მთავარი მსოფლიო „ოცნებამ“ ამერიკულ პიარსა და ლობისტებში მილიონები დახარჯა!

„ოცნებამ“ ამერიკულ პიარსა და ლობისტებში მილიონები დახარჯა!

138
0
გაზიარება

ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩიხშია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ივანიშვილის გუნდი ამერიკელი თუ ევროპელი გავლენიანი პოლიტიკოსებისგან წერილს, უფრო სწორად, გაფრთხილებას გაფრთხილებაზე იღებს. მიუხედავად ამისა, „ოცნება“ ორი ყურის პრინციპით მოქმედებს და ლამის მთელ მსოფლიოს „ნაციონალების“ მეკავშირედ ნათლავს, ანუ ხელისუფლება იმას კი არ უშვებს, რომ დამნაშავეა, არამედ ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რაც ბოლო დროს ხდება, იმის შედეგია, რომ ყოფილი მმართველი გუნდი დასავლელ პარტნიორებთან კარგად მუშაობს.

ამასთან, „ოცნება“ თავს იმითაც იმართლებს, რომ თვითონ საგარეო პიარზე საბიუჯეტო თანხებს არ ხარჯავს, თუმცა როგორც ირკვევა, ივანიშვილის გუნდი აქაც იტყუება. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნაში“, რომლის დამფუძნებელიც დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეა, აცხადებენ, რომ „ოცნებამ“ ლობისტური კომპანიების მომსახურებაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი დახარჯა და ეს მაშინ, როცა ლობისტების მომსახურების საბაზრო ღირებულება 800 ათას ამერიკულ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.
„ლობისტებისთვის ფულის გადახდა საგარეო პოლიტიკის წარმოება არაა, მთავარი პრობლემა არაპროფესიონალიზმი, ანუ ისაა, რომ საელჩოები ხელმოცარული, ჩამოწერილი პოლიტიკოსების თავშესაფარი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მაღალჩინოსანთა ცოლების დაქალების დასაქმების ადგილად იქცა. მოკლედ, თავად ივანიშვილი და ეს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას არ უყურებს, როგორც ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული ინტერესების განხორციელების მნიშვნელოვან მომენტსა და კომპონენტს. აი, ესაა ძირითადი პრობლემა.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა კატასტროფის წინაშეა და უკვე დაუფარავად საუბრობენ იმ სანქციებზე, რომელიც, პირველ რიგში, ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და პირადად ბიძინა ივანიშვილს შეეხება. კორუფცია, დემოკრატიული ფასეულობების ხელყოფა, განუკითხაობა, ნეპოტიზმი, სახელმწიფო ინსტიტუტების იგნორირება _ აი, ყველაფერ ამ ვიწრო პარტიულ ინტერესებსა და საკუთარი ჯიბის გასქელებას გადააყოლა დღევანდელმა მმართველმა პარტიამ ქვეყანა“, _ აცხადებენ „ტრიბუნაში“.
ამასთან, ირკვევა, რომ მიმდინარე წელს „ოცნებამ“ პირველი კონტრაქტი კომპანია Strate Various Inc -თან გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია საქართველოს მთავრობას აშშ-ის პოლიტიკის ანალიზსა და გენერალური სტრატეგიის შემუშავებაში უნდა დახმარებოდა. კომპანიას ასევე უნდა მოემზადებინა პრინციპული გზავნილები საქართველოს ოფიციალური პირებისთვის. ხელშეკრულება 25 იანვარს გაფორმდა და მოქმედების ვადად 31 დეკემბერი განისაზღვრა. ამ პერიოდში ყოველთვიური გადასახადი 12 ათასი დოლარია, რაც წელიწადში 180 ათას დოლარს უტოლდება.
ამას გარდა, „ტრიბუნის“ მონაცემებით, 2019 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, კომპანია Hill+Knowlton Strategies -სთან ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის ღირებულება 1,8 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც 750 ათასი დოლარი პროექტის ღირებულებაზე მოდიოდა, 1,1 მილიონი კი ფასიანი მედიაპროდუქციის წარმოებასა და განთავსებაზე უნდა დახარჯულიყო.
ამ თანამშრომლობით აშშ-ში უნდა ამაღლებულიყო ცნობიერება საქართველოს შესახებ. ყველაფერი ეს კი უნდა დახმარებოდა აშშ-ისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარებას.
Strate Various -ის პარალელურად, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება კიდევ ერთ ლობისტურ კომპანიასთან _ Chartwell Strategy Group LLC -სთან განაახლა. მომსახურების ყოველთვიური საფასური 65 ათასი დოლარით განისაზღვრა, ხელშეკრულება 12 თვით გაფორმდა.
შესაბამისად, კომპანიის მომსახურება საქართველოს მთავრობას სულ 780 ათასი დოლარი დაუჯდა.
„მოკლედ, მარტო 2019 წელს, ოფიციალური მონაცემებით, „ოცნების“ ხელისუფლებამ ლობისტურ მომსახურებაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 2,7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისადმი ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ ნულამდეა დასული. ამ სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს „ოცნების“ ხელისუფლება ხან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ცუდად ინფორმირებულობას, ხანაც საკუთარი ლობისტების ცუდ მუშაობას აბრალებს“, _ აცხადებენ პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნაში“.
„ტრიბუნის“ მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე „ოცნებას“ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის გუნდი ყველაფერ ამას უარყოფს და ისევ „ძველ სიმღერას იმღერებს“, ანუ იტყვის, რომ ის ლობისტური კომპანიები, რომლებთანაც ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული, ფარული „ნაციონალები“ იყვნენ.
ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების „ნაციონალობაში“ დადანაშაულება იქით იყოს და თავისთავად საინტერესოა, რა წერია იმ წერილებში, რომლებსაც „ოცნება“ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში იღებს?
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ერთ-ერთი წერლის არაოფიციალურ თარგმანს. აქვე გეტყვით, რომ ამ წერილს გახარიას აპარატი იმ დრომდე მალავდა, სანამ უსტარის შესახებ განცხადება კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა არ გააკეთა:
„ბატონო პრემიერ-მინისტრო გახარია, გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისკენ და დასავლეთში ინტეგრაციისკენ. თუმცა, როგორც ზოგიერთმა ჩვენგანმა თქვენ წინაშე 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში უკვე გამოვხატეთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქმულიყო დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამასთან დაკავშირებული ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენში განგაშს იწვევს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზება.
მაშინ, როცა საქართველო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ კვლავ მოგიწოდებთ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ მისი დაცულობა როგორც შიდა, ისე გარე ჩარევისგან. 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში თქვენ დაგვპირდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება. თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეისბუკს მოუწია „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელის დახურვა. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები, როგორც ჩანს, ავრცელებდა ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს, უბრალოდ მიუღებელია.
ამავე დროს, ჩვენ გვაშფოთებს ცნობები „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორების მიერ ძველი საქმეების კვლავ აღძვრის შესახებ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. ამ საქმეების ნაწილს შესაძლოა, ღირებულება ჰქონდეს, სხვები კი აღქმულია, როგორც წამყვანი ოპოზიციური ლიდერების, ახალი ამბების მწარმოებლების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობის დაცვა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, რისი გარანტიაც თქვენმა პარტიამ გასცა.
1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართველი ხალხის მძლავრ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, მოცემული იმედის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. სამწუხაროდ, ეკონომიკის ინდიკატორები მკვეთრ კლებას აჩვენებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოში იმ ფონზე, როცა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს, რის გამოც ბევრმა გადასინჯა საკუთარი ბიზნესწამოწყებები.
ამასთან, აღქმამ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სამიზნედ აქცევს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ახლა უკვე შეაჩერა არსებული ან გააჩერა შესაძლო ინვესტიციები ამერიკული კომპანიების მხრიდან ამ მნიშვნელოვან პროექტში. ეს ტენდენციები, როგორც ჩანს, ირეკლავს მზარდად არაკეთილმოსურნე ბიზნესგარემოს და მათ გამო შესაძლოა, აშშ-სგან სამომავლო ინვესტიციებიც გაჩერდეს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესტიციები ზიანს აყენებს არა მხოლოდ ქართველ ხალხსა და მათ იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თაობაზე, არამედ ასევე აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს უმნიშვნელოვანესი ჰაბი აშშ-დან ევროპასა და შუა აზიაში და პირიქით მოძრავი საქონლისთვის, რაც წაადგებოდა საქართველოს ეკონომიკას.
ამ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და კონგრესის დერეფნებში საქართველოს მიმართ არსებულ, ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერაზე უარყოფითი გავლენის არდაშვების იმედებით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა ითანამშრომლებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გაფართოების მიზნით, რათა საქართველომ, კვლავაც ბევრი სამომავლო წლის განმავლობაში, შეძლოს იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს“, _ ნათქვამია წერილში, რომელიც მიმდინარე წლის 21 იანვრით თარიღდება და რომელსაც ხელს აწერენ: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი, ასევე საგარეო კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და იმავე კომიტეტის მთავარი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი.


