რატომ ჩააგდო შოკში ამერიკული კონცერნი Gilead Sciences-ი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშმა?

c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში ფარმაცევტულ კონცერნ „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა აფინანსებდა მკურნალობას და არა _ კვლევას. კვლევის ღირებულება კი 160 ლარი გახლდათ, რაც რიგითი მოქალაქისთვის არც ისე პატარა თანხა გახლავთ. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისები, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები 70%-ით დააფინანსა.

c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასაწყებად საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა, სპეციალური პოპულაციური კვლევით, 150 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო (თუ რა კვლევა იყო ეს და რამდენად სწორად განისაზღვრა „ცე“ ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი, „ქრონიკა+“ ამ საკითხს უახლოეს პუბლიკაციაში დაუბრუნდება). ყოველ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში მკურნალობა 50 000-მდე პაციენტმა გაიარა. დარჩენილი 100 000 ადამიანის სამკურნალოდ კი სამინისტრომ ელიმინაციის მეორე ეტაპი გამოაცხადა.
და რა ხდება ამ დროს? მაშინ, როდესაც c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტების ჩასართავად 100 000 ადამიანი ჯერაც გამოსავლენია, ძვირად ღირებული მედიკამენტების ნაწილს ვადა გაუვიდა. „ქრონიკა+“ ამის შესახებ ნახევარი წლის წინ წერდა, მაშინ, როდესაც აუდიტის დასკვნა არ იდო. რომ აშშ-ს ფედერალური ბიუროს (FBR) წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში მედიკამენტების განაწილებაში დარღვევებს იძიებდნენ. მედიკამენტები თვეში 3500 ადამიანის მკურნალობაზე იყო გათვლილი, მაგრამ 2017 წლიდან 1000 ადამიანზე მეტი არ სარგებლობდა მკურნალობით. როგორც ქართული, ისე ამერიკული გამოძიების წინაშე დადგა საკითხი _ იყო კი საქართველოში ამხელა კონტინგენტი ინფიცირებული „ცე“ ჰეპატიტით და რამდენად სწორად შეისყიდეს მედიკამენტების პარტია?
საქართველოსთვის კომპანია „გილეადის“ მიერ ნაჩუქარი წამლის ჯამური ღირებულება 2,6 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ. ამასთანავე, გამოკვლევების დაუფინანსებლობამ, განსაკუთრებით რეგიონებში (თბილისის მერია ჩაერთო ნაწილის დაფინანსებაზე), პაციენტებს საერთოდ გაუცრუა იმედები.
ახლა კი შეპირებული აუდიტის ანგარიში, რომელმაც როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარე შოკში ჩააგდო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებული ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე მათთან დაკავშირებულ დანართებს, მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისთვის; გარდა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთლობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით გაწეული ხარჯებისა. ჩვენი აზრით, უარყოფითი მოსაზრების საფუძვლების აბზაცში აღწერილი საკითხების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გავლენის მნიშვნელობის გამო წარმოდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად არ ასახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით; ასევე მისი საქმიანობის კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგებს და კონსოლიდირებულ ფულადი სახსრების მოძრაობას იმ წლისთვის, რომელიც დასრულდა მოცემული თარიღით „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის #429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, მატერიალური მარაგების არსებითი ნაწილია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული ჩ ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ მიღებული მედიკამენტები. ცენტრალურ აპარატს „სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების“ ანგარიშზე 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს 121,285 ლარის მატერიალური მარაგები, რომელიც, სამინისტროს შეფასებით, შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია. სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი. ვადაგასული მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია შემდეგია: ინტერფერონი _ 1 222, რიბავირინი _ 5 547, ზეპატიერი _ 2 268, სოვალდი _ 16 834, ჰარვონი _ 205 003. სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მომართვიანობა. ასევე პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით _ ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მკურნალობის რეჟიმების გათვალისწინებით, ვადაგასული მედიკამენტი წარმოადგენს საშუალოდ შემდეგი რაოდენობის პაციენტის სამკურნალო საშუალებას (ცხრილი #7).
