ლევან ხაბეიშვილი: „ჩემზე თავდასხმა კალაძემ დაუკვეთა“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, შესაძლოა, წლის დაუნდობლის სტატუსს გამოჰკრას ხელი. იანვრის მთავარი მოძალადეობა უკვე გარანტირებული აქვს. ოპოზიციონერს, რომელსაც ტელეკამერების წინ „ოცნების“ წევრები ჯგროდ დაესხნენ თავს, ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს და 2000-ლარიანი გირაოც შეუფარდეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ის ხაბეიშვილმა დაალილავა და ტკივილი მიაყენა. არადა, მანამდე იგივე ზარქუა მედიასთან ძველი ბიჭივით ტრაბახობდა, ხაბეიშვილს დამსახურებულად მოხვდაო.

მიაყენა თუ არა სინამდვილეში ტკივილი ზარქუას ხაბეიშვილმა? ვინ დგას მასზე განხორციელებული თავდასხმის უკან? როგორ ემუქრებოდა მას საჯაროდ თბილისის მერი? რატომ არ აპირებს გაჩერებას საკრებულოს დეპუტატი? რატომ ეცოდება მასზე თავდამსხმელი მეოცნებეები? _ ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ლევან, მთელმა საქართველომ ნახა, თუ როგორ დაგესხნენ თავს „ქართული იოცნების“ დეპუტატები. მათ რომ ამის გამო არავინ დასჯიდა, ვიცოდით, მაგრამ თქვენ თუ წაგიყენებდნენ იქით ბრალს, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. თავად კი ამბობდით, შეიძლება, მე წამიყენონ ბრალიო და მართლა ასე მოხდა.
_ ასე მოხდა და ახლა შეიძლება, მჩხიბავობაც დამაბრალონ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. ირაკლი ზარქუა, რომელიც ახლა ამტკიცებს, რომ ტკივილი განვაცდევინე, დიდი ხანია ცდილობს პროვოკაციაზე ჩემს წამოგებას. 24 იანვრის ინციდენტამდე კარგა ხნით ადრე შემომივარდა სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომლის წევრიც არ არის. ჩემს მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა აგრესია, რაც მასთან და მის ოჯახთან დაკავშირებული კორუფციული სქემები გავშიფრე. მას ნახევარი მილიონი ლარის ქონება გაუფორმეს ერთ ლარად. ეს თარაშ შურღაიამ გააკეთა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდა.
„ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც კორუფციაში არ მემხილებინა. კახა კალაძე ძალიან ბევრს იპარავს, მას არც სხვა თანამდებობის პირები ჩამორჩებიან. ამ ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათ შავბნელ საქმეებს ვასაჯაროებ. მათ დიდი ხანია უნდათ, რომ სამაგიერო გადამიხადონ. მაღალ თანამდებობაზე არასდროს ვყოფილვარ, რომ რაღაცის გაფუჭება და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა დამაბრალონ. ასეთი რამე არ მომხდარა და ამას ყველაზე ზღვარგადასული „ქოციც“ კი ვერ იტყვის ჩემზე. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო პროვოკაციაზე ჩემი წამოგება.
პირველი პროვოკაციის მოწყობა გასული წლის ბოლოს სცადეს. ამისთვის გიორგი დოხტურიშვილი გამოიყენეს. ეს ადამიანი დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატია საკრებულოში, რამდენიმე წლის წინ კი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო. ეს ინციდენტი ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს მოჰყვა. ამ უკანასკნელმა ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გალანძღა.
_ კუხიანიძე ახსენეთ და ამ კაცმა თქვენზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო, მაგრამ იქვე დაამატა, ხაბეიშვილი საკრებულოს სხდომებზე ცირკების დადგმას უნდა შეეშვასო.
