რომან გოცირიძე: „არ გათეთრდების „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა. „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, არ აპირებს პროპორციული საარჩევნო სისტემის დათმობას, ოპოზიცია კი გაერთიანებული ფორმატით ცდილობს, ხელისუფლება კომპრომისზე დაითანხმოს. საეჭვოა, მოლაპარაკებები შედეგიანი აღმოჩნდეს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზეც მიმართავს ჩვეულ სტრატეგიას და ეცდება, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მონსტრი შექმნას, რომელსაც რევანში სწყურია.

რას დაუპირისპირებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველი გუნდის ჩვეულ სტრატეგიას? როგორ აპირებენ, ხელისუფლება კომპრომისზე დაითანხმონ და რა პლუსი აქვს მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებულ პარტიას?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ ენმ-ს ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების დაპირების მოპოვება ენმ-ის დამსახურებაა გაერთიანება „ძალა ერთობაშიასთან“ ერთად. ამ განცხადებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ასევე სამოქალაქო სექტორში. ეთანხმებით თუ არა ამ განცხადებას?
_ არ მგონია, საჭირო იყოს მოუკვლელი დათვის ტყავის განაწილება. სამწუხაროდ, ივანიშვილმა ყველა მოატყუა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და ვერ გადავედით პროპორციულ სისტემაზე. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, ეს არასწორად გაიგეს. მან ის ფაქტი აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პარტია მუშაობდა, ხელმოწერებიც შეაგროვეს და პარლამენტშიც შეიტანეს საკანონმდებლო ინიციატივა. ვაშაძემ ეს ფაქტი ახსენა იდეის ინიცირების კონტექსტში და არა იმ კონტექსტში, რომ ვინმეს რამე დამსახურებებს ართმევს. რა თქმა უნდა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის იძულება მთელი პოლიტიკური და არაპოლიტიკური საზოგადოების ზეწოლის შედეგი იყო, რომელშიც ლომის წილი ითამაშა ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლებმა. ის, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა, პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირება გაეცა, ამას ძალიან დიდი პოლიტიკური შედეგი მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ სისტემაზე ვერ გადავედით, ამ პროცესმა სერიოზული დარტყმა მიაყენა „ქართულ ოცნებას“ და ძალიან დიდი მამხილებელი ეფექტის როლი ითამაშა. ერთი მხრივ, სამართლებრივად შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იყო ეს ფაქტი, ვინაიდან ძალიან ძვირი ფასი დაუჯდა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ამ დაპირების უკან წაღება.
_ ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები თავიანთ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობასთან დაკავშირები, ასევე ქვეყანაში არსებული ბევრი სხვა მიმართულებითაც. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ცალკეული კონგრესმენების განცხადებები არ არის მნიშვნელოვანი. რაზე მეტყველებს კონგრესმენების განცხადებები?
_ ივანიშვილის ამ ტყუილმა საბოლოოდ აუხილა თვალი ყველას. თუკი ვინმეს რამე ეჭვი ჰქონდა უცხოეთში ამ ხელისუფლების სახესთან დაკავშირებით, გაქრა. ეს იყო ბოლო წვეთი, ამის შემდეგ უკვე დაიწყო სერიოზული ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ვინაიდან დაინახეს, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ის არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამას წინ უძღოდა ბევრი რამ, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში ივანიშვილის მორჩილი ადამიანების დანიშვნა, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ პოლიტიკური რეპრესიები, საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებისა და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, რუსეთისადმი დათმობები და მისი ორბიტისკენ შემობრუნება, ბევრი