თბილისის „მოპარული“ ბიზნესგეგმა _ თაღლითობის სქემა, რომელსაც პროკურატურა და შსს ერთად იძიებს

2018 წლის 16 ოქტომბერს თბილისის მერიასა და შპს „ი-კორპს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ობიექტი გახლდათ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში არსებული ბიზნეს რეგისტრაციის მონაცემთა ბაზის შედგენა. აქვე დავძენთ, რომ საბაზისო მონაცემთა ბაზას წარმოადგენდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“, დაახლოებით, 25 000-აბონენტიანი მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზეც ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით უნდა მომხდარიყო ინფორმაციის შევსება.

ვინაიდან, შპს „ი-კორპს“ არ გააჩნდა აღნიშნული ტენდერის პირობების შესრულების არც ადამიანური რესურსი და არც აპარატურა (ყოველ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორების განცხადებით), მან ტენდერის პირობების სრულყოფილად შესასრულებლად ხელშეკრულება, ე. წ. ქვეკონტრაქტი გაუფორმა შპს „კირკიტაძე და კომპანიას“. ამ უკანასკნელით მხარეებს შორის დეტალურად განისაზღვრა, რა სახის სამუშაოები რომელ ტერიტორიულ ერთეულებში უნდა შეესრულებინა შემსრულებელს, ანუ შპს „კირკიტაძე და კომპანიას“. კერძოდ, შემსრულებელს 25 000 ერთეულზე მეტი ობიექტი ადგილზე უნდა გადაემოწმებინა, დაეხასიათებინა და GIS-ის ბაზაზე დაეტანა, ხოლო დამკვეთს ანუ „ი-კორპს“ ყოველივე ამისთვის უნდა გადაეხადა 75 000 ლარი, მხარეთა მიერ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 სამუშოა დღისა.

როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს შპს „კირკიტაძე და კომპანიის“ დირექტორი, როსტომ კირკიტაძე უყვება:
_ საქმე, რომელსაც დასასრული არ უჩანს, შემდეგნაირად იწყება: 2019 წლის სექტემბერში ჩვენს კომპანიასთან მოლაპარაკებებში შემოვიდა ვინმე ნიკოლოზ საგანელიძე, რომელიც აღმოჩნდა ფირმა „ი-კორპის“ ხელმძღვანელი. მან შემოგვთავაზა თანამშრომლობა, ვინაიდან მას მოგებული ჰქონდა ტენდერი და აღებული ვალდებულებების შესრულებას თავად ვერ შეძლებდა. ანუ მას არც მომსახურე პერსონალი ჰყავდა, არავითარი რესურსი და ტექნიკა არ გააჩნდა, დღემდე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, საერთოდ როგორ აძლევენ უფლებას ასეთ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში?!
_ კი მაგრამ, მერიის ტენდერი როგორ მოიგო?
_ როგორ და რატომ იგებს ასეთი კომპანია მერიის ტენდერებს, ეს კითხვა თავად მერიას დაუსვით. ისედაც ამ საქმეს უკვე პროკურატურა იძიებს.
_ კარგით, გავაგრძელოთ…
_ ნიკოლოზ საგანელიძემ ტენდერში გამარჯვების შემდეგ მერიასთან დადებული ხელშეკრულება გამაცნო. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ფირმა „ი-კორპსა“ და ჩემს კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ასე და ამრიგად, „კირკიტაძე და კომპანია“ გამოვედით ქვეკონტრაქტორები, რომელსაც საფუძვლად დაედო მერიის ძირთადი კონტრაქტი.
_ იგივე ტექსტი გადმოვიდა, რაც მერიასა და „ი-კორპს“ შორის იყო გაფორმებული?
