მანანა ჯებაშვილი: „ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სისტემის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა!“

მმართველი გუნდი თავს იწონებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომია, თუმცა დარგის სპეციალისტები ასე არ ფიქრობენ და ამბობენ, რომ „ოცნებამ“ ჯანდაცვის სფერო დაასამარა!
ვინ არის ქართული ჯანდაცვის მესაფლავე _ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ამჟამინდელი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თუ მისი წინამორბედი, დავით სერგეენკო? _ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი დეპუტატი მანანა ჯებაშვილი, რომელიც, ამავდროულად, სტრატეგია „აღმაშენებლის“ ჯანდაცვის პროგრამაშიცაა ჩართული, „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ მესაფლავის „ტიტულს“ მხოლოდ ტიკარაძეს ვერ მივანიჭებთ, თუმცა მან ჯანდაცვას „საკონტროლო გასროლა“ ნამდვილად დააჭედა!

როგორ უნდა აღმოიფხვრას ჯანდაცვაში არსებული პრობლემები? მზად არის თუ არა ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების, მინიმუმ, პრევენცია მოახდინოს? რა ხდება ოპოზიციაში და რატომ ებრძვის ივანიშვილი სააკაშვილს გავეშებული? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩვენი გამოცემა მანანა ჯებაშვილს ესაუბრა:

_ ქალბატონო მანანა, ვინაიდან მთელ მსოფლიოს კორონავირუსი აკერია პირზე, ჩვენც საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ, მით უმეტეს, რომ ექიმი ხართ. მოკლედ, თქვენი შეფასებით, საქართველოს 21-ე საუკუნის ეს „ჭირი“ ემუქრება თუ არა და, საერთოდ, სახელმწიფო ამ გამოწვევისთვის მზადაა?
_ ბუნებაში ვირუსების დიდი ჯგუფია, მათ შორისაა, კორონავირუსები. საერთოდ, ადამიანისა და ასევე ცხოველების კორონავირუსებიც არსებობს. ზოგჯერ ცხოველის კორონავირუსი ადამიანზე გადადის. სწორედ ასე მოხდა 2002 წელს ჰონ-კონგში, როცა კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და 800 ადამიანი გარდაიცვალა. სხვათა შორის, გარადცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ამაზე მეტიც იყო, მაგრამ მხოლოდ ამდენი აღირიცხა. 2012 წელს იგივე განმეორდა საუდის არაბეთშიც და მაშინაც კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო. ახლაც ჩინეთში კორონავირუსი ადამიანზე ცხოველიდან გადავიდა და უკვე 24 ქვეყანაშია გავრცელებული.
მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, ეს პრობლემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამ დროისთვის გარდაცვლილია უკვე სამასამდე ადამიანი. იმისთვის, რომ კორონავირუსი საქართველოშიც არ გავრცელდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია. ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევისთვის, ვეჭვობ, მზად არაა.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ აი, მაგალითად, შარშან ჩვეულებრივი გრიპის ვირუსს ვერ უმკლავდებოდნენ _ ამბულატორიებში ვირუსიანი პაციენტების რიგები იდგა, რასაც პირბადეების დეფიციტიც დაემატა. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ქვეყანაში პანდემიის საფრთხე რომ არ გაჩნდეს, ჯობია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია ახლავე დავიცვათ.
_ ქალბატონო მანანა, პანიკის საფუძველი გვაქვს?
_ 2002 და 2012 წლებში ამ ვირუსის გავრცელებას განსაკუთრებული პანიკა არ მოჰყოლია, მაგრამ შესაძლოა, ახლა უფრო ძლიერი შტამი იყოს, თუმცა ამის შესახებ ნაკლები ინფორმაცია არსებობს. შესაბამისად, იმის თქმა, პანიკის საფუძველი უნდა გვქონდეს თუ არა, ძალიან რთულია.
ასეა თუ ისე, უმჯობესია, ზედმეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ქვეყანა დავიცვათ, ვიდრე ის, რომ ეს ამბავი ზერელედ გავატაროთ და ვთქვათ, არაფერიაო.
_ ჩვენს სახელმწიფოს თუნდაც პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად უნარი შესწევს?
_ აი, სწორედ ამაში მეპარება ეჭვი, ანუ პანდემიის შემთხვევაში, მეეჭვება, სახელმწიფომ ყველაფერ ამის მართვა შეძლოს, მით უმეტეს, გაგახსენეთ, შარშან, ჩვეულებრივი გრიპის გავრცელების დროს, ქვეყანა რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. მეშინია, ახლაც იგივე არ განმეორდეს და ამიტომ სიფრთხილის ზომები თავიდანვე უნდა მივიღოთ.
_ სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ლადო ჭიპაშვილმა, ნაახალწლევს მთელი ერი დაგვზაფრა, „ქათმის გრიპს“ ვერავინ გადავურჩებითო. ამ მხრივ ეკატერინე ტიკარაძე თავშეკავებულია, მეტიც, ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსზე განცხადებაც არ გაუკეთებია. ამას რით ხსნით?
_ კარგია, რომ ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე სპეციალურ განცხადებებს თავად კი არ აკეთებს, არამედ უფრო კომპეტენტურ ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს აკეთებინებს.
რაც შეეხება ლადო ჭიპაშვილის განცხადებას, რომელიც გაიხსენეთ, ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა იყო. საერთოდ, პანიკის შექმნა მიზანშეწონილი არაა, მაგრამ მოსახლეობის გაფრთხილება აუცილებელია.
_ ზოგადად, ბევრი მედიკოსისგან მომისმენია, ტიკარაძემ ჯანდაცვა მოკლაო. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ სიმართლე გითხრათ, ჯანდაცვის სისტემის დასამარებას მხოლოდ ტიკარაძეს ვერ დავაბრალებთ, თუმცა მან საკონტროლო გასროლა ნამდვილად განახორციელა!
ზოგადად, „ოცნების“ ჯანდაცვის სისტემა თავიდანვე არასწორი იყო, ანუ რეფორმა საბიუჯეტო თანხების გამოყოფას მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორისთვის ითვალისწინებდა, თან დაფინანსებისა და მართვის არასწორი მოდელით. ყველაფერმა ამან ხარჯების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოიწვია.
ამას გარდა, არ მოხდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, მედიკამენტებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა და ა. შ.
_ ამბობთ, ტიკარაძემ „საკონტროლო გასროლა“ განახორციელაო და რას გულისხმობთ, ქალბატონო მანანა?
_ მაგალითად, 520-ე დადგენილება „საკონტროლო გასროლა“ ნამდვილად იყო. ამას გარდა, სხვა პროგრამებიც რეალურად დეფიციტურია, რაც საბოლოო დასამარებაა.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ე. წ. საყოველთაო ჯანდაცვა მაისამდე შეწყდა. ამის შესახებ რა იცით და, საერთოდ, უფასო ჯანდაცვის პროგრამამ ქვეყანას რამე სიკეთე მოუტანა?
_ კონსტიტუციით, ჯანმრთელობის უფლება ყველა ადამიანს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე არავინ უნდა დარჩეს. ადამიანებისთვის, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ, დიახაც, ჯანდაცვა უფასო უნდა იყოს. მთავარია, სახელმწიფომ ეს პროგრამა ხარჯეფექტიანად, ანუ სწორი დაფინანსების მოდელით განახორციელოს.
ერთი სიტვით, ე. წ. უფასო ჯანდაცვა ცუდი ნამდვილად არაა და სიკეთე მოაქვს, ოღონდ არა ასეთი ფორმითა და მოდელით, როცა ხარჯები კოლოსალურად იზრდება, სინამდვილეში კი გაუმჯობესებას ვერ ვიღებთ, ე. ი., დაავადების მაჩვენებელი არ მცირდება. არადა, ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი სწორედ ჯანდაცვაზე მიდის, მაგრამ ზოგიერთ ნოზოლოგიაში ავადობა და სიკვდილიანობა გაზრდილია!
_ „ოცნება“ „ცე“ ჰეპატიტის პროგრამითაც ამაყობდა, თუმცა როგორც გაირკვა, მედიკამენტებს ვადა გაუვიდა და გადაყარეს. ამის გამო სერგეენკოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს თუ არა?
_ „ცე“ ჰეპატიტის პროგრამით ჯანდაცვის სამინისტრომ კი არა, იმ ქართველმა ექიმებმა უნდა იამაყონ, რომელთა კისერზეც ამ პროგრამის წარმატებით შესრულებამ, ასე ვთქვათ, გადაიარა!
ამასთან, მადლობა აშშ-ის მთავრობასაც უნდა ვუთხრათ, რომ ეს პროგრამა დააფინანსა.
ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ კი ისიც ვერ მოახერხა, რომ პაციენტები პროგრამაში ჩაერთო. ყველაფერ ამას მრავალმილიონიანი პრეპარატების გადაყრა მოყვა, თუმცა ამ ზარალის მიუხედავად, სამართლებრივად, სერგეენკოს პასუხისმგებლობა, ვფიქრობ, ვერ დადგება, მაგრამ კანონის წინაშე პასუხს ყველა ერთნაირად აგებს.
