მთავარი ინტერვიუ მიხეილ რამიშვილი: „სიტყვის გატეხას არ ვაპირებ და იმას, რაც ვთქვი, ბოლომდე შევასრულებ!“

მიხეილ რამიშვილი: „სიტყვის გატეხას არ ვაპირებ და იმას, რაც ვთქვი, ბოლომდე შევასრულებ!“

721
0
გაზიარება

იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა სინოდის შუამდგომლობა არსებობდა, ოპტიმისტები იმედოვნებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი საშობაოდ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა. ამ მოლოდინს ისიც ამყარებდა, რომ პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მაგრამ მიმდინარე წლის 6 იანვარს, ანუ შობის წინა დღეს, „დაფრანგულმა ქალბატონმა“, საგანგებო ბრიფინგი გამართა და გვამცნო, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მსჯავრდებულ დეკანოზს არ იწყალებდა. სხვათა შორის, ამ საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილს თეთრუაშვილი არ უხსენებია და ისევ ის ნარატივი გაიმეორა, რომ დეკანოზ მამალაძის დაჭერით თითქოს ქვეყანა დიდ უბედურებას, ანუ პატრიარქის მკვლელობას გადაურჩა.

„სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზებამ, მით უმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს; პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციებისგან დაცლას მოითხოვს. ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზედაც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას.
ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს.
დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს“, _ განაცხადა ბრიფინგზე ზურაბიშვილმა.
მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვლი ზურაბიშვილის არგუმენტებს, ბუნებრივია, არ იზიარებს და ამბობს, რომ სასულიერო პირის არშეწყალებით ქვეყნის მთავარსარდალმა ერთგვარი ვალი გადაიხადა.
ამას გარდა, მიხეილ რამიშვილი „ქრონიკა+“-სთან სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს. კერძოდ, უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ, თავის დროზე, უმაღლესი სასულიერო პირები მის ანათემაზე გადაცემასაც გეგმავდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, ერთ-ერთი მეუფის რჩევით, ამ გადაწყვეტილების მიღება გადაიფიქრეს.
ყოველივე ამის გარდა მიხეილ რამიშვილი, „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, „ციანიდის საქმის“ აქამდე უცნობ დეტალებზეც საუბრობს:

_ ბატონო მიხეილ, მართალია, ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ამის მიუხედავად, პრეზიდენტის მიერ დეკანოზ მამალაძის არშეწყალება, ვფიქრობ, მაინც აქტუალურია, მით უმეტეს, რომ პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირის შეწყალებაზე სინოდის შუამდგომლობაც არსებობდა. მოკლედ, ახლა, როცა ემოციები მეტ-ნაკლებად დამცხრალია, თქვენი აზრით, რა მოხდა, ზურაბიშვილმა და ასევე საპატრიარქომ რატომ „დაგვასპოილერა“?
_ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით ის მოხდა, რაც საპატრიარქოში მყოფ პირებს სურდათ.
_ „საპატრიარქოში მყოფ პირებში“, კონკრეტულად, ვის გულისხმობთ?
_ შორენასა და მის ჯგუფს. მათი მოთხოვნაა, რომ დეკანოზი თავისუფლებაზე არ გამოვიდეს.
_ შეწყალების შუამდგომლობა სინოდმა დააყენა. სინოდს პატრიარქი ხელმძღვანელობს. ე. ი., შორენამ და მისმა ჯგუფმა უწმინდესი „გადააგდეს“?
_ შუამდგომლობა იმდენად ფორმალური იყო, რომ თვით სინოდის უმრავლესობამაც არ იცოდა, ამ შუამდგომლობაზე რა რეაგირება მოხდა. ამიტომ წინასწარ ამბობდნენ, აი, დეკანოზი ხომ შეიწყალესო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა, მეუფეებმა თქვეს, დავინტერესდებით, რა მოხდაო.
მოკლედ, აქ „გადაგდებაზე“ კი არა, იმაზეა საუბარი, რომ ამ შუამდგომლობას ფორმალური სახე ჰქონდა და უნდოდათ, ამით ხალხისთვის ეთქვათ, აი, ამ საქმით დავინტერესდითო.