_ ფაქტობრივად, იგივე. ჩვენს კომპანიას უნდა შეესრულებინა ის, რასაც მერია სთხოვდა „ი-კორპს“. ქვეკონტრაქტი განისაზღვრა 75 ათასი ლარით, რომლის ფარგლებშიც უნდა შეგვესრულებინა თბილისის მასშტაბით განლაგებული 25 000 ბიზნესობიექტის ფიქსაცია. კერძოდ, უნდა მოგვეპოვებინა ამ ობიექტებზე სრული ინფორმაცია და კოორდინატებში განგვესაზღვრა, დაგვესურათებინა, მიგვეწერა საიდენტიფიკაციო კოდი და ა. შ. ეს ძალზე შრომატევადი საქმე გახლდათ _ წარმოიდგინეთ, ერთი ობიექტის ინფორმაცია 18 კითხვაზე პასუხის გაცემას მოითხოვდა და ასეთი უნდა გაგვეკეთებინა 25 000. ამ ტიტანურ შრომას ხალხი სჭირდება, რაც ნიკოლოზ საგანელიძეს არ ჰყავდა _ „მარტოკაცს“ ვეძახდი. საგანელიძემ ოფისი ჩვენთან დაიდო, გამოვუყავი მაგიდა და ამ მაგიდასთან ყოველდღე იჯდა. მოიტანდა თავის ნოუთბუქს, გაშლიდა და რაღაცას წერდა ან თამაშობდა.
_ 25 000 ბიზნესობიექტის ფიქსაციას რა რაოდენობის პერსონალი სჭირდებოდა?
_ ამ დავალების შესრულება შესაძლებელი იქნებოდა 10-15 ადამიანის საშუალებით 2-3 თვეში, მაგრამ ერთი პირობით _ თუ ნიკოლოზ საგანელიძე ობიექტთა ზუსტ რაოდენობასა და ნუსხას მოგვაწოდებდა. ის, რაც მან მოგვიტანა, პოსტსაბჭოთა პერიოდის ნუსხა იყო _ ასეთი მისამართები და ობიექტები თბილისში დიდი ხანია, აღარ არსებობს. მაგალითად, ტრამვაი-ტროლეიბუსის ბოლო გაჩერება და ა. შ.
_ და ეს პოსტსაბჭოთა პერიოდის ნუსხა საიდან წამოიღო?
_ მერიამ მისცა და უთხრა, შეასრულეო. ამან კი არც წაიკითხა, რა მისცა შესასრულებლად მერიამ, ისე მომიტანა. როდესაც ობიექტების მოკვლევა დავიწყეთ და ხალხი გავუშვი, ორი-სამი კვირის სიარულის შემდეგ მივხვდით, რომ ამ 2-3 თვეში ეს იყო შეუსრულებადი. ნიკოლოზ საგანელიძეს საკითხი დავუსვი, _ ინფორმაცია მერიამდე მიეტანა, რომ თუ ავიღეთ ის ძველი, რომელიც არ არსებობს, ამ პერიოდში სამუშაო ვერ შესრულდებოდა. თუ გვინდა, რომ მასალა გამოყენებადი იყოს და მოხმარებაში ჩაიდოს, ამიტომ მთლიანად, დღევანდელი მდგომარეობით ყველა უბანსა და ტერიტორიაზე ინფორმაცია უნდა განახლდეს _ ხელახლა უნდა მოძიებულიყო როგორც ბიზნესობიექტი, ისე ქარხანა თუ დაწესებულება. მხოლოდ ასე დალაგდებოდა მთელი თბილისის ტერიტორიაზე ყველა ობიექტი თავისი კოორდინატებით. ეს ყველაფერი ნიკოლოზ საგანელიძეს ავუხსენით, რომ მერიამდე ამბავი მიეტანა.
_ ანუ კონტრაქტში რაც ეწერა 2-3 თვე, იმ შემთხვევაში შესრულდებოდა, თუ „ი-კორპი“ დაზუსტებულ და არა დაუზუსტებელ ინფორმაციას მოგაწვდიდათ?
