უპრეცედენტო სისხლის სამართლის საქმე

სისხლის სამართლის საქმე N001121018022 ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოა და როგორც აღმოჩნდა, არც კანონმდებლობა და არც საგამოძიებო უწყებები მზად არ იყვნენ, პასუხი გაეცათ არსებული კითხვებისთვის. კონკრეტულად კი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოქალაქე თ.ა.-მ, სავარაუდოდ, თაღლითური გზით, მოქალაქე მ.მ. ბიოლოგიურად და ფინანსურად გამოიყენა, _ დონორისა და სუროგატის მეშვეობით არაბიოლოგიური შვილის „დედა“ გახდა, რის შემდეგაც თ.ა.-მ გაყიდა ქმართან ერთად შეძენილი ბინა, ქმრის ოჯახის წევრებს აუკრძალა ბავშვთან კონტაქტი და 3 წლის ბავშვზე, სავარაუდოდ, დღემდე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობს.

როგორ ცდილობს მამა ბიოლოგიური შვილის უფლებების დაცვას? რა პრობლემებს აწყდება და რა ეტაპზეა საქმე? აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ ბავშვის ბიოლოგიური მამის ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრა:

_ როგორ დაიწყო თ.ა.-სა და მ.მ.-ს შორის ურთიერთობა?
_ ჩემმა ოჯახის წევრმა ამერიკაში ყოფნის დროს გაიცნო ქართველი ქალი, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ქალი თავიდან ამბობდა, რომ ჯანმრთელი იყო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა. მან თვითონვე გამოთქვა სურვილი, რომ სუროგატ დედას გაეჩინა ბავშვი. ჩემი ოჯახის წევრი ფსიქოლოგიური ზეწოლით დაითანხმა და ვინაიდან მას მწვანე ბარათი ჰქონდა, ის საქართველოში ჩამოვიდა და ამ მამაკაცის ბიოლოგიური მასალით მოხდა სუროგაცია.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ქალბატონმა ფსიქოლოგიური ზეწოლით დაითანხმა მამაკაცი?
_ თავიდან მამაკაცს არ სურდა, სუროგაციის საშუალებით ჰყოლოდა ბავშვი, თუმცა ქალმა სუსტი წერტილი იპოვა, რაც სინდისის მქონე ადამიანებს, ზოგადად, აქვთ და ამ კუთხით დაიწყო მასზე ზეწოლა, რის შედეგადაც მამაკაცი დაიყოლია. შემდეგ, როგორც გაირკვა, ამ ქალბატონმა მოიტყუა, მას მამაკაცთან მხოლოდ მოკლევადიანი ურთიერთობა სურდა. ის გამოიყენა როგორც ბიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად _ ბავშვის „გასაკეთებლად“. სანამ ჩემი ოჯახის წევრი საქართველოში აგვარებდა სუროგაციის საკითხებს, ეს ქალბატონი, თურმე, ამერიკაში ადვოკატთან გადიოდა კონსულტაციას, რა შემთხვევაში შეიძლებოდა წაერთმია მისთვის შვილი ბიოლოგიურ მამას, ანუ მას ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
_ კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, რა მოხდა ბავშვის დაბადების შემდეგ?