ფინანსურ ანგარიშგებაში მოკლევადიანი აქტივების საბოლოო ნაშთი გაზრდილია 560 766 368 ლარით.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2018 წელს 41-მა სამედიცინო დაწესებულებამ დააფიქსირა 25 495 შეტყობინება. მონიტორინგი საერთოდ არ განხორციელებულა 80%-ში, კერძოდ: 33 სამედიცინო დაწესებულებაში, რომელთაც დაფიქსირებული აქვთ 20 095 შეტყობინება, არ შემოწმებულა შეტყობინებათა 79%. ამასთანავე, შეტყობინებები დაფიქსირებულია 9 რეგიონში, საიდანაც 5 რეგიონში მონიტორინგი არ განხორციელებულა.
2018 წელს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, 332-მა სამედიცინო დაწესებულებამ დააფიქსირა 1 423 085 შემთხვევა, საიდანაც შემოწმებულია 23%, სულ 333 431 შემთხვევა. მონიტორინგი საერთოდ არ განხორციელებულა 35%-ში, კერძოდ, 115 სამედიცინო დაწესებულებაში, რომელთაც წლის განმავლობაში დაფიქსირებული ჰქონდათ 70 035 შეტყობინება. სააგენტოს განმარტებით, ეფექტიანი მონიტორინგისთვის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (განსაკუთრებით კომპლექსურ, რამდენიმე პროგრამული კოდის შემცველ და გახანგრძლივებულ) შემთხვევას, რითაც არის განპირობებული, ძირითადად, ამბულატორიული, დღის სტაციონარის (გეგმური ქირურგიული ოპერაციები, ძირითადად _ ოფთალმოლოგია), მონოპროფილური შემთხვევების ნაკლებ პრიორიტეტულობა. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს 14 250 შეტყობინება დააფიქსირა 43-მა სამედიცინო დაწესებულებამ, განხორციელდა 4 583 შემთხვევის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ 7 სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირდა 1 329 შემთხვევა, თითოეულის მიერ დაფიქსირებული შემთხვევების 84% და მეტი შემოწმდა მაშინ, როცა 11 სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც 1 266 შეტყობინება დააფიქსირეს, მონიტორინგი არ განხორციელებულა.
მთელი წლის განმავლობაში ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებით, 16 პროგრამული კოდის შემთხვევაში, 87 920 387 ლარი გადანაწილებულია სხვა პროგრამებიდან ან სარეზერვო ფონდებიდან, მათ შორის, დეკემბერში _ 67 378 729 ლარი. აღნიშნული ქმნის ცალკეული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების დეფიციტისა და დასახული მიზნების შეუსრულებლობის რისკს. ამასთანავე, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის სამინისტრომ საბიუჯეტო განაცხადით (ჭერს ზევით) მოითხოვა 720 000 000 ლარი და დაუმტკიცდა 704 000 000 ლარი. სხვა პროგრამული კოდებიდან გადმოტანილმა თანხამ შეადგინა 56 410 090 ლარი, საიდანაც დეკემბერში გადმოტანილია 47 360 090 ლარი, პროგრამის ბიუჯეტი კი, მასში განხორციელებული არსებითი ცვლილებების მიუხედავად, წლების განმავლობაში მზარდია.
„ჩ ჰეპატიტის მართვა“ ბიუჯეტის კანონით 15 400 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა, თუმცა ათვისებულია მხოლოდ 4 741 000 ლარი, 10 656 000 ლარი კი გადანაწილდა სხვა პროგრამებზე. სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი განმარტებით, დაბალი ათვისების მაჩვენებელი გამოწვეულია პაციენტთა რაოდენობის კლებით. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეპროგრამა ბოლო წლებში მუდმივად დაბალი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდება, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამინისტროს არ გაუთვალისწინებია. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, რომელიც არ წარმოადგენდა გაუთვალისწინებელ გადასახდელებს და შესაძლებელი იყო ამის გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. კერძოდ, სამინისტროს 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში, „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში, კონტრაქტით გაფორმებული ექიმებისა და ექთნების ერთჯერადი გასაცემლის დასაფინანსებლად აუთვისებელი თანხა „სოციალური უზრუნველყოფისა“ და „საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან გადაჰქონდა „სხვა ხარჯების“ მუხლში. აღნიშნულმა თანხამ 2018 წელს შეადგინა 588 000 ლარი. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების ქვეპროგრამიდან სხვა პროგრამებზე გადატანილი ასიგნებების ოდენობამ 39 304 000 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც სამინისტროს მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების ქვეპროგრამისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს მიღებული აქვს 2 688 077 ლარი, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის #381 დადგენილების შესასრულებლად. აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოყოფილია წინა წლებშიც: 2015 წელს _ 1 158 000 ლარი, 2016 წელს _ 3 812 079 ლარი და 2017 წელს _ 2 789 347 ლარი. დამტკიცებულ ბიუჯეტში ბუფერული ხასიათის ქვეპროგრამების არსებობის ხარჯზე ხარჯთაღრიცხვაში ხშირი და არსებითი ხასიათის კორექტირებები აყალიბებს დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრებისგან განსხვავებულ პრიორიტეტებს.
ფაქტობრივად, სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ვალდებულება აქვს, რომელიც ვადისა და თანხის დაზუსტებას საჭიროებს. აუდიტის ობიექტის ინფორმაციით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, ანგარიშგების მოდულში 2018 წელს სამედიცინო დაწესებულებების დაფიქსირებული შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება, რომელთა ინსპექტირებაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო დასრულებული, შეადგენდა 201 299 806 ლარს. ასევე წარმოდგენილი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი თანხებიდან, საშუალოდ, 3,56% კორექტირდება. ინფორმაცია სააგენტოს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს ანაზღაურებულისა და 2018 წლის შესრულებების შესახებ, სულ _ 882 570 ლარი. ფაქტობრივი მდგომარეობით სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბერს ვალდებულება ჰქონდა, რომელიც საჭიროებდა დაზუსტებას და პირველადი დოკუმენტის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას. შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2019 წლის მოსალოდნელი ხარჯი და ვალდებულება, 2018 წლის შესრულებების შესაბამისად, შეადგენს 195 016 102 ლარს. არ არის ასახული ინფორმაცია იმ ძირითადი აქტივების შინაარსისა და დანიშნულების შესახებ, რომელიც სამინისტროს შეძენილი აქვს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული საფუძვლით აღრიცხული ძირითადი აქტივების საბალანსო ღირებულება შეადგენს 120 623 024 ლარს, ხოლო დაუმთავრებელი ძირითადი აქტივებისა _ 40 258 656 ლარს. აღნიშნული მოსალოდნელი ვალდებულებებისა და ძირითადი აქტივების შინაარსისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაციის არწარმოდგენის ფაქტი ფინანსურ ანგარიშგებაში ზრდის ფინანსური ანგარიშგების იმ მომხმარებლების მხრიდან (პარლამენტი, ფინანსთა სამინისტრო) არასწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომლებიც აფასებენ სამინისტროს მიერ მომსახურების მიწოდების ადეკვატური დონის შენარჩუნებას. არასრულად (შემცირებულად) წარმოდგენილი ინფორმაცია იწვევს სამინისტროზე გასანაწილებელი საბიუჯეტო რესურსის შესახებ არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობასა და საფრთხის წინაშე აყენებს ბენეფიციარებისთვის სამედიცინო სერვისების, როგორც მიწოდების შესაძლებლობას“.
აი, მოკლედ, რა წერია „იმ“ სკანდალურ ანგარიშში.

დავით სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ ანგარიშმა (რომელსაც „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად აქვეყნებს) შოკში ჩააგდო. მისმა განცხადებამაც არ დააყოვნა:
„საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ეს მედიკამენტი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის _ თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“.
