მამუკა არეშიძე: „თუ ლავროვი ჩამოვიდა, ეს იქნება საქართველოს თავის მოჭრის ღამე“

ამერიკის შეერთებული შტატებიდან კრიტიკული წერილები მმართველი გუნდის მისამართით არ წყდება. პარალელურად კი „ოცნება“ საბედისწერო საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მაისში საქართველოში გასამართ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ჩამოვა.

რა ინტერესები აქვს აშშ-ს საქართველოსთან მიმართებით? რამდენად სწორად აღიქვამს მმართველი გუნდი დასავლეთის კრიტიკას და რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ლავროვის საქართველოში ჩამოსვლას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

_ ბატონო მამუკა, „ქრონიკა+“-სთან ბოლო ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ მიდგომები არ შეცვალა, ის 2020 წლის არჩევნებში შანსებს დაკარგავს, რა შეიცვალა მას შემდეგ?
_ როცა მე ეს ფრაზა ვთქვი, მაშინ ვვარაუდობდი, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან მიდგომების არშეცვლის შემთხვევაში ოპოზიცია თავის მიდგომებს შეცვლიდა და კონსტრუქციულ ბრძოლას გააგრძელებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაინცდამაინც არ შეცვალა მიდგომები, არც ოპოზიციას გადაუდგამს სტრატეგიული ნაბიჯები, რომელიც შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული. მოკლედ, ქართული პოლიტიკური სპექტრი როგორც იყო ამ ერთი წლის წინათ, დაახლოებით, ისეთივე მდგომარეობაშია ახლაც, მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ხშირად იმ გამოწვევების იგნორირება, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ და რაც მთავარია, საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, შეცვლის თუ არა მიდგომებს „ქართული ოცნება“, კონკურენტის ადგილი მაინც თავისუფალია. შესაძლოა, მიდგომები ნაწილობრივ შეცვალა, მაგრამ ეს გადამწყვეტი მაინც არ არის.
_ ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ მესამედ შეაბრუნა ციხეში გიგი უგულავა, რასაც დასავლეთის მწვავე შეფასებები მოყვა, მათ შორის, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან უგულავას დაკავება მოლაპარაკებების პროცესს დაემთხვა. არის თუ არა ეს პოლიტიკური შეკვეთა ოპოზიციის დასაშოშმინებლად?
_ როცა ასეთი ტიპის თემაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ჩვენი სამზარეულოდან არ უნდა შევხედოთ და თუ მხოლოდ ამ კუთხით არ შევხედავთ, მაშინ დავინახავთ, რომ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ისმენს ტექსტს: უგულავა კორუმპირებულია, მაგრამ თუ ის პარტიის ლიდერია, არ უნდა დაიჭირონ. სხვა საკითხია, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში არანაკლებ კორუმპირებულები არიან, მაგრამ ჩვენ ვისმენთ კონკრეტულ გზავნილს, რომ ის არის კორუმპირებული, მაგრამ ხელი არ ახლოთ, რადგან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერია. თავის დროზე, მას ბრალად ედებოდა იმ 5 მილიონის „შეჭმა“ და მეორე მხრივ, იმ 48 მილიონის. ეს ორი საქმე იყო. ერთ საქმეში მიუსაჯეს სასჯელი, მეორეში _ არა, რადგან სასამართლომ ვერ დაინახა დამაჯერებელი არგუმენტები, მათ შორის, სააპელაციომაც, უზენაესმა კი დაინახა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ პოლიტიკურ შეკვეთაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არგუმენტები რეალურად ხომ არსებობს, მაგალითად, ის, რომ „თბილსერვისის“ ჯგუფში 700 კაცი იყო დამატებული, რომელმაც არ იცოდა, სად მდებარეობდა „თბილსერსვისი“. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ გიგი უგულავამ ეს ფული ჯიბეში ჩაიდო და სახლში წაიღო, მაგრამ მან არასწორად დახარჯა ბიუჯეტის თანხა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ არგუმენტირებულად მითხრან, რომ ასე არ ყოფილა.
