ემზადება თუ არა რევანშისთვის ირაკლი ღარიბაშვილი?!

go

გახსოვთ, ალბათ, „მაოხრებელი გზირი“ სულხან-საბადან? ერთმა გზირმა, ანუ სოფლის მამასახლისმა, სოფელს დედა უტირა. მერე, სიკვდილის წინ, ადგილობრივ მცხოვრებლებს სთხოვა, მაინც არ გიყვარდით და რომ მოვკვდები, სადმე ხეზე ჩამომკიდეთო. ესენიც გაბრიყვდნენ და მართლა ჩამოკიდეს. ხმა გავარდა, სოფელში გზირი ჩამოუხრჩვიათო. მოვიდა მაშინდელი მთავრობის ხალხი და იმ სოფელს სულ ბდღვირი ადინა. სოფლელები აგინებდნენ და წყევლიდნენ გზირს, – ცოცხალმა აგვიკლო და მკვდარმა სულ აგვაოხრაო… აქედან მორალი: მკვდარი უნდა დაიმარხოს.

„მკვლელო! ჯალათო! პუტინის მონავ! ღარიბაშვილო, შენი დედა!.. ჩამოვალთ საქართველოში და დედას მო…თ! ყველა ციხეში, თქვენი დედა!..“ – ასე სტუმართმოყვრულად დახვდნენ ნიუ-იორკში ჩასულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს იქაური ემიგრანტი ქართველები. ეს ინციდენტი იმ დროს მოხდა, ირაკლი ღარიბაშვილის ესკორტი სასტუმრო „მანდარინ ორიენტალთან“ რომ გამოჩნდა. ემიგრანტებმა იქ ისეთი გინების კორიანტელი დააყენეს, მტრისას. რა ენაღვლებოდათ, შერცხვებოდათ თუ რა?!

ამერიკელები გინებას და ქართულ შეძახილებს ვერ გაიგებდნენ, ღარიბაშვილზე და მის მხლებლებზე კი ისედაც იყო განკუთვნილი ეს გინება. მოკლედ, ემიგრანტებმა საკუთარი „ვაჟკაცობა“ დაუმტკიცეს მსოფლიოს. მეორე მხრივ კი  ამაზეა ნათქვამი, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო, – ასე იცის დაუსრულებელმა კოჰაბიტაციამ და უფსკრულში გადაჩეხილი „ნაციონალებისთვის“ პარაშუტის მიშველებამ, – ეგებ კისერი არ მოიტეხონ და მიწაზე ნარნარად დაეშვანო.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, „ნაციონალები“ რა შუაშიაო? მაგრამ აქვე ვეტყვით, რომ თუ თქვენ ფიქრობთ, ემიგრანტები იქ თავისი სურვილით მივიდნენ და ასევე თავისი სურვილით აგინეს პრემიერ-მინისტრს, ძალიან მიამიტური შეხედულებები გქონიათ პოლიტიკაზე. თუმცა მაინც დავკონკრეტდები: ლექსიკას დააკვირდით, კერძოდ კი ერთ ლოზუნგს: ყველანი ციხეში!!! – ეს ხომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი საძმოს საყვარელი ტერმინია? ხშირად იმეორებენ, რადგან ვერ ელევიან ძველ ჩვევებს და იმ დროზე ოცნებობენ, როცა იმათაც ციხეში გაუშვებენ, ადრე რომ ვერ მოასწრეს. აი, ამიტომ გავიხსენე წეღან სულხან-საბა ორბელიანის იგავი „მაოხრებელი მკვდარი“. ირაკლი ღარიბაშვილის დამცველად არ გამოვდგები და არც ახლა ამოვიღებდი ხმას, ერთი გარემოება რომ არა: საქმე ის არის, რომ იქ, ნიუ-იორკში, მარტო ღარიბაშვილს კი არა, მთლიანად საქართველოს აგინეს და ყველა ქართველს დაემუქრნენ, ვინც სააკაშვილის მონა, ნაძირალა და არაკაცი არ არის. განვმეორდები და ვიტყვი, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ის მოიმკო, რაც დათესა. რაც ნიუ-იორკში მოხდა, მხოლოდ მას არ ეხება, ამ ქმედებით მთელ საქართველოს მიაყენეს შეურაცხყოფა და ჩირქი მოსცხეს საერთაშორისო მასშტაბით.