_ უკაცრავად, სერგეენკოს პასუხისმგებლობის საკითხი რატომ ვერ დადგება?
_ ამხელა ზარალის მიუხედავად, ჩემი აზრით, არ არსებობს მუხლი, რომლითაც შესაძლოა, სერგეენკო გასამართლდეს. აქ იმაზეა საუბარი, რომ მან მასზე დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. იმას კი ნამდვილად ვერ ვიტყვი, კორუფციას ჰქონდა თუ არა ადგილი _ ეს დიდი ცილისწამებაა.
_ ქალბატონო მანანა, როგორც ვიცი, აქტიურად ხართ ჩართული „სტრატეგია აღმაშენებლის“ ჯანდაცვის პროგრამაში. ოპოზიცია ჯანდაცვის სფეროს გაჯანსაღებას როგორ აპირებს?
_ საამისოდ მთელი კონცეფცია არსებობს: მთავარი, რაც უნდა მოხდეს, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკაა. მოგეხსენებათ, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადება არათუ ადვილად განკურნებადია, არამედ მცირე დანახარჯებსაც მოითხოვს.
ამას გარდა, საჭიროა, რომ სახელმწიფო პროგრამები უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც უნდა გაიზარდოს. აი, მაგალითად, თურქეთში უკეთესი ხარისხის წამლები გაცილებით იაფია, ვიდრე _ საქართველოში.
ყველაფერ ამის პარალელურად, ელექტრონული ჯანდაცვაც უნდა დაინერგოს, ჯანდაცვის დაფინანსებისა და მართვის სისტემა კი უფრო პროგრესული და დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებული მოდელით შეიცვალოს.
ეს ჩვენი კონცეფციის ძირითადი თეზისებია და თითოეულ პუნქტზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება.
_ მესმის, მაგრამ მარტივად მითხარით, ყველაფერი ეს განხორციელებადია, ქალბატონო მანანა?
_ რა თქმა უნდა. სხვათა შორის, 2003 წელს, პირველადი ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება იმის გამო ვერ დავიწყეთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სულ 500 მილიონი იყო, მაგრამ ახლა, როცა ამხელა ბიუჯეტია, პირველადი ჯანდაცვის პროგრამა აუცილებელია, რადგან ამით, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხარჯები, რაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, დაიზოგება!
ერთი სიტყვით, პირველადი ჯანდაცვა ყველაზე იდეალური ფორმაა, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა განახორციელოს!
აი, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის კი, მინიმუმ, მონოპოლიები უნდა დაინგრეს და სხვა ღონისძიებებიც გატარდეს. ამას გარდა, მას, ვისაც ამის საჭიროება აქვს, მედიკამენტები აუცილებლად უნდა დაუფინანსდეს. საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში პაციენტზე გარკვეული თანხა იხარჯება, მაგრამ გამოკვლევებისა და მკურნალობის შემდეგ პაციენტს იმის თანხა აღარ აქვს, რომ კარგი და საჭირო რაოდენობის მედიკამენტები შეიძინოს. ე. ი., თანხა კი იხარჯება, მაგრამ ადამიანი ბოლომდე არ იკურნება და ეს ნახევრად გაკეთებული ჯანდაცვაა.
სხვათა შორის, ჯანდაცვის სფერო ყველა ქვეყანაში ელექტრონული სისტემით გაუმჯობესდა და ამის გაკეთება ჩვენთანაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ჯანდაცვაში პრიორიტეტად ონკოლოგია ავირჩიეთ და გიორგი ვაშაძის ინიციატივით, სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში ონკოლოგიის მართვის ცენტრი შეიქმნა, რომელიც ეფუძნება სამ პრინციპს: ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მაღალი დონის მკურნალობას. ყველაფერი ეს კი სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში დაფუძნებული „ონკოლოგიის მართვის ცენტრი“, უახლოეს მომავალში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებთან გააფორმებს, რაც ონკოლოგიის დარგის განვითარებაში დაგვეხმარება.
საერთოდ, ონკოლოგიური პაციენტების უმეტესობა საქართველოდან სამკურნალოდ უცხოეთში მიდის. ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შევუქმნათ შესაძლებლობა, სამშობლოში ისეთი მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიიღოს, როგორსაც განვითარებული ქვეყნების პაციენტები საკუთარ სახელმწიფოებში იღებენ!
