საიდუმლო, რომელიც თენგიზ სიგუამ საფლავში წაიღო

მის გარდაცვალებაზე, ალბათ, ვერავინ იტყვის, „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქსო“, მაგრამ ის კი აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თენგიზ სიგუა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი იყო. რა როლი შეასრულა სიგუამ საქართველოს უახლეს ისტორიაში? _ ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა 1991-92 წლების სისხლიან მოვლენებთან, რასაც ჯერ ეროვნული ხელისუფლების დამხობა და, მოგვიანებით, ეროვნული მოძრაობის ლიდერისა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოყვა, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, სიგუა ცნობილი ტრიუმვირატიდან (კიტოვანი-იოსელიანი-სიგუა) ერთადერთი იყო, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებამ არ დაიჭირა. როგორ გადაურჩა აწ განსვენებული პრემიერი იმ ერთგვარ რეპრესიებს, რომელიც საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ დაიწყო? _ ამაზე ამომწურავი პასუხი არ არსებობს, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში დღემდე მუსირებს ვერსია, რომ სიგუამ შევარდნაძეზე, უფრო კონკრეტულად, მის საქართველოში ჩამოყვანაზე შესაძლოა, ისეთ რამ იცოდა, რომ ის ციხეში უფრო საშიში იქნებოდა, ვიდრე _ თავისუფლებაზე! შესაძლოა, ეს გულუბრყვილო ვერსიაა, მაგრამ არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, ახლა, როცა ორივე _ სიგუაც და შევარდნაძეც _ გარდაცვლილები არიან და სიმართლეს, ცხადია, ვეღარ დავადგენთ.

ისე, შესაძლოა, ვინმემ ისიც თქვას, სიგუა რა ისეთი დიდი ფიგურა იყო, რომ მასზე საგაზეთო სტატია დაიწეროსო, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი გახლდათ. წარსულის გახსენება კი თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ ანალოგიური შეცდომები თუ დანაშაულებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღარ გაიმეორონ!
ამას გარდა, ერთიც გასათვალისწინებელია: თუ გვინდა, რომ ოდესმე სამართლიან ან, სულაც, სამართლიანობასთან მიახლოებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, მაშინ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ! გასაგებია, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბევრისთვის მტკივნეული იქნება, მაგრამ „აქ ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს!“ ასე რომ, ამ შემთხვევაში ხალხური ნათქვამიც _ გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, არ გამოდგება, რადგან, ალბათ, მოვიდა დრო, როცა ყველასა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ისე არ გაიგოთ, რომ ჩვენი გამოცემა ვინმეს, მათ შორის, ახლახან გარდაცვლილი თენგიზ სიგუას „საბრალდებო დასკვნას“ ადგენდეს. ცხადია, ჩვენ მბრალმდებლები არ ვართ. ჩვენი, როგორც მედიის წარმომადგენლების მოვალეობა, ფაქტების გამოაშკარავებაა. შესაბამისად, წინამდებარე სტატიაც სწორედ ამას ემსახურება, ანუ პირადი მოსაზრებებისგან, გარკვეულწილად, თავს შევიკავებთ და, უბრალოდ, შევეცდებით, სხვადასხვა დროს პრესაში გამოქვეყნებული მასალებით დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერის ერთგვარი დოსიე შევქმნათ!
მაშ, ასე! დავიწყოთ იმით, რომ თენგიზ სიგუას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია თენგიზ კიტოვანის ქალიშვილმა, ნათია კიტოვანმა გაავრცელა.
„ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. უფალმა აცხონოს მისი სული“, – დაწერა „ფეისბუქში“ მიმდინარე წლის 21 იანვარს კიტოვანის ქალიშვილმა.
მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიგუა შესაძლოა, სიონში გადაესვენებინათ, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართებოდა. აღნიშნულ ცნობას იგივე სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება მოყვა. კერძოდ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები თითქმის ერთხმად აპროტესტებდნენ სიგუას სიონში შესაძლო გადასვენებას. ამას გარდა, ზოგმა ისიც გაიხსენა, რომ ჯაბა იოსელიანი, რომელიც სიგუა-კიტოვანთან ერთად, ზვიად გამსახურდიას დამხობის ინიციატორი იყო, დიდუბის პანთეონშია დასაფლავებული.