_ ბავშვი რომ დაიბადა, იმ ქალბატონს არ სურდა საქართველოში ჩამოსვლა, მისი დაბადებიდან სამ კვირაში ჩამოვიდა, მხოლოდ იმ პირობით, თუ ბავშვის მამა მას მატერიალურად უზრუნველყოფდა და თვეში 1000 დოლარს გადაიხდიდა. ეს ცხადია, საეჭვო საქციელი იყო. ბავშვის გაფორმების პროცესში ეს ქალი აქტიურობდა, რომ დაბადების მოწმობაში დედის სტატუსით ჩაწერილიყო. ახლა ვხვდებით მის მიზანს, რომ შემდეგ ბავშვის მისაკუთრების სამართლებრივი ბერკეტი ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ ბავშვს სახელი მამასთან შეუთანხმებლად დაარქვა, ასევე მამის გარეშე აიღო ბავშვის დაბადების მოწმობა. სწორედ ამ დროს გამოავლინა რეალური სახე, თუმცა მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია. ბავშვის დაბადებამდე ერთობლივად შეძენილ სახლში ცხოვრობდა ბავშვი და ქალი, ქმარი კი ამერიკაში იყო და პერიოდულად ჩამოდიოდა. საგულისხმოა, რომ ქალი ცდილობდა, მაქსიმალური დისტანცია დაეჭირა ქმრის ოჯახის წევრებისგან, მუდმივად კონფლიქტის საბაბს ეძებდა, მათ შორის, ჩემთან. როდესაც სანახავად მივდიოდი მეუბნებოდა, ნუ მოდიხარო. ბავშვი მოუვლელი იყო, არაადეკვატურად ექცეოდა, მაგალითად 1 წლის ბავშვს შოკოლადის პუდინგს, პომიდორს აჭმევდა, რაზედაც მითითებას ვაძლევდი. ერთხელ ხელითაც კი შემეხო, რის გამოც პატრული გამოვიძახე, რომელიც ფორმალური ოქმით შემოიფარგლა და შევთანხმდით, რომ სანამ მივიდოდი, წინასწარ გავაფრთხილებდი. როგორც შემდეგ გაირკვა, იმ პერიოდში მასთან ბინის კლიენტები დადიოდნენ და ამიტომაც არ სურდა ჩემი იქ მისვლა. როდესაც მამის მხრიდან ბავშვის ბებია მივიდა ბავშვის სანახავად, ეს იყო 2018 წლის 4 აპრილი, სახლი გაყიდული დახვდა. თავად ეს ქალბატონი არავის ზარებს არ პასუხობდა და ვერ მივაგენით, რის შემდეგაც ბავშვის მამამ ადვოკატი აიყვანა, რომლის რჩევითაც იუსტიციის სახლს განცხადებით მივმართეთ _ გვაინტერესებდა, ბავშვის სახელზე იყო თუ არა გაცემული პასპორტი. როდესაც იუსტიციის სახლში ამის გასარკვევად მივედი, ბავშვთა სივრცეში ჩემი სისხლი და ხორცი ვნახე და მაშინვე მივედი ბავშვთან. დავურეკე ბავშვის მამას, რომელიც იმჟამად ამერიკაში იყო და თავისი შვილი ვანახე. ამ დროს უკნიდან ამ ქალბატონმა შემაჯანჯღარა და ბავშვი ხელიდან გამომგლიჯა. აღსანიშნავია, რომ ბავშვს „დედასთან“ მისვლა არ უნდოდა და „დედის“ მიმართ აგრესიას გამოხატავდა. ამასობაში პატრული მოვიდა, საღამოს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემზე და ბავშვის ბებიაზე (ბიოლოგიური მამის დედა) შემაკავებელი ოქმი გამოიწერა. თურმე, ამ ქალს საჩივარი შეუტანია, რომ თითქოს ჩვენ მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევდით. თუ მე მოძალადე ვიყავი, მაშინ იუსტიციის სახლშივე რატომ არ უთხრა პატრულს?! თუმცა მან გლდანის რაიონის სამმართველოში დაწერა საჩივარი, სადაც ნაცნობი ხალხი ჰყავს. შემაკავებელი ოქმი სასამართლომ გააუქმა. იუსტიციის სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ეს ქალბატონი ისევ გაუჩინარდა. მას სრულიად შემთხვევით ბავშვის მამამ მიაგნო გლდანის რაიონში. ეს ქალბატონი, მას შემდეგ, რაც ქმართან ერთად შეძენილი ბინა გაყიდა, საცხოვრებლად საბურთალოდან გლდანში გადავიდა. ბავშვის „დედა“ ბიოლოგიურ მამას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მამამ სასამართლოს მიმართა ძირითადი მეურვეობის მიკუთვნების მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოში ამ საქმეს მოსამართლე გიორგი მაისურაძე განიხილავდა, რომელმაც ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება ითხოვა და ეს დროში რომ არ გაწელილიყო, შემოგვთავაზა, სასამართლოსთან არსებული კერძო ფსიქოლოგისთვის მიგვემართა, თუმცა „დედა“ წინააღმდეგი წავიდა, რადგან მას სურდა, ეს პროცესი გაწელილიყო. 