_ ამ თემას თუ ფართო ჭრილში ვუყურებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უგულავას საქმეზე შალვა თადუმაძემ, როგორც პროკურორმა, საჩივარი გააგზავნა უზენაესში და როგორც მოსამართლე, საკუთარ გაგზავნილ საჩივარს დახვდა და უგულავას პატიმრობა მიუსაჯა. ეს ფაქტი ეჭვებს არ ბადებს?
_ ეს ძალიან ცუდი ამბავია, თვითონ ეს სქემა უსიამოვნო სანახავია და რასაკვირველია, ეჭვებს ბადებს. ამ ნაწილზე კრიტიკულ შენიშვნებს არ დავიშურებ. ყველაფერი, რაც ხდება, მძიმე საყურებელია და არასწორია. მე რომ ვიყო, ასე არ მოვიქცეოდი, ასეთ არასწორ სქემას არ შევქმნიდი. საერთოდ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფრანგულმა მხარემ კეზერაშვილის ბრალის თაობაზე ახსნა მოითხოვა. აქედან ერთი ფურცელი გააგზავნეს. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟი იყო, „ნაციონალები“ მუშაობდნენ და ა. შ., დაუსრულებლად შეიძლება, კონკრეტულად, გვარიც ვიცი, ვინ ხელმძღვანელობდა პროკურატურის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს და ვინ გააგზავნა ეს ერთი ფურცელი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ე. ი. „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე დაუშვა სერიოზული შეცდომები, როდესაც ამ მახინჯ კოჰაბიტაციაზე წავიდა, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში და მიიღო ის, რისი ღირსიც არის სინამდვილეში. ჩემთვის, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც შენიშვნას ვისმენ პიროვნებისგან (ვგულისხმობ ამერიკის სენატის წარმომადგენელს, გვარს არ დავასახელებ შეგნებულად), რომელიც არის აზერბაიჯანთან მეგობრობის სენატის კომიტეტის თავმჯდომარე და აზერბაიჯანში ასეთი, რამ რაც დღეს საქართველოში ხდება, დავიწყებულია და იქ ანალოგიურ წერილს არ აგზავნის.
_ მაშინ რით არის განპირობებული აშშ-ის მხრიდან კრიტიკული წერილების გამოგზავნა?
_ მაინც მგონია, ლობისტური კომპანიების მუშაობით და ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი, მაგრამ ეს მცირე სეგმენტია იმ პრობლემისა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებობს. გეტყვით, რატომაც: აზერბაიჯანი რა პოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, მაგრამ გადამწყვეტი არ არის; თუმცა საქართველო რა პოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს, ეს გადამწყვეტია. ამიტომ არის ამერიკის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკური ორიენტაცია ისედაც ცხადია, ის თურქეთზეა მიბმული და იმდენად მყარი არა მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური, არამედ ეთნიკური ურთიერთობები აქვს, რომ ამ ორბიტიდან არ გავა, მუდმივად ნეიტრალურ სივრცეში იტრიალებს, საქართველოს მდგომარეობა სულ სხვაა. ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ, რა აღელვებს აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოში. ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამერიკელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის მთავარია, საქართველოს ხელისუფლება არ იყოს ისეთი სუსტი, რომ რუსეთს ორიენტაციის შეცვლის შესაძლებლობა ჰქონდეს.
_ აშშ-მ საფრთხე დაინახა, რომ რუსეთს ამის შესაძლებლობა აქვს?
