„ღორები და ქათმები ადრეც იყვნენ, მაგრამ ეს გრიპები და ვირუსები რატომ არ არსებობდა?!“

მსოფლიო პანიკაშია. ყოველ შემთხვევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა და განმარტა, რომ დაავადების გლობალური გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს. ერთგვარი პანიკაა საქართველოშიც, რაც, ალბათ, ბუნებრივია, თუმცა ყველაფერ ამის ფონზე ჩნდება კითხვა: რატომ იმატა ბოლო დროს ათასგვარმა მომაკვდინებელმა ვირუსმა? ვინაიდან და რადგანაც, ამ თემაზე ამომწურავი პასუხი არ არსებობს, საზოგადოებაში მუსირებს მოსაზრება, რომ ვირუსები შესაძლოა, ხელოვნურად იქმნებოდეს. ამ მოსაზრებას, პირდაპირ თუ ირიბად, გამომგონებელი დავით ჩაჩანიძე და ელექტროქიმიკოსი თენგო ძნელაძეც იზიარებენ, ანუ რესპონდენტები „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ალბათობას უშვებენ, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნა შესაძლოა, ფარმამაფიის ინტერესებში შედიოდეს.

ზოგადად, ეს ვინმეს, შესაძლოა, შეთქმულების თეორიად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია: ე. წ. ტრადიციული მედიცინა არატრადიციულ, ანუ არაქიმიურ სამკურნალო საშუალებებს უარყოფს. არადა, ზოგჯერ ამა თუ იმ დაავადების განკურნება ხალხური მეთოდებით უფრო შესაძლებელია.
აი, მაგალითად, ვერცხლის სამკურნალო თვისებები დიდი ხნის წინათ იყო ცნობილი. კერძოდ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანელმა გინეკოლოგმა, კარლ კრედემ, აზოტმჟავა ვერცხლის 1%-იანი ხსნარის უძლიერესი ანტიგონობლენორეული ეფექტი აღმოაჩინა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ გერმანიის სამშობიარო სახლებში ახალშობილთა თვალის ჩირქოვან-გონორეული ანთების შემთხვევები აღმოეფხვრათ. მოგვიანებით, ანუ 1897 წლის აგვისტოში, მოსკოვში ექიმთა მე-12 საერთაშორისო ყრილობა გაიმართა, რომელზედაც კარლ კრედეს შვილმა განაცხადა, რომ ვერცხლს დადებითი ეფექტი ჰქონდა ჩირქოვან ქირურგიასა და ასევე სეპტიური ინფექციების ინტრავენური მკურნალობის დროს. ამიტომ გერმანელმა ექიმმა კოლეგებს ისეთი ახალი პრეპარატები შესთავაზა, რომლებშიც არაიონიზებული ვერცხლი შედიოდა. ასე დაიწყო მედიცინაში კოლოიდური ვერცხლის გამოყენება. უფრო კონკრეტულად, რუსეთ-იაპონიის ომის დროს კოლოიდური ვერცხლის ინტრავენური ინექციებით მკურნალობდნენ სეპტიურ ართრიტებს, რევმატიზმს, ბრონქულ ასთმას, გრიპს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, ბრონქიტებს, პნევმონიას, ჩირქოვან სეპტიურ დაავადებებს, ბრუცელოზს, ვენერიულ დაავადებებს, დამწვრობასა თუ ჩირქოვან ჭრილობებს. თანამედროვე მედიცინა კი კოლოიდურ ვერცხლს უარყოფს, ანუ კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარს პრეპარატად არ მიიჩნევს და ანტიბიოტიკებს ანიჭებს უპირატესობას.
დავით ჩაჩანიძე და თენგო ძნელაძე დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი ეს ფარმამაფიის მაქინაციებია.