ისე, არ ღირს ინციდენტის დეტალებში ჩაღრმავება, მაგრამ საინტერესოა, საიდან მოიტანეს ემიგრანტებმა ტერმინი: „მკვლელი მთავრობა“? ან ღარიბაშვილი – „პუტინის მონა“? ეს ხომ იმავე სცენარის ნაწილია, საქართველოში სირიელი მეამბოხეები რომ გადიან სამხედრო მომზადებას? რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე, რაც იმ ინციდენტში მონაწილე ემიგრანტებსა და მის შემკვეთებს ფეხებზე ჰკიდიათ? ისიც საინტერესოა, იყვნენ კი საერთოდ ემიგრანტები? თუ „ნაციონალებმა“ გადააფრინეს თავიანთი მომხრეები სწრაფი წესით, რომ მსგავსი ბინძური აქცია მოეწყოთ? ეს ლეგიტიმური კითხვაა. არ იკადრებდნენ „ნაციონალები“, თუ სინდის-ნამუსი არ მისცემდათ ნებას? ან როდის იყო, ოკეანეზე რომ არაფერი ვთქვა, ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქით სამუშაოდ გადახვეწილი კაცი მიტინგებს უწყობდა და უშვერი სიტყვებით ამკობდა თავისი ქვეყნის ხელისუფალს? ასე არ ხდება. ერთი სიტყვით, რაც ნიუ-იორკში მოხდა, იმ სპექტაკლის ნაწილია, რომლის რეჟისორიც „ნაციონალური მაესტრო“ – მიხეილ სააკაშვილია.

არადა, ბედის ირონიაა: თვითონვე შეუნარჩუნეს არსებობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა მათგან იმ ბრალდების მოსმენა უწევთ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ასე რომ არ იყოს, ვინ ამოიღებდა ხმას? ობიექტურად საკრიტიკო და წამოსაძახებელი თუ აქვს ამ ხელისუფლებას, ჩვენ, აბა, რას ვაკეთებთ? მაგრამ რასაც „ნაციონალები“ სჩადიან, ეს უკვე უნამუსობაა. აბსოლუტურად გაუგებარია ბრალდება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება „პუტინის მონაა“, რომელსაც ამ დრომდე ვერავინ ასაბუთებს. არგუმენტებში მოიკოჭლებენ. უფრო ზუსტად, არ არსებობს არანაირი ასეთი არგუმენტი. პირიქით, დასავლეთის სამყაროსთან საქართველოს დაახლოების რამდენიმე ძირითადი და საკვანძო აქტი განხორციელდა არა სააკაშვილის, არამედ ამ ხელისუფლების პირობებში. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და ამერიკის მიერ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ აღიარება ამის ბრწყინვალე ნიმუშია.

ახლა „ნაციონალების“ ბრალდებას დავუბრუნდეთ… ვაშინგტონმა მთელი თავისი სპეცსამსახურებით ვერ გაიგო, რომ თბილისი პუტინის თამაშს თამაშობს და ეს საიდუმლო მხოლოდ „ნაციონალებისა“ და მისი მხარდამჭერი ემიგრანტებისთვის არის ცნობილი.? ეს ხომ უაზრობაა, რაც მხოლოდ ერთ მიზანს – საქართველოს დისკრედიტაციას ემსახურება. ეტყობა, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ჩემს მერე საქართველოში ქვა ქვაზეც დადუღებულაო და სისრულეში მოჰყავს თავისი გადაწყვეტილება, ანუ, კლასიკური გაგებით, „მაოხრებელი მკვდარივით“ იქცევა და ექცევა ქვეყანას. ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ახლაც არ არის ძალიან გვიანი შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად. ბოროტებასთან არც შერიგება და, მით უფრო, გარიგება არ შეიძლება. ბოროტებას უნდა ებრძოლო. ამ ბრძოლაში კი ან თავი უნდა შეაკლა, ან გაიმარჯვო. სხვა გზა არ არსებობს. ამ დასკვნების გამოტანის შანსი აქვს დღეს ირაკლი ღარიბაშვილს.