ეკუთვნოდა თუ არა ყოფილ პრემიერს სიონში გადასვენება? _ ეს კითხვა უპასუხოდ თუნდაც იმიტომ დავტოვოთ, რომ უცოდველი არავინაა და უფლის სამსჯავროზე პასუხს თითოეული ჩვენგანი საკუთარი ქმედებებით ვაგებთ…
ისე, თუ ცოდვებზე ან, მინიმუმ, შეცდომებზეა საუბარი, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ სიგუას, როგორც სახელმწიფო მოხელის აღზევება, იგივე ზვიად გამსახურდიას შეცდომა იყო, რომელიც მას ძვირი დაუჯდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედიდან ჩნდება კითხვა, _ რატომ დაიყენა გამსახურდიამ გვერდით სიგუა, რომელსაც არცთუ მშრალი კომუნისტური წარსული ჰქონდა?
ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრება აქვს საქართველოს პირველი პრეზიდენტის უფროს ვაჟს, კონსტანტინე გამსახურდიას:
„ზვიად გამსახურდიამ თავიდან ის კი შეარჩია პრემიერად, მაგრამ რატომ? _ იმიტომ, რომ სიგუა იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და მას გაუწია რეკომენდაცია რამდენიმე ინტელიგენტმა, მათ შორის, აკაკი ბაქრაძემ. შემდეგ სიგუა აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო საკითხებში და იყო პირველი დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჟორდანიას მოადგილე.
რაც შეეხება პუტჩისტთა დღევანდელ არგუმენტს, რომ „კიტოვანიც და სიგუაც“ გამსახურდიას მოყვანილები არიან და, საბოლოო ჯამში, ეს პუტჩიც „მრგვალი მაგიდის“ განხეთქილება იყო, ამაზე ერთ ამბავს მოვიტან:
დიდ ბრიტანეთს 70-იან წლებში, როგორც აღმოჩნდა, M-16-ის რიგებში ჰყავდა საბჭოთა ÊÃÁ-ს აგენტები, თავმჯდომარე _ კიმ ფილბი და 3 მაღალჩინოსანი. ბრიტანეთმა ვერ დაიცვა სრულად თავი ამ შეჩვენებულებისგან და ახალფეხადგმულ სახელმწიფო ორგანიზმს საწყის სტადიაში ნეტავ, რა უნდა ექნა?!“ _ წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
აქვე პრეზიდენტის ვაჟი იმ სკანდალურ ვიდეოსაც ეხმიანება, სადაც აწ გარდაცვლილი სიგუა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციით ემუქრება: „ახლა თქვენი ერთადერთი ხსნა არის, რომ ასწიოთ თეთრი დროშა და ჩაგვბარდეთ, თუ არადა, ამოგბუგავენ მანდ. თქვენ კარგა ხანია, უნდა გადამდგარიყავით, თქვენი შეცოდება აღარ იქნება“ (შეგახსენებთ: აღნიშნული ვიდეო 1991 წლის დეკემბერში, ანუ სამოქალაქო ომის დაწყებიდან მალევეა გადაღებული).
„მინდა გითხრათ, რომ ეს კადრები მთლიანად დადგმულია, მოდელირებულია და ვისთან საუბრობს ის კაცი, ვინც პრეზიდენტ გამსახურდიას ემუქრება, ანუ ვინ არის ტელეფონის სასმენის მეორე მხარეს, ეს დანამდვილებით არავინ იცის.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომელიღაც მტრული სპეცსამსახურის დატრენინგებული წარმომადგენელია, ან საერთოდ, არავინაც არ არის, თუმცა, თავის დროზე, ეს იყო ჩვეულებრივი პიარპროპაგანდა _ აი, შეხედეთ, რა მაგარი და „მიმწოლი“ პრემიერი გვყავს, როგორი რიხით და გონორით ემუქრება, ვითომდაც, შიშისგან დაზაფრულ პრეზიდენტს! ამ დროს რუსთაველი უკვე იწვის.
ვინ მამაცი გამოდგა და ვინ _ მართალი, ვფიქრობ, ისტორიამაც და ხალხის არაბრბოდქცეულმა ნაწილმა ცხადად დაადასტურა და აჩვენა.
ვინც გამახსენდა, მიუხედავად სხვაგვარი ისტორიისა, ესენი არიან ნორვეგიის ნაცისტი კოლაბორაციონისტი ვიდკუნ აბრაჰამ ლაურიდს კვისლინგი („კვისლინგი“ თანამედროვე ევროპულ ენებში დამკვიდრებული ტერმინიცაა იმის აღმნიშვნელად, ვისაც ქვეყნის გარე მტერი და დამპყრობელი სახელმწიფოს სათავეში წამოასკუპებს) და ჰოლანდიელი ანტონ ადრიაან მუსერტი. ორივეს პასუხი აგებინეს.