_ დავაკონკრეტოთ: სინოდის შუამდგომლობა ხალხზე იყო გათვლილი თუ მას უფრო მეუფე პეტრეს დაშოშმინების სახე ჰქონდა, ანუ სინოდმა ეს შუამდგომლობა მანამდე მიიღო, ვიდრე ის ცნობილი სკანდალი მოხდებოდა? მეუფე პეტრეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დეკანოზის შეწყალება იყო. ჰოდა, ხომ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ შუამდგომლობის მიზანიც სწორედ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის გაჩუმება იყო?
_ არა, ამ შუამდგომლობით მეუფე პეტრეს ვერც გააჩერებდნენ და ვერც გააჩუმებდნენ, რადგან დეკანოზის საქმის გარდა, მეუფეს პრეტენზია სხვა ბევრ საკითხზე აქვს და, მინიმუმ, სამართლებრივ შეფასებას ითხოვს და იმას ცდილობს, რომ რაღაც-რაღაცები სააშკარაოზე გამოვიდეს.
_ ჩვენში დარჩეს და, რაღაცების სააშკარაოზე გამოტანას თქვენც აპირებდით. ყოველ შემთხვევაში, გასული წლის მიწურულს დააანონსეთ, მხილებას ვიწყებ და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სკანდალურ მასალებს გამოვაქვეყნებო, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გამოგიქვეყნებიათ. რატომ გადაიფიქრეთ?
_ არ გადამიფიქრებია, უბრალოდ, მინდა, საზოგადოებას ყველაფერი თანმიმდევრულად და ქრონოლოგიურად ვანახო, იგივე „ციანიდის საქმეში“ ვინ და რა ფორმით მონაწილეობდა. ყველაფერ ამას ცოტა დრო კიდევ სჭირდება, თორემ იმ კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომ განცხადება გავაკეთო და მერე, რაღაცის გამო, გადავიფიქრო. გადაწყვეტილებას არასოდეს ვცვლი ხოლმე!
სხვათა შორის, ბევრმა მითხრა, ამის გამო, შესაძლოა, შენი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგესო. ამას არც მე გამოვრიცხავ და არც მეშინია, რადგან კანონს არ ვარღვევ, თუმცა ამათთვის კანონი საერთოდ არ არსებობს.
_ უკაცრავად, ვერ მივხვდი, თქვენი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რატომ უნდა დადგეს?
_ ალბათ, საზოგადოებას ახსოვს, როცა დახურული სასამართლოდან შორენა თეთრუაშვილის, სოსო ოხანაშვლისა და სხვა პირების ჩვენებები გასაჯაროვდა, პროკურატურამ საქმე აღძრა, ანუ გამოძიება იმ წყაროს ეძებდა, ვინც სასამართლოდან ეს ჩვენებები გამოიტანა. მაშინ ჩვენ, ადვოკატებიც დავიკითხეთ და ამ საქმეში ჩართული სხვა პირებიც.
_ ე. ი., არსებობს ალბათობა, რომ თქვენ წინააღმდეგ შესაძლოა, ეს საქმე „გააცოცხლონ“?
_ დიახ, შეიძლება, თქვან, გრიფით „საიდუმლო“ იყო და გასაჯაროება არ შეიძლებოდაო, მაგრამ ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ არასოდეს ჰქონია. სასამართლო პროცესები, რომელიც კანონით საჯაროა, ე. წ. მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ, დახურული იყო. ამასთან, ე. წ. ოქროს მოწმე, ირაკლი მამალაძე, რომელიც ჩემთვის „დაჟანგული მოწმეა“, ასე ვთქვათ, დაცვის ქვეშ იმყოფებოდა და ასეთ დროს კანონი ითვალისწინებს, რომ პროცესი დაიხუროს, თორემ ვიმეორებ: „ციანიდის საქმე“ გრიფით „საიდუმლო“ არ არის!