ვალდებულების შუსრულებლობა, მრავალი დანაშაულის გამოუძიებლობა, თუმცა ივანიშვილის მიერ დანაპირების უკან წაღება პირდაპირი ნიშანი იყო იმისა, რომ ესენი არ აპირებენ არჩევნების გზით წასვლას. რეალურად, საქართველოს ხელისუფლება გადაიქცა საფრთხედ სახელმწიფოსთვის. სწორედ ამის შემდეგ გაკეთდა მკაცრი განცხადებები ევროკავშირის, ცალკეული ევროპარლამენტარების, ევროსაბჭოს მხრიდან. სულ ბოლო წვეთი კი ანაკლიის პროექტის ჩაძირვა იყო, რომელმაც საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას. ანაკლიის პროექტის ჩაძირვის შემდეგ უფრო ღია და პირდაპირი გახდა განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან. ჯერ იყო ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება, შემდეგ _ სახელმწიფო დეპარტამენტის. როცა ამბობენ ხოლმე, რომ ამერიკის მთავრობა კი არ გვეუბნება ამას, კონგრესი გვეუბნებაო, თითქოს ამერიკის კონგრესი ხელწამოსაკრავი იყოს და ამერიკაში არ არსებობდეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას ეთქმოდეს სიტყვა. „ქართული ოცნების“ მხრიდან ესეც ძალიან უსუსური თავის მართლება იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საუბარი გახლდათ პროკურატურის უარყოფით როლზე, როგორც რეპრესიული სისტემის ნაწილზე, საარჩევნო პროცესში ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, სასამართლო სისტემაში არსებულ ცუდ მდგომარეობასა და ა. შ. მეორე მხრივ, ცალკეული კონგრესმენების განცხადებაში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიული განვითარების კუთხით და რომ საქართველოში არ არის გარემო, რათა ბიზნესი, მათ შორის, ამერიკული, თავს დაცულად გრძნობდეს. დეპუტატების ინდივიდუალური განცხადებების შემდეგ, ფაქტობრივად, გაკეთდა 4 კონგრესმენის ორი პარტიული განცხადება, მათ შორის, ერთი კონგრესმენი არის საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი, მეორე კონგრესმენი კი არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ანუ სერიოზული პოლიტიკური წონის მქონე კონგრესის წევრები არიან, ორივე პალატიდან საქართველოს მთავრობას პირდაპირ ადანაშაულებენ დემოკრატიის პრინციპების ღალატში. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ არგუმენტი, რომ ეს არის ამერიკის კონგრესი და არა მთავრობა, აბსოლუტურად სულელური არგუმენტია. მეორე მხრივ, ისინი ასევე ამბობენ, რომ ყველა ეს ადამიანი თურმე შეცდომაშია შეყვანილი. ამერიკის მთავრობა, კონგრესი, ევროკავშირი, ევროსაბჭო შეცდომაში შეიყვანეს, თურმე! რაც ყველაზე უფრო სასაცილოა, ესენი ყველანი, თურმე, „ნაციონალების“ მეგობრები არიან. თუ ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია იმაზე მეტი, ვიდრე 5 მილიარდის მქონე ივანიშვილს, თავისი ლობისტებითა და სხვა ინსტრუმენტებით, მაშინ უდავოდ ყოჩაღ „ნაციონალურ მოძრაობას“! (იცინის) ასეთი განცხადება მმართველი გუნდის მხრიდან არასერიოზულია, ეს განცხადება, ერთი მხრივ, შეურაცხყოფს თავად აშშ-ის ადმინისტრაციასა და მის საელჩოს. ე. ი. საქართველოში ამერიკის საელჩო არ ფლობს რეალურ ვითარებაზე ინფორმაციას და ის საკუთარ პარლამენტს, მთავრობას არასწორ ინფორმაციას აწვდის. საქართველოში ამერიკის საელჩოს გარდა მუშაობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ამერიკული IRI, NDI, რომლებიც რენტგენივით აშუქებენ არსებულ ვითარებას. ამავე დროს, საერთაშორისო პოლიტიკური, საფინანსო და უფლედამცველი ორგანიზაციები. ხელისუფლების თავის მართლების ყველა არგუმენტი, ერთი მხრივ, არასერიოზულ მდომარეობაში აყენებს საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და, მეორე მხრივ, ეს არის ამომრჩეველზე გათვლილი იაფფასიანი პროპაგანდა და ამომრჩევლის გაბრიყვება, მაგრამ სულ ტყუილად.
_ თქვენ ბევრი ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ სულელური არგუმენტები აქვს კონგრესმენების განცხადებებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ვერ აღიქვამს ვითარების სიმწვავეს?