_ რაც შეეხება პრემიერის იმ ყბადაღებულ ბრძანებას, რომელმაც კარდიოკლინიკები ლამის დახურვის პირამდე მიიყვანა, ეს დადგენილება არაპროფესიონალიზმის შედეგია თუ ვინმეს ბიზნესინტერესებისთვის, როგორც იტყვიან, გზის გასუფთავება იყო?
_ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების მიხედვით, სახელმწიფომ ტარიფები ყველაზე უფრო განვითარებულ, მაღალტექნოლოგიურ და ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო მმიმართულებებზე შეამცირა, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოქირურგია, არითმოლოგია და ნევროლოგია.
ამასთან, ამ დადგენილებითვე, ზოგიერთ შემთხვევაში, ტარიფი სამედიცინო თვითმომსახურებაზე გაცილებით ნაკლებია, ანუ მკურნალობის ღირებულება პირველ, მეორე და მესამე დონის განყოფილებებში იმდენად შემცირებულია, რომ მოსალოდნელი ზარალის გამო, შესაძლოა, ინტენსიური საწოლების რაოდენობა შემცირდეს. აი, სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, მით უმეტეს, რომ ინტენსიური საწოლების რაოდენობა საკმარისი არც აქამდე იყო.
ყველაფერი ეს კი, დიდი ალბათობით, პაციენტის მკურნალობის ხარისხს გააუარესებს.
სხვათა შორის, მთავრობამ 520-ე დადგენილება ისე მიიღო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ტარიფების შესახებ მოლაპარაკება არც დარგობრივი სფეროს ასოციაციებთან გაუმართავს, არც _ სამედიცინო სფეროს მიმწოდებლებთან და არც _ სამედიცინო პერსონალთან!
ისიც მნიშვნელოვანია, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ დადგენილების ამოქმედება არ გადაავადა, რათა ყველა პრობლემური საკითხი განხილულიყო და ისეთი გონივრული ტარიფები დამტკიცებულიყო, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად ასახავდა!
ერთი სიტყვით, ყველაფერ ამით ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებსა და სამედიცინო პერსონალს კი არა, პაციენტებსაც აზარალებს! შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდება.
_ ქალბატონო მანანა, ნუთუ, ზემოხსენებული დადგენილების ავტორებმა ვერ გათვალეს, ყველაფერი ეს რას გამოიწვევდა?
_ დღეს ჯანდაცვას იმდენად არაპროფესიონალი კადრები მართავენ, რომ არ გამოვრიცხავ, ეს ნაბიჯი არაპროფესიონალიზმითვე იყოს გამოწვეული, თუმცა არც ბიზნესინტერესების ნაკლებობაა!
_ ისე, როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამისთვის ტენდერებს არ აცხადებს. აი, მაგალითად, მაქვს ინფორმაცია, რომ დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის ინსულინი არ შეიძინეს. ამას რა ჰქვია?
_ დიახ, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობს _ ზოგიერთ შემთხვევაში, ტენდერი არ ტარდება, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი უფრო ისაა, რომ პროგრამები დეფიციტურია და ამის გამო სამედიცინო მომსახურება დაბალი ხარისხისაა! ხოლო დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება რას ნიშნავს, მგონი, განმარტებას არ საჭიროებს!
ამას გარდა, დეფიციტური პროგრამების გამო ამა თუ იმ პროგრამაში შესაძლოა, ის პაციენტები ვერ ჩაერთონ, რომლებიც ამას საჭიროებენ!
რაც შეეხება დიაბეტით დაავადებული ბავშვების პროგრამას, ამბობენ, რომ მათი ინსულინით უზრუნველყოფა პირველი მარტიდან დაიწყება. ჩემი ინფორმაციით კი დიაბეტით დაავადებული მოზრდილების ინსულინით უზრუნველყოფის ტენდერი არ ჩატარებულა.
_ ჯანდაცვის უწყება სოციალურ საკითხებსაც კურირებს. როგორც ცნობილია, ათასობით ადამიანს სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტი დაიზოგოს თუ ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული?
_ ცხადია, გეთანხმებით, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი ძალიან ბევრს მოუხსნეს. არადა, ბოლო წლებში იმდენი ადამიანი გაღატაკდა, რომ პირიქით უნდა მომხდარიყო, ანუ კი არ უნდა მოეხსნათ, არამედ სოციალური დახმარება მრავალისთვის უნდა დაენიშნათ!