რამდენად შეძლებს ადეკვატური ზომების მიღებას, არც ეს არის ძნელი დასანახი. მმართველობის ყველა სტრუქტურა სავსეა „ოცნებაში“ დეპორტირებული „ნაციონალებით“, რომლებიც არც მალავენ თავიანთ ნოსტალგიას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ. სამაგიეროდ, დღემდე დაუსაქმებელია ის ხალხი, რომელიც არაფერს უშინდებოდა და ქუჩაში გამოდიოდა ყოფილი მმართველების წინააღმდეგ. ისინი ისევ ქუჩაში დარჩნენ. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფრის ბრალია, რაც ნიუ-იორკში მოხდა. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და „ნაციონალები“ ყველა რგოლიდან მოიშოროს თავიდან. ეს მათი პირადი საქმე აღარ არის, რადგან მთელი ქვეყნის არსებობაზეა საუბარი და რაც აუცილებლად გასაკეთებელია.

ისე, ძალიან საინტერესოა, ღარიბაშვილის ნაცვლად ამერიკაში მარგველაშვილი რომ ჩასულიყო, მასაც აგინებდნენ ემიგრანტები?  ამ კითხვაზე პასუხს თუ ვივარაუდებთ, თორემ, ცხადია, ვერასოდეს გავცემთ. შეიძლება არც ეგინებინათ, რადგან დღეს კარტები სხვანაირადაა გადანაწილებული. რაც ამერიკაში მოხდა, რაღაც საერთო გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია და როგორც ჩანს, მარტო ღარიბაშვილ-ივანიშვილზეა გართულება. თუმცა ნათქვამია: მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო. ასეთი ქმედებებით მთელი ქვეყანა ზარალდება და, როგორც ჩანს, კიდევ უფრო უარესს წინ უნდა ველოდოთ.

სხვათა შორის, ამ ხალხმა – ჩვენს მოქმედ ხელისუფლებას ვგულისხმობ, ვეღარ გაიგო, რომ XXI საუკუნეა და ამ საუკუნეში პიარტექნოლოგიები ბევრ რამეს წყვეტს… რა პრობლემა იყო ნიუ-იორკში მხარდამჭერი ემიგრანტების გამონახვა და მისასალმებელი ტრანსფარანტებით დახვედრის ორგანიზება? რაც მართალია, მართალია – სააკაშვილი იყო ამ საქმეში მაგარი! რომ ჩადიოდა, ადგილობრივ ქართულ დიასპორასთან საკმაო დროს ატარებდა. ცხადია, ის ხალხი იგულისხმება, თავის დროზე რომ „ნაციონალებმა“ გაუშვეს სასწავლებლად, თუ სხვა მიზნით. ამ ხალხს თბილისიდან აფინანსებდნენ კიდეც და შედეგიც ჰქონდათ: გინახავთ როდესმე, ამერიკაში ჩასული მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ეგინებინოთ? ასე იცის სწორად დაგეგმილმა პიარმა. ესენი კი ამ საუკუნეში, ეტყობა, ან ვერ არიან, ან პიარზე არაფერი სმენიათ. კი გაიძახიან ოცნების თავკაცები, „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრა, მოკვდა, აღარ არსებობსო, მაგრამ მკვდარს დამარხვა რომ უნდა, ეტყობა, არც ამაზე არაფერი სმენიათ. ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი კი ის არის, ღარიბაშვილი „აბაროტს“ აუღებს „ნაცებს“, თუ შეურაცხყოფას დიპლომატიურად ჩაყლაპავს? ესეც სულ მალე გაირკვევა.

ბოლოს კი 21 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, რამაც აფხაზეთის დაკარგვა დე ფაქტო რეალობად აქცია. მაშინ, როცა აფხაზეთი ქართველებისგან იცლებოდა, ალბათ, არავინ ფიქრობდა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ასე დიდხანს გაიწელებოდა დროში და 21 წლის შემდეგაც მოუგვარებელი იქნებოდა. სამწუხარო ის არის, რომ დღესაც კი არ ჩანს ამ საკითხის გადაჭრის არანაირი ნიშანწყალი. მეტიც, აფხაზეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისა და ხელისუფლებაში მოსული ღრმად რუსოფილი რაულ ხაჯიმბას პირობებში კიდევ უფრო ვშორდებით აფხაზეთს. ხაჯიმბას ადმინისტრაცია დღეს უკვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზეთის რუსეთთან ასოცირებისა და მიერთების თაობაზე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, 21 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ შევქმენით ისეთი, რომელიც ჩვენ შორის არსებულ უფსკრულს შეამცირებდა და პირიქით არ გააღრმავებდა. კაცმა რომ თქვას, ამ საქმეში საკუთარი თავის დადანაშაულება არც მთლად მართებული იქნება. პატარა საქართველო ვერაფერს გააწყობს უზარმაზარ გველაშაპთან – რუსეთთან, რომლის არსებობის ერთადერთი მიზანი სხვისი ტერიტორიების დაპყრობა და მოსახლეობის დამონებაა. თუმცა დღეს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა, შეიძლება სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანოს მოვლენები. ეს კი შანსს იძლევა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს.