_ ძალადობა დაგმო, მაგრამ ჩემთვის მისი განცხადება არაფერს ნიშნავს. ის იმდენად ანტისახელმწიფოებრივი ადამიანია, რომ მის ერთ სიტყვასაც კი არ აქვს ჩემს თვალში ფასი. ისე, მან უმრავლესობას ისიც ჰკითხა, კორუფციასთან მებრძოლი ხაბეიშვილი რატომ არ გიყვართო? იქვე დაამატა, მე რატომ გამრიცხეთ პარტიიდან და ირაკლი კობახიძე რატომ დატოვეთ ბატონ ბიძინასთანო? მისი სიტყვები, როგორც უკვე გითხარით, არაფრისმომცემია და ისევ იმ პროვოკაციაზე გავაგრძელებ საუბარს, რომელიც შარშან კუხიანიძის საქმეზე მომიწყვეს.
არანაირი შეხება არ მქონდა გიორგი დოხტურიშვილთან, მაგრამ ის წამოხტა და ყვირილი დაიწყო, უზრდელი ხარო. ცდილობდა, პროვოკაციაზე წამოვეგე. არ გამოვიდა. თან „ოცნებაში“ მიხვდნენ, რომ ერთი ადამიანი ამას ვერ ერევა და არც პროვოკაცია გამოდის. ამიტომ გადაწყვიტეს, საქმეში კუნთმაგარი და გაუნათლებელი ტიპები ჩაერთოთ. 24 იანვრის სხდომაზე ასეთი ორი ტიპი ჩემ გვერდით აღმოჩნდა. ისინი იმ კომისიის წევრებიც არ არიან, ისე შემოვიდნენ კომისიის სხდომაზე.
_ ავთანდილ ცინცაძეზე და ალექსანდრე ხუჯაძეზე საუბრობთ?
_ დიახ. ისინი კომისიის წევრები არ არიან და მხოლოდ იმიტომ შემოვიდნენ იქ, რომ ჩემი პროვოცირება მოეხდინათ. „ოცნებას“ არ დაუმალავს, რომ ჩემი განცხადებები არ მოეწონა. მე სხვადასხვა ტოქშოუში მოვყევი, თუ როგორი სოციალური უთანასწორობაა თბილისის საკრებულოში. თავად 5000 ლარს იღებენ თვეში, დამლაგებლებს კი 196 ლარს უხდიან. ეს არ არის ნორმალური ამბავი.
ამ საკითხზე ამ დღეებში ვესაუბრე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გადაუხადო თვეში 196 ლარი იმ ქალს, რომელიც, სულ მცირე, 10 წელია, შენს კაბინეტს ალაგებს. ეს ტყემალაძე ხომ საკრებულოში დაიბადა და გაიზარდა. „ნაციონალების“ დროდან იქ ზის. ახლა ჩვენკენ რომ იშვერს ხელს, მისგან ერთი სიტყვა არ გამიგია „ნაციონალების“ საწინააღმდეგოდ თქმული. დამლაგებლებმა არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის ტყემალაძეს, მაგრამ იმან არაფერი გააკეთა. დამლაგებლებს ვერ მოუგვარა პრობლემა და ამან თბილისს რა უნდა გაუკეთოს? ახლა უნამუსოდ ამბობენ, კანონი არ გვაძლევს შესაძლებლობას, დამლაგებლებს ხელფასი გავუზარდოთო.
_ დამლაგებლისთვის ხელფასის გაზრდას კანონი კრძალავს?
_ რა თქმა უნდა, არა. რაღაცას ბოდავენ. ისეთი უნამუსო როგორ უნდა იყო, რომ თქვა, დამლაგებლებისთვის ხელფასის მომატების უფლებას კანონი არ გვაძლევსო?! ასეც რომ იყოს, კანონების მიღება და არსებულის შეცვლა მაგათ ხელში არ არის? თავად კარგად იორმაგებენ ჯამაგირს, მაგრამ დამლაგებლისთვის არ შეიძლება. თურმე ამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია წყვეტს. ტენდერს საკრებულო არ აცხადებს და პირობებსაც ისინი არ დებენ? დამლაგებლების პრობლემის მოგვარება თუ უნდათ, ამის გაკეთება ნახევარ საათში შეიძლება.