_ მათ ჰყავთ ოფიციალური ლობისტები და საკმაოდ დიდ ფულს უხდიან საქართველოს ბიუჯეტიდან. ასევე ივანიშვილს ჰყავს სხვა ფორმის ლობისტები, რომლებიც ივანიშვილის ინტერესებისთვის მუშაობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით, რადგან რაც არ უნდა დიდი ფული გადაუხადო და კვალიფიციური ლობისტები დაიქირავო, ამერიკას ვერ მოატყუებ ამ საინფორმაციო ეპოქაში. ეს არ არის 20-30 წლის წინანდელი ქვეყანა. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, ვერ შეალამაზებ არსებულ ვითარებას და შავს ვერ გაასაღებ თეთრად: „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“, _ ეს ძალიან დროული ანდაზაა ამ ხელისუფლებისთვის, ანუ „არ გათეთრდების „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა“. რაც არ უნდა ფული დახარჯო ლობისტებსა და ინფორმაციის გავრცელებაში, ვერავის მოატყუებ. საუბარი იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ვერ აფასებს კონგრესმენების განცხადებების სიმწვავეს, რომ მათ თავზე ჩამოწვა ძალიან დიდი შავი ღრუბელი და შეიძლება, მეხიც დაეცეთ, ამას ისინი ვერ აცნობიერებენ _ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ყველაფერს ხედავენ, მაგრამ არავითარი ძალა და ენერგია არ აქვთ, რადგან ხელისუფლება მოშლილია და კატასტროფული საკადრო მდგომარეობაა. მათ არ ჰყავთ ადამიანები, რომლებთაც აქვთ იდეები, მდგომარეობიდან გამოსასვლელად არ გააჩნიათ ორგანიზების უნარი და ვერც ვერასდროს ექნებათ, ვინაიდან სისტემა ისეთია, რომ ერთი ადამიანი _ ივანიშვილი მართავს არაფორმალურად, გადაწყვეტილებას იღებს არა მთავრობა და პარლამენტი, არამედ მის ირგვლივ გაერთიანებული, ხშირ შემთხვევაში, სუფრის მეგობრები. სუფრაზე ყალიბდება ქვეყნის იდეოლოგია, იდეოლოგიურ-სუფრული ნაწილი გამოვლინდა ივანიშვილის პოლიტიკურ ხედვაში, რომ თურმე, მისი თქმით, ქართული სუფრა და თამადა არის ცივილიზაციის უფრო დიდი მონაპოვარი, ვიდრე კოსმოსში გაფრენა, ინტერნეტი და ა. შ. ხვალ-ზეგ სიმსივნის წამალსაც გამოიგონებენ და ცივილიზაციის მონაპოვარი, თურმე, ის მომღერლები ყოფილან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ართობენ (იცინის). არსებობს დიალექტიკის კანონი, რაოდენობრიობის გადასვლა თვისობრიობაში, როდესაც რაღაც გროვდება, ის შემდეგ იფეთქებს და სულ სხვა რამეს მივიღებთ. მაგალითად, როდესაც წყალი დაიწყებს გაცხელებას _ 1 გრადუსიდან 99 გრადუსამდე _ ის არის წყალი, საკმარისია 1 გრადუსი დაემატოს და ამ რაოდენობრივი დაგროვებიდან ვღებულობთ ახალ თვისობრიობას, რომელსაც ჰქვია ორთქლი. აი, ასეა, პოლიტიკურ რეალობაში რაოდენობრივი დაგროვება მივიდა კრიტიკულ მომენტამდე და ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ეს ერთი გრადუსი. მხოლოდ გავრილოვის შემოსვლიდან დღემდე და თუნდაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი საგარეო ზემოქმედება მოხდა, მათ შორის, კონგრესის, ევროკავშირის განცხადებები, ასევე დემოკრატიისა და კორუფციის რეიტინგები, ცალკეული გავლენიანი პირების განცხადებები, ქვეყნის შიგნითაც უამრავი პრობლემა დაგროვდა _ პოლიტიკური ლიდერების რეპრესიები, ასვე მუდმივი წარუმატებლობები, რომელიც გამოიხტა სიღარიბის ზრდასა და ა. შ., რომ საკმარისია ახალი თვისობრიობის მისაღებად. ეს ახალი თვისობრიობა დამუხტული საზოგადოებაა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა უნდა. ერთი პატარა ბიძგის მიცემა და არავინ იცის, რა იქნება. პირობითად ავიღოთ: თუ ლავროვი მაისში საქართველოში მინისტერიალზე