_ დიახ. თუ არადა, იმ ვადებში ვერ შესრულდებოდა. მერიას, სამწუხაროდ, ის დაზუსტებული ინფორმაცია და ნუსხა არ აღმოაჩნდა და მისი გაკეთება ჩვენ მოგვიწია. მაგრამ ამან, ცხადია, 2-3 თვეზე მეტი წაიღო, მაგრამ ნიკოლოზ საგანელიძემ (როგორც მერიიდან მოგვიტანა ამბავი) ეს საკითხი მერიასთან შეათანხმა და ისინი ჩემს წინადადებას დაეთანხმნენ, სამუშაო დავიწყეთ ამ პოსტსაბჭოთა ნუსხის განახლებით. ყოველდღე 10-12 კაცი გადიოდა ობიექტზე. ცოტა ხანში ეს რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა და სტუდენტები დავამატეთ. 18 კაცი ვმუშაობდით დღე და ღამე 3 თვის განმავლობაში, სიცივეში, ყინვაში… დღეს ეს ხალხი ყველა სახეზეა, ყველა ობიექტზე ინდივიდუალურად ნამყოფია, დასურათებული აქვთ თითოეული წერტილი და ა. შ. ჩვენ ვიყავით ამ პროექტის ერთადერთი შემსრულებლები _ ჩვენი კომპანიის გარდა თბილისის ბიზნესგეგმა არავის შეუსრულებია.
_ როგორ „მოიპარეს“ მონაცემები?
_ რა თქმა უნდა, თავში აზრად არ მოუვიდოდა არავის, რომ ნიკოლოზ საგანელიძე ამას გააკეთებდა. მე მივეცი უფლება, რომ იქ მჯდარიყო და ჩვენი მუშაობისთვის ეცქირა. სამუშაო კომპიუტერებთან არავის აქვს დაჯდომის უფლება და არც თვითონ უცდია. უბრალოდ, იმიტომ იჯდა, რომ მერიასთან შუამავალი იყო. ეს მასალა 6 კომპიუტერში მუშავდებოდა და მარტში უკვე დასრულებისკენ წავედით. ერთი ფაილიც კი არ გადაგვიწერია და მისთვის არ მიგვიცია _ გატანა უნდა მოხდეს ოფიციალურად, მხოლოდ ჩემი ნებართვით და ხელმოწერით. მარტი დასრულდა, დაგვრჩა რაღაც 6 ობიექტი და უცებ, ნიკოლოზ საგანელიძე ალაგებს თავის გუდა-ნაბადს მაგიდიდან და ქრება.
_ როგორ ქრება?
_ როგორ და, წამოავლო ნოუთბუქს ხელი, წამოკრიფა თავისი ნივთები და იმის მერე თვალით აღარავის უნახავს.
_ 25 ათასი ობიექტის დასრულებული მასალა დაგიტოვათ?
_ მთელი თბილისის მასშტაბით რომ მოვიარეთ და მოვიძიეთ, არ აღმოჩნდა 25 ათასი _ 23 206 გამოვიდა. ვიფიქრეთ, რომ ახალი საქმე გამოუჩნდა და მუშაობა გავაგრძელეთ. აპრილში ბოლომდე მივიყვანეთ ის დარჩენილი ობიექტები, შევადგინეთ მიღება-ჩაბარების აქტი და ნიკოლოზ საგანელიძეს ხელმოსაწერად გავუგზავნეთ. მან მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერა და პასუხად მოგვწერა, რომ ხარვეზებია და გამოასწორეთო. ვაკონკრეტებ: აპრილის დასაწყისია. ხარვეზები იყო ასეთი სახის _ წერტილ-მძიმე, „პრაბელი“, რაღაც ციფრები… ეს ყველაფერი დავალაგეთ და ხელახლა გავუგზავნეთ. ისევ უკან მიგზავნის, _ ხარვეზებიაო. ისევ რაღაც „პრაბელი“, ციფრი. ბოლოს და ბოლოს, მივწერე, რომ ხარვეზი თუ არის, ის უნდა იყოს ერთჯერადი და დაკონკრეტებული, დღეს რომ მწერ, წერტილი აკლია და მეორე დღეს _ მძიმე, ასეთი რამ არ ხდება. მოკლედ, მესამედ რომ მოგვწერა ხარვეზების ჩასწორებაზე, მაშინ მივხვდი, რომ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებდა. შევედი ტენდერების გვერდზე და რას ვხედავ?! _ მარტში, მაგიდიდან რომ წამოხტა და გაქრა ჩვენი ოფისიდან, იმ დღეს _ 19 მარტს, მერიამ მიიღო ჩვენი შესრულებული ნამუშევარი და შპს „ი-კორპს“ 165 ათასი ლარი ჩაურიცხა.
_ რანაირად, თქვენ ხომ არ მიგიციათ მასალა, მიღება-ჩაბარების აქტიც არ გაგიფორმებიათ?
_ ყველანი გადავირიეთ _ საიდან გაიტანა ეს მასალები! ფაქტია, რომ გადაწერილი იყო.
_ ხარვეზებზე როდის გწერდათ?
_ აპრილში. და ჩვენც სამუშაო აპრილშივე დავასრულეთ. მერიამ მარტში ჩაიბარა და 165 ათასი ლარიც მაშინვე ჩაურიცხა.
_ ახლა სულ დავიბენი _ მერიამ მარტში დაუსრულებელი ნამუშევარი ჩაიბარა?
_ ასე გამოდის.
_ როგორ მოხვდა მასალა ნიკოლოზ საგანელიძის ხელში?
_ ჩემი ადვოკატი დაუკავშირდა და იმას უთხრა, როსტომმა თვითონ გადმომცა „ვინჩესტერიო“. მე საერთოდ არ მივდიოდი სამუშაო კომპიუტერთან, სამუშაო დავალებას ვაძლევ და ხელს ვაწერ მის ჩაბარებას. გესმით? 75 ათასი ლარის მასალა ჩემი ხელით გადავუწერე 6 კომპიუტერიდან და ის მივეცი.
_ ანუ იმას მაინც აღიარებს, რომ ეს თქვენი კომპანიის მიერ შესრულებული მასალაა?
_ რა თქმა უნდა. მან სამჯერ მომწერა, რომ რაღაც შეცდომებია. მოკლედ, მერიამ „ი-კორპს“ 165 ათასი ლარი ჩაურიცხა მარტში, ამ ჩარიცხვის შემდეგ საგანელიძე წერილებს მწერდა, _ ეს ჩაასწორე, ის ჩაასწორეო. კითხვა მაქვს: ხარვეზიანი თუ იყო, მერიამ ხარვეზიანი ჩაიბარა? ან რის ჩასწორებას მთხოვდა? თუ კარგია და მერია მას ფულს აძლევს, როცა მე მას ვთხოვ ფულს, ჩემს შემთხვევაში ამბობს, ხარვეზიანიაო.
_ ამის შემდეგ მიმართეთ პროკურატურას?
_ დიახ. მივმართე პროკურატურას, რომ ეს მასალა ჩემგან აქვს წაღებული, გამოყენებული, მოპარულია ვინჩესტერი. პროკურატურამ საკითხის შესწავლა დაიწყო და მალე ეს საქმე შსს-ს ნარკოდანაშაულთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის განყოფილებამ წაიღო. აღმოჩნდა, რომ მათ დაიწყეს ამის გამოძიება. მიმაყვანინა ყველა თანამშრომელი სათითაოდ და 18-ვე დაკითხა. ნიკოლოზ საგანელიძეს ამ ყველაფერში თითი არ გაუვლია. მისი არც ბუღალტერი გვინახავს თვალით, არც ოფისი და არც _ თანამშრომელი, „მარტოკაცს“ იმიტომ ვეძახდი.

„ქრონიკა+“ ამ საკითხთან დაკავშირებით მეორე მხარეს, შპს „ი-კორპის“ დირექტორ ნიკოლოზ საგანელიძეს დაუკავშირდა:
_ პროექტს ერთი თვის ვადა ჰქონდა _ კონტრაქტი მერიასთან და კონტრაქტი როსტომ კირკიტაძესთან. როსტომ კირკიტაძეს ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია პროექტი, მერიამ კი ჩემი ქვეკონტრაქტორის გამო 40 000 ლარით დამაჯარიმა. გარდა ამისა, მე დიდი მონაწილეობა მქონდა მიღებული პროექტში. ეს პროექტი მოიცავს მონაცემთა ინფორმაციის კონკრეტულ ბაზას. 23 206 ობიექტია აღრიცხული. ანუ პროფილის კუთხით ბაზაში კატეგორიების ორი დონეა. ეს აბსოლუტურად ჩვენი გაკეთებულია, უფრო სწორედ, ჩემი პირადად. ამ დროს კონტრაქტით და დანართით მათ უნდა გაეკეთებინათ. ამ 23 206 ობიექტს შესაბამისი არქივი აქვს ფოლდერების სახით, რომელსაც პროექტის მიმდინარეობის დროს სპეციალური დასახელებები ენიჭებოდა. ეს ფოლდერები იმდენად არეული იყო, რომ სინამდვილეთან შესაბამისობაში ვერ მოდიოდა. აიტ ტექნოლოგიებში საკმაოდ გარკვეული ორი ჩემი მეგობრის დახმარებით 20 ათას ობიექტზე შესაბამისობის მინიჭება მე გავაკეთე. ანუ მე ვმუშაობდი და აქეთ მომადგა ფინანსური ზარალი.
_ ფინანსური ზარალი რისგან მოგადგათ?
_ მერიამ ნოემბერში ჩასაბარებელი პროექტი მარტის ბოლოს ჩაიბარა. მე კირკიტაძის ხალხთან დავახლოვდი, დღე და ღამე ერთად ვიყავით, ერთად ვჭამდით. რატომღაც, ეს ხდება უკვე მაისის მიწურულს, ბოლოში ვართ გასულები, გასაკეთებელი არის სადღაც ათი დღის საქმე, როდესაც მირეკავს როსტომი და უმიზეზოდ უხეშად მელაპარაკება. იმის შემდეგ მე როსტომთან აღარ დამირეკავს.
_ მაისის ბოლოს დაგირეკათ, რას ნიშნავს? მარტში მერიამ 165 000 ლარი რომ ჩაგირიცხათ, კომპანიის ოფისში აღარც გამოჩენილხართ…
_ სამაგიეროდ, ათჯერ მაინც მაქვს მიწერილი, რომ ჩვენი კომპანია მზად არის, კონტრაქტის გათვალისწინებით გადავიხადოთ თანხა. ამიტომაც თუ ეს ადამიანი ელემენტარულ ბოდიშს მოიხდის, დავსხდებით, დავთვლით, საურავი მე თუ მეკუთვნოდა, იმასაც ხომ ეკუთვნის? დღესაც მზად ვარ თანხის ანაზღაურებაზე.
_ მე რატომ მეუბნებით ამას, 18 კაცი ანაზღაურების გარეშე რომ დარჩა, იმათ უთხარით. მათი თქმით, მერიამ თანხა რომ ჩაგირიცხათ, თქვენ საერთოდ დაიკარგეთ და მხოლოდ ხარვეზებზე აგზავნიდით იმეილებს. უბრალოდ, მაინტერესებს, მერიას უკვე ჩარიცხული ჰქონდა თქვენთვის 165 ათასი „კირკიტაძის და კომპანიის“ მერე გაკეთებულ პროექტში და თქვენ იგივე პროექტში რა ხარვეზებზე სწერდით?
_ მთავარი კითხვა ის გახლავთ, რომ არის დავა ორ სუბიექტს შორის, მე ვარ დამკვეთი და ის არის შემსრულებელი. თუ მე ფულს ვიხდი და არაკეთილსინდისიერად ვიქცევი, რატომ მიმართავს ჟურნალისტებს?
_ ეს არის მთავარი კითხვა?
_ მაგის გასარჩევი ადგილი არც ჟურნალისტიკაა, არც პროკურატურა და არც მერია. მაგის გასარჩევი ადგილი არის სახელმწიფო სასამართლო.
_ მერე ვინ გითხრათ, რომ სასამართლოსთვის არ მიუმართავს?
