ზურაბ ნადირაძე: „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი ძალადობა და ფინანსური რესურსი ვეღარ უშველის“

მართალია, „ქართულ ოცნებას“ ამის აღიარება არ სურს, მაგრამ დასავლეთიდან წამოსული კრიტიკით ძალიან შეშფოთებული არიან. 31 დეკემბერს, როცა ყველა საახალწლოდ ემზადებოდა, დედაქალაქის მერმა პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვები დაარბევინა. მიზეზად ის დასახელდა, რომ იქ საახალწლოდ ატრაქციონები უნდა მოეწყოთ. მაჩალიკაშვილის კარვების დარბევას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოყვა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ძალიან მალე მივიდა რუსთაველზე პროტესტის გამოსახატავად. ხელისუფლებამ პარლამენტთან სამართალდამცველებიც აფრინა. მათ აქციის მიმდინარეობისას 10 პირი დააკავეს. აქციებზე დაკავებულებს მანამდე რამდენიმე დღით მაინც უშვებდნენ საპატიმროში, ამ შემთხვევაში კი ყველა გაათავისუფლეს.

დაკავებულთა და შემდეგ განთავისუფლებულთა შორის იყვნენ ადვოკატი ბექა ბასილაია და „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ნადირაძე. ისინი მხოლოდ განთავისუფლებას არ დასჯერდნენ და ბოლომდე გადაწყვიტეს ბრძოლა. იბრძოლეს და დღეს ორივე მათგანი გამართლებულია. „ქრონიკა+“-სთან ნადირაძე ამბობს, რომ მათი განთავისუფლებაც და გამართლებაც დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის დამსახურებაა. ასეთი მწვავე კრიტიკა რომ არა, ეჭვობს, მათ საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინათ. როცა ამ ინტერვიუს ვწერდით, ცნობილი გახდა, რომ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც 20 ივნისის ღამის საქმეზე ჰყავდათ დაჭერილი. ნადირაძე ფიქრობს, რომ ესეც დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის დამსახურებაა.

ვისი მითითებებით მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი? რატომ არ მიდიან სასამართლოზე მოწმეებად ის პოლიციელები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ? რატომ არ ათავისუფლებენ „გავრილოვის ღამის“ პატიმრებს? თქვა თუ არა ოპოზიციამ უარი მწვავე პროტესტზე? გაბედავს თუ არა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ზურაბ ნადირაძე ესაუბრება:

_ თქვენ და ბექა ბასილაია სასამართლომ გაგამართლათ. ეს პირველი შემთხვევაა, რადგანაც რაც ოპოზიციამ პროტესტი დაიწყო, ყველა დაკავებული სხვადასხვა ვადით გაუშვეს საპატიმროში. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება გონს მოეგო, თუ ამით დასავლეთისთვის სურს იმის დამტკიცება, რომ აქ დემოკრატიაა და განსხვავებული აზრი არ იდევნება?
_ გასული წლის 31 დეკემბრის პარლამენტის წინ მდებარე კარვების აღებასთან დაკავშირებული პროტესტის დროს 10 პირი დაგვაკავეს. ყველა ჩვენგანი გაგვათავისუფლეს, რაც, არ დაგიმალავთ და, ჩვენთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
ბექა ბასილაიამ და მე პირველ პროცესზე უნდობლობა გამოვუცხადეთ ივანიშვილის სასამართლოს, იქ მიღებული რიგი უსამართლო გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რასაც სამართლებრივად ივანიშვილის სასამართლომაც გვერდი ვერ აუარა. ბრალის სიმსუბუქის მიუხედავად, ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, პოლიტიკური ხაზით ბოლომდე გვედავა.
მე და ჩემმა უფლებადამცველმა და „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა მოვიპოვეთ მყარი ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ დამკავებლები და დასაკითხი პილიციელები აბსოლუტურად სხვადასხვა პირები იყვნენ. იგივე ხდებოდა სხვა დაკავებული პირების შემთხვევაშიც, რაშიც მე შინაგან საქმეთა სამინისტროს უნიათობას უფრო ვხედავ, ვიდრე _ კეთილ ნებას.
ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობს აქციებზე დამკავებელ სამართალდამცველთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგება კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის გარკვეული მაღალი თანამდებობის პირებისგან, ამ პირებს კი ხელისუფლება სასამართლო პროცესებზე ცოცხალი თავით არ აჩენს. ალბათ დათქმა აქვთ ასეთი და მხოლოდ ძალადობრივი მიზნებისთვის, ანუ უკანონო ქმედებებისთვის იყენებენ მათ, ხოლო მოწმეებად საქმესთან შემხებლობაში არმყოფ პოლიციელებს გზავნიან, ანუ ავალებენ და სვრიან, რათა შემდგომშიც სათავისოდ გამოიყენონ ისინი.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ჩვენი სასამართლო გადაწყვეტილების პერიოდს დაემთხვა ევროპარლამენტიდან ხელისუფლების მისამართით გამოგზავნილი მწვავე წერილები. ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ბევრ რამეზე იყო საუბარი. უცხოეთიდან მოსულ წერილებში ავტორები ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრანტების უკანონოდ დაკავებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
აზრს არ უნდა იყოს მოკლებული ის ვერსიაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაიმწვავა ამ მიმართულებით და მოსამართლე აღნიაშვილს გამამართლებელი განაჩენის გამოტანისკენ აუნთო მწვანე შუქი. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ მათ უტიფრობას ევროპარლამენტარების განცხადებებმა სულზე მოუსწრო, რაც გადაწყვეტილების გამოტანაში „დაეხმარა“ ხელისუფლებას და კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედებისგან „იხსნა“ ივანიშვილის პარტია.
_ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები რომ არიან, ამის უარყოფა ხელისუფლებასაც უჭირს. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ხმას არ იღებს და არც მათი განთავისუფლების მოთხოვნით აწყობს აქციებს. ამას რა ახსნა აქვს?
_ ხელისუფლება ვერანაირად უარყოფს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები ირაკლი ოქრუაშვილი, ბაჩო თამლიანი, ბუდაღაშვილი და „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაჭერილი სხვა ბიჭებიც. დაკავებულთა შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, ჰუსეინ მაჩალიკაშვილიც. ის იქიდან მოყოლებული იდგა რუსთაველზე, რაც შვილმოკლულმა მამებმა კარვების აქცია დაიწყეს. მორის მაჩალიკაშვილი 6 თებერვალს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ასევე პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები გიორგი რურუა და კობა კოშაძე. ორივე მათგანს პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს, რათა მიზეზთა გამო ისინი საბრალდებო სკამზე აღმოჩენილიყვნენ. დიახაც, პოლიტპატიმრების თემა არის ხელისუფლების თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი, რაც რამდენიმე თვეა, დასავლეთიდან უმწვავეს რეაქციებს იწვევს. ეს მწვავე რეაქციები ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის, მაგრამ უძლებს. ახლა მე გეტყვით, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს რატომ ითმენს და რატომ უღირს პოლიტპატიმრების ყოლა უცხოელების ლანძღვად და გინებად: ეს, პირველ რიგში, ჩვენი პარტიის ლიდერის გამო ხდება.
ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ირაკლი ოქრუაშვილი სრულ იზოლაციაში ჰყავდეს. ის „გავრილოვის ღამიდან“ 35 დღის შემდეგ დააკავეს. ირაკლის ფაქტორი რომ არა, ხელისუფლებას დიდი ხნის გამოშვებული ეყოლებოდა 20 ივნისს დაკავებული სხვა პირები. ამ ადამიანებზე ზეწოლაც ირაკლის გამო მიმდინარეობს, _ ყველაფერს ცდილობენ, რომ მათ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცენ ჩვენებები. უნდათ, რომ მათი ჩვენებით ჩვენი პარტიის ლიდერს როგორმე კიდევ უფრო დაუმძიმონ ბრალი. ამავე მიზეზით „გაიხსენეს“ 15 წლის წინათ მომხდარი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეც. ირაკლის მეგობარი და პირადი მცველი რომ არ ყოფილიყო, არც კობა კოშაძეს ჩაუდებდნენ იარაღს და მას ციხეში არ გამოკეტავდნენ.