შემოვა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს მთავრობა დამთავრებულია. აბა, გაუბედოს უკრაინას რუსეთმა ვინმეს შეშვება, საზღვარზევე ჩააგდებენ დნეპრში. ლავროვი რომ შემოვიდეს თერგიდან, პირდაპირ უნდა გადაუძახო თერგში. ასე რომ, რა გახდება ამ ხელისუფლების საბოლოო ჩამოშლისა და შემდეგ მათი არჩევნებზე დამარცხების გაფორმების მიზეზი, არავინ იცის, რადგან წინ ძალიან დიდი დროა და ეს ხელისუფლება თავისი უგუნურებით თვეში ერთხელ სერიოზულ სკანდალში ეხვევა. ანუ „ქართულ ოცნებას“ თვეში ერთხელ ისეთი სკანდალი აქვს გამოწერილი, რომელიც მას შიგნიდან ანგრევს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია, თუმცა მის ფონზე არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება ოპოზიცია. 2012 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას“ მტრის ხატად ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით სულდგმულობს. რამდენად გაჭროს ეს მეთოდი ამჯერად?
_ მრავალი მიზეზის გამო ოპოზიცია სუსტი იყო, მათ შორის, საერთო მიზნისადმი ოპოზიციის გაუერთიანებლობა. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება კარგად ახერხებდა სხვადასხვა მეთოდით ოპოზიციის რიგებში შუღლის შეტანას, რადგან მათი სხვადასხვა იდეოლოგიური საფუძვლით და იმ ბერკეტებით სარგებლობდა, რომელიც ყოველთვის აქვს მდიდარ ადამიანს. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ერთი დიდი გამოფხიზლება მოხდა საზოგადოებაში, რომლის ნაწილიც პოლიტიკური პარტიები არის. ხალხის გამოხატულება თავს იყრის ერთ დიდ ადგილზე, რომელსაც პარლამენტი ჰქვია. დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთადერთის წინააღმდეგ, _ ერთი არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დანარჩენი არის ყველა ერთად. გაერთიანების საფუძველია, რომ საქართველოში არასდროს უნდა გაყალბდეს არჩევნები, რომ დაე, გაიმარჯვოს იმ პარტიამ, ვინც ხალხს უნდა, რაც არასდროს გვეღირსა საქართველოში. ერთადერთი არჩევნები ჩატარდა ობიექტურად კომუნისტების დროს, როდესაც ისინი დამარცხდნენ და „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა. ამის შემდეგ მეტ-ნაკლებად ხდებოდა არჩევნებში ჩარევა სხვადასხვა მექანიზმით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მეთოდები გამოიყენა, _ ივანიშვილის პირადი ფული და კრიმინალები. ხალხი მიხვდა, რომ ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება უკან ხევს ქვეყანას, ქმნის არასტაბილურ განწყობილებას, პოლიტიკურ რისკებს, რა დროსაც ქვეყანაში არ მოდის უცხოელი ინვესტორი, ეს მოქმედებს ლარის სტაბილურობაზე, რაც იწვევს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და სიღარიბის მატებას. ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მის პირად კეთილდღეობასთან, პირად ჯიბესთან. პირადი ჯიბე განაპირობებს, წავა თუ არა ადამიანი საქართველოდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა იცლება. ამიტომ საზოგადოება პარტიების სახით და არასამთავრობო სექტორი შეთანხმდა, რომ საარჩევნო კანონი ისეთი უნდა იყოს, რომელიც ხალხის განწყობილებებს გამოხატავს.
_ თუმცა გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრის პირობებშიც „ქართული ოცნება“ ცდილობს, პოლიტიკური გარემოს პოლარიზება მოახდინოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ძალად წარმოჩნდეს, რომელსაც რევანში სურს. თქვენი პარტიის უარყოფითი ნაწილი გასაგებია, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პლუსი?