7 თვე ველოდეთ ფსიქოლოგს, რომელსაც შემდეგი რეკომენდაცია ჰქონდა, რომ რაც უფრო მეტ დროს გაატარებდა ბავშვი მამასთან, ეს მით უკეთესად აისახებოდა ბავშვის მდგომარეობაზე. ცხადია, ამ გადაწყვეტილებას უნდობლობა გამოუცხადა ე. წ. დედამ. ჩვენ გვაქვს ვიდეო, სადაც ბავშვი ამბობს, რომ დედა მაშინებსო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა, რომ 2 წლისა და 3 თვის ბავშვს არ დაეჯერება, რასაც ამბობსო. არადა, 2019 წლის 3 თებერვალს, როცა მამამ ბავშვს მიაკითხა, მას სახე გასიებული ჰქონდა და წამოიყვანა. მამამ გამომძიებელს დაურეკა, რომელმაც უთხრა, _ საღამოს ბავშვს „დედასთან“ რომ მიიყვან, იმას ჰკითხე, რა მოხდაო. ეს პროფესიონალი გამომძიებლის პასუხი და დამოკიდებულებაა?! ყველა ნაბიჯზე გულგრილობასა და არაკომპეტენტურობას ვაწყდებით. საბოლოოდ კი გიორგი მაისურაძემ არ გაითვალისწინა ფსიქოლოგის დასკვნა და არც ახსნა, რის საფუძველზე მიიღო ასეთი არათანაბარი პირობების გადაწყვეტილება, სად არის თუნდაც გენდერული თანასწორობა? მით უმეტეს, მამა ბიოლოგიური მშობელია. საბოლოდ, მოსამართლემ ბიოლოგიურ მამას კვირაში 8 საათი გამოუყო საკუთარი შვილის სანახავად. დროის უმეტესი ნაწილი ბავშვის მიყვანას სჭირდება და ძალინ ცოტა დრო რჩება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ბავშვს დედის ეშინოდა. რამ გამოიწვია ეს შიში?
_ ბავშვი თავადვე ამბობდა, რომ დედამისი სცემდა. ტანზე ნაკაწრები ჰქონდა. ხშირად აღნიშნავდა, რომ დედამისის ეშინოდა. შიშისგან ტანტრუმები (ბავშვის უეცარი ჭირვეულობა, გამოწვეული ემოციური გადაღლით, სტრესით, იმედგაცრუებით, _ რედ.) დაემართა. კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ ბებია-ბაბუასთან ყოფნის შემდეგ დედამისთან წასულიყო. 2018 წლის 4 ოქტომბერს, როცა ბავშვი ჩვენთან წამოსაყვანად მოვამზადეთ და მანქანაში ჩავსვით, ძალიან დათრგუნული იყო, თან გვეუბნებოდა, _ არ ვიცი, ვინ ხართ, ვერ გცნობთო. ეს მდგომარეობა, დაახლოებით, 40 წუთი გაგრძელდა. ამის მოწმეა ტაქსის მძღოლი, რომელიც გამოძიებამ მხოლოდ მე-9 თვეს, მამის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, გამოკითხა. იგივე განმეორდა 2019 წლის 14 აპრილს, როდესაც ბავშვმა თქვა, რომ „დედა“ აშინებდა. ჩვენ ამის ვიდეომასალაც გვაქვს.
ასევე მინდა ერთი ფაქტის შესახებ გიამბოთ: 2019 წლის 17 თებერვალს, როცა პირადად მივიყვანე ბავშვი მის არაბიოლოგიურ დედასთან, სახლში არ შედიოდა, _ დედასი მეშინიაო და ტიროდა, რა დროსაც პატრული გამოვიძახე. პატრულის თანამშრომელი მარიამ ცინაურიძე ცინიკურად მელაპარაკა, ტელეფონი გამომართვა, _ გამომძიებელს უნდა დავურეკოო. გაუგებარია, რაში სჭირდებოდა ჩემი ტელეფონი დასარეკად, მით უმეტეს, როგორც გაირკვა, გამომძიებელთან თავისი ნომრიდან დაურეკავს. მარიამ ცინაურიძე ბავშვის „დედასთან“ ერთად ჩაჯდა მანქანაში და ჩემს ტელეფონში რაღაცებს აკეთებდნენ. ვფიქრობ, აინტერესებდათ, მქონდა თუ არა ვიდეო, სადაც ბავშვი ამბობს, რომ „დედის“ ეშინია. შემდეგ ეს პატრულის თანამშრომელი გადმოვიდა, ბავშვი გამომგლიჯა და მითხრა, ბავშვისთვის ამეხსნა, რომ „დედამისი“ კარგია. მას არც კი უკითხავს, რატომ ეშინოდა ბავშვს „დედის“ და რატომ არ სურდა მასთან ყოფნა. ამ ფაქტზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას მივმართე, თუმცა ეს საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული.
_ ახლა როგორია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რა ეტაპზეა საქმე?