მოკლედ, რატომ იქმნება ვირუსები ხელოვნურად და რატომ აკეთებს მედიცინა აქცენტს ძვირადღირებულ პრეპარატებზე მაშინ, როცა ამა თუ იმ დაავადების, მაგალითად, ვირუსისგან განკურნება არაქიმიური და გაცილებით იაფი პრეპარატებითაც შეიძლება? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს დავით ჩაჩანიძესა და თენგო ძნელაძესთან:

თენგო ძნელაძე, ელექტროქიმიკოსი:
_ 2002 წელს ერთ პიროვნებას თავისი ძმისთვის, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ხერხემალში დაიჭრა და პარალიჩი დაემართა, მოსკოვიდან რეკომენდაცია მისცეს, რეაბილიტაციას კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარი დააჩქარებსო.
_ ეს კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარი მედიცინაში გამოიყენება?
_ დიახ, გამოიყენება და ამის შესახებ პირველი პუბლიკაცია 1932 წელს ერთ-ერთ საბჭოთა სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, თუმცა როგორც მედიკამენტს მხოლოდ პიროგოვი იყენებდა, ისიც სხვა, ანუ „ლაპისის“ სახით, რაც მჟავაში გახსნილი ვერცხლია. ოპერაცია შესაძლებელია, კარგი შედეგით დამთავრდეს, მაგრამ ჭრილობა დაბინძურდეს და პაციენტი გარდაიცვალოს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად პიროგოვმა ვერცხლი მჟავაში გახსნა, განაზავა და ოპერაციის შემდეგ პირდაპირ მუცლის ღრუში ასხამდა. სწორედ ამ მეთოდით სამამულო ომის დროს პაციენტთა 60 პროცენტი გადაარჩინა და დაჭრილი ჯარისკაცები მწყობრში დაბრუნდნენ.

დავით ჩაჩანიძე, გამომგონებელი:
_ კოლოიდური ვერცხლი როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ჭრილობებისთვის გამოიყენება და დაზიანებულ ქსოვილს 3-4-ჯერ სწრაფად აღადგენს.
_ ჭრილობებზე გასაგებია, მაგრამ კოლოიდური ვერცხლი ვირუსებთან საბრძოლველად როგორ უნდა გამოვიყენოთ?
_ უნდა დავლიოთ.

თენგო ძნელაძე:
_ მოკლედ, იმ პიროვნებას, რომელსაც ურჩიეს, რომ ძმის რეაბილიტაციისთვის კოლოიდური ვერცხლი გამოეყენებინა, ერთი კურსი 800 დოლარამდე უჯდებოდა, თან მოსკოვიდან უნდა ჩამოეტანა. არადა, ეს ოჯახი ძალიან ხელმოკლე იყო.
_ კოლოიდური ვერცხლი საქართველოში არ იყო, მოსკოვიდან რომ არ ჩამოეტანა?
_ არა, მაშინ არ იყო.
_ ახლა არის?
_ დიახ, მაგრამ ძალიან ძვირია _ 100 გრამი 28 დოლარი ღირს.
_ სამკურნალოდ რამდენია საჭირო?
_ სანამ პაციენტი არ განიკურნება, თან დაავადებასაც გააჩნია. მაგალითად, ჩვეულებრივი გრიპის დროს, ათი დალევის შემდეგ, გრიპი სამ დღეში გაქრება.
_ კოლოიდური ვერცხლის გრიპის პროფილაქტიკისთვის დალევა შეიძლება?
_ რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით, ეს პიროვნება „გეპეიში“ მოვიდა და დახმარება გვთხოვა. კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარი დავუმზადეთ და მივეცით.
_ კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარი ოფიციალური მედიკამენტი არ არის?

დავით ჩაჩანიძე:
_ მე-19 საუკუნის ბოლოდან აკრძალეს.
_ თუ ასეთი უებარი საშუალებაა, რატომღა აკრძალეს?

დავით ჩაჩანიძე:
_ იმიტომ, რომ სხვა სამედიცინო პრეპარატებს ძალიან დიდ კონკურენციას უწევს. სხვათა შორის, კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარი ღვინოში, არაყში ან ჩვეულებრივ წყალში რომ ჩავაწვეთოთ, ღვინო, არაყი თუ წყალი არათუ გაფუჭდება, არამედ თავის თვისებებსაც არ დაკარგავს.

