რუსული ბლეფი დასავლეთის წინააღმდეგ

საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, არსებობს გარკვეული წარმოდგენები რუსეთზე, როგორც ქვეყანაზე, მის პოლიტიკურ და კულტურულ ტრადიციებსა და ასევე პირადად ვლადიმირ პუტინზე. რუსეთი მიიჩნევა საშიშ, არაპროგნოზირებად ქვეყნად, რუსები კი ალოგიკურ, უარყოფით ემოციებზე აყოლილ ადამიანებად, რომლებისგანაც მოსალოდნელია ნებისმიერი უსიამოვნო სიურპრიზი.

ევროპაში რუსეთისა და რუსების ეშინიათ, როგორც რაღაც სტიქიური მოვლენის, რომელსაც შეუძლია არაფრის გამო, სრულიად მოულოდნელად, რამე დაანგრიოს ან გააფუჭოს უმიზეზოდ.
ასევე ცეცხლივით ეშინიათ ვლადიმირ პუტინის, რომელსაც მიიჩნევენ სასტიკ და დაუნდობელ იმპერატორად, სისხლიან მილიტარისტად და ისევე როგორც მთლიანად რუსეთს, სრულიად არაპროგნოზირებადად.
ეს არ არის განყენებული, თეორიული საკითხი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც დასავლეთი არ იყენებს რუსეთის მოსარჯულებლად თავისი პოტენციალის 10%-საც კი _ მათ ელემენტარულად ეშინიათ და ეს შიში არსებობს უკვე საუკუნეების მანძილზე.
სინამდვილეში, მთელი ეს სურათი ძალიან შორსაა რეალობისგან და ამის გასააზრებლად საკმარისია რუსული მენტალიტეტის ზედაპირული შესწავლაც კი. არავითარი მისტიკა და „ამოუცნობი რუსული სული“ არ არსებობს, რუსები კი, როგორც ნებისმიერი ერი, საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადები არიან _ ეს, რა თქმა უნდა, თუ არსებობს მათი პროგნოზირების სურვილი.
ხშირ შემთხვევაში ლეგენდები „რუსულ მისტიკურ სულზე“ სინამდვილეში არის უბრალოდ საკუთარი პასიურობის გამართლების საშუალება _ ბევრად უფრო ადვილია, არაფერი აკეთო იმ საბაბით, რომ „მაინც არაფერი გამოვა, ისინი ხომ გიჟები არიან“, ვიდრე სცადო რამის შეცვლა.
რუსებს აქვთ საკუთარი ლოგიკა, რომლის შესწავლაც არაა ძნელი და წესით, ეს კარგად უნდა მოახერხონ ამერიკასა და ევროპაში მომუშავე ექსპერტებმა _ საკმარისია ზოგადად ჩასწვდე რუსულ აზროვნებას და ყველაფერი ნათელი და პროგნოზირებადი გახდება.
ჩვენ ყველას ხშირად გვინახავს ამერიკულ ფილმებში უარყოფითი პერსონაჟი _ მუდმივად მთვრალი, დაუნდობელი და უკიდურესად საშიში რუსი გენერალი, რომელიც მზად არის თვითონ, თავის შვილებთან ერთად დაიწვას ბირთვულ ცეცხლში, ოღონდ გაანადგუროს ამერიკა.
რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვანაირადაა _ არც ერთ რუს გენერალს არ სურს არავის დაწვა და, მით უმეტეს, საკუთარი თავის. მათ უყვართ ფული, ფუფუნება, კომფორტი, კარგი მანქანები, მოგზაურობა უცხოეთში.
თუმცა წარმოდგენა უკომპრომისო და იდეურ რუსებზე ამის გამო არსად გამქრალა და სწორედ ის უდევს საფუძვლად ევროპელებისა და ამერიკელების მთავარ ლოზუნგს მოსკოვთან და კრემლთან მიმართებით: „ნუ გააბრაზებთ რუსებს!“
ნებსით თუ უნებლიეთ, დასავლური ელიტები თავად ახალისებენ რუსების ყველანაირ თავხედობას, კრემლი კი შესანიშნავად იყენებს თავის საერთაშორისო რეპუტაციას საგარეო პოლიტიკაში. წარმოდგენა რუსებზე, როგორც ნებისმიერ საშინელებაზე წამსვლელ შეშლილებზე _ ძალიან მომგებიანია მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ელიტისთვის.
სწორედ ამ, მცდარ პოსტულატს ეყრდნობა რუსული საგარეო პოლიტიკის მთავარი იარაღი _ ბლეფი.
„გამიშვით, თავს ავიფეთქებ და თქვენც მიგაყოლებთ!!!“ _ თეატრალურად ღრიალებს რუსული დათვი და შიშისგან მოკანკალე ევროპელები მაგიდის ქვეშ იმალებიან: „არ გააბრაზოთ რუსები!!!“
სხვათა შორის, დაუკვირდით _ სად არის აქტიური რუსული კრიმინალი და სად ბოგინებს რუსული მაფია? სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც რუსების ეშინიათ, სადაც მათ თავზე ხელაღებულ, ყველაფერზე წამსვლელ ველურებად მიიჩნევენ _ ევროპაში, ამერიკაში.
იქ, სადაც იციან, რომ ცალკე აღებული რუსი, ჯარისა და სპეცსამსახურების გარეშე, მეტწილად არის სუსტი და მშიშარა _ არავითარი რუსული მაფია არ არსებობს _ საუბარია, ძირითადად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.
რუსული პოლიტიკის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ვლადიმირ პუტინი _ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს არის ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ იმიტომაც, რომ მასშია გაერთიანებული რუსული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი _ პირველ რიგში კი _ ევროპელების შიშების გამოყენებისა და ბლეფის საოცარი უნარი.
პუტინი არაა არც დიქტატორი და არც სისხლს მოწყურებული ტირანი-მილიტარისტი. ის უფრო არის მაფიოზი, განგსტერული კლანის მეთაური, რომლისთვისაც სისხლისღვრა თვითმიზანი არ არის. ყიდვასა და ძალისმიერ მორჩილებას შორის ის ყოველთვის ირჩევს ყიდვას, ხოლო თუ საქმე მიდის ომამდე, ის ცდილობს, არ დაღვაროს იმაზე მეტი სისხლი, ვიდრე აუცილებელია.
მთელი რუსული საგარეო პოლიტიკა დღეს არის თამაში და მაღალოსტატური ბლეფი _ პუტინი აშინებს საერთაშორისო საზოგადოებას: „გამიშვით, ყველას დედას გიტირებთ!“ და ეს ბლეფი მუშაობს _ ბოლოს ყოველთვის ვხედავთ ერთსა და იმავეს: „ნუ გააბრაზებთ პუტინს!“
იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც დასავლეთი ავლენს პრინციპულობას და არ წამოეგება ბლეფს, პუტინი აუცილებლად უკან იხევს.
რუსეთის პრეზიდენტი ძალიან ჭკვიანი და გონებამახვილია _ ის არასდროს იღებს ემოციურ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯს დგამს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ბლეფი მუშაობს და ის დარწმუნებულია დაუსჯელობაში.
გავიხსენოთ, რით დაიწყო ომი უკრაინაში _ 30-მა გაურკვეველმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დაიკავა ყირიმის დედაქალაქის, სიმფეროპოლის აეროპორტი. შემდეგ იყო 2-დღიანი პაუზა _ პუტინი ელოდებოდა, რას მოიმოქმედებდა უკრაინა და რას იტყოდა დასავლეთი.
საკმარისი იყო, უკრაინელებს გაეწიათ თუნდაც მცირე სამხედრო წინააღმდეგობა, ხოლო ევროპელებს მთელი სიმკაცრით დაეყენებიათ მოსკოვისთვის სანქციების საკითხი _ ყველაფერი დასრულდებოდა იქვე _ ჩაითვლებოდა, რომ ეს იყო პროვოკაცია ადგილობრივი რუსების მხრიდან და კრემლი არაფერ შუაში უყო.
თუმცა რეალობა პუტინისთვის ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა _ დაშლილ, დაქუცმაცებულ უკრაინას არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ხოლო მთვრალი რუსი გენერლის მიერ დაშინებული დასავლეთი საკუთარი თავის ერთგული დარჩა: „არ გააბრაზოთ პუტინი“.
ეს იყო სიგნალი, რომელიც პუტინმა სწორად გაიგო და ამის შემდეგ გადავიდა ღია ანექსიაზე _ რუსულმა ბლეფმა აქაც იმუშავა და ომი, რომლის შეჩერებაც ჯერ კიდევ სიმფეროპოლის აეროპორტში იყო შესაძლებელია, რეალურად აღმოსავლეთ უკრაინის შუაგულში დასრულდა.
პუტინი არ არის ყოვლისშემძლე ზეადამიანი, არც რუსები არიან სიურპრიზებით და მოულოდნელობით სავსე შეშლილები. პუტინისა და იმპერიალისტური რუსეთის მთავარი ძალაა მისი ოპონენტების სისუსტე და შიში.
როგორც კი კრემლი ეტაკება ევროპელებისა და ამერიკელების პრინციპულობას, სადაც ბლეფი არ მუშაობს _ ის უკან იხევს.
ევროპის მხრიდან პუტინისა და რუსეთის გენეტიკური შიში _ ესაა კრემლის მთავარი იარაღი და არა ბირთვული რაკეტები.

თენგიზ აბლოთია