_ 40-ათასლარიანი ზიანი მაქვს… ისინი ამბობენ, რომ მე მათი ოფისიდან ვინჩესტერი მოვიპარე. მე კიდევ ვამბობ, რომ ეს ვინჩესტერი პირადად როსტომმა გადმომცა და შაკომ, მივიტანე მერიაში, დახარვეზდა, წამოვიღე ვინჩესტერი და ერთი თვის თავზე მაგის წერილობანა რომ ატყდა, შაკომ მეორე ვინჩესტერი გადმომცა, ჩემს ვინჩესტერზე ჩაიწერა ახალი მასალა. ამაზე მეუბნება, ვინჩესტერი მომპარაო.
_ ალექსანდრე კვანტალიანი ვინ არის?
_ შპს „ი-კორპის“ დამფუძნებელი არის შპს „ი-მოუშენი“, რომლის დამფუძნებელიც არის ალექსანდრე კვანტალიანი. ჩვენ ადრე ერთად ვმუშაობდით. 4 წელი „ლილო მოლის“ დირექტორი ვიყავი. 2017 წელს წამოვედი და ვებ-არქიტექტურით დავინტერესდი.
_ მოკლედ შეგეკითხებით, რატომ სწავლობს დღეს თქვენს საქმეს პროკურატურა და შსს?
_ რატომ უნდა ჩავიდე რაღაც დეტალებში, როცა ასე არაადეკვატურად მექცევიან? სადაც უნდათ, იქ იჩივლონ. როგორც თქვენ გელაპარაკებით, ისე მოვუყვები იმათაც, იმდენად მართალი ვარ. ეს გზა მე არ ამირჩევია, ეს გზა მათ აირჩიეს. რატომ, არ ვიცი.
_ ბ-ნო ნიკოლოზ, თქვენ აუხსენით კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ ამდენია საურავი, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, გამოვაკლოთ და ა. შ.?
_ საურავამდე არც მისულა საუბარი…
_ მარტში თანხა ჩაგერიცხათ და ამის შემდეგ ხარვეზებზე სწერდით და საურავებზე რატომ არ მისწერეთ?
_ რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მე როდის ჩავაბარე და მერიამ როდის ჩამირიცხა თანხა? ეს არის დამოუკიდებელი კონტრაქტი.
_ გასაგებია, მაგრამ თქვენ მერიას ჩააბარეთ არა თქვენი, არამედ სხვა კომპანიის ნამუშევარი _ 18 კაცი 6 კომპიუტერთან ამუშავებდა მონაცემებს.
_ ამათი და ჩემი ნამუშევარი ზემოდან?
_ ბ-ნო ნიკოლოზ, 18-ვე დაიკითხა და ყველამ აღიარა, რომ თქვენ თითიც არ გაგისვამთ. მაგრამ, კარგით, დავუშვათ, თქვენ ეხმარებოდით. თქვენ ჩაგერიცხათ 165 000 ლარი და იმათ _ არც ერთი თეთრი.
_ რა თქმა უნდა, არ მიუღიათ ანაზღაურება და არც უნდა მიეღოთ.
_ უკაცრავად?
_ იმიტომ, რომ კონტრაქტში წერია: როგორც კი მიღება-ჩაბარების აქტი შედგება, მიიღებენ…
_ თქვენ არ მოუწერეთ ხელი მიღება-ჩაბარების აქტზე?
_ იმიტომ, რომ როგორც კი შენ მე გამიკეთებ ამას და ამას… ახლა დარჩენილია შესასრულებლად მთლიანი პროექტის 3-4%, მაქსიმუმ _ 10 დღის საქმე. მე 21 მაისს მივწერე ეს ყველაფერი, მიუხედვად იმისა, რომ ერთი დღით ადრე მომდის მეილი, რომ თაღლითი ხარ და ა. შ.
_ 21 მაისს როგორ მისწერეთ, რა იყო დარჩენილი პროექტის დასრულებისთვის, როცა მარტში მერიამ უკვე დასრულებულ პროექტში ჩაგირიცხათ ფული?
_ ის გზა, რასაც ისინი ადგანან, მათი არჩეულია. ნიკა საგანელიძე პროკურატურაში არ წასულა და 40 000-ლარიანი ზიანი მიადგა. რად უნდათ მერიაში წერილები?.. რა უნდა მიიღონ? პროკურატურაში რომ მივლენ და იტყვიან, ნიკამ მომპარა ვინჩესტერიო, მე, რა, დამიჭერენ და გამასამართლებენ? გამასამართლონ, თუ დაამტკიცებენ ამას. თუ სიმართლე არსებობს, იმდენად არის ჩემს მხარეს, რომ პროკურატურაში კი არა, სადაც უნდათ, იქ დამიბარონ.

როდესაც „ქრონიკა+“-მა ამ საკითხზე დაიწყო მუშაობა, კერძოდ, რამდენიმე თვის წინ, მერიას კითხვები გავუგზავნეთ, რომელზედაც პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ამ კითხვებს „ქრონიკა+“ ხელახლა აქვეყნებს და დავძენთ, რომ ის მაშინ გავგზავნეთ, როდესაც თბილისის ბიზნესგეგმა ჯერ არ იყო ოფიციალურად ატვირთული. მერიას ეს კითხვები რომ წაეკითხა, შესაძლოა, აეცდინა ის სკანდალი, რაც მას წინ ელის. ამ სკანდალისა და მერიის ხელმძღვანელი პირების თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში. მანამდე კი…
მაშ ასე! „ქრონიკა+“-ის მიერ თბილისის მერიაში გაგზავნილი კითხვები :

  1. რატომ არ გაეცა პასუხი 23.05.2019წ. #10/01191432314-01 შპს „კირკიტაძე და კომპანიის“ მიერ ჩაბარებულ 48-ფურცლიან წერილს? პასუხის გაცემის ვადა 22.06.2019წ. და რატომ და ვინ გადააგზავნა ის საბურთალოს გამგეობაში, როცა წერილის ადრესატი იყო უშუალოდ ქ. თბილისის მერია?
  2. რატომ გაუგრძელა მერიამ სამუშაოს შესრულების ვადა შპს „ი-კორპს“ სამი თვით (ხელშეკრულება #04.03.30/467), როდესაც ობიექტი უნდა ჩაბარებულიყო 2019 წ. 31 იანვრამდე?
  3. ტენდერში მონაწილე შპს „ი-კორპის“ 100%-იან მესაკუთრე, შპს „ი-მოუშენ პროდაქშენს“ მთელი კომპანიის ქონებაზე დადებული აქვს საგადასახადო გირავნობა. ამ დროისთვის ის იგებს.
  4. რამდენიმე თვის განმავლობაში შპს „კირკიტაძე და კომპანიას“ თანამშრომლები, ზამთრისა და გაზაფხულის მთელ პერიოდში ასრულებდნენ აღნიშნულ სამუშაოს, ხოლო შპს „ი-კორპს“ დღემდე არ აუნაზღაურებია კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა. მიზეზად მოჰყავს, რომ ვითომცდა ხარვეზებია.
    ამჟამად საქმეს იძიებს შს სამინისტრო და სარჩელი შეტანილია ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
  5. ერთპიროვნულად რამდენად შესაძლებელია ამხელა სამუშაოს მიღება და შემოწმება, მისი ვარგისიანობა? გთხოვთ, განგვიმარტოთ, რისთვის არსებობდა კომისიის ამდენი წევრი ქ. თბილისის მერიაში?
  6. შპს „ი-კორპი“ მარტში აფორმებს მერიასთან მიღება-ჩაბარების აქტს და მერია უდასტურებს, რომ სამუშაო ხარისხიანი და ანაზღაურებადია, რაოდენობრივად 25000 ობიექტი სინამდვილეში არ არის. ხოლო შპს „კირკიტაძე და კომპანია“, ფაქტობრივად, აპრილში აბარებს მთლიან სამუშაოს _ 23 206 ობიექტს და აცხადებს, რომ მარტში მერიას არ უნდა ჩაებარებინა პროექტი, რადგან იგი დაუსრულებელია.
    დგება საკითხი, _ რა, როდის და რამდენად დასრულებული ნამუშევარი ჩაიბარა მერიამ?

თამარ როსტიაშვილი