დღეს სამართლებრივი გადაწყვეტილებები ისე მიიღება, რომ ყველაფერი ეს სამართლებრივ არეალს მთლიანად გაცილებულია და აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება, საქმე ჩემზეც რომ აღძრან, მაგრამ ამის მიუხედავად, სიტყვის გატეხას არ ვაპირებ და იმას, რაც ვთქვი, ბოლომდე შევასრულებ!
_ ბატონო მიხეილ, კარგია, სიტყვას ყოველთვის რომ ასრულებთ, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით!
ისე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, თავის დროზე, განაცხადა, გიორგი მამალაძე რომ შემეწყალებინა, ამას შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირება მოყოლოდაო. ეს ფრაზა ზურაბიშვილმა „ჰაერზე“ თქვა თუ, თქვენი აზრით, რამე მინიშნება გააკეთა?
_ ზურაბიშვილის ეს განცხადება გონივრულობას აბსოლუტურად გასცდა! ეს იყო მცდელობა, რომ რეალური საქმე გადაფარულიყო და არ გამოჩენილიყო, ყველაფერ ამის უკან ვინ დგას, ანუ რეალურად თუ რატომ არ შეიწყალეს დეკანოზი!
საზოგადოებაში დაპირისპირება რას უნდა მოყვეს? თუ ადამიანს რამე ისეთი აქვს, რასაც შეიძლება, დაპირისპირება მოყვეს, რა მნიშვნელობა აქვს, ის ციხეში იქნება თუ თავისუფლებაზე? ისე, დაპირისპირება შეიძლება, გარდაცვლილმა ადამიანმაც გამოიწვიოს!
მოკლედ, ზურაბიშვილის განცხადება აბსურდი და რეალობის გადაფარვის მცდელობა იყო და მეტი არაფერი!
აქვე, დავამატებ: თუ პრეზიდენტი საქმეს გაეცნო, მაშინ საინტერესოა, რატომ განაცხადა, პატრიარქის გადარჩენა მოხდაო? დალოცვილიშვილო, დეკანოზს სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაზე ბრალი საერთოდ არ აქვს წაყენებული და შორენა თეთრუაშვილი სასულიერო პირი როდიდან გახდა? პრეზიდენტი „ციანიდის საქმეს“ არათუ გასცნობია, არამედ მასზე წარმოდგენაც არ აქვს!
_ ბატონო მიხეილ, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენზე საქმის აღძვრა შორენა თეთრუაშვილის ინტერესში შედის, მეუფე იაკობის თუ სხვა სასულიერო იერარქების?
_ ჩემზე საქმის აღძვრა მხოლოდ სასულიერო კი არა, საერო პირების ინტერესებშია!
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ როცა „ციანიდის საქმე“ მიმდინარეობდა, ჩემთან ჟურნალისტები მოვიდნენ და მითხრეს, საპატრიარქოში რამდენიმე მღვდელმთავარი შეიკრიბა და აპირებდნენ, თქვენ წინააღმდეგ უმაღლესი საეკლესიო სასჯელი გამოეტანათო.
სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რადგან უმაღლესი საეკლესიო სასჯელი მართლმადიდებლობის ჩამორთმევასა და ანათემაზე გადაცემას ნიშნავს. მახსოვს, შაბათი დღე იყო. ჟურნალისტებმა ჩემ თვალწინ დარეკეს და იკითხეს, _ რამიშვილისთვის უმაღლესი სასჯელის დადებას აპირებდით თუ არაო? უპასუხეს, _ კი, ეგ საკითხი იდგა, მაგრამ ერთ-ერთი მეუფის რჩევით, ამ ეტაპზე, თავი შევიკავეთო. ეს პასუხი ჩემი ყურით მოვისმინე და გაკვირვებული დავრჩი!
_ ბატონო მიხეილ, ეკლესია ანათემაზე თქვენ გადაცემას როდის აპირებდა?
_ აი, როცა „ციანიდის საქმის“ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა.
_ მაშინ გასაგებია, მაგრამ დეკანოზი უკვე მსჯავრდებულია, ანუ გამოძიება დასრულებულია და თქვენ საფრთხეს რატომღა წარმოადგენთ?
_ საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი არ არის და მათ აქვთ ბერკეტი, რომ მათ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ხალხზე, გარკვეულწილად, იმოქმედოს. აი, მაგალითად, თავის დროზე, 8 მარტს, ანუ სინოდის სხდომის წინა დღეს, პროკურატურამ დაჩეხილი ვიდეოკადრები სპეციალურად გაავრცელა, რათა მხოლოდ საზოგადოებაზე კი არა, წმინდა სინოდის წევრებზეც გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა. ხალხს კითხვის ნიშნები ახლაც აქვს, რაც არ აწყობთ, ანუ მაგათი დამსახურებით, ეკლესიის ავტორიტეტი ისედაც შერყეულია. უმჯობესია, ეს გაუგებრობა კი არა, შიდა სამზარეულო და სიბინძურე თავად დაალაგონ, მაგრამ შიდა და გარე მტრები ეკლესიას მიზანმიმართულად ანგრევენ!
_ გარე მტერი გასაგებია, რომ რუსეთია, მაგრამ „შიდა მტერში“ ვის გულისხმობთ, მიხეილ ბატონო? აქვე გკითხავთ: ის საერო პირები, რომლებიც თქვენ გებრძვიან, მოქმედი მაღალჩინოსნები არიან თუ ყოფილები?
_ ამ ადამიანებს გავლენა აქვთ.
იცით, რა ხდება? _ ჩემთვის ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ საეკლესიო ცხოვრება ლამის საჯარო და საბიუჯეტო სამსახური გახდა!
_ ანუ?
_ კარგი მღვდლები ღმერთმა გვიმრავლოს, მაგრამ გარკვეულ მღვდელმთავრებთან კონტაქტი მქონდა, თუმცა ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტეს.
_ ვისზე ამბობთ?
_ ანდრია იქნება თუ შიო…
ანდრია ჯაღმაიძე კი პირდაპირ ამბობს, რომ თითქოს ეკლესიის მტრები ვართ. სწორედ ეგენი წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც გარე მტრების მოქმედებას ხელს უწყობენ.
_ ბატონო მიხეილ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და პირდაპირ ვთქვათ: დეკანოზი მამალაძე მეუფე დიმიტრიმაც ხომ არ გაწირა?
_ რა თქმა უნდა, გაწირა.
_ ანუ მეუფე საკუთარ ტყავს გაუფრთხილდა?
_ ნათქვამია, ჯერ თავო და თავო და მერე _ სხვაო, თორემ როცა სულიერი მამა ხარ, არ შეიძლება, ერთ წუთას ერთს ამბობდე, მეორე წუთას _ მეორეს. შენ მიერ არჩეული ცხოვრების გზიდან გამომდინარე გევალება, რომ რაც უნდა მწარე და მტკივნეული იყოს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე თქვა, მაგრამ ამათ ყველანაირი შეგრძნება დაკარგული აქვთ და, დიახ, დეკანოზი გაწირეს!
სხვათა შორის, ძალიან დიდი მცდელობები იყო და ამას ვიღაცისგან გაგონილს არ გეუბნებით.
_ რას გულისხმობთ?
_ ჯერ დეკანოზის ძმის, თორნიკესთან მიმართებით იყო… მერე ანდრია ჯაღმაიძე ცდილობდა, რომ დეკანოზს განცხადება დაეწერა, _ შორენა, იაკობი და, საერთოდ, საპატრიარქოდან არავინაა შუაშიო, მაგრამ ეს განცხადება კი არა, აღიარება იქნებოდა. მერე მეც შემხვდა და ანდრია მეუბნებოდა, თუ ამას გააკეთებს, მერე ჩვენ პრეზიდენტთან ვუშუამდგომლებთო, მაგრამ გამიკვირდა და ვუთხარი, _ რა სისულელეს მეუბნები, ეს აღიარება იქნება და ამის შემდეგ იტყვით, აი, ხომ აღიარე და ახლა ოხანაშვილს დაადე ხელიო. თავიდან სწორედ ამას სთხოვდნენ. მოკლედ, ამ ე. წ. განცხადების შემდეგ ეტყოდნენ, აი, შენ ხომ აღიარე და პრეზიდენტთან რეკომენდაციას ვეღარ გაგიკეთებთო. სხვათა შორის, ანდრიას სიონში რომ შევხვდი, შენდობის დღე იყო… ანდრია ჯაღმაიძე, თუ კურთხევა არ აქვს, თავისი ინიციატივით, მგონი, არც ლოცულობს! ერთი სიტყვით, რაც დაავალეს, იმაზე მელაპარაკა და შესაბამისი პასუხიც მიიღო!
