ნიტა სიხარულიძე: „ამ პოლიტიკური რეჟიმისთვის ივანიშვილი აუცილებლად აგებს პასუხს!“

გასული წლის 20-21 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში „გავრილოვის ღამის“ სახელით შევიდა, ხელისუფლებას სიმშვიდეს, ოპოზიციასთან ერთად, ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობებიც ურღვევენ. თავდაპირველად ამ კუთხით „შეცვალე“ და „სირცხვილია“ გააქტიურდნენ. პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებას კი „გაბედეს“ შექმნაც მოყვა. მართალია, ყველა ეს ახალგაზრდული მოძრაობა ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძვის, მაგრამ „გაბედე“ სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან მაინც განსხვავდება. მთავარი განმასხვავებელი კი ისაა, რომ ეს ახალგაზრდული პლატფორმა ინტერპარტიულია, ანუ მასში, „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. ამასთან, „გაბედეში“ ამბობენ, მათი პლატფორმის წევრობა ნებისმიერ მსურველს, შეუძლია, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის და პრობლემებზე სწორედ ახალგაზრდებმა უნდა აიმაღლონ ხმა.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდები ბედავენ და ყურადღების მიღმა არც ერთ მნიშვნელოვან საკითხს არ ტოვებენ!
„გაბედე უკეთესი მომავლისთვის!“ _ ასე იწყება სოციალურ ქსელში „გაბედეს“ ანოტაცია, რომელშიც ასევე ნათქვამია:
„მოძრაობა „გაბედე“ წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთობას, რომელთა რიგებში მოიაზრება საქართველოში აქტიურად მოქმედი ყველა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, გარდა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო პარტიისა.
„გაბედეს“ დაფუძნება კიდევ უფრო მეტად დააჩქარა ყველა მოქმედი პოლიტიკური პარტიის ერთი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო გაერთიანებამ და მათ მიერ საერთო მიზნების დასახვამ. „ყველა მინუს ერთი“ _ ეს არის ფორმატი, რის გარშემოც გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები
„გაბედეში“ წარმოდგენილი ყველა სუბიექტის პარტიული კუთვნილებისა და პარტიული ანგარიშვალდებულების მიუხედავად, მოძრაობა თავისუფალია საკუთარ ქმედებებში. პარტიების ლიდერთა საერთო ფორმატში მიღწეული შეთანხმებების მიღმა ყველა სხვა სახის გადაწყვეტილება მოძრაობის სამოქმედო გეგმებისა და მეთოდების შესახებ, გადაწყდება ხმათა უმრავლესობის პრინციპით „გაბედეში“ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კენჭისყრის შედეგად.

მოახერხებენ თუ არა ახალგაზრდები ქვეყნის შეცვლას? _ „ქრონიკა+“ „გაბედეს“ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ აქტივისტ ნიტა სიხარულიძეს ესაუბრა:

_ პოლიტიკაში 2016 წლიდან ვარ ჩართული. მანამდე კი, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან აპოლიტიკური ვიყავი.
_ პოლიტიკაში ჩართვა რამ გაიძულათ?
_ 2016 წელს „ქრიტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ახლანდელი ლიდერი, გოჩა ჯოჯუა, საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა და მაშინ კოორდინატორი ვიყავი. ახლოდან სწორედ მაშინ დავინახე, საქართველოს მოსახლეობას როგორ უჭირს, რამდენი ბავშვი გვყავს მშიერი და ზოგადად, ქვეყანაში როგორი მძიმე სოციალური ფონია. აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია!
_ ახალგაზრდობა რომ ბევრ რამეს წყვეტს, ამაზე კამათი არ ღირს, თუმცა ნიტა, პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ გასული წლის 20 ივნისის მოვლენებისა და პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გამოჩნდით აქტიურად, ანუ პოლიტიკაში მოსასვლელად სამი წელი ემზადებოდით?
_ ალბათ, თვალს არ მადევნებდით.