მეტს არაფერს ვიტყვი იმ ადამიანზე, ვინც ახლახან გარდაიცვალა. გავიხსენებ მხოლოდ ფრიდრიხ შილერის ლექსს რომაულ დატირებაზე („ნენიე“), სადაც უდროოდ დაღუპულ ჭაბუკ ლინოსს ტირიან ღმერთებიც და მოკვდავნიც, რომ დიდებულია, იქცე „სატრფოს მიერ ამონაკვნეს სიმღერად“.
ლექსის ბოლო სტრიქონი კი ასეთია: „უმსგავსს მიღმეთში მიაცილებს რადგან დუმილი“… და სავსებით ესადაგება“, _ ეს სტატუსი კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში თენგიზ სიგუას გარდაცვალების შემდეგ დაწერა.


იმაზე კამათი, რომ 1991-92 წლების სისხლიანი მოვლენები კრემლის მიერ იყო ინსპირირებული, ცხადია, არ ღირს, რადგან ცნობილია, რომ ე. წ. პუტჩისტებს ჩრდილოეთთან გარკვეული კავშირი ჰქონდათ და ამას შემდგომ განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზემოხსენებული ტრიუმვირატის ერთ-ერთი წევრი, თენგიზ კიტოვანი, დღემდე მოსკოვში ცხოვრობს. თენგიზ სიგუა კი ათი წლის წინ, ანუ 2010 წლის თებერვალში, აცხადებდა, რომ კრემლიდან ზვიად გამსახურდიას შეკვეთა არსებობდა.
„ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ადასტურებს, რომ 1991 წლის ნოემბერში არსებობდა კრემლიდან შეკვეთა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, _ ამის შესახებ განცხადება სიგუამ პარლამენტში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი კომისიის წევრმა ბეჟან ხურციძემ დასვა.
როგორც ხურციძემ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ 1991 წლის შემოდგომაზე თბილისის ზღვაზე კიტოვანი რუსეთიდან ჩამოსულ პირს შეხვდა, რომელმაც კიტოვანს კრემლის დანაბარები გადასცა.
ხურციძე დაინტერესდა, სიგუა ფლობდა თუ არა ამ ინფორმაციას და თავადაც ხომ არ ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას?
სიგუა აღნიშნავს, რომ შეხვედრას პირადად იგი არ დასწრებია, თუმცა ინფორმაციას ფლობს და ადასტურებს, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა 1991 წლის შემოდგომაზე, დაახლოებით, ნოემბრის ბოლოს.
ამასთან, სიგუა იმასაც აცხადებს, რომ ეს პირი კიტოვანს არა კრემლის, არამედ შევარდნაძის დავალებით შეხვდა.
რაც შეეხება შეხვედრის თემას, სიგუას ინფორმაციით, შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია სურდა და იგი სთავაზობდა კიტოვანს, რომ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაექირავებინათ „ქილერი“ და მოეკლათ გამსახურდია, თუმცა სიგუა აღნიშნავს, რომ კიტოვანმა მას ამაზე უარი უთხრა.
მისივე ინფორმაციით, უკვე დეკემბერ-იანვარში, როდესაც თბილისის ომის დროს ზვიად გამსახურდია თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, პარლამენტიდან გასვლის საშუალება მას სწორედ კიტოვანმა მისცა, რომლის ბრძანებითაც გაიხსნა დერეფანი და გამსახურდიამ დასავლეთ საქართველოში გადასვლა შეძლო.
სიგუას თქმით, რომ არა კიტოვანის ეს გადაწყვეტილება, გამსახურდია პარლამენტის შენობიდან ვერ გავიდოდა და გასვლის შემდეგაც მას ნებისმიერ მომენტში დაიჭერდნენ“, _ ეს ინფორმაცია 2010 წლის თებერვალში ქართულმა ინტერნეტმედიამ გაავრცელა, ანუ გამოდის, რომ სიგუამ 1991-92 წლების სისხლიან მოვლენებზე შევარდნაძის ჩართულობის შესახებ ძალიან ბევრი რამ იცოდა და, შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალბათ, სწორედ ეს გახდა ერთგვარი ჯავშანი, რის გამოც ის შევარდნაძემ ვერ დაიჭირა. არადა, მეორე პრეზიდენტს სიგუას დაჭერა რომ უნდოდა, ამას ქართული პრესის არქივიც მოწმობს. კერძოდ, 1997 წელს გაზეთ „მერიდიანში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:
„ნაპრემიერალ თენგიზ სიგუასთან დაკავშირებით მორიგი ტრაგიკომედია თამაშდება. საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც მთლიანად „კრიმინოგენურ ვითარებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას“ მიეძღვნა, გენერალურმა პროკურორმა ჯამლეთ ბაბილაშვილმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე თენგიზ სიგუას წინააღმდეგ არ აღიძრა, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაული ამნისტიას დაექვემდებარა.