ისე, რომ ვხედავდე, ქვეყანაში რამე სერიოზული პროექტი ხორციელდება, ვიფიქრებდი, ამ პროგრამებზე თანხა დაზოგესო, მაგრამ ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში ძაღლის თავი სადაა დამარხული!
_ დასამალი არავისთვისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახლანდელ ოპოზიციას თუ აქვს გეგმა, რომ ამ კუთხით არსებული ვითარება სწრაფად გააუმჯობესოს?
_ ოპოზიცია გეგმავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები რეალურად გაზარდოს და ისეთი პროექტები განახორციელოს, რომელიც საქართველოს წინსვლისა და განვითარების საშუალებას მისცემს, მაგრამ მანამდე ვგეგმავთ, რომ ბავშვთა შიმშილიანობა აღვკვეთოთ!
_ ამას როგორ გააკეთებთ?
_ სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში ათი ათასობით ბავშვი შიმშილობს, ანუ იმ საკვებს და იმ რაოდენობით ვერ იღებს, რაც მისი ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია.
პირადად ჩემი ინიციატივაა, რომ სოციალური პაკეტებიდან ბავშვთა სოციალური დახმარების პაკეტი ცალკე გამოიყოს, რომელიც კვლევებზე დაყრდნობით განისაზღვრება და ბავშვთა ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას უზრუნველყოფს! ჯერჯერობით ქვეყანას იმის საშუალება არ გააჩნია, რომ მდიდარ და ღარიბ ბავშვს რამე სახის დახმარება ერთნაირად გამოუყოს, ამიტომ მთელი დახმარება მათკენ უნდა მივმართოთ, ვისაც ყველაზე ძალიან უჭირთ!
_ ბოლოს, ქალბატონო მანანა, ოპოზიციაზეც გკითხავთ: თავს უხერხულად არ გრძნობთ, ე. წ. საკოორდინაციო საბჭოში პროდასავლური პარტიების გვერდით ნინო ბურჯანაძეც რომ ზის?
_ რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ძალიან კარგად იცით, ანუ ე. წ. არგაღიზიანების პოლიტიკას არ ვეთანხმები, რადგან სწორედ ამ პოლიტიკის გამო მხოლოდ 2019 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე რუსეთმა საქართველოს 12 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია წაიღო! _ ჩორჩანისა და პერევის ტყის მასივებს ვგულისხმობ. სხვათა შორის, ეს ტერიტორიები ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასოდეს ყოფილა!
საქართველოს ხელისუფლება კი მთელ ამ პროცესს დუმილითა და ე. წ. არგაღიზიანების პოლიტიკით უწყობს ხელს! ამასობაში კი რუსეთი დანარჩენი საქართველოს დაპყრობასაც მოინდომებს.
რაც შეეხება ბურჯანაძეს, გლობალურ საკითხებში არ ვეთანხმები, თუმცა ფაქტია, რომ პროპორციული არჩევნები მასაც უნდა!
_ ისე, ოპოზიციამ გრიგოლ ვაშაძეზე იერიში რატომ მიიტანა? „გირჩის“ განცხადებას ვგულისხმობ.
_ როცა ბურჯანაძის პარტიასთან თანხვედრა არ გაქვს, მაგრამ პროპორციული არჩევნებს გამო მასთან ზიხარ და, ამ დროს, გრიგოლ ვაშაძეზე ამბობ, მის გვერდით არ დავჯდებიო, ეს ჩემთვის გაუგებარია.
საერთოდ, ხალხი გადაწყვეტს, ვისი რა მონაპოვარია და ამიტომ ამაზე დავა არასერიოზულად მიმაჩნია!
_ გვეშველება რამე?
_ მაშინ გვეშველება, როცა საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური ძალები გაიმარჯვებენ.
_ გაიმარჯვებენ?
_ დიახ, ვფიქრობ, გაიმარჯვებენ, თუმცა ამისთვის თავდადებული და თავგანწირული ბრძოლაა საჭირო. ამ ბრძოლაში უკან დასახევი გზა არ არსებობს და მჯერა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ!
_ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ოპოზიცია „ოცნებას“ დაამარცხებს?
_ მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოში ყოფილიყო, „ოცნება“ უკვე დასრულებული იქნებოდა. ამას ყველა ხვდება და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აღიარებს და ვინ _ არა!
სხვათა შორის, თვით ბიძინამაც იცის, რომ მიშა მას დაამარცხებს! სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე გავეშებული სწორედ ამიტომაც ებრძვის!

გიორგი აბაშიძე