_ პოლიტიკას ბოლო 25 წელია, თვალს ვადევნებ, მაგრამ ვაღიარებ: შესაძლოა, ვერ შეგამჩნიეთ!
_ მოკლედ, პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ გარდატეხა სწორედ ახალგაზრდებმა უნდა მოახდინონ!
ისე, საქართველოში ძალიან ცუდი ტენდენციაა.
_ რას გულისხმობთ?
_ ყველა მსხვილ პოლიტიკურ პარტიას თავისი ტელევიზია აქვს და ტელევიზიების ფუფუნება ნამდვილად არ მქონია, თუმცა ჩემს პოზიციას ყველგან და ყოველთვის ვაფიქსირებდი.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხეთ: სამოქალაქო საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ხალხის დაკვეთა შეასრულოს? ავიღოთ, მაგალითად, „გაბედე“, რომელიც რამდენიმე თვეა, ქუჩის პროტესტის ავანგარდშია. რეალობა ოდნავ მაინც შეცვალეთ?
_ დიახ, შევცვალეთ.
_ და ეს შეცვლა რაში გამოიხატება?
_ „გაბედე“ ერთი საერთო იდეისა და მიზნის, ანუ პროპორციული სისტემის გარშემო შეიქმნა. „გაბედე“ ახალგაზრდული ინტერპარტიული ფორმატია, რომელმაც ფუნქციონირება, ჩემი აზრით, მომავალშიც აუცილებლად უნდა გააგრძელოს. მოკლედ, „გაბედე“ ახალგაზრდობისთვის იმის მაგალითია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკაში ჩართულობას.
_ ანუ ფიქრობთ, რომ „გაბედემ“ ახალგაზრდები პოლიტიკით დააინტერესა?
_ ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობას ბიძგი მვეცით.
ისე, ისიც ცუდი ტენდენციაა, როცა ახალგაზრდები ამბობენ, პოლიტიკაში არ ვერევითო, თუმცა „გაბედემ“ ამ სტერეოტიპის დამსხვრევა დაიწყო და ფინალშიც გავალთ და პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა თანდათან გაიზრდება!
_ კეთილი, მაგრამ „გაბედე“ პოლიტიკურ ელიტას, კერძოდ, ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის?
_ რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს აქტივობებს თვალს ადევნებთ.
_ დიახ, ვადევნებ.
_ შესაბამისად, ალბათ, გახსოვთ, როცა ერთ-ერთ პრესკლუბში მივედით, სადაც „ოცნების“ დეპუტატები პრესკონფერენციას მართავდნენ, ისინი ჩვენი გამოჩენისთანავე გაიპარნენ.
_ ე. ი., თქვენი შეეშინდათ?
_ დიახ. მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
მოკლედ, ჩვენი მიზანია, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება გამოვაფხიზლოთ, გონს მოეგოს და უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგას, რათა ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს და ხალხს, რომელმაც აირჩია, უფრო მეტად მოუსმინოს!
_ ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობები ადრეც არსებობდა და „გაბედეს“ შექმნა აუცილებელი რატომ გახდა? სხვათა შორის, ხმა დადის, რომ ყველა მსგავსი ახალგაზრდული მოძრაობის უკან ესა თუ ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დგას. თუ ასეა, რა გამოდის _ ოპოზიციის ყველა ფრთას თავისი სამოქალაქო აქტივისტები ჰყავს?
_ საზოგადოებაში ამ მხრივაც ცუდი ტენდენციაა.
_ რას გულისხმობთ?
_ ყველაფერი ორ პოლუსადაა გაყოფილი, ანუ თუ ქუჩაში გამოდიხარ და რაღაცას აპროტესტებ, მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობა“ ხარ. ეს ხელისუფლების ნარატივია, რომელსაც იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგად იყენებს და ცდილობს, რომ სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა მიიწებოს. არადა, საზოგადოებაში არსებობს ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც _ „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა კი იმ საზოგადოებას, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს, შეუძლია, „გაბედეში“ მოვიდეს და საკუთარი განსხვავებული პოზიცია გამოხატოს. სწორედ ამიტომაა „გაბედე“ ინტერპარტიული _ ამ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი პარტიაა წარმოდგენილი.