_ უკვე 1 წელი და სამი თვეა, რაც 4 ოქტომბრის ფაქტზე მიდის საქმის ძიება. საქმეს ემატება დოკუმენტაცია, ვიდეო მასალა, ფსიქოლოგების დასკვნები, რასაც წესით შედეგი უნდა მოყვეს. პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე აშკარად გულგრილია ამ საქმის მიმართ. მასთან გასაუბრების დროს ჩვენს შეკითხვებზე შეგნებულად არ პასუხობს, ტელეფონზე მესიჯების წერით ერთობა და კონტაქტში არ შემოდის. პროკურორი, რომელიც 3 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებს იძიებს, არ მიიჩნევს თავს ვალდებულად, მოწმე დაიბაროს და გამოკითხოს. მეტიც, ის თავისი საუბრიდან გამომდინარე ბავშვის არაბიოლოგიური დედის ადვოკატად გვევლინება! მან საქმეში არსებული ფაქტები ან არ იცის, ან შეგნებულად იბრმავებს და იყრუებს თავს. წელიწადზე მეტია, საქმე წინ უდევს და ბავშვის ასაკიც კი არ იცის, არც ის იცის, რომ დედ-მამა რეგისტრირებულ ქორწინებაში არასოდეს ყოფილან. თურმე, არც მონაცემთა ბაზაზე აქვს წვდომა, რომ გადაამოწმოს ინფორმაცია, რაც პროკურორის არაკომპეტენტურობას მიუთითებს. მისი პასუხები მცირეწლოვანი ბავშვის ბიოლოგიური მამისთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია! სოციალური სამსახურის სააგენტოს არაერთი წერილი მივწერეთ; სახალხო დამცველის აპარატი და შსს-ს ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტიც ჩართულია საქმეში, მაგრამ ვერაფერს ხდებიან. „დედა“ აგრძელებს ბრძოლას წინასწარ მოფიქრებული პროვოკაციებით, რაც გამოიხატება თვალთვალით მამის ოჯახის წევრებზე. იგი არაადეკვატურ, გამოგონილ მიზეზებს ეძებს იმისთვის, რომ ბებია-ბაბუას ბავშვის ნახვის საშუალება აღარ ჰქონდეს. „დედას“ ვაკის რაიონის მეორე განყოფილებაში ხელწერილი დააწერინეს, მამა კი ყოველ ჩამოსვლაზე იძულებულია, სასამართლოს მიმართოს, რათა ბავშვის ნახვის საათები მიიღოს. ეს მარაზმია!
ამ ამბავში ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ 3 წლისა და 6 თვის ბავშვი უკვე მოძალადედ ჩამოყალიბდა. ასეთი მცირეწლოვანი ბავშვი ამბობს: „მინდა, თავში ჩავარტყა რაღაცა და ამ სახლიდან გამოვიპარო“. ამას ამბობს ბავშვი დედაზე! რატომ ტირის და რატომ ემართება ტანტრუმები დედასთან წაყვანის დროს? პროკურატურა ხომ ის სახელმწიფო ორგანოა, რომელმაც სათანადო ზომები უნდა მიიღოს, დაადგინოს და დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტების გარშემო არსებული გარემოებები? ჩვენ საქმის გამოძიებას ვითხოვთ. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანი, მშობელი, ბავშვი და არა მშობელმა _ შვილი. ამით განსხვავდება ჩვენგან ევროპული სახელმწიფოები, ჩვენს ქვეყანაში კი ინსტიტუციები უგულებელყოფილია. არც ერთი რგოლი ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით სათანადოდ არ მუშაობს. ყველაზე სუსტი რგოლი სოციალური სამსახურია, ფაქტობრივად, არ არსებობს და ამას თვითონაც აღიარებს.
ბევრი კითხვა ჩნდება ამ საქმის ირგვლივ: რა ბერკეტი აქვს ბიოლოგიურ მშობელს და როგორ დაიცვას შვილი ე. წ. დედისგან? რატომ უნდა ენდოს და ანდოს შვილი გასაზრდელად მამამ იმ ქალს, რომელმაც ასეთი რამე დაგეგმა, ამდენი მოიტყუა? რაა უმჯობესი ბავშვისთვის? სად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და რომელი მხარე იზრუნებს მის ჯანსაღ აღზრდაზე ყველა გაგებით? ქალი, რომელმაც თავიდანვე დაგეგმილად გაწირა ბავშვისთვის უმამობა თუ მამა, რომელმაც თანაუგრძნო ქალს და ოჯახში ერთად სურდა ჰყოლოდათ ბავშვი? _ ყველა ამ კითხვაზე პასუხია საჭირო!

ნენე ინჯგია