_ ამ ლეგენდამ იმუშავა, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის ჰიბრიდული ომის მექანიზებმა. რუსეთმა დიდი როლი ითამაშა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსასვლელად. ახლაც ის დათმობები, რაც რუსეთის წინაშე ხორციელდება (სანქციებს არ ვითხოვთ საოკუპაციო ხაზთან ადამიანის გატაცებისა თუ საოკუპაციო საზღვრის ზოლის გადმოწევის გამო; რუსეთის მიმართ მორჩილი დამოკიდებულება გვაქვს), განპირობებულია ერთი მიზნით, რომ დღევანდელ ხელისუფლებასა და ივანიშვილს რუსეთი დაეხმაროს ძალაუფლების შესანარჩუნებლად; რუსული ფაქტორი შემოჰყავს საკუთარი ტყავის გადარჩენის მექანიზმად: ცოცხების თემა, ქვევრში ბავშვის ჩახრჩობა და უამრავი ჭორისა თუ ლეგენდის გავრცელება. აგენტურა როგორ მუშაობდა, ეს მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც რუსეთი უკრაინაში, ყირიმსა და დომბასში არჩევნებში ჩაერია. დღესაც რუსეთის იმედი აქვს საქართველოს ხელისუფლებას: რუსეთი გადმოუგდებს ავიამიმოსვლის აღდგენას _ ჯერ ვითომ გაამწარა ქართველები და მერე დათმობაზე წავიდა. ერთი მხრივ, ღია პოლიტიკური გადაწყვეტლებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენონ და, მეორე მხრივ, ფარული მექანიზმები. ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზაცია, ძალიან ბევრი ლეგენდა შეიქმნა: 26 ათასი გაუპატიურებელი ქართველი ვაჟკაცი და ა. შ. NDI-ის გამოკითხვაში, თუ რომელი პარტია უფრო მეტად გადაჭრის ეკონომიკურ პრობლემებს, 20% ამბობს „ქართულ ოცნებას“, 20% _ „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ სახელისუფლებო და ოპოზიციაში მყოფ პარტიას ერთ დონეზე აყენებენ. შეკითხვაზე, თუ რომელი პარტია უკეთ გადაწყვეტს ჯანდაცვის პრობლემებს, 20% ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, დანარჩენი ყველა პარტია ერთად აღებული არ არის იმდენი, რამდენიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხმები, ანუ საზოგადოებამ იცის, რა გააკეთა კარგი ამ პარტიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პლუსი არის მის მიერ გაკეთებული საქმეები. როდესაც ამ 8 წელიწადში გაკეთებულ საქმეებს იმ 9 წელიწადში გაკეთებულს ადარებს, გონიერი ადამიანი ხედავს, რომ თუ რამე კარგი გაკეთდა ამ 8 წლის განმავლობაში, წინა 9 წელიწადში გაკეთებული საქმეების გაგრძელებაა, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პლუსი არის მისი წარსული.
_ სწორედ თქვენი პარტიის წარსულს იყენებენ არგუმენტად, თუ რატომ არ უნდა დაბრუნდეთ ხელისუფლებაში. თქვენი ოპონენტები ხშირად გახსენებენ „სისხლიან 9 წელს“…
_ რადგან თქვენ ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მინუსიც მისი წარსულია, ვიმეორებ: ამ მინუსში ლომის წილი მიუძღვის რუსული ჰიბრიდული ომის მექანიზმებს და მათ შორის რუსეთი მონაწილეობდა ლეგენდების შექმნაში. ეს ლეგენდები უკვე ქარწყლდება, მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებიც, რომელსაც სამომავლოდ ვერ გაიმეორებს იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო ვერ მოვა ხელისუფლებაში. დღეს ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებული ძალების ძალისხმევით. დღეს რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო, 100%-ით იცვლებოდა საქართველოს ხელისუფლება. შერეული სისტემის პირობებში კი, როდესაც „ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ სისტემაზე ამყარებს იმედს, პროპორციული არჩევნები ჯამურად NDI-ის გამოკითხვით „ქართულ ოცნებას“ აქვს წაგებული. „ქართული ოცნება“ არჩევნების პროპროციულ ნაწილს აგებს. მაჟორიტარული ნაწილი, სადაც ეს ფეოდალური სისტემა არსებობს და „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსი, საბიუჯეტო, ივანიშვილისა და ადგილობრივი ფეოდალების, ანუ პატარა ბიძინების ფული ერთად აძლევს მათ ძალაუფლების შენარჩუნების იმედს. იმისთვის, რომ ეს იმედები გაქარწყლდეს, ამისთვის აუცილებელია წინასარჩევნოდ ოპოზიციის კონსოლიდაცია და პროცესიც აქეთკენ მიდის.