_ „გაბედეში“ სულ რამდენი პოლიტკური პარტიის ახალგაზრდები ხართ გაწევრიანებული?
_ თუ არ მეშლება, თერთმეტი.
_ „გაბედე“ „ოცნების“ წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობაა, თუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გააგრძელებს არსებობას და უსამართლობას არც მერე შეურიგდება?
_ „გაბედე“, როგორც გითხარით, ინტერპარტიული ფორმატია.
_ ეს გავიგე, მაგრამ „გაბედე“ არსებობას არჩევნების მერეც გააგრძელებს?
_ „გაბედე“ ის ფორმატი არ არის, რომელიც ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბდება და, მაგალითად, არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. „გაბედე“ ზუსტად ისეთვე ინტერპარტიული ფორმატია, როგორიც პარტიებს შორის არსებობს.
სხვათა შორის, „გაბედეში“ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა არ არიან.
_ რატომ?
_ აქ ის შედარებით წვრილი პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებსაც ქვეყნისა და ასევე პარტიებისთვის სასარგებლო მიზანი აქვთ.
_ ეს რა მიზანია?
_ პროპორციული არჩევნები, რომლის დაპირებაც ხელისუფლებამ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მოგვცა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შეასრულა!
„გაბედე“, ჩემი აზრით, პოლიტიკაში დარჩება, რათა ნებისმიერ უსამართლობას დაუპირისპირდეს!
_ ისე, ნიტა, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სამოქალაქო თვითშეგნება პოლიტიკაზე არ გადის და ისეთი ელემენტარული რამით იწყება, როგორიცაა, მაგალითად, ქუჩის არდანაგვიანება. აი, მაგალითად, ამას წინათ შუქნიშანზე ვიდექი და ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდი: ტაქსის მძღოლმა მანქანიდან სიგარეტის კოლოფი გადმოაგდო. უკან მდგარი მანქანიდან ახალგაზრდა გადმოვიდა და მძღოლს ზრდილობიანად უთხრა, კოლოფი აიღეო.
_ ასეთ რამეებზე შენიშვნას მეც ყოველთვის ვაძლევ ხოლმე.
_ ერთი სიტყვით, სამოქალაქო ორგანიზაციამ აქციები მხოლოდ ხელისუფლებას კი არ უნდა მოუწყოს, არამედ ყველა პრობლემაზე ღიად უნდა ისაუბროს. არ მეთანხმებით, ნიტა?
_ დიახ. „გაბედე“ მხოლოდ იმაზე არაა ორიენტირებული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გააფუჭა. ჩვენ ყველა პრობლემაზე ვრეაგირებთ _ უსამართლობიდან დაწყებული, პროპორციული სისტემის ჩაგდებით დამთავრებული.
სხვათა შორის, „გაბედეს“ შექმნის იდეა ისიც იყო, რომ უფროსი თაობისთვის მაგალითი მიგვეცა.
_ ანუ?
_ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, შეხედულებისა და იდეოლოგიის მიუხედავად, ჩვენ საერთო მიზნებმა გაგვაერთიანა და ერთი მაგიდის გარშემო დავსხედით.
ამასთან, 30 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ და დროა, პოლიტიკაში ახალგაზრდები მოვიდეთ, თუმცა პირადად მე, ჯერჯერობით, დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ გამაჩნია. საქართველოში ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკოსი გვყავს, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია.
_ ნიტა, ერთი ასეთი დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი დამისახელეთ, რომლისგანაც ახალგაზრდებს მაგალითის აღება შეგიძლიათ.
_ არ მინდა, სხვანაირად გამიგოთ, მაგრამ გოჩა ჯოჯუასგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სწორედ მისნაირი ადამიანების დახმარებით მოვახერხებთ, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა, პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოვახდინოთ!
_ ნიტა, წარმატებას გისურვებთ, მაგრამ საინტერესოა, „გაბედე“ ისეთ ყბადაღებულ თემას, როგორიც კოჰაბიტაციაა და რომლის წყალობითაც „ნაც-ქოცური“ ჰიბრიდი მივიღეთ, რატომ არ აპროტესტებს?
_ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის კოჰაბიტაცია, რა თქმა უნდა, არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“ ისეთი ოპოზიციური ძალა არ იქნებოდა, როგორიც არის. ეს სწორედ ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია!
„ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნისას ძალიან სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული და პირადად ჩემთვის სასაცილო იყო, როცა „ნაციონალებმა“ პარლამენტში პლაკატი გადმოკიდეს, არა მედიაშტურმსო. იმას არ ვამბობ, რომ თუ ახლა უსამართლობა ხდება, ამაზე „ნაცმოძრაობამ“ თვალი უნდა დახუჭოს, მაგრამ ფაქტია: ყველაფერ ამას „ოცნებამ“ შეუწყო ხელი, ანუ დანაშაულის წახალისება ხდება.
_ ჰოდა, „გაბედე“ პედალირებას ამაზე რატომ არ ახდენს?
_ დაახლოებით, ორი თვეა, რაც ჩვენი პლატფორმა შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და, როგორც იტყვიან, ხელი პულსზე გვედო. მომავალშიც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მოვახდენთ რეაგირებას!
ისე, თუ დავაკვირდებით, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალების დინამიკა საკმაოდ ცუდია.
_ რას გულისხმობთ?
_ აი, მაგალითად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გაქცეულია.
_ დიახ, სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური ფასის გადახდა ბიძინა ივანიშვილსაც აუცილებლად მოუწევს!
_ ნიტა, ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ ივანიშვილი პოლიტიკურ ფასს იმ რეჟიმის გამო გადაიხდის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა!
_ ანუ პროგნოზირებთ, რომ „ოცნების“ ლიდერი შესაძლოა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს?
_ მოსამართლე არ ვარ, რომ ეს განვსაჯო, მაგრამ თავის საქციელზე პასუხს აუცილებლად აგებს!
_ ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მანამდე კი, ნიტა, მითხარით, „გაბედე“ უახლოეს მომავალში რას აპირებს, ანუ რა გეგმა გაქვთ?
_ ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა „გაბედე“ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს, აუცილებლად მოახდენს რეაგირებას!
_ ისე, „გაბედე“ სხვა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობებისგან რით განსხვავდება?
_ „გაბედე“, როგორც გითხარით, ინტერპარტიული ფორმატია, რომელშიც ძალიან ბევრი პარტიაა წარმოდგენილი, მათ შორის, მემარცხენეც, მემარჯვენეც და ცენტრისტულიც. ამიტომ ახალგაზრდებს, რომლებიც „გაბედეში“ გაწევრიანდებიან, საშუალება ეძლევათ, რომ მომავალი მისი გემოვნებისთვის მისაღებ პარტიას დაუკავშიროს!
ერთი სიტყვით, თუ გვინდა, რომ რამე შეიცვალოს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს!
_ ნიტა, საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ „გაბედე“ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ შეიქმნა. ბოლოს, მოდით, მითხარით, პროპორციული არჩევნები მნიშვნელოვანი რატომაა და საუბარიც ამ თემით დავასრულოთ.
_ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პროპორციული სისტემის წყალობით პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადავა, ანუ უფრო კონსტრუქციულ გარემოში გადავინაცვლებთ და ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება გვექნება!
საერთოდ, მრავალპარტიულობა ის არის, რაც წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება!
_ წინსვლისა და განვითარებისთვის, პროპორციულის გარდა, კიდევ ბევრი რამ გვჭირდება, თუმცა რაც უნდა იყოს, კარგია, რომ ახალგაზრდებმა გაბედეთ და ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების წინააღმდეგ ხმა აიმაღლეთ! ასე რომ, ნიტა, თქვენ და თქვენს მეგობრებს წარმატებასა და გამძლეობას გისურვებთ!

გიორგი აბაშიძე