ცოტა გადახვევა გამომივიდა, მაგრამ ამ თემას მოჰყვა ის, რაც 24 იანვარს საკრებულოში მოხდა. ამის გამკეთებლები არიან კალაძის ჭინკები. ისინი სწორედ თბილისის მერის დავალებით დამესხნენ თავს. ამ ქვეყნის მთავარი კრიმინალი არის ვახტანგ გომელაური, პროკურატურა კიდევ კრიმინალების მფარველია. მე დამესხნენ თავს და აქეთ მე წამიყენა ბრალი საგამოძიებო უწყებამ. შსს-მ ისეთი საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარა, რომ კინაღამ სასტიკ დამნაშავედ გამომაცხადეს. ძალადობის მუხლით ბრალი ზარქუას ჩვენების საფუძველზე წამიყენეს. იმ ზარქუას ჩვენების საფუძველზე, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე ეთერებში ამაყად გაიძახოდა, ჩვენ შორის შეხლა-შემოხლა მოხდაო; ვინ უნდა სცემოს ხაბეიშვიილმა, მაგის საცემი ვინ არის, იქით წავუთაქეთო. ამ ტრაბახის მერე გამოვიდა და ამტკიცებდა, ხაბეიშვილმა მცემაო. სახეზე მანამდე არაფერი დაზიანება არ ეტყობოდა და მერე საიდან გაუჩნდა? ჩიტმა მოიტანა, ჰაერმა? იქნებ, თავად მიიყენა ეს დაზიანებები, მე რა ვიცი.
_ შეიძლება, სხვამ სცემა.
_ შეიძლება, მაგრამ 24, 25 და 26 იანვარს არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა. მე კი არ მეტყობოდა, ყველაფერი ზედ მეწერა. ის, რაც საკრებულოში 24 იანვარს მოხდა, ეს არ ყოფილა ერთი-ერთზე ჩხუბი, ეს ადამიანები მე ლაჩრულად დამესხნენ თავს. იქ არც აფექტურ მდგომარეობაში ყოფილა ვინმე. ის კუნთმაგარი ტიპები შეგნებულად შემოვიდნენ და დაიწყეს პროვოკაციული განცხადებების გაკეთება. მათი სურვილი იყო, რომ პირველს მე დამერტყა და მერე დამსეოდნენ. ეს არ გამოვიდა, რადგან როგორც კი ისინი ჩემ გვერდით დასხდნენ, კამერების თანდასწრებით განვაცხადე, რომ ისინი იქ სკანდალის მოსაწყობად იყვნენ მოსული. ეს რამდენჯერმე გავიმეორე.
ამ ორმა კუნთმაგარმა ჩემი პროვოცირება რომ ვერ მოახერხა, მერე საქმეში თარაშ შურღაია ჩაერთო, რომელიც ჯერ ხელში მირტყამდა, მაგრამ არ ავყევი. ირონიულად შევხედე და ეს ხელი გამოვწიე. ამან რომ არ გაჭრა, წამოდგა და ჩუმად, მალულად უკნიდან წამომარტყა თავზე ხელი.
_ ამაზე კი გადაირიეთ.
_ ბუნებრივია, რეაქცია მქონდა და კი ნახეთ, რაც მოჰყვა ჩემს რეაქციას. დამესივნენ. ამას კრიმინალებიც კი არ იკადრებენ.
_ კრიმინალები ყველაფერს იკადრებენ.
