პაატა დავითაია: „მოსკოვი აფხაზეთის დაკარგვას არ შეეგუება“

მძიმედ დაიწყო 2020 წელი ოკუპირებულ აფხაზეთში. იქაური ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევას უკანონოდ მიიჩნევდა და გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული შედეგების გაბათილებას ითხოვდა. ნაახალწლევს აფხაზი ოპოზიციონერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, რაც სოხუმში ასლან ბჟანიას დაბრუნებას დაემთხვა. ეს უკანასკნელი შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსებმა მოწამლეს. მან გერმანიაში რამდენიმე თვე იმკურნალა. სავარაუდოდ, ოპოზიციის კანდიდატი კვლავ ის იქნება. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აქ მარტში ჩატარდება.

კრემლი თავის გაგორებულ ფალავან ხაჯიმბას, ალბათ, აღარ გამოიყვანს ასპარეზზე. აშკარაა, რომ აფხაზებს არ სურთ მკვეთრად პრორუსული ხელისუფალი, მოსკოვს კი პროაფხაზური მმართველი არ სჭირდება სოხუმში. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია, „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ კრემლმა უკვე იპოვა კაცი, რომელიც პროაფხაზებს ბრძოლას დაუწყებს.

რა მისიით მიდის ალიკა არძინბა სოხუმში? რატომ ვერ იტანენ აფხაზები ხაჯიმბას? რა გეგმები აქვთ ძველი თაობის აფხაზ პოლიტიკოსებს? რატომ არ შეიძლება სერგეი შამბას ნდობა? ახსოვთ თუ არა ენგურს გამოღმა აფხაზეთი? რას აკეთებს ოფიციალური თბილისი? _ ამ თემებზე პაატა დავითაია გვესაუბრება:

_ აფხაზურმა ოპოზიციამ ხაჯიმბა აიძულა, რომ გადამდგარიყო. წინ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორ განვითარდება მოვლენები?
_ ამ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს. ოპოზიციის კანდიდატი, სავარაუდოდ, ასლან ბჟანია იქნება, რომელმაც, წესით, უნდა გაიმარჯვოს კიდევაც. ბჟანია იმ აფხაზ პოლიტიკოსებს განეკუთვნება, რომელთაც მართლა ჰგონიათ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა. ხაჯიმბასგან განსხვავებით, ის ნამდვილ დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. ბჟანიასაც და მის თანამოაზრეებსაც კარგად ესმით, რომ დამოუკიდებლობის მიღწევა ძნელი იქნება, ამას რუსეთი არ დაუშვებს. მათ რუსეთთან ფარული ომი მოუწევთ. ამ პროცესების დამლაგებელი ალექსანდრე ანქვაბი იქნება. ანქვაბი იდგა ოპოზიციის უკან, რომელმაც ხაჯიმბა ჩამოაგდო.
ეს უკანასკნელი რამდენიმე დღე აჭიანურებდა თანამდებობის დატოვებას, იმედი ჰქონდა, რომ კრემლი გადაარჩენდა. კრემლმა მას რაშიდ ნურგალიევის სახით მაშველიც გაუგზავნა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე შეხვდა როგორც ხაჯიმბას, ასევე ოპოზიციას, შემდეგ ორივე მხარეს ერთად დაელაპარაკა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ნურგალიევი, ჯერ კიდევ, სოხუმში იყო, როცა აფხაზური ოპოზიცია ხაჯიმბას მიადგა და თანამდებობის დატოვება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ისიც მოერიდა სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას და თანამდებობა დატოვა. მისი გადარჩენა მოსკოვმაც კი ვერ შეძლო.
_ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ კრემლმა აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა?
_ ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვმა აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ კრემლი ამას ასე იოლად არ შეეგუება. აფხაზეთის მიმართულებას დაუბრუნდა პუტინის თანაშემწე სურკოვი, რომელიც ბოლო წლები უკრაინის თემას კურირებდა. სურკოვი სოხუმში თავის კადრს აგზავნის, რომელიც გაზაფხულზე პარტიას შექმნის. საუბარია ალიკა არძინბაზე. მის პარტიას „მომავალი აფხაზეთი“ ერქმევა. ეს ადამიანი აქამდე კრემლის აპარატში მუშაობდა და უკრაინის საკითხით იყო დაკავებული.
_ ეს ის ალიკა არძინბაა, რომელიც სააკაშვილს ხშირად ეკამათებოდა ხოლმე, როცა ის ოდესის გუბერნატორი იყო?
_ ეს ის არძინბაა. ეს ახალგაზრდა ვლადისლავ არძინბას ნათესავია. ალიკა არძინბა თავიდან ბოლომდე რუსული სულისკვეთებით არის გამოზრდილი. აშკარაა, რომ რუსები აფხაზეთში სერიოზული რევანშისთვის ემზადებიან.
_ არძინბას დახმარებით უნდათ რევანშის აღება?
_ მოსკოვი მიხვდა, რომ ბჟანიას, კვიცინიას, ანქვაბს აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეები აწუხებთ. ეს მოსკოვის ინტერესებში არ შედის. ისინი აფხაზეთის მმართველად ისეთ კაცს ამზადებენ, რომელიც რესპუბლიკის სრულ ინტეგრაციას მოახდენს რუსეთში. ერთ-ერთი ასეთია არძინბა. მასზე კრემლი დიდ იმედებს ამყარებს და, ალბათ, დიდ ჯილდოსაც დაჰპირდნენ, სხვანაირად ეს ახალგაზრდა კაცი კრემლში ასეთ წარმატებულ კარიერაზე უარს არ იტყოდა.
უკვე დაიწყო მუშაობა მისი პარტიის შექმნაზე, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული. ეს რუსეთის მხრიდან საკმაოდ ჭკვიანური გათვლაა. საპრეზიდენტო არჩევნებიდან სადღაც ორ წელიწადში ეს პარტია ძალიან გააქტიურდება. ისინი ან კონტროლქვეშ აიყვანენ პრეზიდენტს, ან _ გადააგდებენ. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და მოსკოვმა ახლავე ჩაუდო ნაღმი ბჟანიას.
_ მას ნაღმი შარშან ზაფხულში ჩაუდეს, როცა მოწამლეს და არჩევნებს ჩამოაშორეს.
_ ბჟანია კი არ მოწამლეს, ფაქტობრივად, მოკლეს, მაგრამ ის გადარჩა.
_ გადარჩა, მაგრამ ანქვაბს მაინც ვერ აჯობებს, ის კაცი შვიდჯერ ააფეთქეს და შვიდჯერვე გადარჩა.
_ ესეც იმაზე მიუთითებს, თუ როგორი მიუღებელია ალექსანდრე ანქვაბი რუსეთისთვის. მოსკოვმა კარგად იცის, რომ ანქვაბი აფხაზეთის მომავალს რუსეთის შემადგენლობაში არ ხედავს. უფროსი თაობის აფხაზი პოლიტიკოსები რეალურ დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. ისინი ანტირუსული განწყობის მატარებლები არიან. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ საქართველოს მიმართ სიმპათიები აქვთ.
პროაფხაზური ორიენტაციის პოლიტიკოსები რუსეთის თავის ტკივილად იქცნენ. კრემლი ნელ-ნელა ცდილობს მათ ჩამოშორებას. აფეთქებებით და მოწამვლით რომ ვერაფერს გახდნენ, ახლა თავის გამოზრდილ კაცს უქმნიან პარტიას, რათა აფხაზეთი მთლიანად მიიერთონ.
_ ძველი თაობის აფხაზ პოლიტიკოსებზე რაკი ვსაუბრობთ, რას ფიქრობთ სერგეი შამბას განცხადებებზე? აფხაზური სეპარატიზმის მამის სეპარატისტულ განცხადებებს ქართული საზოგადოება გულაჩუყებული შეხვდა.
_ შამბას განცხადებებით გულაჩუყებულ საზოგადოებას მინდა ვურჩიო, რომ ემოციები დაიოკოს. არ ღირს აფხაზური სეპარატიზმის მამასა და ქართველების დაუძინებელ მტერზე გულის აჩუყება. ჩემთვის მისი განცხადებები არაფერს ცვლის. სასიკეთო არაფერია მათში, მან ძალიან ეშმაკური განცხადება გააკეთა და სანამ აღვფრთოვანდებით, ცოტა დავფიქრდეთ ხოლმე.
აფხაზური სეპარატიზმის მამამ თქვა, რომ ქართველებთან პირდაპირი დიალოგი სურს. მას მიაჩნია, რომ საქართველო აფხაზეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ისე უნდა დაელაპარაკოს. იგივე გაიმეორა ბჟანიამ. არის ახლა ერთი ჟრიამული, _ რა კარგია, აფხაზებს ჩვენთან დიალოგი უნდათო. ხალხო, მათ საქართველოსთან, როგორც თანასწორთან, ისე სურთ საუბარი. არ მესმის, რა არის აქ სასიხარულო? არავის უთქვამს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს.
_ მართლა საოცარია, ერს რატომ აუჩუყდა ასე გული შამბას განცხადებებზე? ასეთ დიალოგს ხაჯიმბაც კი გვთავაზობდა.
_ ითხოვდა. სულ ამბობდა, გვაღიარონ და მზად ვართ, თბილისთან დიალოგისთვისო. შამბას განცხადებით გულაჩუყებულ ქართველებს მინდა ვუთხრა, რომ აფხაზებს მართლა თუ სურთ ქართველებთან საერთო ენის გამონახვა, ამას ღიად არასდროს გააკეთებენ. ეს საიდუმლო სამუშაოა.
_ რატომ არ გააკეთებენ ამას ღიად?
_ იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის. თბილისის გამო სოხუმი მოსკოვს არ გაანაწყენებს. თუ რამეა, ჩუმად იმოქმედებენ აფხაზები. ჩვენი და აფხაზების ინტერესების თანხვედრა უნდა მოხდეს. საკმაოდ კარგად ვიცნობ აფხაზეთს, აფხაზეთის კონფლიქტსა და აფხაზური სეპარატიზმის ფუძემდებლის, სერგეი შამბას განცხადებებზე დიდ იმედებს არ დავამყარებ.
_ შამბა დღეს რა თამაშს თამაშობს? შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება და ასეთი განცხადებებით უნდა ყურადღების მიპყრობა.
_ ის არავის თამაშს არ თამაშობს. ის საკმაოდ გაიძვერა პოლიტიკოსია. საკუთარ თავზე მუშაობს. მას სურს, რომ მისგან ისეთივე ლეგენდა შეიქმნას, როგორიც არძინბაზეა. უნდა, რომ ხალხმა ის აფხაზეთის განმათავისუფლებლად ჩათვალოს. ის თითქმის 20 წელი იყო აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და აფხაზეთის მამა ჰგონია თავი. საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. სხვა რა უნდა ვთქვათ იმ კაცზე, რომელიც ამბობს, _ ხაჯიმბა მოვიყვანე მე და ხაჯიმბა წავიყვანე მეო.
_ მან რანაირად მოიყვანა? რამდენი იწვალა კრემლმა ხაჯიმბას გაპრეზიდენტებაზე.
_ სისულელეებს ამბობს. ხაჯიმბა მოიყვანა კრემლის სპეცსამსახურებმა და გაუშვა ანქვაბმა.
_ ანქვაბი ვახსენეთ და ხაჯიმბას გაშვების შემდეგ რას გააკეთებს? პრეზიდენტად ხომ არ იყრის კენჭს?
_ ანქვაბი, ალბათ, უფრო არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბდება. მას აქვს ამის გამოცდილება. 15 წლის წინ სერგეი ბაღაფში მისი პროექტი იყო.
_ მაშინ თავადაც სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ რეგისტრაციიდან მოხსნეს.
_ მათი კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პირი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე აფხაზეთში უნდა ცხოვრობდეს. ანქვაბი კი მოსკოვში იყო წასული, იქ ცხოვრობდა და ამიტომ მოხსნეს ის რეგისტრაციიდან. მაშინ ბაღაფშის პროექტი გათამაშდა. ახლა არ ვიცი, რა პოსტს დაიკავებს ის. უფრო მგონია, რომ პრემიერის პოსტს აირჩევს. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. პრეზიდენტად არა მგონია, რომ კენჭი იყაროს. ის ერთხელ უკვე იყო პრეზიდენტი და კრემლმა ხაჯიმბას ხელით ჩამოაგდო.
_ მას პრემიერის პოსტიც ეკავა. ეს პოსტი მას ბაღაფშმა შესთავაზა.
_ არაა გამორიცხული, მეორედაც დაიკავოს ეს პოსტი. შეიძლება, ისევ ჩრდილში დარჩეს და არაფორმალური მმართველობა ამჯობინოს. ის, კვიცინია და ბჟანია ერთად იქნებიან. ეს ტრიუმვირატი უხელმძღვანელებს აფხაზეთს უახლოეს პერიოდში.
_ შამბა არ იქნება მათთან? ისინი მაინც ერთი თაობის პოლიტიკოსები არიან…
_ მათ შორის რაღაც უთანხმოებები იყო და საერთო ენის გამოძებნა გაუჭირდებათ, მაგრამ შეიძლება რაღაცაში მაინც გაერიოს შამბა. მით უმეტეს, რომ აფხაზეთში ბევრი რამე შეიცვლება. ზემოთ გითხარით, რომ კრემლის ადმინისტრაციიდან წარგზავნილი არძინბა იქ პარტიას შექმნის. ეს პარტია კრემლის ინტერესების გამტარებელი იქნება.
ალიკა არძინბა და „მომავალი აფხაზეთი“ კრემლის ყველა დავალებას შეასრულებენ. მოსკოვი ძალიან სწორად მოიქცა, რომ თავისი კადრი გაზარდა აფხაზეთისთვის. ჩვენ ვინ გავზარდეთ? გავზარდეთ კი არა, საერთოდ არ გვაინტერესებს ეს თემა. ხომ შეიძლებოდა, ჩვენც ვინმე გაგვეზარდა?! შეიძლებოდა, მაგრამ არ გავზარდეთ.
_ გაზრდით არავინ გაგვიზრდია, მაგრამ გვყავს დევნილობაში მყოფი ლეგიტიმური მთავრობა და უმაღლესი საბჭო.
_ ლეგიტიმური მთავრობის წევრები მხოლოდ საკუთარ ხელფასებზე არიან ორიენტირებულები და ოჯახის წევრების დასაქმება აინტერესებთ. ქვეყნის ხელისუფლებას აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობა პარლამენტის სხდომის ჩატარება ჰგონია, სადაც ოკუპირებულ რეგიონზე ისაუბრებენ. ამ სხდომაზე ისეთი ხალხი იყო მიწვეული, ვისაც აფხაზეთზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა და ათას სისულელეს ბოდიალობდა.
_ თქვენი ზემოთ თქვით, რომ ალიკა არძინბას ახალგაზრდებით დაკომპლექტებული პარტია ან დაიქვემდებარებს მომავალ პრეზიდენტს, ან ჩამოაგდებსო. ეს ჩამოგდება კარგად დაამუღამეს აფხაზებმა: რამდენიმე წლის წინ ანქვაბი ჩამოაგდეს, ახლა _ ხაჯიმბა. მალე, როგორც თქვენ ამბობთ, ჯერაც აურჩეველს ჩამოაგდებენ.
_ აფხაზებს სულ სხვა რაღაც აქვთ დამუღამებული. იქ რეალურად არ არსებობს სახელისუფლებო მმართველობა, იქ გვაროვნული მმართველობაა. ყველაფერს გვარები და უხუცესები წყვეტენ. უხუცესებს დიდ პატივს სცემენ და მათ თუ რამე თქვეს, კრემლის წინააღმდეგაც კი წავლენ აფხაზები. მოსკოვმა გადასარევად იცის აფხაზეთის თემატიკა და უხუცესების ფენომენიც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი. მათ ახალგაზრდებზე გააკეთეს არჩევანი. შეუქმნიან პარტიას ალიკა არძინბას და კარგად დააფინანსებენ. „მომავალი აფხაზეთი“ თავის საქმეს გააკეთებს.
_ ეს პარტია უხუცესებზე მეტ ავტორიტეტს მოიპოვებს?
_ არა, მაგრამ ეს უხუცესები ასაკში არიან და ოდესღაც ხომ გარდაიცვლებიან.
_ სხვები შევლენ ხანში და ისინი დაიკავებენ მათ ადგილს.
_ ასე აღარ გამოვა. ნელ-ნელა სხვა თაობა მოდის და მათთვის უხუცესების აზრი აღარ იქნება ისეთი ავტორიტეტული, როგორც ახლა არის. არძინბას პარტია ორი წლის მერე გააქტიურდება. შეიძლება, უფრო ადრეც აამოქმედონ. გაზაფხულზე არჩეული პრეზიდენტი თუ კარგად გამოადგა კრემლს, მაშინ აცლიან და ახალგაზრდებს 5 წლის შემდეგ გაააქტიურებენ.
ამ ახალგაზრდებს კარგად დაამუშავებს კრემლი და მათი წყალობით აფხაზეთზე ტოტალურ კონტროლს დაამყარებენ. მოსკოვის ამოცანა სოხუმისა და ცხინვალის მიერთებაა. მას ისევე სურს ამ ორი რეგიონის მიერთება, როგორც ყირიმი მიიერთა.
_ აფხაზებს არ სურთ რუსეთთან მიერთება.
_ მაგიტომაც უნდათ აფხაზეთზე ტოტალური კონტროლის დამყარება. ამდენი ხანია ჩალიჩობენ და ამ საკითხზე აფხაზებთან ვერ დალაგდნენ. ოსებთან ეს უკვე მოგვარებული აქვთ. იმათ ორჯერ მაინც ჩაატარეს რეფერენდუმი და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირეს მხარი. აფხაზები რომ არ უწევდნენ რუსებს წინააღმდეგობას, ცხინვალიც და სოხუმიც უკვე რუსეთის ნაწილი იქნებოდა. თან ეს რამდენიმე წლის წინ მოხდებოდა.
_ ოსებს ასე ძალიან თუ უნდათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა, მხოლოდ მათ რატომ არ იღებენ?
_ ასე არ აწყობთ, თან მოსკოვისთვის მთავარი სამიზნეა აფხაზეთი. ამ რეგიონების მიერთებას დასავლეთიდან რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესება მოყვება. ცალ-ცალკე თუ მიიერთებენ, გაცილებით ბევრი სანქცია გამოუვათ. ურჩევნიათ, ერთი ხარჯი გაწიონ. როგორც კი აფხაზებთან მოგვარდებიან, ჩათვალეთ, რომ ორივე ტერიტორიას მიიერთებენ.
_ ხაჯიმბას რა ბედი ეწევა? მას შეეშვებიან რუსები, თუ კიდევ შეატენიან ამ კაცს აფხაზებს?
_ არა ხაჯიმბას თემა დახურულია, ეს უკვე აშკარად ჩანს. ის შეიძლება აფხაზეთის პარლამენტის წევრი გახდეს, მაგრამ მეთაური ვეღარ იქნება.
_ აშკარაა, რომ აფხაზებს ხაჯიმბა არ უყვართ. რა არის ამის მიზეზი?
_ იმიტომ არ უყვართ, რომ ის კრემლის დავალებების შემსრულებელი იყო. იმიტომ არ უყვართ, რომ კრემლთან ისეთი ხელშეკრულებები გააფორმა, რაზე ხელმოწერასაც სხვები არ თანხმდებოდნენ. მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებით რუსი სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობენ. მკვლელობაც რომ ჩაიდინონ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათ არავინ მოსთხოვს პასუხს. ძალიან ცუდად იქცევიან რუსები აფხაზეთში. აფხაზები მათ მიმართ უკვე უარყოფითად არიან განწყობილი. ასე რომ, ხაჯიმბა დამთავრდა.
_ კარგია, ხაჯიმბა რომ დამთავრდა, მაგრამ ამით ჩვენთვის რამე იცვლება? ვაკეთებთ საერთოდ რამეს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით?
_ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება და არც მომავალში იგეგმება რამის გაკეთება. თუ გამკეთებლები იყვნენ, აქამდე გააკეთებდნენ რამეს. დარწმუნებული ვარ, გეგმაც კი არ აქვთ. პირადად მე მაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. აფხაზეთი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყველას ვიცნობ, ყველა ვიცი, ვინ რას წარმოადგენს და არაფრის მოფიქრება არ მჭირდება.
_ გეგმა მაქვსო და ახორციელებთ ამ გეგმას?
_ გეგმა რამდენიმე წელია, რაც მაქვს, მაგრამ რანაირად განვახორციელო? ამის შესაძლებლობა არასდროს მომეცა. თანაც, ეს ჩემი გეგმა და აფხაზეთში დაბრუნების სტრატეგია არავის აღარ აინტერესებს. ის არ აინტერესებს არც მთავრობას, არც საზოგადოებას და რაც ყველაზე ცუდია, ეს სტრატეგია თავად დევნილებსაც არ აინტერესებთ.
_ ხელისუფლებას ვატყობ, რომ არ აინტერესებს, მაგრამ ხალხს არ მგონია, არ აინტერესებდეს.
_ არ აინტერესებს. აფხაზეთი და ცხინვალი მხოლოდ სუფრაზე ახსოვთ. იქ იტყვიან სადღეგრძელოს, ასწევენ ჭიქას და ამით მთავრდება ყველაფერი. სადღეგრძელოს შესმის შემდეგ უკვე აღარ ახსოვთ ცხინვალი და სოხუმი. როგორ შეიძლება, სახელმწიფო გერქვას და ოკუპირებულ რეგიონში ვიღაცაზე არ მუშაობდე? ჩვენი სახელმწიფო არავისზე მუშაობს, არაფერს აკეთებს.
ჩვენ იქ უნდა გვყავდეს ჩვენი ინტერესების გამტარებლები. ხალხის გადმოსაბირებლად ნებისმიერი ფორმა მისაღებია: იქნება ეს ფინანსური დაინტერესება, შანტაჟი, მუქარა… მაგრამ უნდა ვმუშაობდეთ. სამწუხაროდ, არ ვმუშაობთ.
_ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი დაკარგული რეგიონების დაბრუნებაზე?
_ ცალსახად მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი მხოლოდ სადღეგრძელოების დონეზე დარჩა. არ მინდა სიტყვა „ხელის ჩაქნევა“ გამოვიყენო, რადგან ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები იქნება.
_ 8 აგვისტოს და 27 სექტემბერს დაკარგულ ტერიტორიებს ყველა იხსენებს და ეს იმედს მაძლევს, რომ თემა დავიწყებული არ იქნება. თქვენთვის არ არის ეს ოპტიმიზმის საფუძველი?
_ ამ გახსენებით უფრო საკუთარ თავს ახსენებენ ხალხს. დაკარგული ტერიტორიები რომ სტკიოდეთ, რაღაც სტრატეგია და გეგმა ექნებოდათ. საერთოდ არ მუშაობენ ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით.
როდესაც სოხუმში არეულობა დაიწყო, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ხაჯიმბას ჩამოაგდებდნენ. ეს არაერთ ინტერვიუში ვთქვი. თბილისი სულ სხვა პროგნოზს აკეთებდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აფხაზეთთან არანაირი ბმა აღარ აქვთ. რაღაც ბმა რომ ჰქონოდათ, ძალიან იოლად ამოიცნობდნენ იქაურების განწყობას და მიხვდებოდნენ, რომ ხაჯიმბა დამთავრდა. ამის გასარკვევად აგენტურული სამუშაოს ჩატარება არ იყო საჭირო. სოციალურ ქსელში აფხაზურ ფორუმებში შეიძლება გაწევრიანება და იქიდან ბევრ რამეს გაიგებენ.
პირადად მე ყველა აფხაზურ გაზეთს ვკითხულობ, ვუყურებ აფხაზეთის ტელევიზიას და ვიცი, რა განწყობებია იქ. ამათაც შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ თემა არ აინტერესებთ. სიმართლე თუ გინდათ, მეც დავიღალე აფხაზეთზე საუბარით. განა იმიტომ, რომ აღარ მინდა ამ კუთხეზე ვილაპარაკო, იმით დავიღალე, რომ ამ ჩემს საუბარს შედეგი არ მოაქვს.