ანუ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები არაპროფესიონალებად გამოიყვანა. აშშ-ის გამოძიების ბიუროს აგენტებიც სულ „ვიკიპედიაში“ ნანახი ფასების გამო ჩამოვიდნენ საქართველოში! რაღაც არ მახსოვს, მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ამერიკული მხარის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე _ კი იყო მაშინ გასუსული! მალევე გადადგა თუ გადააყენეს…
ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილი განცხადებით, მართალია, ოთხი წლის განმავლობაში, სკრინინგის შედეგად, 123 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა ჩ ჰეპატიტის სავარაუდო დიაგნოზი, მაგრამ განმეორებითი, ე. წ. კონფირმაციული კვლევის შედეგად, დაავადება დაუდგინდა მხოლოდ 64 200 ადამიანს. მაშინ რომელ მეორე ეტაპზე და რა 150 ათას დაავადებულ პაციენტზეა საუბარი?

ზურაბ ჭიაბერაშვილი:
_ 2015 წლიდან, რაც Cჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა დაიწყო, თავად მე მინიმუმ 8-ჯერ მქონდა შეხება სამედიცინო დაწესებულებასთან, აქედან 6-ჯერ პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევებისთვის. არც ერთხელ არც ერთ დაწესებულებას, მით უმეტეს, ლაბორატორიას ჩემთვის ჩ ჰეპატიტის სკრინინგისთვის „სწრაფი ტესტი“ არ გაუკეთებია. არადა, თითქოს მარტივია ხომ? მიხვედი პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში, ავტომატურად სისტემა გიტარებს სკრინინგს (საბოლოოდ, 2019 წლის მარტში ჩავიტარე ტესტი და ამაში გადავიხადე 24 ლარი). ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო ამის აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს სკრინინგი, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია იმისთვის, რომ ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ. ამირან გამყრელიძე ამბობს: „2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი“. კითხვა: შეიძლებოდა თუ არა პროგრამის მთელ ქვეყანაში გაშლა ისე, რომ იგი სოფლის ექიმის დონეზე დავიდეს და მოსახლეობა მთლიანად სწრაფად მოიცვას? და ისევ, შეიძლებოდა თუ არა 2019 წლის აგვისტომდე წამლამდე მისასვლელი ყველა ეტაპი _ „სწრაფი ტესტი“, „დადასტურების ტესტი“ და დიაგნოსტიკური კვლევა _ უფასო და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო?
2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე“ 15 მლნ. ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ. ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ.-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ. ჰქონდა ათვისებული.
კიდევ იცით, რა არის საინტერესო? როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაინახა პროგრამაში ჩართვის დაბალი მაჩვენებლი, რა საინფორმაციო კამპანია ჩაატარა? კონკრეტული მაგალითებით შეაფასა, რამდენად ეფექტიანი იყო ეს კამპანია?

ამ ორი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის დებატების ფონზე, მხოლოდ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე კითხვაზე, რომ იყო თუ არა ხარვეზები პროგრამის დაგეგმვაში და განხორციელებაში? პასუხობდა, რა თქმა უნდა, იყო, არის და, ალბათ, იქნება, როდესაც მსოფლიოში პირველად აკეთებ რაღაცასო. მაგრამ მთავარია, როგორ და რამდენად სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებ ამ ხარვეზებზეო. ხარვეზების აღმოფხვრაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, Gilead Sciences -ის მიერ წარმოებული „სოვალდის“ 1 აბი 1000 დოლარი ღირს, ხოლო პრეპარატ „ჰავრონით“ მკურნალობის 12-კვირიანი კურსი 89 000 დოლარი. ქართული მხარის მიერ ამ პრეპარატების შეძენა „გილეადისთვის“, რეალურად, ინვესტიციაა: პროექტის წარმატება დაეხმარება კომპანიას მსოფლიო მასშტაბით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დანერგოს. რაც მთავარია, საქართველოში განკურნებული კონტიგენტი ამერიკულ კომპანიას დაეხმარება, დაფინანსებული პროგრამების აუცილებლობა დაუსაბუთოს სხვა ქვეყნების მთავრობებს. ასე რომ, ვადაგასული მედიკამენტები ეს არის სრული კრახი არა მარტო ქართული მხარისთვის, არამედ, არანაკლები, _ კომპანია „გილეადისთვისაც“.

თამარ როსტიაშვილი