_ მაშინ, როცა უკვე რამდენიმე თვეა დარჩენლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რა რესურსი გაქვთ ოპოზიციას, რომ ხელისუფლებას პროპორციული დაათმობინოთ?
_ ოპოზიცია წაუგებელ თამაშს თამაშობს. ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი საკუთარი თავისთვის დამაზიანებელია. ოპოზიცია კი გააგრძელებს აქციებს, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულებების, პარლამენტის პიკეტირებას იმ მოთხოვნით, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წამოვიდეს და თუ წმინდა პროპორციული სისტემა ან გერმანული მოდელი არ იქნება, რაღაც მოდიფიკაციის სახით მაინც მივიღოთ, თუნდაც მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება მრავალმანდატიან ოლქებში. ჯიუტად არ მოდის ხელისუფლება დათმობაზე და 99%-იანი ალბათობით, პროტესტის მიუხედვად, არ წამოვა ამაზე, ვინაიდან ყველა მოლაპარაკება, რაც კი ხელისუფლებამ წამოიწყო, იმიტაცია, დროის გაწელვა იყო საპროტესტო მუხტის ჩასაქრობად და კვლავ მათი ბრენდს გამოყენებით, როგორიც არის ტყუილი.
_ ხელისუფლებამ მოდიფიცირებული ვარიანტი შემოგთავაზათ _ 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული, რატომ არ დასთანხმდით?
_ არ დავთანხმდით, რადგან მათ ამის განხილვა პაკეტში სურდათ. ანუ 100/50-ზე 2020 წელს და 2024-შიც, თან დაგვეხმარეთ კონსტიტუციის შესაცვლელად, ამის რესურსები არ გვაქვსო. ეს ხომ წინასწარ უარის სათქმელად იყო განწირული. ახლა ბოლო შეხვედრა გაიმართება ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბოლო სისულელეს იტყვიან და ეს პროცესიც დამთავრდება.
_ მაშინ რა გრჩებათ ოპოზიციას და რატომ ფიქრობთ, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობთ?
_ ოპოზიცია ბოლომდე გააგრძელებს პროტესტს, ბოლომდე ამხელს „ქართულ ოცნებას“, ჩამოხსნის ნიღაბს. ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ 7 წლის განმავლობაში 7 ნიღაბი ჰქონდა, ერთი პატარა, მერვე ნიღაბი აქვთ შემორჩენილი, რომლისაც ვიღაცებს კიდევ სჯერათ. ამ ნიღაბში მატყუარა სიფათი იმალება, რომელსაც აუცილებლად ჩამოვგლეჯთ და „ქართული ოცნება“ არჩევნებში ჩამოშლილ-დეგრადირებულ-ჩამოძონძილი მივა. ჩამოძონძილი „ქართული ოცნება“ გაცილებით ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე დღევანდელ დასუსტებულ მდგომარეობაში მყოფი. ის უპირატესობები, როგორიც არის ადმინისტრაციული, ფინანსური რესურსი, პოლიცია, სუსი, კრიმინალების გამოყენება, _ ამ რესურსების ზემოქმედების ძალის განეიტრალებას ოპოზიცია არჩევნებამდე მოახერხებს, ამიტომ „ქართული ოცნება“ გზაგასაყარზე დგას, როგორც ზღაპრებშია: მარჯვნივ წავა _ ვაის შეეყრება, მარცხნივ _ უის. მიიღებენ პროპორციულ არჩევნებს _ ვაის შეეყრებიან, არ მიიღებენ _ უის.
საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ისეთი სარჩევნო სისტემის შექმნაა, რომელიც არავის მისცემს სამომავლოდ ძალაუფლების უზურპაციის შესაძლებლობას.

ნენე ინჯგია