„გავრილოვის ღამე“ იყო მხოლოდ მიზეზი. მოგეხსენებათ, ოქრუაშვილის დაჭერაზე ფიქრი ივანიშვილმა „რუსთავი 2-ის“ მოვლენების გამო დაიწყო და 20 ივნისის აქციის აბსურდული მიზეზით მოიყვანა სისრულეში. ოპოზიციური პროტესტის ხელშეწყობის გამო ჩაუდეს იარაღი გიორგი რურუას, რომლის ციხეში ყოფნაც ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის.
რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არასათანადოდ გამოხატულ პროტესტს, ამას ორი მხარე აქვს: პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით რამდენჯერმე ჩატარდა აქცია, რაც, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი. მაგრამ რესურსების სიმცირისა და ხელისუფლების მხრიდან ხალხზე ზეწოლიდან გამომდინარე, მომიტინგეთა სიმცირე არანაირად არ არის პირდაპირპროპორციული პოლიტპატიმრების თემით ან სხვა მიმდინარე პროცესებით გამოწვეული გაბრაზებული ხალხის რაოდენობისა.
ოპოზიციამ პოლიტპატიმრების თემაზე უცხოურ ორგანიზაციებთან და დიპკორპუსთან მუშაობაზე დადო ფსონი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშობამ შედეგი გამოიღო. დასავლეთში საუბრობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს.
ბოლო პერიოდში პროტესტი არ წყდება, რაც ხელისუფლებას აიძულებს, რამდენიმე მიმართულებით უპირობო დათმობაზე წავიდეს. ინტერვიუს ჩაწერის პროცესში გავიგე, რომ მორის მაჩალიკაშვილი გაუთავისუფლებიათ, რასაც ხელისუფლება მხოლოდ თავისი ნებით, თუნდაც, მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, არ გააკეთებდა.
_ ოპოზიციის განახლებულ პროტესტზე რას გვეტყვით? ყველას ეგონა, რომ პროტესტი იქნებოდა ძალიან მწვავე, მაგრამ მსუბუქად დაიწყეს. ეს საკმარისია ივანიშვილის დასამარცხებლად? ან იქნებ, იმედი აქვთ, რომ ამას მათ მაგივრად დასავლეთი გააკეთებს?
_ ხელისუფლების არაადეკვატურობის პირობებში ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, გადაწყვიტა, სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდეს და არჩევნების გზით წავიდეს. არჩევნები სულ რამდენიმე თვეში იქნება. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხელისუფლების ცვლილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ეს არჩევნების გზით მოხდება. ისინი შესაბამის მხარდაჭერასაც გამოხატავენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლების ნდობა ხალხში დღითი დღე იკლებს და ეს არჩევნების დღეს აუცილებლად მოიტანს შედეგს, თუმცა ვხედავთ, რომ ივანიშვილმა უკვე აამოქმედა დანაშაულებრივი მანქანა არჩევნების უპრეცედენტოდ გასაყალბებლად. ეს გაყალბება ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება. ამას სამოქალაქო ერთობას დავუპირისპირებთ და არ დავუშვებთ, რომ ხალხს არჩევნები მოჰპარონ.
ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით ივანიშვილი ვერ შეძლებს ქვეყნის საბოლოო უზურპაციას. ამას არ დავუშვებთ!
შორიდან შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ ახალგაზრდების სულისკვეთება და ლოკაციური პროტესტი ძალიან აღიზიანებს „ქართული ოცნების“ ლიდერს, რადგან მისთვის ყველაფერი ფულით იზომება. მას ვერ წარმოუდგენია, რომ ფულით ვინმეს ვერ იყიდის. მას არ ესმის, როგორ შეიძლება სამშობლოს სიყვარული კუჭსა და განცხრომაზე არ გადიიოდეს.
საზოგადოებაში პროცესი დაწყებულია, ხალხი ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებულია. ამ ბრაზს ივანიშვილი მალე საკუთარ თავზე და იმ მოღალატეობრივ სინდიკატზე გამოსცდის, რომელიც მან საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით შექმნა.
_ თქვენ მიმდინარე პროტესტის აქტიური მონაწილე ხართ და მიიჩნევთ თუ არა თავს „ნაცად“? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კობახიძე ამტკიცებს, _ აქციაზე, სულ რაღაც, 60 „ნაცი“ დგასო.
_ ეს განცხადება ხელისუფლების არაადეკვატურობისა და უტიფრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, კოკა ყანდიაშვილის ტროლებისა თუ ბოტების და მსგავსი ოდიოზური პირების მეშვეობით საზოგადოებაში აქტიურად ავითარებს ბანალურ აზრს, რომ თუ ხელისუფლების რამე არ მოგწონს და პროტესტს გამოხატავ, ხარ „ნაციონალი“.
2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანას სასიკეთო ცვლილებები მოუტანა. შეუძლებელია, ეს არ ან ვერ დაინახო. რა თქმა უნდა, იმ სიკეთეების მომხმარებელი მეც ვიყავი და რომ არა წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, საგრძნობლად წინ უნდა ყოფილიყო დღეს ჩვენი ქვეყანა.
პირადად მე არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. „გამარჯვებული საქართველოა“ პირველი პოლიტიკური პარტია, სადაც ჩემს მეუღლესთან ერთად შევედი. ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იმიტომ დავდექი, რომ მინოდა, ჩემი წილი აგური დამედო ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეში.
პარტიაში შესვლა უფრო მეტად იმიტომ გადავწყვიტე, რომ ნათლად ვხედავდი, ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებას დაღუპვისკენ როგორ მიჰყავდა. ჩემს თავთან და შვილებთან აუცილებლად მართალი უნდა ვყოფილიყავი.
მკითხველი სწორად გამიგებს და თუ „ქართული ოცნება“ სამშობლოს მოყვარულ ადამიანებს განურჩევლად „ნაცებს“ ეძახის და ეს ასეა, მაშინ მეც, თქვენც და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა „ნაცები“ ვყოფილვართ. დაე, იყოს ასე დემაგოგი მეოცნებეთათვის.
„ნაცებს“ სხვას ეძახიან, ამ დროს კი თავად დამნაშავე „ნაციონალების“ კოჰორტა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში უზით, სასამართლოთი და პროკურატურით დაწყებული, შსს-თი დამთავრებული და უმძიმეს დანაშაულებებში ჰყავთ გასვრილი.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ არჩევნებზე 60%-ს აიღებენ. თავს იმშვიდებენ, თუ გვაგუებენ, რომ ცესკო ამ შედეგს დადებს? რა მოხდება, თუ მართლაც ასეთი შედეგი დაიდება?
_ ნათქვამია, ენას ძვალი არ აქვსო. ირაკლი კობახიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც დაუწერა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 52%, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა _ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. ახლა ამბობენ, 60% გარანტირებული გვაქვსო.
ყველა საერთაშორისო და შიდა კვლევით აშკარაა, რომ „ოცნების“ რეიტინგი კლებადია. ეს რომ ასეა, ამას „ქართულ ოცნებაში“ კვლევების გარეშეც კარგად ხვდებიან, ამიტომ ეპოტინებიან 77/73 სისტემით არჩევნების ჩატარებას. ვფიქრობ, მათ არ ეყოფათ სადანადო გონებრივი რესურსი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ.
სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ „ოცნებას“ ყველა მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა მოუწოდებს. სამართლიანი არჩევნებია ის ერთადერთი საშუალება, რითაც ივანიშვილის პარტია თავსაც გადაირჩენს და ქვეყანასაც აარიდებს საფრთხეს,
ხელისუფლება საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს ატყუებს, სამაგიეროდ, ვალდებულებები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და მათი მითითებებით მოქმედებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 20 ივნისის მოვლენები და ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელის შეშლაც კმარა ამის უპირობო დასტურად. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კი არ მინდა, ვინმე დავზაფრო ან დავძაბო, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს მოძალადე ხელისუფლებას და უცხოელი მეგობრებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების თითოეულ ხმას.