_ ბატონო მიხეილ, მგონი, არავის სჯერა, რომ დეკანოზი ვინმეს მოწამვლას გეგმავდა, მაგრამ მთელ ამ ამბავში ერთი კითხვის ნიშანია, ანუ პატრიარქი სამკურნალოდ კარგა ხნის წასული იყო, გიორგი მამალაძემ გერმანიაში წასვლა რატომ გადაწყვიტა?
_ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, ანუ პატრიარქს ასეთი წესი ჰქონია _ როცა უცხოეთში მიდის, ყოველთვის თან მიაქვს ეკლესიაში ჩამოსხმული საუკეთესო ღვინო, მაგრამ რადგან მაშინ გერმანიაში გადაყვანა სასწრაფოდ მოხდა, ღვინო ვერ წაიღო და დეკანოზს სთხოვეს, ორი ყუთი ღვინო ჩაეტანა.
ამას გარდა, დაცვის ბიჭები ფინანსურად უზრუნველყოფილები არ იყვნენ და დახმარება სთხოვეს. დეკანოზმა კრედიტი სწორედ ამიტომ აიღო.
_ შეიძლება, დაცვის ბიჭებმა ფინანსური დახმარება სთხოვეს, მაგრამ 21-ე საუკუნეა და დეკანოზს შეეძლო, გერმანიაში კი არ წასულიყო, არამედ ფული გადაერიცხა.
_ გასაგებია, მაგრამ წასვლა მაინც უწევდა _ ღვინოს ფოსტით ხომ არ გააგზავნიდა?
ამას თავი რომ დავანებოთ, დეკანოზი საპატრიარქოს კლინიკის დირექტორი იყო და პროტოკოლით ევალებოდა, რომ იქ, გერმანიაში ყოფილიყო.
_ თუ პროტოკოლით ევალებოდა, დეკანოზი გერმანიაში პატრიარქთან ერთად რატომ არ წავიდა?
_ თავიდან ყველა არ წაყვა. იაკობი და იგივე თეოდორეც მერე ჩავიდნენ _ ხომ გითხარით, რომ პატრიარქის გერმანიაში გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხდა და ყველა ხომ ვერ გაიქცეოდა, საქმეები აქაც ხომ ჰქონდათ?
_ ისე, ამ სამი წლის დინამიკა გვაჩვენებს, რომ დეკანოზის საქმე პერიოდულად აქტიურდება. ამის მიზეზი პოლიტიკური კონიუნქტურა ხომ არაა?
_ ცხოვრებისეული პოლიტიკაც არსებობს და პარტიულიც, მაგრამ ამ საქმეს ვერასოდეს ვერაფერი გადაფარავს!
_ გეთანხმებით, მაგრამ „ციანიდის საქმეზე“ მუდმივ პედალირებას არც ოპოზიცია აკეთებს. არადა, თუ უსამართლობაზეა საუბარი, იგივე საერთაშორისო ასპარეზზე, ვიქრობ, სწორედ დეკანოზის ქეისის წამოწევა და იმაზე პედალირება უნდა ხდებოდეს, რომ დეკანოზი პოლიტპატიმარია. ვცდები?
_ მესმის, მაგრამ იცით, სამართლებრივად როგორი სიტუაციაა?
_ როგორი?
_ სხვები საერო პირები არიან. ამ შემთხვევაში კი საქმე სხვა რამესთან გვაქვს.
_ რასთან?
_ ეს გარკვეული სახის შური და მტრობაა. საპატრიარქოში არსებულ დაძაბულობას სხვა კანონმდებლობით ვერ დაარეგულირებ, თორემ ისედაც ნათელია და ითქვა კიდეც, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილისა და იაკობის პატიმარია!