თენგო ძნელაძე:
_ არსებობს ამერიკული ფარმაკოლოგიის მამის წერილი, სადაც იგი წერს, რომ ფარმამაფია ყველაფერს აკეთებს, რათა კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარს მედიკამენტის სტატუსი არ მიენიჭოს, თორემ მსოფლიოს 37 ქვეყანაში ამ წყალხსნარს არა როგორც მედიკამენტს, არამედ როგორც ბიოლოგიურად აქტიურ ან საკვებ დანამატს მაინც იყენებენ.
ერთი სიტყვით, მსოფლიო ფარმამაფია კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარს იმიტომ ებრძვის, რომ საკუთარი შემოსავალი არ დაკარგოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზოგიერთი ანტიბიოტიკის ერთი აბი 100 ლარიც კი ღირს. ამასთან, ანტიბიოტიკებს სახელებს უცვლიან და ისეც ყიდიან და ხომ წარმოგიდგენიათ, ამით ფარმამაფია რა მოგებას ნახულობს?

დავით ჩაჩანიძე:
_ ჩვენი ბებიები ჩვეულებრივ წყალში ვერცხლის კოვზს დებდნენ და ამ წყალს გვასმევდნენ, ანუ კოლოიდური ვერცხლი ჩვეულებრივი ანტისეპტიკია. ისტორიაში ისიც ცნობილია, რომ ომებში კოლოიდური ვერცხლი კასრებით მიჰქონდათ, რადგან იცოდნენ, რომ ჯარისკაცებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა. სხვათა შორის, მაკედონელის ჯარისკაცებს, უდაბნო რომ გადაელახათ, კასრებით წყალი მიჰქონდათ, სადაც ვერცხლის მონეტები ეყარა.
_ მაშინ მონეტები სუფთა ვერცხლისგან მზადდებოდა. თქვენ კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარს როგორ იღებთ?

თენგო ძნელაძე:
_ სუფთა ვერცხლს ელექტროქიმიური მეთოდებით ვამუშავებთ და წყალში ვურევთ. გამოკვლევა რომ ჩავატარეთ, ამ წყალმა თავისი თვისებები სამი წლის განმავლობაში არ დაკარგა.
_ ჯანდაცვის სამინისტროს თუ მიმართეთ, რომ კოლოიდურ ვერცხლზე, როგორც მედიკამენტზე, ლიცენზია მოგცეთ?
_ საამისოდ ორწლიანი კლინიკური ცდებია საჭირო, რაც, მინიმუმ, 300-დან 500 ათას დოლარამდე ჯდება.
_ შეგიძლიათ, მითხრათ, გარეგანი და შინაგანი ჭრილობების გარდა კოლოიდური ვერცხლი კიდევ რომელ დაავადებებს კურნავს?
_ მაგალითად, კარგი შედეგი აქვს ე. წ. ქალური დაავადებების მკურნალობისას.
_ პაციენტს კოლოიდურ ვერცხლისწყალს სამკურნალოდ თქვენ უნიშნავთ?
_ დიახ, ახლობლებსა და მეგობრებს.
_ ამბობთ, რომ კოლოიდური ვერცხლისწყალი ოფიციალურ მედიკამენტად არ ითვლება. შესაბამისად, როცა მის გამოყენებას ვინმეს ურჩევთ, ეს ხომ კანონდარღვევაა?
_ ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, შეგიძლიათ, დაამზადოთ და გაყიდოთ, მაგრამ მედიკამენტი არ უნდა დაარქვათო. ამიტომ „ბადი“, ანუ ბიოლოგიურად აქტიური დანამატი დავარქვით. სხვათა შორის, დღეს „ბადი“ ძალიან ბევრ პროდუქტს აწერია.
რაც შეეხება დაავადებებს, კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარი კარგია გრიპის, ვირუსების, სოკოვანი დაავადებების, ასევე მენინგიტის სამკურნალოდ. კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარის მიღება ექიმის დანიშნული მედიკამენტების პარალელურად შეიძლება და მას უკუჩვენება არ გააჩნია.

დავით ჩაჩანიძე:
_ ახლახან ფილტვების ანთება ზედიზედ ორჯერ მქონდა. ამ წყალხსნარისა და ჩემი სხვა მეთოდების გამოყენებით, პირველი ფილტვების ანთების დროს, ზუსტად ერთ კვირაში ფეხზე დავდექი და ექიმები გაოცდნენ, მაგრამ ქუჩაში გამოსულს დაუდევარი ადამიანი შემხვდა.
_ ანუ?
_ გადამკოცნა, ვირუსებით გამტენა და ფილტვების ანთება ხელმეორედ დამემართა. ახლობელმა ანტიბიოტიკები მომიტანა, დავლიე, მაგრამ არ მიშველა. თენგოს დავურეკე, დამეხმარე-მეთქი. კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარი გამომიგზავნა და სამ დღეში ისევ ყველაფერი აალაგა. საერთოდ, კარგია, რომ კოლოიდური ვერცხლი ადამიანმა პროფილაქტიკისთვისაც მიიღოს.
_ პროფილაქტიკის მიზნით დღეში რამდენი წყალხსნარი უნდა დავლიო?
_ დილით და საღამოს თითო-თითო სუფრის კოვზიც საკმარისია, ავადმყოფობის დროს კი ძლიერი დოზაა საჭირო, რადგან ორგანიზმი გაიწმინდოს.
_ ბატონო თენგო, უცნაური ფერის სახე გაქვთ. რატომ?
_ არიან ადამიანები, რომლებიც ვერცხლს ვერ იტანენ. ამას ალგირია ჰქვია.
_ ანუ თქვენ ვერცხლს ვერ იტანთ?
_ არა.
_ აბა?
_ კოლოიდური ვერცხლი, როგორც გითხარით, ძალიან კარგი ანტისეპტიკია.
_ მერე?
_ ლოსიონებისა და ოდეკოლონების გამოყენება არ მიყვარს, რადგან თავიდან კარგი სუნი აქვს, მაგრამ მერე კანი იზეთება. მოკლედ, წვერის გაპარსვის შემდეგ, ყოველ დილით, სახეზე ამ წყალხსნარს ვისხამდი. მართალია, ახალგაზრდობიდან ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ ვერ გავითვალისწინე, რომ ყველაფერ ამას, შესაძლოა, ფოტოგრაფიული ეფექტი მოჰყოლოდა.
_ ანუ?
_ ვერცხლი რომ „აღდგება“, შავდება. აი, სწორედ ეს დამემართა.
_ ნელ-ნელა გაშავდით თუ ერთბაშად?
_ ნელ-ნელა, ანუ ვერცხლი კანქვეშ დამიგროვდა, თან ეს მხოლოდ სახეზე, თორემ მთელ სხეულზე ბავშვივით ვარდისფერი კანი მაქვს.
_ რა ამის პასუხია და, მსოფლიო პანიკაშია _ ჯერ „ღორის გრიპის“ გვეშინოდა, ახლა კი კორონავირუსი გვემუქრება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ვირუსები ხელოვნურადაა შექმნილი. ბატონებო, ამ თეორიას იზიარებთ?

დავით ჩაჩანიძე:
_ პირადად მე ვიზიარებ.
_ ვირუსების ხელოვნურად შექმნის მიზანი რა უნდა იყოს?

თენგო ძნელაძე:
_ მეტი წამალი რომ გაიყიდოს.

დავით ჩაჩანიძე:
_ ჩვენ, ყველანი, საცდელი კურდღლებივით ვართ.
_ ანუ?
_ არსებობს მსოფლიო მმართველობა.
_ ეს რა შუაშია?
_ მაგალითად, C ჰეპატიტის მკურნალობა 250 ათასი დოლარი თუ ევრო ჯდება. პირდაპირ ვთქვათ: თითქმის ყოველი მეორე ადამიანი უკვე Cჰეპატიტითაა დაავადებული. საქართველო და ქართველი ხალხი ისე ვის უყვარს, რომ ამხელა ფული საქართველოზე დახარჯოს?
_ „ფულის დახარჯვაში“ C ჰეპატიტის პროგრამას გულისხმობთ?
_ დიახ.
_ თქვენს მსჯელობაში, ბატონო დავით, ლოგიკა არის, მაგრამ ფაქტია: ამ პროგრამის წყალობით, C ჰეპატიტისგან ძალიან ბევრი განიკურნა.
_ C ჰეპატიტისგან შეიძლება, განიკურნა, მაგრამ ვინმემ იცის, ამ პრეპარატით განკურნებას რა მოჰყვება? ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც მკურნალობის ეს კურსი გაიარა, ჰკითხეთ, რა უკუჩვენებები აღენიშნებათ.
_ ზოგადად, ყველა პრეპარატი ასეა _ ერთ დაავადებას რომ კურნავს, უარყოფითად სხვა რამეზე მოქმედებს.
_ დიახ, მაგრამ ამ პრეპარატებს ჩვენზე ნუ ცდიან!
_ ე. ი., ამბობთ, რომ სამედიცინო პრეპარატებს არ ვენდოთ და კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარის მოხმარებაზე გადავიდეთ?
_ არა, ამას არ ვამბობ, თუმცა საუკუნეებია, კოლოიდური ვერცხლის სამკურნალო თვისებები ცნობილია.

თენგო ძნელაძე:
_ ჩემი ინფორმაციით, აშშ-ის ნაციონალური სამედიცინო ასოციაციის რეკომენდაციით, აშშ-ში, ბავშვი დაიბადება თუ არა, თვალში კოლოიდურ ვერცხლს აწვეთებენ, რადგან გემოიდალური ინფექციები არ განუვითარდეს. ჩემივე ინფორმაციით, ეს პრაქტიკა აშშ-ში ას წელზე მეტია, არსებობს, თუმცა ამის შესახებ არსად წერია. ის ამერიკელი ექიმი, წეღან რომ ვახსენე, ამბობს, კოლოიდური ვერცხლის მედიცინაში დანერგვა სწორედ ფარმამაფიას არ აწყობსო.
_ ე. ი., ამტკიცებთ, რომ ყველა უკურნებელი დაავადება ხელოვნურადაა შექმნილი?

დავით ჩაჩანიძე:
_ ნებისმიერი არა, მაგრამ ძალიან ბევრი _ დიახ, ხელოვნურადაა შექმნილი.
_ მაგალითად?
_ იგივე ეს ვირუსები 2000 წლიდან გავრცელდა და მანამდე რატომ არ იყო?

თენგო ძნელაძე:
_ სხვათა შორის, „ქათმის გრიპზე“ ცდა ჩავატარე და კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარს, დაახლოებით, ხუთიდან ათ წამამდე დასჭირდა, რომ ეს ვირუსი მოეკლა. იგივე შემიძლია „ღორის გრიპზეც“ ვთქვა, მაგრამ ყველაფერი ეს რომ გაიგეს, დასკვნა არ მომცეს.

დავით ჩაჩანიძე:
_ კოლოიდური ვერცხლი, ბოლოს და ბოლოს, ოქროსფერ სტაფილოკოკს კურნავს!

თენგო ძნელაძე:
_ ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომელიც საშინელი დაავადებაა, ჩემი მეგობრის ცოლს ხუთი წელი აწუხებდა და ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, მაგრამ ანტიბიოტიკი სოკოს აჩენს და ამიტომ იმდენს ვერ აძლევდნენ, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი ბოლომდე მოსპობილიყო. ბოლოს, კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარის დალევა დაიწყო. დაახლოებით, რვა თვე სვამდა და შვიდი-რვა წელი იქნება, ექიმთან აღარ მისულა.
_ რატომ?
_ ოქროსფერი სტაფილოკოკის ხსენებაც აღარ აქვს.
_ ანუ განიკურნა?
_ დიახ.
_ კოლოიდური ვერცხლი სიმსივნესაც შველის?
_ ამაზე ვერაფერს გეტყვით.

დავით ჩაჩანიძე:
_ შემიძლია, ექსპერიმენტი ახლავე ჩავატარო: ხელს გავიჭრი, ჭრილობაზე კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარს დავისხამ და თქვენი თვალით ნახავთ, სისხლდენა რამდენ ხანში შეჩერდება და რამდენ ხანში შეხორცდება.
_ ისე, კოლოიდურ ვერცხლს რომელიმე ქიმიური პრეპარატი თუ შეიცავს?

თენგო ძნელაძე:
_ რუსეთის ტელევიზიით კბილის პასტისა თუ სახის კრემების უამრავი რეკლამა გადის, სადაც პირდაპირ ნათქვამია, ვერცხლს შეიცავსო.

დავით ჩაჩანიძე:
_ ჩვენ ქართველები ვართ.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ შუაში კი არა, თავშია.
_ მაინც?
_ წინასწარმეტყველებს საკუთარ ქვეყანაში არ აღიარებენ.
_ ანუ საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ თქვენ, როგორც მეცნიერებსა და გამომგონებლებს, საქართველოში არ გაფასებენ?
_ დიახ.
_ თუ ასეა, მაშინ რომელიმე უცხო ქვეყანას მიმართეთ და თქვენი გამოგონება-აღმოჩენის შესახებ აუწყეთ.
_ მიმართული გვაქვს, მაგრამ
უნდათ, ჩვენგან ყველაფერი კაპიკებად იყიდონ, მერე ლამაზად შეფუთონ და ისე გაყიდონ, როგორც ამერიკული ან ევროპული ბრენდი.
_ მოკლედ, თქვენი საუბრით შთაბეჭდილება მექმნება, რომ, მაგალითად, გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები ბლეფია და მეტი არაფერი, არა?
_ დიახ.

თენგო ძნელაძე:
_ თუ გახსოვთ, ერთხანს ძალიან მოდური იყო ე. წ. გასახდომი პრეპარატები, რომელიც 200 დოლარიც კი ღირდა, მაგრამ ამ პრეპარატებით გამხდარი ადამიანი არ მინახავს, ანუ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატებიც სწორედ ასეთებია. ყველაფერ ამას სჯობია, ადამიანმა დღეში ასი-ორასი გრამი თეთრი კომბოსტოს მწნილი მიირთვას ან ამ მწნილის წვენი დალიოს, რომელიც იმაზე მეტ ცე ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ეს გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

დავით ჩაჩანიძე:
_ გაიძახიან, „ღორის გრიპი“, „ქათმის გრიპიო“, _ ღორები და ქათმები ადრეც იყვნენ, მაგრამ ეს გრიპები რატომ არ არსებობდა? აი, სწორედ ესეც მოწმობს, რომ აღნიშნული ვირუსები ხელოვნურადაა შექმნილი.

თენგო ძნელაძე:
_ სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ ერთი ჩემი ძველი ნაცნობი უროლოგიის კონკრეტულ ცენტრში მუშაობს. ქალბატონებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ცისტიტია. ჰოდა, ამ ჩემს ნაცნობს კოლოიდური ვერცხლის წყალხსნარი მივუტანე და ვუთხარი, თუ შეგიძლია, გამოსცადე-მეთქი. დამთანხმდა, თუმცა მკითხა, რამე გართულება ხომ არ ექნებაო? მივუგე, თუ რამე გართულება მოყვება, თავს მოვიკლავ-მეთქი.
მოკლედ, ორი კვირის მერე კლინიკაში ისევ მივედი და მეუბნებიან, საოცარი შედეგები გვაქვს _ პაციენტი აბსოლუტურად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ოჯახი მყავს და ამ წყალხსნარს ვერ გამოვიყენებო. სხვათა შორის, საქართველოში ცისტიტის მკურნალობა, მინიმუმ, 500 ლარი ჯდება, თან ექვსი თვის მერე პაციენტი ისევ სამკურნალოა…