_ არა, არა. ასეთი რამეები არავისთვის მისაღები არაა. არ არსებობს ცხოვრების წესი, რომელიც ასეთ საქციელს ამართლებს. კრიმინალი რომ კრიმინალია, იქაც არ არის ეს გამართლებული. ჯერ აქეთ-იქით დამისხდნენ, ალყაში მომაქციეს, მერე თავზე ხელი წამომარტყეს და როცა წამოვხტი, დამესივნენ. 4 კაცი ერთს რომ დაესევა, ეგ არაფერში ჯდება. წაქცეულსაც მირტყამდნენ და ბოლოს კინაღამ სკამი ჩამარტყეს. ეს ხომ ყველაფერი კამერებით არის გადაღებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო კახა კალაძის დაკვეთა, რომელსაც მწვანე შუქი აუნთო პროკურატურამ და გომელაურმა. ამ ადამიანსაც აქვს ჩემ მიმართ პირადი წყენა.
_ მას რაღა აწყენინეთ?
_ სუსის უფროსი როცა იყო, სასახლე წამოჭიმა და ეს გავასაჯაროვე. ეს სასახლე ნათესავების სახელზე ჰქონდა გაფორმებული. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად დავადგინეთ, რომ ეს ძვირადღირებული სასახლე მისი იყო. ამის შესახებ გომელაური, ბუნებრივია, ინფორმირებულია. არ მიკვირს, გომელაურმა ამ ძალადობას მწვანე რომ აუნთო. არც პროკურატურისგან გამკვირვებია. ამ უწყებას ხომ დღემდე ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებს. მასთან დაკავშირებით ისეთი რაღაცები ამოვქექე, რომ ლამის მის წინააღმდეგ საქმე აღვაძვრევინე. ყველამ იცის, რომ ამ კაცმა ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი მიითვისა და რაღაც პერიოდი ქვეყნიდანაც კი იყო გაქცეული, გერმანიაში იმალებოდა. რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან ვაწუხებ კორუმპირებულ ჩინოსნებს და ჩემი დასჯა გადაწყვიტეს საჩვენებლად. პირველ დღეებში ამაყად ამბობდნენ, ხაბეიშვილი ვცემეთ, წავუთაქეთ, „მივაჩმორეთო“. ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ხალხში. არც მე გავჩერდი და მიხვდნენ, რომ იოლად დასაჩაგრი ადამიანი არ ვარ. როცა სიმართლე შენს მხარესაა, იოლად ვერავინ დაგჩაგრავს. მათგან განსხვავებით ვაჟკაცობაც მაქვს და ღირსებაც. არც ზოგიერთივით დავმალულვარ.
_ დამალვა კი არა, უფრო გამწარებულმა დაიწყეთ ხელისუფლების მხილება.
_ ამ თავდასხმის შემდეგ ბრძოლის სურვილი კიდევ უფრო გამიძლიერდა. კი ამაყობდნენ, ხაბეიშვილს თავში წამოვარტყითო, მაგრამ თავში წამორტყმულები თავად დარჩნენ. დედას გეფიცები, თუ არ მეცოდებოდნენ ეს უბედურები, მათ შორის, ზარქუაც.
_ რა სჭირთ მაგათ შესაცოდი?
_ როგორ არ არიან ცოდოები. ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცივით გამოიყენა ისინი კალაძემ. ეს სამი _ შურღაია, ხუჯაძე და ცინცაძე პირდაპირი მნიშვნელობით გააუბედურა.
_ რანაირად გააუბედურა?
_ გაუბედურება არ არის, აბა, რაა, ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.
_ ნანობენ, ვითომ, ამას?
_ როგორ არ ნანობენ. პირდაპირ კრიმინალებად არიან გამოცხადებული და კაცმა არ იცის, რა განაჩენი დადგება.
_ ისე, მართლა გამიკვირდა, ამ სამს რომ წაუყენეს ბრალი თქვენზე თავდასხმის გამო. მართლა არ გამიკვირდებოდა, ზარქუას მსგავსად მათი ცემაც თქვენთვის რომ დაებრალებინათ.
_ იმდენად აშკარა იყო ყველაფერი, რომ ასე არ გამოვიდოდა. იძულებული გახდნენ, მათთვის ბრალი წარედგინათ. რაც შეეხება ზარქუას, მას კახა კალაძე ყველაზე დაუნდობლად მოექცა. ჯერ რა პოლიტიკური მომავალი ჰქონდა და ეს მწირი მომავალიც დაუსამარა. რამდენიმე დღე კაცი ეთერებში ბაქიბუქობდა და ჩემი ცემით თავს იწონებდა. ორი დღის შემდეგ თქვა, ხაბეიშვილი თავს დამესხა, დამალურჯაო. ყბა მტკივა და თავიო, გრიმით დავმალე, თორემ მაგარი ნაბეგვი ვიყავიო.
_ გულწრფელად გვითხარით, მართლა არ გიცემიათ?
_ გულწრფელად გეტყვით, არ მიცემია. ეკუთვნოდა, მაგრამ არ მიცემია. „ქართული ოცნების“ წევრების ალყაში ვიყავი და რანაირად უნდა მეცემა ზარქუა? წარმოუდგენელ ამბებს ყვება.
_ მოსამართლემ რატომ დაიჯერა მისი?
_ არ დაუჯერებია. სასამართლომ მხოლოდ აღმკვეთზე იმსჯელა. ზარქუას ჯერ მარტო პოლიციისთვის აქვს ჩვენება მიცემული. მალე მოუწევს სასამართლოზე მოსვლა და იქ ამტკიცოს, როგორ გავარტყვი და როგორ ეტკინა ლოყა. მე მუშტების ქნევით არ გამოვირჩევი. ამაში თქვენი მკითხველიც დამერწმუნება. ერთადერთი, რასაც ვიქნევ საკრებულოსა და ეთერებში, არის დოკუმენტები.
_ ეს დოკუმენტები ხშირად მუშტზე უფრო მტკივნეულია.
_ ეს მართალია. მუშტებს არ ვიქნევ, მაგრამ საკმაოდ მკვახე განცხადებებს ვაკეთებ. ამას არც მომავალში მოვიშლი. იმ ჩინოვნიკებს ნამდვილად ვერ მოვეფერები, ვინც ხალხს ძარცვავს. ისე გაძარცვეს ხალხი, გაზეთის ფული არ დაუტოვეს, რომ რაღაც წაიკითხონ.
_ გაზეთის ფულს ვინ ჩივის, ხალხს პურის საყიდელი ფული აღარ აქვს.
_ მით უმეტეს, ასეთ ადამიანებს როგორ უნდა მოვეფერო? პირდაპირი მნიშვნელობით ყელში ვყავარ გაჩხერილი. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ამით მე არაფერი დამიკარგავს. ის სამი კრიმინალებად გამოცხადდა, ზარქუას კი პოლიტიკური კარიერა დაენგრა.
_ რატომ ფიქრობთ, რომ დაენგრა? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას კახა კალაძე დაჰპირდა, რომ „ოცნების“ სიაში ჩასვამს. შეიძლება, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ მომავალ პარლამენტში ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.
_ ძალიან საინტერესო იქნება მისი ხილვა ვიცე-სპიკერად. გულწრფელად გეუბნებით, მხოლოდ მივესალმები, თუ ირაკლი ზარქუა „ქართული ოცნების“ სახე იქნება. ეს ხალხს კიდევ უფრო ნათლად დაანახვებს, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება. ჯერ ისედაც მარტივია ამის მიხვედრა, მაგრამ ზარქუას მერე მთლად გაშიშვლდებიან. თქვენი გაზეთის საშუალებით „ოცნების“ ლიდერებს მივმართავ, რომ ზარქუა „ოცნების“ სიაში ჩასვან. კარგი იქნება, თუ პირველ ათეულში ჩაწერენ, რადგან მეტ დეპუტატს ეგენი პარლამენტში ვეღარ გაიყვანენ.
_ ისე, ეგ ფაქტობრივად დეპუტატი გახდა, მაგრამ როგორც ამბობენ, მტარვალმა გახარიამ ათქმევინა უარი პარლამენტის წევრობაზე…
_ „ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტი დატოვა და სიის მიხედვით ამას უწევდა შესვლა, მაგრამ შიდა დაპირისპირების გამო უარი ათქმევინეს. ესენი ხომ პატარა კაცები არიან. ჩემზე ერთ-ერთ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, _ სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ გაასაჩივრებთო? ამან უპასუხა, _ გუნდთან კონსულტაციებს გავივლი და მერე მივიღებ გადაწყვეტილებასო. თავისუფალი ადამიანები ასე არ ლაპარაკობენ. ესენი კიდევ მონები არიან და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც მონას შეეფერება.
მონები ვალდებულები არიან, შეასრულონ ის, რასაც მათი ბატონი დაავალებს. ახლაც შეასრულეს, მაგრამ ჯილდო ვერ მიიღეს. მონათმფლობელმა ისინი გაწირა. იმედი მაქვს, ამაზე კარგად დაფიქრდებიან თავადაც და მათი ოჯახის წევრებიც. ძალიან ცუდად მოექცა მათ კახი კალაძე. ფაქტობრივად, კაცის სახელი წაართვა. ადამიანზე ჯგუფურ თავდასხმას არავინ გაამართლებს, მათ შორის, არც კრიმინალები. აქამდე მარტო მე ვაგინებდი მაგათ, ახლა მთელი ქვეყანა აგინებს. გინება რომ ვთქვი, პირდაპირი მნიშვნელობით გინება არ მიგულისხმია. ამდენი წელია, მიცნობ და ჩემგან უცენზურო სიტყვა არ გაგიგონია. თუ ვინმე არის უზრდელი, ეს დედაქალაქის მერი კახა კალაძეა. მან მთელ ოპოზიციას გვითხრა, მთაწმინდიდან გამოექანეთო. ფარჩაკებიც გვეძახა.
_ „ოცნების“ წევრებს თქვენც მოიხსენიებთ ფარჩაკებად.
_ როცა ამ სიტყვას ვხმარობ, წინ ყოველთვის დავურთავ ხოლმე შემდეგს, _ როგორც თქვენმა მერმა თქვა. საკრებულოში პირველად რომ მოვიდა, ეგრევე დამიპირისპირდა და მითხრა, ნაძვის ხეზე დაგკიდებო. მე ვერაფერი დამაკლო, მაგრამ თანაგუნდელები კი ჩაყარა მძიმე მდგომარეობაში. პირველ დღეებში იბრიქებოდნენ, ქართველები ვართ და ვერ მოვითმინეთ პირადი შეურაცხყოფა და წავუთაქეთო.
_ ჩავაზუსტებ, თქვენი ნებართვით, ლამაზად წავუთაქეთო, ასე თქვა ზაქრუამ.
_ ეგრე იყო. თავს იწონებდნენ, ქართველი ვაჟკაცები ვართო, ახლა როცა გამოძიება დაიწყო, ამბობენ, ჩვენ რა შუაში ვართ, თავად წაიქცა და სკამი ზედ დაეცაო. მკითხველთან ბოდიში მომითხოვია და იმის ერთი ადგილიც არ აქვთ, რომ ჩადენილი აღიარონ, თავიდან ბოლომდე გააშიშვლა კალაძემ. წერა-კითხვა მაგათ არ იციან და მეეჭვება, ეს ინტერვიუ წაიკითხონ, მაგრამ ვიღაც მათიანი ხომ წაიკითხავს და იმათ გასაგონად ვიტყვი, _ ვწუხვარ, რომ ასე გაუბედურდა ეს ახალგაზრდა ხალხი.
_ მართლა წუხხართ?