_ საპატრიარქოს შიდა მტრობა გასაგებია, მაგრამ მამალაძე საერო სასამართლომ გაასამართლა და შესაბამისად, პოლიტპატიმრის სტატუსი არ მიესადაგება?
_ საერო სასამართლო ძალიან ბევრს ასამართლებს, მაგრამ როცა მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ადამიანი პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლება.
_ კი ბატონო, მაგრამ თქვენი, როგორც იურისტისა და პოლიტიკოსის შეფასებით, იმ ტაქტიკით, რომელიც ოპოზიციას აქვს არჩეული, სართაშორისო ასპარეზზე „ოცნებას“ მოუგებს?
_ ის განცხადებები, რომელიც აშშ-ის კონგრესსა და სენატში, ასევე ევროსაბჭოში გაკეთდა, იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლებაზე ძალიან ნეგატიური შეხედულება აქვთ. ეს კი ოპოზიციის ქმედებაში კარგად უნდა აისახოს, მაგრამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, რაც გაყოფასა და გამიჯვნას არ უნდა ნიშნავდეს.
_ რა აზრთა სხვადასხვაობას გულისხმობთ?
_ გარკვეული პირების მიმართ არსებობს მოსაზრება, რომ რუსული ინტერესების გამტარებლები არიან.
_ ეს მოსაზრება მთლად უსაფუძვლო არ არის და სწორედ ამიტომ თქვენი პარტია _ „კანონი და სამართალი“ _ ოპოზიცის ე. წ. საკოორდინაციო საბჭოს გაემიჯნა.
_ დიახ, ვიცი.
_ ბატონო მიხეილ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი?
_ საერთოდ, მიმაჩნია, რომ კოალიციაში ყველა თანასწორი და თანაბარი უნდა იყოს. შესაბამისად, მნიშვნელობა არც იმას უნდა ჰქონდეს, რომელიმე პარტია ახალია თუ ძველი.
_ რა მინიშნებას აკეთებთ?
_ იყო გარკვეული საკითხები, რომელიც ისე წყდებოდა, რომ პოლიტიკური ეთიკა ირღვეოდა, ამით კი დისკომფორტი იქმნებოდა. არ შეიძლება, გარკვეული პერიოდი ვინმეს გვერდით დგომა დივიდენდების მომტანი იყოს, შემდეგ კი არადამსახურებული პოზიცია დაიჭირო.
ერთი სიტყვით, გამოსასწორებელი და ერთად გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ვიმედოვნებ, რომ გარკვეულ საკითხებზე შიგნითვე ჩამოყალიბდებიან და ურთიერთობას უფრო დაარეგულირებენ. საერთოდ, ორმაგი სტანდარტებით მოქმედება, მით უმეტეს, პოლიტიკაში, არ შეიძლება! პოლიტიკა გარკვეული პირების კი არა, ხალხის ნებას უნდა ასახავდეს!
_ ბატონო მიხეილ, საუბრის ბოლოს, მითხარით, ამ დროისთვის დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა როგორია?
_ ძალიან მძიმე.
_ ადვოკატები ხომ არ აპირებთ, რომ სასულიერო პირის შეწყალების თხოვნით კიდევ მიმართოთ?
_ კანონის თანახმად, შეწყალებაზე მიმართვა ექვსი თვის შემდეგ შეიძლება, მაგრამ არ მგონია, ეს ნაბიჯი გადავდგათ.
_ რატომ?
_ პირდაპირი მოთხოვნა აქვს, რომ დეკანოზი არ შეიწყალოს. ამით სალომე ვალს იხდის.
_ ვალს ვის უხდის?
_ პრეზიდენტი რომ გახდა, ეს საპატრიარქოდან გამომდინარეც იყო, ანუ ბევრი მეუფე აგიტატორივით გამოდის და ამბიონიდან, ქადაგების მაგივრად, პოლიტიკაზე, რუსეთზე ლაპარაკობს და ლექციებს ატარებს.
აქედან გამომდინარე ვამბობ, სალომემ ვალი გაისტუმრა-მეთქი. უფრო სწორად, მუდმივად ვალში იქნება და დეკანოზი არასოდეს უნდა შეიწყალოს!

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი