პომიდვრები და სახელმწიფოებრივი ღირსება

ბოლო კვირების მანძილზე მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია სირიაში მიმდინარე მოვლენებისადმი _ იქ სამთავრობო ჯარი რუსეთის გადამწყვეტი მხარდაჭერით უტევს ოპოზიციის ბოლო ბასტიონს _ პროვინცია იდლიბს, სადაც ამჟამად 3,5 მლნ. ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, დიდი ნაწილი იქ ჩასულია ქვეყნის სხვა რეგიონებიდან, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან.

ერთი შეხედვით, ეს არაფერ კავშირში არაა საქართველოსთან, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში იდლიბის დრამა რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.
სწორედ სირიის ამ პროვინციაში ვხედავთ ჩვენ, რით პასუხობს რუსეთი სისუსტეს, უპრინციპობასა და ნებისმიერ ფასად „ურთიერთობების დალაგების“ სურვილს.
იდლიბში ვხედავთ, როგორ ექცევა რუსეთი ძლიერ ქვეყანას _ თურქეთს, რომელმაც სისუსტე გამოიჩინა. ერთი წამით წარმოიდგინეთ რუსეთის თავხედობა სხვა, უფრო მცირერიცხოვანი ქვეყნების მიმართ.
როდესაც ადამიანები საუბრობენ დიდ პოლიტიკაზე, ამა თუ იმ ქმედებების არგუმენტებად, ძირითადად, იყენებენ მაღალფარდოვან ფაქტორებს: გეოპოლიტიკურ ინტერესებს, სამხედრო ბაზებს, ნავთობს, გაზსა და ა. შ.
ხშირად ამ დროს სრულიად უგულებელყოფილია პიროვნული ფაქტორები, იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში ზოგჯერ სწორედ ადამიანური განზომილება არის გადამწყვეტი. მით უმეტეს, როდესაც საუბარია რუსეთზე _ ის ხშირად იქცევა თავისი ინტერესების საპირისპიროდ და მზადაა, დიდი ფული დახარჯოს გაურკვეველი „რუსული სამყაროს“, „გავლენის სფეროს ზრდის“, „სულიერი მისიისა“ და სხვა აბსტრაქციების გამო.
რუსეთის იმპერია იყო ერთადერთი იმპერია მსოფლიოში, რომელიც არ გამდიდრებულა კოლონიების ხარჯზე _ პირიქით, ის მეტს ხარჯავდა თავის ვასალებზე, ვიდრე მათგან იღებდა. მართლია, ფულის ხარჯვის აწყობილი და გამჭვირვალე სისტემის არარსებობის გამო ეს უზარმაზარი სახსრები, ძირითადად, წყალში ჩაიყარა, თუმცა ეს ეხება მართვის ეფექტიანობას, ჩვენ კი ვსაუბრობთ მოტივაციაზე.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ დღევანდელ დღეზეც. რას აკეთებს სირიაში თურქეთი? მას იქ კონკრეტული ინტერესები აქვს _ ეს არის მეზობელი ქვეყანა, იქ ცხოვრობს ბევრი ქურთი, რაც თავისთავად პრობლემურია თურქეთისთვის, დაბოლოს _ იდლიბის 3,5 მლნ. მოსახლეობა, რომელიც რეგიონის დაცემის შემთხვევაში სწორედ თურქეთში გადაიხვეწება.
დღეს ანკარა 3,5 მლნ. სირიელ ლტოლვილს არჩენს, კიდევ 3,5 მლნ.-ს დამატება უმძიმესი დარტყმა იქნება კრიზისში მყოფი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
შესაბამისად, თურქეთს სირიაში ყოფნის ათასი ურყევი მიზეზი აქვს.
რისთვისაა სირიაში რუსეთი? რა შეიცვლება რიგითი რუსი ადამიანის ცხოვრებაში იმისგან, რომ დამასკო კონტროლს აღადგენს აჯანყებულ პროვინციაზე ან პირიქით, ვერ აღადგენს?
პასუხი ნათელია _ არაფერი, შესაძლოა, მოსახლეობის 90%-მა ვერც კი გაიგოს, რა მოხდა.
რუსეთის სირიაში ყოფნა განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზეზით და ეს არის სწორედ ადამიანური ფაქტორი: სირიაში მოსკოვი ომობს თავის დასამკვიდრებლად, საკუთარი თავით კმაყოფილების ზრდისა და იმპერიული ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად. სხვა არავითარი პრაგმატული მიზნები მას არ გააჩნია.
იდლიბში ვხედავთ სახელმწიფო ინტერესებისა და პირადი ამბიციების შეჯახებას. და იმასაც, რომ რუსეთისადმი ვაჭრული, „გაცვლა-გამოცვლაზე“ ორიენტირებული მიდგომა არ მუშაობს.
2015 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ერთადერთი ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა თავის პოლიტიკურ კარიერაში _ გასცა რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება. მას ამის სრული უფლება ჰქონდა, მეტიც, ის ვალდებული იყო, პასუხი გაეცა იმ ფაქტზე, რომ რუსული ავიაცია დაუნდობლად ბომბავდა მის მოკავშირეებს _ სირიის ჩრდილოეთით მცხოვრებ თურქომანებს.
მაშინ პუტინმა ვერ გაბედა სამხედრო პასუხის გაცემა, რადგანაც თურქული მხარის გაბრაზება და გართულებებისთვის მათი სრული მზადყოფნა დაინახა. მან ერდოღანში ძლიერი ლიდერი დაინახა და უკან დაიხია.
მაგრამ, სამწუხაროდ, ერდოღანი არაა მეომარი _ ის ვაჭარია. რუსეთმა თურქეთს სანქციები დაუწესა, დახურა ტურიზმი, გააუქმა ავიარეისები, ჩაკეტა ბოსტნეულის ექსპორტის ბაზარი.
თურქულმა მხარემ ვერ გაუძლო ამ ზეწოლას და ერდოღანმა უკადრებელი, სამარცხვინო საქციელი იკადრა, ისეთი, სადამდეც სალომე ზურაბიშვილიც კი არ დაცემულა _ 80-მილიონიანი უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში რუსეთს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის.
თითქოს ეს არ იყო საკმარისი და მისი ბრძანებით დააპატიმრეს პილოტი, რომელმაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო _ ძნელი წარმოსადგენია ამაზე სამარცხვინო და ამაზრზენი ნაბიჯი მთავარსარდლისგან.
ერდოღანი არ იცნობს რუსებს და არ იცის მათი მენტალიტეტი. ის ვერ მიხვდა, რომ ამ დღიდან მან დაკარგა ის, რაც მთავარია რუსეთთან ურთიერთობების დროს _ ძლიერი ლიდერის რეპუტაცია. მან სისუსტე გამოიჩინა, ის დანებდა _ სწორედ ასე გაიგეს მისი ბოდიში კრემლში.
რუსული პოლიტიკა ძალიან ბევრ რამეს პატიობს: ტყუილს, ღალატს, ფარისევლობას, კორუფციას, _ ოღონდ არა სისუსტეს.
რა არ გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რუსი კოლეგას გულის მოსაგებად _ გადაემტერა დასავლეთს, ლამის გააგდო ქვეყნიდან ამერიკული ბაზა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნატოს ერთიანობა, უარი თქვა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობაზე და უპირატესობა მიანიჭა რუსული იარაღის ყიდვას.
მოკლედ, ფიანდაზად დაეფინა ქოცებზე მეტად და საბოლოოდ, რა მიიღო? _ 3,5 მლნ. ლტოლვილის შემატების ნათელი პერსპექტივა.
ერდოღანი დღესაც ვერ ხვდება, სად არის მთავარი პრობლემა _ იქ, რომ მას ეშინია რუსეთთან კონფლიქტის და ამას კარგად ხედავს პუტინი?
თურქეთის პრეზიდენტი სასაცილოდ გამოიყურება _ ის იმუქრება, რომ სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ არაფერს აკეთებს. მას იდლიბში ჯარები შეჰყავს, თუმცა სირიის სამთავრობო ძალები საერთოდ არ იმჩნევენ არაფერს და შეტევა მიდის დაჩქარებული ტემპებით.
ის უძლურია და დამცირებული _ როდესაც პოლიტიკოსი იმუქრება, მაგრამ მუქარას არ აღასრულებს _ მისი სიტყვის ფასი ნულია.
თურქული მხარე საგინებელ სიტყვებსა და მუქარებს არ იშურებს დამასკოს რეჟიმისადმი ისე, თითქოს არ იცის, რომ სირიის ხელისუფლება არაფერს წყვეტს და, რეალურად, 3,5 მლნ. ლტოლვილს თურქეთისკენ უბიძგებს მისი „ძმა და მეგობარი“ პუტინი.
ერდოღანი ყოველდღიურად სულ უფრო აშკარად ავლენს თავის უუნარობას, ხოლო პუტინი _ გაათმაგებული ძალებით უტევს იდლიბს.
კრემლის ფასეულობათა სისტემაში ერდოღანი „დაჩმორდა“. ის არის მშიშარა, რომელიც იმასაც კი ვერ ბედავს, რომ ღიად თქვას, _ ვინაა მისი რეალური მტერი.
რა თქმა უნდა, არავის სურს რუსეთ-თურქეთის ომი და ის არც იქნებოდა _ საკმარისია, ანკარამ მოსკოვს დაანახოს, რომ მზადაა ყველაფრისთვის, შეტევა იდლიბზე იმწამსვე შეწყდება.
თუმცა ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მეომარს. ვაჭრუკანა ამას ვერ გაბედავს. შესაბამისად, თურქეთმა უკვე დღეს უნდა იფიქროს ახალი 3,5 მლნ. ლტოლვილის მიღებაზე.
ჩვენთვის კი, ვინც რუსეთთან სამეზობლოში ვცხოვრობთ, ეს დრამა კარგი გაკვეთილია _ არასდროს დანებდეთ და არ დაკარგოთ ღირსება პომიდვრებისა და ტურისტების გამო.

თენგიზ აბლოთია