_ ხალხში ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილებაა, ამის მიუხედავად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მაინც თავს იკავებს, რომ თავისი პროტესტი ქუჩაში გამოხატოს. ამ ხალხს ოდესმე რამე გამოიყვანს ქუჩაში? ხალხის რაოდენობაზე კი ბევრი რამეა დამოკიდებული, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ თავების დათვლა უყვარს.
_ გეთანხმებით, „ქართული ოცნება“ საქმის ნაცვლად თითქმის ყველა აქციაზე თავების თვლითაა დაკავებული. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობა არანაირად არაა პროპორციული ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო ხალხის ოდენობისა. უკმაყოფილო გაცილებით ბევრია.
სუსი რეგიონებში, სადაც ამომრჩეველი მეტად მოწყვლადია, არასამართლებრივი და ბინძური მეთოდებით ახდენს ხალხზე ზეწოლას, საჯარო სექტორი იქნება ეს თუ _ მოსახლეობა. უამრავ ბერკეტს იყენებენ, რათა ადამიანები დააშინონ ან დამოკიდებული გახადონ საკუთარ პირობებზე. საჯარო პირებს სოციალური ქსელის ლაიქებზეც კი დასდევენ და უკონტროლებენ მას.
ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ გამოიჩინონ დიდი სამოქალაქო ვალდებულება საკუთარი ქვეყნისა და შვილების მომავლისთვის. ხელისუფლებას ვერანაირი ფინანსური თუ ძალადობრივი რესურსი ვერ უშველის. „ქართულ ოცნებას“ გადაარჩენის ერთადერთი ცივილიზებული გზა _ ჩაატაროს სამართლიანი პროპორციული თუ არა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული არჩევნები.
_ 3 თებერვალს ბაღდათში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიწვა, მათ შორის, ორსული ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი. ამ ტრაგედიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაადეკვატური კომენტარები გააკეთეს. როგორ შეაფასებთ მათ კომენტარებს? რევაზ არველაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ; გუგული მაღრაძე კი სოციალური დახმარებების მოხსნას უჭერს მხარს.
_ ხელისუფლების ქმედებები გაჭირვებული მოსახლეობისა და მოშიმშილე ბავშვების რაოდენობასთან პირდაპირ ბმაშია. არველაძესა და გუგული მაღრაძეს დაავიწყდათ, რისთვის გაუშვეს 2018 წლის ზაფხულში მათ მიერვე ხოტბაშესხმული პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან? ის „იუნისეფის“ დასკვნის გამო გაათავისუფლეს. ამ დასკვნაში ეწერა, რომ საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს.
რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა ბატონი არველაძის განცხადებები, მაშინ როდესაც კორუფციამ წალეკა ქვეყანა, 42 ოფიციალური მილიონერია პარლამენტში, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების კორუფციული სქემების ნაირსახეობას კი საზღვარი არ აქვს. ჩემი მეგობრები, ვატო გელაშვილი და ქეთი ენუქიძე, ამ თემებზე მუშაობენ და საჯაროდ გამოაქვთ თითქმის ყოვედღიურად მილიონობით ლარის დატაცების ფაქტები. დარწმუნებული ვარ, ეს კორუმპირებული ჩინოვნიკები იოტისოდენადაც არ ფიქრობენ გაჭირვებული ადამიანების ბედზე, რადგან ქვეყნის ხაზინიდან ჯერ „ქართული ოცნების“ პარტიულ ყულაბაში და შემდეგ საკუთარ ბიუჯეტში თანხის გადაქაჩვით არიან დაკავებულნი.
რაც შეეხება გუგული მაღრაძის ინიციატივას, არა მგონია, ამას მისი თანაგუნდელები დასთანხმდნენ. მაღრაძის ინიციატივა სერიოზულად არის აცდენილი რეალობას, თუმცა ამათგან არაფერს გამოვრიცხავ.

შორენა მარსაგიშვილი