მდგომარეობის კომიკურობა კი შემდეგი გახლავთ: როგორც ცნობილია, პროკურატურა ექსპრემიერს ბრალს სდებდა, რომ 1992 წლის თებერვალში, მის მიერ „დროებითი მთავრობის სახელით“ გამოცემული #54 ბრძანებულება ნებას რთავდა ერთ-ერთ ფირმას, საქართველოდან იაპონიაში გაეტანა ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ფერადი ლითონი (ალუმინი) და ხაზინასთან ანგარიშსწორება მოეხდინა ხელოვნურად შემცირებული კურსით.
გენერალური პროკურორის მტკიცებით, ამ აფერის შედეგად სახელმწიფომ თორმეტი მილიონი დოლარი დაკარგა. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის „ბიზნესმენები“ ამჟამად საქართველოში აღარ ცხოვრობენ _ „თავს უშველეს“ და ახლა, უკეთეს შემთხვევაში, პარიზის ან ლონდონის გარეუბანში ისვენებენ. უარეს შემთხვევაში კი მოსკოვში ცხოვრობენ _ ამ ქვეყნის „კანონმორჩილი“ მოქალაქეები არიან და მშვიდი, უზრუნველი (უზრუნველყოფილი) სიბერისთვის ემზადებიან.
მათი ვინაობა არც იქნებოდა საინტერესო, რომ არა ორი მომენტი:
უპირველეს ყოვლისა, პროკურატურის მაღალი ჩინის წარმომადგენლის მტკიცებით, 1992 წლის თებერვალში დროებითმა მთავრობამ ზემოხსენებულ „ფირმას“ დახმარება გაუწია „ვალის“ დაბრუნების მიზნით, ვინაიდან სწორედ ამ ფირმამ „დააფინანსა“ 1991 წლის შემოდგომაზე კიტოვანის გვარდიის „პუტჩი“ და მისი ხანგრძლივი „შვებულება“ თბილისის ზღვაზე.
გასარკვევია, რომელ ამნისტიას გულისხმობდა გენერალური პროკურორი?
რამდენადაც გვახსოვს, 1991 წლის შემდეგ საქართველოში მხოლოდ ერთი ამნისტია იყო _ 1992 წელს! იმავე დროებითი საბჭოს(!) ვერდიქტით, ციხეებიდან გამოუშვეს თითქმის ყველა პატიმარი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამნისტიას უკუქმედების ძალა აქვს, ყველაფერი ცხადი ხდება. თენგიზ სიგუა დღეს უეჭველად ციხეში იჯდებოდა, წინდახედულად რომ არ მოქცეულიყო და უარი არ ეთქვა თავისი მეგობრისთვის „აფხაზეთისკენ ლაშქრობაში“ მონაწილეობაზე. ამის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეს სპეციალური კომისიაც იკვლევდა. მის მიერ აღმოჩენილი ფაქტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ #54 დადგენილება იყო, მაგრამ პროკურატურამ, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა, დაედგინა (დაემტკიცებინა) მთავარი _ მოქმედებდა თუ არა თენგიზ სიგუა ანგარებით.
უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ექსპრემიერი თავად არ იყო ვალდებული, რაიმე ემტკიცებინა; „სპილენძის ოპერაციის“ უშუალო მონაწილენი კი პროკურატურამ, როგორც ჩანს, ხელში ვერ ჩაიგდო, თუმცა, საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება თენგიზ სიგუას პრობლემას არ უმსუბუქებს: პროკურატურას გადაწყვეტილი აქვს, სამოქალაქო სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ექსპრემიერის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის (თორმეტი მილიონი დოლარი!) ანაზღაურება მოითხოვოს.
ჯამლეთ ბაბილაშვილის გამოსვლიდან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ თენგიზ სიგუას ბრალეულობა პროკურატურას დამტკიცებულად მიაჩნია, ხოლო დაპატიმრების სანქცია არ გაიცა მხოლოდ ამნისტიის გამო“.