_ ნამდვილად დაინახა ეს საფრთხე. ლობისტების ნამუშევარი დიდი წილია, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი საკითხია: შეიძლება, საქართველოს ხელისუფლება იმდენად არაპოპულარული გახდეს, რომ რუსეთს მეტი ბერკეტი მიეცეს იმისთვის, რათა ხელისუფლებაში თავისი ადამიანები მოიყვანოს. მინდა, საზოგადოებამ და ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა კარგად გაიგოს ეს. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, აშშ-ისთვის ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში. არის რამდენიმე პირობა, რომელიც უნდა დაიცვას, მათ შორის, ზოგიერთი საჯაროა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა, ის, რაც მუდმივად გვესმის, მაგრამ სინამდვილეში ეს არც ერთი არ არის მთავარი იმიტომ, რომ აშშ გადასარევად ნახულობს საერთო ენას ისეთ რეჟიმებთან, რომელიც ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ იცავს, თუმცა მთავარია ორიენტაციის საკითხი. საქართველოს დაკარგვის შემთხვევაში აშშ-ს შავი და კასპიის ზღვის აუზის ამ მონაკვეთიდან ფეხი ამოუვარდება.
_ იმ განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რამდენად იაზრებენ ამ საკითხს სწორად?
_ ხელისუფლების განცხადებები ორიენტირებულია შიდა და გარე მოხმარებაზე. რეალურად, არ ასახავს მდგომარეობას. რაც შეეხება ქმედებებს, ზოგიერთი ქმედება ნამდვილად ქმნის შეშფოთების საფუძველს, რომ ხელისუფლება ისე არ დასუსტდეს თავისივე შეცდომებით, მესამე ძალას (რუსეთს) სიტუაციის შეცვლის საშუალება მიეცეს. ეს არის სურათის ნაწილი, რადგან მთლიანი სურათით ვერ ვხედავ, რომ ორიენტაციის შეცვლის საფუძველი არსებობდეს ან რუსეთს ჰქონდეს ისეთი გავლენები საქართველოში, რომლითაც საერთო ვითარების შეცვლას მოახერხებს, _ ეს არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არტილერია, პრაქტიკულად, თბილისზეა მოშვერილი, _ ეს საქართველოში პრორუსული განწყობების ზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს და ამ ტიპის ვითარებაში, როცა ცხინვალში 5 ბაზა დგას, რუსეთი ვერასდროს მოახერხებს საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ არა ძალისმიერი მეთოდით.
_ რა მიზანს ემსახურებოდა რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება ევროპის საბჭოზე, რომ საქართველო იმ რუსი დეპუტატებისთვის გააკეთებს გამონაკლისს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ოოკუპაციის შესახებ კანონი და მაისში მათ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში, თბილისში მიიღებს? რა საფრთხის მატარებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის შემოშვება, მით უმეტეს „გავრილოვის ღამის“ გამოცდილება გვაქვს?
_ კიდევ ერთი შეცდომაა დაშვებული: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მას შეეძლო ამ ღონისძიების მასპინძლობაზე უარის თქმა და შეიძლებოდა, ეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარებულიყო. ამ თემაზე პოლიტიკური კონსენსუსი ვერ მოხდება, რადგან ოპოზიცია ეცდება, სათავისოდ გამოიყენოს ეს ვითარება და კიდევ ერთხელ დასდოს ბრალი პრორუსულ განწყობაში საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ იქნება არაჯანსაღი ვითარება და ევროპასთან მიმართებით კიდევ ერთხელ მოგვეჭრება თავი, რადგან ლავროვი იქნება თუ სხვა ვინმე, შესაძლოა, დელეგაციაში ისეთი წევრები იყვნენ, რომელთაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ. არაერთი სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ვიცი, რომელთაც ეს კანონი დარღვეული აქვთ, მათ შორის, რუსეთის და ყოფილა შემთხვევა, როცა წინა და ამ ხელისუფლების დროს საქართველოში შემოსულან. ე. ი. ეს კანონი მაშინ მუშაობს, როცა პოლიტიკურ ელიტას აწყობს, თუმცა ამას აგდებით ნამდვილად არ ვამბობ. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შეიძლება, ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ქვეყანას სჭირდება და ასეთი რამ გააკეთო. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი უამრავი მაგალითია, როდესაც ერთმანეთს გერმანიისა და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ბერნში ხვდებოდნენ. მე ვამბობ, რომ თუ ლავროვი ჩამოვიდა, ეს იქნება არა „გავრილოვის“, არამედ საქართველოს თავის მოჭრის ღამე, რადგან ხელისუფლება ეცდება, ეს ჩაატაროს მიღებული ფორმით, ოპოზიცია კი ხელის შეშლას ეცდება. რუსეთი შეეცდება, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი საქართველოს არადემოკრატიულობას, როგორც არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსსა და ა. შ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას ახასიათებს ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც შეიძლება, ევროპულ-დიპლომარიურ სივრცეში მისაღებად ჟღერდეს, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში _ არა, რადგან აქ ყველანაირი გრძნობა გაშიშვლებულია და ძალიან ფაქიზად უნდა მიუდგე. ვერ წარმომიდგენია, „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი ტიპის დაკვეთა არსებობდა, რომ ზურაბიშვილს ეს ეთქვა, მაინცდამაინც. შესაძლოა, ზოგადი მესიჯი არსებობდა, მაგრამ ინტერპრეტაცია მისია. მაგალითად, ასეთ რამეს ამ ფორმით არ ვიტყოდი, შეიძლებოდა უფრო მოქნილი ფორმით ეთქვა. თუ ლავროვმა თქვა, რომ უნდა ჩამოვიდეს და ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები აბსოლუტურად ნორმალურად შეხვდებიან, პირიქით, დაგვიწყებენ ჭკუის სწავლებას, რომ ლავროვი უნდა ჩამოვიდეს, ის დელეგაციის ხელმძღვანელია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომლებიც ტოლსტოის ტაშს უკრავენ, იმათ არ აქვთ უფლება, ჩვენ შენიშვნა მოგვცენ, ახლა უცილებლად დაიწყებენ ჭკუის სწავლებას, რომ ეს ღონისძიება უნდა შედგეს. ისინი, ძირითადად, კონიუნქტურაზე მუშაობენ. როცა სჭირდებათ, ჭკუას გასწავლიან და იმას გეუბნებიან, რასაც თვითონ არ იცავენ, სხვა შემთხვევაში კი სხვანაირად იქცევიან.
_ რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დააკავეს, ოპოზიციამ ხელისუფლებასთნ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი თქვა, ხელისუფლება კი ოპოზიციას დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას მოუწოდებს. რა პერსპექტივა აქვს ამ დიალოგს და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შანსი როგორია?
_ ამ მოლაპარაკებას დასაწყისშივე არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა, ოპოზიციამ უგულავას დაკავება იმისთვის გამოიყენა, რომ მოლაპარაკება აღარ გააგრძელებინა. ფორმალურად, მოლაპარაკების მსურველია დასავლური დიპლომატიური კორპუსი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას კი მოლაპარაკება არ სურს. ხელისუფლებას უნდა, არსებული საარჩევნო სისტემა დარჩეს, ოპოზიციას კი ისეთი, როგორიც მან წამოაყენა. მხარეები გარკვეულ რევერანსს უკეთებდნენ დიპლომატიურ კორპუსს და ეს იყო მთელი მოლაპრაკებები. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, აზრი არ აქვს, რადგან რა შეიცვლება დარჩენილ 8 თვეში? ეს უფრო მეტად გავლენაა იმისა, რაც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ხდებოდა. იქაც, დაახლოებით, არჩევნებამდე 8 თვით ადრე, უცებ დანიშნეს ვადამდელი.
_ „ქართული ოცნება“ ნაკლები დანაკარგით მივა და ამიტომაც სჭირდება ვადამდელი არჩევნები…
_ ოპოზიციამ, თუ მუშაობა ისე გააგრძელა, როგორც ახლა მუშაობს, არავითარი დანაკარგით არ მივა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებამდე.
_ ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ 4 აპრილიდან იწყებენ საპროტესტო აქციებს, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ქილიკი მოჰყვა. რა არის ოპოზიციის მთავარი სისუსტე?
_ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ახლა ქილიკობს, ოპოზიციამ თუ თამასა მაღლა დაიჭირა, 4 აპრილს აღარ იქილიკებს, რატომ დაიწყეს ასე გვიანო. თუ ოპოზიციამ მოახერხა ის, რასაც ამბობს, რომ 4 აპრილიდან დავიწყებთ აქციებს და აღარ გავჩერდებით არჩევნებამდეო, მაშინ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. უბრალოდ, მე არ მჯერა, რომ ოპოზიცია ამას მოახერხებს. მიხეილ სააკაშილი მხოლოდ აქციებს არ დაუმარცხებია, რასაკვირველია, დასავლეთის ზეწოლაც იყო, მაგრამ ის, პირველ რიგში, დაამარცხა იმ განხეთქილებამ, რომელიც თავის გუნდში წარმოიშვა და, საბოლოო ჯამში, ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა დაღუპა: ლაფანყურის სპეცოპერაციამ და ციხის კადრებმა, რომლებიც ერთმანეთს მიეწყო. თორემ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ძალიან სერიოზულ დაპირისპირება იყო, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 15-20 აგვისტოს ჰქონდა წარმატების შანსი, შესაძლოა, მას პარლამენტში გარკვეული უმრავლესობით შეეყვანა თავისი სადეპუტატო კორპუსი. რომ არა ეს ორი კაზუსი, რამაც მის გუნდში სერიოზული განხეთქილება განაპირობა, მიხეილ სააკაშვილი არ დამარცხებოდა. შესაძლოა, 51% აეღო და დანარჩენი _ „ოცნებას“, მაგრამ გამარჯვებას მაინც მიაღწევდა. ასე რომ, მთავარია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის შიდა სამზარეულო, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ უვარგა. ინფორმაცია მაქვს, რეალურად, რა ხდება იქ და როგორ სჭარბობს მავანის ამბიცია.
_ „ნაციონალური მოძრაობის“ ამბიცია?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ არა, მიხეილ სააკაშვილის ამბიცია, რომელიც მიმაჩნია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ხელს შეუშლის.
_ სააკაშვილმა დააანონსა კიდეც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში თავისი შტაბის გახსნა, რა გათვლები აქვს მას?
_ შტაბის გახსნაზე მან მიიღო კიდევაც „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი წარმომადგენლისგან შესაბამისი შეფასება. ეს უკვე ბზარია. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ის ქმნის ოპოზიციურ ამინდს საქართველოში. ნაწილობრივ ის არ ცდება, რადგან მას ჰყავს პირადი მხარდამჭერების საკმაოდ სერიოზული რიცხვი, მაგრამ ეს რაოდენობა არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ არის. სამაგიეროდ, იმ 60%-ს, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, იქედან დარწმუნებული იყავით, 1%-ს ვერ აიღებს მიხეილ სააკაშვილის ფიგურა. შეიძლება, „ქართულმა ოცნებამაც“ ვერ აიღოს დიდი რაოდენობა, მაგრამ რაღაც რესურსი მაინც არის. მიხეილ სააკაშვილის რესურსი კი არის ის რაოდენობა ხალხისა, რომელიც მისი პირადი ამომრჩეველია, ეს არის ის ხალხი, ვისაც მისი სჯერა, მათ დიდ ნაწილს გარკვეული გაუცხოება გაუჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ხელმძღვანელობა და მისი პოლიტიკური საბჭოს წევრები ვერ ქმნიან შესაბამის ამინდს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს.
_ მიხეილ სააკაშვილს გათვლა აქვს ახალგაზრდებზე, რამდენად შეძლებს ის ახალგაზრდების შემოკრებას?
_ ეს ძალიან სწორი გათვლაა, ოღონდ ამას შესაბამისი ნაბიჯები სჭირდება. ის გათვლა, რაც ახალგაზრდობაზე აქვს, სპეციფიკურია, ის ახალგაზრდობისგან სათავისო ელიტას ქმნის, რომელიც ყველა დანარჩენი ახალგაზრდისთვის მისაღები არ არის. ამ ელიტამ ე. წ. ლიდერთა სკოლები გაიარა. მე ვიცი ახალგაზრდების პოზიცია და დანარჩენებისთვის მათი პოზიცია მიუღებელია. ეს სკოლა დაამთავრა, დაახლოებით, 700-მა ახალგაზრდამ, მათგან 80% ნამდვილად არის მიხეილ სააკაშვილის პირადი მხარდამჭერი. ეს ის ხალხია, რომელთა ნაწილი მასთან იმყოფებოდა ჰოლანდიაში, კიევში, მაგრამ ესენიც არ არიან ამინდის შემქმნელები. რადგან ელიტის კეთება დაიწყეს, მასაზე არ არის გათვლილი. გავიხსენოთ 2012 წელი: ციხის კადრებთან დაკავშირებულ ბოლო მიტინგზე ასი ათასამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტობა გამოვიდა, ისინი მანამდე პოლიტიკაში აქტიურები არ ყოფილან. ისინი გარეთ გამოიყვანა ციხის კადრებმა. იმ დღეებში მათ ამინდი შექმნეს, ისინი გამოვიდნენ არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგი იყვნენ. დღესაც ანალოგიური მდგომარეობაა, _ საზოგადოების სერიოზული ნაწილი მხარს არ უჭერს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს. ამ ამომრჩეველზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
_ რა სჭირდება ამ ამომრჩეველს?
_ მათ სჭირდებათ ეკონომიკურ-სოციალური პერსპექტივა. სწორედ ამ პერსპექტივის დანახვა ვერ შეძლეს მიხეილ სააკაშვილის დროს და დიდ ნაწილს „ქართული ოცნების“ დროსაც უჭირს დანახვა.
_ რატომ არ/ვერ ჩნდება მესამე ძალა, რომელიც შეძლებს უპასუხოს ამომრჩევლის დაკვეთას და დაანახოს მათ სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივა?
_ რამდენიმე მიზეზია: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთო ნიჰილისტური დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკის მიმართ. ეს იმედგაცრუება მოსალოდნელი იყო იმ პოლიტიზების ფონზე, რაც საქართველოში გრძელდება, უკვე 30 წელია. გარდა ამისა, პოლიტიკას სჭირდება ქარიზმატული ლიდერები, საქართველო ასეთი ქვეყანაა, ახლა კი ასეთი ლიდერების დეფიციტია, ასევე ფინანსური დეფიციტია. ახალი ძალა, რომელიც „ლელოს“ სახით გამოჩნდა, მას მძიმე ბიოგრაფია აქვს. რაც არ უნდა კარგად შეძლოს თავისი თავის პრეზენტირება, ბიოგრაფია ხომ რჩება, მამუკა ხაზარაძის კი უაღრესად გამაღიზიანებელია ბევრისთვის. პიროვნულად შესაძლოა, გადასარევი ადამიანია, მაგრამ მისი საქმიანობა, გარკვეულწილად, გამაღიზიანებლად მუშაობს ხალხზე. ასე რომ, დღევანდელი გადასახედიდან, უპირატესობა ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს.
_ რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს ეს უპირატესობა?
_ თუ ისეთი ფაქტობრივი რამ მოხდა, რომელიც საზოგადოებას შეეხება და მის ღირსებაზე უროს პრინციპით იმოქმედებს, კონკრეტულად, არჩევნების წინ, როგორიც იყო ციხის კადრები და ლაფანყურის სპეცოპერაცია, მაგრამ ამ ორმა ფაქტორმა 2008 წლის ომის ფონზე იმუშავა. 2008 წლის ომმა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ილუზიის მსხვრევა გამოიწვია. მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ პოლიტიკური მიდგომები შეცვალა.
_ 2020 წლის არჩევნებიც, სავარაუდოდ, ამ ხაზით წავა, ბიძინა Vშ მიშა, პარალელი, რომ გავავლოთ, მათ შორის, რომელი უფრო დაზიანებულია დღეის მოცემულობით?
_ მსოფლიო პოლიტიკა პიარ-ტექნოლოგიებით იმართება, სამწუხაროდ, მცირე გამონაკლისის გარდა. წარსულს ჩაბარდა ქარიზმატული ლიდერებისა და იდეების დრო. ახლა პოლიტ-ტექნოლოგიებით იმართება, მათ შორის, ქართული პოლიტიკაც, აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირება შენარჩუნდეს. სააკაშვილს თავის ბიოგრაფიაში უდიდესი წარმატებებიც აქვს, მაგრამ ბევრი სისხლი. შეიძლება, ივანიშვილს იმდენი წარმატებები არ აქვს, მაგრამ მას არ აქვს სისხლი. ჩვენს ელექტორატზე სისხლის ფაქტორი მუშაობს.
_ თუმცა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ეს უპირატესობა დაკარგული აქვს, დამეთანხმებით?
_ არ გეთანხმებით, რადგან სისხლის რაოდენობას მაინც მნიშვნელობა აქვს. დღეს საფრანგეთში მაკრონის ხელისუფლებას 26 თვალდათხრილი კაცი ჰყავს და უამრავი ადამიანია დაზარალებული ძალიან მძიმე ტრავმებით, მაგრამ იქ სხვანაირი ფონია შექმნილი, აქაც სხვანაირი იყო. 20 ივნისის ღამეს შტურმის ელემენტები და პოლიციელების ცემა რომ არ ყოფილიყო, მაშინ უარესი ფსიქოლოგიური განწყობა იქნებოდა საზოგადოებაში. ადამიანის გონება ინფორმაციას იღებს, ამუშავებს და ინახავს, ექსტრემალურ სიტუაციაში კი ახსენდება. მაგალითად, ავიღოთ გრიგოლ ვაშაძის ფიგურა, მას აქვს უამრავი პლუსი, მაგრამ საზოგადოებას როცა ეკითხები, რატომ არის მის მიმართ უარყოფითად განწყობილი, გპასუხობს: გვატყუებდა, 2010 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო და ახლა ვის აწავლის ჭკუასო? კიდევ უფრო უარესი მოხდა მას შემდეგ, რაც მან პოლიციელს ხელი ჩაარტყა. როცა საქმე საქმეზე მიდგება, არჩევნების პერიოდში ეს ფაქტი მის წინააღმდეგ აუცილებლად იმუშავებს, ამომრჩევლის ქვეცნობიერიდან ამოვა. კაცმა, რომელმაც დღეს პოლიციელს ხელი დაარყა და ფიქრობს, რომ ამის უფლება აქვს, ხვალ უარესს იზამს. ასეთ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ივანიშვილს, მასზე ამბობენ, რომ მოგვატყუაო, სააკაშვილმა დაგვხოცაო და ტერიტორიები დაგვაკარგვინაო. ეს სააკაშვილის აქტიურობის შემთხვევაში იმუშავებს, ის კი აქტიურობას აპირებს. მასთან დაახლოებულმა უცხოელმა ჟურნალისტებმაც კი უარყოფითად შეაფასეს სააკაშვილის გამოჩენის პერსპექტივა.
_ ბოლო პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ სააკაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, არსებობს თუ არა ამის თქმის საფუძველი?
_ სააკაშვილს ფული აქვს აღებული ივანიშვილისგან, _ ვინც ამას ამბობს, არავინ იხსენებს სააკაშვილის ხასიათს. ის საოცრად ამბიციური პერსონაა. პარლამენტში 4 წელი ვიყავით გვერდიგვერდ კაბინეტში და მახსოვს, როგორც იქცეოდა ყოველთვის _ იყო ზედაპირული და ცდილობდა, პირველი ყოფილიყო, მისთვის მთავარი იყო არა საქმის კეთება, არამედ პიარი. სააკაშვილს ივანიშვილის ფული არ სჭირდება, მას ისედაც ძალიან დიდი ფული აქვს.

ნენე ინჯგია