ერთი სიტყვით, „ოცნების“ გარშემო საგარეო განწყობა, როგორც იტყვიან, თანდათან ვიწროვდება. მართალია, ივანიშვილის გუნდი ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავს და ამბობს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება, მაგრამ აქ ის კი არაა მთავარი, თუ რას ფიქრობენ „ოცნებაში“, მთავარია, რა განწყობა აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და დასავლეთის გავლენიან პოლიტიკურ ანალიტიკოსებს.
აი, მაგალითად, „ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის“ ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესმენების წერილები სერიოზულად უნდა აღიქვას:
„ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ კონგრესში საქართველოზე ფიქრობენ და ეს კარგის ნიშანია, _ ამბობს შეპარდი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას და დასძენს, _ ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ძალაა და სამყაროს გლობალური ძალის ლინზით უყურებს. ძალიან რთულია აშშ-ში ერთ კონკრეტულ საკითხზე წარმომადგენელთა პალატის, სენატის, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების მიქცევა. ის ფაქტი, რომ კონგრესის ოთხმა წევრმა საქართველოს წერილი გაუგზავნა (ორი თვით ადრე კიდევ იყო მსგავსი წერილი) იმას ნიშნავს, რომ კონგრესში საქართველოზე ფიქრობენ.
აშშ საქართველოს პრობლემებს ვერ გადაუჭრის, ეს თვითონ საქართველომ უნდა გააკეთოს, მაგრამ აშშ-ს შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს ან ღირებულებების თანხვედრაზე განცხადება გააკეთოს საერთაშორისო ფორუმებზე.
აშშ-ის კონგრესს უკიდურესად გავლენიანი რეზოლუციების მიღება შეუძლია. ეს წერილები კარგის ნიშანი იმიტომაა, რომ ისინი მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის კონგრესში ადამიანები საქართველოზე ფიქრობენ და მას ყურადღებას აქცევენ.
საქართველოზე ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი ფიქრობს. კონგრესის წერილებთან ერთად დეკემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა კრიტიკული განცხადება გააკეთა, ასევე ევროკავშირმაც.
მსოფლიო ვერ წამოხტება ერთ დღეს და საქართველოს ყველა პრობლემას ვერ მოუგვარებს, მაგრამ ხალხი საქართველოზე ფიქრობს და მას აკვირდება. ეს კარგის ნიშანია.
საქმე ისე გამოიყურება, რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობას ასუსტებს, პრესაზე იყო ზეწოლა, გაურკვეველია დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. თუ ასე იქცევი, ამას ცხადია, სამართლიანი კრიტიკაც მოჰყვება.
შეიძლება, საქართველლოს ხელისუფლება გაბრაზდეს, რომ ვიღაც აკრიტიკებს, მაგრამ მეტი ყურადღება იმაზეა მისაქცევი, თუ თვითონ რას აკეთებს.
სხვათა შორის, ის მთავრობები, რომლებიც „ცუდად იქცევიან“, ყოველთვის იმას ამბობენ, რომ ადგილობრივი ოპონენტები უქმნიან პრობლემებს და საერთაშორისო დონეზე ამ კრიტიკას იწვევენ. ისინი საკუთარ მოქმედებებს არასოდეს აფასებენ. მაგალითად, პროპორციული სისტემა რომ მოვიყვანოთ _ საქართველოში მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ უკმაყოფილების ჩასაცხრობად მთავრობამ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. შემდეგ მთავრობა გამოვიდა და ეს დაპირება უკან წაიღო. ეს რეალობაა, რაც ოპოზიციას არ გამოუგონია.
იგივე ხდება მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. სასამართლოს კონტროლი, ზოგადად, „ნეოავტორიტარიზმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პუტინის სახელმძღვანელოა _ აკონტროლე სასამართლო, დისკრედიტაცია გაუკეთე არასამთავრობო სექტორს, შეზღუდე მედია.
აშშ-ის საელჩო, ამერიკული არასამთავრობოები ხედავენ, საქართველოში რა ხდება. მათ არ სჭირდებათ ოპოზიციის იმედზე ყოფნა იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ. ისინი არანაკლებ ინფორმაციას აწვდიან ამერიკელ პოლიტიკოსებს. იმის თქმა, რომ ამას მხოლოდ ოპოზიცია აკეთებს, უბრალოდ, არასწორია.
ჩემი აზრით, საქართველოს გარეთ ხალხი ხედავს, რომ ქვეყანაში რაღაცა პრობლემური ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს რეპუტაცია შეილახა.
მე ასე შორს არ წავიდოდი. საქართველოზე ხელი არავის ჩაუქნევია. უკმაყოფილება არა საქართველოს, არამედ საქართველოს მთავრობისკენაა მიმართული.
არავინ აკრიტიკებს ქართველ ხალხს, არავინ ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ვერ შეძლო დემოკრატიის აშენება. თუ ვინმეს რეპუტაცია ილახება, ეს მთავრობის რეპუტაციაა და არა _ ქვეყნის!“

აინტერესებს თუ არა „ოცნებას“ საკუთარი რეპუტაცია? _ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, რომ ხელისუფლება არც საკუთარ თავზე ფიქრობს და, მით უმეტეს, არც _ ქვეყანაზე, ამას ისიც მოწმობს, რომ „ოცნების“ ლიდერშიფი ამერიკელებს პრეტენზიებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იქით უყენებს. მეტიც, მაგალითად, პრემიერმა გახარიამ ისიც თქვა, რომ პარტნიორები ერთმანეთს წერილებით არ უნდა ელაპარაკებოდნენ. არადა, წერილებით საუბარი, მინიმუმ, დიპლომატიური ენაა, თუმცა ოკეანისგაღმიდან გამოგზავნილ წერილებში ტონი იმაზე უფრო მკაცრია, ვიდრე დიპლომატია მოითხოვს.

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი