გიორგი მღებრიშვილი: „ივანიშვილს გასაქცევიც კი არ აქვს, ის იძულებულია, არჩევნები გააყალბოს“

„ენდიაის“ ჩატარებულმა კვლევამ მმართველი პარტია შოკში ჩააგდო. იოლი გადასატანი არ იყო იმის მოსმენა, რომ მიხეილ სააკაშვილი მთელი 10%-ით უსწრებს ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციის რეიტინგი კი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგს. მეოცნებეები ხმამაღლა ამბობენ, რომ ამ რეიტინგებს არ ენდობიან. არადა, მათ ყველაზე უკეთ იციან, თუ რა რეიტინგი აქვთ. მაღალი რეიტინგი და ჭარბი ნდობა რომ ჰქონოდათ, არც პროპორციულ არჩევნებზე იტყოდნენ უარს.
სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მღებრიშვილის აზრით, ამ კვლევებით გამოჩნდა, რომ ხალხს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების აღარ ეშინია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტი 10%-ით არ გაუსწრებდა ბიძინა ივანიშვილს. მისივე აზრით, გადამწყვეტია ის, რომ სააკაშვილის რეიტინგი უკეთესობისკენ შეიცვალა, ივანიშვილის კი _ უარესობისკენ.

რატომ შეიცვალა „ოცნების“ მიმართ ჭარბი ნდობა ჭარბი უნდობლობით? გამოიყენებენ თუ არა არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ საფრთხობელად? რა არჩევანის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი? შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს სამოქალაქო აქტივისტს გიორგი მღებრიშვილი ესაუბრება:

_ „ენდიაის“ ბოლო კვლევამ „ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს იმედები გაუცრუა. პარტიამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჭარბი ნდობა ჰქონდა, საკმაოდ მოკრძალებული შედეგი აჩვენა, რაც შემთხვევითი ამბავი არ უნდა იყოს.
_ აქ რაღაც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჭარბი ნდობა ჭარბმა უნდობლობამ შეცვალა. ჭარბ ნდობას „ოცნება“ სააკაშვილის ფაქტორის ხარჯზე ინარჩუნებდა. მთელი ეს წლები ხელისუფლება ხალხს მესამე პრეზიდენტის დაბრუნებით აშინებდა. ამ კვლევებიდან ჩანს, რომ ეს საფრთხე განეიტრალებულია და ხალხს მიშას დაბრუნების აღარ ეშინია.
პარალელურად, მკვეთრად დაეცა ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია _ ერთი მხრივ, ჩამოიშალა მტრის ხატი და მეორე მხრივ, ჩამოიშალა ტყუილების გუდა. მიშას დადებით რეიტინგთან ერთად ივანიშვილის უარყოფითი რეიტინგიც გადამწყვეტია. ხალხი მოვლენებს უკვე ორმხრივად აფასებს.
_ ამბობთ, რომ სააკაშვილის დაბრუნების საფრთხე განეიტრალებულიაო. დარწმუნებული ხართ, რომ საარჩევნოდ ისევ არ გამოიყენებენ ამ ფაქტორს? რაღაც ძველ ამბავს ამოქექავენ და ისევ შეაშინებენ ხალხს „ნაციონალების“ დაბრუნებით. ახლახანს სააკაშვილის განცხადებაზე საქმე აღიძრა.
_ ბევრ რაღაცას ამოქექავენ, ბევრ რაღაცას იტყვიან, ბევრ რაღაცას მოიგონებენ, მაგრამ ხალხს სააკაშვილის დაბრუნებით ვეღარ დააშინებენ. ეს შიში განეიტრალებულია. სააკაშვილის რეიტინგი სხვანაირად არ გაიზრდებოდა. ეს შიში თავად „ოცნებამ“ გაანეიტრალა.
ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ივანიშვილს საზოგადოების ნაწილი „ნაციონალების“ დაბრუნების შიშით უჭერდა მხარს. აქ უფრო პირად გამორჩენასთან უნდა გვქონდეს საქმე. ბევრი ჩვენი მოქალაქე იმიტომ უჭერდა და უჭერს მხარს ივანიშვილს, რომ პირადი სარგებლის ნახვა სურს. ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას ძველი მეთოდების გამოყენება. ხალხი საკუთარ მომავალს მხოლოდ სააკაშვილით და ივანიშვილით აღარ საზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ველი ამ ორ ადამიანს აქვს გაყოფილი.
„ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანებმა თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე გააკეთეს შეფასებები. ისინი მიხვდნენ, რომ ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო. ეს ადამიანები ხედავენ, რა მდგომარეობაა მათ ოჯახში, მათ გარშემო. ყველას მაცივარი ცარიელია. ამ ფონზე მეორე პლანზე გადადის სააკაშვილის დაბრუნების საფრთხე. 8 წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია და 8 წელია, რაც სააკაშვილი საშიშია. ჩემი აზრით, ახლა ადამიანებს მიშა ნაკლებად აღელვებთ, მათ საკუთარი პიროვნული მდგომარეობა უფრო ადარდებთ. ამიტომაც ივანიშვილის მიმართ ჭარბი ნდობა ჭარბი უნდობლობით შეიცვალა. სამაგიეროდ, სააკაშვილის დადებითი რეიტინგი გაიზარდა.
_ ბევრი ადამიანის მაცივარი დაცარიელდა ამ წლებში. მხოლოდ ცარიელი მაცივრის ბრალია „ოცნების“ მიმართ ჭარბი უნდობლობა, თუ სხვა ფაქტორებიც არის? მაგალითად, „გავრილოვის ღამე“, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხის ჩაგდება. ივანიშვილის განცხადებამ, _ აქ სამუშაო ადგილებს ვერ შეგიქმნით და საზღვარგარეთ წადით სამსახურის საძებნელადო, საზოგადოება ძალიან გააღიზიანა.
_ მხოლოდ ცარიელი მაცივარი ასეთ ჭარბ უნდობლობას ვერ გამოიწვევდა. ამაზე იმიტომ გავამხვილე ყურადღება, რომ ცარიელ მაცივარს ადამიანი ყოველწამს უყურებს. ჭარბი უნდობლობის მთავარი მიზეზი იყო 20 ივნისის სისხლიანი ღამე. ამ ღამემ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. 20 ივნისამდე პატარა-პატარა 20 ივნისები, გადაგდებები იყო, მაგრამ ამაზე ხალხი არ რეაგირებდა. რეაგირება იმიტომ არ იყო, რომ კიდევ ჰქონდათ რაღაცის იმედი. 20 ივნისის შემდეგ ყველა იმედი ამოიწურა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და საზოგადოებამაც სხვა თვალით შეხედა არსებულ სიტუაციას.
„ოცნების“ რეიტინგის მნიშვნელოვან კლებაში თავისი წვლილი შეიტანა პროპორციული არჩევნების ჩაგდებამაც. 20 ივნისის დარბევის გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხს ივანიშვილი დაჰპირდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, მაგრამ, როგორც სჩვევია, ხალხი გადააგდო. ეს გადაგდება საზოგადოებამ უკვე აღარ გაატარა.
_ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხის ჩაგდებას დასავლეთშიც სერიოზული რეაქცია მოყვა. ეს გადაგდება არც იქ გაუტარეს ივანიშვილს და დასავლეთმა „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა. ამ ფონზე ამერიკამ მოლდოველ ოლიგარქ პლოხოტნიკს ფინანსური სანქციები დაუწესა. ამერიკული მედიაგამოცემები მიიჩნევენ, რომ სანქციები ივანიშვილსაც უნდა დაუწესონ. ეს ყველაფერი აიძულებს თუ არა „ოცნების“ ლიდერს, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად ჩაატაროს?
_ დასავლეთი სხვის საქმეებში ასე მარტივად არ ერევა. ის იშვიათად აკეთებს განცხადებებს და ისიც ძალიან დიპლომატიურად. ჩვენს შემთხვევაში კი სხვანაირად არის საქმე. დასავლეთში ერთი მეორის მიყოლებით კეთდება მწვავე განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ეს მწვავე განცხადებები ჩვენი საზოგადოებისთვის მკაფიო მესიჯია. დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებას იოლად არ იღებს და მით უმეტეს, ხმამაღლა არ ახმოვანებს. იქაური პოლიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან, თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში. „ოცნების“ მიმართ მათი დამოკიდებულებაც 20 ივნისის შემდეგ შეიცვალა. ყველამ ნახა, რომ სისხლიანი ღამის შემდეგ ქვეყანამ პროტესტის მუხტი არ დააგდო. კიდევ უფრო გამწვავდა პროტესტი, როცა „ოცნებამ“ და ივანიშვილმა ხალხი გადააგდეს და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვეს.
დაინახეს რა ასეთი მძლავრი და უწყვეტი პროტესტი, დასავლეთში მიიჩნიეს, რომ ეს ხალხი არ გაჩერდება და მათი მხარდაჭერის დროაო. მათ აქამდეც კარგად იცოდნენ, თუ რა მოქმედებებს ეწეოდა ივანიშვილი, მაგრამ სანამ ჩვენ არ დავიწყეთ ამის გაპროტესტება, ხმა არ ამოუღიათ. ეს ნორმალურიც არის _ დასავლეთი ჩვენზე რადიკალური ვერანაირად იქნებოდა. დღეს დასავლეთი ძალიან რადიკალურია შეფასებებში და ის ღიად უჭერს მხარს ჩვენს საზოგადოებას.
დასავლელი პარტნიორები შესანიშნავად აცნობიერებენ იმასაც, რომ საქართველოში საფრთხის ქვეშ დგას დემოკრატია და სხვა დასავლური ღირებულებები. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა მათი ინტერესებიც ფეხქვეშ გათელეს. ბუნებრივია, რომ ამის წინააღმდეგ გამოსული საზოგადოების მიმართ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სოლიდარულები არიან. მათი მხარდაჭერა ხალხს და ოპოზიციასაც იმედს აძლევს.
რაც შეეხება თემას, ჩაატარებს თუ არა ივანიშვილი არჩევნებს დემოკრატიულად, ბოლო კვლევებიდან გამომდინარე, _ არ ჩაატარებს. მის პარტიას 19% აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ 19%-ში ქართული პოლიტიკის თავისებურების გამოვლენის ნიშნებია.
_ რას გულისხმობთ?
_ ამ 19%-დან ბევრი შიშით უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. მათ სამსახურის დაკარგვა არ უნდათ და მხოლოდ ამიტომ ამბობენ, რომ ამ პარტიას უჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ოპოზიციური განწყობის მატარებელია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ამჟღავნებს თავის პოზიციას.
გაგახსენებთ შარშან, 14 დეკემბერს თბილისში გამართულ „ოცნების“ აქციას. ქალაქის ცენტრი 50.000 ადამიანით შეავსეს. ეს ხალხი რეგიონებიდან ძალით ჩამოიყვანეს. 50.000 ადამიანი ადგილზე 2 საათიც კი ვერ გაჩერდა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ამას ივანიშვილიც კარგად ხვდება. მან ძალიან კარგად იცის, რომ არსებულ ვითარებაში არჩევნებზე 51%-ს ვერანაირად აიღებს, ამიტომაც ებღაუჭება მაჟორიტარებს. მას სხვა გზა არც აქვს.
არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას ის მომავალშიც ყველანაირად შეეცდება, თუმცა მაჟორიტარებმაც შეიძლება არ გაუმართლოს. იმისთვის, რომ მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს, სულ ცოტა, 40 მაჟორიტარი მაინც უნდა გაიყვანოს. ამ ვითარებაში ეს ძნელად შესასრულებელი ამოცანაა. უკვე ვთქვით, რომ დღეს „ქართული ოცნების“ მიმართ ჭარბი უნდობლობაა.
ბიძინა ივანიშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს. მას კი ძალიან უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის არჩევნების გაყალბება მოუწევს. არც მოსყიდვას მოერიდება და არც _ რეპრესიებს.
_ ამ ყველაფრის ფონზე, რა სურათიც დღეს გვაქვს, მაინც გაბედავს არჩევნების გაყალბებას?
_ რატომაც არ გაბედავს? თან აქ გაბედვაზე აღარც არის საუბარი. მას სხვა გზა, უბრალოდ, არ დარჩენია. არჩევნების გაყალბების გარეშე ის ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
_ რას დაუპირისპირებს ამას ოპოზიცია? დღეს ოპოზიცია ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული. გასტანს ეს ერთობა არჩევნებამდე? ან არჩევნების გაყალბების შემთხვევაში თუ იქნებიან ერთიანი, რომ გაყალბება ერთობლივად გააპროტესტონ?
_ ოპოზიციის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მხოლოდ ჩემს პირად პოზიციას დავაფიქსირებ. ოპოზიციის ერთიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა იქნება არჩევნებზე. ამ მოცემულობაში სულ სხვა ფასი ექნება „პატრიოტთა ალიანსის“ 5%-ს. წავა სერიოზული ვაჭრობა. ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ოპოზიციის ერთიანობა დაშალოს. ეს ნიშნები უკვე არის.
_ რა ნიშნებზე საუბრობთ?
_ მიუხედავად ქართული რეალობის თავისებურებებისა, „ენდიაის“ ბოლო კვლევა განაჩენია ივანიშვილისთვის და პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა მან პროპორციული არჩევნების ჩატარება. როგორც უკვე ვთქვი, მაჟორიტარებისა და მასობრივი გაყალბება-მოსყიდვა-ძალადობის გარეშე ივანიშვილი განწირულია. გამოკითხვის 19%-ით, რაც მაქსიმუმ 23-25%-ზე შეიძლება ავიდეს დღეს და არჩევნების დღეს აუცილებლად დაბლა დაიწევს, გამორიცხულია ივანიშვილის მიერ უმრავლესობის მოპოვება ნებისმიერი კომბინაცია-კონფიგურაციით. 23-25% ესაა დაახლოებით 30-33 დეპუტატი. შესაბამისად, მინიმუმ 40 მაჟორიტარი სჭირდება, რომ უმრავლესობაში მოსვლის შანსი შეინარჩუნოს. დანარჩენს ადგილზე იყიდის უპრობლემოდ კოალიციის ან თანამდებობის პირდაპირი ყიდვის გზით. მაგალითად, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე სულსაც მიჰყიდის მას. 5-6 ასეთი დეპუტატი აუცილებლად იქნება მოძიებული პარლამენტში.
„პატრიოტთა ალიანსის“ გარდა რამდენიმე 1%-იანი პარტია უკვე ჩაჯდა ამ კონფიგურაციაში. ისინი, ალბათ, გაურიგდებიან ივანიშვილს, რაც საკმარისი არაა. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ჩალიჩი მოუწევს. ოპოზიციას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ერთიანობის ფასი და მნიშვნელობა. ეს ერთობა კიდევ უფრო უნდა განამტკიცონ. ერთობის შენარჩუნება იოლი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
_ „ენდიაის“ კვლევებმა ოპოზიცია ძალიან გაახარა. ეს ეიფორიაში ხომ არ ჩააგდებს მათ და საარჩევნოდ ხომ არ მოდუნდებიან, რითაც აუცილებლად ისარგებლებს „ქართული ოცნება“?
_ ოპოზიცია შეიძლება, მართლა ჩავარდეს ეიფორიაში, მოდუნდეს და ამით წააგოს. ზუსტად იგივე ვითარება იყო 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. პირველი ტურის შემდეგ ისინი ეიფორიაში ჩავარდნენ და ამიტომაც დათმეს მაშინ მეორე ტური.
ოპოზიციაში პოლიტიკოსები არიან და პოლიტიკოსი როცა ხარ, საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო, პირველ რიგში. იმედია, მათ ისწავლეს ამ შეცდომაზე და თუ ისწავლეს, აღარ უნდა გაუჭირდეთ მოსალოდნელი საფრთხეების დანახვა და მათზე სათანადო რეაგირება.
_ წესით, უნდა ესწავლათ თავის შეცდომებზე, მაგრამ ისწავლეს?