რაც შეეხება 1991-92 წლების სისხლიან მოვლენებს, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ამასთან, მთლიანად დაინგრა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, პარლამენტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია, ყველფერი ასე დაიწყო:
საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ამ პროცესს ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია.
საბჭოთა საქართველოს არსებობას კი 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებმა დაუსვა წერტილი, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში პოლიტიკური გაერთიანება „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“ მოვიდა, რომელსაც ზვიად გამსახურდია ედგა სათავეში.
1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. იმავე წლის 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 26 მაისს საქართველოში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების 87% ზვიად გამსახურდიამ მოიპოვა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა.
1991 წლის მეორე ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო _ გამსახურდიას საკუთარი მომხრეების ნაწილი დაუპირისპირდა. ამბოხებულებს შორის პრემიერი თენგიზ სიგუა და თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანიც იყვნენ.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა, პრეზიდენტ გამსახურდიამ კი ე. წ. გეკაჩეპეს პუტჩის პარალელურად, ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გააუქმა, ეროვნულ გვარდიას შინაგანი ჯარის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა და იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარა. მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო, რომელიც გამსახურდიას არ დაემორჩილა და გვარდიის ნაწილთან ერთად ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.
დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიცია, თენგიზ სიგუას მეთაურობით, სასტუმრო „თბილისში“ გამაგრდა. 22 დეკემბერს, დილის 8 საათზე, რუსთაველის გამზირზე სროლა დაიწყო.
თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა, ზვიად გამსახურდიამ პარლამენტის ე. წ. ბუნკერს შეაფარა თავი. ამასობაში, თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ციხიდან გამოუშვეს ჯაბა იოსელიანი, რომელმაც შეირაღებული არაფორმალური ფორმირება „მხედრიონი“ შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია, თავის მომხრეებთან ერთად, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, რის შემდეგაც ქვეყნის მმართველობა სამხედრო საბჭოს ხელში გადავიდა, რომელიც შედგებოდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუასგან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანისგან და „მხედრიონის“ ლიდერ ჯაბა იოსელიანისგან.
1992 წლის მარტში მოსკოვიდან საქართველოში სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ჩამოდის, რომელიც სამხედრო საბჭოს უდგება სათავეში.
სიგუასა და შევარდნაძის კოჰაბიტაცია დიდხანს არ გაგრძელებულა, ანუ 1993 წლის 5 აგვისტოს სიგუამ პრემიერის პოსტი მეორედ დატოვა.
სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიას მთავრობის დროს თენგიზ სიგუა პრემიერი კი არა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო (ამ თანამდებობაზე 1990 წლის 15 ნოემბერს დაინიშნა. 1991 წლის 18 აგვისტოს კი აღნიშნული თანამდებობა დატოვა). საქართველოში პრემიერის პოსტი ოფიციალურად პუტჩის მერე გაჩნდა. შესაბამისად, ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს იძულებით დატოვების შემდეგ სიგუა პრემიერის მოვალეობას ასრულებდა, ამ თანამდებობაზე კი ოფიციალურად 1992 წლის 8 ნოემბერს დაინიშნა.
სხვათა შორის, თენგიზ სიგუა ე. წ. დვალიშვილის საქმეშიც ფიგურირებდა. ერთი ვერსიით, თავის დროზე, ანუ 1993 წელს, შესაძლოა, სწორედ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის საქმე გახდა იმის მიზეზი, რომ პრემიერობიდან მხოლოდ სიგუა კი არა, მთელი მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი გადადგა. უფრო კონკრეტულად, თანამდებობა ჯერ სიგუამ დატოვა, შემდეგ კი _ დვალიშვილმა, თუმცა 1993 წლის აგვისტოში, ანუ მაშინ, როცა სიგუა გადადგა, ეროვნული ბანკის თემა, ასე თუ ისე, უკვე გააქტიურებული იყო. შესაბამისად, სიგუა შესაძლოა გრძნობდა, რომ ამ კუთხით ვითარება კიდევ უფრო გამწვავდებოდა და გადადგომის გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღო, ანუ დვალიშვილის „შავი სია“, როგორც ბანკირის ოჯახი თავის დროზე აცხადებდა, სწორედ სიგუამ მოიგონა. მეტიც, დვალიშვილის ქალიშვილს ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აქვს ნათქვამი, რომ სიგუა მისთვის მამის მკვლელთან ასოცირდება.