საქმე ის არის, რომ ბევრი ცნობილი პოლიტოლოგის თუ ექსპერტის აზრით პუტინმა წინასწარ წასაგებად განწირული თამაში წამოიწყო უკრაინაში. სწორედ უკრაინაში წყდება დღეს მომავალი 50 წლის განმავლობაში ევროპის პოლიტიკური რუკის ბედი და ეს რუკა ისეთივე იქნება, რა შედეგითაც უკრაინის კონფლიქტი დასრულდება. პრინციპში, უკრაინა ძალების მოსინჯვის საშუალებაა როგორც რუსეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის. უკრაინაში დამარცხება ორივე მხარისთვის ნიშნავს საკუთარ ამბიციებზე უარის თქმას. ამბიციები კი ერთსაც მრავლად აქვს და მეორესაც. იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინაში გამარჯვებას რუსეთი იზეიმებს, ამის შემდეგ იგი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს მიაპყრობს მშიერ მზერას. დამარცხების შემთხვევაში კი უკან დახევა და საკუთარი ფედერაციის საზღვრებში არსებობით დაკმაყოფილება მოუწევს. რაც, როგორც წინასწარმეტყველებენ,  გარდაუვლად მოხდება! რუსეთს დღეს არ აქვს ის ძალა და პოტენციალი, რითაც დასავლეთის დაჩოქებას შეძლებდა, მარტო ამბიციების არსებობა კი ამისთვის საკმარისი არ არის. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში დღეს რადიკალურად იცვლება დამოკიდებულება პრეზიდენტ პუტინის მიმართ. სულ ცოტა ხნის წინათ პუტინს იოსებ სტალინს ადარებდნენ და „რუსეთის მიწების შემკრებს“ ეძახდნენ. დღეს უკვე ამბობენ, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი თავისი ქმედებებით ნიკიტა ხრუშჩოვს უფრო წააგავს, ვიდრე დიდ გენერალისიმუს იოსებ სტალინს. ბევრს გაუგონია ისტორია, ტრიბუნაზე საკუთარი ფეხსაცმელი რომ აბრახუნა ხრუშჩოვმა და მთელ მსოფლიოს ატომური ბომბებით დაემუქრა. დაახლოებით ასე იქცევა პუტინიც. მართალია, ფეხსაცმლის ქნევამდე საქმე ჯერ არ მისულა, მაგრამ რამდენჯერმე უკვე პუტინიც დაიმუქრა ატომური იარაღის გამოყენებით. პოლიტოლოგებმა აკი ამ მუქარაში განწირული კაცი ამოიკითხეს, რომელსაც სხვა აღარაფერი დარჩენია, მათ შორის, ევროპისთვის გაზის გადაკეტვის მუქარაც კი აღარ ჭრის და მხოლოდ ბირთვული ომითღა იმუქრება. მომდევნო ერთ წელიწადში კრემლში სახელისუფლებო ცვლილებებსაც კი ელიან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთს ომს გამოუცხადებენ და მისი დაშლის გეგმას ბოლომდე მიიყვანენ. სინამდვილეში ასეთი გეგმა არც კი არსებობს, რადგან დღეს არავის აწყობს რუსეთის დაშლა. უბრალოდ, საუბარია კრემლის სახელისუფლებო ცვლილებებზე და რუსეთის იმ საზღვრებში არსებობაზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია. ამ დროისთვის ეს არის ერთადერთი რეალური გზა, რამაც შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყოს ხელი და ეს საკითხი კიდევ ერთი 21 წლით არ დაკონსერვდეს.

 

                                                                                                       დავით დევიძე