_ აბა, რა გითხრათ? წესით, ერთხელ დაშვებული შეცდომა მეორედ აღარ უნდა გაიმეორონ. ოპოზიციის ქმედებები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საზოგადოებაზეც. საზოგადოება უკვე ადეკვატურად რეაგირებს ყველაფერზე, რაც კარგი ამბავია.
_ ადეკვატურ რეაგირებაში რას გულისხმობთ?
_ საზოგადოება რამდენიმე ადამიანს აღარ აძლევს იმის უფლებას, რომ მათ მიიღონ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. საზოგადოება არ მისცემს ოპოზიციას მოდუნების უფლებას, ის აიძულებს მას, რომ ტონუსში იყოს. ისინი საზოგადოების აზრსაც ანგარიშს გაუწევენ და არ წამოეგებიან ხელისუფლების ანკესზე. ეს მათი მხრიდან უპატიებელი შეცდომა იქნება.
_ თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი იძულებული იქნება, არჩევნები გააყალბოსო. იმედია, არ გაყალბდება და თუ გაყალბდება, ოპოზიცია ამას გააპროტესტებს? საპრეზიდენტო არჩევნებიც გაყალბდა, მაგრამ არ გაუპროტესტებია არც ოპოზიციას და არც საზოგადოებას. იგივე ხომ არ მოხდება ახლაც? და კიდევ ერთი: ელოდება თუ არა ივანიშვილს ფინანსური სანქციები, თუკი არჩევნებს გააყალბებს? მგონია, რომ ეს სანქციები მას აიძულებს, დაამუხრუჭოს.
_ გავიმეორებ: „ქართული ოცნების“ ლიდერი იძულებულია, არჩევნები გააყალბოს. მას ვერაფერი, მათ შორის, ფინანსური სანქციებიც ვერ აიძულებს, რომ დაამუხრუჭოს. ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, რომ რაღაც მანევრებს მიმართოს. მას უკან დასახევი გზა არ გააჩნია. მას, ელემენტარულად, გასაქცევიც კი არსად აქვს და აბა, როგორ დაამუხრუჭებს სანქციები?
სხვა ოლიგარქებს, იგივე პლოხოტნიკს, გასაქცევი ჰქონდა და მოლდოვიდან გაიქცა. ამას გასაქცევი არ აქვს. თუ გაიქცევა, პრობლემები კი არ შეუმსუბუქდება, კიდევ უფრო დაუმძიმდება. მას მხოლოდ ერთი გზა აქვს დარჩენილი _ არჩევნები ნებისმიერი მეთოდით უნდა მოიგოს. პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად გამონახავდა სხვა გზას, მით უმეტეს, რომ ასეთი გზა არსებობს.
_ რა გზას აირჩევდა, პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო?
_ ივანიშვილს პოლიტიკაზე ოდნავი წარმოდგენა მაინც რომ ჰქონდეს, ის ოპოზიციაში გადასვლაზე იფიქრებდა. ნორმალურად და საღად მოაზროვნე ადამიანი შექმნილ ვითარებაშიც კი შეძლებდა გამოსავლის პოვნას. ივანიშვილმა ისიც კი არ იცის, რამხელა შესაძლებლობა აქვს ოპოზიციაში ყოფნას.
ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში ის და მისი პარტია არჩევნებზე 20-25%-ს მიიღებდნენ, თავად დარჩებოდა პოლიტიკაში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმ საფრთხეებს მოიხსნიდა, რაც მას დღეის მდგომარეობით ემუქრება.
_ რა საფრთხეები ემუქრება მას?
_ მას ბევრი საფრთხე ემუქრება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამდენი საფრთხე რომ არ იყოს, ასე არ ჩაებღაუჭებოდა ძალაუფლებას და ვა-ბანკზე არ წავიდოდა. ვა-ბანკზე წასვლის ნაცვლად შეეძლო, ოპოზიციაში წასვლაზე ეფიქრა და საფრთხეები აერიდებინა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, არ არის ეს კაცი პოლიტიკოსი და ამდენს ვერ ფიქრობს. „ოცნების“ ლიდერი მოვლენებსაც სხვა თვალით უყურებს და ამიტომაც გამოსავალი არჩევნების გაყალბებაში იპოვა. ის, ფაქტობრივად, ვა-ბანკზეა წასული. ახლა რა მოხდება, ეს მასზე აღარ არის დამოკიდებული. ყველაფერს საზოგადოების აქტიურობა და რეაქცია გადაწყვეტს.
ჩვენ კი ვსაუბრობთ არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ ისმის კითხვა, _ ჩატარდება კი საერთოდ არჩევნები? ესეც უნდა გაირკვეს. ოპოზიციამ ახლავე უნდა გადაწყვიტოს, ერთიანი ფრონტით გავა ერთის წინააღმდეგ, თუ ერთიანიად გამოუცხადებს ბოიკოტს საპარლამენტო არჩევნებს?
_ თქვენი აზრით, რა გზას აირჩევს ოპოზიცია?
_ მათი გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პროცესები წავა აქ. ჩემი აზრით, ბოიკოტი უფრო ეფექტიანი იქნებოდა. ერთიანი ფრონტით გამარჯვება, პარლამენტში შესვლა, მერე პარლამენტის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ბევრად უფრო რთული გზა მგონია.
არ წარმოვადგენ ოპოზიციას და არ ვიცი, რას გადაწყვეტენ ისინი, სამაგიეროდ, ეჭვი არ მეპარება, რომ ხალხი ყველაფერს ისე აღარ გაატარებს, როგორც აქამდე ატარებდა. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ გაყალბებას სათანადო პასუხი მოყვება. საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება იმიტომ გაატარეს, რომ მაშინ ჯერ კიდევ სხვა სიტუაცია იყო _ არ იყო 20 ივნისი. „გავრილოვის ღამის“ მერე საზოგადოება ძალიან შეიცვალა… და ქვეყანაც შეიცვალა.
_ რაც მთავარია, დასავლეთმაც შეცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ასეთ დროს დასავლეთის მხარდაჭერა კი აუცილებელია.
_ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. დასავლეთში გაკეთებული განცხადებები მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბებას არც ისინი შეეგუებიან. „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება. ცესკოსაც გაუჭირდება იმავე შედეგების გამოცხადება, რასაც ხელისუფლება წინასწარ დადებს. წინასწარი შედეგების გამოცხადებისას „ოცნებამ“ უნდა იფრთხილოს. გვახსოვს, რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ უკან მოუწია ნათქვამის წაღება.
დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი არჩევნების გაყალბებაზე უარს არ იტყვის, მაგრამ უიმედოდ მაინც არ ვარ. „ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა კი შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას მაძლევს:
1) მიშა რეიტინგებში ყველანაირად უსწრებს ივანიშვილს _ მეტი დადებითი და ნაკლები უარყოფითი შეფასებით. ეს გარღვევაა, რადგან რეალურად ამ ორ პოლიტიკოსს შორის არის გაყოფილი პოლიტიკური ველი;
2) ივანიშვილს აქვს ყველაზე მეტი უარყოფითი შეფასება და ის თანაბრად დგას სალომე ზურაბიშვილთან. ეს კატასტროფაა მისთვის. სალომე ზურაბიშვილი საყოველთაოდ აღიარებული ფსკერია და მის გვერდით ყოფნა განაჩენია;
3) დასავლური ორიენტაცია;
4) ეკლესიის რეიტინგის კატასტროფული ვარდნა. ამ მხრივ, საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს, ღიად ამოღერღა, რას ფიქრობდა და როგორ აფასებდა ეკლესიის უმსგავსო ქმედებებს. მათ შორის აღსანიშნავია ბოლო თვეების რადიკალური კლება. ანუ პანდორას ყუთი გაიხსნა;
5) პარტიების რეიტინგში ყველაფერი ნათელია.
საბოლოო ჯამში, ეს ირიბი შეფასებები და მკვეთრი ცვალებადობა მასში დამატებითი ფაქტორებია და იმის საშუალებას იძლევა, რომ ამ მხრივ კვლევის სანდოობა ნაკლებად საეჭვო გახდეს.

შორენა მარსაგიშვილი