„თქვენ გგონიათ, დვალიშვილმა თავი მოიკლა? _ არა, მოკლეს! შსს-ში წასვლის წინ დამირეკა და მითხრა, დაკითხვაზე მივდივარ და სიმართლე უნდა ვთქვა. მის მდივან ქალს ჰქონდა ჟურნალი, სადაც ყველა გვარი ეწერა, ვისთვისაც შევარდნაძემ კრედიტის მიცემა დაავალა. ჩემი ყვირილის შემდეგ, როცა ეს ამბავი გასკდა, პარლამენტში რომან მიმინოშვილის ხელმძღვანელობით საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ორი წელი იწვალა ბატონმა რომანმა, მაგრამ ჟურნალის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. ბოლოს, ეს ჟურნალი დვალიშვილს შსს-ში მიატანინეს. მან, დაკითხვაზე ყოფნისას, თავის მდივანს დაურეკა და უთხრა, ჟურნალი მოიტანეო. ასე ჩაიგდეს ხელში დვალიშვილის ე. წ. შავი სია, დაკითხვიდან გამოსული დვალიშვილი კი მოკლეს და ეს ჟურნალიც გაქრა“, _ ასეთი გახლდათ სიგუას პოზიცია დვალიშვილის საქმესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სიგუასა და მისი კაბინეტის გადადგომას, ამ ფაქტს იმდროინდელი პრესა, კერძოდ, გაზეთი „ივერია-ექსპრესი“ ასე გამოეხმაურა:
„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პრეცედენტი _ გაითვალისწინა რა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პოლიტიკური დაძაბულობის დონე, შემდგომი კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. განცხადება ამის თაობაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ, რომელიც, როგორც ყოველთვის, მხნედ და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა მოახსენა მინისტრთა კაბინეტსა და მის ხელმძღვანელს გაწეული მუშაობისთვის. პარლამენტარები მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის, როგორც ჩანს, მზად იყვნენ, ამიტომ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აღმასრულებელ სფეროში კაბინეტის გადადგომის შემდეგ. ზოგიერთმა პარლამენტარმა (მათ შორის, ყველაზე მწვავედ ზურაბ ჟვანიამ) განაცხადა, რომ თუ არ მოხდა კარდინალური სტრუქტურული ცვლილებანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მთავრობის პერსონალური შემადგენლობის შეცვლა ქვეყანას არავითარ სიკეთეს არ მოუტანს.
ამავე დროს, ოპოზიციურად განწყობილმა „მერაბ კოსტავას საზოგადოებამ“ მოითხოვა თვით სახელმწიფოს მეთაურის პოსტის გაუქმება, როგორც სრულიად უმაქნისი ინსტიტუტისა.
„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ აზრით, მთავრობა შეეწირა პოლიტიკურ ინტრიგებს და იქცა განტევების ვაცად მაშინ, როდესაც ნამდვილი დამნაშავე უფრო „მაღლაა“ საძიებელი.
კენჭისყრა მთავრობის გადადგომის მიღების დადგენილებაზე საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა _ რამდენჯერმე ჩაიშალა კიდეც და მხოლოდ მესამე ცდისას შეძლო პარლამენტმა, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია _ 127-მა დეპუტატმა ხმა მისცა დადგენილებას. ამრიგად, საქართველოში დასრულდა „სიგუას ეპოქა“ და დაიწყო ახალი. ეს რომ სწორედ ასეა, სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლაშიც იგრძნობოდა _ მან სახელმწიფოს მეთაურისადმი ნდობის საკითხი დააყენა. ალბათ იმისთვის, რომ პარლამენტისთვის ქარაგმულად ეთქვა: თუ მენდობით, ახლა უკვე ხელ-ფეხი გახსნილი მაქვს და ვიმოქმედებ ისე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ“.
ერთი სიტყვით, თენგიზ სიგუამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, საფლავში ბევრი საიდუმლო წაიღო. ეს საიდუმლოებები პოლიტიკურ სპექტრსა და მკვლევრებს პერიოდულად გაახსენდებათ. ასევე საზოგადოების გონებაში პერიოდულად ამოტივტივდება „სიგუას ნამცხვარიც“, რომელიც 90-იანი წლების პირველ ნახევარში გაჭირვებისა და ცუდი ცხოვრების სინონიმად მიიჩნეოდა!

P.S. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ თენგიზ სიგუას 15 წლის შვილიშვილი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ყოფილი პრემიერი სწორედ ამ დარდს გადაჰყვა.

გიორგი აბაშიძე