისი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდას _ შუშის კოლბაში კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია.
„ოცნების“ მთავარი მიზანია, მაქსიმალურად შეამციროს აქტიურობა არჩევნებზე. არაა აუცილებელი, ბევრმა მისცეს ხმა ხელისუფლებას, უმჯობესია, რაც შეიძლება ნაკლები მოვიდეს არჩევნებზე, ეს სრულიად საკმარისია.
ოპოზიცია კედელთან მიმწყვდეულია. მას არ ჰყოფნის დრო საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, არ ჰყოფნის მხარდაჭერა ქუჩაში, მით უმეტეს, არ გააჩნია არანაირი რესურსი რევოლუციის მოსახდენად _ იმის მიუხედავად, რომ რადიკალ-ნაციონალებს შორის სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები: „ბიძინა არ წავა მშვიდობით და უნდა გამოცხადდეს საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა“.
შეუძლებელია რევოლუციის მოხდენა იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ამა თუ იმ მიზეზით, მხარს უჭერს ხელისუფლებას.
2003 წლის ნოემბერი ვერ გამოდგება შედარებად _ ის უკვე წარსულია, 2003 წელი უკვე არასდროს განმეორდება და საქართველო არასდროს დაეცემა ისე დაბლა, როგორც 2003 წლისთვის.
დღეს ოპოზიცია საქართველოსთვის ტრადიციული არჩევანის წინაშე დგას _ რადიკალიზმსა და გონიერებას შორის.
ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოცდილება რადიკალიზმის გამარჯვების მხრივ _ 1989 წელს „ეროვნულმა კონგრესმა“ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და პრიორიტეტად არჩია სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველი „ჭეშმარიტი არაკომუნისტური არჩევნები“ და „საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა“.
საბოლოოდ, ამან ხელი შეუწყო 1991 წელს სამოქალაქო ომის გაღვივებას და ყველაზე მეტად სწორედ ამ მიმართულების ლიდერებმა წააგეს.
გავიხსენოთ ასევე შედარებით ახალი ეპოქა, როდესაც ოპოზიციამ უარყო სააკაშვილის კონკრეტული შეთავაზებები სასამართლოში, პროკურატურასა და სამინისტროებში საკვანძო პოსტების დაკავებასთან დაკავშირებით.
„რა დროს მინისტრების მოადგილეებია, ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა _ სააკაშვილის უპირობო გადადგომა“… საბოლოოდ, სააკაშვილი არ გადადგა, ხოლო იმდროინდელი ოპოზიცია უიმედოდ გამარგინალდა და დაკარგა ისიც, რისი მიღებაც შეეძლო.
დრო ძალიან ცოტაა. ცალსახაა, რომ ისევე, როგორც 2009 წლის ოპოზიციას არ ჰყოფნიდა სააკაშვილის გადაყენების ძალა, ასევე დღევანდელ ოპოზიციას არ ჰყოფნის საარჩევნო სისტემის შეცვლის რესურსი.
დღეს ოპოზიციას ორი არჩევანი დარჩა:

  1. გაჯიუტება და საკუთარი მოთხოვნების უცვლელად დაყენება, რაც, საბოლოო ჯამში, არსებული სისტემის სრულად შენარჩუნებას გამოიწვევს.
  2. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიღება. თითქოს, 100-50-ზე არაფერს ცვლის _ ეს აზრი არასწორია. ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ამ სისტემით პარლამენტში 23 მუქთახორით ნაკლები იქნება.
    ეს არაა მცირე ფაქტორი. სულ ცოტა, ეს იმის გარანტიაა, რომ „ქოცებს“ არ ექნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვინ იტყვის, რომ ეს უმნიშვნელოა?
    ქართველი ხალხი პასიურობს, საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ მიიჩნევს აპრიორი მიუღებლად არსებული სისტემის შენარჩუნებას.
    სასაცილოა ასევე იმის დაჯერება, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები მოახერხებენ მაჟორიტარებზე შეთანხებას _ საერთოდ არ უნდა იცოდე აქაური პოლიტიკური რეალობა, რომ დაიჯერო, თითქოს რომელიღაც ქართველი პოლიტიკოსი დათმობს საკუთარ უზარმაზარ ეგოს და შეძლებს ერთიანი სიის ჩამოყალიბებას _ ეს სრული უტოპიაა.
    ამ ვითარებაში ქვეყანა ისევ დგას ცუდი და უარესი არჩევანის წინაშე. ოპოზიცია უნდა მოიქცეს გონივრულად და ის შეთავაზება მიიღოს, რომელიც, ჯერჯერობით, არის, ანუ 100-50-ზე.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს ადრე იყო, წაგებული დარჩება ისევ ოპოზიცია და საზოგადოება.

თენგიზ აბლოთია