_ ვწუხვარ. განსაკუთრებით ზარქუას გამო ვწუხვარ, რომელსაც ძალიან მძიმე მისია დააკისრეს. კაცს ათქმევინეს, ხაბეიშვილმა რომ დამჟეჟა, ტკივილი განვიცადეო. ეს კაცისთვის ძალიან მძიმე სათქმელია. არადა, მანამდე ძველბიჭობდა, ხაბეიშვილს პოლიციაში პასტა და ფურცელი ვერ გააგდებინესო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქურდული მენტალობით რომ დაიწყებს გამოსვლას, ეგ არაფერში წერია.
_ თქვენ ხომ ამბობდით, ჩვენებას არ მივცემო?
_ ვთქვი, რომ საგამოძიებო უწყებებს არ მივმართავ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ზარქუას გაგების ვარ და კანონმორჩილი არ ვარ. ჩვენების მიცემაზე უარი ვთქვი, რადგანაც გამოძიებას არ ვენდობი.
_ ამის მიუხედავად, მაინც მოგიწიათ ჩვენების მიცემა.
_ ეს მათ დამიბარეს დაკითხვაზე და როგორც კანონმორჩლი მოქალაქე მივედი, რაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გაგებით დანაშაული ყოფილა. ამ ზარქუამ თუ მართლა ტკივილი განიცადა, რატომ არ მიმართა პოლიციას, კაი ბიჭია თუ რა ხდება? ძალიან ბევრს იბრიქებოდა, მაგრამ მერე აღალატებინეს პრინციპებისთვის და ჩვენება მიაცემინეს. მოაყოლეს, რა სასტიკად და დაუნდობლად გავუსწორდი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ამას არ ათქმევინებდნენ და არც იმ სამის წინააღმდეგ აღძრავდნენ საქმეს, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მათ სურდათ. როგორც არაერთხელ გითხარით, „ოცნების“ წევრებს უნდოდათ, რომ პროვოკაციაზე წამოვგებულიყავი და პირველს მე დამერტყა ხელი. ამ შემთხვევაში თავს გაიმართლებდნენ და იტყოდნენ, პირველად ის შეგვეხო ხელით და აბა, რა გვექნაო? მე არ დავარტყი და ისე მოუწიათ თავდასხმა. გამოჩნდნენ არაკაცები. სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც პრობლემები შეექმნათ. მორალურად, სამართლებრივად და კაცურად წააგეს, ახლა ამტკიცებენ, რომ მე გავიგდე ეგენი წიხლქვეშ.
ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ ამ საქმიდან ჩემი სუფთად გამოსვლა არ იქნებოდა. არადა, ღმერთი, რჯული ამათთან მართალი ვარ, მაგრამ მთლად ჩემი გამართლება „ოცნების“ კანონში არ წერია. ამიტომ გადაწყდა, რომ ჩემ წინააღმდეგაც აღძრულიყო საქმე და დააჯღაბნინეს ზარქუას ცრუ და სამარცხვინო ჩვენება, რომლის მიხედვითაც მე მას არაქრისტიანულად მოვექეცი.
_ ისე, საკმაოდ იაფი დაგიჯდათ ეს არაქრისტიანული ქცევა. პროკურატურამ 2000-ლარიანი გირაო მოითხოვა, იმ სამეულს კი 5000 გირაო შეუფარდეს.
_ ძვირი ნამდვილად არ დამიჯდა. „ოცნებაშიც“ ხვდებიან, თუ რას წარმოადგენს ირაკლი ზარქუა და ის მხოლოდ 2000-ად შეაფასეს. ჩემზე თავდასხმის გამო 15.000 ლარის გადახდა მოუწევს „ოცნების“ 3 დეპუტატს. ე. ი. მმართველი პარტიის თვალში მე შვიდჯერ უფრო ძვირი ვღირვარ, ვიდრე მათი ერთ-ერთი სახე.

შორენა მარსაგიშვილი